Home Blog Page 29

 ვულოცავ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ჩვენთვისაც განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა -შალვა პაპუაშვილი

ვულოცავ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ჩვენთვისაც განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი იმ დროისთვის პროგრესული სახელმწიფოები იყვნენ არა მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო, არამედ იმით, თუ რა ფორმით მოხდა ეს.

„ვულოცავ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ჩვენთვისაც, ვინაიდან საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. იმ მომენტში აზერბაიჯანიც და საქართველოც აღმოჩნდა პროგრესული, არა მხოლოდ იმით, რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, არამედ იმით, რა ფორმით მოხდა ეს ყველაფერი. აზერბაიჯანი იყო პირველი მუსლიმური ქვეყანა დემოკრატიული წყობილების, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც მაშინ პროგრესული სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენი წინაპრები იმ მომენტში არათუ მზად აღმოჩნდნენ დამოუკიდებლობისთვის, არამედ შექმნეს სახელმწიფოები, რომლებმაც შემდეგ, თითქმის 100 წლის თავზე, უკვე მეორე რესპუბლიკები წარმოშვა და ამ მემკვიდრეობაზე დგას ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობა.

მე მინდა, განსაკუთრებით მივულოცო დამოუკიდებლობის დღე ჩემს კოლეგას, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს. საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს და ამით პარლამენტებს შორის ისედაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მოვაქციეთ მემორანდუმის ჩარჩოში. გაწერილი გვაქვს სწორედ ამ თანამშრომლობის ინტენსივობა და მიხარია, რომ გამორჩეული მეგობრობა და თანამშრომლობა არის ჩვენს პარლამენტებს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

28 მაისი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ მიღება გამართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილებს შალვა პაპუაშვილმა მიმართა.

ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას-ირაკლი კობახიძე

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.

მთავრობის მეთაური უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის მზარდი თანამშრომლობა განიხილეს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას”, – დაწერა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 86 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით, მიმდინარე წლის 5 ივლისამდე გაუგრძელა.

დადგენილების მიღებამდე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, პლენარულ სხდომაზე, კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2025 წლის 13 თებერვლიდან 2025 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

თეა წულუკიანის განცხადებით, დღეისთვის საგამოძიებო კომისიამ 30-ზე მეტი საჯარო სხდომა გამართა და 100-ზე მეტი პირი გამოჰკითხა. მისივე თქმით, კომისიაში შესული 600-მდე განცხადებიდან 500-ზე მეტი დამუშავებულია და მათი ნახევარზე მეტი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ან და ამ გზით ჩამორთმეულ საკუთრებასა და ბიზნესს ეხება.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გახანგრძლივება, პირველ რიგში, 2013-2025 წლების პერიოდის კვლევისთვისაა საჭირო.

„ჩვენ მიერ განსახილველი ექვსი თემა ძალიან მასშტაბურია. მათგან მეექვსე საკითხი 2013 – 2025 წლების პერიოდს ეხება. ჩვენ გვევალება შევისწავლოთ ის დამაზიანებელი მოქმედებები, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები ან კიდევ ის პირები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ პარტიებში არიან გაწევრიანებული, ჩადიან სახელმწიფოსა და ქვეყნის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. ეს თემა გამოსაკვლევად მიმდინარე წლის აპრილში გადმოგვეცა და შესაბამისად, ამ კონკრეტული თემის საკვლევად, დამატებითი ვადა გვჭირდება. ვადის გაგრძელების შემთხვევაში კი, საჯარო სხდომის ფარგლებში ჩვენ არაერთი პირი გვეყოლება გამოსაკითხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს პარლამენტის მიერ კომისიისთვის განსაზღვრული ხუთი თემის: მკვლელობები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, მედიის თავისუფლება და 2008 წლის აგვისტოს ომი – კვლევა.

„მომდევნო თვეში ამ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით, ძირითადად დრო დაეთმობა დოკუმენტებზე მუშაობას და დასკვნის პროექტის შედგენის დასრულებას. დაგეგმილია, კომისიას 4-5 ივლისს, დასამტკიცებლად შევთავაზოთ დასკვნა, თუ ჩვენი მუშაობის პერიოდში რაიმე განსაკუთრებული წინაღობა არ გამოიკვეთა და ასეთ შემთხვევაშიც, მხოლოდ ბოლო 1 თვე დაგვრჩება სამუშაოდ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობა რომ იძლეოდეს შესაძლებლობას, მრავალი თვე არ ეყოფოდა იმ ბოროტების კვლევას, რომლის შესახებაც ვიცოდით და რომელთან დაკავშირებითაც, სხდომების კვალდაკვალ, სულ ახალ-ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანის განცხადებით, მომდევნო თვეში დროებითი საგამოძიებო კომისია გეგმავს ხონში ჩასვლას, სადაც სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულებაა და დღეისათვის საქართველოში ის ერთადერთი ადგილია, სადაც სააკაშვილის დროინდელი კარცერებია შემონახული.

დონალდ ტრამპმა ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

წერილის შინაარს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და ვაფასებთ თქვენს პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობასა და თქვენს მეზობელთან მშვიდობის მისაღწევად მუშაობაში.

დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათ წელზე მეტი ხნის ისტორიის განმავლობაში, ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა და ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენს ორმხრივ პრიორიტეტებზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ეკონომიკურ პარტნიორობას და ენერგეტიკის განვითარებას.

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივ მშვიდობას. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობას და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობას შექმნის. ახლა დროა, მივაღწიოთ მშვიდობას და დავიწყოთ სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის კეთილდღეობის ახალი ერა. ჩვენ მოუთმენლად ველით უფრო ღრმა პარტნიორობას მომავალ წლებში და ათწლეულებში“, – ნათქვამია წერილში.

ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების – შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების – Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ სორბონის უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები, ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტისა და სხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ფინანსური სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები.

კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი.

პანელური დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები ფინანსური სექტორის განსავითარებლად, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია ლარი 30-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცემა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.

ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო, „თეთრი“ XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.

რა ეღირება დოლარი და ევრო 29 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7349 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7349 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7357 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0984 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.

პირველი ივნისიდან ამერიკული კანონი შედის ძალაში. ვნახოთ, ამერიკულ სტანდარტს თუ მაინც დაიცავენ NGO სექტორი და მათი დონორები -შალვა პაპუაშვილი

პირველი ივნისიდან ამერიკული კანონი შედის ძალაში. ვნახოთ, ამერიკულ სტანდარტს თუ მაინც დაიცავენ NGO სექტორი და მათი დონორები,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა FARA-ს კანონის ძალაში შესვლაზე საუბრისას.

მავნე აღნიშნა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ეუბნება NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს, არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს და დიპლომატიური ქცევის სტანდარტს.

„პირველი ივნისიდან ამერიკული კანონი (FARA) შედის ძალაში. ვნახოთ, ამერიკულ სტანდარტს თუ მაინც დაიცავენ NGO სექტორი და მათი დონორები. აგერ არის ამერიკული სტანდარტი, ამერიკული კანონი. ვნახოთ ერთი ისინი ფარისევლობდნენ, როდესაც რაღაც ნორმები არ მოსწონდათ, თუ რაიმე რეალური შენიშვნა ჰქონდათ. ეს არის პირდაპირ ერთი-ერთში გადმოღებული კანონი, რომელიც მოქმედებს ტრამპის ამერიკაში. ახლა თქვან, რომ არ მოსწონთ ტრამპის ამერიკა, ამერიკული კანონები, სტანდარტები და ამაში ჩვენ რას გვერჩიან, წავიდნენ, იციან სადაც არის საელჩო და იქ გააპროტესტონ ან დაემორჩილონ ამ კანონს.

მეორე განზომილება აქვს ამ კანონს, ეს არის დონორები, რომლებიც აგულიანებენ თავის NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს. ესეც არის დარღვევა. ზოგიერთი ელჩი, მათ შორის, რომელიც აგულიანებს NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს და ისინი დაეხმარებიან ყველანაირად, რომ შემდეგ რაღაც თუ იყო რეაქციები, ატეხონ მერე სკანდალი და ვაი-ვიში. ამ დონორებს და ელჩებს ვეტყვი, რომ დიპლომატებმა პატივი უნდა სცენ ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობას. ყველა ის ადამიანი, რომელიც ეუბნება NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს, არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს და დიპლომატიური ქცევის სტანდარტსაც. ამიტომ მინდა ყველას აქედანვე მოვუწოდო, რომ არ უარყონ ამერიკული სტანდარტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამერიკული კანონის ზუსტი ასლის ამოქმედებამდე სამი დღე რჩება. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და გამჭვირვალობა ოპოზიციას და მის მოკავშირე ენჯეოებს აშფოთებთ.

ბიძინა ივანიშვილი ყველაზე ახლო და სანდო ადამიანებს კარგავს და რჩება შიშველი, ანაბარა ერთი ირაკლი კობახიძის – სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე წარმოგვიდგენია-სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო, სანდო და მისი საყრდენი იყვნენ. ის რეალურად შიშველი რჩება და ანაბარა ერთი ირაკლი კობახიძის, – ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვახტანგ გომელაურის მიერ შს მინისტრის თანამდებობის დატოვებას.

მისივე შეფასებით, სანქციები მოქმედებს.

„ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ჩამოშლის, რყევების პროცესს ვხედავთ. პრაქტიკულად, დღე არ გადის ისე, რომ [არ დავინახოთ] ახალი ნიშანი იმის, რომ ის პირველი წრე იშლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მას აქამდე ამაგრებდა. ეს არის ნიშანი იმის, რომ ერთი მხრივ, სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სხვათა შორის, ეს დამახასიათებელია სანქციების, რომ ის მოქმედებს ჯერ ნელ-ნელა და მერე აჩქარებული ტემპით.

მეორე ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, ამ ბოლო გადაადგილებებით, ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო, სანდო და მისი საყრდენი იყვნენ. ის რეალურად შიშველი რჩება და ანაბარა ერთი – ირაკლი კობახიძის, რაც იმის მაჩვენებელი არ არის, რომ ეს რეჟიმი შინაგანი ძლიერებით სარგებლობდეს. ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც მათ თვალი უნდა გაუსწორონ.

ამავე დროს, ჩვენს დემოკრატიულ მეგობრებთან ყველა პარტნიორობა იკარგება, ესეც ნათელია. თუნდაც წერილები, გზავნილები ამერიკის საელჩოსთან, ადმინისტრაციასთან გაცვლა, იმის მაჩვენებელია, რომ დალაგებების იმედები სწრაფად ქრება, თუ არა ჩამქრალია. ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. მგონი, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ როგორც არასოდეს, უფრო მძლავრად უნდა ვიყოთ, ჩვენს თავში დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა არის მართალი ბრძოლა და ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლოს გამარჯვებას მოიტანს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნები, ის, რაც მიუღებელია ბერლინში, მისაღებია თბილისში  -შალვა პაპუაშვილი

ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ დაყოფილი ქვეყნები, არსებობს „ა“ კლასის ქვეყნები, „ბ“, „ც“ და ა.შ. ზოგიერთის თვალში სამყარო ჯერ კიდევ კატეგორიებად არის დაყოფილი, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ტვინებში მე-20 საუკუნის რაღაც კუდებია შემორჩენილი. გაერო-ს ქარტიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაციის არსებობის შემდეგ, ქვეყნების კატეგორიზაცია ყველას უნდა მიევიწყებინა, – ამის შესახებ პარლამენტის ტავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

„ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნები, არსებობს „ა“ კლასის ქვეყნები, არსებობს „ბ“, „ც“ და ა.შ. აქედან გამომდინარე, ის, რაც მიუღებელია ბერლინში, მისაღებია თბილისში.  ამაზე ვიდეო შედარებაც გამოვაქვეყნე, ბერლინში როგორ ააფეთქეს შენობა მაშხალა და ადამიანი სისხლის სამართლებრივად დაიჭირეს და თბილისში როგორ ააფეთქეს პარლამენტის შენობა, რომელიც დაცვის უფრო მაღალი სტანდარტით სარგებლობს, ამაზე გვითხრეს, ეს არის მშვიდობიანი აქცია. ზოგიერთის თვალში სამყარო ჯერ კიდევ კატეგორიებად არის დაყოფილი, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ტვინებში მე-20 საუკუნის რაღაც კუდებია შემორჩენილი. გაერო-ს ქარტიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაციის არსებობის შემდეგ, ქვეყნების კატეგორიზაცია ყველას უნდა მიევიწყებინა“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

მისი თქმით, კარგი მაგალითია ისიც, რომ როდესაც ელჩი ესარჩლება ადამიანს, რომელიც ფიზიკურად თავს დაესხა პოლიციელს და ამბობს, მის მიმართ არანაირი დევნა არ უნდა წარმოებდეს და მეორეს მხრივ, „ადამიანზე, რომელმაც ის ვერბალურად შეაწუხა, გვეუბნება, უნდა მოხდეს სისხლის სამართლებრივი დევნაო“.

„ჩვენთან საელჩოები და დონორები არ გმობენ მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების თავდასხმას დეპუტატებზე. საუბარი როდესაც არის ადმინისტრაციულ დარღვევებზე, ამბობენ, რომ გადამეტებულია. მთელი ცინიზმია, რომ ელჩი ბათუმში ჩავიდა, რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე თავდამსხმელ ადამიანს და ეთქვა, ის არ უნდა დაისაჯოს. ამ დროს ბათუმში ჩასული ელჩი ვერბალურად რომ შეაწუხეს, ითხოვს სისხლის სამართლებრივ დევნას. აქ ხომ ჩანს ამ პროცესის ფარისევლობა“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო ყველა საკითხზე რეაგირებს.

„ის ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხა, რაც მათი კომპეტენციაა. ცინიზმია, რომ ჩვენ გვიკიჟინებენ, პოლიციელზე ფიზიკურად თავდამსხმელ ადამიანს გმირად აქცევენ, გერმანიის ელჩი იჯდა პლაკატის წინ, სადაც წერია – „თავისუფლება მზიას“, ანუ გმირად გვიცხადებს პოლიციელზე თავდამსხმელს და თავად ამბობს, რომ ის ვინც ვერბალურად შეაწუხა, მოხდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაა. მინდა, ამის პოლიტიკური განზომილება გაჩვენოთ, თუ რამდენად უტიფარია ის ფარისევლობა, რომელსაც ხანდახან ვაწყდებით“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ – ბიძინა ივანიშვილი

იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აშშ-ს საელჩოს განცხადებას პასუხობს.

„იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი.

მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა“, – წერია განცხადებაში.

მისი თქმით, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში.

„აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.

შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რუსთაველის  ფონდმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ქალაქ ზუგდიდში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს,  გიორგი მოდებაძესა და მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძეს ფონდის აქტივობები გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა გააცნო.

 რუსთაველის ფონდის მიერ ადმინისტრირებული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ნორჩმა გამომგონებლებმა  (ხელმძღვანელი უტა კილასონია),  ასევე, მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ინოვაციური პროექტის   კოორდინატორმა გიორგი ანდიაშვილმა  გამართეს  გამოგონებების ჩვენება, ჩაატარეს სადემონსტრაციო-სახალისო ექსპერიმენტები.  სხვადასხვა   წარმატებული პროექტის პრეზენტაცია ღონისძიების მონაწილეების, დამთვალიერებლების  აქტიური ჩართულობით წარიმართა.

 ასევე ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა მეცნიერების თემატიკაზე, რომლის გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით, საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა ჩვენს ხედვას, მისი მიზნები იწყება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხებიდან, ამ მხრივ ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ -შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რაც ჩვენ გვაქვს. მისი გაცხადებული მიზნები იწყება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხების მიზნიდან, ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მთავარ ამოცანად, მათ შორის თავისი წარმატების საზომადაც დაისახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რაც უფრო მეტად შესუსტდება „დიფ სთეითი“, მით უფრო გაძლიერდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა.

„ამ მხრივ, ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ და მეტიც, ვინაიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტდება „დიფ სთეითი“, მით უფრო გაძლიერდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, პირდაპირ პროპორციული იქნება „დიფ სთეითის“ შესუსტება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებასთან. პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.