Home Blog Page 283

“ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.

„როგორც ელჩებს განემარტათ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი გახმაურებულ საქმეებზე და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას, რაც ბუნებრივია, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას.

შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს.

საგარეო უწყებაში ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მჭიდროდ ითანამშრომლონ, როგორც ორმხრივი ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ, ასევე საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში პროგრესისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელი რაფაჰში შეტევას განახორციელებს – იცით, რა არის წითელი ხაზი? რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს -ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი რაფაჰში სამხედრო შეტევის განხორციელებაზე უარს არ იტყვის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების მიუხედავად, რომელიც რაფაჰში შესვლას „წითელი ხაზის“ გადაკვეთად აფასებს.

„ჩვენ იქ წავალთ. არ ვაპირებთ ღაზას დატოვებას. მე მაქვს წითელი ხაზი და იცით, რა არის წითელი ხაზი? რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ოპერაცია ორ თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება, თუმცა ვადებზე დეტალურად არ უსაუბრია.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მის შესახებ ჯო ბადენის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება.

„არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობდა პრეზიდენტი, მაგრამ თუ ის ამით გულისხმობდა, რომ მე ვატარებ პირად პოლიტიკას ისრაელის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ და რომ ეს აზიანებს ისრაელის ინტერესებს, მაშინ ის ცდება ორივე თვალსაზრისით, “- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის რვა პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1975 წელს დაბადებული გ.ბ., 1995 წელს დაბადებული ქ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ჯ.კ., 2002 წელს დაბადებული ო.ს., 1999 წელს დაბადებული დ.გ., 1985 წელს დაბადებული ბელარუსის მოქალაქე მ.მ., წარსულში ნასამართლევები: 1981 წელს დაბადებული ნ.ზ. და 2001 წელს დაბადებული გ.გ.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო.ს.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები “კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, „პსილოციბინი” და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში გ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 12 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის – „ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ჯ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 34 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”, რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, გ.ბ.-ს და ქ.ჩ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები “ალფა პვპ” და “მეფედრონი”, ასევე, ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინის“ შემცველი ნივთიერება. სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო პოლიციამ გ.ბ.-ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგადაც. ამასთან, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.

გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს დ.გ.-ც. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული 26 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. გარდა ამისა, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ განთავსებული კიდევ 9 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ნ.ზ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 8 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”. მ.მ.-ს საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 261-ე,18-261-ე მუხლებით, ასევე 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

“უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს”-ირაკლი კობახიძე მიხეილ სარჯველაძეზე

გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ზუსტად ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოზიციაზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა, გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 2012 წლის შემდეგ მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მოგვიანებით ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2012 წლიდან ის გახლდათ საპარლამენტო გუნდის წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან გაუძღვება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. შეგახსენებთ, ეს არის ჯანდაცვა და, გარდა ჯანდაცვისა, ეს არის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევები არის უამრავი, ყველა მიმართულებით, არის სერიოზული გამოწვევები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სარჯველაძე, თავისი პროფესიონალიზმით და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ამ დარგს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე” – პრემიერი

ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ეს საკითხი სათანადოდ გაირკვეს.

„რაც შეეხება ჩვენს განცხადებებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რეაგირება ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც მხილებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, ბრიუსელსა და ბერლინში ხვდებიან. ამაზე რეაგირება აუცილებელი იყო. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული არა ერთი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, მას დამატებით 2 ბრალი წაყენებული აქვს. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც უკავშირდება, მაგალითად, ბიზნესის რეკეტს, ტელევიზიების მიტაცებას, ადამიანების წამებას, ადამიანებზე სასტიკ ძალადობას, ეს არის უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ასეთი ადამიანი არის დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელში, ბერლინში, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების ერთგული, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა და ა.შ. ეს არ მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ ფაქტზე უკიდურესად მნიშვნელოვანი იყოს რეაგირება. შესაბამისი კომუნიკაცია იქნება, როგორც ევროკავშირის, ასევე გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ეს საკითხი სათანადოდ გაირკვეს.

რაც შეეხება განცხადებას, რომელიც უკავშირდებოდა ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში, ვფიქრობ, რომ სწორედ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის თავდასხმა ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ ის პოზიცია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეხატა“, – განაცხადა კობახიძემ.

“პრეზიდენტი თავს არიდებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციებს” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან დაკავშირებული საკითხები კონსულტაციების რეჟიმში უნდა გადაწყდეს.

კობახიძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატებს წარადგენს პრეზიდენტი და ამტკიცებს პარლამენტი.

„ეს ნიშნავს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე ორგანოს აქვს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება. ერთს აქვს წარდგენის უფლებამოსილება, მეორეს – არჩევის. ეს ნიშნავს, რომ საკითხები უნდა გადაწყდეს კონსულტაციების რეჟიმში. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, ასეთ დროს აუცილებელია კონსულტაციები. მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა კანდიდატურები, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა საქართველოს პარლამენტთან  კონსულტაციებს. არ ვიცი, რა იქნება მისი პოზიცია ამ შემთხვევაში, კონსულტაციები საჭიროა. პრეზიდენტი თავს არიდებს კონსულტაციებს კანდიდატურებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტი იმოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ფასებთან დაკავშირებული მონაცემები მანიპულაციურია” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.

კობახიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მანიპულაციური მონაცემები და სპეკულაციები ვრცელდება.

„რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც არის 66-პროცენტიანი ზრდა 2012 წლის შემდეგ. აქაც იყო მანიპულაციები. მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები. სინამდვილეში, სამომხმარებლო ფასების ინდექსში 66-პროცენტიანი ზრდაა 2012 წლის შემდეგ, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, ანუ, დაბალი მაჩვენებელი, თუ ჩვენ გადავავალებთ თვალს იმ მონაცემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აშშ-ში, მეზობელ ქვეყნებში და ა.შ. შეგახსენებთ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი კრიზისი. ერთი იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს, ეს იყო 2015-2016 წლები. მაშინ იყო მათ შორის ინფლაციის დევავლვაციის მაღალი მაჩვენებელი. მეორე ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როდესაც დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო საქართველოში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ 66-პროცენტიანი მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში, კონტინეტზე და მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ის მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად არის მანიპულაციური და შეგვიძლია, უფრო დეტალური პასუხი გავცეთ სპეკულაციებს, რომლებიც ვრცელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის” – პრემიერი

ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას იგეგმება თუ არა დამატებითი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„რაც შეეხება მინისტრებს, ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის“, – განმარტა პრემიერმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი მიხეილ სარჯველაძემ ჩაანაცვლა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. მანამდე კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.

“ტრამპი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომისთვის ერთ ცენტსაც არ გასცემს და ომი დასრულდება” – ვიქტორ ორბანი

ტრამპს აქვს „საკმაოდ დეტალური გეგმები“, როგორ დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გეგმები ემთხვევა უნგრეთის ინტერესებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ ტელეკომპანია M1-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ტრამპს აქვს მკაფიო ხედვა, რაშიც ძნელია, არ დაეთანხმო. ის ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომისთვის ერთ ცენტსაც არ გასცემს და ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ ამის გარეშე უკრაინა ფეხზე ვერ დადგება. ამერიკელები ფულს და იარაღს თუ არ მისცემენ, მაშინ ომი დამთავრდება. ამერიკელები ფულს თუ არ გასცემენ, მაშინ ევროპელები თავად ვერ დააფინანსებენ ამ ომს და ომი დასრულდება“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ს არ სურს ევროპის უსაფრთხოების დაფინანსება.

„ევროპელებს თუ ეშინიათ რუსების ან ზოგადად, სურთ, ჰქონდეთ უსაფრთხოების მაღალი დონე, ამისთვის უნდა გადაიხადონ – შექმნან საკუთარი არმია, ჰქონდეთ საკუთარი აღჭურვილობა, ან ამისთვის ამერიკელებს თუ გამოიყენებენ, მათ უსაფრთხოების საფასური გადაუხადონ. ტრამპი პირდაპირ და გარკვევით საუბრობს“, – აღნიშნა ორბანმა.

ორბანის თქმით, ტრამპი „იყო პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ომი არ დაუწყია თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში“.

„ჩვენ ვიცით მის შესახებ, მისი პრეზიდენტობიდან ვიცით, რომ ის არის მშვიდობის ადამიანი. ის ახლა არ მალავს თავის შეხედულებებს. ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია მშვიდობის დამყარება რუსეთ-უკრაინის ომში. გვსურს ცეცხლის ადრეული შეწყვეტა. ჩვენ გვსურს ამ ომის სწრაფად დასრულება, რომელიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. მე ვერ ვხედავ სხვას, ვისაც აქვს მეტი მონდომება, ძალა, ვიდრე დონალდ ტრამპს“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ორბანი და ტრამპი ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ.

“დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას” – მიხეილ სარჯველაძე

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ წარმატებულნი, დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ იმ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივია და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელსაც უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს და რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება თუ თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ წარმატებულნი, დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

პრემიერმა რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად გიორგი ქაჯაია, პრემიერის მრჩევლად კი ზურაბ აბაშიძე დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც.

„მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ბატონი ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ  ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად – ზურაბ აბაშიძე.

„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ბატონი ლევან ჟოჟოლიანი, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დღემდე. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბატონი ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ბატონი ზურაბ აბაშიძე”, – განაცხადა პრემიერმა.

 ლევან ჟორჟოლიანი, ამ დრომდე  თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

ჟორჟოლიანმა ამ პოსტზე მიხეილ ჯაველიძე ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა. პოსტიდან კი მიმდინარე წლის 29 თებერვალს გათავისუფლდა.