Home Blog Page 281

29 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი და ახალი ნაცნობობა გელით. ყველა საქმეში, რომელიც ფინანსებს უკავშირდება, სიფრთხილე გამოიჩინეთ. საეჭვო გარიგებებს არ დათანხმდეთ და დიდ ხარჯებს მოერიდეთ. დროა ფულის დაგროვება დაიწყოთ და შესყიდვებს მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კურო

არავის შესთავაზოთ თქვენი რჩევა ან დახმარება, თუ არ გთხოვენ. ინტუიცია არასწორ რჩევას გიკარნახებთ, ამიტომ ჯობია ლოგიკურად იფიქროთ და რაციონალურად იმოქმედოთ. შეგიძლიათ, თანამოაზრეებთან ერთად, საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ.

ტყუპები

ამ დღეს მოვლენები ქაოსურად ვითარდება და თქვენი მხრიდან სწრაფ რეაქციას მოითხოვს. კარგი იქნება, თუ თქვენს საქმიანობაში კოლეგებს ან მეგობრებს ჩართავთ და გუნდურად იმოქმედებთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მეგობარს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს და უარი არ უნდა უთხრათ. თავის ტკივილი და უძილობა ძლიერი განცდების შედეგია, ამიტომ ემოციები უნდა აკონტროლოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, უპირატესობა ისეთ ინტელექტუალურ აქტივობებს მიანიჭოთ, როგორიცაა დებატები ან კოლეგებთან ახალი იდეების განხილვა. ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო წარმატებული და შედეგიანი იქნება, მთავარია, რომ გარშემო სანდო ადამიანები შემოიკრიბოთ. გახსოვდეთ, რომ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები, იმედგაცრუების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ლომი

გირჩევთ, ამ დღეს იხელმძღვანელოთ ცნობილი ანდაზით – ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი, რადგან ამ დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება რთული იქნება. გადაწყვეტილების მიღებამდე მოფიქრებისთვის დამატებითი დრო ითხოვეთ, რათა ინფორმაცია გადაამოწმოთ. თუ გრძნობთ, რომ გარშემო მყოფთა რჩევა-დარიგებები გაღიზიანებთ, ეცადეთ, განმარტოებით იმუშაოთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ „ნაჭუჭში“ არ ჩაიკეტოთ. სასურველია, რომ გარშემომყოფებს საკუთარი წარმატებების შესახებ უამბოთ და საინტერესო იდეები და გეგმები გაუზიაროთ. გამორიცხული არ არის, რომ მხიარულ წვეულებაზე მომავალი სპონსორი ან თანამოაზრე გაიცნოთ. ყურადღებით უსმინეთ თქვენ გარშემო საუბრებს და შესაძლოა, თქვენთვის სასიხარულო ინფორმაცია გაიგოთ.

სასწორი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემომყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ. მოულოდნელი საჩუქრები და ფინანსური შემოსავალი გელით და შესაძლოა, მოგებიანი გარიგებებიც დადოთ. ამ დღეს კომერციული საქმიანობისგან ძალიან შორს მდგარ სასწორებსაც კი უჩვეულოდ გამძაფრებული ბიზნესალღო აქვთ.

მორიელი

გირჩევთ, მიზნისკენ მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ. იფიქრეთ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ მოხვდეთ. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით იხელმძღვანელებთ და ინტუიციას არ ენდობით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ.

მშვილდოსანი

თქვენმა სარკაზმმა შეიძლება საყვარელ ადამიანს გული ატკინოს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი სიტყვები და ემოციები აკონტროლოთ და ახლობელ ადამიანებთან უფრო რბილი და თავაზიანი იყოთ. თუ შესაძლებელია, საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები სამომავლოდ გადადეთ, რადგან ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. ყურადღებით იყავით – არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

თხის რქა

გირჩევთ, მკაფიო სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.

მერწყული

სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით. ბოლოდროინდელი ხელგაშლილობა თქვენს ოჯახურ ბიუჯეტზე უარყოფითად აისახა, ამიტომ ქამრების შემოჭერა და ფულის დაზოგვა მოგიწევთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რომ საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ. მოერიდეთ სადავო თემებზე საუბარს, ეცადეთ მეტი დათმოთ და დაეთანხმოთ.

თევზები

თქვენი კრიტიკული შენიშვნებით შეიძლება ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ, გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა კი არც ისე ადვილი იქნება. გამორიცხული არ არის, რომ უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდეთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, უსმინოთ და ნაკლები ისაუბროთ.

,,პალესტინის საკითხზე სასაუბროდ, „ჰამასისა“ და „ფათაჰის“ წარმომადგენლები ხვალ მოსკოვში ჩავლენ” – მედია

„ჰამასისა“ და „ფათაჰის“ წარმომადგენლები პალესტინის საკითხზე სასაუბროდ ხვალ მოსკოვში ჩავლენ, – ინფორმაციას ამის შესახებ The Times of Israel რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციას ასევე ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, ვლადიმერ პუტინი არ გეგმავს „ჰამასისა“ და „ფათაჰის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას.

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტი“ ოფიციალურ ვალუტად რუბლის შემოღებას განიხილავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „ვალუტის რეგულირებისა და ვალუტის კონტროლის შესახებ“, რომელიც ოფიციალურ ვალუტად რუსული რუბლის შემოღებას ითვალისწინებს, ყველა სხვა ვალუტა კი კლასიფიცირებული იქნება, როგორც – უცხოური. გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე შემოდის ცნება „რეზიდენტი“ და „არარეზიდენტი“.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, დოკუმენტს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 2 წავიდა.

აღსანიშნავია, რომ „ეროვნული ბანკის“ ე.წ. თავმჯდომარე ბესლან ბარათელია. რომელსაც დოკუმეტთან დაკავშირებით კომენტარი ჰქონდა, სხდომაზე ავადმყოფობის მიზეზით არ გამოცხადებულა.

,,თურქეთი მზად არის, რუსეთ – უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს ”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, კვლავ უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის კვლავ იმ აზრზეა, რომ დიპლომატიასა და დიალოგს უნდა მიეცეს შანსი.

“ამ მიზნის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიური არხების უმაღლეს დონეზე გამოყენებას. თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ასევე ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ყირიმელი თათარი თანამემამულეების უფლებები და ინტერესები”, – განაცხადა ერდოღანმა.

,,კანონის გვერდის ავლით ხდება პარტიული აქტივიზმის დაფინანსება”- ცაგარეიშვილი

კანონის გვერდის ავლით ხდება პარტიული აქტივიზმის დაფინანსება, რაც რა თქმა უნდა კანონის დარღვევაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ამან იმდენად საგანგაშო ფორმები შეიძინა, იმდენად ყოველდღიურად ხდება, რომ ამას ადრე თუ გვიან, წერტილი უნდა დაესვას“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს. თეა ზაქარაძე მალაიზიაში იმყოფება, რომელიც საავიაციო სფეროში ერთ-ერთ მასშტაბურ ფორუმს – Routes Asia 2024-ს მასპინძლობს.

TAV Georgia-ს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობენ უმსხვილესი ავიაკომპანიების, აეროპორტების, საავიაციო ხელისუფლებისა და ტურიზმის სფეროს პირველი პირები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ღონისძიება მოიცავს როგორც თემატურ პანელურ დისკუსიებს, ასევე აეროპორტებისა და ავიაკომპანიების ლიდერების ორმხრივ შეხვედრებს.

ფორუმის ფარგლებში ახალი პირდაპირი საჰაერო მიმართულებების განვითარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზიის რეგიონის ლიდერ და სწრაფად მზარდ ავიაკომპანიებთან, რომელთა შორის არიან: Japan Airlines-ი, China Airlines-ი, Beijing Capital Airlines-ი, Air China და Air Asia Group-ი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს AirAsia-ს, Air Asia India-ს, Philippines Air Asia-ს, Indonesia AirAsia-ს და Thai AirAsia-ს.

ასევე, შეხვედრები შედგა Hainan Airlines-ის, Etihad Airways-ის, Thai Lion Air-ის, Tianjin Airlines-ის, Malaysia Airlines Berhard-ის პირველ პირებსა და პეკინის აეროპორტის წარმომადგენლებთან.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს ევროპული მომავალი აკავშირებთ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნა და ამასთან ერთად, გულითადად გისურვოთ დიდი წარმატებები ამ საპატიო მისიის შესრულებაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. გიდასტურებთ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე ნებას, ერთად ვიმუშაოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და ნდობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი და მტკიცედ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ევროპულმა საბჭომ გასული წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში, მიიღო გადაწყვეტილება, თქვენი ქვეყნისთვის მიენიჭებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და გამოხატა რწმენა, რომ ქვეყანა შეუქცევადად და ინკლუზიურად შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც კომისიამ 2023 წლის 8 ნოემბერს განსაზღვრა, კერძოდ, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო გარემოს გაძლიერების კუთხით. საფრანგეთსა და საქართველოს, ისე როგორც არასდროს, ევროპული მომავალი აკავშირებთ. ამ მხრივ ეჭვი არ მეპარება თქვენს მიზანდასახულობაში და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ამ გზაზე ჩვენს სრულ მხარდაჭერას. საქართველოს საფრანგეთთან განსაკუთრებული პარტნიორობა აკავშირებს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩემი მთავრობა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ და უპირობო მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იმ ფონზე, როდესაც ევროპა ინფორმაციით მანიპულირების კამპანიამ მოიცვა, ჩვენი მოვალეობაა, გავაგრძელოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი თანამშრომლობა და ერთობლივად დავიცვათ საერთო ღირებულებები. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში”, – აღნიშნულია წერილში.

,,ამნისტიის კანონპროექტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

თუმცა, რაქვიაშვილის თქმით, ვინაიდან ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმეა აღძრული, რთულია პროგნოზირება, კანონპროექტით დატოვებს, თუ არა ის ციხეს.

„ცხადია, ამნისტიის პროექტი მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება. დატოვებს თუ არა ციხეს უშუალოდ ამნისტიით, ეს ტექნიკური ამბავია. მის წინააღმდეგ საქმეებია აღძრული და იქ რა მოხდება, ამის პროგნოზირებას ჩემს თავზე არ ავიღებ. მაგრამ, გასაგებია, ამნისტია შეეხება მიხეილ სააკაშვილს.

სინამდვილეში, ყველა პატიმარს ეხება ეს ამნისტია. მცირე გამონაკლისის გარდა, კერძოდ, არასრულწლოვნების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულებების გარდა.

ფაქტობრივად, 10 000 ადამიანს შეეხება, ასე თუ ისე. არ მგონია, რომ ძალიან ბევრმა პირდაპირ დატოვის ციხე ამის გამო, მაგრამ ძალიან ბევრს შეუმცირდება სასჯელი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

„გირჩის“ მომზადებული ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ. ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებსა და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.

კანონპროექტის თანაავტორები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ამ კანონპროექტის მიღება „ოცნების“ გარეშე ვერ მოხდება.

„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ამნისტია მარიხუანას რეალიზატორებს“ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია და პოლიტიკური ჯგუფი უჭერს მხარს, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, “ევროპტიმისტები” . პროექტს, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ევროპელი სოციალისტებიც.

,,მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული!” – ოხანაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ისეთი მუხლით არის გასამართლებული, რომელ მუხლზეც ამნისტიის გავრცელება სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევად აღიქმება – ასეთი კატეგორიის მუხლებთან დაკავშირებით ამნისტია გამოყენება არ შეიძლება! მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული! – ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების დღის წესრიგში საყოველთაო ამნისტიის აქტის მიღება არ დგას.

“პირველ რიგში, ჩვენ აღნიშნული პროექტი უნდა შევისწავლოთ და დავამუშაოთ. რაც შეეხება ამნისტიას, ყოველ ჯერზე როცა დღის წესრიგში ამის აუცილებლობა დგება, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს – ჩვენ ამნისტიის არაერთი აქტი გამოგვიცია. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რასაც ყველა უწყების ფართო ჩართულობა სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას!

ამნისტია კონკრეტულ პირებს არ ეხება. ამნისტია არის აქტი კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით და საკითხის კონკრეტულ პირებთან მიმართებით დასმა არასწორია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათ შორის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ შეწყალებაზე იმსჯელა – პრობლემაა ისეთი მუხლით გასამართლებული თანამდებობის პირის ამნისტია, რომელი მუხლით გასამართლებულ პირსაც ობიექტურად ამნისტიის შეხება არ ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა სწორედ ასეთია.

წინა ხელისუფლების დროს ციხეში 24 000 პატიმარი იყო, ახლა დაახლოებით 10 000 პატიმარია, რაც რადიკალური სხვაობაა. ამნისტიის გამოცემა ერთბაშად ვერ მოხდება – ყველაფერს შეფასება, სამართლებრივი პრინციპის გათვალისწინება, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ როცა პირს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამის ლოგიკური შედეგი არის სასჯელი – სამართლიანი და დაბალანსებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავე

ს საქართველოს მოქალაქე.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ მცდარი ინტერპრეტაციით მიზანმიმართულად გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციასა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.

„კერძოდ, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის კვლევაზე – „პოლიტიკური რეკლამები „მეტას“ პლატფორმებზე საქართველოში (2023 წლის ოქტომბერი-დეკემბერი)” დაყრდნობით, თითქოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სოციალური მედიის „მეტას“ პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამის მიზნით 28,864 დოლარი დახარჯა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის მიერ, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის პერიოდში გაწეული საქმიანობის თაობაზე „მეტას“ პლატფორმაზე ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ფართოდ ინფორმირების მიზნით დაიხარჯა 736 დოლარი.

რაც შეეხება ISFED-ის კვლევაში ასახული თანხიდან დანარჩენ თანხას, კერძოდ, 28,128 დოლარს, აღნიშნული წარმოადგენს ქართული ენის პოპულარიზაციისა და შესწავლის შესაძლებლობების შესახებ, ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანიის „ქართული ენა გვაერთიანებს“ დანახარჯს, რომელიც სამ ენაზე (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული) წარიმართა. ამ ინფორმაციას ადასტურებს და ხაზგასმით ასახავს თავად არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის კვლევაც, სადაც ვკითხულობთ: „უწყების საქმიანობის ამსახველ პოსტებთან ერთად, გვერდზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კამპანიას „ქართული ენა გვაერთიანებს“. მოცემული კამპანია მიზნად ისახავდა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლის პოპულარიზაციასა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლებას. რეკლამების ნაწილი გამოქვეყნებული იყო ეთნიკური უმცირესობების ენებზე და სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ „მეტას“ ახალგაზრდა მომხმარებლები შესაბამისი ეთნიკური ჯგუფით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან“.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ჩართულობით მიმდინარეობს. პოლიტიკის უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია, რომლის პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია „სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად“.

სწორედ ამ უმთავრესი მიზნის მისაღწევად განხორციელდა კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშვნელობის ხაზგასმისა და პოპულარიზაციის, ისევე როგორც ქართული ენის შესწავლის არსებულ შესაძლებლობებზე არაქართულენოვანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, „მეტას“ პლატფორმაზე განთავსებულ იქნა ზემოაღნიშნული ღირებულების შესაბამისი ვიდეო-რგოლები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკა გვარამია პარტიულ თანამდებობას უახლოეს დღეებში დაიკავებს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარტიულ თანამდებობას უახლოეს დღეებში დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გვარამია ამბობს, რომ „მთავარ არხში“ 12%-იანი წილის ქონა, არ იყო თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან.

„მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის.

რაც შეეხება ჩემს 12%-იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე. წარმატებები მთავარს, დანარჩენზე – შემდეგ კვირაში“, – აცხადებს გვარამია. 

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამავე ტელევიზიაში თავის წილსა და პოსტს ტოვებს.

„მთავარი არხის“ პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ნიკა გვარამია თავის 12%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს თავის მეუღლეს, სოფო ლილუაშვილს, კომპანიის გენერალური დირექტორი კი, გიორგი გაბუნია გახდება.