Home Blog Page 289

აშშ იმუქრება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ერთობლივ განცხადებას მხარს არ დაუჭერს

აშშ იმუქრება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ (G7) ერთობლივ განცხადებას მხარს არ დაუჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg-ის ცნობით, აშშ ეწინააღმდეგება განცხადებაში მოცემულ ფორმულირებებს, რომლებიც რუსეთის დაგმობას ეხება და წინა წლებში გაკეთებულ ანალოგიურ განცხადებებს ჰგავს.

გარდა ამისა, როგორც სააგენტოს წყაროები იტყობინებიან, ვაშინგტონი არ ეთანხმება მოწოდებას ენერგეტიკული სანქციების გამკაცრებისკენ, რათა მოსკოვი იძულებული გახდეს, მოლაპარაკებები აწარმოოს გრძელვადიან მშვიდობაზე.

Bloomberg-ის წყაროები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „დიდი შვიდეულის“ განცხადების კომპრომისული ფორმულირებების განხილვა კვლავ გრძელდება, აშშ-მა მიანიშნა, რომ შესაძლოა საერთოდ უარი თქვას მის მხარდაჭერაზე.

თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა ამ ფორმით გამოუცხადეს. აქციას საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშები და მხარდამჭერი შინაარსის ბანერები.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 89-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მედიაჯგუფ „რასია სევოდნიას“ წარმომადგენლობამ აზერბაიჯანში საქმიანობა შეწყვიტა, გაუქმებულია რადიო „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის აკრედიტაციაც

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რუსულ მედიაჯგუფ „რასია სევოდნიას“ წარმომადგენლობამ აზერბაიჯანში (Sputnik აზერბაიჯანი) საქმიანობა შეწყვიტა. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა გააკეთა.

„რასია სევოდნიას“ (Sputnik) წარმომადგენლობა აზერბაიჯანში გაუქმებულია“, – განაცხადა საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რუსულ კომპანიას შეუძლია, აზერბაიჯანში აკრედიტაცია მიიღოს მხოლოდ ერთი კორესპონდენტისთვის.

აიხან ჰაჯიზადემ ასევე განაცხადა, რომ გაუქმებულია რადიო „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის აკრედიტაცია.

ცნობისთვის, გასულ კვირას ბაქოში დაიხურა „ბიბისის“ ოფისი. ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, „ბიბისის“ აქვს უფლება, აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი აკრედიტებული კორესპონდენტი ჰყავდეს.

20 თებერვალს „ბიბისიში“ განაცხადეს, რომ აზერბაიჯანში ოფისს ხურავენ. მათი განმარტებით, ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ზეპირი მითითების მიღების შემდეგ.

პიტ ჰეგსეთი: არ არსებობს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ისეთი სცენარი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების განლაგებას მოიცავს

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, არ არსებობს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ისეთი სცენარი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების განლაგებას მოიცავს.

ჰეგსეთმა განმარტა, რომ უსაფრთხოების გარანტიები კიევს შეუძლია ეკონომიკური პარტნიორობის სახით მიიღოს. პენტაგონის ლიდერმა, ასევე, განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც უკრაინაში სისხლის ღვრის დასრულება და მშვიდობის მიღწევა შეუძლია.

„პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთ რამეზეა ორიენტირებული, უკრაინაში დაასრულოს სისხლის ღვრა და ნგრევა, ასევე უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა. იგი ორივე მხარესთან პირდაპირ კომუნიკაციაშია. ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ლიდერია, ვინც შეძლო რუსეთის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოყვანა. ჩვენ კარგად ვიცით, ვინ სად შეიჭრა. თითის გაშვერა არანაირ სარგებელს არ მოიტანს. ახლა მშვიდობის დროა.

საჭიროა რუსეთთან დიალოგი ისეთ რთულ თემებზე, როგორიცაა უსაფრთხოების გარანტიები, 2014 წლის საზღვრები, უკრაინის ნატოში წევრობა და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა მშვიდობასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. გვაქვს დიდი პროგრესი.

ზელენსკი უნდა მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება მისი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტი ტრამპი მოლაპარაკებებს ძლიერის პოზიციიდან აწარმოებს და ვლადიმერ პუტინიც აღიქვამს ამ ძალას. სწორედ ამიტომ წამოვიდა დიალოგზე, თუმცა უსაფრთხოების გარანტიის კუთხით არ არსებობს არცერთი სცენარი, რომელიც უკრაინაში ამერიკული ჯარების განლაგებას გულისხმობს და ჩვენ ეს ცალსახად განვმარტეთ“, – განაცხადა ჰეგსეთმა.

,,არ არის საქართველო რაღაც ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონი”- ირაკლი კირცხალია

FARA-ს კანონის ასლი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ერთს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისa და დამოუკიდებლობის გამყარებას – არ არის საქართველო რაღაც ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონი,- განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, არაერთხელ ყოფილა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

„FARA-ს კანონის ასლი ემსახურება ერთადერთს – აღკვეთას იმ საშინელების, დესტრუქციის, ბინძური და ბოროტი ზრახვების, რომელიც გააჩნდათ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს, იქნებოდა ეს ამერიკაში, ევროკავშირში თუ საქართველოში. ფაქტი სახეზეა, რომ ამის სურვილი იყო და უკვე ვეღარ ვითვლით, მერამდენედ ცდილობდნენ ამ სახელმწიფოს გადატრიალებას. მარტო რამდენჯერ წვავდნენ ამ შენობას, საიდანაც ახლა მე თქვენ გერთვებით. ეს ყველაფერი საიდან მოდიოდა?! ეს ყველაფერი, ხომ უკვე გაშიფრულია. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი დონორი, სამწუხაროდ იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, USAID, რომელსაც ჩვენი მხილებაც აღარ სჭირდება, ამას თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ახალი ადმინისტრაცია პირდაპირ ამხელს. სამი თვით შეჩერებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველანაირი დაფინანსება. დარწმუნებული ვარ, ამის სამართლებრივ პროცესსაც ძალიან მალე ვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ.

ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ერთს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის
და დამოუკიდებლობის გამყარებას. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, განვითარებას იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს აქ რაღაც ორგანიზაციების, ავად მოსურნე ხალხის, ავადმყოფური იდეების განხორციელების მცდელობა. არ არის საქართველო რაღაც ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონი. გამოვიარეთ ჩვენ ძალიან ბევრი რამ ამ ბოლო 35 წლის მანძილზე და ბევრი რაღაც ვისწავლეთ, თუნდაც ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარე და დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამას უნდა შეეგუოს ჩვენი მეგობრებიც, პარტნიორებიც და აგენტებიც, რომლებიც მოქმედებენ დღეს საქართველოში ე.წ. ოპოზიციის სახელით“,- აღნიშნა კირცხალიამ.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ხორციელდება.

ამასთან ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

გარდა ამისა, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, დაუშველი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი რეკლამეის მიღება.

შესაბამისი ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციტივაა და პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორთან კონტრაქტი შესაძლოა, გაზაფხულზე გაფორმდეს”- ლევან დავითაშვილი 

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორთან კონტრაქტი, შესაძლებელია, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდეს.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, შევძლებთ, კონტრაქტი უკვე გაზაფხულზე გავაფორმოთ, არაუგვიანეს ზაფხულისა. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოლაპარაკების რაუნდები უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა, თუმცა, გვესმის, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა მოლაპარაკებებში ჩართული და ამ პროცესში კონფიდენციალობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად,  საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.

ამ მიმართულებით ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის, რომელიც “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.

მაგალითად, დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ცვლილება ყველა იმ კანონში აისახება, რომლის მიხედვით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო იყო.

საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინებს „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოიღებენ

საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოდის. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება ეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა დააინიცირეს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი “გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით – “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვლება სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.

საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტებს განსახილველად უკვე გადაეცა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8153 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8049 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9482 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9362 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0120 ლარი შეადგინა.

ვინ დაკარგა უკრაინა? – რას წერს The Spectator

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) 24 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ვინ დაკარგა უკრაინა?“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სიტუაცია და გაკეთებულია დასკვნა, რომ უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობაში დამნაშავე სწორედ ევროპის ქვეყნები არიან, მათ მიერ გატარებული არათანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1950-იან წლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში უმეტესად ერთი კითხვა ისმებოდა ყველაზე ხშირად: „ვინ დაკარგა ჩინეთი?“. ჩინელი კომუნისტების გამარჯვება ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში და აშშ-ის მოკავშირე გომინდანის მთავრობის მძიმე მდგომარეობა იწვევდა ცხარე დისკუსიას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პრინციპები სახელმწიფო მმართველობისათვის – ბალანსი შეკავებისა და მოგერიებას შორის, ადამიანთა გულებისა და გონების მოპოვება თუ გამარჯვების მიღწევა იარაღის ძალით.

დღეს ჩვენ შეგვიძლია მსგავსი კითხვა დავსვათ: ვინ დაკარგა უკრაინა? რა თქმა უნდა, კიევსა და მოსკოვს შორის შეიარაღებული კონფლიქტი ჯერ დასრულებული არ არის, უკრაინის არმია აგრძელებს გმირულ და მამაცურ ბრძოლას, რაც საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აგრძელებს შეუნელებელ დიპლომატიურ ძალისხმევას და ცდილობს მიაღწიოს უცხოეთის ქვეყნების მაქსმიალურ მხარდაჭერას რუსეთის არმიის წინააღმდეგობაში.

მაგრამ ახლა უკრაინისათვის ავბედითმა ქარმა დაჰქროლა…

საუდის არაბეთში დაწყებული მოლაპარაკებები რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის  მოასწავებს, რომ უკრაინის ტერიტორია ვლადიმერ პუტინის სურვილისამებრ გაიყოფა და არ იქნება გათვალისწინებული უკრაინელი ხალხის ინტერესები. კიევი მოლაპარაკების პროცესიდან მოსკოვმა და ვაშინგტონმა არამარტო გარიცხეს, არამედ მასთან კონტაქტებს საერთოდ თავს არიდებენ. დონალდ ტრამპის გუნდის მოთხოვნა უკრაინისადმი, რომ ომის დროს გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის წიაღისეული რესურსებთ ისარგებლოს, სუფთა კომერციულ და არა ურთიერთსასარგებლო ხასიათს ატარებს. რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ უკრაინას ომის შეწყვეტა ბევრად ადრე შეეძლო ამ სამი წლის განმავლობაშიო და რომ მოსახლეობის ტანჯვაში მხოლოდ კიევია დამნაშავე, ანაზდეულ და გამაოგნებელ ბრალდებას წარმოადგენს.

ევროპელი ლიდერები, დონალდ ტრამპის ასეთი მოქმედების გამო, სრულიად ბუნებრივ აღშფოთებას გამოხატავენ. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ კოლექტიური ევროპული წვლილი, რომელიც უკრაინის დასახმარებლადაა შეტანილი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამერიკულთან შედარებით. მათ, ცხადია, ეშინიათ, რომ თუ კონფლიქტი ისე არ დარეგულირდება, როგორც კიევს და ბრიუსელს სურს, ვლადიმერ პუტინთან პირველ რიგში სწორედ ისინი წააგებენ – მათი ქვეყნები რუსეთთან ძალიან ახლოს მდებარეობენ.

ეს შიშები არ შეიძლება შევაფასოთ როგორც უმიზეზო და უგუნური. თუ ომის შეწყვეტის მიზნით მიღწეული გარიგების შედეგად ვლადიმერ პუტინი თავისი გამარჯვების გამოცხადებას შეძლებს, ეს კრემლს დამატებით ძალას მოჰგვრის. სხვა ქვეყნები, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება დადგნენ პერსპექტიული დესტაბილიზაციის, ან, უარეს შემთხვევაში – თავდასხმის საფრთხის წინაშე. პუტინი არ მალავს, რომ მისი აზრით, რუსეთის იმპერიის დაშლა, კომუნიზმის დაისის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, ეპოქალურ ტრაგედიას წარმოადგენდა. ასეთი გარემოებების დროს განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბალტიისპირა სახელმწიფოები, რომლებიც ადრე საბჭოთა ტერიტორიის ნაწილნი იყვნენ, ახლა კი ნატოს ერთგული წევრები არიან. ჯერ-ჯერობით, სანამ რუსეთი თავის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში ხარჯავს, კრემლს არ შეუძლია ყურადღება სხვა ქვეყნებსაც მიაქციოს, მაგრამ როცა საომარი მოქმედებები დასრულდება და რუსეთის არმია სულს მოითქვამს, ძალებს მოიკრებს, მოსკოვი აუცილებლად მიმართავს თავის მტაცებლურ მზერას სხვა მეზობლებისკენაც.

ევროპელი ლიდერებს შეუძლიათ რამდენიც სურთ, იმდენი ეშინოდეთ იმ მოტივებისა, რომლებიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს აქვთ. მაგრამ იგივე ევროპელი ლიდერები ვერსად ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმის გამო, თუ რა სიტუაციაშიც ჩავარდნენ. ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპა და ამერიკა უკრაინას 2022 წლიდან უწევდნენ, კიევს საომარ მოქმედებებში, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა, მაგრამ ძალიან არასაკმარისი იყო უფრო ძლიერ და მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან ჭიდილში. ევროპული ქვეყნები დაყოვნებით და არააქტიურად აწვდიდნენ უკრაინას იარაღს, საბრძოლო მასალებს და რეაქტიულ არტილერიას (რაკეტებს). ანუ გამოდის, რომ მათ უკრაინის გამარჯვება სურდათ, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად კიევს იარაღის მიწოდების გარანტიას არ აძლევდნენ.

ასეთი სიტუაცია, როცა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის საკითხებში ერთობლივი მიზანმიმართულობა არ არსებობდა, ჯერ კიდევ 2022 წლამდე, ანუ ომის დაწყებამდე შეინიშნებოდა. ვლადიმერ პუტინს შერჩა ყირიმის ანექსია 2014 წელს (ევროპას ხმაც კი არ ამოუღია). მოსკოვის მიერ ჩადენილი ამ აღმაშფოთებელი აქტის შემდეგ გერმანიამ რუსეთთან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობისათვის კონტრაქტიც კი გააფორმა.

როცა ვლადიმერ პუტინმა 2021 წლის დასასრულს სატანკო კოლონები განალაგა უკრაინის საზღვართან, გერმანია სულ უფრო აღრმავებდა თავის დამოკიდებულებას (მიბმას) რუსული გაზის მიმართ და ატომურ ელექტროსადგურებს ხურავდა (ელექტროენერგიის გამომუშავება რუსული იაფი გაზით ხდებოდა). იმ მომენტში ბორის ჯონსონის მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და უკრაინას იარაღი აჩუქა. სამწუხაროდ, ბრიტანულმა სატრანსპორტო თვითმფრინავებმა კიევში იარაღი ისე ჩაიტანეს, რომ გერმანიის ტერიტორია ვერ გადაკვეთეს და მას შემოუფრინეს – იმიტომ, რომ კანცლერ ოლაფ შოლცს მასში მონაწილეობის მიღება არ სურდა.

საბოლოოდ, გერმანია, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გახდა იარაღის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი უკრაინისათვის, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო. ევროპა ათწლეულების განმავლობაში სიხარულით იმალებოდა ამერიკული სამხედრო  ქოლგის ქვეშ და ფულს, თავდაცვის სფეროს ნაცვლად, სოციალურ პროგრამებში ხარჯავდა… და მხოლოდ მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა პირველი ვადით, ევროპამ გააცნობიერა, რომ ამერიკა მისი მფარველი მუდმივად ვერ იქნება.

დონალდ ტრამპმა 2018 წელს, ნატოს სამიტზე, ევროპელი მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ „ამერიკა ნატოს წევრობით ძალიან ბევრს კარგავს“. ალიანსის იმდროინდელმა გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა დონალდ ტრამპის განცხადებას „მიუღებელი“ უწოდა. თითქმის იგივენაირი რეაქცია ჰქონდათ ევროპელ ლიდერებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ ვენსის გამოსვლის მიმართ მიუნჰენის კონფერენციაზე. განსხვავება ის იყო, რომ 2018 წელს თავდაცვის სფეროში თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მხოლოდ სამი ქვეყანა ხარჯავდა, თუმცა ყველა ვალდებული იყო ეს პირობა შეესრულებინა.

ამიტომაც, როცა დგება საკითხი, თუ ვინ დაკარგა უკრაინა, არასაკმარისია იმის თქმა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს ვლადიმერ პუტინისადმი პირფერობას, ან იმისა, რომ ამერიკა უარს ამბობს იყოს მსოფლიოს ზესახელმწიფო. ევროპის ის ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ევროკავშირ-ნატოს წევრობა  და ნათელი მომავალი აღუთქვეს, მზად არ იყვნენ (არ არიან) თავიანთი დაპირება რკინისებური ნებით განამტკიცონ.

ყოველივე ზემოთ თქმული ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს და შესაბამისი დასკვნა უნდა გავაკეთოთ. დემოკრატიის გამარჯვებას უზრუნველყოფს არა ევროკავშირის კომუნიკეები და რეზოლუციები ლამაზ-ლამაზი ფორმულირებებით, არამედ გაბედულება ბრძოლის ველზე, რომლის დემონსტრირება ევროპას ეშინია.

წყარო

პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელწოდებით FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ – პარლამენტში ასეთი სახელწოდების კანონის პროექტი დაინიცირდა, რომელიც აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანს წარმოადგენს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ დაადასტურა, რომ ინიციატივა აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.

“კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში ამ კანონისთვის არის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონში მოხსენიებულ „კონგრესს“, „კონგრესის ბიბლიოთეკას“, „სახელმწიფო დეპარტამენტს“, „იუსტიციის დეპარტამენტს“, „ხაზინის მდივანს“, „ოლქის გენერალურ დირექტორს“, „აშშ-ს პრეზიდენტს“ და ასე შემდეგ. არის შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების საჭიროებაც.

ასევე, კანონს მხოლოდ ერთი – “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტი თანდართული არ არის. გარდა ამისა, ჩვენ ქართულ სინამდვილეში მსგავსი საკანონმდებლო აქტი გვაქვს და თუ მიზანი აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც კანონპროექტი უნდა იყოს თან დართული“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ “პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პარლამენტში ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანის ინიცირება, რათა შემდეგ არ იყოს თარგმანში დაკარგვის მცდელობებიც კი“.

“აი, ეს არის ზუსტი თარგმანი და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაქვთ თარგმანთან დაკავშირებით, აგერ ვართ, წარმოადგინეთ ნებისმიერი ცვლილება და უკეთესი თარგმანი.

რაც შეეხება აღმასრულებელ ორგანოებს, საჭირო იქნება დამატებით იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ამ კანონის აღსრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

როგორც არის – პირდაპირ აშშ-ს პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, შტატებზე გავაკეთეთ მითითება და ქართულად დეპარტამენტის ხელმძღვანელიც კი ვთარგმნეთ, რათა არ იყოს ინსინუაციები, რომ რეგულაცია განსხვავებულია. ვართ ღია არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ – დაზუსტდება თანამდებობის პირები და ორგანოები ქართულ რეალობასთან.

ჩვენი მიზანია, შემოღებული იყოს კანონი კონკრეტული სახდელებით თუ სასჯელებით – იმ ფორმითა და იმ ზომით, რაც აშშ-ში მოქმედებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ინიცირებას ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ინიცირებული პროექტი არის FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე და ყველა წერტილი არის აშშ-ში მოქმედი კანონის იდენტური“.

“ნებისმიერი სპეკულაცია, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რაც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ სამსჯელოდ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.