Home Blog Page 280

“მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები” – შალვა პაპუაშვილი

მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები – დეკლარაციის შევსებას და მის მონიტორინგს სხვა ფუნქცია კი არ აქვს, ზუსტად ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის ფარგლებში საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა მოსამართლეები ქონებრივ დეკლარაციებს ავსებენ, ამიტომ ეს არგუმენტი არ არის მისაღები.

„არგუმენტად ეს თუ თქვეს, რომ ოთხასი მოსამართლის ფილტრი იმიტომ არის ჩასატარებელი, დაუსაბუთებელი ქონება შეამოწმონ, მაშინ მათ კვალიფიკაციასთან გვქონია პრობლემა, ვინც ამ არგუმენტს ამბობს. მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები. ეს არის დეკლარაციის გადამოწმება, დაუსაბუთებელი ქონების გადამოწმება – შემოსავალსა და გასავალს შორის არის თუ არა დისბალანსი და შემოსავლის წყარო რა არის. დეკლარაციის შევსებას და მის მონიტორინგს სხვა ფუნქცია კი არ აქვს, ზუსტად ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო, სწავლობს, დეკლარაციებში ხომ არ არის შეუსაბამობა. დეკლარაციაში შეიძლება იყოს მინიშნება, რომ ქონება არის დაუსაბუთებელი. ასე რომ, ესეც არ არის არგუმენტი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

“წარდგენილი გვაქვს “ვეტინგის” სისტემის საფუძველზე მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი” – ლევან ბეჟაშვილი

წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დააკმაყოფილებს ჩვენს წინადადებებს, არ არის, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თაობაზე განაცხადა, რომელიც მან დასრულებამდე დატოვა.

მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სასამართლო რეფირმის გასატარებლად სთავაზობს, საქართველოს მსგავსი პრობლემების მქონე ქვეყნისთვის ზუსტად შესაბამისია.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ ხელისუფლება ოპოზიციის წინადადებებს არ გაითვალისწინებს, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, საზოგადოებას დაანახოს, რომ მისი წევრები ყველა პროცესში მონაწილეობენ.

“დღევანდელ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ხედვა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არსებობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებასაც რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვთ, მაგრამ ჩვენი მიზანია, ყველა სუბიექტს მოვუსმინოთ.

“ქართულ ოცნებას” აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმ სისტემაში, სადაც სანქცირებული მოსამართლეები არსებობენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს, მთავრობას მართლა სურს სასამართლოს რეფორმა.

ჩვენ წარდგენილი გვაქვს “ვეტინგის” სისტემის საფუძველზე მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი, რომელიც ჩვენი ტიპის პრობლემების მქონე ქვეყანას ზუსტად შეესაბამება.

წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დააკმაყოფილებს ჩვენს წინადადებებს, არ არის, თუმცა გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ყველა პროცესში ვმონაწილეობთ და საკუთარ აზრს ვაფიქსირებთ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

“აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური რეაქციაა, რადგან ჯო ბაიდენს არ შეუძლია, თქვას, „ვალოდია, ყოჩაღ“

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური რეაქციაა, რადგან ჯო ბაიდენს არ შეუძლია, თქვას – „ვალოდია, ყოჩაღ“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენის კომენტარის შემდეგ განაცხადა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს გიჟი უწოდა.

როგორც პუტინმა ჟურნალისტს განუცხადა, ბაიდენის ეს რეაქცია ადასტურებს, რომ ის მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ რუსეთისთვის აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის ხილვა უფრო სასურველია.

„ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და თქვენ მკითხეთ, ვინ იქნება სასურველი შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტის რანგში. მე ვთქვი, რომ ნებისმიერ პრეზიდენტთან ვიმუშავებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის, ბაიდენი უფრო სასურველია. ახლა მისი ნათქვამიდან გამომდინარე, მე აბსოლუტურად მართალი ვარ, რადგან ეს იყო ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ჩემი მხრიდან იყო ნათქვამი. რატომ? რადგან მას არ შეუძლია თქვას: „ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, შენ ძალიან დამეხმარე“. ჩვენ გვესმის, რა ხდება შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია. ეს ნიშნავს, რომ მე მართალი ვიყავი. რაც მე ვთქვი, პირველ რიგში ჩვენი აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი და არა ამერიკელებისთვის. თქვენ ხომ რუსი ჟურნალისტი ხართ და თქვენ მკითხეთ, რა იყო ჩვენთვის უკეთესი. ასე რომ, მე გითხარით მაშინ და შემიძლია, ახლაც დავადასტურო და გავიმეორო: ბაიდენი“,- აღნიშნა პუტინმა ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა. ბაიდენმა პუტინის შესახებ ეს განცხადება კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა. „ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

“საკითხები, რომლებიც ასახულია კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის”

ის საკითხები, რომლებიც ასახულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის – ერთადერთი, რასაც ისინი აყენებენ, არის „ვეტინგის“ სისტემა, ამასთან დაკავშირებით დავსვით მთავარი საკითხი: თუ რა არის საფუძველი, არგუმენტი ვერ მივიღეთ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ვერ დასახელდა მაგალითი სასამართლო გადაწყვეტილების, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომ სისტემური პრობლემაა.

„ჩვენ გვქონდა საკითხები, რომლებიც კანონპროექტშია ასახული და ამ საკითხებთან დაკავშირებით, რამე შენიშვნა არ გამოთქმულა. ამიტომ ის საკითხები, რომლებიც ასახულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კანონპროექტში, მისაღებია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ერთადერთი საკითხი, რასაც ისინი აყენებენ არის „ვეტინგის“ სისტემა, რომლის მიხედვითაც, უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში. ამასთან დაკავშირებით დავსვით მთავარი საკითხი, თუ რა არის ამის საფუძველი, ამისი არგუმენტი ვერ მივიღეთ. იყო საუბარი, რომ ნდობა არ არსებობს. არცერთი მაგალითი არ დასახელდა სასამართლო გადაწყვეტილებისა, რომელზეც იქნებოდა ეჭვი, რომელზეც სისტემური პრობლემაა.

მაგალითებად მოჰყავთ უკრაინა და მოლდოვა. სწორედ, იქ დანიშნეს უცხოელი კომისიის წევრები, რომლებმაც გადაამოწმეს მოლდოველი მოსამართლეები. მოლდოვაში, სწორედ იმ უცხოელი კომისიის წევრების მიერ დასახელებული იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. ასეთი წარმოდგენა თუ აქვთ, რომ ასეთმა ხალხმა უნდა გადაამოწმოს ქართველი მოსამართლის კეთილსინდისიერება, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევთანხმდებით.

მთავარი არის ისიც, რომ დაჟინებით ვკითხულობდით, თუ რატომ არის ეს საჭირო, ამას ვერავინ გვეუბნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ჩემი შვილის ცხედარი მანახეს – მუქარები დაიწყეს, საიდუმლო დაკრძალვას ითხოვენ” – ნავალნის დედა

ალექსეი ნავალნის ცხედარი ვნახე, გამომძიებლები მის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვენ. ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გამოძიება მისი შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვს, ხოლო უარის შემთხვევაში იმუქრებიან.

“გუშინ საღამოს მორგში მიმიყვანეს, სადაც ალექსეი მანახეს. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია… მათ მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რომლებიც ვითომ ვნახე, ვითომ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო მოწმობას ხელი მოვაწერე.

კანონით მათ მაშინვე უნდა მოეცათ ჩემთვის ალექსეის ცხედარი, მაგრამ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ – სად, როდის და როგორ უნდა იქნას ალექსეი დაკრძალული. ეს უკანონოა.

ჩემს დასწრებით მათ ბრძანებები მოსდით ან კრემლიდან, ან საგამოძიებო სამსახურის ცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ, რომ ეს საიდუმლოდ მოხდეს, გამომშვიდობების გარეშე. უნდათ, რომ სასაფლაოს კუთხეში ახალ საფლავთან მიმიყვანონ და მითხრან: “აი აქ წევს თქვენი შვილი”. ამაზე თანახმა არ ვარ…

ამ ვიდეოს ვწერ, ვინაიდან მუქარები დაიწყეს: პირდაპირ თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, რომ საიდუმლო დაკრძალვას თუ არ დავთანხმდები, ჩემი შვილის ცხედარს რამეს უზამენ. გამომძიებელმა ვოროპაევმა პირდაპირ მითხრა: “დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, ცხედარი იხრწნება”. განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვ, მხოლოდ ის მინდა, რომ ყველაფერი კანონით მოხდეს. ვითხოვ დაუყოვნებლივ გადმომცენ ჩემი შვილის ცხედარი,” – განაცხადა ნავალნაიამ.

“თქვენ ცდილობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დაუკნინოთ ის გრძნობა, რასაც პატრიოტიზმი ჰქვია და არ მოგცემთ ამის საშუალებას” – მაია ბითაძე ოპოზიციას

თქვენ ცდილობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დაუკნინოთ ის გრძნობა, რასაც პატრიოტიზმი ჰქვია და არ მოგცემთ ამის საშუალებას. დეზინფორმაცია, ღვარძლი, ეს ის საშუალებებია, რომლებიც კარგა ხანია გაცვდა, – ასე მიმართა ოპოზიციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში მოისმინეს.

მისი შეფასებით, ყველაზე ცუდი, რასაც ოპოზიცია აკეთებს, არის მათი მხრიდან ერის დაკნინების მცდელობა, რაც არ გამოუვათ.

„სჯობს, გაეცნოთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროგრესს, გაერკვეთ რა კანონები გვაქვს მისაღები, აქტიურად იმუშაოთ იმ ფორმატში, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შემოგთავაზათ და იმით მაინც დაამახსოვროთ საქართველოს მოსახლეობას თავი, რომ ხელი არ შეუშალეთ გადასვლას იმ აქტიურ ფაზაზე, რასაც სწრაფი ინტეგრაცია ჰქვია.

დაანებეთ ჩვენს სამშობლოს თავი, ნუ სცხებთ ჩირქს. შეეცადეთ, იყოთ კონსტრუქციულები და ჩვენი მხრიდან გამოწვდილი თანამშრომლობის ხელი გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ ამ ქვეყნის სწრაფი ევროინტეგრაცია გაგრძელდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული ანგარიში.

„ეს არის ანგარიში, რომელიც პირველ რიგში, გვჭირდება იმისთვის, რომ მშვიდობიანად გავაგრძელოთ გზა ქართული ევროინტეგრაციისთვის. ეს იყო ანგარიში, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და გაიაზრონ რას ნიშნავს სიტყვა – „სამშობლო“, რომ ეს სიტყვა არ უნდა გადავაყოლოთ რაღაც მერკანტილურ ინტერესებს და არ უნდა დავმოძღვროთ კოლეგები და არ უნდა შეურაცხვყოთ საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ იმის გამო, რომ არჩევნებისას წინა რიგებში მოხვდეთ სიების მომდევნო პარლამენტში.

ბატონ შალვას მადლობა მსურს გადავუხადო და კიდევ ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ყველა წევრს როგორც უმრავლესობიდან, ასევე, ოპოზიციიდან, მხოლოდ მათ, ვინც ოდესმე მონაწილეობა მიიღო რომელიმე იმ კანონპროექტის განხილვაში, რომელთა ჯამი 622 იყო, როგორც ბატონმა შალვამ გვითხრა. „გირჩს“ გაუკვირდა ბევრიაო – 622. მან საერთოდ, არ იცის რატომ არის ამდენი კანონპროექტი. მან არ იცის, რომ ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ სხვანაირად ევროინტეგრაცია ვერ განხორციელდება. ევროინტეგრაცია კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ნიშნავს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ 2014 წლიდან დაწყებული. რა მიიღო ქართველმა ხალხმა 2014 წლიდან დაწყებული ამ კანონმდებლობის ფორმირებით?. ქართველმა ხალხმა მიიღო მარტივად რატიფიცირებული ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, ინვესტიციები ევროკავშირიდან, უფლება იმისა, რომ ვივაჭროთ და გავაძლიეროთ ვაჭრობა ევროკავშირთან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში იყო მიღებული რამდენიმე, სრულიად ახალი კანონი, რომლებიც ასოცირების ვალდებულების შესრულებას ეხებოდა და ისინი პირდაპირ დაკავშირებულია ადგილზე მოსახლეობისთვის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ენერგოდამოუკიდებლობას, ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთვის არაერთი თანხა იყო გამოყოფილი იმისთვის, რომ რეგიონებში წყალარინების ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო.

“გასულ წელს მივიღეთ კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ, რის შედეგად ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება. მეტი კონტროლი დამყარდება ბიზნესზე და იმ ბიზნესს, რომელიც საწარმოო ციკლს გამოასწორებს, ერთ წელიწადში ენერგეტიკული გაერთიანების წევრობიდან გამომდინარე, საშუალება ექნება თავისი პროდუქცია თავისუფლად გაიტანოს ევროკავშირში. შესაბამისად, ახალი ბიზნესი არის ახალი სამუშაო ადგილები და წილი ეკონომიკაში. და ასე თანმიმდევრულად იზრდება ეკონომიკა. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ გასულ წელს, 32 ახალი დაცული ტერიტორია შევქმენით – ეს არის წილი ადგილობრივ ეკონომიკაში, დასაქმება ადგილზე, გრანტები, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებიდან და მცირე მეწარმეობის განვითარება ადგილზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ და ოპოზიციას თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

“უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის”

უმრავლესობას შევთავაზე, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე მსჯელობა ალბანური მოდელის მიხედვით დაგვეწყო, მათ შორის, “ვეტინგის” მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო , – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დასრულებამდე დატოვა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.

გარდა ხატია დეკანოიძისა, შეხვედრა კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დატოვა.

“საუბარი სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და ვენეციის კომისიის 9 რეკომენდაციას ეხებოდა. ამ რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობის დაბრუნებაა.

იუსტიციის საბჭოს რეფორმა ითვალისწინებს “ვეტინგის სისტემას”. ეს გულისხმობს იმას, რომ საკონკურსო კომისია, პარლამენტის დადგენილებით, მსჯელობს და ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას. შემდგომში, პარლამენტი ამ შემადგენლობას ამტკიცებს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება შემოვიტანოთ საქართველოში. მე უმრავლესობას შევთავაზე, რომ მსჯელობა ალბანურ მოდელზე დაგვეწყო, მათ შორის, “ვეტინგის” მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო. უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.

დღეს ვერაფერზე შევთანხმდით. კამათი სხვა განზომილებაში გადაიზარდა და საგნობრივი კამათი, სამწუხაროდ, ვერ შედგა. “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას კი არ უნდა დაუთმოს, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველ ხალხს გამოადგება და ევროკავშირთან კიდევ უფრო დააკავშირებს. სასამართლო რეფორმა, ამ შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს „კლანი“ უნდა ჩამოსცილდეს და თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, მსჯელობის საგანი უნდა იყოს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე უნდა წარიმართოს” – დონალდ ტუსკი

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„უკრაინულ მხარესაც ესმის, რომ უმჯობესია ეს მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე წარიმართოს, რათა მთავრობის სხდომას სიმბოლური მნიშვნელობა არ ჰქონდეს – ჩვენ ხომ ურთიერთობებში სიმბოლიზმი არ გვჭირდება. მთელი მსოფლიო ხედავს იმას, თუ რამდენად მტკიცედ გვაქვს უკრაინის დახმარება გადაწყვეტილი და სოლიდარობის დამატებითი ჟესტები საჭირო არ არის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საზღვარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ მთავრობის სხდომა 28 მარტს ვარშავაში გაიმართება.

„ჩვენ ბაზრისა და სოფლის მეურნეობის საკითხების შესახებ კონკრეტული წინადადებები გვჭირდება. ეს კეთილგანწყობის გამოვლენას არა, მაგრამ შრომას მოითხოვს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ტუსკის თქმით, გამოსავლის მოსაძებნად ტექნიკური მოლაპარაკებები ევროკავშირის დონეზეც არის საჭირო და ამის განსახილველად იგი 23 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს, თუმცა არის ინტერესთა სხვაობა. ჩვენ, როგორც კიევს, ისე ბრიუსელს დავარწმუნებთ, რომ სიტუაციის შესახებ პოლონეთის ხედვას დაეთანხმონ“, – განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტუსკს პოლონელი ფერმერების პროტესტის შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შეხვედრა შესთავაზა.

“150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, რაც „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურ მდგომარეობასაც არ გააუარესებს” – ნათია თურნავა

გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული, 150 000-ზე მეტ პენსიონერს შეუმცირდება სესხის პროცენტი, რაც „ლიბერთი ბანკის ფინანსურ მდგომარეობასაც არ გააუარესებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორთან, ბექა გოგიჩაიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თურნავას თქმით, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ იმ პენსიონრებს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს.

„ლიბერთი ბანკმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციით. ამ სამუშაოებში ჩართული იყო ეროვნული ბანკიც. საუბარია იმ პენსიონერებზე, რომლებიც საპენსიო სესხის ამღებები არიან და რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს. ეს არის საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებული სესხები, ეხება ოვერდრაფტებსა და ჩვეულებრივ სესხებს. „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ სესხის პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდან არის მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ანუ პროცენტების სერიოზული შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2023 წლამდე. საშუალოდ, ეს სესხები 30 პროცენტზე ზევით არის. ჩვენი ინფორმაციით, ასეთია 150 ათასზე მეტი სესხი. შესაბამისად, ეს სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც, ამავდროულად, „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურ მდგომარეობასაც არ გააუარესებს.

აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ „ლიბერთი ბანკთან“ ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესზე, ეს გადაწყვეტილება რომელი თარიღიდან ამოქმედდება, რა წესით მოხდება პროცენტების შემცირება. ამაზე მოგვიანებით შევთანხმდებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას გაუგზავნის.

„დღეს შემიძლია გამოვაცხადო 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის ახალი პაკეტი უკრაინის დასაცავად“, – განაცხადა გრანტ შეფსმა.

„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ამ მხარდაჭერის გაორმაგებას. ყველა თავისუფლებისმოყვარე ქვეყანამ იგივე უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა მან.

ბრიტანელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა დასავლეთმა გააძლიეროს ქმედებები და უკრაინას მისცეს საჭირო მხარდაჭერა.

“150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება” – ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის” წარმომადგენლებს შეხვდა – 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, – ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.

ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი” ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა.

“რადიკალური ოპოზიცია რაც მეტს ილაპარაკებს, მით უფრო უკეთ მოხდება მათი ლუსტრაცია” – რატი იონათამიშვილი

რადიკალური ოპოზიცია რაც მეტს ილაპარაკებს, მით უფრო უკეთ მოხდება ოპოზიციის ლუსტრაცია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, უპასუხისმგებლობას, რადიკალიზაციას, დეზინფორმაციას საზოგადოება ყოველთვის ეტყვის უარს.

„მთავარ ოპოზიციურ პარტიობაზე როცა გაქვს პრეტენზია და ისე მიმდინარეობს ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში, შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე სხდომებს არც კი ესწრება, ეს უკვე ამ პოლიტიკური ჯგუფისგან თუ პარტიისგან კაპიტულაციაზე ხელმოწერის აღიარებაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის განცხადებით, როგორც არ უნდა ეცადონ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, დესტრუქციული როლი შეასრულონ, დააზიანონ საქართველოს ევროინტეგრაცია, ამას მმართველი გუნდი არ დაუშვებს.

„მეათე მოწვევის პარლამენტს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პერიოდში მოუწია მუშაობა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რაც ამ პერიოდში უნდა დამდგარიყო, ეს იყო, მიიღებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა კონკრეტულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ეს მიზანი მიღწეულია. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამ პროცესში ერთ-ერთი ფლაგმანი იყო საქართველოს პარლამენტი. პარლამენტმა უზრუნველყო იმ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროაქტიულ დღის წესრიგს, ცხრა ნაბიჯზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებების კარის გაღებისთვისაც ჩვენი პარლამენტი შექმნის ობიექტურ, სანდო, ძლიერ კრიტერიუმებს, რასაც დაეფუძნება გადაწყვეტილება, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ევროპელი პარტნიორები მიიღებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.