Home Blog Page 281

იმერეთში შტაბი მობილიზებულია, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები ელექტროენერგიის აღსადგენად, რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად ვითარება საათობრივად უმჯობესდება-პრემიერი

იმერეთში რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, სრულად იყოს მობილიზებული შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით,  ორ-სამ დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება.

„მოვისმინეთ ინფორმაცია იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შტაბი არის მობილიზებული, ხუთი მუნიციპალიტეტია, სადაც შედარებით რთული ვითარებაა. რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია, ზოგადად სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად, სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა აქაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრ აბონენტს აღუდგა ელექტოენერგიის მიწოდება. რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, სრულად იყოს მობილიზებული შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ვფიქრობთ, ორ-სამ დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება“, – აღნიშნა პრემიერმა.

აგენტურული წარმონაქმნების ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია-რატი იონათამიშვილი

ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიები არ არიან, აგენტურული წარმონაქმნებია, შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს, საკუთარი აგენტურის გარდა, არავინ უსმენს.

„პოლიტიკური პროექტები და არა პარტიები რას იტყვიან, ეს საინტერესო არ არის, რადგან ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, მათ სრული კრახი განიცადეს, რაც დამსახურებული იყო, რადგან სინამდვილეში აგენტურული ჯგუფი არიან და არანაირ პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენენ. ამიტომ ამ ადამიანების გეგმების შეფასება საინტერესო არ არის, მათ, საკუთარი აგენტურის გარდა, არავინ უსმენს. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკური პარტიები, აგენტურული წარმონაქმნები არიან. შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

თურმე “ნაცებს” არ აწყობთ, რომ ტექნიკამ იმუშაოს. ეს არის მათი სახე -მამუკა მდინარაძე

თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ ტექნიკამ იმუშაოს. ერთ-ერთ ვიდეოში, სანამ Live-ი ჩაირთვებოდა წინასწარ გაეპარათ ხმა, რომ არ აწყობდათ ტექნიკის მუშაობა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„რამდენიმე დღეა მანიპულაცია მიმდინარეობს ასეთ თემებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელი ამბავი ხდება იმიტომ, რომ აქაც კი იქნება რაღაცას გამორჩნენ მავნებლობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. გუშინდელი ერთი ვიდეოც მოწმობდა ამას, რომ თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ იმუშაოს ტექნიკამ. ნახეთ თქვენ, როგორ გაეპარათ ერთ-ერთ ვიდეოში მათ ხმა, სანამ Live-ი ჩაირთვებოდა წინასწარ გაეპარათ ხმა, რომ არ აწყობდათ ტექნიკა რომ მუშაობს. ეს არის მათი სახე, მაგრამ არ გავაგრძელებ იმიტომ, რომ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. ახლა არის ხელჩართული, ასე დავარქვათ, მუშაობის დრო იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული ადამიანი გამოვიყვანოთ საჭიროების შემთხვევაში, მივაწოდოთ საჭირო მედიკამენტი და პროდუქტი,გაუწმინდოთ გზა, მივიდეთ დანიშნულების ადგილზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 მთავარია, რომ კოორდინირებული მუშაობა გრძელდება და არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ – ყველასთან მყარდება კომუნიკაცია -მიხეილ ყაველაშვილი

კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ, ყველასთან მაქსიმალურად მყარდება კომუნიკაცია, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქობულეთში საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მოისმინა ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„აჭარაში ვითარება ბევრად უკეთ არის, ამინდმაც ხელი შეუწყო და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველაფერი 100%-ით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი გზები, ასევე ელექტროენერგიის თითქმის 80-90% აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროა ელექტროენერგიის აღდგენა. ასეთი სტიქიისგან არავინ დაზღვეული არ არის, მთავარია, როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარის მთავრობა, მისი მუნიციპალიტეტები და მათი კოორდინაცია არის მაღალ დონეზე. მადლობა ჩვენს მაშველებს, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც დღესაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, განსაკუთრებით გურიასა და იმერეთში.

მთავარია, რომ ეს კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

GM PHARMA 25 წლისაა

ფარმაცევტული ინდუსტრიის რეგიონული ლიდერობიდან საერთაშორისო მულტინაციონალურ ორგანიზაციამდე  GM PHARMA-ს მეოთხედი საუკუნე ზრუნვისა და უკეთესი ჯანმრთელობისთვის.

უწყვეტი განვითარების 25 წლის იუბილეს GM PHARMA არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება:

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას, მათ შორის:

კარგი საწარმოო პრაქტიკის – ნაციონალური GMP (საქართველო).

კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP PIC/S (საერთაშორისო).

ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018.

130-ზე მეტი ბრენდით, 220-ზე მეტი გამოშვების ფორმით GM PHARMA ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით.

GM PHARMA 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი).

GM PHARMA არის 5 საუკეთესო უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიას შორის გაყიდვების მაჩვენებლით უზბეკეთში.

კომპანიაში დასაქმებულია 600-ზე მეტი პროფესიონალი, მათ შორის, საექსპორტო ქვეყნებში.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნები), რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

ამჟამად კომპანიის კვლევა-განვითარების დეპარტამენტში (R&D) 15 ახალ მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა, რითაც ჯანდაცვის სპეციალისტებს ბევრი მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემის უკეთ მკურნალობის საშუალება მიეცემათ.

დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, GM PHARMA კვლავ ინარჩუნებს ამბიციურ მიზნებს – კომპანიის მთავარი პრიორიტეტია EU GMP სერტიფიკატის მიღება და საერთაშორისო ფარმაცევტულ ლიდერად ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია არამხოლოდ კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის, არამედ საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციისთვის.

GM PHARMA-ს ისტორია 25 წლის წინ დაიწყო. 90-იანი წლების ბოლოს, მაშინ, როდესაც ბოლომდე არ იყო გადაჭრილი ფარმაცევტული პროდუქციით მოსახლეობის უწყვეტად მომარაგების საკითხი და საქართველოში სამკურნალო საშუალებების გარკვეული დეფიციტიც შეინიშნებოდა, გაჩნდა იდეა, ჩვენს ქვეყანაში შექმნილიყო მსოფლიო დონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული წარმოება.

ყოველი კრიზისი შეიძლება იყოს შესაძლებლობა და იქცეს უკეთესი მომავლის დასაწყისად, სწორედ ასე დაიბადა GM PHARMA – მიუხედავად იმ დროისთვის არსებული სირთულეებისა, დასახული მიზანი დაუღალავი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, 2000 წლის თებერვალში რეალობად იქცა და GM PHARMA-ში პირველი მედიკამენტი რიფამპიცინის კაფსულები შეიქმნა.

მას შემდეგ, 25 წელია GM PHARMA ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ – პაციენტებს! დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

(R)

28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე მესამედ შეიკრიბება

თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  – AWS კომუნის შეკრება გაიმართება.

AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და მიღებულ ცოდნას უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.

ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას თიბისი უკვე მესამედ მართავს.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა თემას – Securing Infrastructure with AWS Shield & WAF, რომელსაც თიბისი ჯგუფის ქლაუდ ინჟინერი – გიორგი სემენიხინი გაუძღვება. ის მიმოიხილავს AWS-ის იმ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას და შეხვედრის მონაწილეებს პრაქტიკულ გამოცდილებასაც გაუზიარებს.

მომდევნო სესია AWS re:Invent 2024-ის, წამყვანი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ღონისძიების მიმოხილვა იქნება. AWS-ის წარმომადგენლები მოყვებიან, რომელი ახალი პროდუქტებისა თუ ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოშვება და განვითარება იგეგმება.

შემოგვიერთდით 28 თებერვალს, 16:00 საათიდან, ილიაუნის ტექნოლოგიების T კორპუსში.

სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ შეავსოთ ბმულზე – https://forms.gle/tu2aS9zHvBn6rfY86

ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ტექნოლოგიური წინსვლა და ინოვაციების მხარდაჭერა. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამყარება, ტექ კომუნისთვის მნიშვნელოვანი პროცესია.

(R)

 გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია, სურსათით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა გრძელდება, მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები-პრემიერი

განვიხილეთ გურიაში, მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობა, რა სამუშაოები შესრულდა. მთლიანობაში, რაც მნიშვნელოვანია, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი არის გაწმენდილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიაში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორშაბათის მდგომარეობით ელექტროენერგია 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი 10 000-მდეა შემცირებული. კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით აქტიურად მიმდინარეობს და შეუფერხებლად მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

„კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ. ასევე, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ელექტროენერგიის აღდგენა. ორშაბათისთვის დაახლოებით 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ეს რაოდენობა შემცირებულია დაახლოებით 10 000-მდე. ინტენსიურად წარიმართება აღდგენის სამუშაოები, მთავარია, გაგრძელდეს, ვინაიდან, 10 000-მდე აბონენტია, ვისაც დღემდე არ აქვს დღეს ელექტროენერგია და ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ შეკრებაზე. სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ, გამოძახებებზე რეაგირებენ შეფერხებების გარეშე. ყველა მიმართულებით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, გაგრძელდეს ინტენსიური სამუშაოები“, – განაცხადა პრემიერმა.

მნიშვნელოვანია, საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, არ ემსახურებოდეს ქვეყნის, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს -პრემიერი

მნიშვნელოვანია, რომ საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, საგარეო დაფინანსება არ ემსახურებოდეს ქვეყნის საწინააღმდეგო გარკვეულ პროცესებს, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს.

„ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველასთან, ვინც არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის განვითარებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბს გურიის რეგიონში ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენისთვის კონკრეტული მითითებები მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით  ღამის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.

შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ გეგმის შესაბამისად რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რათა სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზების გაწმენდა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები აქტიურად იწმინდება, ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების წმენდის კუთხით.

სხდომაზე აღინიშნა, რომ გზების გაწმენდა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ წერტილებში ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოების დაწყების საშუალებას მისცემს. გუშინდელი მონაცემებით, ელექტროენერგია რეგიონის დაახლოებით 10 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ნაწილობრივ აღდგა ძიმითსა და ჯუმათში. ინტენსიური მუშაობა გრძელდება ნასაკირალში, ვაკიჯვარსა და ლიხაურში, სადაც ელექტრომომარაგების აღდგენას კომპანიის წარმომადგენლები დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგებისა და კომუნალური სერვისების მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა და შტაბის წევრებს კონკრეტული მითითებები მისცა.

შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შემოვა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მოსახლეობას მიეწოდება.

საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 25-26 თებერვალს გურიის რეგიონში  – ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია.

სოფლის ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზე მიეწოდებათ მედიკამენტები.

მოსახლეობის დახმარების პროცესში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თავდაცვის ძალები და სასწრაფო დახმარების 200-ზე მეტი ბრიგადა.

ჩემი წინამორბედი გამოდის და ამბობს, ხელისუფლება არ გვყავსო, ამით პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას და აი, ეს არის მიუღებელი-მიხეილ ყაველაშვილი

დღეს ვიმყოფებით აჭარის ტერიტორიაზე, მანამდე ქობულეთში დავესწარით საკოორდინაციო შტაბის სხდომას, აჭარაში სიტუაცია ბევრად უკეთესია, ამინდმაც შეუწყო ხელი და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველაფერი, თითქმის 100%-ით აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა.

„დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი გზები. ასევე ელექტროენერგიის მხრივ, თითქმის 90%-ი აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროებს ელექტროენერგია აღდგენას. სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის. მთავარია, შემდეგ როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარის მთავრობა, მისი მუნიციპალიტეტები, კოორდინაციის თემა აქ არის ძალიან მაღალ დონეზე. ასევე მინდა, გამოვყო უწყებები, კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ჩემთან ერთად ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და შს მინისტრი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, თავდაცვის ძალების სამხედროებს მადლობა გადაუხადა, რომლებიც, მისი თქმით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„აჭარაში მათი დახმარების საჭიროება არ არის, მაგრამ გურიაში და იმერეთში ალბათ იქნება საჭიროება, რომ ჩვენი მეხანძრე-მაშველები და სამხედროები უფრო ინტენსიურად იქნებიან ჩართული. კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება. მთავარია, არცერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ. აჭარაში ეს მაღალ დონეზეა, მუშაობს ცხელი ხაზი და, სადაც გზა ჯერ გაწმენდილი არ არის, ყველასთან მყარდება კომუნიკაცია. შეიძლება, ავადმყოფი ადამიანი იყოს, სადაც ფიზიკურად ვერ ხერხდებოდეს მისვლა, მაგრამ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის და ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს კოლეგებს. საზოგადოება უნდა იყოს იმედიანად. უსაფრთხოების საკითხია, როცა სტიქია მძვინვარებს ქვეყანაში, დაახლოებით ანალოგიურია, როცა ომი არსებობს. არსებობენ ადამიანები, ვინც დეზინფორმაციას ეწევიან ასეთ სიტუაციაში. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სრული მობილიზაციაა. გუშინ, გუშინწინ, ხვალაც, ზეგაც გაგრძელდება. მთელი ეს პერიოდი ხომ ხედავდით, მთელი კვირის მანძილზე როგორ მუშაობდნენ. შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებენ. სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის. მთავარია, როგორ რეაგირებ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია.

„ასეთ სიტუაციაში დეზინფორმაცია პირდაპირ ვნებს  სახელმწიფოს. მათი მოტივია, თითქოს აგრძნობინონ მოსახლეობას, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. საზოგადოებას მინდა, ამაზე არ ჰქონდეს რეაგირება. მთავარი არის, რომ ყველა ადამიანთან იყოს კომუნიკაცია და ყველაფერი რიგზე იქნება. შეიძლება, რაღაც პრეტენზიები ნებისმიერ მთავრობასთან და ხელისუფლებასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, ერთმანეთს მხარში რომ უნდა დავუდგეთ, ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის. ჩემი წინამორბედი, რომელიც ამბობს, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავსო, პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას და ხელისუფლებას. აი, ეს არის მიუღებელი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვირეულისთვის 

“უკვე გაზაფხულია”- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებული შეთავაზებებით უწყვეტად ისარგებლებენ.  

ობიექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, კატეგორიები კი მათ სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული.  

შეთავაზებები მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის ტერმინალზე გადახდისას. 

თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით ისარგებლეთ შემდეგი შეთავაზებებით 

1-3 მარტს, Boss-ში, Zegna-ში, Paul & Shark-ში, Hugo-ში, Garderobe-ში და Gentlemen-ში  სასურველი ნივთების Mastercard ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 500 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ 

3-დან 8 მარტის ჩათვლით კი, თავის მოვლის დღეები დაიწყება. 12-მდე ესთეტიკურ კლინიკასა და ცენტრში 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებთ და ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი დაგიბრუნდებათ.  

8 მარტს ნიშ პარფიუმერიის გამორჩეულ ბრენდებს- Jo Malone-ს და არომატეკას თუ ეწვევით, გადახდილი თანხის 25%, ჯამში 300 ლარი დაგიბრუნდებათ.   

კონცეპტის საგაზაფხულო შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ძველი, ისე ახალი თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათის მფლობელებს.  

თიბისი კონცეპტის Visa ბარათით ისარგებლეთ შემდეგი შეთავაზებებით:  

7, 8 და 9 მარტის დღეებში სასტუმრო Paragraph Freedom Squares თუ ეწვევით და კონცეპტის Visa ბარათით გადაიხდით, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 300 ლარი დაგიბრუნდებათ.  

თიბისის ახალი კონცეპტ ბარათით ისარგებლეთ შემდეგი შეთავაზებებით: 

ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელები საგაზაფხულო შეთავაზებებით სარგებლობას 2-3 და 7-8 მარტის დღეებში შეძლებთ.  

50-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში, თავის მოვლის საშუალებების, პარფიუმერიის, აქსესუარების, სათვალეების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კატეგორიაში შოპინგისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ. 

ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი თიბისის უნიკალური პროდუქტია. აიღე ბარათი ონლაინ ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში და ყოველთვის ისარგებლე გამორჩეული უპირატესობებით. 

საგაზაფხულო დღეების მიხედვით, იხილეთ პარტნიორი ობიექტებისა და შეთავაზებების სრული ჩამონათვალი.        

უკრაინის ერთადერთი იმედია დონალდ ტრამპი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი – The Spectator

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ერთადერთი იმედია დონალდ ტრამპი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი“ (ავტორი – ოლექს კოსაჩი, ფსევდონიმით). პუბლიკაციაში მხილებულია ვოლოდიმირ ზელენსკის ანტიდემოკრატიული მმართველობა და გაკეთებულია დასკვნა: „უკრაინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

მე ძალიან კარგად ვიცნობ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკვე მრავალი წლის განმავლობაში. რადგანაც პირადად პრეზიდენტის მიერ ვიყავი დანიშნული მაღალ თანამდებობაზე, დღეში რამდენჯერმე მქონდა ხოლმე მასთან სამსახურებრივი კონტაქტი და ყურადღებით ვაკვირდებოდი – როგორც საჯარო ღონისძიებებზე, ისე პირადულ ცხოვრებაში. როცა თანამდებობიდან გამათავისუფლა, ჩვენ ერთმანეთს ნორმალურად დავშორდით – ფარული წყენისა და ბოღმის გარეშე. მე არავითარი პირადი ამბიციები და ანგარებითი ზრახვები არ მაქვს… მაგრამ დღეს არ შემიძლია ჩუმად ვიყო იმის გამო, თუ როგორ ასუსტებს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინას და თავის „შავ“ საქმეებს სამხედრო მდგომარეობით ნიღბავს. უკრაინაში ამჟამად შიშის ატმოსფეროა გამეფებული და ამიტომ იძულებული ვარ ანონიმურად მოგმართოთ: ანონიმურობა იძულებითი და აუცილებელი ზომაა, რომ რეჟიმის მხრიდან ჩემზე შურისძიება არ მოხდეს – იმ ხელისუფლების მიერ, რომელშიც ოდესღაც მე ვმსახურობდი.

„დონალდ ტრამპი მართალს ამბობს: ზელენსკი დიქტატორია“

ჩემთვის მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ ის, რასაც დონალდ ტრამპი ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, მთლიანად თუ არა, დიდწილად მაინც სინამდვილეს შეესაბამება. დასავლელმა პოლიტიკოსებმა იჩქარეს, როცა დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი გააკრიტიკეს ანტიზელენსკური განცხადებების გამო, თუმცა უკრაინულ საზოგადოებაში ამერიკის ლიდერებისაგან გაჟღერებულ დახასიათებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ჩუმად აბსოლუტურად ეთანხმებიან.

უკრაინა პარადოქსად იქცა: ქვეყანა იბრძვის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და იმავდროულად თვითონვე ანგრევს საკუთარი სუვერენიტეტის დემოკრატიულ საფუძვლებს. დასავლეთი წლების განმავლობაში ილუზიებში იმყოფება და ვოლოდიმირ ზელენსკის პიროვნებაში „დემოკრატიის სახეს“ ხედავს, სინამდვილეში კი პრეზიდენტმა საკუთარი ხელით დაანგრია დემოკრატია, ინსტიტუტები და ეკონომიკა, დაასუსტა უკრაინა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და ქვეყანას მოტივაცია გაუქრო იმისა, რომ რუსი აგრესორის წინააღმდეგ  ახლაც ისევე იბრძოლოს, როგორც ომის პირველ თვეებში იბრძოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის მაისში ამოიწურა, მაგრამ საომარი მოქმედებების გამო არჩევნები არ გამართულა. ვადაგასული პრეზიდენტი საომარ მდგომარეობას ყოველ სამ თვეში აგრძელებს და მის შერბილებაზე არც ფიქრობს – მისი მომხრე დასავლელი პოლიტიკოსები მისსავე ნათქვამს იმეორებენ: „უკრაინელ ხალხს არჩევნები არ სურს“. მართლაცდა, „გელაპის“ მიერ გასული წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა 65% ომის დროს არჩევნების წინააღმდეგია, თუმცა იგივე გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელებს სურთ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ახლა, ომის მესამე წლისთავზე, ომის დასრულების მსურველთა რაოდენობა, ალბათ, ბევრად გაიზარდა. უფრო მეტსაც ვიტყვი – ეჭვი მეპარება, რომ გამოკითხვის შედეგებს უნდა ვენდოთ. დღეს ქვეყანა შიშით ცხოვრობს, მოსახლეობაში შიშია გამეფებული: არჩევნები გაურკვეველი ვადითაა გადატანილი, ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა და ყოველდღიურ ყოფას თან სდევს სხვადასხვა საფრთხე-მუქარები.

ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტარული ზნე ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულ ომამდე გამოიკვეთა. 2019 წელს იგი თანამშრომლებისგან პროპაგანდას ითხოვდა – მათ მასმედიაში უნდა ეწერათ და ეთქვათ მხოლოდ ყველაფერი კარგი პრეზიდენტის შესახებ, ანუ „მისთვის დითირამბები უნდა ემღერათ“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი პოლიტიკა არ გაამართლებდა. დღეს მან თავისას მიაღწია: მთელი გუნდი უმღერის პრეზიდენტს, რომ იგი დემოკრატიისა და საერთოდ, მთელი უკრაინის განსახიერებას წარმოადგენს.

ძალაგამოცლილი და გამოფიტული უკრაინა კი გაჭიანურებულ ომს ვეღარ გადაიტანს. ათი ათასობით უკრაინელმა გადაიხადა უამრავი ქრთამი ისეთი ქვეყნიდან გასაქცევად, რომელმაც ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცებს საზღვრები დაუხურა. ისინი, ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, შიშში ცხოვრობენ, ქუჩაში ვერ გამოდიან, იმალებიან, რომ გამწვევი პუნქტების ჩასაფრებულმა თანამშრომლებმა არ დაიჭირონ, ფურგონებში არ შეათრიონ და ფრონტის წინა ხაზზე არ გაგზავნონ. ვის დაჭერასაც ახერხებენ, მათგან უმრავლესობა ან ინვალიდები არიან, ან ქრონიკულად ავადმყოფები. ბევრს პირდაპირ ფრონტზე უშვებენ ყოველგვარი სამხედრო მომზადების გარეშე – დრო არ ჰყოფნით, რომ  ჯარისკაცს წესდება შეასწავლონ. სულ უფრო ხშირად მათი ბედი სამხედრო კომისარიატებში წყდება – გააჩნია, როგორ ქრთამს შესთავაზებ.

ომის გამო სულ უფრო მეტი ქალი – ცოლები, დები, დედები – მუშაობს მათთვის მავნე მამაკაცურ სამუშაოებზე. ისინი თანახმანი არიან ყველანაირ მეთოდზე, რომ ჩინოვნიკები მოისყიდონ და თავიანთი ნათესავ-ახლობლებისათვის „მოწყალება“ მოიპოვონ – ჯარში სამსახურისაგან გათავისუფლების მიზნით. მათგან განსხვავებით, ვისაც მთავრობაში კავშირები აქვს და ნაცნობები ჰყავს, მათ ჯარში გაწვევისაგან „ჯავშანი“ აქვთ და გადაადგილების განუსაზღვრელი უფლებები აქვთ.

ომმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა და მისი რეჟიმის  უშიშროების სტრუქტურებს ხელ-ფეხი გაუხსნა. მინიმუმ რვა ფრონტისპირა ოლქში სამხედრო მდგომარეობამ საქმე პოლიციისა და სამხედროების თვითნებობამდე მიიყვანა. კოლაბორაციონიზმთან ბრძოლის საბაბით უშიშროებისა და კონტრდაზვერვის სამსახური ფაქტიურად განუსაზღვრელად მოქმედებს – უნებართვოდ, სანქციებისა და ორდერების გარეშე ჩხრეკს საცხოვრებელ ბინებს, ამოწმებს ინფორმაციებს პირად ტელეფონებში და კომპიუტერებში, აკავებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ადამიანები იმდენად არიან დაშინებულნი, რომ ისინი თავიანთ ჭეშმარიტ პოზიციას და თვალსაზრისს ჟურნალისტებს და სოციოლოგებს არასოდეს არ უმხელენ, დაჭერა-დაკავების შიშით. რესპოდენტები, რასაკვირველია, მხოლოდ იმას იტყვიან, რაც მთავრობას და ხელისუფლებას აწყობთ, გაიმეორებენ ცნობილ ფრაზებს – „ოო, ვოლოდიმირ ზელენსკი? ის გმირია, დაუმარცხებელი… უკრაინა კი ურყევია“. და მხოლოდ ჩურჩულით ეტყვიან ჟურნალისტს და სოციოლოგს იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ: „დაგვანებეთ თავი, წადით, საიდანაც მოსულხართ“.

უფრო მაღალ დონეზე კი „რუსეთუმეობისა“ და კრემლთან კავშირების ბრალდება რეგულარულად გამოიყენება იმის საბაბად, რომ ვინმეს ბიზნესი და ქონება წაართვან. უკრაინა კორუფციისა და მექრთამეობის ჭაობშია ჩაძირული: თითქმის ყოველდღიურად ხდება სკანდალები, რაც მთავრობის მიმართ ნდობას ძირს უთხრის. გამოკითხვების შედეგად, მოქალაქეთა 70% დარწმუნებულია, რომ მთავრობის სტრუქტურები საომარ მდგომარეობას პირადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. იმ რეგიონებში, სადაც ადამიანები  დაბომბვებისაგან გაწამებულები არიან, ბევრი ფარულად აღიარებს, რომ უპირატესობას რუსეთის ხელისუფლების ქვეშ ცხოვრებას აძლევს. ეს ღალატი კი არ არის, არამედ პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემოკრატია გაანადგურა. იმდენად, რამდენადაც ნათელი მიზნები ბრძოლის გასაგრძელებლად გაფერმკრთალდა, ბევრი ალტერნატივას ეძებს – იმ პრორუსულ კანდიდატს, რომელიც მზად იქნება ზავი დადოს ვლადიმერ პუტინთან. ზოგიერთები იმასაც კი აღიარებენ სასოწარკვეთილებით, რომ ამ ყოველდღიური ჯოჯოხეთური და დაუსრულებელი [თანამედროვე მაღალტექნოლოგიური] ომის პირობებში, როცა  ფრონტიდან შორს, ზურგში მყოფსაც ყოველ წუთს ჰაერიდან სიკვდილი ელოდება, მზად არიან რუსეთის დროშის ქვეშ  იცხოვრონ. ზედაპირული პატრიოტიზმი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვა პროპაგანდას უწევს, ნაწილებად იმსხვრევა. დადგა ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოფიტვის პერიოდი. ახლა საკითხი ისე კი არ დგას, გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა, არამედ ასე – იარსებებს თუ არა უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით.

როგორ იშორებს ზელენსკი ოპონენტებს

ომმა ვოლოდიმირ ზელენსკის მისცა ის ყველაფერი, რაზედაც მას ოცნება შეეძლო: აბსოლუტური ძალაუფლება, მილიარდობით დოლარის კონტროლი და მთელი მსოფლიოს ტაშისცემა. პრეზიდენტობის პირველი დღიდანვე – მე ამის დადასტურება პირადად შემიძლია – იგი ჩაციკლული იყო მეორე ვადით მმართველობაზე. იგი სპეციალური ჩანაფიქრით მოქმედებს: ერთი მხრივ, საზოგადოების გასგონად აცხადებს, რომ მის მეორედ არჩევაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, მაგრამ მეორე მხრივ, მუდმივად ამაზე ფიქრობს და ნიადაგს იმზადებს. ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ აკვიატებული აქვს აზრი, რომ მისი რეიტინგები მაღალი უნდა იყოს. იგი უკვე საპრეზიდენტო კამპანიისათვის ემზადება. 2024 სექტემბრიდან მისი ადმინისტრაცია დიდ ფულს უხდის იმათ, ვინც პრეზიდენტის იმიჯს უკეთესად წარმოადგენს სოციალურ ქსელებში, აქვეყნებს სპეციალურად შექმნილ ვიდეორგოლებს მზრუნველი ლიდერის სახით, პროპაგანდას უწევს იმ ადამიანის ხიბლს, რომელიც კომიკოსიდან სამხედრო ლიდერი გახდა და არ იშორებს ხაკისფერ მაისურს და ქურთუკს. მაგრამ ამით შენიღბულია მისი ნამდვილი სტრატეგია – პოლიტიკური ოპონენტის ჩამოცილება ნებისმიერი წესით და მეთოდით. ვალერი ზალუჟნი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ელჩად გაუშვა და დანამდვილებით ვიცი, რომ თუ იგი გაბედავს და პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება, უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საქმე ექს-სარდლის მიმართ.

ამასობაში კი ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკვე სანქციების ქვეშაა: მისი საბანკო ანგარიშები გაყინულია, აქტივებს კი ყადაღა აქვთ დადებული. მას საბანკო ბარათით ყავისა და ბენზინის საფასურის გადახდაც კი არ შეუძლია. ბუნებრივია, პეტრო პოროშენკოს სურს, რომ ხელისუფლება დაიბრუნოს და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტიდან მეშვიდე გახდეს – მას ამისათვის ერთგული მხარდამჭერები ნამდვილად ჰყავს, მაგრამ ზელენსკის რეჟიმი მას ზღუდავს. იური ბოიკო, იმ პარტიის ლიდერი, რომელიც ზელენსკის ხელისუფლებამ „პრორუსად“ შერაცხა, ამას წინათ უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაკითხვაზე გამოიძახა „ტიკ-ტოკში“ განთავსებული ვიდეორგოლის გამო, რომელშიც ომის შეწყვეტის მოწოდებაა ასახული. ვოლოდიმირ ზელენსკი მართლაც ემზადება არჩევნებისათვის და ამ მიზნით მას წაგების უმცირესი შანსის გამორიცხვაც კი სურს.

„სახელმწიფო – ეს მე ვარ!“

დღეს უკრაინის პრეზიდენტს და მის გარემოცვას სახელმწიფოს კონტროლის სადავეები მთლიანად ხელში აქვთ. მათ შეუძლიათ არჩევნების შედეგები სურვილისდა მიხედვით „შეალამაზონ“ თავიანთ სასარგებლოდ, სინამდვილე შეცვალონ და გააყალბონ, დათრგუნონ სხვაგვარად აზროვნება და საპყრობილეში ჩასვან ყველა, ვისაც კი თვალს დაადგამენ. უკრაინაში დამოუკიდებელი მასმედია ოფიციალურად აკრძალულია, ხოლო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს, კორუფციის მხილებელ ადამიანებს პატიმრობა ემუქრებათ.

ანდრეი ერმაკს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, განუსაზღვრელი გავლენა აქვს. ამას წინათ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც იძულებული გახდა ერმაკის ძმის მიერ ჩადენილ მაქინაციებზე ელაპარაკა, დაიჭირეს და როგორც იტყვიან ხოლმე, „თავი პირდაპირ ფრონტზე უკრეს“, ყველაზე სახიფათო უბანზე. ერთ-ერთი ცნობილი გამოცემის რედაქტორი, რომელმაც კორუფციის ფაქტი გამოავლინა, ციხეში ჩამწყვდევას აშშ-ის ელჩის ჩარევამ გადაარჩინა. კიდევ ერთი გამოცემის რედაქტორი, რომელმაც გაბედა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ საყვედური გამოთქვა, ჯერ დაიჭირეს და 24 საათი იზოლატორში ამყოფეს გარესამყაროსთან კავშირის გარეშე, შემდეგ კი, რადგანაც კომპეტენტურ პირებთან „საერთო ენა ვერ გამონახა“, ისიც ფრონტზე გაგზავნეს. ვერხოვნა რადას დეპუტატი, რომელმაც სოცქსელში დაწერა, რომ ზელენსკიმ, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, ფრონტზე წარუმატებლობა უნდა აღიაროსო, სახელმწიფოს ღალატის მუხლით დააპატიმრეს და ამჟამად კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელს იხდის.

ომამდე ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 23-25%-ის ფარგლებში მერყეობდა. პუტინის არმიის თავდასხმის შემდეგ კი ცნობილი ფრაზა – „მე მჭირდება იარაღი და არა ტაქსები“ (რომელიც ზელენსკის მიაწერეს, სინამდვილეში კი მას არ უთქვამს), როცა ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ერთგვარ ხატად გადაიქცა, პრეზიდენტის რეიტინგი 90%-ზე მეტი გახდა. თუმცა, რაც დრო გადიოდა, ზელენსკის პოპულარობა ეცემოდა… ამასწინანდელი გამოკითხვის მიხედვით კი, როგორც ვიცი, მისი რეიტინგი 10%-ზე დაბლა დაეცა. ისიც ვიცი, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული ციფრი – 65% – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქნა შეთანხმებული.

უკრაინელები მშიშრები და მხდალები არ არიან, მაგრამ მათ აღარ სურთ სიკვდილი ზელენსკის ხელისუფლებისათვის, მისი მთავრობისათვის, რომელიც დღითიდღე სულ უფრო ღრმად იძირება კორუფციის ჭაობში. უკრაინის გადარჩენა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეჩერებას და დემოკრატიის აღდგენას შეუძლია. ომის გაგრძელება გამარჯვებამდე კი არ მიგვიყვანს, არამედ ჩვენი სახელმწიფოს სრულ კრახამდე. უკრაინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. და თუ დონალდ ტრამპი ამას ვერ მიაღწევს, უკრაინას და უკრაინელებს არანაირი იმედი აღარ დარჩებათ.