Home Blog Page 281

,,გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო”- გიგი უგულავა

მოდი გულწრფელები ვიყოთ, ნიკა გვარამია ამ პარტიის, [ნაციონალური მოძრაობის], რაც ოპოზიციაშია 2012 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ – განაცხადა გიგი უგულავამ ტვ პირველის ტოქშოუში „რეაქცია“.

კითხვაზე, რამდენად წაართმევენ ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველს, უგულავამ უპასუხა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც ან ერთს, ან მეორეს მისცემს ხმას, მათი დიდი უმრავლესობა წინა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იყო.

„ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა. მოდი გულწრფელები ვიყოთ, ნიკა გვარამია ამ პარტიის [ნაციონალური მოძრაობის], რაც ოპოზიციაშია 2012 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ. ნიკა მელია ბოლო 5 წელი თავმჯდომარე იყო და თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული. ბოლო არჩევნებიდან რომ ავიღოთ, ქალაქის მერობის კანდიდატები, ძირითადი უმრავლესობა, სამი-ოთხი, ვინც წარმატებული იყო, მათ პარტია დატოვეს. წინა არჩევნებზე წარმატებული კანდიდატი რომ წავა შენგან ეს პარტიის პრობლემაა. გამოწვევები სხვადასხვაა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა, მაგრამ 2 კვირის დიაპაზონში ორი ახალი პარტია რომ გაიხსნება, ორი ნიკასი, ორი ანზორის ძე და ორივე მეგრული გვარით, მარინე გიორგის ასული ფერაძესავით გამოვა. ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ ექნებათ უფრო მეტად პრობლემა, რადგან „ნაცმოძრაობა“ არის დიდი პარტია და მას აქვს რეგენერირების უნარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განაცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

“რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას შეუძლია ისაუბროს საკუთარ ინტერესებზე, მაგრამ გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, ნატოს გენერალურმა მდივანმა გამორიცხა ნატოს ნებისმიერი ჯარისკაცის უკრაინაში საბრძოლველად ყოფნა”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებულმა მარინა ხატიაშვილმა ბინა დაიბრუნა

მარინა ხატიაშვილის ოჯახმა შეძლო თბილისში, კეკელიძის N1-ში, მდებარე ბინის კერძო იპოთეკარისგან გამოსყიდვა. იპოთეკარსა და მსესხებელს შორის ერთი თვის წინ დადებული შეთანხმების პირობები მხარეებმა 23 თებერვალს შეასრულეს.

კერძო იპოთეკარ დარეჯან დვალსა და მარინა ხატიაშვილს შორის შეთანხმება გამოსახლებიდან მეორე დღეს, 24 იანვარს, შედგა. დოკუმენტში ეწერა, რომ “თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში 90 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა, დარეჯან დვალი მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას დაუბრუნებდა”.

მარინა ხატიაშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა 70 000 აშშ დოლარი, ერთ თვეს კი დარჩენილი 20 000 აშშ დოლარის შესაგროვებლად გამოიყენებდა. ამ მიზნით 17 თებერვალს გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი, რომელზეც ნამუშევრები გასაყიდად გამოიტანეს ხელოვანებმა და გალერისტებმა.

„ეს იყო ძალიან დიდი თანადგომისა და სოლიდარობის შედეგი – ჯერ იმ ხალხის მხრიდან, ვინც იქ გამოსახლების დღეს იომა და თავი გადადო, შემდეგ კი ჩემი მეგობრების მხრიდან, რომლებმაც აუქციონი მოაწყვეს და ნამუშევრები გაყიდეს. აუქციონიდან შემოსული თანხით გავისტუმრეთ მევახშე. მინდა ჩემი საქმე იყოს პრეცედენტი, რომ სანამ ამხელა კონფლიქტი და მძიმე სურათი შეიქმნება, მევახშეებმა იქამდე აიღონ ის თანხები, რასაც სთავაზობენ ან მსესხებელს თანხის შეგროვება აცალონ“, – უთხრა მარინა ხატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული დღეა, მაგრამ თუ ძვირფას დროს უქმად არ დაკარგავთ და ყურადღებას მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებთ, ჩანაფიქრის განხორციელება არ გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, სხვების დაშვებული შეცდომების გამოსწორება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, დაისვენეთ და ეცადეთ, ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ.

კურო

ამ დღეს მთავარია, ინფორმაცია გადაამოწმოთ და გადაწყვეტილება აუჩქარებლად მიიღოთ. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით და მოსალოდნელი შედეგები შეაფასეთ. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს უნდა სთხოვოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უხეშობას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანს უსამართლოდ მიყენებული ტკივილი არასოდეს ავიწყდება.

ტყუპები

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. მუდმივად ცვლადი გარემოებების გამო გეგმების შეცვლა და მნიშვნელოვანი შეხვედრების გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. სამუშაოში ჩაფლობა და დამატებითი პასუხისმგებლობები სტრესისა და მძიმე ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ. შეეცადეთ, არ ინერვიულოთ და მომხდარი მშვიდად მიიღოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ.

კირჩხიბი

მოემზადეთ ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის. შესაძლოა, ყველა არ მოგეწონოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მათ, როგორც ახალ შესაძლებლობებს, ისე შეხედოთ. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მომავალ ბიზნესპარტნიორს გაიცნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ, რათა თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

ლომი

თუ ოჯახის წევრების რჩევებს და კოლეგების საუბრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აზრი ან საინტერესო იდეა გაიგოთ, რომელსაც მალე წარმატებით გამოიყენებთ. ამ დღეს უპირატესობა ფინანსურად მოგებიან საქმეს უნდა მიანიჭოთ და რუტინული საქმიანობა სხვა დროისთვის გადადოთ. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ.

ქალწული

უარს ნუ იტყვით ახლობელი ადამიანების დახმარებაზე. გარდა იმისა, რომ სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ, თვითშეფასებასაც აიმაღლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიტუაციის დრამატიზებას მოერიდოთ და მარტივი, პრაქტიკული გადაწყვეტილებები ეძიოთ. ორიგინალური აზროვნება და არასტანდარტული ხედვა დაგეხმარებათ, სასურველს უფრო სწრაფად მიაღწიოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია გულდასმით და ყურადღებით უნდა შეამოწმოთ, რადგან შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოტყუება ან თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა სცადოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიფრთხილით მოეკიდოთ ნებისმიერ მიწვევას. საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული საღამო კი სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

მორიელი

კარგი იქნება, თუ საკუთარ მოვალეობებს კოლეგებს ან თანაშემწეებს გაუნაწილებთ და კარგად დაისვენებთ. დაძაბული კვირის შემდეგ ყველაზე მეტად ძალების აღდგენა გჭირდებათ. პირად ურთიერთობებში ჩხუბი ან დაძაბულობა არ დაუშვათ. ახლა ამან შეიძლება საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება გამოიწვიოს. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და ინფექციურ დაავადებებს ერიდეთ.

მშვილდოსანი

ვიღაც თქვენ გარშემო ინტრიგებს ხლართავს, ამიტომ ურთიერთობებში უფრო ფრთხილი უნდა იყოთ და რასაც გეუბნებიან, ყველაფერს არ დაუჯეროთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და დაუფიქრებელი სიტყვით არავინ გაანაწყენოთ. შეცვალეთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება – არ გაბრაზდეთ და არ მოიწყინოთ.

თხის რქა

მომატებული ემოციური ფონი ადამიანებს აგრესიისკენ უბიძგებს, ამიტომ ეცადეთ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ. თუ კითხვები გაგიჩნდათ, გირჩევთ, ყველაფერი ახლავე გაარკვიოთ და სამომავლოდ არ გადადოთ. სასურველია, რომ სამომავლო გეგმები ოჯახთან ერთად განიხილოთ, რათა მოგვიანებით თქვენმა გადაწყვეტილებებმა პროტესტი არ გამოიწვიოს.

მერწყული

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ძველი მეგობრები ფინანსური საკითხების წარმატებით მოგვარებაში დაგეხმარებიან. თქვენ გარშემო მოჩვენებითი სიმშვიდე ნუ მოგატყუებთ. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ.

თევზები

ამ დღეს მეტი უნდა იაქტიუროთ და ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომელსაც ბედი გიგზავნით. დაეხმარეთ ყველას, ვინც დახმარებას გთხოვთ და სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სულიერ სიმშვიდეს დაგიბრუნებთ. ამ დღეს შოპინგი წარმატებული იქნება და შეძენილი ნივთები დიდხანს გაგახარებთ.

დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დღეს, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, პროტესტის ჯგუფის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვეს, შესაბამისად, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო მოთხოვნილი, – ამის შესახებ ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.

„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჯგუფის მხრიდან, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის პროექტს, მსგავს დესტრუქციულ ქმედებას უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი – ჩაიშალა ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა და, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმიური ღონისძიების შემდეგ, გზა გადაუკეტეს და ცილისმწამებლური ბრალდებებით პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ ჰქონდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ექსპერტების ჩართულობით, მოეხდინათ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასება, რაც სამწუხაროდ, რადიკალური ჯგუფის ქმედებების გამო, ვერ განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც, ისევე როგორც წინა ორ შემთხვევაში, პროტესტის მონაწილეთა მხრიდან, ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ პროვოკაციულ ქმედებას. უნდობლობას უცხადებდნენ ადგილზე მყოფ დარგის სპეციალისტებს და არ მისცეს საშუალება განეხორციელებინათ ტერიტორიის შესწავლა და შეფასება. დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს აღნიშნულ რადიკალურ ქმედებებს და პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმას, რაც ხელს უშლის კონსტრუქციულ დიალოგს და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის წარმოებას.

დღეს, კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა, რომ აღნიშნული ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს ხელი შეუშალოს ბალდის კანიონის პროექტის განვითარებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, დღეს გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილეს სიტუაციის ესკალაცია და ტერიტორიაზე არ შევიდნენ. მიუხედავად ამისა, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სააგენტო შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას განახორციელებს. ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია – საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში – პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში (კავკასიაში), რომლითაც სრულად სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები. შესაბამისად, ამ მართლაც უნიკალურ ადგილს, რომლის უდიდესი ნაწილი ვიზიტორისათვის მიუწვდომელია, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაიცნობს. ამასთანავე, ეს პროექტი ადგილობრივების ცხოვრებაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონისა და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა,მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად”- სტეფან სეჟურნე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კომენტარი განმარტა და განაცხადა, რომ საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა კონკრეტული საჭიროებისთვის, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

26 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

“ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი ქმედებები უკრაინის მხარდასაჭერად, რამაც უნდა უპასუხონ ძალიან კონკრეტულ საჭიროებებს, როგორიცაა განაღმვა, კიბერთავდაცვა, უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოება”, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

“ზოგიერთი ქმედება შეიძლება მოითხოვდეს ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე, ბრძოლის ბარიერის გადალახვის გარეშე. არაფერი არ უნდა იყოს გამორიცხული. ეს იყო და არის დღესაც რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიცია”, – დასძინა მან.

,,ჩვენ გვსურს უკრაინის დახმარება მაგრამ არა ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე”- ტუსკი

პოლონეთს სურს უკრაინის დახმარება, მაგრამ არა ეკონომიკის კონკრეტული სფეროსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჩეხეთში ვიზიტისას გააკეთა, სადაც დონალდ ტუსკი „ვიშეგრადის ოთხეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობდა.

„ჩვენ გვსურს უკრაინის დახმარება. ეს უდავო ფაქტია, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ისეთი მეთოდებით, რომლებიც სასიკვდილოა ეკონომიკის მთელი სფეროსთვის“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

ტუსკის თქმით, პოლონეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა შეიცვალოს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ე.წ. მწვანე შეთანხმება, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორს დამატებით შეზღუდვებს უწესებს. ტუსკის თქმით, კლიმატის ცვლილების შეჩერების მიზანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს, მაგრამ გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილი ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება საშუალო და მცირე ფერმერებს

,,ეს სტრატეგიული ურთიერთობაა, თუ უფრო ვასალურ დამოკიდებულებას წააგავს”- მაჭარაშვილი

ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არის პირნათელი (მათივე შეფასებებით), მათ შორის ჩვენი შრომით და ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად (ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე ათეულობით ჯარისკაცს ჯანმრთელობა დაუზიანდა), – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი გაზარდონ, საქართველოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი კი იბრძვის იმისთვის, რომ სუვერენიტეტი შეილახოს.

„პრობლემა იცით რა არის? მათ სურდათ ქართული საზოგადოება შეეგუებინათ იმისთვის, რომ მთავარია სტრატეგიული პარტნიორი რას იტყვის და იმის იქეთ, არ უნდა განსაჯო ის თუ რა მოქმედებას აწარმოებს.

ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არის პირნათელი (მათივე შეფასებებით), მათ შორის ჩვენი შრომით და ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად (ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე ათეულობით ჯარისკაცს ჯანმრთელობა დაუზიანდა).

30 წელია ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა არ არსებობს; სამწუხაროდ, ვერ შევძელით პირდაპირი ფრენები. ეს ყველაფერი ხომ ურთიერთობაა. თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება ძირითადი ნაბიჯები მათ შორის, არც ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით და ა.შ. ეს როგორი დამოკიდებულებაა? სტრატეგიული ურთიერთობაა, თუ უფრო ვასალურ დამოკიდებულებას წააგავს.

ჩვენ, ზედმეტად თავს არავის ვესხმით და არც პიროვნული პრობლემები არ გაგვაჩნია. მაგრამ, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ არის გადმოდგმული ნაბიჯები და აღიქვამენ საქართველოს, როგორც კოლონიას – ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია.

რატომღაც, გარკვეულ წრეებში გაჩნდა აზრი, ეს ხომ არ არის ურთიერთობის გადახედვა. იმის საშიშროებას და რისკს რატომ ვერ ხედავენ, რომ ამით საქართველოს სუვერენიტეტი ილახება?

ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი გაზარდონ, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი კი იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეილახოს. წარმოიდგინეთ, ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის საელჩოებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები, სხვა ქვეყნიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ დაგვინიშნონ მთავრობის წევრები და პარლამენტში კანონების წერა გვიკარნახონ? ეს უნდათ ზუსტად. ჩვენი სუვერენიტეტი ხომ ამით ილახება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ნებისმიერ ისეთ ურთიერთობას გადავხედავთ, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

,,ეს არ იყო შეცდომა, არამედ იყო მიზანმიმართული ქმედება”- მიხეილ ყაველაშვილი

ეს არ იყო შეცდომა, არამედ იყო მიზანმიმართული ქმედება, რასაც რადიკალური ოპოზიციის 6-თვიანი ბოიკოტი მოჰყვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაზე“ საუბრისას.

„ეს იყო დანაშაული და პასუხი, რომ შეცდომა მოუვიდათ და ამით გაიმართლონ თავი, ეს შეუძლებელია. რადიკალურ ოპოზიციაზე რადიკალურები გახდნენ, თუ გახსოვთ 2022 წლის ზაფხულის მოვლენები, სადაც პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ ეს ადამიანები და ხელისუფლების შეცვლას აპირებდნენ. სერგი კაპანაძე წლების განმავლობაში იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. როგორ შეიძლება ის იყოს ნეიტრალურად აღქმული?“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

2020 წელს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში შეცდომა აღმოჩნდა. ISFED-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

მმართველი გუნდი მესამე სექტორის ნაწილს აკრიტიკებს, რომელიც ევროკავშირის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე ალტერნატიულად მუშაობს – ამ შემთხვევაში საუბარია დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, რომლის შესრულებაც „გრასმა“ და ISFED-მა საკუთარ თავზე აიღეს. „ქართულ ოცნებას“ ამ ორგანიზაციების ობიექტურ მუშაობაში ეჭვი ეპარება, ამის არგუმენტად კი მათი წარსული საქმიანობიდან კონკრეტული ფაქტები მოჰყავს. მმართველი გუნდისთვის მიუღებელია დეზინფორმაციასთან ბრძოლა მიანდონ ISFED-ს, რომელმაც მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.

რაც შეეხება „გრასს“, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარიაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სწორედ ხოშტარია ავრცელებდა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით არაერთ დეზინფორმაციას.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, „გრასს“ და ISFED-ს სრულად ენდობა ოპოზიციის ნაწილი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ (მოხელის მიერ  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სერგი კაპანაძემ NGO-ების დაფინანსებაზე კომენტარი გააკეთა

არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ ეს იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც სამწუხაროდ დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება და მასთან დაახლოებული მედია საშუალებები ეწევიან – ასე უპასუხა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ფინანსდებიან.

მისივე თქმით, პროპაგანდის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია. კითხვაზე, თუ რამდენად არის სწორი პოლიტიკაში ამ კუთხით თანხების შედინება, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც რომ თავიანთი აქტიური პოზიცია გამოხატონ ბევრ თემაზე.

„ამ პროპაგანდის ამოცანა და მიზანია, რომ მოახდინონ არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაცია და ბრალი დასდონ იმაში, რომ თითქოს ისინი პოლიტიკურ პროცესებში ერევიან. ამ დროს, ძალიან მარტივი ანაბანა არის დემოკრატიის, რომ იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ნებისმიერი სამოქალაქო ორგანიზაცია, მათ აქვთ არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც რომ თავიანთი აქტიური პოზიცია გამოხატონ ბევრ თემაზე. რაც შეეხება დონორებს, დონორებს ასევე აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეუწყონ ხელი. სამწუხაროდ, დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება და სხვადასხვა ჯგუფები ცდილობენ, რომ ეს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ როგორც საქართველოს პროდასავლური არჩევანის და ჩვენი პარტნიორების დისკრედიტაცია, ისე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია. შესაბამისად, არაფერი პრობლემატური იმაში, რასაც თქვენ ცდილობთ რომ გამოიყვანოთ არ არის. ყველაფერი არის ლეგალური, ლეგიტიმური და უფრო მეტიც, საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული. გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ეგ ითვლება პრობლემად და ასეთები არიან რუსეთი და სხვა ავტოკრატიული ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის იქ ეძებენ ძაღლის თავს, სადაც თქვენ ახსენეთ“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო”, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა – „მშვიდობის ფორმულა“ იქნება.

“გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით და საუდის არაბეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს”, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ასევე იგეგმება ომის ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული პირების დაბრუნების საკითხის განხილვა. ასევე, განხილული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები და უკრაინის აღდგენაში საუდის არაბეთის მონაწილეობა.

“საუდის არაბეთის ლიდერობამ უკვე შეუწყო ხელი ჩვენი ხალხის დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც მოიტანს შედეგებს”, – წერს ზელენსკი.