Home Blog Page 287

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად,  საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.

ამ მიმართულებით ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის, რომელიც “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.

მაგალითად, დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ცვლილება ყველა იმ კანონში აისახება, რომლის მიხედვით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო იყო.

საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინებს „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოიღებენ

საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოდის. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება ეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა დააინიცირეს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი “გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით – “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვლება სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.

საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტებს განსახილველად უკვე გადაეცა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8153 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8049 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9482 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9362 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0120 ლარი შეადგინა.

ვინ დაკარგა უკრაინა? – რას წერს The Spectator

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) 24 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ვინ დაკარგა უკრაინა?“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სიტუაცია და გაკეთებულია დასკვნა, რომ უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობაში დამნაშავე სწორედ ევროპის ქვეყნები არიან, მათ მიერ გატარებული არათანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1950-იან წლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში უმეტესად ერთი კითხვა ისმებოდა ყველაზე ხშირად: „ვინ დაკარგა ჩინეთი?“. ჩინელი კომუნისტების გამარჯვება ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში და აშშ-ის მოკავშირე გომინდანის მთავრობის მძიმე მდგომარეობა იწვევდა ცხარე დისკუსიას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პრინციპები სახელმწიფო მმართველობისათვის – ბალანსი შეკავებისა და მოგერიებას შორის, ადამიანთა გულებისა და გონების მოპოვება თუ გამარჯვების მიღწევა იარაღის ძალით.

დღეს ჩვენ შეგვიძლია მსგავსი კითხვა დავსვათ: ვინ დაკარგა უკრაინა? რა თქმა უნდა, კიევსა და მოსკოვს შორის შეიარაღებული კონფლიქტი ჯერ დასრულებული არ არის, უკრაინის არმია აგრძელებს გმირულ და მამაცურ ბრძოლას, რაც საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აგრძელებს შეუნელებელ დიპლომატიურ ძალისხმევას და ცდილობს მიაღწიოს უცხოეთის ქვეყნების მაქსმიალურ მხარდაჭერას რუსეთის არმიის წინააღმდეგობაში.

მაგრამ ახლა უკრაინისათვის ავბედითმა ქარმა დაჰქროლა…

საუდის არაბეთში დაწყებული მოლაპარაკებები რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის  მოასწავებს, რომ უკრაინის ტერიტორია ვლადიმერ პუტინის სურვილისამებრ გაიყოფა და არ იქნება გათვალისწინებული უკრაინელი ხალხის ინტერესები. კიევი მოლაპარაკების პროცესიდან მოსკოვმა და ვაშინგტონმა არამარტო გარიცხეს, არამედ მასთან კონტაქტებს საერთოდ თავს არიდებენ. დონალდ ტრამპის გუნდის მოთხოვნა უკრაინისადმი, რომ ომის დროს გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის წიაღისეული რესურსებთ ისარგებლოს, სუფთა კომერციულ და არა ურთიერთსასარგებლო ხასიათს ატარებს. რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ უკრაინას ომის შეწყვეტა ბევრად ადრე შეეძლო ამ სამი წლის განმავლობაშიო და რომ მოსახლეობის ტანჯვაში მხოლოდ კიევია დამნაშავე, ანაზდეულ და გამაოგნებელ ბრალდებას წარმოადგენს.

ევროპელი ლიდერები, დონალდ ტრამპის ასეთი მოქმედების გამო, სრულიად ბუნებრივ აღშფოთებას გამოხატავენ. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ კოლექტიური ევროპული წვლილი, რომელიც უკრაინის დასახმარებლადაა შეტანილი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამერიკულთან შედარებით. მათ, ცხადია, ეშინიათ, რომ თუ კონფლიქტი ისე არ დარეგულირდება, როგორც კიევს და ბრიუსელს სურს, ვლადიმერ პუტინთან პირველ რიგში სწორედ ისინი წააგებენ – მათი ქვეყნები რუსეთთან ძალიან ახლოს მდებარეობენ.

ეს შიშები არ შეიძლება შევაფასოთ როგორც უმიზეზო და უგუნური. თუ ომის შეწყვეტის მიზნით მიღწეული გარიგების შედეგად ვლადიმერ პუტინი თავისი გამარჯვების გამოცხადებას შეძლებს, ეს კრემლს დამატებით ძალას მოჰგვრის. სხვა ქვეყნები, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება დადგნენ პერსპექტიული დესტაბილიზაციის, ან, უარეს შემთხვევაში – თავდასხმის საფრთხის წინაშე. პუტინი არ მალავს, რომ მისი აზრით, რუსეთის იმპერიის დაშლა, კომუნიზმის დაისის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, ეპოქალურ ტრაგედიას წარმოადგენდა. ასეთი გარემოებების დროს განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბალტიისპირა სახელმწიფოები, რომლებიც ადრე საბჭოთა ტერიტორიის ნაწილნი იყვნენ, ახლა კი ნატოს ერთგული წევრები არიან. ჯერ-ჯერობით, სანამ რუსეთი თავის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში ხარჯავს, კრემლს არ შეუძლია ყურადღება სხვა ქვეყნებსაც მიაქციოს, მაგრამ როცა საომარი მოქმედებები დასრულდება და რუსეთის არმია სულს მოითქვამს, ძალებს მოიკრებს, მოსკოვი აუცილებლად მიმართავს თავის მტაცებლურ მზერას სხვა მეზობლებისკენაც.

ევროპელი ლიდერებს შეუძლიათ რამდენიც სურთ, იმდენი ეშინოდეთ იმ მოტივებისა, რომლებიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს აქვთ. მაგრამ იგივე ევროპელი ლიდერები ვერსად ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმის გამო, თუ რა სიტუაციაშიც ჩავარდნენ. ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპა და ამერიკა უკრაინას 2022 წლიდან უწევდნენ, კიევს საომარ მოქმედებებში, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა, მაგრამ ძალიან არასაკმარისი იყო უფრო ძლიერ და მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან ჭიდილში. ევროპული ქვეყნები დაყოვნებით და არააქტიურად აწვდიდნენ უკრაინას იარაღს, საბრძოლო მასალებს და რეაქტიულ არტილერიას (რაკეტებს). ანუ გამოდის, რომ მათ უკრაინის გამარჯვება სურდათ, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად კიევს იარაღის მიწოდების გარანტიას არ აძლევდნენ.

ასეთი სიტუაცია, როცა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის საკითხებში ერთობლივი მიზანმიმართულობა არ არსებობდა, ჯერ კიდევ 2022 წლამდე, ანუ ომის დაწყებამდე შეინიშნებოდა. ვლადიმერ პუტინს შერჩა ყირიმის ანექსია 2014 წელს (ევროპას ხმაც კი არ ამოუღია). მოსკოვის მიერ ჩადენილი ამ აღმაშფოთებელი აქტის შემდეგ გერმანიამ რუსეთთან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობისათვის კონტრაქტიც კი გააფორმა.

როცა ვლადიმერ პუტინმა 2021 წლის დასასრულს სატანკო კოლონები განალაგა უკრაინის საზღვართან, გერმანია სულ უფრო აღრმავებდა თავის დამოკიდებულებას (მიბმას) რუსული გაზის მიმართ და ატომურ ელექტროსადგურებს ხურავდა (ელექტროენერგიის გამომუშავება რუსული იაფი გაზით ხდებოდა). იმ მომენტში ბორის ჯონსონის მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და უკრაინას იარაღი აჩუქა. სამწუხაროდ, ბრიტანულმა სატრანსპორტო თვითმფრინავებმა კიევში იარაღი ისე ჩაიტანეს, რომ გერმანიის ტერიტორია ვერ გადაკვეთეს და მას შემოუფრინეს – იმიტომ, რომ კანცლერ ოლაფ შოლცს მასში მონაწილეობის მიღება არ სურდა.

საბოლოოდ, გერმანია, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გახდა იარაღის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი უკრაინისათვის, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო. ევროპა ათწლეულების განმავლობაში სიხარულით იმალებოდა ამერიკული სამხედრო  ქოლგის ქვეშ და ფულს, თავდაცვის სფეროს ნაცვლად, სოციალურ პროგრამებში ხარჯავდა… და მხოლოდ მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა პირველი ვადით, ევროპამ გააცნობიერა, რომ ამერიკა მისი მფარველი მუდმივად ვერ იქნება.

დონალდ ტრამპმა 2018 წელს, ნატოს სამიტზე, ევროპელი მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ „ამერიკა ნატოს წევრობით ძალიან ბევრს კარგავს“. ალიანსის იმდროინდელმა გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა დონალდ ტრამპის განცხადებას „მიუღებელი“ უწოდა. თითქმის იგივენაირი რეაქცია ჰქონდათ ევროპელ ლიდერებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ ვენსის გამოსვლის მიმართ მიუნჰენის კონფერენციაზე. განსხვავება ის იყო, რომ 2018 წელს თავდაცვის სფეროში თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მხოლოდ სამი ქვეყანა ხარჯავდა, თუმცა ყველა ვალდებული იყო ეს პირობა შეესრულებინა.

ამიტომაც, როცა დგება საკითხი, თუ ვინ დაკარგა უკრაინა, არასაკმარისია იმის თქმა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს ვლადიმერ პუტინისადმი პირფერობას, ან იმისა, რომ ამერიკა უარს ამბობს იყოს მსოფლიოს ზესახელმწიფო. ევროპის ის ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ევროკავშირ-ნატოს წევრობა  და ნათელი მომავალი აღუთქვეს, მზად არ იყვნენ (არ არიან) თავიანთი დაპირება რკინისებური ნებით განამტკიცონ.

ყოველივე ზემოთ თქმული ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს და შესაბამისი დასკვნა უნდა გავაკეთოთ. დემოკრატიის გამარჯვებას უზრუნველყოფს არა ევროკავშირის კომუნიკეები და რეზოლუციები ლამაზ-ლამაზი ფორმულირებებით, არამედ გაბედულება ბრძოლის ველზე, რომლის დემონსტრირება ევროპას ეშინია.

წყარო

პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელწოდებით FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ – პარლამენტში ასეთი სახელწოდების კანონის პროექტი დაინიცირდა, რომელიც აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანს წარმოადგენს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ დაადასტურა, რომ ინიციატივა აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.

“კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში ამ კანონისთვის არის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონში მოხსენიებულ „კონგრესს“, „კონგრესის ბიბლიოთეკას“, „სახელმწიფო დეპარტამენტს“, „იუსტიციის დეპარტამენტს“, „ხაზინის მდივანს“, „ოლქის გენერალურ დირექტორს“, „აშშ-ს პრეზიდენტს“ და ასე შემდეგ. არის შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების საჭიროებაც.

ასევე, კანონს მხოლოდ ერთი – “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტი თანდართული არ არის. გარდა ამისა, ჩვენ ქართულ სინამდვილეში მსგავსი საკანონმდებლო აქტი გვაქვს და თუ მიზანი აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც კანონპროექტი უნდა იყოს თან დართული“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ “პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პარლამენტში ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანის ინიცირება, რათა შემდეგ არ იყოს თარგმანში დაკარგვის მცდელობებიც კი“.

“აი, ეს არის ზუსტი თარგმანი და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაქვთ თარგმანთან დაკავშირებით, აგერ ვართ, წარმოადგინეთ ნებისმიერი ცვლილება და უკეთესი თარგმანი.

რაც შეეხება აღმასრულებელ ორგანოებს, საჭირო იქნება დამატებით იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ამ კანონის აღსრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

როგორც არის – პირდაპირ აშშ-ს პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, შტატებზე გავაკეთეთ მითითება და ქართულად დეპარტამენტის ხელმძღვანელიც კი ვთარგმნეთ, რათა არ იყოს ინსინუაციები, რომ რეგულაცია განსხვავებულია. ვართ ღია არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ – დაზუსტდება თანამდებობის პირები და ორგანოები ქართულ რეალობასთან.

ჩვენი მიზანია, შემოღებული იყოს კანონი კონკრეტული სახდელებით თუ სასჯელებით – იმ ფორმითა და იმ ზომით, რაც აშშ-ში მოქმედებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ინიცირებას ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ინიცირებული პროექტი არის FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე და ყველა წერტილი არის აშშ-ში მოქმედი კანონის იდენტური“.

“ნებისმიერი სპეკულაცია, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რაც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ სამსჯელოდ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში – პრემიერი

საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

„რაც შეეხება ეკონომიკას, დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, მიაღწია 978 500-ს ამ მაჩვენებელმა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რიცხოვნობას, გაიზარდა 19 700 ადამიანით და მიაღწია 433 500-ს. ამავე პერიოდში, უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14 700-ით. მთლიანობაში, გასული 3 წლის განმავლობაში, დასაქმების თვალსაზრისით, გვქონდა ძალიან კარგი ზრდა. დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195 000-ით. შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, სწორედ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 2025” 

თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. 

ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” მონაწილე სტუდენტებისთვის, მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ინოვაციური იდეების განვითარება იყო. მონაწილეებმა რეალური გამოწვევების გადასაჭრელად იმუშავეს მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რაც საბანკო, საფინანსო და FinTech სფეროებში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. 

TechXplore 2025-ის მნიშვნელოვანი ფოკუსი ESG მიმართულება იყო. გუნდების ნაწილმა საკუთარი იდეები სწორედ გარემოს დაცვასთან, სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობაში განავითარა. 

ოთხ დღიანი ღონისძიების ბოლო დღეს მონაწილეებმა თავიანთი პროექტები ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულ გუნდებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft,  Nvidia და სხვა) 15,000 ლარის ღირებულების აქციები გადაეცათ. აქედან პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თიბისი ტექის მიმართულებამ გადასცა პრიზები, ხოლო ESG მიმართულებამ ESG-ს რჩეულის ნომინაციაში გამარჯვებული დააჯილდოვა. 

  • I ადგილი – KMsure | ჭკვიანი ავტოდაზღვევა, სრულად ციფრული გადაწყვეტა, სადაც მგზავრობის მონაცემები უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობისთვის ბლოკჩეინზე ინახება  
  • II ადგილი – ScanPay | მომხმარებლებისათვის თანხის გაყოფის  და პარალელურ რეჟიმში, სინქრონულად გადახდის შესაძლებლობა. 
  • ESG მიმართულების რჩეული – Effortless Minds | გუნდმა შექმნა ფინანსური მთვლელი და მწვანე ქულების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ხარჯების კონტროლში და მდგრადი არჩევანის გაკეთებაში ეკომეგობრული შეძენების წახალისებით. 
  • ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი AI IA | გუნდმა შექმნა ინკლუზიური ონლაინ ბანკინგის აპლიკაცია.  

TechXplore 2025-ში 150-მდე ახალი თაობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს და აქტიურად იყვნენ ჩართული Agile ქოუჩები,  მენტორები და სფეროს წამყვანი ტექლიდები. 

ღონისძიების პარტნიორი იყო Design Institute, რომელმაც მონაწილეებისთვის დიზაინ აზროვნების (Design Thinking) ვორქშოფი ჩაატარა, რათა მათ უკეთ გაეანალიზებინათ მომხმარებლის საჭიროებები და შეექმნათ ღირებულებაზე ორიენტირებული იდეები. 

მენტორინგ პროცესში ასევე მონაწილეობდნენ კომპანია „Space International”-ის ტექლიდები, რომლებმაც ასევე ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს სპეციალური პრიზები გადასცეს. 

TechXplore 2025-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თიბისის მოწინავე როლი ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესში. 

პროექტი „TBC X USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“, სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ, თიბისი IT აკადემიასთან პარტნიორობით, 2023 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი საქართველოდან, მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით. 

r

წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა – თიბისი კაპიტალის განახლება

თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფასება ეყრდნობა ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვას, რომლებიც ნახატებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების ქვეჯგუფის იმპორტში დაფიქსირდა და მთლიანი იმპორტის, დაახლოებით, 1/3 შეადგინა. თავისთავად, მსგავსი ტიპის ტრანზაქციები უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის შესაფასებლად ნაკლებად რელევანტურია.

წმინდა შემოდინებების მატება თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან. როგორც წინა განახლებაში „რატომ მყარდება ლარი?”  იყო აღნიშნული, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის კუთხით, თუმცა არა – ლარზე. თიბისი კაპიტალის შეფასებით, დეკემბერსა და იანვარში როგორც ჯამურად, ერთჯერადი ფაქტორების გარეშე, ასევე ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იმპორტის მხრივ, შენელება იკვეთება. ამავდროულად, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემებზე დაყრდნობით, თებერვლის პირველ ნახევარში ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტებზე დანახარჯები შედარებით გაზრდილია. წინა თვესთან შედარებით, მატება ფიქსირდება არარეზიდენტებისა და მიგრანტების ხარჯებშიც, თუმცა, წლიურ ჭრილში, აღდგენა უფრო სუსტია.

იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ მოხმარების ზრდას სენტიმენტების შედარებით გაუმჯობესება განაპირობებს, ზრდა იმპორტშიც გამოიკვეთება, რაც ლარზე პოზიტიურ ეფექტს შეასუსტებს. ამავდროულად, ასეთ სცენარში გასათვალისწინებელია ე.წ. კარგი დროის ბუფერი, რაც დეპოზიტების კვლავ ლარში კონვერტაციას მოიაზრებს; აგრეთვე, უფრო ძლიერი სავალუტო დაკრედიტება და, სავარაუდოდ, ტურიზმიდან მეტი შემოსავლებიც.

მაშინ, როდესაც ტურიზმიდან შემოსავლები შიდა მოვლენებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ექსპორტი და ფულადი გზავნილები, დიდ წილად, ეგზოგენურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. იანვარში კვლად ტრადიციული წყაროებიდან ჩარიცხული გზავნილები დომინირებდა, განსაკუთრებით ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან, რომელთა წილმაც თითქმის 50% შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ექსპორტშიც, ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის კუთხით, თუმცა აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის მატებაც.

ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის დაწყებული მოლაპარაკებების კონტექსტში, თავისთავად, მიგრაციის ნაკადის მდგრადობა საყურადღებო გამოწვევაა. ამ მხრივ, მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

რით დასრულდება აშშ-ის პაიკის როლი: “ამერიკა უკრაინის პრეზიდენტს გამოიყენებს და…” – Gumhuriyet

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Gumhuriyet) დაბეჭდილია სტატია სათაურით „რით დასრულდება აშშ-ის პაიკის როლი: ამერიკა უკრაინის პრეზიდენტს გამოიყენებს და…“ (ავტორი – მეჰმედ ალი გიულერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თებერვალში სამ დედაქალაქში სამი სამიტი გაიმართა და სამივეზე უკრაინის საკითხი განიხილეს.

ერ-რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერთმანეთს აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ – მოლაპარაკების პირველი ეტაპის სახით, შემდეგ კი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას უკვე დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავენ.

პარიზში, საფრანგეთის დედაქალაქში, ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ და პროტესტი გამოხატეს იმის გამო, რომ ევროპა, აშშ-ის „წყალობით“, უკრაინის პრობლემის დარეგულირებას გაეთიშა.

ანკარაში, თურქეთის დედაქალაქში ერთმანეთს რეჯეფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდნენ და წუხილი გამოხატეს, რომ ამერიკამ, ევროპასთან ერთად, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების პროცესიდან თურქეთიც და უკრაინაც გამოთიშა.

სად იყო ზელენსკი სამი წლის განმავლობაში?

უკრაინის პრეზიდენტმა, თურქ კოლეგასტან ანკარაში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მან ერ-რიადში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და დაამატა, რომ არასწორია უკრაინის საკითხის გადაწყვეტა უკრაინის ზურგსუკანო. მაგრამ არ უთქვამს, რომ მან ვიზიტი თვითონ კი არ გადადო, არამედ ამერიკამ გადაადებინა. უბრალოდ, ვაშინგტონს არ სურდა უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტის მონაწილეობა მოლაპარაკებაში. ზოგიერთი წყაროს თქმით, თითქოსდა ზელენსკი იმიტომ არ წავიდა ერ-რიადში, რომ არ სურდა ლეგიტიმაცია მიცემოდა მოლაპარაკებებს მისი იქ ყოფნით.

დონალდ ტრამპი გაბრაზდა: „მითხრეს, რომ უკრაინა უკმაყოფილოა – „რატომ არ მივიწვიეთ ერ-რიადში. მაგრამ ზელენსკის სამი წლის განმავლობაში შეეძლო გარიგება ომის შეწყვეტაზე უფრო ადრე დაედო“.

განა დონალდ ტრამპი მართალი არ არის? მართლაც სად იყო ზელენსკი, რატომ არ შეწყვიტა ომი? ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ რუსეთის შეჭრის პირველ კვირეებში მოლაპარაკება ჯერ ბელარუსში დაიწყო, შემდეგ სტამბოლში გაგრძელდა, თითქმის მიღწეული იქნა შეთანხმება, მაგრამ ამერიკული და ბრიტანული დაზვერვების მოთხოვნით, უკრაინელებმა მოლაპარაკების მაფიდა დატოვეს. ჩავიდა კიევში ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ზელენსკის უთხრა, ხელი არ მოაწერო არაფერს, მიდი, ომი გააგრძელე და ჩვენ დაგეხმარებითო. მერე მას ენტონი ბლინკენმაც მხარი აუბა.

რატომ ეს-რიადი და არა სტამბოლი?

რეჯეფ ერდოღანისათვის არასასიამოვნო იყო, რომ რუსეთ-აშშ-ის პირველი მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზე ერ-რიადში გაიმართა. ზელენსკისთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  „თურქეთი იდეალური ადგილია პუტინ-ტრამპის მოლაპარაკებისათვის, რომელიც, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ჩატარდებაო“.

ერ-რიადის და არა სტამბოლის არჩევა მოლაპარაკების ადგილად, როგორც ჩანს, იმ მიზეზებმა განაპირობეს, რომ საუდის არაბეთთან აშშ-ც და რუსეთიც კარგ დამოკიდებულებაში არიან, რუსეთი კი თურქეთით უკმაყოფილოა – სირიის მოვლენების წახალისების გამო.

და მაინც, როგორც ჩანს, არანაკლებ მნიშვნელოვანი (და, ალბათ, მთავარი!) მიზეზი ისაა, რომ თურქეთი ამ ეტაპზე უკრაინის ომისადმი ნეიტრალური ქვეყანა არ არის. იმ დროს, როცა ამერიკის ადმინისტრაცია თვლის, რომ უკრაინა დათმობებზე უნდა წავიდეს, თურქეთი აცხადებს ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ (თითქმის „წითელ ხაზად“ ანკარისთვის) და თავის თავს უფრო მეტ „ყირიმელად“ თვლის, ვიდრე თვითონ „ყირიმელი თათრები“. ამ ფაქტორმა თურქეთის შანსი შეამცირა – ყოფილიყო სამიტის მასპინძელი ქვეყანა – განსაკუთრებით რუსეთის თვალში.

ევროპის შეშფოთება რუსეთ-აშშ-ის ალიანსის გამო

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის განზრახვით – დაასრულონ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებით – ბრიუსელი სერიოზულად განერვიულდა. სანერვიულო მიზეზი კი მართლაც არსებობს: ევროკავშირი ჯერ  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ვენსმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საჯაროდ „გაამათრახა“, შემდეგ კი სპეწარმომადგენელმა კიტ კელოგმა პირდაპირ უთხრა ევროპელებს – თქვენი ადგილი ერ-რიადში არ იქნებაო. ევროპელი ლიდერები შეფუცხუნდნენ, სასწრაფოდ შეიკრიბნენ პარიზში, მაგრამ ვერაფერი გადაწყვიტეს.

შექმნილი სიტუაცია ყველაზე კარგად და ზუსტად დაახასიათა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ: „ჩვენ მოწმენი ვართ პუტინ-ტრამპის ისეთი დღემდე არარსებული და წარმოუდგენელი კავშირისა, რომელიც ევროპას თავის საკუთარ ტერიტორიაზე მარგინალად აქცევს. საშინელებაა იმის ყურება, თუ რაოდენ სუსტია ევროკავშირი ამ მიმართულებით“.

უკრაინის ვასალიზაციის ტრამპისეული გეგმა

საწყენია, აბა, რა… მდგომარეობა ისეთია, როგორც ამერიკელი კომენტატორი მაქს ბლუმენტალი ამბობს: „ვოლოდიმირ ზელენსკი მიხვდა, რომ მსახურებს ბატონების საქეიფო მაგიდაზე არ პატიჟობენ“. კიევისათვის ეს არასასიამოვნო დასკვნა გამომდინარეობს იმ მტკივნეული სიტუაციიდან, რომელშიც ზელენსკიმ თავისი ქვეყანა შეიყვანა… აშშ-ის აზრით, იგი მხოლოდ პაიკია, თანაც არალეგიტიმური და ისეთი ქვეყნის „მეთაური“, რომელიც კორუფციაში „იხრჩობა“.

ახლა დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის აშშ-ის ვასალ ქვეყნად გადაქცევისათვის გამოიყენებს: რასაც უნდა, იმას უკარნახებს და გააკეთებინებს. ზელენსკი იშვიათმიწა მინერალების ხელშეკრულების დადებაზე ჯერ უარს აცხადებდა, მაგრამ ახლა იძუებული გახდა დათანხმებულიყო…

მათ, ვისაც იმპერიალიზმის იმედი აქვთ და იმპერიალისტთა სტრატეგიასთან ინტეგრირდებიან, როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, იყენებენ და შემდეგ ნაგავში ისვრიან… ამ შემთხვევაში უკრაინელი ხალხი იჩაგრება, რომლის ტერიტორიას ამერიკა ექსპლოატაციას გაუწევს.

ეს ყველაფერი გაკვეთილი უნდა იყოს სხვებისათვის…

წყარო

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე, ხოლო თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ბრწყინვალების ორდენზე არიან წარდგენილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე, ხოლო კალათბურთელები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ბრწყინვალების ორდენზე არიან წარდგენილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს „ევრობასკეტის“ საგზური. მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელებისა და გუნდის წევრების მთლიანად უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე. ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილები ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ ორი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ასევე, გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას – ირაკლი კობახიძე

გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის, გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვს კარგი მონაცემები, როგორც დასაქმების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების და ეკონომიკური ზრდის ნაწილში.

„ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით ზრდის იგივე მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც გვქონდა 2024 წელს. შარშან ზრდამ შეადგინა 9.5% და სავსებით რეალურია ასეთი მაჩვენებლის გამეორება მიმდინარე წელსაც. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის, რბილად რომ აღვნიშნოთ, თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში. პირველად, გასული 20 წლის განმავლობაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა არ არის წარმოდგენილის აქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეუფერხებლად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას, ეს დაპირება დიდწილად შესრულდა და რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და ზოგადად განვითარებას ყველა მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს – შალვა პაპუაშვილი

უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენების ერთგულნი დავრჩით. ამიტომაცაა, რომ, გასული წლის ოქტომბერში, მეოთხედ აგვირჩიეს ხელისუფლებაში, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„ეროვნული ინტერესები ჩვენი ხელისუფლების წარმმართავი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოიცავს. ამგვარად ჩამოყალიბებული ეროვნული ინტერესები, ამავე დროს, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. სწორედ ეროვნული ინტერესების ამგვარი გაგება ედო საფუძვლად ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ მივიღეთ.

მივყვეთ ბოლო წლების ძირითად თარიღებს, რათა გავიხსენოთ, თუ როგორ განაპირობებდა ჩვენი ეროვნული ინტერესები საქართველოს საგარეო კურსს.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელშიც „ომის დაუშვებლობაზე“ იყო საუბარი და რომელიც ყველა მთავრობას მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ ვითარების ესკალაციისაგან. სამი წლის წინ მიღებული ეს რეზოლუცია კარგად ეხმიანება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მოსაზრებებს, რომლებიც მშვიდობის ქვაკუთხედადაა მოაზრებული.
ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს:

▪️ვიყავით თანაავტორი და ხელმომწერი ყველა საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტისა, რომელიც რუსულ აგრესიას გმობდა;
▪️გამოვრიცხეთ რუსეთზე დადებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა;
▪️მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას;
▪️შევიფარეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად.

თუმცა, ღია და ფარული წნეხის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთისათვის და არც სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეგვიზღუდავს, ვინაიდან, ნათელი იყო, რომ ამგვარი ესკალაცია რუსეთისათვის საგრძნობი საერთოდ არ იქნებოდა, საქართველოსთვის კი, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო გარანტიების არარსებობის პირობებში, ეკონომიკურ კოლაფსსა და ახალ ომს გამოიწვევდა.


უკრაინის მიმართ ჩვენი ქმედითი სოლიდარობის მიუხედავად, ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გაუგებარი აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ უკრაინის მთავრობამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, თავად ზელენსკიმ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო შეკრებას მიმართა სიტყვებით, რომ „ქართველი ხალხი უკეთესი იყო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება“, რითაც ცხადად წააქეზა საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა, ღიად მოგვიწოდეს, ძალით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ „ბომბები ერჩივნათ იმ სირცხვილს“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია.

დასავლეთის ზოგიერთი დედაქალაქის რეაქციაც არ იყო ამაზე უკეთესი. იმ ფონზე, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი თავად მოგვიწოდებდნენ „სტრატეგიული მოთმინებისაკენ“, მათ ახლა, მოულოდნელად, ჩვენი მთავრობისაგან რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიციის დაკავება მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოზიცია განმეორებითი სამხედრო კონფლიქტის მომაკვდინებელ საფრთხეს შეიცავდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიისა თუ ეკონომიკური სოლიდარობის შემოუთავაზებლად.

უკრაინის ომის პირველი დღეებიდანვე საქართველოს მოუწია გაეძლო საშინაო და საერთაშორისო წნეხისათვის, რათა თავიდან აგვერიდებინა რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმა.

▪️2022 წლის ზაფხულში საქართველოს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მოწინავე ქვეყანა ვიყავით აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატში, ევროკავშირის ყველა ინდიკატორის მიხედვით, და დღემდე ვრჩებით, ბევრი ნიშნით, მოწინავე ქვეყნად ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ გადაწყვეტილებამ რადიკალური ოპოზიციისა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიერ მართული პროტესტის ტალღა გამოიწვია.

▪️2023 წლის და, შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონის“ მიღების გაპროტესტების საბაბით, რადიკალურ ოპოზიციასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს მიეთითათ, მოეწყოთ ძალადობრივი დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. ასევე, დაიწყო ორკესტრირებული საერთაშორისო კამპანია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით.

▪️2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე იმ საბაბით, რომ არჩევნები გაყალბდა, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო მოხსენება არაფერს ამის მსგავსს არ შეიცავდა. ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი კიდევ უფრო ძალადობრივი გახდა, ხოლო დასავლეთის ზოგიერთი მთავრობის მხრიდან ამ ძალადობის შეფასება გამაოგნებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათ „მშვიდობიანად“ მოიხსენიებდნენ, ხოლო საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურ რეაქციას „ძალადობრივს“ უწოდებდნენ.

როგორც ქვეყნის შიდა რადიკალების, ასევე მათი უცხოელი მფარველების მხრიდან გამუდმებული წნეხის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა დანაღმულ ველზე ქვეყნის მშვიდობიანი გაყვანა. ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ორიენტირი, რომელმაც საშუალება მოგვცა, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით წაგვეყვანა, იყო ჩვენი ხალხის სიბრძნეში რწმენა და ეროვნული ინტერესების ერთგულება.


2009 წლის მარტში, რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან სულ რამდენიმე თვეში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, „გადატვირთვის“ სიმბოლური ღილაკი გადასცა. მომდევნო წელს, ამერიკელმა და დასავლელმა სამხედროებმა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღნიშვნაში. საქართველო მიგდებული აღმოჩნდა. დასავლეთში ეს სამარცხვინო ფაქტი ვერც კი შენიშნეს, მაგრამ საქართველომ საჭირო გაკვეთილი მიიღო.

როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის ოქტომბერში არჩევნებში გაიმარჯვა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სუვერენიტეტის დაცვისათვის ზრუნვა დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია ეროვნული ინტერესების დაცვაში. ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დავაყენეთ, ვიდრე საერთაშორისო სოლიდარობის ნებისმიერი ყალბი ფილოსოფია, რომელიც ჩვენ მანამდე უკვე გამოცდილი გვქონდა, როდესაც, საბჭოთა ოკუპაციის ათწლეულებში, საქართველოს ეროვნული მისწრაფებები „კომუნისტური ინტერნაციონალის პროლეტარული სოლიდარობის“ სახელით ითრგუნებოდა. ამის მსგავსად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გვიბიძგებდნენ იქითკენ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ახალი ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის გაუგებარი მოთხოვნებისთვის დაგვექვემდებარებინა.

ეს არ მოხდება, მით უმეტეს, „ქართული ოცნების“ მმართველობისას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.