Home Blog Page 285

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – თოვლის გაწმენდითი სამუშაოები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

სამეგრელოში თოვლის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, პროცესში ჩართულია გზების დეპარტამენტის ტექნიკა.

„იწმინდებოდა ქალაქის და სოფლებამდე მისასვლელი გზები. რეგიონში მოქმედ საკოორდინაციო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ხელმძღვანელობს. რეგიონულთან ერთად, ასევე შექმნილია მუნიციპალური შტაბები.

რეგიონის მასშტაბით დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო რამდენიმე სკოლასა და საბავშვო ბაღში. მოქმედებს სამხარეო და მუნიციპალური ცხელი ხაზის ნომრები, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შევეცადე ზელენსკისთვის თავაზიანი, მაგრამ მტკიცე გზავნილი მიმეწოდებინა, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს – თუმცა, მან ეს სათანადოდ ვერ გაიგო -აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიისწრაფვის რუსეთთან ომის სწრაფად დასრულებისკენ.

ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-თან ინტერვიუში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუნხენში გამართული შეხვედრის დროს ის ზელენსკის ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობაზე ესაუბრა, თუმცა უკრაინის ლიდერმა ეს სერიოზულად არ აღიქვა.

„როდესაც მიუნხენში მასთან საუბარი მქონდა, შევეცადე თავაზიანი, მაგრამ მტკიცე გზავნილი მიმეწოდებინა, რომ ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა, მან ეს სათანადოდ ვერ გაიგო“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მთელი ყურადღება ოჯახისკენ უნდა მიმართოთ. სავარაუდოდ, ოჯახის რომელიღაც წევრს თქვენი დახმარება ან მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობს. შეეცადეთ დეტალებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და სტრიქონებს შორის დაფარული აზრი ამოიკითხოთ. კარგი დღეა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად — თუ დიდი ხანია რემონტის გაკეთებას ან ავეჯის შეძენას გეგმავთ, ახლა ამის დროა.

რჩევა: ოჯახი თქვენი მთავარი საყრდენია. ყურადღება მიაქციეთ საყვარელი ადამიანების საჭიროებებს და თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

კურო

ეს დღე ხელსაყრელია პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად, განსაკუთრებით — ფინანსების მიმართულებით. სავსებით შესაძლებელია, მოულოდნელი შესაძლებლობა გამოჩნდეს და მოგებიანი შესყიდვა განახორციელოთ ან საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესოთ. მთავარია, არ იჩქაროთ და თითოეული ნაბიჯი გათვალოთ. თუ პირად ცხოვრებაში ყველაფრის გაკონტროლებას არ ეცდებით, ეს დღე მშვიდად ჩაივლის. მარტოხელა კუროს მოულოდნელი ნაცნობობა ელის, მაგრამ ვარსკვლავები გვირჩევენ, ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ.

რჩევა: ფინანსური გადაწყვეტილებები დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყდვებს.

ტყუპები

ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, მისი სწორი მიმართულებით წარმართვა შეძლოთ. დიდი ალბათობით, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა გსურთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ, მოსალოდნელი რისკები გათვალოთ. თქვენს საქმიანობაში შეიძლება ახალი ამოცანები გაჩნდეს, რომლებიც არასტანდარტულ მიდგომას მოითხოვს. კარგი იქნება, თუ რჩევას უფრო გამოცდილ კოლეგებს სთხოვთ.

რჩევა: ენდეთ თქვენს ინტუიციას, მაგრამ უფლებას ნუ მისცემთ ემოციებს, რომ დაგძლიონ. დღეს მნიშვნელოვანია, რომ ფხიზელი ხედვა შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, მეგობრულ კავშირებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანი დიდი ხანია, თქვენს ზარს ან თქვენთან შეხვედრას ელის, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს. ეცადეთ, გამონახოთ დრო, რომ მხარი დაუჭიროთ მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად.

რჩევა: ნამდვილი მეგობრობა ყურადღებას მოითხოვს. მხარი დაუჭირეთ მეგობრებს და სანაცვლოდ სითბოს იგრძნობთ.

ლომი

ვიღაც შეეცდება, სხვა ადამიანების კონფლიქტებსა თუ ინტრიგებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, სხვების საქმეში ჩარევისგან თავი შეიკავოთ. უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება მეგობრულ ურთიერთობებზე გადაიტანოთ. ახლობელმა შეიძლება მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ ან სიტუაცია სხვა მხრიდან დაგანახვოთ. თუ დაუმთავრებელი საქმე გაქვთ, ეცადეთ, დღის ბოლომდე დაასრულოთ. საღამო ხელსაყრელია მეგობრებთან შესახვედრად, მაგრამ ხმაურიან ადგილებს მოერიდეთ — უმჯობესია, მშვიდად გაისეირნოთ.

რჩევა: ამ დღეს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც უნდა უსმინოთ – მათ სიტყვებს შესაძლოა იმაზე მეტი აზრი ჰქონდეს, ვიდრე ფიქრობთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენი ყურადღება ოჯახურ საქმეებზეა გადატანილი. დიდი ალბათობით, ახლობელი ადამიანის დახმარება ან მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგება მოგიწევთ. ზოგადად, ეს კარგი დღეა საბუთებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებისთვის. თუ დიდი ხანია სახლში რაიმეს შეცვლას გეგმავთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

რჩევა: ოჯახი თქვენი დასაყრდენია. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს და იგრძნობთ, როგორ გეხმარებათ მათი ზრუნვა ძალების აღდგენაში.

სასწორი

ეს დღე მთლიანად საყვარელ ადამიანს უნდა დაუთმოთ. შეეცადეთ, რაიმე სასიამოვნო გააკეთოთ თქვენი პარტნიორისთვის. თუ მასთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას გეგმავთ, ეცადეთ საუბარი ზეწოლისა და კრიტიკის გარეშე შეძლოთ. მშვიდი საუბარი დაგეხმარებათ, გაუგებრობა აიცილოთ. მარტოხელა სასწორმა შეიძლება ყურადღება ისეთი ადამიანისგან იგრძნოს, რომელსაც პოტენციურ პარტნიორად არასოდეს მიიჩნევდა.

რჩევა: სიყვარული ყურადღებას მოითხოვს. გამონახეთ დრო მათთვის, ვინც გიყვართ და ეს შინაგან ჰარმონიას მოგიტანთ.

მორიელი

ამ დღეს ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ვიღაც თქვენი გარემოცვიდან თქვენს მანიპულირებას ან უსარგებლო საუბრებში ჩათრევას შეეცდება. ეცადეთ, პროვოკაციებს არ დანებდეთ და ემოციური დისტანცია შეინარჩუნოთ, განსაკუთრებით — თუ გრძნობთ, რომ ადამიანი არაგულწრფელია. მშვენიერი დღეა იმის გასარკვევად, თუ ვინ იმსახურებს თქვენს ნდობას.

რჩევა: გახსოვდეთ, ყველა, ვინც გიღიმით, თქვენი მეგობარი არაა.

მშვილდოსანი

ეს დღე ბევრ ოჯახურ საზრუნავს მოგიტანთ. ალბათ საყოფაცხოვრებო საკითხებში დახმარება ან რაიმე დავაში შუამავლის როლის აღება მოგიწევთ. ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ — ახლა თქვენი მონაწილეობა საყვარელი ადამიანებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია მცირე შეფერხებები, მაგრამ ეს საერთო შედეგზე არ იმოქმედებს.

რჩევა: ოჯახზე ზრუნვა რუტინა არ უნდა იყოს. შეხედეთ ამას, როგორც კავშირების განმტკიცების შესაძლებლობას.

თხის რქა

ეს დღე თქვენგან გამძლეობას და თვითკონტროლს მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციებს არ აჰყვეთ და შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ. თუ ხედავთ, რომ თქვენი სიკეთით ვიღაც სარგებლობს, ეცადეთ, თავაზიანად მიანიშნოთ, რომ ყველაფერს მიხვდით. სამსახურში ახალი საქმის დაწყებამდე უკვე დაწყებული უნდა დაასრულოთ.

რჩევა: ნუ ცდილობთ, რომ სხვების საკეთებელი საქმე აკეთოთ. ახლა შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნება და დაძაბულობის თავიდან აცილება უფრო მნიშვნელოვანია.

მერწყული

გირჩევთ, ეს დღე ოჯახთან ერთად დასვენებას და გულწრფელ საუბარს დაუთმოთ. თქვენი რჩევა საყვარელ ადამიანს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, მოთმინება გამოიჩინოთ და თქვენი აზრი თავზე არავის მოახვიოთ. სამსახურში დღე მშვიდად ჩაივლის. საღამოს მყუდრო ოჯახური ვახშამი ან მეგობრული საუბარი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

რჩევა: თქვენი სიტყვები შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ფიქრობთ. დაეხმარეთ ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება.

თევზები

ამ დღეს მთელი ყურადღება სახლზე და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე უნდა გადაიტანოთ. შეგიძლიათ სახლი საგულდაგულოდ დაალაგოთ და ინტერიერი განაახლოთ — ეს თქვენს განწყობას გამოაკეთებს. თუ საცხოვრებელთან და ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ, ეცადეთ, ახლავე მოაგვაროთ — ახლა გარემოებები თქვენ სასარგებლოდ მუშაობს.

რჩევა: თქვენ გარშემო არსებული კომფორტი თქვენს შინაგან მდგომარეობაზე აისახება. გამონახეთ დრო ჰარმონიული ატმოსფეროს შესაქმნელად.

გეგმა არის ერთი და უალტერნატივო, ახალი არჩევნები-სალომე ზურაბიშვილი

გეგმა არის ერთი და უალტერნატივო, ახალი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მომავალ დღეებში საზოგადოებას გააცნობს დოკუმენტს ახალი არჩევნების პირობების შესახებ.

„მჯერა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე და რა არის ეს სწორი გზა? ყველა კითხულობს, რა არის გეგმა? გეგმა არის ერთი და უალტერნატივო – ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, უფრო და უფრო მეტი ჩვენი პარტნიორები ითხოვს ახალ არჩევნებს, რადგან მსოფლიოში ყველამ ძალიან კარგად იცის, როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომ არაფერს თმობს და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს, რადგან დასათმობი არაფერი არ აქვს. ეს ღრმა კრიზისი გრძელდება არჩევნებიდან უკვე ოთხი თვეა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მშვიდობიანი გამოსავალი არა არსებობს, თუ არა არჩევნები. კრიზისი როცაა, არჩევნები ნიშნავს, რომ შენ უბრუნდები ხალხს და ეკითხები, შენ ნება რა არის. საქართველოს ხალხის ნება არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ასე რომ, ეს არჩევნები დაინიშნება ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას.

რა უნდა იყოს გეგმა, მომზადება არჩევნების და ეს მომზადება გადის რამდენიმე საკითხზე. ერთი არის, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები და ამაზე პრაქტიკულად მზად ვართ. მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები. მეორე, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის – ეს ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი, ყველას გასაკეთებელი და დღეს უნდა დავიწყოთ. მესამე, ამაზე ვმუშაობ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორებისგან ყველანაირი დახმარება, რათა გაყალბების ის ფორმები, რაც გამოიყენეს ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს და ეს ეხება ბევრ რამეს. დღეს ჩვენი ძალიან ბევრი პარტნიორი სწორედაც მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამეთუ მათ გაიგეს კარგად, რომ არჩევნების მანიპულაცია და გაყალბება გახდა რუსეთის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან, მაგრამ შეეხება სხვა ევროპულ ქვეყნებს ხვალ და ზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია. ამისთვის ყველამ უნდა შეისწავლოს, რაც აქ მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ. ეს არის ჩვენი ასევე ერთად გასაკეთებელი. კიდევ, რა უნდა გავაკეთოთ და ამაში ასევე ვარ ჩართული, რომ შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის, ეს არის ერთის მხრივ, პოლიტიკური პარტიები, მეორე მხრივ, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური პარტიები. ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არიან თქვენთან, არიან ქუჩაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებზე მხოლოდ ერთი პროგრამა უნდა იყოს და ეს არის „ქართული ქარტია“.

„მე ვარ პირდაპირ უშუალოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მეტი კოორდინაცია იყოს, რათა კიდევ უფრო ეფექტური იყოს არა მხოლოდ პროტესტი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც გადადის გაზაფხულის ფაზაში. ასევე კითხულობთ ხშირად, რა არის საარჩევნო პროგრამა. მე არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას შემდგომ არჩევნებში და ყველას, ყველა პროევროპულ პარტიას ვუსურვებ დიდ წარმატებას, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ პროგრამა შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი. ეს არის „ქართული ქარტია“, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონები უნდა იყოს გაუქმებული, უნდა გათავისუფლდეს ყველა პატიმარი, უნდა დავიბრუნოთ სამართლიანი სასამართლო, უნდა დავძლიოთ კორუფცია, ყველაფერი ის, რაც გასაკეთებელია პირველივე ექვს თვეში. მერე როცა დავუბრუნებთ ქვეყანას სასამართლოს, კანონმდებლობას, მერე შევძლებთ უკვე გაშლას სხვა პროგრამების. ქვეყანას როცა დავუბრუნებთ  ეკონომიკას, რომელიც დღეს არის სრულიად გაჩერებული, პარალიზებული, მაშინ შეძლებთ, სხვანაირად გადავანაწილოთ ქვეყნის რესურსები და არ იყოს ერთ კაცზე მორგებული, რომელმაც შემოიტანა ქვეყანაში ნახევარ მილიარდიანი თავის ქონება და ნახატები და სხვა, ისე რომ, არცერთი ცენტი საქართველოს ბიუჯეტში არ გადაუხდია. ამას ვერცეთი თქვენგანი ვერ გააკეთებდით, რადგან კანონმდებლობა გაიძულებთ, რომ ასეთივე შემოტანაზე, რაც არ უნდა იყოს თანხა ნახატების თუ სხვა ქონების,  გადაიხადოთ 20 პროცენტი. ეს არის ქვეყანა, რომელიც მიტაცებული არის ერთი ოლიგარქის მიერ, მიტაცებულია რუსული მმართველი რეჟიმის მიერ. და, თუ მე მეკითხებით, სად ვიქნები, ვიქნები ყველგან, სადაც საჭიროა, ვიქნები კოორდინატორი, ლიდერი, ჩვეულებრივი მოქალაქე, ვიქნები, სადაც თქვენ დაგჭირდებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე-Financial Times

უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ყველაზე მკაცრ მოთხოვნებზე უარი განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმება გააუმჯობესებს ურთიერთობებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

„უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიევი ახლა მზად არის მოაწეროს ხელი შეთანხმებას საკუთარი მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, ერთობლივ ათვისებაზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა უარი თქვა 500 მილიარდი დოლარის პოტენციურ შემოსავალზე რესურსების განვითარებისგან“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის წყაროების ცნობით, მხარეებმა შეძლეს შეთანხმება გაცილებით მომგებიან პირობებზე. აღნიშნული შეთანხმება კი წარმოდგენილია როგორც გზა, რომელიც უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობებს გააფართოებს და კიევის სამომავლო პერსპექტივებს განამტკიცებს, განსაკუთრებით სამწლიანი ომის შემდეგ.

აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს მათ გამოსაყვანად -პრემიერი

კოორდინაცია არის აუცილებელი და ამისკენ მოვუწოდებ მოხალისეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს ამ ადამიანების გამოსაყვანად.

„ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია. იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს იმისათვის, რომ მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ლოკაციებიდან. კოორდინაცია არის აუცილებელი და აქეთკენ მოვუწოდებ შესაბამის ადამიანებს, მოხალისეებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი, თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა, ვრეაგირებთ სათანადოდ, ეს  ჩვენი პასუხისმგებლობაა – პრემიერი

როგორც კი მდგომარეობა გართულდა, მაშინვე სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი, ვგულისხმობ იმას, რომ თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა ჩვენი მხრიდან, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში,  საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება. 

„გამომდინარე მდგომარეობიდან, ჩვენ ვრეაგირებთ სათანადოდ, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სადაც რა რესურსიც იქნება საჭირო, სრული რესურსი იქნება მობილიზებული”, –  განაცხადა პრემიერმა.

ახალ საქმეს გაზრდილ ზეწოლას და თანხის გამოძალვის ოპერაციას ვუკავშირებ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს – მუხლი, რასაც პროკურატურა მედავება, ხანდაზმულია – გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩაშვილის განცხადებით, ახალი ბრალი, რასაც მას ედავებიან, სრულად ხანდაზმულია.

როგორც ბაჩიაშვილი აღნიშნავს,“მტკვარი ჰესის“ საქმეზე წარდგენილი ახალი ბრალი მასზე ზეწოლის მიზანს ემსახურება.

როგორც ბრალდებული აღნიშნავს, ის შეფარდებულ გირაოს 30 დღის განმავლობაში გადაიხდის.

„შეგვეფარდა გირაო, ამ გადაწყვეტილებამ არ გამაკვირვა. სამწუხაროდ, სასამართლო ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის, თავიდან ბოლომდე იზიარებს ივანიშვილის პოზიციას და ახლაც ზუსტად ასე განმეორდა.

ამ ახალ დაწყებულ საქმეს, რა თქმა უნდა, გაზრდილ ზეწოლას და თანხის გამოძალვის ოპერაციას ვუკავშირებ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. თუმცა, შეფარდებული გირაო რაღაც განსაკუთრებულად ახალი ზეწოლა არ არის, რადგან 2 წელია, ქვეყნის დატოვება მეკრძალება, დაყადაღებული მაქვს აბსოლუტურად ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება და წილები კომპანიაში, ამიტომ ამ ზეწოლას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მტკიცებულება 11 ტომი გადმოგვეცა და ძალიან დიდი მოცულობით კომპიუტერული ინფორმაცია. ამ მტკიცებულებებს გავაანალიზებთ, თუმცა, რისი შესწავლაც ჩვენ მოვასწარით, იკვეთება, რომ მუხლი, რასაც პროკურატურა მედავება, ხანდაზმულია და პრაქტიკულად უაზროა ბრალდების შინაარსი. ბრალდების დადგენილებას თუ შეხედავთ, შიგნით კონკრეტული დანაშაული აღნიშნული არ არის, ასევე, თუ როდის არის ეს დანაშაული ჩადენილი. უბრალოდ, წერია, რომ პროექტის ღირებულება გაიზარდა, ვადები გაწელა და სავარაუდოდ, გიორგი ბაჩაშვილმა ჩაიდინა გულგრილობა. გადახდის ვადა 30 დღე გვაქვს და ვადის განმავლობაში გადავიხდით“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა.

ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას მართავს.

მთავრობის მეთაური დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ.

მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები.

უკრაინის ომისშემდგომ აღდგენას დაახლოებით 500 მილიარდი ევრო დასჭირდება -უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ომისშემდგომ აღდგენას დაახლოებით 500 მილიარდი ევრო დასჭირდება.

„უკრაინის აღდგენა შესაძლოა ევროპის Magnum opus-ი (უდიდესი ნამუშევარი) გახდეს – მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი ამოცანა“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

დენის შმიგალის აზრით, უკრაინის ომისშემდგომი აღდგენის ერთ-ერთ ძირითად ფინანსურ რესურსს უნდა წარმოადგენდეს რუსეთის გაყინული აქტივები.

„უკვე დადგა დრო, რომ ამ აქტივების კონფისკაცია მოხდეს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „სამართლებრივი საფუძვლის საბოლოოდ ჩამოყალიბების დროა“.

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით კიდევ ერთი, ამჯერად 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო, დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალზე, რომელიც “მტკვარი ჰესის” საქმეს ეხება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. მას ასევე ედავებიან, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ “მტკვარი ჰესის” საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს – პროკურატურა 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოში ბაჩიაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალზე, რომელიც “მტკვარი ჰესის” საქმეს ეხება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

ადვოკატი ბაჩიაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობს.

როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ეს საქმე მის წინააღმდეგ მორიგი ფაბრიკაციაა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.

ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. მას ასევე ედავებიან, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.