Home Blog Page 281

“2023 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტები 27.8 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც 30.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 27.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 75.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 20.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40.4 პროცენტს შეადგენდა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტი – 52.3 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ამასთან, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 3.0 მილიონი და 2.7 მილიონი ვიზიტი.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.4 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 13.6 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 72.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 20.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 8.1 პროცენტით შემცირდა და 2 097.4 ლარი შეადგინა.

“დიდი მნიშვნელობა არ აქვს „ლელო“ რამეს დაესწრება თუ არა და ზოგადად, ივლის თუ არა პარლამენტში” – იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს „ლელო“ რამეს დაესწრება თუ არა და ზოგადად, ივლის თუ არა პარლამენტში.

მისი თქმით, არაფერი შეიცვლება „ლელოს“ მიერ წარდგენილი ადაპტირებული „მარშალის გეგმით“.

„დიდი მნიშვნელობა არ აქვს „ლელო“ რამეს დაესწრება თუ არა და ზოგადად, ივლის თუ არა პარლამენტში, ამით არაფერი განსაკუთრებული არ დაზიანდება. ისევე, როგორც არაფერი შეიცვლება „ლელოს“ მიერ წარდგენილი ადაპტირებული „მარშალის გეგმით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი ოპოზიციას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდა. პროცესს ბოიკოტს უცხადებს პარტია „ლელო“ და დღეს ალტერნატიული გეგმის წარდგენას აპირებს. ოპოზიციური პარტიის ბოიკოტს მათი კოლეგები და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აფასებენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარლამენტი ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გეგმას ბოლომდე მიჰყვება.

“აღმოაჩინეთ ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულოს საოცარი კომბინაცია” – Madrid Fusión

მსოფლიოში ყველაზე დიდი გასტრო კონგრესი Madrid Fusión  საქართველოს  შესახებ Facebook გვერდზე მორიგ  პოსტებს აქვეყნებს.

აღმოაჩინეთ საქართველოს გასტრონომიული საიდუმლო  Madrid Fusión-ზე, გაიზიარეთ ქართული სამზარეულოს გამოცდილება, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“.

„წელს Madrid Fusión-მა ქართული ფერები ჩაიცვა და არომატიც მიიღო. აღმოაჩინეთ ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულოს საოცარი კომბინაცია“,-წერს Madrid Fusión საქართველოს შესახებ.

საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესზეა Madrid Fusión 2024 წარმოდგენილი. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

საერთაშორისო კონგრესზე,  საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებულია ეგრეთწოდებული Show Kitchen.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები ეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე  ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია ტარდება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს   ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და მადრიდში მდებარე რესტორანი ნუნუკა წარადგენენ. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის  თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ქართული ღვინის მრავალ საუკუნოვან ისტორიას აცნობს.

https://www.facebook.com/photo/?fbid=790824139748400&set=a.641268328037316

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=791331189697695&id=100064624636255&mibextid=WC7FNe

“უკრაინის უაზრო ომს ბოლო უნდა მოეღოს”-Newsweek

„უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების დრო დიდი ხანია მოვიდა. ვაშინგტონმა კიევს იარაღი აღარ უნდა მიაწოდოს და არც ფინანსებით აღარ უნდა უზრუნველყოს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი ერთი იქნება: რუსეთი ყირიმს და დონბასს მაინც შეინარჩუნებს“, – ასეთი დედააზრი აქვს ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „უკრაინის უაზრო ომს ბოლო უნდა მოეღოს“ (ავტორი – მაიკლ რექტენვალდი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ბევრი საერთაშორისო კონფლიქტის გაჩაღებაში არის ჩარეული. აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ვაშინგტონს ბრალი არ მიუძღვის 2014 წელს უკრაინაში მომხდარ ევრომაიდანის დაწყებაში. უბრალოდ, საკმარისია იმის თქმა, რომ ამერიკამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა იმ ტრაგიკული მოვლენის მომზადებაში, რომელიც ევრომაიდნიდან რვა წლის შემდეგ მოხდა – რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სახელმწიფო პროპაგანდას აძლევთ უპირატესობას: რუსულს თუ ამერიკულს. კრემლიც და თეთრი სახლიც ცდილობენ, რომ თავიანთი პოლიტიკა გაამართლონ. რა მნიშვნელობა აქვს იმის ძიებას, თუ ვინ გადაკვეთა პირველმა „წითელი ხაზები“ ან რამდენად მართალია მოსკოვი, რომელიც თავისი უსაფრთხოებაზე ზრუნავს? მთავარი ახლა ისაა, რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს ომი.

რაში გამოიხატება ომის შეწყვეტა აშშ-ის მხრიდან? გამოიხატება იმით, რომ ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო და ფინანსური დახმარება უნდა შეუწყვიტოს. ასევე იმითაც, რომ აშშ-ის უშიშროების ორგანოებმა ამერიკელების მიერ თვალსაზრისისა და პოზიციების გამოხატვას ცენზურა არ უნდა დაუწესონ და არ უნდა დაბლოკონ. უნდა შეჩერდეს ინტერნეტის „წმენდის“ პროცესი ე.წ. „დეზინფორმაციისაგან“, უნდა შეწყდეს [ინტერნეტში] სხვაგვარად აზროვნებაზე ზეწოლა უკრაინის სპეცსამსახურების თხოვნით… და კიდევ, ამერიკამ არ უნდა დაუშვას, რომ აშშ-ში დაბადებული ჟურნალისტები უკრაინის საპყრობილეებში დაიღუპნონ, როგორც ეს გონსალო ლირას შემთხვევაში მოხდა (ჟურნალისტი-ბლოგერი, მწერალი და რეჟისორი გონსალო ლირა ჩილიური წარმოშობის მქონე აშშ-ის მოქალაქე იყო, რომელსაც უკრაინელი ცოლი ჰყავდა. 2023 წლის მაისში იგი ხარკოვში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა „რუსეთის აგრესიის გამართლების“ ბრალდებით. გარდაიცვალა საპყრობილეში 2024 წლის 12 იანვარს – რედ.)
ნატო რომ არ დახმარებოდა უკრაინას, ამერიკას რომ უკრაინისთვის იარაღი არ მიეცა, ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს რომ არ დაეფინანსებინათ უკრაინელი ჩინოვნიკების სამსახური, ეს ომი დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა. ახლა, როცა აშკარა ხდება, რომ დასავლეთის მიერ მრავალჯერ გაკეთებული განცხადება – უკრაინას აქვს შანსი ტერიტორიების დასაბრუნებლადო – კვლავ შეუსრულებელი რჩება, ამერიკელებს უკრაინის ომი უკვე მობეზრდათ.

სიკვდილის ხორცსაკეპში უკვე 150 ათასი უკრაინელის ჯარისკაცის სიცოცხლე ჩაქრა, ხოლო მილიონობით უკრაინელი ქალი, ბავშვი და მოხუცი იძულებით სამშობლოდან უცხოეთში არიან გადახვეწილნი. იმის მიუხედავად, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მისი შედეგი უცვლელი დარჩება: რუსეთი შეინარჩუნებს ყირიმს და გააკონტროლებს დონბასს.

მაგრამ სამხედრო მოქმედებები მხოლოდ უკრაინაში არ მიმდინარეობს – ომი ამერიკელი ხალხის წინააღმდეგაც არის გაჩაღებული. ამერიკელებს ყოველდღიურად ესმით სამხედრო პროპაგანდა, მათ ყოველდღიურად მოუწოდებენ და არწმუნებენ, რომ უკრაინისადმი დახმარება კეთილი საქმის კეთებას ნიშნავს. ამასობაში კი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციებით არა იმდენად რუსეთი ზარალდება, რამდენადაც ევროპა, განსაკუთრებით გერმანია.
ისევე როგორც ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, სირიაში და იემენში, უკრაინული სამხედრო პროექტი რეალობაში ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოდგენილი იყო. ამჯერად ამერიკა ბირთვული ომის საფრთხის ზღურბლზე აღმოჩნდა.

დროა შეწყდეს იარაღით მოვაჭრეების გამდიდრება. დროა დასრულდეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ქება-დიდება, რომ იგი თითქოსდა რეგიონში დემოკრატიის ერთგულ უბადლო ლიდერს და განუმეორებელ ჩირაღდანს წარმოადგენს. ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ ფაქტია: დღეს უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ აკრძალულია ოპოზიციური პარტიები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სახელმწიფო აკონტროლებს, იზღუდება რწმენისა და რელიგიური აღმსარებლობის უფლება…

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკას აშანტაჟებს და აცხადებს, რომ თუ ვაშინგტონი კიევს დახმარებას შეუწყვეტს, ეს თეთრ სახლს ძვირად დაუჯდება.

აშშ-ის დახმარებამ (ანუ იარაღით და ფინანსებით უზრუნველყოფამ, სადაზვერვო მონაცემების გაზიარებამ და ა.შ.) ვოლოდიმირ ზელენსკი იმდენად გაათამამა, რომ მან ფრონტზე მოუმზადებელი ჯარისკაცები გაგზავნა, რომლებსაც რუსული თავდაცვის ზღუდეების გარღვევისა და ტერიტორიების დაბრუნების არავითარი შანსი არ ჰქონდათ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ახალგაზრდა ჯარში გაწვევას თავს არიდებს და საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს იმის მორალური უფლება, რომ უკრაინას მთლიანად შეუწყვიტოს დაფინანსება და იარაღის მიწოდება – არამარტო უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ იმისთვისაც, რომ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა შეუმსუბუქოს. მართალია, ჯო ბაიდენი და ენტონი ბლინკენი გვარწმუნებენ, რომ ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისათვის მილიარდობით დოლარის შეკვეთების მიცემა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებსო, მაგრამ ეს სიცრუეა. დიდი ფულის ხარჯვა იმ პროდუქციის წარმოებაზე, რომელსაც მოგება კი არა, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, ეკონომიკას წინ ვერ წასწევს. ფულის ხარჯვა სამხედრო სფეროსათვის გადასახადის გადამხდელს არავითარ სარგებელს არ აძლევს. იარაღის წარმოება არ არის იმ სასარგებლო პროდუქციის წარმოება, რომელიც ინფლაციის დონეს შეამცირებს.

ამერიკა და მისი ნატოელი მოკავშირეები არ არიან ვალდებულნი დააძალონ უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება. მათი ერთადერთი მორალური და პოლიტიკური მოვალეობაა იარაღის ნაკადისა და სამხედრო მოქმედების დაფინანსების შეჩერება.

წყარო:

“კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ჩამოქვეითებაა” – სარჯველაძე ღარიბაშვილზე

არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ – კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ჩამოქვეითებაა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით ჩანაცვლება.

ამასთან, სარჯველაძის განცხადებით, ეს საჭიროება არჩევნებით გამოწვეული არ არის.

„არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ და ისეთი ახსნა, რაც ხელმოსაჭიდ საშუალებას გაუჩენს ოპოზიციას კრიტიკისთვის, საკმარისად კარგად აიხსნა მიზეზები, რამაც გადაწყვეტილება მიაღებინა პარტიას ასეთ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს იყო საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. არ ვფიქრობ, რომ მმართველობაში პრობლემამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, შიდა დემოკრატიული პროცესები მოითხოვს შესაძლებლობების კონფიგურაციათა ძიებას. ეს იყო აბსოლუტურად მართებული და ერთი პირის მეორით ჩანაცვლება არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდი იყო და ახლა კარგზე უნდა გადავერთოთ. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ეს ჩამოქვეითება კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ამას. ირაკლი კობახიძე როცა პარტიის თავმჯდომარე გახლდათ, მე არ მაქვს ის განცდა, რომ ის რაიმე დაქვეითებულ პოზიციაზე მუშაობდა, უმნიშვნელოვანესია ის პოზიცია, რასაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ჰქვია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე განიხილება თუ არა მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად, ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად, ხოლო თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად, სარჯველაძე აცხადებს, რომ „დასახელებული პირები არიან მმართველი პარტიის საუკეთესო წარმომადგენლები, თუმცა, არანაკლებ ღირებული ადამიანები არიან ამ უწყებებში ახლა მოვალეობის შემსრულებლები“.

სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს საკითხი პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა და თავად წინასწარ ანონსს ვერ გააკეთებს.

“უკრაინის არმია სწრაფი ტემპებით უახლოვდება ნატოს სტანდარტებს” – ISW

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნატოს სტანდარტებზე გადასვლის მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ინსტიტუტის ინფორმაციით, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები მოჰყავს, 2023 წელს უკრაინამ ნატოს 18 სტანდარტი დაამკვიდრა. ეს ეხება პირადი შემადგენლობის უსაფრთხოებას, საზღვაო ძალების მომზადებას, ასევე საკომუნიკაციო და სატრანსპორტო სისტემებს. ამ სტანდარტების დამკვიდრებაში და საკუთარი თავდაცვითი სამრეწველო ბაზის შექმნაში უკრაინას პარტნიორები ეხმარებიან.

რამდენიმე დღის წინ გერმანული კომპანიის, Rheinmetall-ის გენერალურმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ კომპანია აშენებს ჭურვების საწარმოს, სადაც უკრაინისთვის აუცილებელი საბრძოლო მასალების წარმოება მოხდება.

პაპერგერმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წელს Rheinmetall-მა გერმანიის ფედერალური მთავრობიდან უკრაინისა და გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების შესაძენად 10 მლრდ. ევროს შეკვეთა მიიღო და 2024 წელს ეს თანხა 15 მლრდ. ევრომდე გაიზრდება.

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება – „საერთაშორისო გამჭირვალობა“

„საერთაშორისო გამჭირვალობამ“ კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 55 ქულით 49-ე ადგილს იკავებს.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს.

საქართველოს ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. რეიტინგში საქართველოს უკან არიან მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევით, 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია“, – წერს ორგანიზაცია.

კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

„საერთაშორისო გამჭირვალობა“ კორუფციის აღქმის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს.

10 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას ითხოვს

დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას კვლავ ითხოვს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 29 იანვარს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე არ მიიწვია.

მათივე განცხადებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

„29 იანვარს, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვართ პლატფორმის წევრები, თუმცა, წლებია, ვმუშაობთ ევროკავშირის 9 დათქმით გათვალისწინებულ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა წერილობით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და სამუშაო პროცესში ჩართვა ვთხოვეთ. განცხადებაში, რომელსაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ვაწერდით ხელს, პარლამენტს მოვუწოდეთ, გაეფართოებინა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და უზრუნველეყო ფართო სამუშაო ფორმატის გამართვა და მასში დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიმართვა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და პარლამენტმა უარი თქვა სამუშაო პროცესში ჩართვის ინიციატივის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრაზე მიწვევაზე. მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)“; „საფარი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)“; „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“; „ღია სივრცე კავკასია“; „უფლებები საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

“უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისაკენ” – იენს სტოლტენბერგი

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისაკენ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობისთვის პარტნიორებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ. მისივე განცხადებით, რუსეთის გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს.

„საქმე ეხება ევროპისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოებას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე აცხადებს, უკრაინის მხარდაჭერა მათ ინტერესებსაც ემსახურება.

მაქვს მოლოდინი, რომ „ლელო“ დადებს ისეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ავტოტრანსპორტით ლა-მანშის სრუტის გადალახვა იქნება შესაძლებელი, ეს პარტია პოლიტიკური კურიოზია- რატი იონათამიშვილი

ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ პირველი შეხვედრა იყო საკმაოდ საქმიანი და ნაყოფიერი. არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ კამერები არ იყო შეხვედრაზე და ამიტომ იქცეოდა კონსტრუქციულად ოპოზიცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მე მაქვს მოლოდინი, რომ „ლელო“ დადებს ისეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ავტოტრანსპორტით ლა-მანშის სრუტის გადალახვა იქნება შესაძლებელი. სხვა მოლოდინი ამ პარტიისგან არ გვაქვს. ეს პარტია არის ფაქტობრივად პოლიტიკური კურიოზი და პოლიტიკურ კურიოზთან ერთად ეს პარტია არის მაგალითი და ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. კარგია, ასე გააგრძელოს. ის რადიკალური ოპოზიციის სახეა დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტი ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესს განაგრძობს. მმართველმა გუნდმა,ევროკომისიის 9 პუნქტთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გამართა. პროცესს ბოიკოტს უცხადებს „ლელო“ და ალტერნატიული გეგმის წარდგენას დღეს აპირებს.

ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმმა „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მდებარე საავადმყოფოში „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლები ქალაქ ჯენინში, იბნ სინას საავადმყოფოში იმალებოდნენ და ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი სამიზნე, 27 წლის მუჰამედ ჯალამანა 7 ოქტომბრის მსგავს თავდასხმას გეგმავდა და საზღვარგარეთ „ჰამასის“ შტაბ-ბინასთან მუდმივ კონტაქტში იყო.

„ჯალამანა უახლოეს ვადებში თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა და საავადმყოფოს, როგორც სამალავს ისე იყენებდა, შესაბამისად, ამის აღკვეთა მოხდა. უსაფრთხოების ძალები ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ იმოქმედებენ, რომელიც ისრაელის მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

“შეშფოთებულები ვართ და ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს” – რიში სუნაკი

ირანს რეგიონში დეესკალაციისკენ მოუწოდებს დიდი ბრიტანეთი. რიში სუნაკმა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და ირანს საგანგებო გზავნილით მიმართა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ირანს მოვუწოდებთ, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაცია განაგრძოს. ჩვენი მოკავშირეების გვერდით მტკიცედ ვდგავართ, რათა რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას მივაღწიოთ და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა სუნაკმა.