Home Blog Page 280

“ღაზის სექტორიდან ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი “ათასობით ტერორისტს” არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოყვა, რომლის თანახმადაც ისრაელი „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც, ასევე, მოიცავს ომში გრძელვადიან პაუზასა და ისრაელის მიერ ტყვედ აყვანილი მებრძოლების დიდი რაოდენობით გათავისუფლებას.

“ეს არ არის კიდევ ერთი რაუნდი, არ არის კიდევ ერთი ოპერაცია. სრული გამარჯვება – ამაზე ნაკლები არაფერი. მე ამის ერთგული ვარ, ჩვენი მებრძოლები ამის ერთგული არიან, ხალხის სრული უმრავლესობა ამის ერთგულია. სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით.

ღაზას სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ. აქედან არაფერი არ მოხდება, რა მოხდება? სრული გამარჯვება!” , – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კერძოდ, 29 იანვარს ისრაელის მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელმა თანხმობა განაცხადა ჩარჩოზე, რომლის თანახმადაც ის ყოველი მძევლისთვის ასობით პალესტინელ ტყვეს გაათავისუფლებს.

“ევროკავშირი სულ უფრო მეტად მიიწევს იმპერიალისტური მიმართულებით” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინის დასაფინანსებლად კომპრომისული წინადადება შესთავაზა ევროკავშირს, თუმცა ეს წინადადება პოზიტიურად არ იქნა აღქმული.

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში საუბრობს.

ორბანი აღნიშნავს, რომ უნგრეთის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით არ შეცვლილა და მიაჩნია, რომ არ არსებობს სამხედრო გამოსავალი, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პოზიცია სამხედრო გამოსავალზეა ორიენტირებული და ისინი რეკომენდაციას იძლევიან, რომ ევროკავშირმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინას 50 მილიარდი ევრო მისცეს.

„უნგრეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ეწინააღმდეგება ბიუჯეტში ამ შესწორებას, თუმცა 26 ქვეყანა არ იღებს დამოუკიდებელი ქვეყნის ამ უფლებას. ამიტომ ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ უნგრეთი, განახორციელონ ზეწოლა მასზე, დააშანტაჟონ ის და აიძულონ მხარდაჭერა“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ორბანის თქმით, უნგრეთის კომპრომისული წინადადება კი გულისხმობს, რომ უნგრეთი დათანხმდება დაფინანსების საკითხს, თუკი იქნება გარანტია, რომ წევრი ქვეყნები ყოველწლიურად ერთხმად გადაწყვეტენ, გაგრძელდეს თუ არა დაფინანსება.

„ვინმე თუ იძულებული ხდება, იყოს ისეთი რაღაცის ნაწილი, რაც არ მოსწონს, უნდა ჰქონდეს უფლება, არ მიიღოს ამაში მონაწილეობა, მაგრამ ისინი განიცდიან ზეწოლას, აიძულებენ, რომ მონაწილეობა მიიღოს. მაშინ სამართლიანი და გონივრულია, რომ იყოს შესაძლებლობა, ყოველწლიურად გადავწყვიტოთ, გაგრძელდება ეს თუ – არა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანის განმარტებით, ბოლო წლებში ევროკავშირი სულ უფრო მეტად მიიწევს იმპერიალისტური მიმართულებით და თუკი წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი, მიგრაცია, გენდერი, დაუყოვნებლივ განიცდიან იმპერიალისტურ რეაგირებას ბრიუსელისგან და ხდებიან შანტაჟის ობიექტი.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, თუკი უნგრეთი იქცევა როგორც სუვერენული სახელმწიფო, ისინი უნგრეთზე უზარმაზარ ფინანსურ ბლოკადას ახორციელებენ და უკრაინის საკითხს აკავშირებენ კანონის უზენაესობასთან, როდესაც ამ ორს საერთო არაფერი აქვს.

ორბანის თქმით, უცნობია, რა მოხდება მომდევნო სამი-ოთხი თვის განმავლობაში უკრაინაში, მით უმეტეს, წარმოუდგენელია იმის ცოდნა, რა იქნება მომდევნო ოთხ წელიწადში, ასევე, შეუძლებელია იმის ცოდნა, „განაგრძობს თუ არა ამერიკა ამ თამაშში მონაწილეობას“ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

უნგრეთის პრემიერისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მისცეს ევროკავშირმა 50 მილიარდი ევრო უკრაინას და ეს ახლა გადაწყდეს, მაშინ როდესაც, ხუთ თვეში არჩევნებია ევროპარლამენტშიც.

უნგრეთის პრემიერი ირწმუნება, რომ უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებას ან გაწევრიანებას „შეიძლება, კატასტროფული ეფექტი მოჰყვეს ევროპული ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი, აგრარულ სექტორში“.

ორბანი მიიჩნევს, რომ უნგრეთი უკრაინის ეკონომიკის გავლენისგან ზარალდება, რადგან მისი მეზობელია. „უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქცია ბევრად იაფია, ვიდრე ფრანგული ან უნგრული. ევროკომისიამ უნდა დაიცვას ევროპელ ფერმერთა ინტერესები“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

“მათთვის ასე დგას საკითხი: დაე, ნუ ექნება საქართველოს წარმატება, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში” – მიხეილ სარჯველაძე „ლელოზე“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ ლელოს გადაწყვეტილება შეაფასა. საუბარია პარტიის წარმომადგენლების იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესს ისინი ბოიკოტს უცხადებენ და ალტერნატიული გეგმის წარდგენას აპირებენ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, „ლელოს“ არ სურს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას რაიმე წარმატება ჰქონდეს.

„არ შემიძლია „ლელოს“ დესტრუქციულობაში ბრალი არ დავდო და პირდაპირ არ ვამხილო იმაში, რომ მათი სურვილია დააზიანონ ამ რეკომენდაციების შესრულების საკითხი. როგორ წარმოუდგენია „ლელოს“ ამ რეკომენდაციების შესრულება მარტოს, ორი დეპუტატის ამარა? როგორ შეუძლია, რომ ხელისუფლებასთან ლაპარაკზე უარი თქვას და ისე აყალიბებდეს გეგმას? ეს ნიშნავს საზოგადოებისთვის იმას, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს არ უნდა შესრულდეს ეს. როდესაც აკეთებენ ასეთ განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან სალაპარაკო არაფერი აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ სურთ, რომ ეს გეგმა შესრულდეს. მათთვის ასე დგას საკითხი – დაე, ნუ ექნება საქართველოს წარმატება, თუ ისინი არ არიან ხელისუფლებაში, ვიდრე „ქართული ოცნებაა“, დაე ნუ ექნება საქართველოს წარმატება. მე მესმის, რომ შეიძლება ეს მათთვის ერთადერთი გზაა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ქვეყანა დააზიანონ და ამით ხელისუფლების ბრალეულობა გამოკვეთონ. მაგრამ, ეს არ არის კეთილსინდისიერი ქმედება საკუთარი ქვეყნის, მოსახლეობის, ქვეყნის ისტორიის და მომავლის წინაშე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

აღნიშნულის გამო, 31 იანვარს საბაგირო მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათიდან განაახლებს და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 22:00 საათამდე მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

 

“ზელენსკი მზად არის უფრო აგრესიულად შეუტიოს რუსეთს, მიიტანოს იერიშები რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ ყირიმზე” – Time

ზელენსკი დიდ რისკზე მიდის იმისთვის, რომ ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანოს და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პოზიციები შეინარჩუნოს – ამერიკული გამოცემა Time ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ზელენსკი მზად არის ვითარების ესკალაციისთვის, უფრო აგრესიულად შეუტიოს რუსეთს, მიიტანოს იერიშები რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ ყირიმზე, დაარტყას რუსეთის ნავთობისა და მარცვლეულის ობიექტებს შავ ზღვაში, მოაწყოს თავდასხმები რუს პოლიტიკოსებზე.

ანალიტიკოსი იან ბრემერი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ყოველი ასეთი თავდასხმა პუტინის შურისძიების რისკს ზრდის და ომში ნატოს უშუალო ჩართვას არ გამორიცხავს. Time-ი წერს, რომ რუსეთს და ნატოს ომის გაფართოება არ სურთ, თუმცა ზელენსკის არაპროგნოზირებადი ქმედებები ესკალაციის რისკს ზრდის.

პარლამენტში 6 თებერვალს პრეზიდენტი მივა, მომავალ კვირას იგეგმება განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაც

მომავალ კვირას – 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.

სავარაუდოდ, მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხიც, რა პროცესიც ჯერ პარლამენტის კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.

ამასთან, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს. წინასწარი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის მოსმენა 7 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშს თებერვლის მეორე სასესიო კვირაში წარადგენს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის სხდომების დღის წესრიგზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

“ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაშლილ სეგმენტებს შორის გაერთიანებები შორს ვერ წავა” – ირაკლი ქადაგიშვილი

ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლილი ნაწილების შეკოწიწების მცდელობაა, ალბათ, მელია და გვარამია და კიდევ შეიძლება ვიღაც, ერთ ახალ გაერთიანებად მოგვევლინონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაშლილ სეგმენტებს შორის გაერთიანებები შორს ვერ წავა და რაიმე სიახლეს პოლიტიკაში ვერ შემოიტანს.

„მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცალსახად კრიზისშია და დაშლილია. ამიტომ, ახლა ხდება გარკვეულწილად ამ დაშლილი ნაწილების შეკოწიწების მცდელობა და პროგნოზიც ბევრი თქმულა, ალბათ, მელია და გვარამია და კიდევ შეიძლება ვიღაც, ერთ ახალ გაერთიანებად მოგვევლინონ. რაც შეეხება სააკაშვილთან შეხვედრას, მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი არის ძალიან დიდ გაუგებრობაში, მკაფიოდ დაუჭიროს მხარი ხაბეიშვილს თუ მკაფიოდ დაუჭიროს მხარი მელიას. საბოლოო ჯამში, ალბათ, სააკაშვილი არცერთ მხარეს ბოლომდე არ დაგმობს, ორივე მხარეს მეტ-ნაკლებად გარკვეულ მხარდაჭერას გამოუცხადებს, რადგან მას დიდი არჩევანიც არ გააჩნია. გამომდინარე აქედან, ეს რაიმე ახლის მომტანი არ არის, საარჩევნო კუთხითაც ეს დაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, საუბარი მაინც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მყარი ამომრჩევლის გადანაწილებაზე. ამის იქით ეს გაერთიანებები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაშლილ სეგმენტებს შორის მიმდინარეობს, უფრო შორს ვერ წავა და რაიმე სიახლეს პოლიტიკაში ვერ შემოიტანს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების“.

“ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის” – ანა ნაცვლიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება უცვლელი რჩება, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები არაფერს ცვლის, თუმცა, მიუთითებს, რომ „ოცნება“ პანიკაშია.

„ოცნებამ“ იცის, რომ საზოგადოებას სურს ცვლილებები და ცდილობს შესაკრებთა გადაადგილებით შექმნას ამ ცვლილების იმიტაცია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, ჯამი არ იცვლება. ეს იგივე ოლიგარქის პარტიაა, იგივე რუსი ოლიგარქია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ოლიგარქი არ შეიცვლება, საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მოქალაქისთვის არაფერს ცვლის. ეს მხოლოდ მიუთითებს, რომ „ოცნება“ პანიკაშია. რამდენი პანიკური ნაბიჯიც არ უნდა გადადგან და ბუტაფორიული ცვლილებები განახორციელონ, ეს მათ ჩაძირულ გემს ვერ გამოასწორებს. რაც შეეხება – რატომ კობახიძე? კობახიძის დანიშვნა ამ პოზიციაზე კიდევ ერთი და საბოლოო გზავნილია, რომ არანაირი რეფორმები არ იქნება. ეს ის კობახიძეა, რომლის სიმხდალის და უპასუხისმგებლობის გამოც მოხდა „გავრილოვის ღამე“, რომელმაც დაუშვა პარლამენტის სპიკერის სავარძელში, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში ჩამჯდარიყო რუსი გავრილოვი. ეს ის კობახიძეა, რომელმაც წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა გადარჩენილ ადამიანებს შოვის ტრაგედიის შემდეგ. ის კობახიძეა, რომელიც პირველი სპიკერი იყო ანტიევროპული განცხადებებისა და ის კობახიძეა, რომელმაც ხმა მისცა რუსულ კანონს. ასე რომ, ეს გზავნილია ძალიან მკაფიო, რომ ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება რუსეთისკენ რჩება უცვლელი და კიდევ უფრო მკაფიო და საჯარო ხდება ეს ამბავი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“კურილის კუნძულებზე ახალი იარაღი განთავსდება – არ გვაღელვებს ამ კუნძულების მიმართ იაპონელების გრძნობები”

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კურილის კუნძულების სტრატეგიული როლი გაიზრდება, მათ შორის ახალი იარაღის განთავსებით.

„კურილის კუნძულები აქტიურად განვითარდება და ამავე დროს გაიზრდება მათი სტრატეგიული როლი, მათ შორის იქ ახალი იარაღის განლაგებით”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, მოსკოვს აბსოლუტურად არ აღელვებს იაპონელი ხალხის გრძნობები ამ კუნძულების მიმართ და რომ კურილის კუნძულები არ არის სადავო ტერიტორიები, არამედ რუსეთის ნაწილი.

„იმ სამურაებს, რომლებიც განსაკუთრებით მოწყენილნი არიან, შეუძლიათ სეპუკუ ჩაიდინონ, თუ ამის გამბედაობა ეყოფათ“, – წერს მედვედევი.

გუშინ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტში განაცხადა, რომ იაპონია მტკიცედ ერთგული რჩება იმ კურსის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთთან ტერიტორიული საკითხის გადაჭრას და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას. ამასთან, ფუმიო კიშიდას თქმით, იაპონია გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და უკრაინის მხარდაჭერას.

“ის წამლები, რომლებსაც მიმზიდველად აწერია, რომ აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხშირად მარკეტინგული ხრიკია”-მაია ბუწაშვილი

“ის წამლები, რომლებსაც მიმზიდველად აწერია, რომ აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხშირად მარკეტინგული ხრიკია, რადგან ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარ იმუნიტეტზე ზრუნვა”,- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ე.წ. იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები უკეთეს შემთხვევაში, იმუნიტეტზე არავითარ გავლენას არ ახდენს – უარეს შემთხვევაში კი შეიძლება იმუნური სისტემის რომელიმე კომპონენტის გაურკვეველ რყევებს და მოკლე – ან გრძელვადიან გართულებებს იწვევდეს.

“პაციენტები ხშირად ითხოვენ, რომ დავუნიშნოთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამლები“. რადგანაც ეს მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, ამ ტიპის „წამლებიც“ მრავლად არის წარმოდგენილი ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე, ხშირად რუსული წარმოების პრეპარატების სახით.

სინამდვილეში „იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები“ (იმუნოსტიმულატორები, იმუნომოდულატორები) ძალიან მწირად გაგვაჩნია. ის წამლები, რომლებსაც მიმზიდველად აწერია, რომ აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხშირად მარკეტინგული ხრიკია, რადგან ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარ იმუნიტეტზე ზრუნვა. ოღონდ ურჩევნიათ ეს მარტივად, წამლის დალევით მოხდეს და არა რეალურად, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, რაც სინამდვილეში ჩვენი იმუნური სისტემის ფორმაში ყოფნის ერთადერთი საშუალებაა.

ეს ე.წ. იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები კი, უკეთეს შემთხვევაში, იმუნიტეტზე არავითარ გავლენას არ ახდენს და პლაცებო ეფექტი აქვთ, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება ჩვენი იმუნური სისტემის რომელიმე კომპონენტის გაურკვეველ რყევებს და მოკლე – ან გრძელვადიან გართულებებს იწვევდეს.

ამიტომ ამ ჯგუფის პრეპარატებს (ანუ იმუნოსტიმულატორებს) მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ და გვახსოვდეს, რომ იმუნიტეტი არ არის ერთი, მარტივი ორგანო და კომპლექსური სისტემაა თავისი მრავალი კომპონენტით. ასე რომ მისი, ასე მარტივად, ერთი ჯადოსნური პრეპარატით გაძლიერება არ ხდება”,- წერს ბუწაშვილი.

https://www.facebook.com/maia.butsashvili/posts/pfbid023TNwwxwy8QqudhqZTmeSELw2EUADzu6wn42UCKrb5Tjx1saHaBDLzSmAEiYQYoWJl

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6827 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6827 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6827 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6773 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9080 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8963 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0117 ლარი შეადგინა.

“იმედია, გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა გაიაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე”

გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დაკავებულების შესახებ.

მეგრელიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ორივე პირი გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე.

„გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა სამართალდამცველებმა კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დააკავეს.

გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს.

ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. იმედია ორივე პირი გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.