Home Blog Page 284

NED-ს ფინანსებზე წვდომა შეეზღუდა. ორგანიზაციამ პროგრამების განხორციელება მთელ მსოფლიოში შეაჩერა

ამერიკის „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაციას კონგრესის მიერ გამოყოფილ ფინანსებზე წვდომა შეეზღუდა, რის გამოც ის იძულებულია შეაჩეროს პროგრამების განხორციელება მთელ მსოფლიოში.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ მოცემულ მომენტში ვერ ახერხებს წვდომას კონგრესის მიერ გამოყოფილ ფონდებზე, რომლითაც თითქმის ყველა გრანტი და ოპერაცია ხორციელდება. შედეგად, ორგანიზაციის 40-წლიანი მოღვაწეობის ისტორიაში პირველად მან საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა და იძულებული გახდა შეეჩერებინა თითქმის 2 ათასი პარტნიორის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში“.

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ფონდის 95% კონგრესის მიერ ფინანსდება და საგარეო დახმარებად არ ითვლება. შესაბამისად, მასზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანება 90 დღით საგარეო დახმარების შეჩერების შესახებ არ უნდა ვრცელდებოდეს.

ამის მიუხედავად, როგორც NED-ში განმარტეს, ფინანსურ სახსრებთან წვდომა მიზეზების დასახელების გარეშე შეეზღუდათ, რამაც ორგანიზაცია იძულებული გახადა შეეწყვიტა პარტნიორული მხარდაჭერა და საკუთარი თანამშრომლების უმეტესობა დაეთხოვა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8141 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8141 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8168 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9542 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9498 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.

“ზუსტად იმ მომენტში, როცა საჭიროა საზოგადოების ერთიანობა და საქმეზე კონცენტრირება, ვხედავთ ოპოზიციას და ენჯეოებს, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონაში შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ადგილზეა პრემიერ-მინისტრი და თავად ხელმძღვანელობს პროცესს.

„საზოგადოება ხედავს, რომ ადგილზე მიმდინარეობს, უპირველესად ყოვლისა, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა დიდთოვლობისგან გამოწვეული კომუნიკაციის შეფერხებები აღმოიფხვრას. პრემიერ-მინისტრი არის ადგილზე, გურიას ვგულისხმობ, თუმცა სხვა რეგიონებშიც არის დიდთოვლობა, მაგრამ არა იმ მასშტაბის, სიმძიმის, როგორიც გურიაში. პრემიერ-მინისტრი ადგილზე თავად ხელმძღვანელობს პროცესს. ვითარებას ართულებს ის, რომ თოვა არ წყდება და ხელახალი გაწმენდითი სამუშაოები არის ხოლმე საჭირო. აქედან გამომდინარე, რთულია მუშაობა ამ პირობებში, მაგრამ გუშინ საღამოსაც მოვისმინეთ, დღესაც ვნახეთ განცხადებები, რომ ბევრ სოფელთან უკვე კავშირი აღდგა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ყველას, ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის, პირველადი დანიშნულების სხვადასხვა საგანთან დაკავშირებით, შესაბამისად მიეწოდებათ. პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართული არიან პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, ასევე ექიმები, ინტენსიურად მუშაობს სამედიცინო პერსონალი. ასე რომ, მთლიანად პროცესი არის კონტროლის ქვეშ და მიმდინარეობს სამუშაოები, რაც არის საჭირო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ახლა საჭიროა საზოგადოების ერთიანობა, კონცენტრირება საქმეზე და არა ცრუ ინფორმაციის გავრცელება, პანიკის დათესვა ხალხში.

„ზუსტად იმ დროს, როდესაც საჭიროა საზოგადოების ერთიანობა, კონცენტრირება საქმეზე, ვხედავთ ოპოზიციას, მის მედიას და „ენჯეოებს“, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას. აშკარა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, დათესონ პანიკა, შეიტანონ დაბნეულობა საზოგადოებაში, ისედაც რთული ემოციური ფონის არსებობისას, კიდევ უფრო ემოციურად დაამძიმონ ან გააღიზიანონ საზოგადოება. ეს მედიასტანდარტში ისედაც არ ჯდება, მაგრამ არც ადამიანურ სტანდარტში ჯდება. გუშინ რამდენჯერმე ვნახეთ, რომ გავრცელებული იყო ცრუ ინფორმაცია. რამდენიმე საათის შემდეგ თითქოს უარყვეს ეს ინფორმაცია, მაგრამ რჩება მავნე შედეგი, რაც მოაქვს დეზინფორმაციას. დაბნეულობას, ადამიანის ემოციებზე თამაშს თავისი შედეგი მოაქვს და შემდეგ ჩასწორებას დიდი გავლენა, შეიძლება, არც ჰქონდეს. მათ შორის, ჩემი გუშინდელი კომენტარიც პირდაპირ სპეკულაციურად იყო. მანიპულაციაც აღარ ჰქვია ამას, იმდენად დაჩეხილად იყო გამოყვანილი სტიქიასთან დაკავშირებით ჩემი კომენტარის ნახევარწამიანი მონაკვეთი. მათ შორის, თუ არ ვცდები, მამუკა მდინარაძეზეც იყო. მიზანია, ყველა ასეთი მძიმე შემთხვევა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. პოლიტიკური მიზანი რაიმე კონკრეტული კი არ არის, რაღაც შედეგებზე კი არ არის გათვლილი, არამედ ერთადერთი პოლიტიკური მიზანია საზოგადოების ემოციური დათრგუნვა, დატვირთვა, დაბნეულობის შეტანა, ემოციურად გაღიზიანება.

სხვათა შორის, ზუსტად ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, როდესაც მედია თუ ენჯეომიმართულებით დაფინანსებებს წყვეტს. აღიარება ითქვა აშშ-ის ხელისუფლებისგან, რომ ამ დაფინანსებით ხდებოდა პროპაგანდისტული ქსელის შექმნა ზუსტად იმისთვის, რომ როდესაც საჭიროა, სათანადო ნარატივები „აწიონ“. გუშინდელი დღე არის ამის კარგი მაგალითი, როგორ უნისონში მოქმედებდა ოპოზიცია, მისი მედია, უცხოეთიდან დაფინანსებული მედია, „ენჯეოები“. აბსოლუტურად ორკესტრირებული, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი იყო, რათა საზოგადოებაში შეეტანათ დისონანსი, გაეღიზიანებინათ საზოგადოება. კარგია, რომ ამაზე გამოწრთობლია როგორც საზოგადოება, მთლიანად სახელმწიფო, ხელისუფლება. შესაბამისად, ვხედავთ, რომ, დროული რეაგირებით, თავიანთ მიზანს ვერ აღწევენ, თუმცა საზოგადოების რამდენიმეწუთიან თუ რამდენიმესაათიან გაღიზიანებას ახდენენ. ხაზს გავუსვამდი, რომ „ტვ პირველმა“ ჩემს კომენტართან დაკავშირებით ჩაიდინა მანიპულაცია. ონლაინპუბლიკაციაში კომენტარები გათიშული აქვთ ასეთ მანიპულაციაზე, რათა ვინმემ შემთხვევით სიმართლე არ დაწეროს და არ ამხილოს მანიპულაცია, რომელსაც ავრცელებენ ეს ტელევიზიები. პირდაპირ, განზრახ ხდება მანიპულაციის გავრცელება, შემდეგ კომენტარების ველის ჩაკეტვა, რათა ამ მანიპულაციას რამე საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 გადასული ვართ საგანგებო და გაძლიერებულ რეჟიმზე, სრულად არის მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური როგორც გურიაში, ასევე იმერეთსა და აჭარაში – თემურ მღებრიშვილი

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სასოფლო გზების გაწმენდა და ბურანებით მოსახლეობასთან კონტაქტი. პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 23 თებერვლიდან იმერეთში, გურიასა და აჭარაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშა პროცესი.

„გუშინ ჩატარდა საგანგებო თათბირი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობასთან კონტაქტი ბურანების საშუალებით. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო. ასე ჯგუფურად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, გადაადგილებას, საკვების მიწოდებას. აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანების გამოყვანას სოფლებიდან, თუ არის მომართვიანობა ავადმყოფების შესახებ. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნული ღონისძიებები. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სოფლებში გადაადგილება და მივყვებით გუშინ გაწერილ გეგმას. 23 თებერვლიდან გადასული ვართ საგანგებო რეჟიმზე. როგორც იმერეთში, ისე გურიასა და აჭარაში სრულად არის მობილიზებული სამსახური და მუდმივად მიმდინარეობს მუშა პროცესი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

 

ჩვენ ვერ დავეთანხმებით უკრაინის კაპიტულაციას-დონალდ ტუსკი

ჩვენ ვერ დავეთანხმებით უკრაინის კაპიტულაციას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელ ლიდერებს ომის სწრაფად დასრულება სურთ.

„ჩვენ ვერ დავეთანხმებით უკრაინის კაპიტულაციას, რაც არ უნდა ვუწოდოთ ამას, თავხედურ მოთხოვნებს, მათ შორის, ტერიტორიულს. ჩვენ, ყველას, გვსურს ომის სწრაფად დასრულება. ევროპას სურს, ჰქონდეს რაც შეიძლება ცალსახა პოზიცია“, – განაცხადა ტუსკმა.

ტუსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში სამომავლო სამშვიდობო მისიით, ის მზადაა, უზრუნველყოს ნებისმიერი ლოგისტიკური დახმარება „უფრო დიდი მასშტაბითაც კი, თუ ეს საჭირო იქნება“.

ევაკუაცია, როგორც ჩარევის ზომა, ნაკლებად აქტუალურია, თუმცა უნდა შევიდეთ უკლებლივ ყველა სოფელში, რათა მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება-ირაკლი კობახიძე

ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა გზის გაწმენდა სოფლებში და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„რეალურად, ამ სოფლების შემთხვევაშიც არის ზუსტად იგივე სამუშაოები ჩასატარებელი, რაც სოფელ შრომის შემთხვევაში, საჭიროა გზის გაწმენდა და ამაზე მუშაობა წარიმართება. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ალტერნატიული საშუალებებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შესაბამის სოფლებში, რათა შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ მოსახლეობა. ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ, რათა მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არ შეიძლება, „ენჯეოები“ და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, „ფარას“ ანალოგის მიღებას ალტერნატივა არ აქვს -პრემიერი

არ შეიძლება, „ენჯეოები“ და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად, ბუნებრივია, „ფარას“ ზუსტი ანალოგი კანონის მიღებას საქართველოში არავითარი ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID-ი, NED-ი და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანასა და მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად, „ენჯეოების“ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID-ი, NED-ი და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად. ასეთ პირობებში, მით უმეტეს, ალტერნატივა არ აქვს NGO-ების გამჭვირვალობას. არ შეიძლება, NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.

 სტიქიის დროს ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას-ირაკლი კობახიძე

სტიქიის დროს ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც სტიქიასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის გუშინდელი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება და მათ შორისაა მედიასთან დაკავშირებული საკითხები.

„ზოგადად, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. არის რაღაც მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები არის მიუღებელი და სტიქია არის ერთ-ერთი ასეთი. სტიქიის დროს, ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება, მათ შორის, მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება. სპეკულაციები განსაკუთრებულად მიუღებელია ასეთ პერიოდში“, – აღნიშნა პრემიერმა.

გუშინ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და ფაქტობრივად საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ -შალვა პაპუაშვილი

მგონი, ყველამ აღიარა, რომ რაც წარვადგინეთ, არის ამერიკული „ფარას“ ზუსტი ვარიანტი. ამერიკა რომ მათ შორის გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის არის სამაგალითო ქვეყანა, ესეც ყველამ ვიცით. გუშინ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და, ფაქტობრივად, საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ექნება ამერიკულ „ფარას“ ვარიანტზე, შეუძლია, აშშ-ის საელჩოს მიმართოს.

„დავაინიცირეთ ამერიკული „ფარა“. მასში განზრახ არის დატოვებული ის ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რათა სპეკულაციისთვის შესაძლებლობა არ დაგვეტოვებინა. ყველა ტერმინი არის იდენტური. მგონი, ყველამ აღიარა, რომ ეს არის ამერიკული „ფარას“ ზუსტი ვარიანტი. ამერიკა რომ გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვისაც არის სამაგალითო ქვეყანა, ესეც ყველამ ვიცით და იციან, სად არის საელჩო. გუშინ ჩვენ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და, ფაქტობრივად საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ. ვსაუბრობ ბულინგზე, ზიზღის ენაზე და მუქარაზე, რომელიც მოედინება ქართველი სუბიექტების მიმართ. გუშინ ეს ვნახეთ აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე. ეს არის ამერიკულთან იდენტური ვერსია და რამე თუ აქვთ საკრიტიკო, უნდა აკრიტიკონ ამერიკა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საკოორდინაციო შტაბის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდნენ – უახლოეს საათებში დასრულდება სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. გარდა ამისა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების მიწოდების, ისე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა გადაუდებელ გამოძახებაზე მოხდა დროული რეაგირება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შესაბამის ლოკაციებზე მისვლა შეძლო.

გარდა ამისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა ოზურგეთთან დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინაციით, სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები.

საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. პროცესს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

ამასთან, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკმაყოფილდება თითოეული მცხოვრების საჭიროება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში  განხორციელდება მათი ევაკუაცია სტიქიის ზონიდან.

აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს გაწერილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად – საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თიბისი კაპიტალი Global Finance-მაცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად – საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

 Global Finance-ის პირველი რეგიონული და რიგით მე-4 ადგილობრივი ჯილდო, თიბისი კაპიტალის ბაზრის წილმა, გარიგებების რაოდენობამ და მოცულობამ, მომსახურებისა და რჩევების ხარისხმა, ინოვაციურმა პროდუქტებმა და შესაძლებლობებმა, კონკურენტუნარიანმა ფასებმა და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა რეპუტაციამ განაპირობა.

 საინვესტიციო საბანკო საქმიანობა

თიბისი კაპიტალი რჩება წამყვან საინვესტიცო ბანკად საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე. 2024 წელს, თიბისი კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის წილმა – 60%, ჯამში 20 ადგილობრივი და საერთაშორისო განთავსების მთლიანმა მოცულობამ კი, $800 მლნ შეადგინა (აღნიშნული ინფორმაცია არ მოიცავს IFI ტრანზაქციებს).

 2024 წელს, კიდევ უფრო გაფართოვდა თიბისი კაპიტალის საქმიანობა საერთაშორისო ბაზარზე და თიბისი უზბეკეთმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $13 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა.

 კვლევები

 

2024 წლის განმავლობაში, მაკროეკონომიკური, სექტორული და კაპიტალის ბაზრების ჯამში 200 პუბლიკაციით, თიბისი კაპიტალი ბიზნესლიდერებსა და ინვესტორებს, სწორი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარა. 

 საბროკერო მიმართულება

 2024 წელს, საბროკერო მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობა, 2023 წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და $1 მლრდ შეადგინა. ზრდა თიბისი კაპიტალის მუდმივად განვითარებადმა მომსახურებამ განაპირობა, რაც გულისხმობს პერსონალური მრჩევლის მომსახურებას ფიზიკური პირი ინვესტორებისთვის და კორპორაციების შემთხვევაში – ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში დახმარებას.

 აღსანიშნავია, რომ თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას მხოლოდ 2024 წელს, 75 ათასზე მეტი ახალი მომხმარებელი დაემატა.

 საკონსულტაციო მომსახურება

 2024 წელს, თიბისი კაპიტალმა M&A მიმართულებით, ჯამში $40 მლნ-ის მოცულობის, ფინტექ ინდუსტრიაში – 2 საერთაშორისო, ჯანდაცვისა და განათლების სექტორში კი 2 ადგილობრივი ტრანზაქცია განახორციელდა.

 კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენცია

 Global Finance-ის ჯილდოები თიბისი კაპიტალის მასშტაბურმა ღონისძიებამაც განაპირობა – ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალმა 2024 წელს ახალი ინიციატივით უპასუხა და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის ისეთმა წამყვანმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქართველი ემიტენტები და სხვა.

(R)

შეძლებს თუ არა უკრაინა ბრძოლის გაგრძელებას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე – რას წერს The Washington Post – ი

აშშ-ის გავლენიან გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილია სტატია სათაურით „შეძლებს თუ არა უკრაინა ბრძოლის გაგრძელებას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე?“ (ავტორი – მაქს ბუთი, ისტორიკოს-პოლიტოლოგი, ჯინ კირკპატრიკის ანალიტიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინელები, აღნიშნავენ რა საშინელი ომის მესამე წლისთავს,  იძულებულნი არიან იფიქრონ გაუგონარ და წარმოუდგენელ პერსპექტივაზე, რომ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვარგარეთული მოკავშირე მიატოვებს. უკრაინელებს ასევე უწევთ იმაზე ფიქრიც, თუ რამდენ ხანს შეძლებენ რუსეთთან ბრძოლას ამერიკის დახმარების გარეშე და შეძლებენ თუ არა საერთოდ.

ბოლო დღეებში, როცა ერ-რიადში აშშ-რუსეთის მოლაპარაკება მიდიოდა, კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობა შტოპორში შევიდა. დონალდ ტრამპმა საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენია ვოლოდიმირ ზელენსკი – „დიქტატორობაზე“ რომ არაფერი ვთქვათ, მას ომის დაწყება დააბრალა.

ამ საკითხს ისე არ მივუდგები, როგორც ეს გასულ ხუთშაბათს ცნობილმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ გააკეთა: „ამერიკა ეს-ესაა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის მხარეზე გადავიდა“. სრულიად შესაძლებელია, რომ დონალდ ტრამპს უკრაინისაკენ გული მოუბრუნდება, გამსაკუთრებით იმ დროს, როცა ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს მოაწერენ შეთანხმებას სასარგებლო წიაღისეულის გადანაწილების თაობაზე, მაგრამ დღეს ფაქტია, რომ თვით ტრამპის ზოგიერთი მომხრეც კი შეშფოთებულია პრეზიდენტის ანტიზელენსკური პოზიციით: რუპერტ მერდოკის გაზეთმა „ნიუ-იორკ პოსტმა“, რომელიც ტრამპისტულად ითვლება, პირველ გვერდზე ვლადიმერ პუტინის დიდი ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა – „პრეზიდენტო ტრამპ, დიქტატორი ეს არის“.

კითხვა შემდეგშია: რას გააკეთებს უკრაინა, თუ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან ისეთ შეთანხმებას გააფორმებს, რომელიც საბედისწეროდ დაარღვევს მის სუვერენიტეტს? არის იმის საფუძველი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეიძლება დათანხმდეს ასეთ ცალმხრივ გარიგებაზე – იმიტომ, რომ მას მსგავსი ნაბიჯი ადრეც გადაუდგამს. 2020 წელს დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ავღანელ თალიბებთან, რომლის თანახმად, აშშ-მა ივალდებულა თავისი ჯარების მთლიანად გაყვანა ავღანეთიდან და იქაური საპყრობილეებიდან 5000 თალიბის გათავისუფლება. და რა ივალდებულეს, თავის მხრივ,  თალიბებმა? პრაქტიკულად, მათ აბსტრაქტული პირობა დადეს: „თავს შევიკავებთ და ავღანეთს ტერორიზმის ბუდედ არ გადავაქცევთო“. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის იმდროინდელი მთავრობა პროამერიკული იყო, ისიც კი აღშფოთდა, რომ ვაშინგტონმა მოლაპარაკების პროცესიდან გამორიცხა და შეთანხმება მათ ზურგს უკან გააფორმა. რაც მოხდა შემდეგ, მსოფლიოს კარგად ახსოვს: ერთი წლის შემდეგ ქაბული თალიბებმა დაიკავეს [თუმცა ეს უკვე ჯო ბაიდენის ადმინიტრაციის დროს მოხდა).

 უკრაინისათვის ამერიკული დახმარების დაკარგვის შედეგები შედარებით უფრო კატასტროფული, მაგრამ მაინც სერიოზული იქნება. უკრაინის პოტენციალი ობიექტურად უნდა შევაფასოთ: კიევი სულაც არ ეყრდნობა აშშ-ის ჯარებს (ავღანეთის იმდროინდელი მთავრობისაგან განსხვავებით) ხოლო ქვეყნის მთავრობა ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე აშრაფ განის მთავრობა იყო ავღანეთში. უფრო მეტიც, უკრაინას, ავღანეთისაგან განსხვავებით, ვაშინგტონის გარდა ბევრად მეტი მოკავშირე ჰყავს: ევროპული ქვეყნები კიევს უფრო მეტად ეხმარებიან – ჰუმანიტარულადაც და ფინანსურადაც – ვიდრე აშშ. უკრაინამ, ავღანეთისაგან განსხვავებით, შექმნა და განამტკიცა თავისი სამხედრო მრეწველობა, რომელმაც 2024 წელს 1,5 მილიონი უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) ააწყო. და ეს დრონები დღეს მთავარ თავდაცვით იარაღს წარმოადგენენ რუსეთის შეტევებისაგან.

„გაურთულდება თუ არა სიტუაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმ შემთხვევაში, თუ აშშ სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს? დიახ, გაურთულდება“, – დაწერა „იქს-ქსელში“ უკრაინის არმიის ერთ-ერთმა ოფიცერმა, – მიიყვანს თუ არა კრახამდე აშშ-ის დახმარების შეწყვეტა უკრაინის არმიას 6 თვის განმავლობაში? არა, არ მიიყვანს. უბრალოს, მეტი უკრაინელი ჯარისკაცი  და სამოქალაქო მოსახლეობა დაიღუპება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საბრძოლო მასალები გამოილევა… მაგრამ ხაზს ვუსვამ: ფრონტზე ანაზდეული კრახი არ მოხდება“.

უკრაინელი ოფიცრის თვალსაზრისს ეთანხმება სელესტა უოლანდერი, რომელიც ბოლო დრომდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა. მან ჩემს კითხვაზე ასეთი პასუხი გამომიგზავნა ელექტრონული ფოსტით: „იქიდან გამომდინარე, რომ რაც უკვე მიწოდებულია აშშ-სგან, რაც მიწოდების პროცესშია და რასაც დამატებით მიაწვდის ევროპა, უკრაინას შეუძლია რუსეთის შეტევებს მთელი 2025 წლის განმავლობაში გაუძლოს – თუ, რა თქმა უნდა, გონივრულად იომებს“.

მაგრამ აშშ-ის დახმარების შეწყვეტის გრძელვადიანი შედეგები უფრო სერიოზული იქნება: „ჩემი დასკვნა ასეთია: არა, უკრაინას არ შეუძლია აშშ-ის დახმარების გარეშე რუსეთს გაუმკლავდეს“, – მომწერა ერთ-ერთმა ყოფილმა პენტაგონელმა ჩინოვნიკმა, რომელმაც კიევის ორი მნიშვნელოვანი მოწყვლადი ფაქტორი დაასახელა:

პირველი: „აშშ-ის სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გარეშე რუსეთის სამხედრო მრეწველობის ტემპები სწრაფად გაიზრდება, რომელიც უიმისოდაც კარგ შედეგებს აჩვენებს, დასავლეთის სამხედრო მრეწველობასთან შედარებით. განსაკუთრებით ეს ეხება მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალებისა და რაკეტების წარმოებას“.

მეორე – ევროპელებმა ბევრი რამ გააკეთეს რუსეთის ტექნოლოგიური იზოლაციის თვალსაზრისით, მაგრამ არსებობს ზოგიერთი ძალზე აუცილებელი ამერიკული ტექნოლოგია, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. ევროპელებს არ შეუძლიათ მათი ჩანაცვლება ან წარმოება, წარმოქმნილი სიცარიელის შევსება. მაგალითისათვის დავასახელებ Patriot-ისა და NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, HIMARS-ის ტიპის რაკეტებს და GMLRS-ის ტიპის რეაქტიულ ჭურვებს.  ევროპელებს, რა ტქმა უნდა აქვთ თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მაგრამ ჩვენი მათზე ბევრად უკეთესია. ჩვენ უკრაინელებს უკვე მივაწოდეთ ისინი საკმაო რაოდენობით და ახლა მათთვის მთავარია საბრძოლო მასალების დამატება, მომსახურება და რემონტი. ევროპის მრეწველობას ჩვენნაირი იარაღის წარმოება არ შეუძლია, მით უმეტეს, სწრაფი ტემპით, თვალის ერთ დახამხამებაში“.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა კიდევ ორი შემაშფოთებელი მოწყვლადობა დაასახელა: უკრაინა დღეს თითქმის მთლიანად ამერიკული დაზვერვის მიერ მიწოდებული [კოსმოსური] მონაცემებით სარგებლობს სამიზნე ადგილების შესარჩევად – რომელ რუსულ ობიექტებს დაარტყას და რა მომენტში. ასევე უკრაინის არმიისათვის შეუცვლელი გახდა ილონ მასკის Starlink-ის კავშირგამბულობის ქსელი, რომელიც კოსმოსური თანამგზავრების სისტემებს იყენებს. „და თუ ასეთი დახმარება შეწყდება, წარმოიდგინეთ რა მოხდება… არმია, ფაქტიურად, „დაბრმავდება და დაყრუვდება“. განა ასეთ პირობებში ჯარი ბრძოლას შეძლებს?“.

როგორც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოფილი მოადგილე ანდრეა ქენდალ-თეილორი ამბობს, თუ ამერიკა უკრაინას მიატოვებს, უკრაინელებისა და ევროპელების მორალური მდგომარეობა უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდება. იგი შიშობს, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ამერიკას მიბაძავს და უარს იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე, თუ დაინახავენ, რომ უკრაინა აშშ-ის დახმარების გარეშე ომს აგებს. უკრაინის ჯარიდან სულ უფრო მეტი ჯარისკაცი გაიქცევა დეზერტირის სახით, სულ უფრო მეტი მოქალაქე აარიდებს თავს არმიაში სამსახურს, გამეფდება უიმედობა და აპათია.

რა თქმა უნდა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ აშშ-ის მხრიდან დახმარების შეწყვეტამ ევროპელებში და უკრაინელებში ენერგიის მოზღვავება გამოიწვიოს და ისინი უფრო მეტს გააკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ – იმის გაცნობიერებით, რომ მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ბოლო წლებში ევროპელები ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად ზრდიან სამხედრო ხარჯებს – 2024 წელი ამ მხრივ რეკორდული იყო. ამჟამად განიხილება კიდევ ერთი მორიგი მსხვილი ზრდა. გარდა ამისა, ერსებობს ერთი კოზირი, რომელიც შეიძლება ევროპულმა ქვეყნებმა გაითამაშონ: მათ შეუძლიათ რუსული 300-მილიარდიანი აქტივების დიდი ნაწილი უკრაინას მისცენ, რაც უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროპისა და აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება. თეორიულად ამ თანხით უკრაინას ამერიკული იარაღის ყიდვა შეუძლია… მაგრამ განა დონალდ ტრამპი უკრინას იარაღს მიჰყიდის, თუ კიევი მის ნებას შეეწინააღმდეგება?

„ჩემი აზრით, დასკვნა შეიძლება ასეთი გაკეთდეს“, – ამბობს ანდრეა ქენდალ-თეილორი, – „არსებობს დიდი საფრთხე, რომ ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს… არავინ არ იცის და ვერც წარმოუდგენიათ, როგორი ქნება უკრაინის თავდაცვა ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის გარეშე“.

ზედმეტია იმის დეტალური კვლევა, თუ რა მდგომარეობაში ჩავარდება უკრაინა – „შეიარაღებლი თვალითაც“ კი ჩანს, რომ კიევისათვის აშშ-ის დახმარების შეწყვეტა დამღუპველ ზეგავლენას იქონიებს: კატასტროფულად მოიმატებს დაჭრილ-დასახიჩრებულთა რაოდენობა, ნგრევა და ზარალი, რაც საბოლოოდ ქვეყანას რუსეთის წინაშე კაპიტულაციამდე მიიყვანს.

უკრაინისათვის ეს იქნება სახალხო ტრაგედია, ამერიკელებისა და ევროპელებისათვის  – გეოპოლიტიკური ტრაგედია, კონკრეტულდ დონალდ ტრამპისათვის კი  – დიდი პოლიტიკური პრობლემა. მან მოახერხა და თავიდან აიცილა ბრალდება ავღანეთის [პროამერიკული] მთავრობის დაცემასთან დაკავშირებით – იმიტომ, რომ თალიბებმა წარმატებას ჯო ბაიდენის მმართველობის დროს მიაღწიეს (თუმცა აშშ-ის კრახს საფუძველი დონალდ ტრამპის შეთანხმებამ ჩაუყარა). მაგრამ იგი პასუხისმგებლობას ვეღარ გაექცევა, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის აიძულებს ხელი მოაწეროს ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც უკრაინა ხელში რუსეთს ჩაუვარდება.

წყარო