Home Blog Page 29

რუსეთმა საქართველოს მოქალაქებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შესაბამისი დადგენილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

რუსული მედიის ცნობით, სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნებული დადგენილების ახალი ვერსია აღარ შეიცავს გამონაკლისებს, რისთვისაც მანამდე ვიზა იყო საჭირო.

რუსული მედიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ შესვლა განათლების მისაღებად, სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა.

ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა საკითხი, კომისიის ფარგლებში საზოგადოება ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს -გიორგი გახარია

ძალიან სახიფათო ველზე შედიან, რადგან უკვე ვიწყებ ფიქრს, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა საკითხი, რაც „ქართულ ოცნებაში“ ჩამოთვალეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიას მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადების თაობაზე დაუსვეს კითხვა.

გახარიას თქმით, დარწმუნებულია, საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება მისთვის საინტერესო ბევრ რამეს გაიგებს.

გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ისტერიკა პირდაპირ მიუთითებს პარტია „საქართველოსთვის“ მზარდ მხარდაჭერაზე.

„წავიკითხე ტექსტი, მოსმენით არ მომისმენია. მამუკა მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი, ალბათ ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე კიარა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზეც საერთოდ ახლოს ვერ მივიდოდა. რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად. ჩემი მხრივ, მინდა, გითხრათ, რომ რეალურად რომ გვესმოდეს, ეს ტექსტი, ივანიშვილის მიერაა დაწერილი, რომელსაც ახლა შიშები ამოძრავებს. რატომ? მარტივი მიზეზის გამო. მან ძალიან კარგად იცის, რომ ახლა, წინასაარჩევნოდ სერიოზულ თემებზე როცა ვსაუბრობთ, როცა შენ შენი ხალხისგან გაურკვეველი მიზეზების გამო ითხოვ ბოდიშის მოხდას, ამის შემდგომ შენი დავალებით, შენი განკარგულებით, შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და, ფაქტობრივად, უმძიმეს დარტყმას აყენებს არაღიარების პოლიტიკას, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებას, როდესაც შენ შენი ფინანსური ინტერესების გამო, ფულის გამო რიგში აყენებ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებს და შენი ფინანსური კერძო დავის გამო ამ მონებს ალაპარაკებ, შემდგომ სახელმწიფოს შესაბამისად იყენებ, რათა როგორმე რაღაც ფული უკან დაიბრუნო, ამაში არის ძალიან სერიოზული ნიშნები ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ივანიშვილს ექნება შესაძლებლობა, რაღაც განმარტებები გააკეთოს, რადგან მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად საჭირო, პირველ რიგში, მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, განმარტებები არ იქნება, იქნება სხვა ქმედებები, რადგან საზოგადოებაში არსებობს კითხვები, როგორ შეიძლება, შენს ქვეყანას და შენს მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა. როგორ შეიძლება, შენ შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება, მაშინ, როცა იცი, რომ არაღიარების პოლიტიკა არის უზარმაზარი რისკის ქვეშ შენს გამო, რადგან დაანგრიე საერთოდ ნორმალური ურთიერთობა დასავლეთთან და აქ არის პირდაპირ ჯაჭვი თანმიმდევრული მოვლენების. ამის შემდეგ რაღაც ტექსტი დაუწერო და ვიღაცა შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს. ძალიან სახიფათო ველზე შედიან, რადგან მე უკვე ვიწყებ ფიქრს, ხომ არ მოვიდა დრო, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომლებიც მათ ასე ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება მისთვის საინტერესო ძალიან ბევრ რამეს გაიგებს, ოღონდ არჩევნების შემდეგ, რადგან მე არ ვარ ისეთი მდაბიო, როგორც ზოგიერთი, რომ წინასაარჩევნო ინტერესებში მსგავსი თემები გამოვიყენო. მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც დღეს „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ მხარდაჭერასა და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე. ასე რომ, მოკითხვა გადაეცით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე, გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“. მდინარაძის თქმით, მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან.

 ჩვენ, “ძლიერი საქართველო” ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა მოქალაქისთვის-ანა დოლიძე

ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა მოქალაქისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

კოალიციის ლიდერები დიღმის ჭალებში იმყოფებოდნენ.

„დღეს, ჩვენ დიღმის ჭალებში ვიმყოფებით, „ძლიერი საქართველოს“ ძლიერ გუნდთან ერთად, საარჩევნო ნომერი 9. ეს ის გუნდია, რომელიც წლების განმავლობაში ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობს, მათ შორის იმაზე, თუ რა კატასტროფაც მოხდა დიღმის ჭალებში. მთავარი ისაა, რომ წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ადამიანის და ოჯახის კეთილდღეობას, მათ უსაფრთხო, კარგ, სასიამოვნო, მწვანე გარემოში ცხოვრების ფასეულობა ემსახურება. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, აქ იყოს კარგი გარემო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. დიღმის ჭალების მსგავსი ადგილი უბრალოდ ნაგავსაყრელი კი არ უნდა იყოს სამშენებლო ნარჩენებისთვის, იმ კომპანიებისთვის რომლებსაც კონკრეტული მფარველობა და მფარველობითი შეთანხმება აქვთ თბილისის მერიიდან, არამედ ცენტრალური პარკი უნდა იყოს თბილისის მოსახლეობისთვის, რომელიც თბილისის განაპირას, აი აქ, აქეთ მხარეს ცხოვრობს. თბილისში იყო ერთი ცენტრალური პარკი , იქაც ჩააშენა ბეტონები და ახლა ჩაგვიშენებენ ბეტონებს. გვჭირდება რამდენიმე ცენტრალური პარკი იმისათვის რომ გაიზარდოს ცხოვრების ხარისხი ყველა თბილისელისთვის. „ძლიერი საქართველოს“ ამოცანაა, საქართველოში ყველას მაღალი ცხოვრების ხარისხი ჰქონდეს, სწორედ ისე, როგორც ევროპულ სახელმწიფოებშია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

 უცხოელები თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ, ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას -მეუფე სტეფანე

უცხოელები გვეუბნებიან, რომ წამოგვყევით ჩვენ და თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ. თითებს უქნევენ, თქვენ ეს კანონი რომ მიიღეთ, ამის გამო დაისჯებით, ვერ შემოხვალთ ჩვენთან და ათას რაღაცას მიედ-მოედებიან. თვალნათლივ ჩანს, ისინი გვაიძულებენ, მოლაპარაკებებში რომ შემოვიდნენ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად სოდომური ცოდვის პროპაგანდას გზა უნდა გავუხსნათ საქართველოში, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში დღეს მყოფი ძალა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე დგას. მეუფე სტეფანემ ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები აპირებენ გადატრიალების მოწყობას და იაქტიურებენ არჩევნების დღეს.

„არის ერთი ძალა, რომელიც, მადლობა ღმერთს, ხელისუფლებაშია დღეს და გვიცავს, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას, ეროვნულ, ქრისტიანულ ღირებულებებს წინა პლანზე აყენებს. ჩვენ რამდენი ხანი ვნატრობდით, რომ ხელისუფლებას ამაზე ხმა აემაღლებინა და ჩვენი ღირებულებები დაეცვა. ამ ვითარებაში რა უნდა გავაკეთოთ?  უნდა დავინახოთ, რასაც აკეთებს ეს ძალა და რასაც აკეთებს უცხოეთიდან მართული ძალა.

თუ მოხდა ისე, რომ გაგვაბრიყვეს, დაგვაშინეს ან ათასი რაღაც, შემდეგი ეტაპი რა არის? – არავინ დღეს არ აქტიურობს, აპირებენ გადატრიალების მოწყობს, იაქტიურებენ მაშინ, როდესაც ეს არჩევნები უკვე ჩაივლის ან მისი ჩატარების დროს, რომ მოვიდეს დასავლეთიდან მართული ძალა, რომელიც გვეუბნება, რომ სოდომის ცოდვა უნდა დამკვიდრდეს საქართველოში. თუ არ გაიწვევთ იმ კანონს, რომელიც იცავს ჩვენს ბავშვებს და ჩვენს მომავალს სოდომისგან, მაშინ ჩვენგან გექნებათ ბრძოლა და ისეთ ბრძოლას გვიცხადებენ, პრაქტიკულად, არნახულს. დღეს შეიძლება, იარაღით ვერ შემოდიან, რადგან სიტუაცია არ აქვთ, თორემ იარაღითაც მოვიდოდნენ. ჩვენი მანქურთების მეშვეობით, შეიძლება, მოაწყონ ათასი რაღაც“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

 სიცრუეა ანა წითლიძის განცხადება “ენგურჰესის” თანამშრომლებისთვის პირადობების ჩამორთმევაზე, აბსურდია ინფორმაცია ენგურის ხიდის დაკეტვის შესახებ ოკუპანტებთან მოლაპარაკებაზე-“ენგურჰესი”

„ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადება სრული სიცრუე, – ამის შესახებ „ენგურჰესის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ფიზიკურად ვერ იარსებებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და შპს „ენგურჰესის“ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა.

შესაბამისად, ანა წითლიძის ცილისმწამებლური ბრალდებების რიტორიკაც არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელია. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება „ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავს „ფაქტზე“ საუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა, შესაბამისად, ვერანაირი „მტკიცებულება“ ფიზიკურად ვერ იარსებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია.

„რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებას – ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ეს „ინფორმაციაც“ ასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ანა წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც არა მარტო ლევან მებონიას, არამედ შპს „ენგურჰესისა “და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასეთივე ცილისმწამებლური განცხადებებით ის წინა წლებშიც გამოირჩეოდა. აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, შემდგომი რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, რათა მსგავსი განცხადებები სათანადოდ იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მდინარაძემ რაც თქვა, ან ტყუილია, ან გამოდის, რომ ისინიც აგენტები არიან, ოღონდ ამ მთელ აგენტურულ თამაშში რაღაცნაირად სხვა როლს თამაშობენ -რაქვიაშვილი

პირდაპირი გაგებით თუ გავიგებთ იმას, რაც მდინარაძემ თქვა, იმხელა არის საჯარო ინტერესი, რომ უნდა ითქვას, ვისი აგენტები არიან, საუბრობენ უცხოურ ძალებზე, ეს კანონით აკრძალულია, ეს ხალხი კრიმინალები გამოდიან და „ქართული ოცნება“ უცხოეთიდან მართულ ამ მასობრივ და ორგანიზებულ კრიმინალს ეგუება?, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ეს ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.

„ეს თავიდან ბოლომდე ან ტყუილია, ან გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ამ აგენტურის არსებობას და ხალხს აფრთხილებს, ცუდი ხალხი არისო. ეს ასე არ მუშაობს. თუ ამბობ, რომ ვიღაც აგენტი და მართულია გარე ძალებიდან, თუ იცი, საიდან იცი, მტკიცებულება დადე, ერთი მაინც. მეორე – ამას როგორ ეგუები, რომ შენს ქვეყანაში ეს ხდება, როცა სრული ძალაუფლება გაქვს და შეგიძლია, სუს-დან დაწყებული, პარლამენტით დამთავრებული ყველაფერი გააკეთო. ამიტომ, ეს ყველაფერი სერიოზულად არ გამოიყურება. ეს პროპაგანდაა. არაფერი ეტყობა, რომ ეს სიმართლე იყოს. მაშინ უნდა დავიჯერო, რომ „ქართული ოცნება“ ამ დანაშაულებრივ მასობრივ ქმედებებს ეგუება. ეს „ქართულ ოცნებაზე“ კარგად არ მეტყველებს. გამოდის, რომ ისინიც აგენტები არიან, ოღონდ ამ მთელ აგენტურულ თამაშში რაღაცნაირად სხვა როლს თამაშობენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“.

თიბისის ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ

ამჯერად, კომპანიის DevOps-ის გუნდმა DevOps-ის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაში, DevOpsDays Portugal-ში მიიღო მონაწილეობა. ეს კონფერენციების სერიაა, რომელიც მსოფლიოს არა ერთ ქალაქში ტარდება და სათავეს 2009 წლიდან იღებს. DevOpsDays-ზე განხილული თემები, ძირითადად, ავტომატიზაციას, ტესტირებას, უსაფრთხოებასა და ორგანიზაციულ კულტურას ეხება, რაც ნემისმიერი მაღალი დონის კომპანიისთვის, შესაბამისად თიბისისთვისაც მნიშვნელოვანია.

თიბისიში შექმნილი ერთ-ერთი მიმართულება, DevOps CoE დაახლოებით 50-მდე DevOps ინჟინერისგან შედგება, რომლებიც კომპანიის მასშტაბით ბიზნეს მიმართულებებზე არიან გადანაწილებულები. თითოეულ ამ მიმართულებას საკუთარი ლიდერი ჰყავს. სწორედ მიმართულების ლიდებითა და DevOps არქიტექტებით დაკომპლექტდა გუნდი გაემგზავრა DevOpsDays Portugal-ზე.

კონფერენციაზე თიბისიდან 11 ადამიანი იმყოფებოდა და რამდენიმე მათგანმა DevOpsDays-ზე მიღებულ გამოცდილებასა და ემოციებზე საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ DevOpsDays Portugal მათი კარიერული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა იყო.

ქეთი წიკლაური გვიყვება, რომ კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა თიბისის ტექ გუნდი, რომ კომპანია იმავე ხელსაწყოებითა თუ მიდგომებით ცდილობს თანამედროვე სირთულეების დაძლევას, რომლებსაც წარმატებული, ყველასთვის ნაცნობი ორგანიზაციებიც იყენებენ. ქეთის განსაკუთრებული აღფრთოვანება DevOps-ის მიმართულებით ცნობილი პროფესიონალების გამოსვლებმა გამოიწვია, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარეს. 

“საინტერესო იყო პროფესიონალების გამოსვლები. მაგალითად, დანიელ რექუენა, რომელსაც ძალიან საიტერესო გზა აქვს გავლილი თავის პრაქტიკაში და ამჟამად პლატფორმის ინჟინერია. ის საკუთარ გამოცდილებასა და გამოვლილ პრობლემებზე დაყრდნობით, გვესაუბრა, როგორ გადავჭრათ პრობლემები მარტივად”, – გვიყვება ქეთი.

მიმართულების ლიდმა, ჯაბა მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მსოფლიო დონის პროფესიონალებთან ურთიერთობის შესაძლებლობა კარიერულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. როგორც თავად ამბობს, ეს პროფესიონალს მთელი რიგი საკითხებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების უფრო ღრმა გაგებაში ეხმარება.

ჯაბას პათოსი ვანო ახვლედიანმა და ირაკლი ბერეჟიანმაც გაიზიარეს და აღნიშნეს, რომ  DevOpsDays მხოლოს ტექნიკურ ცოდნას არ ეხება. მათი აზრით, ისეთი პიროვნული უნარები, როგორიც არის ეფექტური კომუნიკაცია და პროფესიული სანაცნობო წრის ჩამოყალიბება, ინჟინრის პროფესიულ საქმიანობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

“ძალიან კარგი იყო ნეთვორქინგის კუთხით. გავიცანით ბევრი უცხოელი კოლეგა და გავაზიარეთ ერთმანეთის აზრები. ასევე გავიცანით და შევხვდით ისეთ ადამიანებს, ვის ვიდეოებზეც გვისწავლია და განვითარებულვართ. ამ მხრივ ძალიან კარგი და შედეგიანი მოგზაურობა იყო”, – ამბობს ვანო.

რა თქმა უნდა, რა ხდება ორგანიზაციაში, რა არის მათი მიზანი და ამომავალი წერტილი უშუალოდ იქ დასაქმებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან. როგორც თიბისის ტექ გუნდის წევრები ამბობენ, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად, თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვაც არის. მათი თქმით, განვითარებული და თავდაჯერებული თანამშრომელი კომპანიის წარმატების საწინდარია და ამის მიღება ზუსტად ისეთ კონფერენციებზეა შესაძლებელი, როგორიცაა DevOpsDays Portugal.   

“თიბისი “სტანდარტული” ბანკი არ არის – ეს ტექ კომპანიაა, რომელიც ცდილობს თავისი ტექ ტალანტების კომპეტენცია მუდმივად აამაღლოს, რისთვისაც მსგავს კონფერენციებს იყენებს”,  – აღნიშნა ჯაბა მაჭარაშვილმა.

DevOpsDays პორტუგალიური თავგადასავალი თიბისის ტექ გუნდისთვის ფასდაუდებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ინდუსტრიის ლიდერებთან თანამშრომლობით და ცოდნის გაზიარებით, თიბისის DevOps ინჟინრები მზად არიან, გამოწვევებს გაუმკლავდნენ და კომპანიის შიგნით საჭირო ინოვაციები განახორციელონ.

უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი კი გვიანობამდე იმუშავებს

ქართველი გულშემატკივრებისთვის 11 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.

„შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 ოქტომბრის 15:00-იდან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.

რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსები: N301, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397, 12 ოქტომბრის 02:00 საათამდე იმოძრავებენ. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა 11 ოქტომბერს, ქალაქ პოზნანში, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო გადასასვლელებს კეტავს

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოში 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების გამო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელებს კეტავს. ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადასასვლელები 25 -28 ოქტომბერს იქნება ჩაკეტილი.

პატრონებმა სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაცმოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა და სააკაშვილისა და გვარამიას ნაცვლად, ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება – მამუკა მდინარაძე

სააკაშვილისა და გვარამიას წარსულის ცოდვები იმდენად ამძიმებთ, რომ მწამებელ რეჟიმზე უგონოდ შეყვარებული ადამიანების გარდა, ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობას ვერ ახერხებენ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პატრონებმა სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაციონალური მოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა, მაგრამ ისინი ერთმანეთთან იმდენად არიან შეზრდილები, რომ ხალხის მოტყუებას მაინც ვერ ახერხებენ.

„თუმცა, პატრონებმა აქაც კი სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაციონალური მოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა და მათ ნაცვლად ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება. მათ, პარტიას ნომრით 5, თითქმის მთლიანად დაუშალეს რეგიონული ოფისები და გვარამიას გადააბარეს, მაგრამ იმდენად არიან ისინი ერთმანეთთან, ხოლო ყველა ერთად, დანაშაულთან შეზრდილები, რომ ხალხის მოტყუებას მაინც ვერ ახერხებენ.

ისინი არიან ყველა იმ უბედურების შემოქმედნი, რაც საქართველოს 2003-2012 წლებში დაატყდა თავს, თუმცა, მათი დავალებების უსიტყვო შემსრულებლებად ქცევა ნელ-ნელა, მეთოდურად მოხდა.

თავის მხრივ, ეს გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მისი გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინა, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს ახალგაზრდების ამ ჯგუფმა, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს შესაძლოა თავიდან პოზიტიური ენთუზიაზმიც ჰქონდათ, საზოგადოებისა და ქვეყნის მართვა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, ერთბაშად მიღებული, უდიდესი ძალაუფლებით გაბრუებული, გამოუცდელი ადამიანები იყენებდნენ მართვის მარტივ, მაგრამ უსასტიკეს მეთოდებს, რასაც კარნახობდნენ. წამება, მკვლელობა, დაშინება, ბიზნესის რეკეტი, ხალხის დამონება და ზომბირება – ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობა“ სწორედ პატრონების კარნახით, ხელისუფლების გასამყარებლად და შიშის დასათესად აკეთებდა. ამას მოჰყვა, როგორც გახსოვთ, 7 ნოემბერი, ქართველი ხალხის პროტესტი და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მარცხის მიუხედავად, სააკაშვილმა გამარჯვებად გაიფორმა და შემდეგ ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში გახვია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პრიორიტეტები დასახულია: საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი აქვს – Известия

„საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა, რომელშიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დასახელებულია რუსეთთან კონფლიქტის მოგვარება. არჩევნების წინ, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, თბილისიდან შემრიგებლური განცხადებები ისმის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისამართით“, – ნათქვამია რუსეთის გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პრიორიტეტები დასახულია: საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი აქვს“ (ავტორი – ქსენია ლოგინოვა).

პუბლიკაციაში მიმოხილულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა ქვეყნის საგარეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ციტირებულია ქართველი პოლიტიკოსების („ქართული ოცნების“ ლიდერების) განცხადებები რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების აუცულებლობაზე., აშშ-სთან და ევროკავშირთან დამოკიდებულების „გადატვირთვაზე“, ნატოსთან და ჩინეთთან კავშირების გაღრმავების თაობაზე.

სტატიაში ყურადღება ეთმობა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც „დიდი ხმაური გამოიწვია“ – ოსებისადმი 2008 წლის ომის გამო ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით. „პატიების თხოვნისა და ბოდიშის თაობაზე საქართველოში დიდი სკანდალი ატყდა. ოპოზიციამ ხელისუფლება „სამშობლოს ღალატში“ დაადანაშაულა და ქართული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – რუსეთისადმი დათმობის მომზადებაში. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმაც ხმა ამოიღო და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება „ომის გმირთა ხსოვნის შეურაცხყოფაში“ დაადანაშაულა.

აფხაზეთში, მართალია, დადებითად შეაფასეს თბილისთან ურთიერთობის მოგვარების იდეა, მაგრამ ხაზი გაუსვეს, რომ არავითარი ინტეგრაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება. როგორც სოხუმში არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, „მხარეთა შორის ახალი ურთიერთობების დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“. მსგავსი პოზიცია აქვთ ცხინვალშიც.

რას ფიქრობენ ექსპერტები?

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერი ინფორმაციის ინსტიტუტის ახლო და პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის რაზილ გუზაეროვის თქმით, რუსეთმა და საქართველომ ბოლო წლებში ურთიერთობა საგრძნობლად გააუმჯობესეს – განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა, გაფართოვდა ვაჭრობა და ტურიზმი, შესაბამისად, გაღრმავდა ეკონომიკური თანამშრომლობა.

„საქართველოს პოზიცია რუსეთის მიმართ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს. რუსული საექსპერტო საზოგადოება თბილისისადმი, ასე ვთქვათ, სიმპათიურად არის განწყობილი. გაჩნდა ბევრი ვარაუდი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესაძლო გაუმჯობესების შესახებ“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი, თუმცა იგი თვლის, რომ თბილის-მოსკოვის სრულ სოლიდარობაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ის მომენტი, რომ მხარეთა პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის მიმართ უკიდურესად წინააღმდეგობრივია: რუსეთისთვის ეს სახელმწიფოები დამოუკიდებლები, სუვერენულები არიან, რაც ოფიციალურად უმაღლეს დონეზეა დაფიქსირებული (პრეზიდენტის ბრძანებულებით), ისინი კავკასიური პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენენ, ხოლო საქართველოსთვის – დაკარგული ტერიტორიები არიან, ეროვნული ტრამვის გამომწვევნი“, – აღნიშნავს რაზილ გუზაეროვი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ეს განსხვავებები ნათლად გამოჩნდა გაეროს გენასამბლეის 79-ე სესიის დროს, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა – აფხაზეთმა და სამხრეთ ისეთმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, თუ რა ფორმატით განახორციელონ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაო. მინისტრის ნათქვამის პასუხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ მიზნით რუსეთიც ვალდებულია განსაზღვრული და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, ვთქვათ, ჯარები გაიყვანოს აფახაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“. პრიორიტეტების ამგვარი კონფიგურაციით ძნელია იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველო და რუსეთი რაიმე კომპრომისამდე მივლენ“, – ამბობს რაზილ გუზაეროვი „იზვესტიასთან“ საუბრის დროს.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ასეთ სიტუაციაში აუცილებელია, რომ დათმობაზე ერთ-ერთი მხარე მაინც წავიდეს, მაგრამ არც საქართველო და არც რუსეთის ამჟამად კომპრომისებისათვის მზად არ არიან.

„საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პოლიტიკური ძალების გამაერთიანებელ ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს. ალბათ, სწორედ ამიტომაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის იდეას 2008 წლის ომისათვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასთან დაკავშირებით, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მან განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის დასავლური ვექტორი ქვეყნისათვის კვლავ საკვანძოდ რჩება, ამიტომ პრორუსულ გადახრაზე ლაპარაკი ზედმეტი და უადგილოა.  დიახ, საქართველოს ხელმძღვანელების რიტორიკაში შეიმჩნევა, რომ ისინი ცდილობენ მოაგვარონ რუსეთთან ურთიერთობაში არსებული ზოგიერთი პრობლემა, მაგრამ მათი რიტორიკა შეიძლება კონიუნქტურული იყოს“, – ასკვნის ექსპერტი.

ქართველი პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე „იზვესტიასთან“ საუბრისას ვარაუდობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. „შესაძლოა, არის იმის შეგრძნება, რომ აუცილებელია რეალურად დაიწყოს იმ საკითხების მოგვარება, რაც ქართველებს აწუხებთ – სხვადასხვა პოლიტიკური [და სოციალური] პრობლემებისა,  მაგალითად, უმუშევრობისა… [აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის] ინტეგრაციის საკითხს კი პრიორიტეტებში არც პირველ, არც მეორე  და არც მესამე ადგილზე არ ვხედავთ. ალბათ, „ქარტული ოცნბა ფიქრობს, რომ ინტეგრაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ალიანსებში [ნატოში და ევროკავშირში] გაწევრიანება. შესაბამისად, ხელისუფლება ამ თემების გააქტიურებას ცდილობს… თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ-ჯერობით არ მიღებულა“, – განმარტავს ექსპერტი.

არჩილ სიხარულიძის თქმით, ამჯამად ძნელია იმის პროგნოზირება, რის გაკეთებაა დაგეგმილი. მან გაიხსენა, რომ ის ადამიანები (ვთქვათ, პაატა ზაქარეიშვილი), რომლებიც ხელისუფლებას ამ საკითხებით რეალურად დაკავებას სთავაზობდნენ და მოუწოდებდნენ, კოალიციიდან გააძევეს. დღეს-დღეობით ნებისმიერი განცხადება ყველა მხრიდან ქართულ სადღეგრძელოს ჰგავს“, – თვლის არჩილ სიხარულიძე.

„პოლიტიკური კულტურა საქართველოში, ზრდის ნაცვლად, დაბლა ეცემა და ისეთ პოპულისტურ დაპირებებად იქცევა, რომელთა რეალურად შესრულება შეუძლებელია. ასეთ დაპირებებს პარტიაში და სახელმწიფოში კრიზისის გამოწვევა შეუძლია“, – ასკვნის სპეციალისტი.

წყარო

„შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი.

შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტური იერია, თითქოს სასადილოს განწყობა იგრძნობა… ზოგს ჰგონია, წარსულს მივტირით, არადა მხოლოდ გაშარჟება და დაცინვაა. დღემდე იუმორით ვუდგებით ამ ყველაფერს“, — აღნიშნავს ოთო მგალობლიშვილი. 

ამის მიღმა კი „შემომეჭამას“ კონცეფცია ღია სამზარეულოს პრინციპზეა აგებული. თითოეულ ობიექტში ისეა სივრცე განაწილებული, რომ მომხმარებლები ხედავენ, რა ხდება სამზარეულოში. ასე მეტი ნდობა ჩნდება: ჩვენი მიდგომაა, მომხმარებელს მივცეთ ის, რასაც იმსახურებს. როცა ადამიანი ფულს იხდის, მხოლოდ მაღალი ხარისხის, გემრიელი პროდუქცია უნდა მიაწოდო“.

საინტერესოა, რომ „შემომეჭამას“ სამზარეულოში პროფესიონალი მზარეულები არ მუშაობენ. სანაცვლოდ, დიასახლისები უფრო არიან, რომელთაც პროფესიული გამოცდილება არ აქვთ. საკვებიც ასეთია ‚ ყველაფერი ხელით მზადდება, ცომი ხელით იზილება და ბრტყელდება. ამიტომაცაა, რომ სიმყუდროვე და სითბო „შემომეჭამასთვის“ განუყოფელი ცნებებია. თუკი მომხმარებელს რაიმე არ მოეწონა, აუცილებლად ახლიდან უმზადებენ კერძს და ცდილობენ, ისე კომფორტულად აგრძნობინონ თავი, როგორც სახლში. ვცდილობთ, მეგობრულად ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებთან, რადგან გვესმის, რომ მათ გარეშე ვერ ვიარსებებდით. ასე ვთქვათ, ერთმანეთს ვაცოცხლებთ“.

რა თქმა უნდა, „შემომეჭამას“ განვითარება სწორხაზოვანი არ ყოფილა, არამედ დროთა განმავლობაში გარკვეული გამოწვევები იჩენდა თავს. მათ შორისაა პანდემიის პერიოდი, როდესაც ახლად გახსნილი ობიექტის დახურვა მოუწიათ დროებით, მაგრამ პირველ ფილიალს არცერთი დღით არ შეუწყვიტავს მუშაობა. მიტანის სერვისზე ვმუშაობდით, რადგან მაშინ მხოლოდ ამის საშუალებას გვაძლევდა იმდროინდელი რეგულაციები და კანონი. არც თანამშრომლები გაგვიშვია, პირიქით, დავიმატეთ და მალევე ხელფასების გაზრდაც მოვახერხეთ“. 

რეალურად, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება „დაეხმარა“ კიდეც „შემომეჭამას“ ცნობადობის გაზრდაში. ასე ვთქვათ, სირთულეები სათავისოდ შემოატრიალეს და პროგრესის მუხტად აქციეს. უბრალოდ, როგორც ოთო აღნიშნავს, თავისი ბიზნესის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, თითქოს შვილს ზრდის და უვლის. იმავენაირი ზრუნვა სჭირდება ყველას და ყველაფერს, თანამშრომლები დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული. ნერვიულობ, თან იმდენ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული… ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია. სხვების სამსახური 9-დან 6-მდე გრაფიკში თუა მოქცეული, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. თან სულ გიწევს მომხმარებლებთან ურთიერთობა — ნაწილი კმაყოფილია, ნაწილი უკმაყოფილოა, ვიღაცას დაუგვიანეს, ვიღაცისთვის ზედმეტად მარილიანია. როგორც ექიმი ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაახლოებით ასეთივე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მუდმივად“.

საგულისხმოა, რომ განვითარების ამგვარ ტემპში უდიდესი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამ. „შემომეჭამას“ დაარსების დღიდანვე დაიწყო ამ ორი ბრენდის პარტნიორობა და დღემდე აქტიურად გრძელდება. ორი ბიზნეს სესხი გვაქვს აღებული — ორივე შემთხვევაში საკმაოდ ოპერატიულად და მარტივად გავიარეთ ეს პროცესი, ბევრი ბიუროკრატიული საფეხურის გავლის გარეშე. სწორედ თიბისის მხარდაჭერით გავხსენით მესამე ფილიალი, შემდეგ კი „აწარმოე საქართველო“-სთან მოლაპარაკებაშიც დაგვეხმარნენ. ვფიქრობ, სამომავლო წინსვლაშიც ყოველთვის დაგვეხმარებიან“.

რაც შეეხება სახელს, არ უნდოდათ, ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული და სტანდარტული სახელწოდება შეერჩიათ. კონცეფციიდან და ინტერიერის დიზაინიდა გამომდინარე, მიხვდნენ, რაღაც იუმორისტული ვერსია უნდა შეერჩიათ. ამიტომაც, მოიწონეს „შემომეჭამა“ — თან ლამაზი და თან სახალისო სიტყვა. 

დღეისათვის კი ეს სახელი უკვე ოთხი ფილიალით ამაყობს. როგორც ოთო ამბობს, ამგვარ ზრდასთან ერთად, შრომისა და თავდადების დონემაც იმატა, რადგან ძალიან რთულია, 4 ობიექტში ისეთივე ხარისხის შენარჩუნება, როგორც ამას ერთი რესტორნის შემთხვევაში აკეთებ. ცნობილია, რომ რაოდენობაში ხარისხი იკარგება. ჩვენი მიზანიც ისაა, რომ გეგმები გავზარდოთ, მაგრამ ხარისხი უცვლელად შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, ჩვენს თაობაში რაღაც სტანდარტი დავაწესეთ გემოებში და გვსურს, ეს სიმაღლე შევინარჩუნოთ“.