Home Blog Page 281

“ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის არის, რომ ისეთი არჩევნები ჩავატაროთ პოლიციის უფროსების, პროკურორების, მოსამართლეების, როგორსაც ვატარებთ პოლიტიკოსის არჩევნების შემთხვევაში”

ჩვენი წინადადებაა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელიც იქნება, პოლიცია, პროკურორი და მოსამართლე, ამ ადამიანების არჩევა ხალხს გადავაბაროთ, ისევე როგორც ირჩევენ პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა.

მისივე თქმით, ამერიკული მოდელის და მაგალითის საფუძველზე, ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის არის, რომ ისეთი არჩევნები ჩატარდეს პოლიციის უფროსების, პროკურორების, მოსამართლეების, როგორიც ტარდება პოლიტიკოსის არჩევნების შემთხვევაში.

„მე არ ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციებს რა წარმოდგენა აქვთ დღევანდელი მოცემულობით და რა პრეზენტაციას მოვისმენთ, მაგრამ ჩვენი გეგმა დიდი ხანია ცნობილია. 2020 წლის არჩევნებამდე ჩვენ ფაქტობრივად მოვახერხეთ, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილთან შეგვეჯერებინა ჩვენი წარმოდგენა თუ რა უნდა მოვუხერხოთ სასამართლო სისტემას. ფაქტობრივად, ჩვენ გვგონია, რომ პოლიტიკოსებმა ამოწურეს იმისი ლეგიტიმაცია, რომ თვითონ კიდევ ერთხელ ამ სასამართლო რეფორმის მეხუთე თუ მეექვსე ტალღა დაიწყონ და ჩვენი წინადადებაა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელიც იქნება პოლიცია, პროკურორი და მოსამართლე, ამ ადამიანების არჩევა ხალხს გადავაბაროთ, ისევე როგორც ირჩევენ პოლიტიკოსებს. ფაქტობრივად, ამერიკული მოდელის და მაგალითის საფუძველზე, ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის არის, რომ ისეთი არჩევნები ჩავატაროთ პოლიციის უფროსების, პროკურორების, მოსამართლეების, როგორსაც ვატარებთ პოლიტიკოსის არჩევნების შემთხვევაში”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 თებერვლისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6501 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8774 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8618 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.

გაგახსენებთ, რომ სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი მოსკოვში ჰქონდა – ესეც ვიცოდეთ ისტორიისთვის -შალვა პაპუაშვილი

ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში მქონდა, ისევე როგორც ჩვენს ახალ პრემიერ-მინისტრს – გაგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი მოსკოვში ჰქონდა, ესეც რომ ვიცოდეთ ისტორიისთვის, ვინ სად დგას და ვინ საით იყურება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

პაპუაშვილის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.

„ხალხი, რომლის ლიდერიც მაშინ, როდესაც პრეზიდენტად იყო არჩეული, პირველ ვიზიტად მოსკოვში წავიდა, გვსაყვედურობს, ჯერ მიუნხენი იყოს თუ ბრიუსელი. ხედავთ ხომ, რამხელა განსხვავებაა?“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“შეგიძლიათ გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში” – ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას

რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი – შეგიძლიათ გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში, – ასე მიმართა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის გამოსვლას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. კერძოდ, უმრავლესობის წევრთა გაღიზიანება კორუფციის საკითხზე გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება ხშირად საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, რეალურად, „ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის მათი ჯიბეების ორნიშნა და სამნიშნა ეკონომიკური ზრდა“.

„პარლამენტი არ ახორციელებს არანაირ ზედამხედველობას, ზედამხედველობა არ არის მადლობებად დაღვრა მინისტრების მიმართ. ეს არის საკუთარი თანაგუნდელებისთვის მათ შორის, სიმართლის თქმა, როცა ქვეყანაში არის მძიმე პრობლემები. თქვენ გუნდს თავი მოაქვს, რომ კოვიდი მართეთ კარგად. 17 ათასი ადამიანი დაიღუპა ამ ქვეყანაში, რა კარგ მართვაზეა აქ საუბარი, საერთოდ ხმას როგორ იღებთ სწორ და კარგ მართვაზე?! მადლობა ექიმებს, მათი, ექთნების და სანიტრების შრომა რომ არ ყოფილიყო, საერთოდ სად იქნებოდა ეს ციფრი?! გაიხედეთ, რა ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ბრიტანეთის პარლამენტში მიმდინარეობს საპარლამენტო შესწავლა თუ როგორ იმართა კოვიდი. აქ რომ მოდიან მინისტრები ხშირად საუბრობენ ეკონომიკურ ზრდაზე, რა ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰკითხეთ გამდიდრდა თუ გაღარიბდა და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება. გუშინ დავბრუნდი ბათუმიდან, ნახევარი აჭარა თურქეთში გადადის ზეთის საყიდლად, ეს არის ეკონომიკური ზრდა ამ ქვეყანაში?! ქალები ყოველ დღე კვეთენ საზღვარს, რადგან მათთვის აქ არ არის ხელმისაწვდომი არანაირი დასაქმების შესაძლებლობა, სტუდენტები სეზონურად მუშაობენ, რომ სწავლის გადასახადი გადაიხადონ. არა, ცუდი არ არის, კარგია, როცა ადამიანები ცდილობენ, რომ ოჯახი არჩინონ, მაგრამ სახელმწიფო რას აკეთებს მათთვის?! სახელმწიფო არაფერს აკეთებს და ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის თქვენი ჯიბეების ორნიშნა და სამნიშნა ეკონომიკური ზრდა და არა საქართველოს მოქალაქეების გამდიდრება,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას უმრავლესობის წევრების მხრიდან შემდეგი რეპლიკები მოჰყვა, რომ „საკუთარი ლიდერის კორუფციას მიხედოს“. საპასუხოდ, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ სიმართლეა მწარეა, მაგრამ მოისმენენ.

„ნუ ღრიალებ მანდედან, მწარეა სიმართლე, მაგრამ მოისმენ. დამძიმებული ჩამოვედი ბათუმიდან, უკონტროლო კორუფციული კვარტლების მშენებლობები, რომელიც თქვენ დააკანონეთ ამნისტიით, სრულიად გაუაზრებელი კორუფციული ამნისტიით. ქალაქში გავლაა საჭირო, რომ დაინახოთ რა დამართეთ ბათუმს, ბაკურიანს, თბილისს და ა.შ. ესაა რეალობა. კი, არ გსიამოვნებთ, გასაგებია, მაგრამ მოქალაქეებს რა სჭირდებათ ესაა მთავარი და არა დავარცხნილი ტექსტები, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები მძიმე განცხადებებს აკეთებენ და ფაქტობრივად გადატრიალებისკენ მოწოდებას აჟღერებენ.

„რუსული კანონი – დღესაც გააჟღერეთ აქ, თურმე აპირებთ დააბრუნოთ – პირდაპირ დახვრეტა დააკანონეთ! პირდაპირ დააკანონეთ, რადგან ამისკენ ისწრაფვით, რომ ეს ადამიანები ფიზიკურად განდევნოთ ამ ქვეყნიდან, ადამიანები, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის დღევანდელი და ხვალინდელი დღე და დარჩით შემდეგ მარტო თქვენ, რომ კიდევ მეტი მოიპაროთ და გამდიდრდეთ, ეს არის თქვენი მთავარი ამოცანა. ძალიან მძიმე მესიჯი გააჟღერეთ ბატონო შალვა, არ ვიცი, რამ გათქმევინათ ეს. ფაქტობრივად გადატრიალებისკენ გააჟღერეთ მოწოდება – არა, ღმერთმა დაგვიფაროს. ამ ქვეყანას არ სჭირდება არც არეულობა, არც გადატრიალება, არც რევოლუცია. ამ ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ და იხელმძღვანელებს ყოველთვის „ლელო.“ ქვეყანას სჭირდება დემოკრატია, ფინანსური სტაბილურობა, განვითარების პერსპექტივა, ამიტომ ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილების ჩვენთვის, არის არჩევნები. თქვენმა ვიცე – სპიკერმა გააჟღერა, წამოსცდა, „ლელოს“ არ მივცემთ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობასო. დიახ, რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი და ამას გადაწყვეტს არჩევნებზე. ესაა ქვეყნის ინტერესი და „ლელო“ იდგება იქ, სადაც არის ქვეყნის ინტერესი, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ რუსულ ხელისუფლებასთან და გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, უმრავლესობის წევრები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ოპოზიცია არ მუშაობს, რადგან სინამდვილეში პარლამენტი არ იხილავს მათ კანონპროექტებს და მათ ოპოზიცია „მხოლოდ გარნირად, საკუთარი დღის წესრიგის გამფორმებლად“ უნდათ.

“ესპანეთში ეროტიკულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები ზურგზე ლგბტ დროშებით. შიგ ევროპაში!” -გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ესპანეთში, აღლუმზე გამართულ მსვლელობაში სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილი ბავშვების მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ესპანეთში ეროტიკულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები ზურგზე ლგბტ დროშებით. შიგ ევროპაში! უდედმამოდ დარჩენილი სახეომწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია. შიგ აშშ-ი! ევროსატლანტიკური სივრცის გაცსიფერებული მომავალი – ქართველი ლიბერალების თავსაყუდელი!“ – წერს ხაინდრავა.

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

„მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იცით აეროპორტი, იცით, ბილეთი როგორ აიღოთ, თუ გინდათ თავგანწირვა, იცით, როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ, თქვენი გმირობა დაადასტუროთ – შალვა პაპუაშვილი

ვინც ითხოვდით ისეთ ქმედებებს, რომლებიც გააჩენდა ცხელ ომში ჩართულობის და ეკონომიკური კოლაფსის რისკს, იცით, ბილეთი როგორ აიღოთ, როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ, თქვენი გმირობა დაადასტუროთ, ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

პაპუაშვილის თქმით, ხალხისა და ქვეყნის გაწირვის უფლება არავის აქვს.

„აქ საკითხი განიხილება ხოლმე გაბედულობა-არგაბედულობის, გარისკვა-არ გარისკვის, თავგანწირვის კონტექსტში. თავგანწირვა არის ინდივიდუალური აქტი, ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ, იყოთ თავგანწირული. არის ჩვენი კოლეგა, რომელმაც თქვა, უნდა წავიდე ომშიო. თავგანწირვა? კი ბატონო, პირადი სახელით. ქვეყნისა და ხალხის გაწირვის უფლება არავის არ გვაქვს. არავის არ გვაქვს უფლება, რომ გავწიროთ და ხალხის სახელით ვიყოთ თავგანწირული ქვეყანა. ამიტომ, ვინც ითხოვდით ისეთ ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ ჩაგვრთავდა, გააჩენდა რისკს ცხელ ომში ჩართულობისა და ამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსისა, იცით აეროპორტი, იცით, ბილეთი როგორ აიღოთ. თუ გინდათ თავგანწირვა, იცით, როგორ ჩახვიდეთ იქ, სადაც შეგიძლიათ, თქვენი გმირობა დაადასტუროთ. ხალხის ხარჯზე გმირობას თავი დაანებეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“დღე და ღამე მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას გამოვტაცოთ სამშობლო და დავუბრუნოთ ხალხს” – გიორგი ვაშაძე

სიმართლე ჩვენ მხარესაა, დღედაღამ მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას გამოვტაცოთ სამშობლო და დავუბრუნოთ ხალხს, რამდენი საქმე გვაქვს საკეთებელი, სად გვცალია ამ ზიზღის რიტორიკისთვის?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ ღონისძიებაზე განაცხადა, რითაც შალვა პაპუაშვილის დღევანდელ მოხსენებას გამოეხმაურა.

ვაშაძის განცხადებითვე, „ბევრი იქნება სამუშაო, რათა ქვეყანა ივანიშვილისგან გათავისუფლდეს და განვითარების სწორ გზაზე დადგეს“.

მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიციას“ შეუძლია ევროპული და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა, პენსიონერების მაღალპროცენტიანი სესხებისგან გათავისუფლება და ხალხის რეალურ სატკივარზე ზრუნვა.

„ჩვენ შემოვიტანთ ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს, ჩვენ შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ჩვენ პენსიონერებს აუცილებლად ჩამოვაწერთ იმ საპენსიო სესხებს, რომელიც მათ აქვთ. ჩვენ პარლამენტს მართლაც მოვიყვანთ ხალხის სამსახურში, პარლამენტი უნდა იყოს ქვაკუთხედი, რომელიც ხალხზე ფიქრობს, იმ კანონებს იღებს, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის. პარლამენტი უნდა იყოს ადგილი, სადაც კამათია, ვინ უკეთესს გააკეთებს. პარლამენტი დემოკრატიულ წყობილებაში უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ამის პირობას გაძლევთ თქვენ, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, ადამიანი, მისი პრობლემები, მისი გაჭირვება მთავარი იქნება. სიმართლე ჩვენ მხარესაა, დღე და ღამე მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას გამოვტაცოთ სამშობლო და დავუბრუნოთ ხალხს. ხალხმა გაიმარჯვა გასულ წელს, როცა ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ხალხი იმარჯვებს აუცილებლად ამ არჩევნებში და დავიწყებთ დიდ აღმშენებლობას. რამდენი საქმე გვაქვს საკეთებელი, სად გვცალია ამ ზიზღის რიტორიკისთვის?! სად გვცალია პაპუაშვილებისთვის, კობახიძეებისთვის, ივანიშვილებისთვის?! ჩვენ გვცალია ჩვენი სამშობლოსთვის, ქართველი ხალხისთვის. მართლაც გულით გვინდა, რომ უამრავი პროექტი გავაკეთოთ, გუშინ გამოხტა იმედის მფლობელი რუხაძე და თავს დაესხა ყველას და განსაკუთრებით მე, რატომ?! – იმიტომ, რომ დიახ, ვამბობ, რომ რუხაძე არის თაღლითი, რომელიც „ლიბერთი ბანკით“ ძარცვავს პენსიონერებს. ამ თაღლითებს არავითარ შემთხვევაში არ ექნებათ პენსიონერების ძარცვის შესაძლებლობა, აღარ იქნება ისე, რომ მდიდარი უფრო გამდიდრდეს და ღარიბი უფრო გაღარიბდეს, დღეს ხომ ეს მოიტანა ივანიშვილმა, ელიტა ზემდიდარი, ხალხი უკიდურესად ღარიბი, ეს არის ივანიშვილი და მისი პარტია.

ჩვენ ხალხის სამსახურში, ხალხი, ადამიანი, ოჯახი, ახალგაზრდა, უფროსი, ქალი, კაცი, ყოველდღე, პირობას გაძლევთ, ჩვენი გამარჯვების შემდგომ, ყოველდღე, ჩვენი მოქალაქე იგრძნობს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეს მის ჯიბეზე აისახება, ყოველ შემდგომ დღეს მაცივარს რომ გამოაღებს ადამიანი, უფრო და უფრო სავსე იქნება ეს მაცივარი, მეტი და მეტი იქნება შემოსავალი. დაგვცინიან, რომ თურმე ჩვენ გვინდა ქარხნებისა და საწარმოების გახსნა, როგორ შეიძლება საოკუპაციო ზოლთან რაიმეს გახსნაო. მე გაგახსენებთ, ასე ამბობდნენ ანაკლიაზეც, მიშას რაზე აკრიტიკებდნენ? როგორ შეიძლება ანაკლიაში პორტის მშენებლობაო, დღემდე იქ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებია. ქვა-ქვაზე არ გაუგრძელებია ივანიშვილს. დიახ, შესაძლებელია, როცა შენი ქვეყანა და ხალხი გიყვარს, როცა გტკივა ის გასაჭირი, რაც ხალხს აქვს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეგვიძლია და ყველაფერი გამოგვივა აუცილებლად. თქვენი იმედი გვაქვს, ჩვენი იმედი აქვს საქართველოს და ჩვენი ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ, წინ დიდი გამარჯვებისკენ, ეს არის მთავარი ამოცანა“,- განაცხადა ვაშაძემ, რომლის სიტყვასაც პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

“პარლამენტის თავმჯდომარემ პოლარიზაციისკენ მიდრეკილი, ზიზღის და აგრესიის შემცველი ანგარიში წარმოადგინა”

საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ე.წ რადიკალურ ოპოზიციაზე და არაფერი იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს დაახლოების ევროკავშირთან, – ასე შეაფასა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ანგარიში.

მისივე თქმით, ამ ანგარიშში გამოჩნდა, რომ ნებისმიერი მოწოდება თანამშრომლობისკენ არის ყალბი, იმიტომ, რომ მთელი აგრესია და ზიზღი მომდინარეობდა სწორედ ოპოზიციის მიმართ.

„პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს საქართველოში ევროკავშირის მიერ 9 დათქმიდან მნიშვნელოვანი შესრულების ერთ-ერთი მაგალითი, (დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობ) სამწუხაროდ, დღეს გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე უფრო პოლარიზაციისკენ მიდრეკილი, ზიზღის და აგრესიის შემცველი ანგარიში წარმოადგინა. აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ე.წ რადიკალურ ოპოზიციაზე და არაფერი იმ გეგმებზე, რომელიც საქართველოს დაახლოების ევროკავშირთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის მტრების ნუსხაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ოპოზიცია. მე არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი მძიმე განცხადებები და შეფასებები არის ხოლმე, თუ არ ჩავთვლით დიქტატორულ ქვეყნებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ამ ანგარიშის მთავარი ფუნდამენტი და საყრდენი იყო ოპოზიციის მიმართ აგრესია და ზიზღი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვიდა.

რუსეთმა როცა ომი დაიწყო, ვინ მოუწოდებდა ხელისუფლებას, მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში საომრად? -შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას

რუსეთმა როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვინ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში საომრად? არ იცით, რა შედეგი იქნებოდა? ეჭვი გეპარებათ, რომ ეს ნიშნავდა ომის რისკს რუსეთთან?, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში საბრძოლველად მეომრების გაგზავნა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკს გამოიწვევდა.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას გააკეთა.

„ძალიან გიკვირთ, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ომში ჩათრევის სურვილზე. როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო, ვინ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში საომრად? თუ მიამიტები არ ხართ, მგონი, ხვდებით, რას ნიშნავს, როდესაც სახელმწიფო მეომრებს აგზავნის ომში. დედამიწის ზურგზე რომელმა სახელმწიფომ გააგზავნა უკრაინაში თავისი მეომრები. ამას არ მოგვიწოდებდით? აქ არ იყო, პარლამენტის წინ აქციები? ითხოვდით და ჩართვები გქონდათ თქვენი მეგობარი ზოგიერთი უცხოელი აქტორებისგან. სამწუხაროდ, უკრაინელი პოლიტიკოსებიც რომ ჩართეთ მაშინ ამ მოწოდებებში, მიტინგების მეშვეობით. არ იცით, რა შედეგი იქნებოდა? ეჭვი გეპარებათ, რომ ეს ნიშნავდა ომის რისკს რუსეთთან? მითხარით, თუ სერიოზულად ფიქრობთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას რომ გაეგზავნა მეომრები უკრაინაში, რუსეთთან საომრად და უკრაინის დასაცავად, ეს არ შექმნიდა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბაიდენის ძაღლმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებს, სულ მცირე, 24-ჯერ უკბინა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ძაღლმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებს, სულ მცირე, 24-ჯერ უკბინა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ აშშ-ის საიდუმლო სამსახურების დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე პერიოდში პრეზიდენტის ძაღლმა, სულ მცირე, 24-ჯერ უკბინა სპეცსამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ბაიდენის ოჯახის უსაფრთხოებას იცავენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ჩამოთვლილია მხოლოდ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებული ინციდენტები და არ არის აღრიცხული თეთრ სახლში ან მერილენდის კემპ დევიდის რეზიდენციაში მომუშავე პერსონალთან დაკავშირებული შემთხვევები.

ბაიდენის ოჯახის ძაღლს თეთრი სახლი გასული წლის ოქტომბერში დაატოვებინეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ აგენტს კბენის შემდეგ სამედიცინო მკურნალობა დასჭირდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ძაღლის თავდასხმის რამდენიმე შემთხვევის შემდეგ აგენტებს ნაკერების დადება დასჭირდათ.

ერთ-ერთი აგენტის წერილიდან ირკვევა, რომ ძაღლის ქცევის გამო პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურს მოვალეობის შესრულებისას ოპერატიული ტაქტიკის კორექტირება დასჭირდათ, რათა საკუთარი უსაფრთხოებაც უზრუნველეყოთ.

“გასულ თვეში რუსეთი ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა” – საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

გასულ თვეში რუსეთი ფრანგული საპატრულო თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

„ერთი თვის წინ, ძალიან კონკრეტული მაგალითი რომ მოგიყვანოთ, რუსეთის საჰაერო მოძრაობის მართვის კონტროლის სისტემა შავ ზღვაში ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა, მაშინ, როცა ჩვენ საერთაშორისო თავისუფალ ზონაში ვიმყოფებოდით, სადაც პატრულირებას ვახდენდით“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ.

სებასტიან ლეკორნუმ აღნიშნა, რომ რუსეთი აგრესიულ პოზიციას უბრუნდება, რაც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის ქცევას ჰგავს.

„2024 წელს რუსეთის ქცევას იმასთან საერთო არაფერი აქვს, რაც ჩვენ 2022 წელს და, ცხადია, უკრაინაში აგრესიამდე ვნახეთ“, – აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.