Home Blog Page 282

პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ.

„გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომელიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ. ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვაა გაცემული – ორ-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროებაა ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, ეს ნებართვები აეღოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ვისაც აღნიშნული ნებართვის შენარჩუნების სურვილი აქვს, ის პირველ აპრილამდე უნდა გაააქტიუროს.

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 20–21 ათასი ნებართვაა გაუაქტიურებელი. ამიტომ, პირველ აპრილამდე გაქვთ ვადა. პირველ აპრილს გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ნებართვები შეინარჩუნოთ, გაააქტიურეთ ისინი პირველ აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შესაბამის ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო და არის მიხეილ სააკაშვილი” – გიორგი ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო და არის მიშა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძეს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არ იყო“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი მიხეილ სააკაშვილია. ამას ყველა ხედავს. „ნაცმოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბევრი მოტორი ჰყავს. ხედავთ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მთლიანად შევცვალეთ კურსი და პოლიტიკაში ხალხი დავაბრუნეთ, მათ შორის ის საკითხები, რაც ხალხს აწუხებს. დღეს ისე, როგორც არასდროს, ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, ცვლილებების დრო მოვიდა. „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, მთავარი მოთამაშე ვიქნებით ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ საქართველო წინ იყოს. პირდაპირ გეუბნებით, მთავარი მოტორი იყო და არის მიშა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ომში? – რას წერს ბრიტანული „ეკონომისტი“

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ომში?“, რომელშიც განხილულია კრემლის დანაკარგების მიახლოებითი რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რამდენი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა უკრაინასთან ომში? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია, რადგან კრემლი ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს. მეტ-ნაკლებად სრული მონაცემები შეიძლება მოიძებნოს ორი დამოუკიდებელი რუსული გამოცემის – „მედიაზონისა“ და „მედუზას“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, რომლებიც შედგენილია საჯარო ნეკროლოგებისა და განცხადებებეის საფუძველზე.

„ეკონომისტმა“ ამ საკითხზე ბოლო გამოკვლევა 2023 წლის ივლისში გამოაქვეყნა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რუსეთის დანაკარგები კი სულ უფრო მატულობს. თუ იმ მომენტში მოკლულთა და დაჭრილთა რაოდენობა 40 ათასიდან 55 ათასამდე მერყეობდა, ახალი მასალების საფუძველზე, სხვადასხვა მონცემების ურთიერთშედარებისა და მათი ანალიზის მიხედვით მიღებული ციფრი, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 66 ათასიდან 88 ათასამდე მერყეობს. ეს შეფასება ემთხვევა დასავლური სადაზვერვო სამსახურების შეფასებებს: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, რუსეთის დანაკარგებმა 70 ათასი შეადგინა. ამასთან, სრულიად განსხვავებული ციფრები აქვთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, რომელთა აზრით, რუსეთის დანაკარგები 120 ათასი მოკლული და დაჭრილია.

გამოკვლევაში სხვადახვა გრაფიკები და დიაგრამებია გამოყენებული. ერთ-ერთი აჩვენებს შარშან ზაფხულში, უკრაინის არმიის კონტრშეტევის დროს დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას, რომელშიც მკვეთრი მატება შეინიშნება. ასევე ბახმუტის ბრძოლების დროს.. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გათვლებით, ერთ მოკლულ უკრაინელზე სამი ან ოთხი რუსი ჯარისკაცი იგულისხმება.

დაღუპულთა ყველაზე მეტ რაოდენობას 25-29 წლის ასაკის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს წარმოადგენენ: 2022 წლის თებერვლიდან დაიღუპა 15-17 ათასი ადამიანი.

გამოკვლევაში არის ისტორიული კონტექსტიც: 2023 წლის აპრილისათვის რუსეთმა უკვე დაკარგა უფრო მეტი ჯარისკაცი, ვიდრე იმ ომებში და კონფლიქტებში, რომლებშიც საბჭოთა კავშირი 1945 წლის შემდეგ მონაწილეობდა (მაგალითად, კორეაში, ჩინეთთან, ავღანეთში და ა.შ.).

რუსეთის არმიის დანაკარგებს რეგულარულად აქვეყნებს უკრაინის მხარე. სულ ბოლო მონაცემებია 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში, რომლის მიხედვით, რუსეთის დანაკარგები 180 ათას კაცს შეადგენს, მაგრამ ისინი სანდო ნამდვილად არ არის, რადგან, გასაგები მიზეზების გამო, რუსი დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ძალიან გაზვიადებულია. საბოლოო ჯამში შეიძლება გამოითვალოს დაახლოებითი რაოდენობა – მოკლულია 110 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე.

რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა ძალიან მძიმე წარმოდგენას იძლევა იმ შედეგებზე, რაც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამ გამოიწვია. ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, სულაც არ ადარდებს ის ფაქტი, რომ მას საკუთარი თანამემამულეების სისხლში აქვს გასვრილი ხელები.

რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს:

 „ომში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. არა 300 ათასი ან 150 ათასი, როგორც პუტინის ტრაბახა გარემოცვა აცხადებს, არამედ მხოლოდ 31 ათასი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვლას პრეს-კონფერენციაზე.

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახელებული ციფრიც განგებ არის შემცირებული. სხვათა შორის, „ნიუ-იორკ თაიმსი“ ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში წერდა, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, იმ დროისათვის უკრაინის ჯარებში ცოცხალი ძალის ზარალი 70 ათას მოკლულს და 120 ათას დაჭრილს აღემატებოდა.

წყარო

40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტმა 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე შეისყიდა.

„თავდაპირველად გავაჟღერეთ, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის აუცილებლობა იყო, თუმცა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ. 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება. ამ მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, თუ რა პირობებზე უნდა იყოს გათვლილი ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები.

„ავტობუსები სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის; ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილი იქნება თბილისის კლიმატურ პირობებზე; აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს.

„ავტობუსები გათვლილი უნდა იყოს 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე, WIFI მოწყობილობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ჩვენი ალიანსები, პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ ეს მთხოვა პრეზიდენტმა ბაიდენმა, როდესაც მოვდიოდი საქართველოში”

მინდა, დავიწყო ჩემი გამოსვლა პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებით, პრეზიდენტი ამბობს: ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს, ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობები კიდევ მეტად უნდა გააღრმაონ.

„ვიმუშავებთ, რომ იყოს კეთილდღეობა და სტაბილურობა. ამ სიტყვებით პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ალიანსები, პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ ეს მთხოვა მან, როდესაც საქართველოში მოვდიოდი, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი უკვე არსებული კარგი და ფართო თანამშრომლობა. ჩვენ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენ გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული და რწმენა, რომ გვაქვს ამის მზაობა და შეგვიძლია, სამყარო ვაქციოთ უკეთეს ადგილად ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა დანიგანმა.

2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

„როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავტობუსის პარკის განახლებაა, თუმცა დამატებით დაგვჭირდა 18-მეტრიანების შემოყვანა, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს. 160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე:  N301, N308 და N314.

“ვისაც არ უნდა ევროკავშირი, ჩაებღაუჭოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს” – გიორგი ვაშაძე

ჩემთვის სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის განმტკიცება არის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, პაპუაშვილის და ივანიშვილის ჯგუფისთვის სახელმწიფოებრიობა არის მურუსიძე და ჩინჩალაძე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ე.წ. ვეტინგის სისტემა არის ევროპული სტანდარტი.

„მე მინდა სწრაფად ევროკავშირში, რომ სიკეთე, კეთილდღეობა მოვიტანოთ ყველა ქართულ ოჯახში. მათ უნდათ კეთილდღეობა მხოლოდ მათთვის. რაც შეეხება „ვეტინგს“, ევროკავშირში გვაწევრიანებს სწრაფად. ამაზე მეტი უპირატესობა რა შეიძლება, იყოს? ბუღალტერიაში რომ არ შევიდეთ, გეუბნებით, ეს არის ევროპული სტანდარტი. ხომ გვინდა ევროკავშირი? ევროპული და ამერიკული ინვესტიციები? მათ სჭირდებათ სანდო სასამართლო. გვინდა ევროკავშირი? აგერ, ბატონო, სისტემა, რომელიც უნდა დავიწყოთ. ვისაც არ უნდა ევროკავშირი, ჩაებღაუჭოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, ეს არის პაპუაშვილის და ივანიშვილის გზა“, – განაცხადა ვაშაძემ.

“მმართველი ძალა იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავს” – ხატია დეკანოიძე

მმართველი ძალის პოზიციაა, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავენ – ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესასრულებელია, რომ დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც მართლმსაჯულების რეფორმასა და „ვეტინგის“ მოდელზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ჩამოყალიბებულია, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ რეფორმის განხორციელებისთვის და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. „რეკომენდაცია იყო ვენეციის კომისიის. აქ საუბარი იმაზე არ არის, ხატია დეკანოიძე რას ეუბნება მმართველ ძალას, აქ საუბარია იმაზე, რომ შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, იუსტიციის საბჭოს რეფორმა საერთოდ არ გვჭირდება. თუ რაიმე ახალი რეფორმის ქვაკუთხედი და მოდელი აქვს მმართველ ძალას, მე მზად ვარ და დარწმუნებული ვარ ყველა პარლამენტში, რომ ეს მოდელები ჩვენ განვიხილოთ. თუმცა, მათი პასუხი იყო ის, რომ ისინი ვერ ხედავენ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას. ყველაფერი დაწერილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ დეკემბერში მოლაპარაკებები გაიხსნას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემა, რასაც რამდენიმე დღეა ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია.

„სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს. მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვინც მისაბაძ მაგალითად ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას გვისახავს, არაკეთილსინდისიერია. ნებისმიერი კვლევის მიხედვით, საქართველო ამ ქვეყნებზე ყველა პარამეტრით რამდენიმე თავით მაღლა დგას. საქართველოსთვის მათი მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მიჩიგანში „დემოკრატების“ პრაიმერიზზე ჯო ბაიდენმა, „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზზე კი დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

მიჩიგანში გამართულ პრაიმერიზზე ამომრჩევლის რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. დემოკრატების პრაიმერიზში მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. რესპუბლიკელთა შორის კი პირველობა ისევ დონალდ ტრამპმა მოიპოვა.

ექსპერტები უკვე აცხადებენ, რომ მიჩიგანის პრაიმერიზი გადამწყვეტ როლს ითამაშებს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც, დიდი ალბათობით, ბაიდენი და ტრამპი კონკურენტები იქნებიან.

“ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას” – ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ – რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს რა კონფიგურაციაც არ უნდა შესთავაზოს, ეს რეალურად, ქართული პოლიტიკისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.

„ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლა ამ არჩევნების წინ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, რომ რაღაცა ფორმა, კონფიგურაცია მიიღონ, რომ არჩევნებზე რაღაცა წარმატების შანსი მაინც ჰქონდეთ 5%-იანი ბარიერის გადალახვისა. გამომდინარე აქედან, რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი ოპოზიცია – ერთად იქნებიან, სხვადასხვა კონფიგურაციას მიიღებენ, თუ არა. ვფიქრობ, რომ არანაირი ფორმატი, რა ფორმატშიც არ უნდა დალაგდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან, ეს მნიშვნელოვნად და რეალურად სიახლეს ქართული პოლიტიკისთვის არ წარმოადგენს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავუმეორე მზაობა, გავაღრმაოთ სტრატეგიული ურთიერთობები” – რობინ დანიგანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავუმეორე მზაობა, გავაღრმაოთ სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდამავალ ეტაპზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„გასულ კვირაში მქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ჩვენი ურთიერთობები ჩემს პირველ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან პირველად. კიდევ ერთხელ გავუმეორე პრემიერ-მინისტრს მზაობა, გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ჩვენ ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, მათ შორის შუა დერეფნის მხარდაჭერა, აგრეთვე ჩვენი სამხედრო-თავდაცვითი ურთიერთობების გამყარება და ჩვენი კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა. საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და ეს იყო დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ბევრს მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. შემდგომი თვეების, წლების განმავლობაში მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ, შეასრულოთ ცხრა პირობა, გქონდეთ წინსვლა ამ გზაზე. აშშ მზად არის ამისთვის. აგრეთვე, მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტზე. ჩვენ ვითანამშრომლებთ და გვინდა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოების ყველა სფეროსა და ასპექტს“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი წელია.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ის, რომ წავედი ბრიუსელში, ვესაუბრე საქართველოს კანდიდატობაზე და იმაზე, თუ რა შეუძლია, აშშ-ს გააკეთოს, რათა უკეთ დაგეხმაროთ ამაში; რამდენად და როგორ შეიძლება, იყოს ჩვენი მხარდაჭერა, როგორ შეიძლება, იყოს კიდევ უფრო ხელსაყრელი თქვენი მიზნის მიღწევაში. ჩემი პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, რათა განმეხილა ხელმძღვანელ პირებთან საქართველოს მისწრაფებები, მხარი დამეჭირა; ასევე, მხარი დაგვეჭირა საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებებზეც, ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი წელი გაქვთ წელს, რომელიც იმედია, მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აგრეთვე, ვისაუბრეთ არჩევნებზეც და დარწმუნებული ვარ, თქვენც იზიარებთ ჩემს მოსაზრებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე, ყველა თქვენგანი, პარლამენტი, მთავრობა, ოპოზიცია, საზოგადოება და განსაკუთრებით ცესკო, რათა უზრუნველყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება სათანადოდ, სამართლიანად, გამჭვირვალედ დათვლილი და პროცესიც იქნება მთლიანად სამართლიანი და გამჭვირვალე“, – განაცხადა დანიგანმა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

4 მარტამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსამდე მოიმატებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.