Home Blog Page 282

“ერთი კვირის ვადაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, პრეზიდენტს წარვუდგენთ გეგმას, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას”

ერთი კვირის ვადაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტს წარვუდგენთ გეგმას, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ფართო ჯგუფი ჰყავთ, რომელიც თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობს.

„აუცილებელია ცხრა პუნქტის შესრულება. სწორედ ამას ეხება პრეზიდენტის ინიციატივა. ერთი კვირის ვადაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, წარვუდგენთ პრეზიდენტს, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას. ფართო ჯგუფი გვყავს, რომელიც მუშაობს თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე. ხალხის გამარჯვების შემდეგ, პირველი ამ ყველაფრის შესრულება იქნება საჭირო, რათა 15 დეკემბრისთვის გახსნას მოლაპარაკებები საქართველომ. პრეზიდენტის ინიციატივა ხელს უწყობს,  შეთანხმებული იყოს ფართო სპექტრი, რას ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე პირველივე დღიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ღიად ვიტყვი, უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, კონკრეტული პასუხით გამოვსულიყავი, თუმცა საკმაოდ საინტერესო საუბარი იყო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ამ შეხვედრაზე არ ველოდებოდი „კი“ თუ „არაზე“ საუბარს და არც იყო მიზანი. ნუ ჩავთვლით, რომ ერთი შეხვედრის დროს მყისიერად ყველაფერი უნდა იყოს წარმოჩენილი. ჩემი განწყობაა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და დარწმუნებული ვარ, მიშაც იქნება თავისუფალი“, – აღნიშნა გიორგი ვასაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6525 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6525 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6525 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6530 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8708 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

“ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია” – ხატია დეკანოიძე

ნებისმიერი სახის იმუნიტეტი, რომელიც ექნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რა თქმა უნდა, ვერ განაპირობებს მის დამოუკიდებლობას – ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას განაპირობებს გამჭვირვალე კონკურსით შერჩეული უფროსი და ამასთან, ბიუროსთვის საგამოძიებო ორგანოს დამატება.

მან ასევე NDI-ის ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ეტყობა პოლიტიკური ნება, რომ „გამოასწოროს ძალიან მწვავე შეფასებებში ჩაწერილი რეკომენდაციები“.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პირველი შეფასება არის უარყოფითი. თუ ასე გაგრძელდება უარყოფითად წინასაარჩევნო გარემოს შეფასება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს არჩევნების დღეზე,“ – აღნიშნა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, მან რუსეთის სავარაუდო გავლენებზე ისაუბრა და განაცხადა რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი პარტიაა.

„რუსეთის პირდაპირი ინტერესია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები. მე ვთვლი, რომ სხვა ფარული ჩარევის მცდელობები რუსეთს არ აქვს, ერთადერთი რუსეთს რაც უნდა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს მმართველობაში. ამიტომ გასაგებია, უკვე რომ ეს არის ღია პრორუსული ინტერესები საქართველოში. საქართველოს არჩევნებში რუსეთის და პუტინის ინტერესი არ არის პროდასავლური ძალების კოალიციის გამარჯვება. მათი ინტერესია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დარჩეს მმართველობაში,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“სალომე ზურაბიშვილთან ქვეყნის ევროპული მომავლის ფარგლებში სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ” – თინა ბოკუჩავა

სალომე ზურაბიშვილთან ქვეყნის ევროპული მომავლის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ, არ მივცემ თავს უფლებას, პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პოლიტიკურ პარტიებთან პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრები ევროპულ დღის წესრიგზე და იმ ცხრა დათქმაზე, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ამ თვალსაზრისით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული ხედვები და კონკრეტული პროექტები, რომელი ასევე გავუზიარეთ პრეზიდენტს. ამ ცხრა დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. ეს უკავშირდება სასამართლო რეფორმას, საარჩევნო პროცესს, დეპოლარიზაციას და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციას. ამიტომ, რა თქმა უნდა, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის და დღის წესრიგის ფარგლებში ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე.

ჩვენი მხრიდან ეს საკითხი ძალიან პრინციპულია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი და არა მხოლოდ პიროვნული ან პარტიული საკითხი. მაგრამ არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ყოფილი ძალოვანების პენსია 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილებები ასევე შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში.

პროექტი ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, შესაბამისად, პენსიის მაქსიმალური ზღვარი იზრდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში. წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა კანონით განსაზღვრული პენსიის ზედა ჭერი – 560 ლარი, რომელიც 2006 წელს არის დადგენილი. პირველადი პენსიის ზრდის მიუხედავად, ეს ზედა ჭერი იყო უცვლელი. ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ მრავალი წელი ნამსახურები ძალოვან სტრუქტურებში, ასევე ყოფილ პარლამენტარებს, მოსამართლეებს და ა. შ. შეზღუდული ჰქონდათ უფრო მეტი აკადემიური სტიპენდიის მიღება. ცვლილებით იზრდება ზედა ჭერი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცვლილებების თანახმად, მთავრობის ინიციატივით შემოთავაზებულია, რომ 560-ლარიანი შეზღუდვა გაიზარდოს 1000 ლარამდე, ხოლო ადამიანებს, ვისაც მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული ჰქონდათ კომპენსაცია, მათთვის ზედა ზღვარი გაიზარდოს 1200 ლარამდე.

გარდა ამისა, 2013 წლის შემდეგ პირველად იცვლება კოეფიციენტების დაანგარიშების წესი და კოეფიციენტების ოდენობა წოდებების მიხედვით 5-დან 25 ლარამდე იზრდება. ზედა ჭერი ასევე იზრდება ყოფილი მოსამართლეებისთვის, ყოფილი პროკურორებისთვის, ყოფილი პარლამენტარებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ყოფილი დიპლომატებისთვის, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისთვის, ყოფილი გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილისათვის.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და დამატებით გათვალისწინებულია 45 მილიონი ლარის ხარჯი.

საკანონმდებლო ცვლილება 2024 წლის 1-ელი მაისიდან უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, მოხდება პენსიის გადაანგარიშება მათთვის, ვისაც უკვე დანიშნული აქვს.

„მეტა“ შექმნის ჯგუფს ევროკავშირის არჩევნებში დეზინფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებასთან საბრძოლველად” – როიტერი

„ფეისბუქის“ მფლობელი კომპანია „მეტა“ ჩამოაყალიბებს ჯგუფს დეზინფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

როგორც მედია წერს, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ და მისმა უნარმა, წამებში შექმნას ტექსტი, გამოსახულება ან ვიდეო, გააძლიერა საფრთხე, რომ ახალი ტექნოლოგია შესაძლოა, გამოყენებული იქნას არჩევნებში ხელის შეშლისთვის.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩვენ გავააქტიურებთ არჩევნების ოპერაციულ ცენტრს პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის და რეალური დროის რეჟიმში მათ შესამსუბუქებლად ზომების მისაღებად“, – აღნიშნულია „მეტას“ ევროკავშირის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის მარკო პანჩინის განცხადებაში.

მისი თქმით, კომპანიის დაზვერვის, მონაცემთა დამუშავების, ინჟინერიის, კვლევების, ოპერაციების, კონტენტის პოლიტიკისა და იურიდიული განყოფილებებიდან ექსპერტები ძალისხმევას მიმართავენ დეზინფორმაციის, გავლენის ოპერაციების და ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების რისკების წინააღმდეგ საბრძოლველად.

როგორც მედია წერს, „მეტა“, რომელიც ამჟამად თანამშრომლობს ევროკავშირში ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე 26 ორგანიზაციასთან, დაამატებს სამ ახალ პარტნიორ ორგანიზაციას ბულგარეთში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში.

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს გაიმართება. „მეტა“, „მაიკროსოფტი“, OpenAI და კიდევ 17 ტექნოლოგიური კომპანია მიმდინარე თვეში შეთანხმდნენ, ერთად იმუშაონ, რათა აღკვეთონ მიმდინარე წელს მსოფლიოში დაგეგმილ არჩევნებში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი შეცდომაში შემყვანი მასალების ჩარევა.

“ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს”

ჩვენ, ევროკავშირი, არ ვერევით არჩევნებში, არ ვუჭერთ მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მაგრამ ის, რასაც ჩვენ აშკარად ვუჭერთ მხარს, არის არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინოს.

„მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში ექნება შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი საარჩევნო პროგრამა, იბრძოლოს ამომრჩევლებისთვის, რათა მომავალი პარლამენტი ძალიან კარგად წარმოაჩენდეს საქართველოს მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობას“, – აღნიშნა ელჩმა.

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტონაწილების საწყობში ხანძარი იყო

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტონაწილების საწყობში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

კოლექტიურ „ნაცებს“ ნინო ლომჯარიას პირით მოუწიათ ისტორიული აღიარების გაკეთება, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს

რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცებს“ ნინო ლომჯარიას პირით მოუწიათ ძალიან დიდი და შეიძლება ითქვას, ისტორიული აღიარების გაკეთება იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა რადიკალური ოპოზიციის ვერცერთი წარმომადგენელი პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ნინო ლომჯარიას ფეისბუქ-სტატუსს ეხებოდა, სადაც ლომჯარია პოლიტიკური პარტიების გაერთიანებაზე წერს და აღნიშნავს, რომ
„თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო მათი ოპოზიციურად განწყობილი ხმებს ჯამი, რომელმაც 20%-მდეც შეიძლება მიაღწიოს, ბარიერ გადალახულ პარტიებზე გადანაწილდება“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „სწორედ ამ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ბევრი ხმა პროპორციულად გადანაწილდეს, მათ შორის, „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც აუცილებლად პირველ ადგილზე გავა“.

საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ამით ისინი აღიარებენ, რომ ყველა დანარჩენი პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ 5%-იან ბარიერს ვერცერთი უახლოვდება.

„რადგან ისინი [ოპოზიცია] აღიარებენ, რომ გადაუნაწილებელი ხმები თუ მანდატები იქნება ძალიან ბევრი, ე.ი აღიარებენ, რომ დანარჩენი ყველა პარტია იმდენად ურეიტინგოა, რომ ვერცერთი მათგანი უახლოვდება ხუთ პროცენტიან ბარიერს. ამ შემთხვევაში სწორია მოცემულობა, რომ გადაუნაწილებელი მანდატი იქნება ბევრი, მხოლოდ ამაში ვეთანხმები ნინო ლომჯარიას. ისინი როგორ იმოქმედებენ, შეცვლიან გეგმას და „ნაცმოძრაობის“ ოცი პროცენტის ზემოთ, ე.წ. შუა ხმებზე, დარჩენილ ოც პროცენტზე, რა გზით იმუშავებენ, გაერთიანებით თუ კიდევ უფრო დაქსაქსვით, ეს მათი საქმეა“, – განაცხადა მდინარაძემ.

“საქართველომ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას საზოგადოება და მომავალი თაობა” – მდინარაძე ლგბტ პროპაგანდაზე

ამ მიმართულებით თანამედროვე სამყარო დღეს უდიდესი გამოწვევების წინაშეა. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა ლგბტ პროპაგანდა და ამ უდიდესმა პრობლემამ სამწუხაროდ ოფიციალურ უწყებებშიც შეაღწია და ოფიციალურ უწყებებშიც გაჩნდა მითითებები, რომ გენდერული ნიშნით ცოტა სხვანაირად მოიხსენიონ ოჯახის წევრები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ბერლინის კინოფესტივალზე მამუკა ხაზარაძის შვილის საპროდიუსერო კომპანიის ფილმის მიერ ლგბტ ფილმების ჯილდოს მიღების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არასდროს ხელისუფლებასთან ახლოს არ უნდა იყოს გაკარებული არცერთი ჯგუფი თუ ადამიანი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერია.

„როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს კონკრეტულ ქვეყნებთან თუ მის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ჩვენთვის ეს შემაშფოთებელი და უკიდურესად მიუღებელია. ჩემი აზრით, საქართველოში არასდროს ხელისუფლებასთანა ახლოს არ უნდა იყოს გაკარებული არცერთი ჯგუფი, თუ ადამიანი, რომელიც ამ პროპაგანდის ავანგარდში ან მხარდაჭერად შეიძლება იყოს. მოცემულ სიტუაციაშიც ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ოჯახი, რომელიც თავისი ფონდით აფინანსებს ლგბტ პროპაგანდისტულ ფილმებს, რომელიც არა უფლებების დაცვას (რაც გასამიჯნი თემაა, და უნდა გავმიჯნოთ იმგვარად, რომ არავინ უნდა შეეხოს არანაირი უმცირესობის უფლებებს და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მათი უფლებები ზედმიწევნით) თუმცა, მეორე, უდიდესი პრობლემაა, რომ ლგბტ პროპაგანდა სხვადასხვა მასშტაბებს იძენს და და ოფიციალურ სტრუქტურებში შედის. საქართველომ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას თავისი საზოგადოება და მომავალი თაობა. თუ აღმოჩნდა ისიც, რომ თურმე ეს ხალხი ლგბტ პროპაგანდისტული ნაწარმოებებს აფინანსებენ, არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამ ფსევდოლიბერალურ კასტას ეს ხალხიც შეუერთდა. შემწყნარებლობა და ფაშისტური ჩანართები ერთმანეთთან თავსებადი ვერ იქნება, შესაბამისად, ეს აგრესიული ლიბერალიზმი არის მხოლოდ და მხოლოდ საფრთხე და ჩვენ თუ გვინდა ნამდვილი ლიბერალიზმი, სხვა გზა არის ამისა, რასაც ისედაც ვაკეთებთ, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცებს მოვახვიოთ თავს რაღაც პროპაგანდები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მესიჯი გაახმოვანა დღეს ირაკლი კობახიძემ – ჩვენი მომავალი თაობა უნდა იყოს განათლებული, ამაყი და პატრიოტი”

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მესიჯი გაახმოვანა დღეს ირაკლი კობახიძემ იმის შესახებ, რომ ჩვენი მიზანი არის არამხოლოდ განათლების დონის ამაღლება, არამედ უნდა მივიღოთ მომავლი თაობა, რომელიც იქნება განათლებული, ამაყი და პატრიოტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ყველა შვილი პატრიოტული სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ, რომ თითოეული მათგანი იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მისი ვალდებულებაა, ქართული საოცნებო სახელმწიფოს მშენებლობაში, პატრიოტული სულისკვეთების შენარჩუნებაში და ეროვნული იდენტობის გადარჩენაში მონაწილეობა მიიღოს. ეს ინიციატივა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ერთიორად დასაფასებელია“, – აღნიშნა მან.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა პრემიერის მიერ ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

„ჩვენ შარშან მივიღეთ კანონი, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობდა. „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი კლასტერის წარმომადგენელი, ჩვენი კანონის შემდეგ საჯარო სივრცეში ჰპირდებოდა ახალგაზრდებს ამ კანონის მიღებას. ან მართლა არ იცოდნენ პარლამენტმა რა კანონი მიიღო, ან ძალიან თავხედობდნენ პიარულად. ამას ჭირდება რეალიზება და დაახლოებით 3000 სტუდენტი, ყველაზე წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ შრომის ანაზღაურებს, თან გაივლიან სტაჟირებას, რაც მიეხმარება მათ პრაქტიკის, გამოცდილების შეძენაში. ეს იქნება განგრძობითი. ეს იქნება საპილოტე ვერსია, პრაქტიკაში გამოჩნდება ხარვეზებიც, პოზიტიური მხარეებიც და კიდევ უფრო დაიხვეწება. ეს იქნება მასობრივი ღონისძიება, რაც შეუწყობს ხელს ჩვენი ახალგაზრდებისთვის მეტი ცოდნის და გამოცდილების მიღებას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დიდხნიანი მუშაობის შედეგად, მოამზადა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას, რათა სკოლამ აღზარდოს ღირსეული მოქალაქე.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება.

“მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს” – UNICEF-ის ექსპერტი

მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს, მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს და ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცულია, თუ სახლში პოკერს ითამაშებს, ვიდრე ვთქვათ, თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ თემატური მოკვლევის ანგარიშს ისმენენ, გუგა ბესელიამ აღნიშნა, რომ მუშაობა საჭიროა რამდენიმე მიმართულებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პრევენცია და საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც იმუშავებს სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.

„კვლევებმა გვაჩვენა, რომ მოზარდების 10% ამბობს, რომ მათი მშობლები თვითონ აფინანსებენ მათ თამაშს, ოღონდ მიზანმიმართულად, დანარჩენების თამაშსაც მშობლები აფინანსებენ, მაგრამ იმათ არ იციან. ამ 10 %-ის მშობელმა იცის, თუ რისთვის აძლევს ფულს თავის შვილს და მოტივაცია რა არის – თვლის, რომ ამ მოქმედებით მისი შვილი უფრო დაცული იქნება, ვიდრე იმით, რომ ვთქვათ, გავიდეს გარეთ და იქ თანატოლებთან ითამაშოს ფეხბურთი ან სხვა რამ. ურჩევნია თავის შვილი იჯდეს სახლში და პოკერს თამაშობდეს. ამ ცნობიერებაზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არამხოლოდ მოზარდის, არამედ სკოლის პერსონალის, მშობლების და სრულიად საზოგადოების მიმართულებით, რადგან მაგალითისთვის რომ ვთქვათ, სარეაბილიტაციო ცენტრებთან კომუნიკაციის შედეგად ფიქსირდება, რომ მშობლებს გააზრებული არ აქვთ, რომ მათი ოჯახის არის დაავადებული და არა ცუდი (ადამიანი). ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როცა პირზე ასე ფიქრობენ, ეს პირი კიდევ უფრო დიდხანს მალავს პრობლემას და პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება,“ – განაცხადა გუგა ბესელიამ.