Home Blog Page 280

“წითელას ინფექციის მნიშვნელოვანი მატებაა” – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევა.

მისივე თქმით, წითელას 16 შემთხვევიდან 14 დედაქალაქში დაფიქსირდა და უმრავლესობა 20-დან 40-მდე წლამდე პირია.

გარდა ამისა, ივანე ჩხაიძის თქმით, ევროპაში წითელას შემთხვევები მომატებულია. ჩხაიძის განმარტებით, წითელას მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება: რუსეთში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში.

„ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით საქართველო ევროპის რეგიონს მიეკუთვნება. ევროპაში კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. თუ შევადარებთ 2022 წელს 42-ჯერ არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა. 2022 წელს – 941 შემთხვევა იყო და 2023 წელს კი 42 000 შემთხვევა გვაქვს. ევროპის 56-დან 40 ქვეყანაში ჯანმოს კლასიფიკაციით დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება, საბედნიეროდ, საქართველო ჯერჯერობით ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. თუმცა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ამ კუთხით სერიოზული აფეთქებაა და წითელას შემთხვევები მკვეთრად მომატებულია.

მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებს არ ეხება. 2023 წელს მთელი წლის განმავლობაში 26 შემთხვევა გვქონდა. 2024 წლის იანვარში კი 16 შემთხვევა გვაქვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მატებაა. ამ 16 შემთხვევიდან 14 არის თბილისში და უმრავლესობა არის 20-დან 40-მდე წლამდე პირი.

ვაქცინაციით კუთხით პანდემიამდე ქვეყანა იყო საუკეთესო ევროპაში, ჩვენ ერთი წლის ასაკში წითელას ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი 100% გვქონდა. წითელას ვაქცინა ორჯერად კეთდება წლისა და 5 წლის ასაკში. სრულ იმუნიტეტს ბავშვი იღებს 5 წლის ასაკში ჩატარებული მეორე ვაქცინით. 2019 წელს 97%-ს ჰქონდა ბავშვთა 5 წლის ასაკში გაკეთებული წითელას ვაქცინა. ახლანდელი ციფრები არის შემდეგი: 100% ჩამოვიდა 94%-მდე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მეორეა – 5 წლის ასაკში 97% ჩამოვიდა 88%-მდე. 88% ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათასობით ბავშვი აუცრელია, რაც შემთხვევების მატებას, რა თქმა უნდა, გამოიწვევს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ივანე ჩხაიძის რეკომენდაციაა, დროულად აცრან ის ბავშვები, ვინც წითელაზე ჯერ არ აცრილან ან პანდემიის პერიოდში მშობლებმა ბავშვებისთვის წითელას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა გამოტოვეს.

“18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, ფარცხალაძე და ხაზარაძე, ეს ვისი ბრალია?”

საღამოს 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, დასავლეთის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე და ხაზარაძე, აი, ეს ვისი ბრალია, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ტვ ეთერით ვისმენ ხაზარაძის ცოდვილობით და წვალებით „გაპრავების“ მცდელობას (ეროვნული ბანკის პოლიტიკის ბრალია მაღალი პროცენტებით), ჰოდა, საღამოს 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, დასავლეთის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე და ხაზარაძე, აი, ეს ვისი ბრალია, ესეც ეროვნული ბანკის? სამშენებლო სესხით ლომბარდებთან რომ არიან შეკრულები, ესეც ეროვნული ბანკის ბრალია? ამხილე მაშინ, შე კაი კაცო, მუდმივ მაშველ რგოლად რომ იყავი ყველა ხელისუფლების დროს და, მით უფრო, ივანიშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის წინ რომ შემოაგდეს ხაზარაძე, აი, მაშინ, ბილბორდებზე მთელი „ქართული ოცნება“ რომ იყო გამოჭიმული.

ხაზარაძემ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა: „2017 წელს უკვე მივხვდი ბიძინა ივანიშვილის მიზნებს, როცა მითხრა პირად საუბარში, „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო?“ ჰოდა, თუ მიხვდა ხაზარაძე ბიძინას რუსულ მიზნებს, მაშინ 2018 წელს ისევ მაშველ რგოლად რატომ მოევლინა ოლიგარქ ივანიშვილს?

პ.ს. 90-იანების ანაბრებით შექმნილი ხაზარახის ბიზნეს „შპს“ – ეს ცალკე ყურადღების თემაა და ჩვენი ქვეყნის ტრაგიკომედიაა.

წინ, საქართველოვ, რა, წინ, შენ გენაცვალე! უნდა ამოვიდეს ეს ქვეყანა როგორმე ამ 30-წლიანი მოჯადოებული წრიდან, ამ მუსტანგზე ამხედრებული „სიაფანდების“ შექმნილი წუმპიდან!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება-პეტრე ცისკარიშვილი

ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება – არ აქვს მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს, ეს არც ეკონომიკურ განვითარებას მოიტანს და არც ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაცია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ ეს რეჟიმი მოახლოებულ არჩევნებში, იმისათვის რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს“.

„ჩვენს ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება, ჩვენ ხალხს კი, ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით, ეს მთავარი ამოცანები არ სრულდება. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს და როგორ გადააადგილებს ივანიშვილი თავის კარზე სხვადასხვა ქვეშევრდომს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ ეს რეჟიმი მოახლოებულ არჩევნებში, იმისათვის რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს, იმავდროულად სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც ეკონომიკური განვითარების შედეგიც იქნება“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის სიტყვასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

“ირაკლი კობახიძის ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს, ეს მისი ძლიერი მხარეა, პრემიერობა არ გამკვირვებია”

ირაკლი კობახიძის ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს, ეს მისი ძლიერი მხარეა, პრემიერობა არ გამკვირვებია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, კობახიძე ყველაზე ადეკვატურად ახორციელებდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას.

„ალბათ, ირაკლი კობახიძე ყველაზე მეტად მზად არის ასეთი სახის ჩანაცვლებისთვის. ყველასთვის გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძე წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერს და მომწონდა თუ – არა, ყველაზე ადეკვატურად ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. მისი პრემიერობა არ გამკვირვებია. ვერ გეტყვით, საარჩევნოდ როგორი იქნება ირაკლი კობახიძე, ეს არც მისი ძლიერი მხარე არ არის, რომ ელექტოლარულად მიმზიდველი იყოს. ამ თვალსაზრისით, პრობლემური იყო ღარიბაშვილიც და არის კობახიძეც. ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარეა, რომ სულელი ნამდვილად არ არის, მისი ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს. სუსტი მხარეა, რომ მას ადამიანური ურთიერთობების დალაგება არ შეუძლია. ბიძინა ივანიშვილის ძლიერი მხარეა ამომრჩეველი, რითაც სარგებლობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. ამასთან, გუშინ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.

AFP-ის ცნობით, იმრან ხანთან ერთად 10 წლიანი პატიმრობა, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, შაჰ მაჰმუდ ქურეშსაც მიესაჯა.

აშშ-ში პაკისტანის ელჩის მიერ ისლამაბადის მთავრობისთვის გაგზავნილი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის იმრან ხანსა და შაჰ მაჰმუდ ქურეშს ბრალი გასული წლის ოქტომბერში წაუყენეს.

ცნობისთვის, ხანი, რომელსაც პაკისტანის პარლამენტმა 2022 წლის აპრილში უნდობლობა გამოუცხადა, 2023 წლის აგვისტოში კორუფციის ბრალდებით დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩვენი გუნდის ინიციატივა, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს -ანა ბუჩუკური

იმის გათვალისწინებით, რომ თავად ივანიშვილი ამ ადამიანებს, ბიჭებს, კოლექტიურ კობახიძეებს, საკუთარ მომსახურე პერსონალად მიიჩნევს და ასე ექცევა, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს და არა „კოლექტიურმა კობახიძეებმა“ და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დებატები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია “საქართველოსთვის” ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატებს სთავაზობს.

„თავად ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს მედიასთან თქვა, რომ პრემიერი და მთავრობა არ შეიცვლებოდა და ზუსტად 1 თვის შემდეგ ზუსტად იმ მეთოდით იყენებს ამ სამთავრობო „კარუსელს“, როგორც ამას თავის დროზე „ნაცები“ და სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ თავად ივანიშვილი ამ ადამიანებს, ბიჭებს, კოლექტიურ კობახიძეებს, საკუთარ მომსახურე პერსონალად მიიჩნევს და ასე ექცევა, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს და არა კოლექტიურმა კობახიძეებმა და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, კიდევ მეტ მნიშვნელობას იძენს დებატები.

ჩვენი შეთავაზება, რომ საჯარო ფორმატში, ნებისმიერ მედიაში, თუ არა მედიაში, კეთილი ინებოს, აიღოს პასუხისმგებლობა, იგრძნოს ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და საჯაროდ გამოვიდეს და ისაუბროს. ფაქტია, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავად მიიჩნევს საკუთარ მომსახურე პერსონალად, ვერ ამოეფარება”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურის თქმით, მათ პარტიას ჰქონდა და აქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ხდებოდა „ჩაშვება“, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან იმ მართვის სტილსა და პასუხისმგებლობებზე, რაც აქვს და ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს.

„კობახიძე ამ წუთას რატომ გადაიყვანა, შეიხლება იმას ნიშნავდეს, რომ თუ კობახიძემ ვერ გაამართლა, დრო აქვს, რომ კიდევ ერთხელ შეცვალოს. რაც შეეხება რატომ ჩამოაშორა ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის თანამდებობას, მე გაგახსენებთ რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ გიორგი გახარიას ვიდეო, სადაც ის საუბრობს, რომ „დიახ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ასევე ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ბიჭებს „ჩაშვებული“ ჰყავთ ივანიშვილი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან.

ჩვენ გვქონდა და გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს „ჩაშვება“ ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ხდებოდა, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმ მართვის სტილსა და პასუხისმგებლობებზე, რაც აქვს და ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილამდეც მივიდა და საბოლოოდ ჯამში, მივიღეთ სურათი რომ ღარიბაშვილი აღარ არის პრემიერ-მინისტრი”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

“მთავრობის შეცვლით ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ ნუ შფოთავენ” – გურამ მაჭარაშვილი

მთავრობის შეცვლით ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ ნუ შფოთავენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ბუნებრივი პროცესია, როცა გუნდში ერთი ადამიანის მეორით ჩანაცვლება ხდება.

„მთავრობის შეცვლით ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან არაფერი ეშველებათ. სამწუხაროდ, არც ღარიბაშვილის და არც კობახიძის პრემიერობისას არაფერი ეშველება ოპოზიციას, არჩევნები წაგებული აქვთ. ამიტომ ნუ შფოთავენ. გუნდში როტაციის პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება იყო ირაკლი ღარიბაშვილის და ეს ბუნებრივი პროცესია, როცა გუნდში ერთი ადამიანის მეორით ჩანაცვლება ხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეუძლებელი შეძლო, რადგან მან ეს თანამდებობა რთულ პერიოდში ჩაიბარა, როცა მოღალატე გახარიამ თანამდებობა რთულ პერიოდში დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ ქვეყანა მძიმე პერიოდიდან გამოეყვანა და ახლა არის მშვიდობა, კანდიდატის სტატუსი. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო, ის გუნდში მაღალ პოზიციაზე რჩება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის დაავადება გახდა.

დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

2023 წელს საქართველოში როგორც მშენებლობაზე გაცემული ნებართვების, ისე ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტია. საუბარია 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 26.4 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის თბილისზე, 8.9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 293.2 ათასი კვ.მ ფართობის ობიექტი. ობიექტების რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.7 პროცენტითაა გაზრდილი. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 33.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 8.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა.

„კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის გამოყენების და ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე, მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, პროკურატურა მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა – „საქსტატი“

2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით.

„2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც 30.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 27.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 75.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 20.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთის (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40.4 პროცენტს შეადგენდა.

2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 3.0 მილიონი და 2.7 მილიონი ვიზიტი.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.4 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 13.6 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 72.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 12.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 20.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 8.1 პროცენტით შემცირდა და 2 097.4 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს -ზურაბ ჭიაბერაშვილი

მიხეილ სააკაშვილის, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს და ძირს უთხრის დემოკრატიულ კონკურენციას – სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატებსა და მეზობლებს, რათა ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციის დონე შემცირდეს.

„უმჯობესია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატებსა და მეზობლებს დავეხმაროთ, მაგალითად: საქართველოს, ცხოვრების დონე თავიანთ ქვეყნებში აამაღლონ, ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნან, დაასტაბილურონ ფასები, სიღარიბისგან დაცვის მყარი სოციალური სისტემები ააწყონ, ვიდრე დაიცალონ, როგორც საქართველო იცლება, ხოლო ევროკავშირს მიგრაციასთან გამკლავების პრობლემა ჰქონდეს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებში სახალხო პარტიისა და ევროკავშირის გაფართოების მომხრე სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმატება საფუძველი იქნება იმისა, რომ 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისათვისაც, ევროკავშირის მოქალაქეების მსგავსად, სწაფადვე ხელმისაწვდომი გახდება ღირსეული და მაღალანაზრაურებადი სამუშაო ადგილები და სიღარიბისგან დაცვის გარანტიები.

ამასთან, სიტყვის გამოსვლისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

„პრეზიდენტ სააკაშვილის, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს და ძირს უთხრის დემოკრატიულ კონკურენციას. როგორც ცნობილია, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის გასული კვირის ანგარიშის მიხედვით, სიტუაცია კლინიკა „ვივამედში“, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტაციონარულ მკურნალობას იღებს, „დამთრგუნველი, დამამცირებელი და არახელსაყრელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მივლენილ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა დიასპორამ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო ხმის უფლების გამოყენება შეძლოს.

ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.