Home Blog Page 29

ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან-კახა კალაძე

ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, როგორი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სადამკვირვებლო პროცესში.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს რაც შეეხება, ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართული არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვერანაირი ბენეფიტის მომტანი ვერ იქნება მათი ჩართულობა, რადგან ძირითადად ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს შეადგენენ იმ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, დაჯგუფებების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია. ის რას უნდა დააკვირდეს? პირიქით, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას, ექნებათ დაპირისპირების და პროვოკაციების მოწყობის მცდელობა. ეს ხომ ახალი არ არის ჩვენთვის? გამოვლილი და ნანახავი გვაქვს. აგერ, პარალელური დათვლების შედეგები გააყალბეს, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ხორციელდებოდა. რომ არ გვენახა ეს გაყალბებული მონაცემები, ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნები გააყალბეთო, რათა ქვეყანაში დაპირისპირება და რევოლუცია მოეწყოთ. ეს საფრთხეები დღესაც არსებობს და  ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, აღნიშნული ორგანიზაციების განცხადებები მოახდენს თუ არა გავლენას საერთაშორისო შეფასებებზე, კალაძემ განაცხადა:

„მათ განცხადებებს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს. როგორ შეიძლება, კოლექტიური გიგაურ-ლომჯარიების განცხადებები იყოს ფასეული? ადამიანები იძახიან, არასამთავრობო სექტორი ვართო და მიტინგებს აწყობდნენ, პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგეს და ჩვენ უნდა ავიღოთ მმართველობაო. ეს ხომ წარმოუდგენელია“, – აცხადებს კახა კალაძე.

 ეს არის იმ ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ – კახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე

„ეს არის იმ ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და მათი მხარდამჭერების, ასევე, კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში კანდიდატებად წარდგენილი სპორტსმენების ბულინგთან დაკავშირებით.

„ამ ადამიანებმა ვერ ისწავლეს ჭკუა. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი უკვე გვაჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. რადიკალიზმს, ბოროტებას საზოგადოება 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს. საქართველოში, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში, არ არის ადგილი ბოროტების და იმ ძალების, რომლებიც თავიანთი გადადგმული ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, არიან მოღალატეები, აგენტები. ასეთი ადამიანების ადგილი არა თუ ქართულ პოლიტიკაში, ზოგადად, ქვეყანაში უნდა იყოს პრობლემა და საზოგადოებას აქვს კიდეც ასეთ ადამიანებთან შესაბამისი დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ხელმძღვანელობა „ყველაფერს უარყოფს” – Voice of America

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს ინტერვიუს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიანთან სათაურით „საქართველოს ხელმძღვანელობა „ყველაფერს უარყოფს”, რომელშიც იგი საუბრობს აშშ-საქართველოს ურთიერთობისა და ქვვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ქვეყანაში დაიწყო სრული განხორციელება პარლამენტის მიერ მიღებული სადაო კანონისა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ქართული საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. ორი სექტემბერი იყო ბოლო ვადა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების მეხუთედზე მეტს იღებენ, დარეგისტრირებულიყვნენ როგორც “ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ძალის ინტერესებს ემსახურებიან“. ნებაყოფლობითი რეგისტრაცია მხოლოდ ორგანიზაციების მხოლოდ 1.6% – მა აირჩია. ბევრი ორგანიზაცია ელოდება, რომ ისინი იძულებით იქნებიან დარეგისტრირებულები და დაჯარიმდებიან.

ე.წ.” უცხოელი აგენტის “კანონი” საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა „რუსული სტილის კანონად ” შეაფასეს და მკაცრად გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი აქტი ძირს უთხრის ქართველების უმეტესობის იმედს, რომ მათი ქვეყანა ევროპულ ინსტიტუტებს შეუერთდება. თუმცა, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონი, უბრალოდ, მიმართულია „გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“.

26 ოქტომბერს ქართველებმა პარლამენტის ახალ შემადგენლობა უნდა აირჩიონ. პოლიტიკური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა ქვეყანა ევროპასთან ინტეგრაციისკენ სვლას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ ბრაიენმა „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა იმაზე, თუ რას და როგორ დააკვირდება ყურადღებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს.

– უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აღსრულების ახალ ეტაპზე გადადის, როცა ხელისუფლებას შეუძლია იძულებით დაარეგისტრიროს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, როგორც უცხოური ინტერესების გამტარებლები და, თუ ისინი კანონს არ დაემორჩილებიან, დააჯარიმოს კიდეც. რა გზავნილი გაქვთ ახლა როგორც „ქართული ოცნების“, ისე იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა?

– ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობს. ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ამ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ეფექტიანად, შევიწროების და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი რამაა.

რაც შეეხება ამ კანონს, როგორც ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ, ის ფუნდამენტურად ნაკლოვანია. არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ. ეს კანონი ამას არ აკეთებს.

და როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი საკითხი ისაა, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, საუბარია იძულებაზე: ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია.

– თქვენ უპირველეს პრობლემად ამ კანონის არჩევნებზე შესაძლო გავლენას ახსენებთ. როგორ ფიქრობთ, ამ თვეების განმავლობაში როგორ აისახება იმაზე, თუ რამდენად თავისუფალ გარემოში ჩატარდება ეს არჩევნები და როგორ იქნება ის აღქმული?

– დიახ, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. კარგია, რომ ეუთოს შესაძლებლობა ექნება ზოგ ნაწილში სადამკვირვებლო მისია შეასრულოს, მაგრამ ეს ორგანიზაციაც ეყრდნობა ადგილობრივ ჯგუფებს, რიგით ქართველებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დარეგისტრირებულები არიან, აქვთ საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ ხმა მისცენ, სწორ ადგილას გამოცხადდნენ და რომ მათი ხმები დაითვალოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია. ეს კანონი კი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს.

– გრძელდება ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა, მთავრობის პირდაპირი დახმარება შეჩერებულია, სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადებული, სამოგზაურო შეზღუდვები ამოქმედებული. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ გამორიცხული არაა სხვა ზომების მიღება, ვიცით, რომ ცდილობთ არ ისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე, მაგრამ მაინც, რა არის ეს ზომები, რა ნაბიჯებიც შეიძლება გადადგათ, რა ვარიანტები არსებობს?

– მე მეტს ვიტყვი იმაზე, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს. ჩვენ უკვე ავამოქმედეთ: სამოგზაურო შეზღუდვები ამერიკაში, რაც ათობით ადამიანს შეეხო, არ გვაქვს უფლება ვთქვათ, ვის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. შევაჩერეთ დახმარება, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. ეს სამარცხვინოა. მაგრამ ეს აუცილებელია.

ევროკავშირმა თქვა, რომ [ბლოკში] ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, და დახმარების ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა გაუჩერა საქართველოს იმის გამო, თუ როგორია ეს კანონი. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ იმგვარი ძალადობის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დაბრუნება, რაც ამ გაზაფხულზე ვნახეთ. როცა სამოქალაქო ჯგუფებსა თუ პირებს, ვისი სახელებიც ნახსენები იყო, სტუმრობდნენ ხშირად მოძალადე ჯგუფები რუსული აქცენტით, ან ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს ყველაფერი არის ის, რაც არ შეიძლება ხდებოდეს. ასეთ პროცესებს უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით.

– პარალელურად, “ქართული ოცნების” ლიდერები ოპოზიციური პარტიების აკრძალვა-გაუქმების პირობას დებენ, და მათ “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას” უწოდებენ. როგორ ჟღერს ეს თქვენთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნისგან და რას ამბობს მმართველი პარტიის განზრახვებზე?

– ეს არ ჟღერს, როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, ეს ძალიან გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა.

– რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მცდელობაში სდებენ ბრალს. ამერიკული ორგანიზაციების – NDI-ისა და IRI-ის მისამართით გაისმა ბრალდებები თბილისშიც, თითქოს ისინი ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს და პოლიტიკურ პროცესში ერევიან. რას ფიქრობთ ამ ბრალდებებზე და რამდენად გაშფოთებთ თავად მოსკოვის შესაძლო გავლენა როგორც წინასაარჩევნოდ, ისე კენჭისყრის დღესა თუ მის შემდეგ პროცესებზე?

– ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს. ამერიკული ორგანიზაციები ძალიან გამჭვირვალეა. ცნობილია ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით, თუ – მის გარეთ. ესაა მთლიანი მიზანი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს.

უცნაურია, რომ “ქართული ოცნება” კვლავ და კვლავ იგებს არჩევნებს მაშინ, როცა ამტკიცებს, რომ ჩვენ როგორღაც მათ წინააღმდეგ შეთქმულებებს ვაწყობთ. ეს სასაცილო კომენტარია. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, ვის უმეტესობასაც, თითქმის 90 %-საც სურს ევროპისკენ წასვლა. და ეს მთავრობა და მისი ძალიან ცუდი სამართალშემოქმედებაა, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ეს გამოასწორონ იმისთვის, რომ ხალხმა თვითორგანიზება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღება შეძლოს.

– გაშფოთებთ შესაძლო რუსული ჩარევა ან მავნე ზეგავლენა საქართველოში უახლოეს მომავალში?

– მინდა იმაზე ვფოკუსირდეთ, რომ ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა, მთავრობა აკეთებს იმას, რომ ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს კი – ევროპასა და შეერთებულ შტატებში – საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს.

– საქართველოს ოპოზიცია დიდი ხანია პარტნიორებს სთხოვს, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს, როგორც პირი, რომელიც მათი შეფასებით, ქვეყნის კურსის შესახებ საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ის არც თქვენ შეგხვდათ, და არც ამერიკელ კანონმდებლებს. რას ფიქრობთ მის სანქცირებაზე, რა შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი ან მოვლენა, რომელმაც ის შეიძლება ამერიკის სანქციების სამიზნედ აქციოს?

– ეს შესანიშნავი შეკითხვაა და ამაზე რამდენიმე რამის თქმა მსურს. ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი. ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ისინი გადაწყვეტენ, სურთ ეს პარტია ჰყავდეთ [ქვეყნის] სათავეში, თუ – კოალიცია ან სხვა ხალხის ნაკრები. ეს მათი არჩევანია.

ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას და თქმას, რომ ამა თუ იმ პარტიას, ან ამა თუ იმ ადამიანის მხარდაჭერილმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის დასახმარებლად იმაში, რომ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.

– თქვენ პირადად შეხვდით მთავრობის მეთაურს, მმართველი გუნდის წევრებს, საქართველოში ჩავიდნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე და ამერიკელი კანონმდებლებიც. სენატში სიტყვით გამოსვლისასაც თქვით, რომ “ოცნებას” უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა, კურსის შესაცვლელად. პრემიერი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განახლება, თავიდან დაწყებაა საჭირო. ამდენი მაღალი რანგის შეხვედრის, ჩართულობისა თუ დისკუსიის შემდეგ, გაქვთ იმის ნიშანი ან იმედი, რომ ისინი რამის შესაცვლელად შეიძლება მზად იყვნენ?

– არა, ისინი უარყოფენ [რეალობას], არ აღიარებენ მას. მათ არ შეუმჩნევიათ, რომ ჩვენ დახმარების 95 მილიონი დოლარი შევუწყვიტეთ. ევროკავშირმა დაახლოებით ამდენივე ოდენობა შეუზღუდა. ევროკავშირიც ამბობს, რომ ვერ წახვალთ წინ ევროპისკენ. და “ქართული ოცნება” ცდილობს უთხრას თავის ამომრჩეველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი რიგზეა. არა, ყველაფერი რიგზე არაა. საქართველოს სურს შეუერთდეს ევროკავშირს. იქ არსებობს მკაფიო წესები. ამ წესებზე პასუხისმგებელი პირები გეუბნებიან, რომ შენ შეცდომა დაუშვი. შეიმუშავე ცუდი კანონი. კიდევ ორი ახალი ცუდი კანონის შემუშავების ზღვარზე არიან. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ის, რაც მას ასე ძალიან სურს.

– პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ სულ ახლახან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს, და მისი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამიტომაა მიღებული. პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციაში თავდასხმების ინსცენირება იგეგმება მათ საკუთარ ლიდერებზეც, რათა წინასაარჩევნოდ ვითარება დაიძაბოს. გაქვთ თუ არა რაიმე ცნობები, ინფორმაცია ამის შესახებ, ან მსგავსი ეჭვი, წუხილი, და მთლიანობაში, როგორ ფიქრობთ, არის რისკი, რომ ამ პერიოდში ძალადობის ესკალაცია ვიხილოთ?

– ეს ძალიან სერიოზული საკითხებია. თუკი ჩვენ რაიმე საფრთხის შესახებ გვეცოდინებოდა, დავეხმარებოდით მის აღკვეთაში. ამ კუთხით, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსთან ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო. მსგავსი საფრთხის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. რაც შეეხება ადამიანების მიერ საკუთარ თავზე თავდასხმას, ეს არ ჟღერს ისეთ რამედ, რაც პოლიტიკური ოპონენტისგან უნდა დაიჯერო. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე ეს უკვე სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება.

ეს ყველაფერი კვლავ შეეხება იმას, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს, აირჩიოს, რა გზით წასვლა სურს, შეეძლოს თვითორგანიზება და ქვეყნის იმ მიმართულებით წაყვანა, რა მიმართულებაც მას სურს, რაც უნდა იყოს ეს. ჩვენ ამის მხარდაჭერას ვცდილობთ.

– ამავე კვირაში ამერიკამ რუსეთის მთავრობის მიერ მართული მედია ორგანიზაციები თუ სხვა ქსელები და მათი ხელმძღვანელები არჩევნების წინ ამერიკაში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობაში დაადანაშაულა. და ამისთვის სანქციები დაუწესა. მაშინ, როცა საქართველოში რუსეთის ინტერესებზე საუბრობთ, როგორ არის უზრუნველყოფილი ის, რომ კრემლმა ამერიკელ ამომრჩეველზე არ მოახდინოს გავლენა?

– დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამერიკის მოქალაქეებს, ისევე როგორც ამომრჩევლებს საქართველოში, ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თვითორგანიზების შესაძლებლობა. ესაა დემოკრატია. ეს მოქალაქეებს ეხება.

რაც ჩვენ გავაკეთეთ ოთხშაბათს, იყო ის, რომ გამოვავლინეთ ერთი ოპერაცია, რომელიც ფარულად უხდიდა ხალხს ფულს იმის თქმაში, რაც რუსეთის მთავრობამ დაწერა, ეს ძალიან კონკრეტული ქმედება იყო. ყველას მოვუწოდებდი ნახოს ის, რას ამბობს იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოში. ეს არაა ტრიბუნასთან მდგარი პოლიტიკოსის განცხადება. ისინი ამ ყველაფერს ფიცის ქვეშ, სასამართლოში ამბობენ და ხსნიან, რას ვუპირისპირდებით.

საქართველოს ოფიციალურ პირებს ჩვენ ისევ და ისევ ვეუბნებით, რომ გამჭვირვალობა, რომელზეც ამბობთ, რომ გსურთ, მზადაა და ხელმისაწვდომია. ყველა ამერიკული ორგანიზაცია გამჭვირვალეა, ევროპული ორგანიზაციები გამჭვირვალეა. არსებობს ამის მიღწევის გზები. მაგრამ მათ ამისთვის აირჩიეს გზა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თქვენი სამეზობლოს გაერთიანების კონტროლის საშუალებას აძლევს. ეს არაა დემოკრატიული, ეს არაა ევროპის ნაწილი. ჩვენ გვინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ უკან, რომ ქართველმა ხალხმა შეძლოს ევროპის ნაწილად ყოფნა.

წყარო

დავით კეზერაშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება კითხვის ნიშნებს აჩენს – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება კითხვის ნიშნებს აჩენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის შედეგად ამ კითხვებს სათანადო პასუხი გაეცემა.

„ის, რომ ბატონი კეზერაშვილი სხვადასხვა გზებით ცდილობს ოპოზიციის დაფინანსებას, უშუალოდ მისი განცხადებებიდანაც ირკვევა. მას ამ ფაქტის უგულებელყოფა არც უცდია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომლის მიმართაც არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს, რომელიც ფაქტობრივად, ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის განვითარებას, როგორც ბატონმა პაპუაშვილმა ბრძანა, ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს მისი ასეთი თავისუფალი გადაადგილება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის შედეგად ამ კითხვის ნიშნებს სათანადო პასუხი აუცილებლად გაეცემა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ცნობით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

თბილისის მერია დედაქალაქში 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს

თბილისის მერია დედაქალაქში 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სატრანსპორტო პოლიტიკის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომელიც საერთაშორისო კვლევებითა და გამოკვეთილი მგზავრთნაკადის საჭიროების მიხედვით დაგეგმილ დერეფნებს გაივლის.

დღეის მდგომარეობით, საავტობუსო პარკის შემადგენლობა უპრეცედენტოა და შეადგენს 1 935 ერთეულს, რითაც არსებითად გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობა. აქვე, შეგახსენებთ, რომ თითოეული მათგანი აკმაყოფილებს ევრო 6 ემისიის სტანდარტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის კუთხით.

კარგად მახსოვს, 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, თუ რა მდგომარეობა გვქონდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, როგორი ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებოდნენ დედაქალაქში და რა რაოდენობით.

დღეს უკვე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საზოგადოებას კერძო ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.

2017 წელს ქალაქში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ქალაქში უკვე დაფიქსირდა 687 ათას ავტომობილზე მეტი. ეს რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად მზარდია, რაც ერთი მხრივ, ლოგიკურია -ეკონომიკური ზრდის ფონზე, იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს მაჩვენებელი ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ჩვენთან სამი-ოთხჯერ მაღალია.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 კერძო საავტომობილო მგზავრობა ხორციელდება კილომეტრ ნახევარზე ნაკლებ მანძილზე. ვხედავთ, როგორ ვითარდება ქალაქში საავტობუსო ზოლების სისტემა. თითოეული ახალი დიზაინი, რომლითაც მიმდინარეობს გზებისა და გამზირების, მოედნებისა და სატრანსპორტო კვანძების რეაბილიტაცია, ფოკუსირებულია საფეხმავლო ინფრასტრუქტურის და შშმ პირებისთვის მისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ახალი კავშირების შექმნაზე, ეკომეგობრული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობაზე.

ეს მიდგომა არის ერთადერთი აპრობირებული და უალტერნატივო პრაქტიკა კერძო ავტომობილზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასაჩქარებლად და ქვეითთა და მგზავრთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მცირე მანძილებზე საფეხმავლო და საველოსიპედო გადაადგილება, უკვე არსებული, 77-კილომეტრიანი ურთიერთდაკავშირებული საავტობუსო ქსელის გამოყენება მინიმალური გადაჯდომებით, მეტად ეფექტიანს ხდის მგზავრობას, ამასთან ხელს უწყობს, ქალაქში არსებული სატრანსპორტო კვანძების განტვირთვას, რაც თავის მხრივ, პირდაპირ აისახება გაუმჯობესებულ საგზაო უსაფრთხოებაზე და ჰაერის მდგომარეობაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ოცნებას“ ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს – სწორედ ამის მტკიცებულებაა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერია – მიხეილ დაუშვილი

„ოცნებას” ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს – სწორედ ამის მტკიცებულებაა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერია, – ამის შესახებ მედიასთან პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის აზრით, ივანიშვილი იძულებული გახდა, მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში პირველ ნომრად ყოფილიყო.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ დღეს “ოცნებას” ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს – მას მოქალაქეებისგან ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია. ფაქტი, რომ სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა, დადასტურებაა იმისა, რომ “ოცნებას” ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის სერიოზული კრიზისი აქვს. ივანიშვილი იძულებული გახდა, საპარლამენტო სიაში პირველ ნომრად ყოფილიყო.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” სიაში სპორტსმენების ყოფნას, ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა. ჩვენ მადლობას ვეუბნებით ყველა იმ ბედნიერებისთვის, რაც მათ მოგვანიჭეს და რამდენჯერაც ჩვენი დროშა საერთაშორისო დონეზე აღმართეს.

დღეს “ოცნებას” ავტორიტეტი, ნდობა იმდენად აქვს დაკარგული, რომ ცდილობს ყველას ავტორიტეტი და რეპუტაცია გამოიყენოს – იქნებიან ბავშვები, ეკლესია, რელიგია თუ სხვა. “ოცნება” ეცდება ფონს სხვა ადამიანების ავტორიტეტის ხარჯზე გავიდეს”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. სიაში ასევე არიან სპორტსმენები – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

მადლობა ყველას – არავითარ შემთხვევაში არ გავყოფ ნაკრებსა და გულშემატკივარს, გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-12 მოთამაშეა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა საქართველოს ნაკრების მილოცვით დაიწყო.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, პირველ რიგში ფეხბურთელებს, მადლობა მწვრთნელებს, ქართველ გულშემატკივარს. მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის როლი. მე, არავითარ შემთხვევაში არ გავყოფ ნაკრებსა და გულშემატკივარს. გულშემატკივარი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-12 მოთამაშე და რა თქმა უნდა ეს მხარდაჭერა თანადგომა, რომელსაც ჩვენი ბიჭები გრძნობენ, მერწმუნეთ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია.

ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და თანადგომა არა მხოლოდ გამარჯვებების დროს, ასევე, როდესაც არის მარცხი. სპორტი,ა ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ გულშემატკივრის გვერდით დგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

მართლმადიდებლები წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავენ

მართლმადიდებლური სამყარო წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს 11 სექტემბერს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„წმ. წინასწარმეტყველს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მაცხოვრის წინამორბედი დაუფარავად ამხელდა მმართველს აღვირახსნილების, საკუთარი ძმის მეუღლესთან, ჰეროდეადასთან თანაცხოვრების გამო, რისთვისაც ჰეროდემ იგი დაატყვევა.

წმინდანისთვის თავის მოკვეთა გალილეის მმართველს ჰეროდეადას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით სთხოვა.

საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციული მარხვით ხვდებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5-წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5 წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება.

ამასთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებით ზედიზედ სამი წლის მანძილზე შეინარჩუნებს ანალოგიურ სალიდერო პოზიციებს.

ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 2024-2026 წლების პროგნოზები და ხანგრძლივვადიანი შეფასება მსოფლიო ბანკისაგან (GDP per capita at Market Price, 2015 real USD):

საქართველო განსაკუთრებულ, ზედიზედ სამწლიან საპროგნოზო ლიდერობას ავლენს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაუმჯობესებით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, რითაც საბოლოოდ ქარწყლდება ყალბი ნარატივი, რომ თითქოს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროს მისი ეკონომიკის ძლიერი ვარდნის ეფექტით უნდა იყოს გამოწვეული.
კერძოდ:

1. 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 5 წლიანი პროგრესით (ზრდა 2019 წელთან შედარებით) საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე. ამ ხუთწლედში ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს რეალური ეკონომიკა 30,3 პროცენტით იზრდება.

2. 2025 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის 6 წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გადის, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზეა. აღნიშნულ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 37%-ით უმჯობესდება.

3. 2026 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 7 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველი იქნება. ამ 7 წლის მანძილზე საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაზრდას 44-ზე მეტი პროცენტით შეძლებს.
https://prosperitydata360.worldbank.org/en/indicator/WB+MPO+NYGDPPCKD

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს – ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 9 სექტემბერს, ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

მედია წერს, რომ ქალს სასიკვდილოდ თავისმა შეყვარებულმა სცემა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მედია ასევე წერს, რომ სავარაუდო დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მას სასტუმროს თანამშრომელი აედევნა და დააკავა. აღსანიშნავია, რომ არსებობს ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც სათვალთვალო კამერებმა ჩაიწერა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, რომელმაც, მედიის ცნობით, მომხდარის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა, რომ სასტუმროს ლიცენზია არ ჰქონდა და ის დალუქა.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება. 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის ერთობლივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

🔊გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის ერთობლივი საგრანტო კონკურსი.

🔷 კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

🔷 დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ , იხილეთ ბმულზე.
⤵️

https://shorturl.at/T7ECI

ვფიქრობ, დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მეტოქესთან გაიბრძოლოს და გაიმარჯვოს – ხვიჩა კვარაცხელია

პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ამ გამარჯვებას. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ ალბანეთთან მატჩის შემდეგ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მომავალ თამაშებზეც ისაუბრა.

„პირველ ტაიმში მართლა არ გამოგვდიოდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. მეორე ტაიმში უფრო გამოგვივიდა. ვფიქრობ, ჩეხეთთან უფრო ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ნაკრებისთვის მთავარი შედეგია და ეს გამარჯვება ჩვენ წინ წაგვწევს. უკვე ფავორიტები ვართ ჯგუფში და უნდა გავაგრძელოთ შრომა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს. წინ კიდევ ბევრი თამაშია, ყველაფერი შესაძლებელია.

ჩეხეთთან და ალბანეთთან უკვე ვანახეთ, რომ ყველასთან თამაში და ყველასთან მოგება შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. უკრაინა ძალიან ძლიერია, მაგრამ მე ვფიქრობ, დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მეტოქესთან გაიბრძოლოს და გაიმარჯვოს. მთავარია, უნდა გავაგრძელოთ ისევ ისე, როგორც დავიწყეთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.