Home Blog Page 29

ცესკოს სპიკერი – კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციულია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციულია.

როგორც დღეს გართულ ბრიფინგზე იოსელიანმა განაცხადა, ის მოუწოდებს „სამართლიან არჩევნებს“, არასწორი აღქმების დათესვის მცდელობის ნაცვლად, სრულად გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები, რის შემდეგაც საბოლოოდ დასრულდება სპეკულაციები ამომრჩევლის აქტივობასთან, გენდერულ თუ სხვაგვარ სტატისტიკასთან და ზოგადად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არასწორ, მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ განცხადებას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით. ცესკო-მ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გუშინვე უპასუხა სამართლებრივ ნორმებზე და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მოსაზრებას, რომ არჩევნების დღეს ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძემ კიდევ ერთი მანიპულაციური და არასწორი განცხადება გაავრცელა, თითქოს ცესკო-ს განცხადება მის მოსაზრებებს ადასტურებდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ – ცესკო-მ ბრიფინგზე დაადასტურა არა ის გარემოება, რომ არჩევნების დღეს კენჭისყრაში მონაწილე კაც ამომრჩეველთა რაოდენობა ნამდვილად აღემატებოდა ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველთა რაოდენობას, არამედ ახსნა ის გარემოება, თუ რით იყო გამოწვეული ე.წ. ცდომილება, კენჭისყრის დღეს წარმოებულ გენდერულ სტატისტიკასა და ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარ მონაცემებს შორის.

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა დგინდება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებით, რომლებიც ემყარება საარჩევნო ბიულეტენების საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების ხელით დათვლის შედეგებს. კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველთა 20:00 საათის აქტივობა არის წინასწარი მონაცემები, რომელიც იგზავნება საარჩევნო უბნებიდან. არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების შესახებ საბოლოო მონაცემები ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

ცესკო-მ საზოგადოებას განუმარტა, რომ გენდერული სტატიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც შეიტანა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნული მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით 11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება 150 ამომრჩეველს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.

ამასთან გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ რომ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ მისი მიერ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელებული პარალელური დათვლის შედეგები შესაბამისობაშია ცესკო-ს წინასწარ შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“, არასწორი აღქმების დათესვის მცდელობის ნაცვლად, სრულად გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები, რის შემდეგაც საბოლოოდ დასრულდება სპეკულაციები ამომრჩევლის აქტივობასთან, გენდერულ თუ სხვაგვარ სტატისტიკასთან და ზოგადად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცოდნის გაზიარებისა და პროცესების გამჭვირვალობისთვის, თიბისიში ეჯაილ გილდიის შეხვედრები გრძელდება

თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მის გავრცელებასა და პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობას ემსახურება.

თიბისი, როგორც საუკეთესო ტექ. დამსაქმებელი, თანამშრომლების პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავს, შესაბამისად, დიდ ყურადღებას უთმობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას. სესიები თვეში ერთხელ, ჰიბრიდულ ფორმატში იმართება და მისი თემატიკა იმ დროისთვის არსებული გამოწვევებისა და აქტუალური თემების შესაბამისად ირჩევა.

“ეჯაილ გილდიის შეხვედრებზე, წარმატებულ ან წარუმატებელ რეალურ მაგალითებზე ვსაუბრობთ. ასევე, ამ ფორმატში ზიარდება ეჯაილ სტრუქტურაში მიმდინარე საინტერესო სიახლეები და ცვლილებები. პროცესების გაუმჯობესებაში უშუალოდ ჩართული პირები მათ წინაშე არსებულ იმ ბენეფიტებსა თუ გამოწვევებზე საუბრობენ, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესს თან ახლავს”, – ამბობს ქეთა ცომაია, თიბისის ეჯაილ მწვრთნელი.

ეჯაილ გილდიის შეხვედრების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი ინტერესების შესაბამისი დისკუსია გამართონ – ასეთ ფორმატში თიბისელების ჩართულობა საკმაოდ მაღალია და მათი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. შეხვედრის ბოლოს, აუდიტორია სესიასთან დაკავშირებით საკუთარ უკუკავშირს აზიარებს, იმისთვის, რომ მათი სურვილები და ინტერესები მომავალი შეხვედრის თემატიკის დაგეგმვისას იქნეს გათვალისწინებული.

თიბისიში, ეჯაილ გილდიის ბოლო შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებას ლეგიონის მუშაობის განახლებული მეთოდოლოგია – Chapter Framework – გაუზიარეს, რაც პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობასა და მის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავდა მიზნად. 

 ,,აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, რა გეგმა აქვთ”- გურამ მაჭარაშვილი

x

ოპოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჭინთვების პროცესშია – ნაწილი მალე შემოვა, ნაწილი დაიგვიანებს, მაგრამ გინდ შემოვიდნენ, გინდ ნუ შემოვლენ – ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს! – აღნიშნული განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, ხალხმა ოპოზიცია ქუჩაში დატოვა და “თუ ადრე არჩევნების დროს ამოსდიოდათ “კიდევ სცადეთ“, ახლა ამოუვიდათ – “აღარ სცადოთ“.

მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა, ოპოზიციის ლიდერებს გეგმის თაობაზე კითხვა აღარ დაუსვან.

“თხოვნა მაქვს მედიასთან: – აღარ აწვალოთ ოპოზიცია და აღარ ჰკითხოთ, თუ რა გეგმა აქვთ – ხომ ხედავთ, რომ გეგმა არა აქვთ და რატომ აწვალებთ? ზარმაცი აბიტურიენტის არ იყოს – არ იცის საკითხი და რა ფორმაშიც არ უნდა ჰკითხოთ, რა გეგმა გაქვსო, გეგმა არა აქვთ, ამიტომ ამბობენ: ხაზარაძეა ჩვენი გეგმაო.

ოპოზიციის მხარდამჭერებიც მიხდნენ, რომ არანაირი გეგმა და სტრატეგია არ ჰქონიათ და არც ექნებათ. მათი გეგმა იყო ძალაუფლების რევოლუციის სცენარით დაბრუნება, რაც არ გამოუვიდათ და არც არასდროს გამოუვათ.

რაც შეეხება მათ პარლამენტში შემოსვლას, რა თქმა უნდა, ოპოზიციის გადასაწყვეტია შემოვლენ თუ არა პარლამენტში, მაგრამ არც მათი შემოსვლა და არც შემოუსვლელობა ქვეყნის განვითარებაზე რეაქციას არ მოახდენს, რაც არის მათი პრობლემა. გინდა შემოვიდნენ, გინდა ნუ შემოვლენ – ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მათ შემოუსვლელობას მხოლოდ ერთი პოზიტივი ექნება – ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ძალიან წყნარად და მშვიდად გავაგრძელებთ სახელმწიფოს განვითარებას, რა პერსპექტივა საერთაშორისო ინსტიტუტებმაც აღიარა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპული საბჭო შარლ მიშელის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს – ვიდეო

ევროპული საბჭო შარლ მიშელის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა შედგა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 2024 წლის 7 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას – მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://newsroom.consilium.europa.eu/events/20241107-meeting-of-the-european-political-community-november-2024/146520-president-michel-meets-prime-minister-of-georgia-20241107

,,ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლი იყო და არის რადიკალური ოპოზიცია”- საზოგადოება „ქართული“

საზოგადოება „ქართული“ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფებს.

მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ გაემიჯნონ დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ რადიკალიზმს, უარი თქვან გარედან ავტომატური მართვის რეჟიმზე და იქცნენ რეალურად „მესამე ძალად,“ – ნათქვამია ვრცელ მიმართვაში, რომელიც საზოგადოება „ქართულმა“ დღეს გაავრცელა.

„ახალგაზრდებმა მხოლოდ მონაყოლით იციან, შედარებით უფროსი თაობა კი თვითმხილველია, თუ რა მოუტანა საქართველოს პოლიტიკურმა რადიკალიზმმა და ზღვარგადასულმა პოლარიზაციამ- სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და ცხინვალის ტრაგედიები და ეკონომიკის ნგრევა. მიზეზებზე დღემდე მიმდინარეობს კამათი, თუმცა, ცხადია, რომ საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ქართული პოლიტიკური კლასი, რომელსაც არ ეყო უნარი და გამოცდილება, ემოქმედა საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებით.

მოარული გამოთქმა, რომ ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, გარკვეულწილად სწორია, თუმცა – გაზვიადებული. პოლიტიკური კლასი შედგება არა მხოლოდ მმართველი ძალისგან, არამედ ოპოზიციის ფართო სპექტრისგანაც. საქართველოს დამოუკიდებლობის განვლილი სამი ათეული წელი ადასტურებს, რომ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე არანაკლები პასუხისმგებელია ოპოზიცია, რომელიც დღემდე რჩება ქართული პოლიტიკის თავის ტკივილად.

დამოუკიდებელ პირველ ქართულ ხელისუფლებას, სეპარატისტული ანკლავების სახით, იმპერიამ ნაღმები დაუტოვა. ზვიად გამსახურდიამ სცადა მშვიდობიანად მოეგვარებინა პრობლემები ცხინვალის რეგიონში და დაელაგებინა ურთიერთობები რუსეთთან, რაც სტრატეგიული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანა იყო. 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში პრეზიდენტებმა ზვიად გამსახურდიამ და ბორის ელცინმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებდა: ერთობლივი ძალებით ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებების განიარაღებას, კონფლიქტის ზონიდან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების გაყვანას, დევნილების სახლებში დაბრუნებას და საბოლოო მშვიდობის დამყარებას. თუმცა, სექტემბრიდან საქართველოში მოხდა დაძაბულობის ესკალაცია იმ ოპოზიცური ძალების მხრიდან, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს 1990 წლის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებს, ჩამოაყალიბეს ე. წ. ალტერნატიული პარლამენტი ეროვნული კონგრესის სახით და თბილისის ცენტრში ბარიკადები ააგეს. საბოლოოდ, ეს დაპირისპირება და პოლიტიკური რადიკალიზმი დამთავრდა უდიდესი ტრაგედიით – 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის „თბილისის ომით“, რამაც მომდევნო წლებში ქვეყნისთვის დამანგრეველი ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია: ომი აფხაზეთში, სამოქალაქო ომი დასავლეთ საქართველოში, ეკონომიკური კოლაფსი და კრიმინალის თარეში.

ცხადია, მაშინდელი ხელისუფლება ვერ მოიხსნის ასეთი მოვლენების განვითარებისთვის პასუხისმგებლობას, თუმცა, ბრალეულობის მთავარი ტვირთვი მაინც მაშინდელ ოპოზიციაზეა თავისი რადიკალიზმით, არასახელმწიფოებრივი მიდგომებით, სუბიექტურის საზოგადოზე მაღლა დაყენებით, უსაფუძვლო ამბიციებითა და სულსწრაფობით, რაც ოსტატურად გამოიყენეს გარედან მართულმა კრიმინალურმა ძალებმა და ძალადობრივად ჩამოაგდეს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. ეს უნდა ითქვას ღიად, რადგან, სამწუხაროდ, 90-იანი წლების ქაოსმა ჩვენს ოპოზიციას ჭკუა ვერ ასწავლა და პოლიტიკური ბრძოლა საქართველოში ხშირად ისევ ძველი, გარეთ დაწერილი ანტისახელმწიფოებრივი სცენარებით მიმდინარეობს.

არანაკლებ ტრაგიკული გამოდგა ოპოზიციის არასახელმწიფოებრივი ქმედებები შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც, როცა გაჩნდა ისტორიული პერსპექტივა, საქართველოს აღედგინა ტერიტორიული მთლიანობა. 1996 წელს რუსეთმა და დსთ-ს სახელმწიფოებმა აფხაზ სეპარატისტებს სანქციები და ეკონომიკური ბლოკადა დაუწესეს, რადგან აფხაზური მხარე ქართველი დევნილების დაბრუნებაზე უარს აცხადებდა. 1997 წელს რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა თბილისში მთავარი სეპარატისტი ვლადისლავ არძინბა ჩამოიყვანა. 2000-იანი წლების დასაწყისში საკითხის გადაწყვეტა თითქმის მომწიფებული იყო, თუმცა, გარედან მართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს, რასაც მოჰყვა 2001 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მთავრობის საკვანძო ფიგურების გადადგომა და შევარდნაძის ძალაუფლების ჩამოშლა.

ეს იყო ხელისუფლების დამხობის გარე ძალების შემუშავებული გეგმის რეპეტიცია, რაც საბოლოოდ 2003 წლის 23 ნოემბერს დაგვირგვინდა. შედეგად, საქართველო გავლენის ორ სფეროდ დაიყო, აფხაზეთის საკითხი კი კვლავ ჩიხში შევიდა – რუსეთმა ისარგებლა შექმნილი ვითარებით და სეპარატისტებს ჯერ სანქციები მოუხსნა, 2008 წლის ომის შემდეგ კი აღიარა.

ოპოზიცია, მიუხედავად ჯანსაღი შემადგენლობის, გულწრფელი მიზნებისა და სიმართლისა, ვერც სააკაშვილის რეჟიმის დროს გახდა პოლიტიკურად წონადი და ანგარიშგასაწევი ძალა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ბოიკოტისა და მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილებით, ოპოზიციამ პოლიტიკური პროცესი პირწმინდად წააგო. სამაგიეროდ, ძლიერი ოპოზიციის გარეშე დარჩენილ სააკაშვილის რეჟიმს გაუმყარდა დაუსჯელობის სინდრომი, ახალი სიმძლავრით აამუშავა ძალმომრეობის დანაშაულებრივი მანქანა და გარედან კარნახით ჩაერთო ავანტურისტულ ომში , რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით.

უახლეს ისტორიაში ერთადერთი მაგალითი, როცა ოპოზიციამ შეძლო ემოქმედა პრაგმატიზმით და სახელმწიფოებრივად, იყო 2011 წელი, როცა პოლიტიკაში მოსული ბიძინა ივანიშვილის წინაშე ერთდროულად რამდენიმე ფართომასშტაბიანი გამოწვევა იყო – საგარეო ზეწოლა, სააკაშვილის რეჟიმის ძალმომრეობა, ოპოზიციით ტოტალურად იმედგაცრუებული ამომრჩეველი და ქვეყანაში დასადგურებული შიში. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა არ გადაუხვია თავის სტრატეგიას – ხელისუფლება მშვიდობიანად შეცვლილიყო ისე, რომ ქვეყანა არ დაზიანებული. ასეც მოხდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს და პირველად ქვეყნის ისტორიაში ნავსიც გატყდა.

სამწუხაროდ, ეს წარმატებული თუ წინა მარცხიანი მაგალითები ქართული ოპოზიციური სპექტრისთვის არ გადაზრდილა გამოცდილებაში, რადგან ოპოზიციური ველი მთლიანად მონოპოლიზებული აღმოჩნდა გარედან მართული რადიკალური და რევანშისტული ნაციონალური მოძრაობის მიერ. თუმცა, ისტორია მასაც ისე ექცევა, როგორც ყველა სხვა რადიკალს-მუდმივი დესტრუქციის, სიძულვილის ენის, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისა და საკუთარი ამომრჩევლისადმი უპატივცემულობის შედეგად 2020 წლის შემდეგ ეს პარტია გაიხლიჩა, 2024 წლის არჩევნებში კი საკუთარმა განაყოფმა აჯობა და ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ დასრულდა, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა.

განვლილი წლები გვასწავლის, რომ ბოიკოტი და არჩევნების შედეგების არაღიარება არის ქართული პოლიტიკური კლასის უმწიფრობის შედეგი, რასაც გარე ძალები ხშირად იარაღად იყენებენ ქართულ პოლიტიკაში ქაოსის დათესვისა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევისთვის. ეს გარე ძალები შემდეგ თავად გვევლინებიან მომრიგებლის როლში. ასე მოხდა 2020 წელს, როდესაც ოპოზიცია ახალარჩეულ პარლამენტს არ აღიარებდა, რის გამოც ქართულ პოლიტიკაში მთავარი ფიგურები გახდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები.

ფაქტია, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაღიარება და ბოიკოტი კვლავ გარედან იმართება „ოცნების“ მხრიდან მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო. შესაბამისად, უცხოური ინსტრუქციების ბრმად შემსრულებელი პოლიტიკური ლიდერების ქმედებაში სახელმწიფოებრივად არც ლოგიკა ჩანს და არც საღი აზრი. ჩვენთვის გაუგებარია თუ რას აპროტესტებენ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია, როდესაც მათ პარტიებთან დაკავშირებით ცესკოს მონაცემები თითქმის დაემთხვა „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლებს, გამოდის, რომ ისინი აპროტესტებენ „ნაცმოძრაობის“ მარცხს და იმას, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდა?!

ვფიქრობთ, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ გაემიჯნონ დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ რადიკალიზმს, უარი თქვან გარედან ავტომატური მართვის რეჟიმზე და იქცნენ რეალურად „მესამე ძალად“ იმით, რომ გახდნენ პრაგმატულები, კონსტრუქციულები და ქართულ თემებზე ორიენტირებულები.

სხვა თუ არაფერი, ამით ისინი იმასაც დაამტკიცებენ, რომ არ არიან ფარულ ალიანსში ნაციონალებთან და საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრება, 26 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში მათთვის „ნაციონალური მოძრაობის” ხმების მობილიზების შესახებ-არ შეესაბამება სინამდვილეს. გლობალურად ნეოლიბერალიზმის მარცხისა და ამერიკაში კონსერვატორი ტრამპის დაბრუნების პირობებში, ეს მათთვის ისტორიის მიერ მიცემული შესაძლებლობაა, რომლის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ისინი გადაინაცვლებენ პოლიტიკურ სასაფლაოზე.

ზემოთმოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლი იყო და არის ოპოზიცია – რომელსაც უცხოურ პოლიტიკურ წრეებთან პარტნიორობა პატრონყმობა ჰგონია და აზრს საკუთარ ამომრჩეველს კი არ ეკითხება, არამედ სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქში მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს. უფრო მეტიც, გადამწყვეტ მომენტებში ქვეყნის ინტერესებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ საგარეო დაკვეთით ცდილობს დესტაბილიზაციისა და ქაოსის გამოწვევას.

ფაქტია, რომ სანამ ოპოზიცია პოლიტიკურად არ გაიზრდება, არ ისწავლის გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებას, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომას, გარე ძალებზე წინ საკუთარი ხალხის დაყენებას და რეალური პოლიტიკის განხორციელებას არ დაიწყებს, მანამდე ქართული სახელმწიფოს ნავი იქნება მუდმივ პოლიტიკურ რყევებში. ამიტომ, ქართული პოლიტიკის #1 ამოცანა დღეს არის ჯანსაღი, ქვეყნის და ერის ინტერესებზე ორიენტირებული ძლიერი ოპოზიციის შექმნა.” – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.

,,ომის სწრაფად დასრულება უკრაინისთვის დანაკარგებს ნიშნავს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებაზე, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, ომის სწრაფად დასრულება დანაკარგებს ნიშნავს. თუ ეს უბრალოდ სწრაფად მოხდება, ეს უკრაინისთვის დანაკარგები იქნება. უბრალოდ ჯერ არ მესმის სხვაგვარად როგორ უნდა მოხდეს ეს. შეიძლება რაღაც არ ვიცით, რაღაცას ვერ ვხედავთ. ასე ხდება. ცოტა დრო გვჭირდება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, მას ტრამპთან ამის შესახებ ჯერ არ უსაუბრია, თუმცა მოგვიანებით მოისმენს ტრამპის მხრიდან შესაბამის წინადადებებს.

„ერთი რამ ჩემთვის ნათელია, მას ნამდვილად სურს [ომის] დასრულება“, – დასძინა მან

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე არის მოდელი, რომლის შესახებაც საუბრობს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, ბრაზილია, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთი.

„ეს შესანიშნავი მოდელია რუსეთის ფედერაციისთვის. ჯერ ცეცხლის შეწყვეტა და მერე სხვა რამ. უნდა გავიგოთ, რა არის „სხვა რამ“?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

 ,,მივიღე სამართლიანი გადაწყვეტილება, ჩემს სინდისზე და სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით”- ვლადიმერ ხუჭუა

მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს.

ხუჭუა არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.

„მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! ურყევად მჯერა, რომ საქართველოს მომავალი სამართლის უზენაესობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული!“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვლადიმერ ხუჭუამ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 4 ნოემბერს წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერიმენტი სხდომათა დარბაზში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ინიციატივით ჩატარდა, რითაც დადასტურდა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა. 7 ნოემბერს კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

,,მიმდინარეობს ბრძოლა ცივილიზაციასა და ანტიცივილიზაციას შორის”- სოზარ სუბარი

პარლამენტის წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება.

„საქართველო უპირისპირდება გლობალურ წესრიგს“, – ეს სიტყვები 2007 წელს ლევან გაჩეჩილაძემ ერთ-ერთ მიტინგზე წარმოთქვა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველო მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. მანამდე ზვიად გამსახურდიას დაემუქრა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომ ის დინების წინააღმდეგ მიდიოდა და მას ამას არ აპატიებდნენ. საქართველო დღესაც დინების წინააღმდეგ წავიდა და ამის გამოა ასეთი გააფთრებული შეტევა ჩვენს წინააღმდეგ.

ის დინება, ის მეინსტრიმი, რის მიყოლასაც დასავლელი ლიდერები გვაიძულებენ, არის დაპირისპირება კაცობრიობის საუკუნოვან მონაპოვართან. გვაიძულებენ, უარი ვთქვათ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, სარწმუნოებაზე. სწორედ ამიტომ მოითხოვენ ჩვენგან ასე დაჟინებით, რომ გავაუქმოთ ჩვენს მიერვე მიღებული კანონი „არასრულწლოვანთა დაცვისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ“;

მოითხოვენ, უარი ვთქვათ ეროვნულ სუვერენიტეტზე და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება, არა ჩვენს სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ იქნას მიღებული, ჩვენ კი უბრალოდ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებებს და მორჩილად აღვასრულოთ ისინი;

მოითხოვენ, რომ საქართველო მართოს არა ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, არამედ ქვეყნის გარედან დანიშნულმა და გარედან ხელდასხმულმა აგენტურამ.

ეს პროცესი არ ხდება მხოლოდ საქართველოში. დღეს ნეოლიბერალები, უფრო ზუსტად ლიბერალ-ფაშისტები, მთელ მსოფლიოში იბრძვიან ეროვნული სუვერენიტეტის, ტრადიციული ღირებულებებისა და ტრადიციული ავტორიტეტების წინააღმდეგ. 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის ნგრევის ეპოქაში, ძალიან პოპულარული იყო სემუელ ჰანტინგტონის თეორია, რომ 21-ე საუკუნე იქნება ცივილიზაციათა ჯახის, სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის ბრძოლის ეპოქა. მაგრამ დღეს ვხედავთ სხვა პროცესს – ეს არის ანტიცივილიზაციის ბრძოლა ცივილიზაციის წინააღმდეგ, ბრძოლა კაცობრიობის მიერ ათასწლეულების განმავლობაში შექმნილი კულტურისა და ღირებულებების წინააღმდეგ.

ამ ბრძოლაში დღეს საქართველო აღმოჩნდა მედროშე და მოწინავე კაცობრიობის ძირითადი ღირებულებების ბრძოლის სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ ასე გაცოფებით, რომ გავაუქმოთ ის კანონები, რომელთა მიზანია, დავიცვათ ჩვენი იდენტობა, ჩვენი სარწმუნოება და ტრადიციული ღირებულებები. ეს ის ზღვარია, სადაც ჩვენ უკან ვერ დავიხევთ, ჩვენ ჩვენს სამშობლოს, სარწმუნოებასა და ღირებულებებს სავაჭროდ არ გავხდით,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. 

შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს უკავშირდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ასევე ამერიკული კომპანია „PRO V&V”-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე, საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე. 

მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნების წინასწარი ანგარიში, რომელშიც ადმინისტრაციის საქმიანობა და კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიური ინტერვენცია დადებითად არის შეფასებული.

“საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ, როგორც საერთაშორისო ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რადგან მათ ჰქონდეთ ვერიფიცირებული ინფორმაცია ადმინისტრაციის საქმიანობისა და ყველა მიმდინარე საკითხის შესახებ. ადმინისტრაცია ყველა არჩევნების შემდეგ ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზება და მათი შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზე. დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის არჩევნების წინასწარი ანგარიში განვიხილეთ და დეტალურად ვისაუბრეთ მათ რეკომენდაციებსა და მიგნებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია დადებითად აფასებს რიგ აქტივობებს, რომლებიც ადმინისტრაციამ არჩევნების დღეს განახორციელა”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. თავის მხრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საარჩევნო ადმინისტრაციას პროაქტიული თანამშრომლობისთვის.  

შეხვედრა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ნატაშა როთჩაილდი, რიში დატა და რობერტ ბისტრიცკი ესწრებოდნენ.  

„ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ“- დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა საუბარს არ გამორიცხავს, – ინფორმაციას NBC ავრცელებს.

„ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

NBC წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომს დაასრულებდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს, მაგრამ არ ურეკავს, ვინაიდან, „რაღაც ეტაპიდან“ დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები. მისივე თქმით, თუ დასავლეთიდან იქნება კონტაქტების აღდგენის სურვილი, რუსეთს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინი ტრამპთან დისკუსიებისთვის, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მას ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას შესთავაზებს, პუტინმა უპასუხა: “მზად ვართ, მზად ვართ”.

ამსტერდამში ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ

ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას CNN-ი ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თელ-ავივის „მაკაბის“ საფეხბურთო გუნდის ასობით გულშემატკივარს თავს მაშინ დაესხსნენ, როდესაც ისინი ნიდერლანდის „აიაქსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ სტადიონს ტოვებდნენ.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გედეონ საარმა განაცხადა, რომ დაშავდა 10 მოქალაქე და მან ამსტერდამში მყოფ ისრაელელებს სასტუმროებში დარჩენა ურჩია.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის დაახლოებით 30 ადამიანია დაკავებული. უწყებას არ დაუკონკრეტებია როდის მოხდ7ა დაკავება, ან ვინ დააკავეს.

ამასთან, ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაციისთვის ნიდერლანდებში ორ თვითმფრინავს აგზავნიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გასცა განკარგულება, დაუყოვნებლივ გაიგზავნოს ორი სამაშველო თვითმფრინავი ისრაელის მოქალაქეების დასახმარებლად.

მან ნიდერლანდების ხელისუფლებას მოუწოდა, მტკიცედ და სწრაფად იმოქმედონ არეულობის წინააღმდეგ და უზრუნველყონ ისრაელის მოქალაქეების მშვიდობა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ნოემბერს ქუთაისში +16 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +5, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.