Home Blog Page 280

“მთავარია, ახალმა პრემიერმა დადოს პირობა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს” – თამარ კორძაია

მთავარი კითხვა მომავალ პრემიერთან არის, რომ ის მოთხოვნები, რომელიც 9 ნაბიჯშია გაწერილი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, როგორ დაიძლევა მისი პრემიერობის შემთხვევაში, რას გააკეთებს და როგორ გამოიძიებს ღარიბაშვილის ფრენების, მისი ცოლის დაბადების დღის აღნიშვნის საკითხებს და რა პასუხები ექნება ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განუცხადა.

კორძაიას განმარტებით, მთავარია, ახალმა პრემიერმა დადოს პირობა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მათ შორის, პასუხს მოსთხოვს ირაკლი ღარიბაშვილს.

„როგორც პირველი გადადგომისას, ასევე მეორე გადადგომისასაც ჩვენ ვერ მოვისმინეთ ირაკლი ღარიბაშვილისგან თუ რატომ მიდის ის პრემიერ-მინისტრობის პოზიციიდან. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკითხვა დარჩა მის გადადგომასთან დაკავშირებით. ვინც მოვა იმისგან ველოდები აუცილებლად, რას შეცვლის ის, მომავალი პრემიერ-მინისტრის პასუხი მაინტერესებს, რატომ წავიდა ღარიბაშვილი – მან უნდა გვიპასუხოს ამაზე ღიად და რას შეცვლის, კონკრეტულად, რა სიახლეს შესთავაზებს ის საქართველოს საზოგადოებას.

რაც შეეხება ვარაუდებს, რომელიც მედიაში გამოითქმება, რომ ღარიბაშვილი იმიტომ გაუშვეს, რომ კორუფციასთან ჰქონდა პრობლემები და ა.შ, მე ამას ვერ გავიზიარებ, რადგან ღარიბაშვილი უბრალოდ პრემიერობიდან წავიდა, მას არ აქვს პატარა თანამდებობა, ხდება პარტიის თავმჯდომარე, ანუ ის არ გაუშვიათ, არ დასჯილა იმის გამო, რაზეც ვსაუბრობთ. ამიტომ მთავარი კითხვა მომავალ პრემიერთან არის ეს, აი ის მოთხოვნები, რომელიც 9 ნაბიჯშია გაწერილი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, როგორ დაიძლევა მისი პრემიერობის შემთხვევაში, რას გააკეთებს და როგორ გამოიძიებს ღარიბაშვილის ფრენების, მისი ცოლის დაბადების დღის აღნიშვნის საკითხებს და რა პასუხები ექნება ამასთან დაკავშირებით.

ჩავთვალოთ, ღარიბაშვილი წავიდა იმიტომ, რომ მას კორუფციას არ პატიობს ბიძინა ივანიშვილი – ეს საკმარისი არ არის. მთავარია, ახალმა პრემიერმა დადოს პირობა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მათ შორის, პასუხს მოსთხოვს ირაკლი ღარიბაშვილს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

როგორც ვაკვირდები, „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ „ხალხის ძალა“ -იაგო ხვიჩია

მგონი, „ლელო“ თავს კომფორტულად არ გრძნობს სამუშაო გარემოში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ცდილობს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე გავიდეს.

„შეიძლება, ეს წარმოდგენა ფარსის ნაწილს შეიცავდეს, მაგრამ მე ამ ფარსის მომწყობი არ ვარ, ამ ფარსის დამკვირვებელი ვარ. ადამიანი, რომელიც თქვენთან მოდის და გეუბნებათ, რომ აქ ფარსი დავინახე. მგონი, „ლელო“ თავს კომფორტულად არ გრძნობს სამუშაო გარემოში. თავს კომფორტულად გრძნობენ „ლელოებით“ გარშემორტყმული, მაგრამ როცა სხვა პოზიციებია და კამათია, ვერ წარმომიდგენია, ეს „ლელომ“ მოახერხოს. როგორც ვაკვირდები, „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ „ხალხის ძალა“ და ცდილობს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე გავიდეს, მის ყულაბაში აღმოჩნდეს, რადგან სხვა ამომრჩეველი „ნაცებს“ დაკავებული ჰყავთ. „ნაცებს“ რომ რადიკალიზმში ეჯიბრები, ეს ცოტა წამგებიანი მგონია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაიცანით თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“

თიბისიმ ბიზნესდაჯილდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!

გთავაზობთ ნომინაცია „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ ფინალში გასულ კომპანიებს:

3D ანიმაციასა და ვიზუალური ეფექტების მწარმოებელი კომპანია HIGHWAY VFX-ი  2018 წელს, 4 მეგობარმა დააარსა. მათი მთავარი მიზანი, დაარსების დღიდან, გლობალურ მასშტაბებზე გასვლა და საქართველოს ანიმაციის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა იყო, რაც, პირველ რიგში, ხარისხზე ორიენტირებულობითა  და ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების ადგილობრივ სივრცეში განვითარებით უნდა მიღწეულიყო. შესაბამისად, „ჰაივეიმ“ ძალისხმევა, პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე მიმართა და თითქმის ყველა მასშტაბური ადგილობრივი ბრენდის პროექტში მიიღო მონაწილეობა.

სწორი ხედვა და განვითარების სურვილი სტუდიის წარმატების მთავარი კატალიზატორი გახდა და ძალიან მალე „ჰაივეის“ პორტფოლიოს ისეთი წარმატებული და გლობალური ბრენდების პროექტები შეემატა, როგორებიცაა Honda-ი, Nissan-ი, Airbus-ი, Suzuki, Samsung-ი.

„გაგვიმართლა, რომ კომპანიის დამფუძნებლები საერთო ინტერესის და მიზნების გარშემო გავერთიანდით. კომპანიის დაარსების დღიდან განსაზღვრული გვქონდა, საით მივდიოდით და როგორი უნდა ყოფილიყო „ჰაივეი“ მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ახლა ზუსტად ამ გზის ნახევარი გავიარეთ. შეიძლება ვთქვა, რომ უკეთაც შეგვეძლო, მაგრამ, სავარაუდოდ, ამაზე მხოლოდ ამ 5 წლისთავზე დაგროვილი გამოცდილება მალაპარაკებს. მგონია, რომ სწორედ ეს წელიწადი არის იმ დიდი მიზნების და გეგმების ხორცშესხმის დრო, რომელიც სტუდია „ჰაივეის“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე, ოკეანის მიღმა  გაყვანას და მსოფლიო კინოინდუსტრიის მოთამაშეებთან პარტნიორობას გულისხმობს. ამისთვის ყველანაირი ნიადაგი მომზადებული გვაქვს და გვგონია, ამ პროექტში გამარჯვების შემთხვევაში, თიბისის ბიზნესდაჯილდოება   ჩვენი კომპანიის წარმატების ისტორიაში დადებს აგურს!“ – ამბობს HIGHWAY VFX-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ლევან ლაფაჩი.

 

ბიზნესდაჯილდოების მეორე ფინალისტია მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია, გამომცემლობა და ლეიბლი „სტოქტონ რექორდსი“. დაარსების დღიდან კომპანიის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და ქართული მუსიკის ინდუსტრიის განვითარება იყო.  საქმიანობის დაწყებიდან მალევე, კომპანიამ მზარდი განვითარება დაიწყო, რამაც დამფუძნებლები მიახვედრა, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი საქმის კეთება ჰქონდათ დაწყებული. მოკლე დროში გაიზარდა პარტნიორების, ბრენდებისა და წარმატებული პროექტების რაოდენობა, კომპანიამ სრული ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა,  რაც განხორციელებული პროექტების ხარისხზეც აისახა, გაფართოვდა კომპანიის ოფისი, რომელიც სტუდიასა და ჰაბს მოიცავს.

დღეს „სტოქტონი“ისეთ არტისტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Bedford Falls-ი, კორძი (korz), Moku Moku, სირკუს-მირკუსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ბრუნტეტი“ – თეატრალურ-მუსიკალური წარმოდგენა, რომლითაც „სტოქტონმა“ უკვე განახორციელა ტური საქართველოში და საერთაშორისო პროექტი KORDZ x Sakamoto, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა.

„კომპანიამ იმდენად სწრაფად დაიწყო განვითარება, რომ, რაღაც მომენტში, ამ პროცესებისთვის ფეხის აბმა თავადვე გაგვიჭირდა. მიმაჩნია, რომ განვითარების ამ ეტაპზე საჭიროა კომპანიის ცნობადობის ამაღლება, იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია უკვე ნდობის ნიშანია. დადგა დრო, კომპანიის საიმიჯო ზრდაზე ვიფიქროთ. თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანია სტრატეგიულად, საიმიჯოდ და ბრენდულად განვითარდეს. მას სჭირდება რებრენდინგი,  ასევე ვებსაიტი. გამარჯვების შემთხვევაში, 2024 წლიდან ამაზე ვიზრუნებთ.“ – ამბობს „სტოქტონის“ დამფუძნებელი, კოკა გოგოხია.

 

ბიზნესდაჯილდოების კიდევ ერთი ფინალისტია „კავეა პლუსის“ მიერ შექმნილი პირველი ქართული სტუდენტური სერიალი  „ცვალებადი ნიშნები“. სერიალში ნაჩვენებია სტუდენტური გამოწვევებით, დილემებით, სოციალური საკითხებითა და გადაწყვეტილებებით სავსე თანამედროვე ცხოვრება და მკაფიოდ ისმის ახალი თაობის ხმა. “ცვალებადი ნიშნების” პირველი სეზონი ციფრულ პლატფორმებზე ყველაზე ნახვადი და განხილვადი პროექტი უმოკლეს დროში გახდა და ადგილობრივ გართობისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მასშტაბური წარმატების პრეცედენტი შეიქმნა – სოციალურ ქსელში, „ტიკტოკი“, ეპიზოდის სცენები 38 მილიონჯერ ნახეს, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ იგივე მაჩვენებელი 10 მილიონზე მეტია, ხოლო „კავეა პლუსზე“ სერიალის 12 ეპიზოდის ჯამური ნახვების რაოდენობამ 3-მილიონს გადააჭარბა. წარმატების და ზრდის პოტენციალის დასტურად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სერიალის მეორე სეზონის გადაღებები უკვე მიმდინარეობს და მონატრებული მაყურებელი ახალ ეპიზოდს იანვარში ნახავს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ ორი სეზონია დაგეგმილი.

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდამჭერი პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.

 

R

რუსეთში კორუფცია უგანდის დონეზეა – TRANSPARENCY INTERNATIONA

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, რუსეთმა 180-დან 141-ე პოზიცია დაიკავა. ამავე პოზიციაზე უგანდა, ყაზახეთი და გვინეა განთავსდა. ინდექსს ორგანიზაცია Transparency International ადგენს.

ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, კორუფციის აღქმის მხრივ ლიდერები დანია, ფინეთი და ახალი ზელანდიაა, ხოლო ბოლო ადგილს იკავებს სირია, იემენი, სამხრეთ სუდანი, ვენესუელა და სომალი.

უკრაინამ 104-ე პოზიცია დაიკავა. ერთი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის რეიტინგი გაუმჯობესდა.

„კორუფცია იქამდე იარსებებს, ვიდრე მართლმსაჯულების სისტემა დანაშაულისთვის არ დასჯის და მთავრობის საქმიანობას არ გააკონტროლებს. როდესაც მართლმსაჯულების სისტემა ნაყიდია ან მას პოლიტიკური ძალები აკონტროლებენ, ამით ადამიანები ზარალდებიან. ქვეყნის ლიდერებმა უნდა შექმნან სისტემები, რომლებიც ინსტიტუტების დამოუკიდებლობის და კორუფციასთან ბრძოლის გარანტიებს ქმნის“, – განაცხადა Transparency International-ის ხელმძღვანელმა ფრანსუა ვალერიანმა.

მისი თქმით, დადგა დრო, როდესაც დაუსჯელობას და კორუფციას ბოლო უნდა მოეღოს.

“სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა აფხაზეთის ხელმძღვანელობის და მოსახლეობის უმთავრესი ამოცანაა” – ასლან ბჟანია

სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრესი ამოცანაა როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, ისე მთლიანად მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. თავდაცვის მინისტრთან, ვლადიმირ ანუასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრესი ამოცანაა როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, ისე მთლიანად მოსახლეობისთვის. უკრაინაში არსებული ვითარებისა და საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, იზრდება სამხედრო კონფლიქტების გაჩაღების შესაძლებლობა“, – განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ, ამ ფონზე, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე ბჟანიამ სარეზერვო ბრიგადების მართვის ორგანოების ფორმირების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე შეიქმნა შვიდი სარეზერვო ბრიგადისა და პოლკის მმართველი ორგანო. ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, გაიზარდა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის ხელფასები.

ამასთან, ვლადიმირ ანუას თქმით, 2023 წელს, საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის შესანარჩუნებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიონი რუბლი გამოიყო.

“რატომ ვარ ამერიკაში? შეხვედრები მაქვს „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონის“ წრეებთან, ჰარვარდის ბიზნესკოლის ქსელთან, რათა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გავზარდოთ”

რატომ ვარ ამერიკაში? ამჯერად ეს ვიზიტი არ არის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის, ქართველებთან ერთად ვაკეთებთ ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ვაშაძე აშშ-ში „გუგლის“, „ეფლის“, „ამაზონისა“ და ჰარვარდის ბიზნეს ქსელის წრეებთან შეხვედრებს მართავს, რომლის მიზანსაც მისი თქმით, საქართველოში ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

ვაშაძე ასევე მძლავრი ეკონომიკური ჯგუფის შექმნას აანონსებს, რომელიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაზრდაზე იმუშავებს.

„ამჯერად ეს ვიზიტი არ არის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისთვის, არამედ საინვესტიციო წრეებსა და ძალიან წარმატებულ ქართველ თანამემამულეებს ვხვდები. ქართველებთან ერთად ვაკეთებთ ძალიან მძლავრ ეკონომიკურ ჯგუფს, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც კერძო სექტორში არიან, საინვესტიციო ბანკებში მუშაობენ ან წამყვან საფინანსო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და თვითონ წარმატებული ბიზნესმენები არიან, ახალგაზრდა თაობის ქართველებზე ვსაუბრობ. მეორე მხრივ, შეხვედრები მაქვს „გუგლის, „ეფლის”, „ამაზონის” წრეებთან, ჰარვარდის ბიზნესკოლის ქსელთან, რათა საინვესტიციო პოტენციალი მაქსიმალურად გავზარდოთ, როცა გავიმარჯვებთ არჩევნებში ხალხთან ერთად, ეს ყოველივე სწრაფად უნდა იყოს რეალიზებული. დიახ, ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები, ქვეყანაში დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები, ჩვენ შეგვიძლია უმძიმეს დემოგრაფიულ კატასტროფას ვუშველოთ. შეგვიძლია, რომ პროფესიონალი ახალგაზრდები ჩავრთოთ ქვეყნის მართვის პროცესში. „გამარჯვების კოალიციის“ მიზანი სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი მოვიდეს ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ ვიმყოფები ამერიკაში”, – განაცხადა ვაშაძემ.

“დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლა თეთრ სახლში ევროპისათვის ქაოსს და მუქარას ნიშნავს”-The Guardian

„დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების პერსპექტივა ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებში ობიექტურ მღელვარებას იწვევს“, – წერს ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) პოლიტიკური მიმომხილველი ნატალი ტოჩი სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლა თეთრ სახლში ევროპისათვის ქაოსს და მუქარას ნიშნავს. ახლა შანსი უნდა გამოვიყენოთ და მისი პრეზიდენტობისათვის მოვემზადოთ“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დონალდ ტრამპის წარმატებული წინსვლის კვალობაზე, საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებში ნერვიულობა მატულობს – ვაითუ იგი ისევ დაბრუნდეს ოვალურ კაბინეტშიო. აშკარად ჩანს, რომ 2024 წლის ნოემბერში 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფინალი განმეორდება – „ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ“. შესაბამისად, ევროპისათვის აუცილებელია დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობისთვის მოემზადოს.

საერთოდ, წინა წლებშიც ბევრი რამ ხდებოდა ისეთი, რაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის განხეთქილებას იწვევდა, მაგალითად, ერაყში 2003 წელს დაწყებული ომი, როცა აშშ-სა და სხვა ნატოელ წევრებს შორის განხეთქილება უფრო ღრმა იყო – ომის წარმოების მომენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ იყო პოლიტიკური განხეთქილება.

დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობა კი ევროპისათვის ტრავმირებად მოვლენას წარმოადგენდა სწორედ პოლიტიკური საფუძვლის გამო: იგი იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ევროპას ოჯახის წევრივით არ უყურებდა, ანუ არ ჰქონდა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ოჯახის უფროსს უნდა ჰქონდეს ყოველი წევრის მიმართ – მფარველობდეს, ზრუნავდეს, ეხმარებოდეს… დონალდ ტრამპი აშკარად უფრო კარგად გრძნობდა თავს ისეთ ავტორიტარებთან, როგორებიცაა სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ვიდრე ევროპის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერებთან.

დონალდ ტრამპის ანტიპათია ევროპის მიმართ არ შეცვლილა. მისი მმართველობის მეორე ვადაში ცუდი პოლიტიკური განწყობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება და დიდ პოლიტიკურ განხეთქილებას გამოიწვევს. თუ პირველი ვადით მისი პრეზიდენტობის პერიოდი შიდა არასტაბილურობით გამოირჩეოდა – ხშირი იყო საკადრო ცვლილებები, იმპიჩმენტის მოთხოვნები და მცდელობები, მეორე ვადაში დონალდ ტრამპის მმართველობა, სავარაუდოდ, უფრო თანმიმდევრული და უფრო გაბედული იქნება.

ამჯერად დონალდ ტრამპი მხოლოდ უსიამოვნო ტვიტების წერას არ დაიწყებს, როგორც ამას ადრე აკეთებდა. მას მრავალჯერ უთქვამს, რომ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს და თუ ვლადიმერ პუტინი შეატყობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მართლაც იმას აკეთებს, რასაც ამბობს, მაშინ კრემლი გათამამდება და ნატოსაც დაემუქრება.

დონალდ ტრამპის მეორედ არჩევა პრეზიდენტად ამერიკული დემოკრატიის დარღვევა იქნება, თანაც, ალბათ, ფატალურად. იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპს ბევრი ბრალდება აქვს წარდგენილი, თუ იგი ოვალურ კაბინეტში დაბრუნდება, შეტევას დაიწყებს აშშ-ის მართლმსაჯულებისა და სამართალდამცველ ორგანოებზე, უპირველესად კი სასამართლოსა და პროკურატურის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპს შეუძლია 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის მაკარტიზმი გაიმეოროს. იგი შეეცდება გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციასაც.

მოკლედ, დასავლეთი და განსაკუთრებით ევროპა ტრამპის პრეზიდენტობისათვის კარგად უნდა მოემზადოს, რათა თავიდან აიცილოს, ნაწილობრივ მაინც, არასასურველი მოვლენები.

წყარო:

“გვარამიამ საზოგადოებას შესთავაზა, ჩემ მიერ ჩამოხრჩობა გირჩევნიათ თუ სააკაშვილის მიერ დახვრეტაო”

გვარამიას „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა ისეთივე დაუჯერებელია, როგორც ვინმემ რომ თქვას, მზე დასავლეთიდან ამოვიდა და არა აღმოსავლეთიდანო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც გვარამია ამბობს: „ზოგადად, ჩემს პოლიტიკურ გეგმაზე კონსულტაციებს მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, მთლად კორექტული იყოს. გავცვალეთ პოზიციები, მისი დამოკიდებულება ჩემი გეგმების მიმართ და ჩემი დამოკიდებულება მისი გეგმების მიმართ“.

მაჭარაშვილის თქმით, გვარამია და სააკაშვილი ერთსა და იმავე პლატფორმაზე არიან.

„გვარამიამ დაახლოებით ასეთი რამ შესთავაზა საზოგადოებას – ჩემ მიერ ჩამოხრჩობა გირჩევნიათ თუ სააკაშვილის მიერ დახვრეტაო. ანუ, საზოგადოებას ეუბნებიან, ყველა შემთხვევაში მოკვდებითო, მაგრამ ფორმები გვაქვს სხვადასხვა, ერთი მედლის ორი მხარე ვართო. სააკაშვილი დაგხვრეტთ, მე ჩამოგახრჩობთო და რომელი გირჩევნიათო – ეს შესთავაზა საზოგადოებას. გვარამია-სააკაშვილი ერთი ტანდემი რომ არის და ერთსა და იმავე პლატფორმაზე არიან, ეს იციან მათივე მომხრეებმა და ამიტომ არ გამოუვათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ოცნება“ გაკოტრებული ძალაა – სამადაშვილი

რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს დღეიდან არჩევნებამდე მთავრობა, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” უკვე პოლიტიკურად გაკოტრებულია, რომელსაც მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზე აქვს.

„ქართული ოცნება” არის პოლიტიკურად გაკოტრებული ძალა, რომელსაც ისტორიულ მინიმუმზე აქვს დასული მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მოთხოვნით უშუალოდ თავად პოლიტიკაში. ნახეს რომ „ქართული ოცნების” რეიტინგს ამანაც ვერ უშველა და არათუ გაიზარდა, არამედ ყოველდღიურად მცირდება და სწორედ ამის მომასწავებელია ის, რომ უპრეცედენტოდ მმართველ პარტიას, ფაქტობრივად, რამდენიმე კვირის შუალედით უწევს მორიგი ყრილობის ჩატარება და გუნდის ახლებურად გადალაგება. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მათ სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც მათ ინტერესებს ემსახურება და არა ის გუნდი, რომელიც ერთი მხრივ, ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს და მეორე მხრივ, ასრულებს რუსეთის დავალებებს. ამიტომ, რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს დღეიდან არჩევნებამდე მთავრობა, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე “ქართლი ოცნება” განწირულია მარცხისთვის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დისკრედიტირებული პოლიტიკოსი და მსგავსი ხალხის გარდა, რუსეთისთვის მისაღები კანდიდატები „ქართულ ოცნებაში” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში აღარ დარჩა.”

„ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დისკრედიტირებული პოლიტიკოსი და როგორც ჩანს, მსგავსი ხალხის გარდა, რუსეთისთვის მისაღები კანდიდატები „ქართულ ოცნებაში” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში აღარ დარჩა. სხვა არანაირი ახსნა არ აქვს ამ გადაადგილებას. მთავარი არის, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება გავრილოვის და რუსეთის მსახური ქვეყანა, რაც არ უნდა ერქვას მათ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილი იქნება თუ კობახიძე”, – აღნიშნა სამადაშვილმა.

“რეკომენდაციების შესრულებაზე გუშინ საქმიანი დისკუსია იყო, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფრაქციები და სამოქალაქო საზოგადოება, ორ კვირაში კვლავ შევხვდებით”

გუშინ ძალიან საქმიანი დისკუსია იყო, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, თავად ფორმატი საინტერესოა, სადაც წარმოდგენილია საპარლამენტო ფრაქციები და სამოქალაქო საზოგადოება, გუშინ, ცხრა რეკომენდაციიდან გამომდინარე ყველა საკითხი განვიხილეთ და მივყევით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არის საკითხები, რაც პარლამენტის კომპეტენციაში არ არის, თუმცა გავიხილეს, პარლამენტმა როგორ უნდა მიაქციოს ყურადღება აღნიშნულ თემებს.

„არის საკითხები, რაც პარლამენტის კომპეტენციაში არ არის, ასეთია საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრის საკითხი. რა თქმა უნდა, უფრო ვკონცენტრირდით იმ საკითხზე, რაც პარლამენტის კომპეტენციაშია. საუბარი იყო ცესკო-ს დაკომპლექტების წესზე, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროსა და საგამოძიებო სამსახურის კანონმდებლობის დახვეწაზე და სასამართლო რეფორმაზე. სამივე საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს. გუშინ ვიმსჯელეთ, ოპოზიცია რას თვლის, რა არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. მთლიანი დისკუსია ორგანიზებული ისე იყო, უმრავლესობას არ უსაუბრია, თავად რა გადაწყვეტილებებს ხედავს, ოპოზიციის იდეები გვაინტერესებდა. ეს საკითხები განვიხილეთ და შევთავაზეთ, რომ ორ კვირაში იგივე ფორმატში შევხვდებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტში 29 იანვარს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაიწყო.

Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპი პირველად ჩანერგა

მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ Neuralink ადამიანის ტვინში უსადენო ჩიპი პირველად ჩანერგა წარმატებით. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მასკმა აღნიშნა, რომ მოწყობილობის მუშაობის პირველი შედეგები იმედისმომცემია და ჩიპი ნერვულ იმპულსებს კარგად ცნობს. ჩიპი ტვინში ადამიანსა და კომპიუტერს შორის დამაკავშირებელი რგოლი უნდა იყოს და დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური პრობლემები და ფსიქოლოგიური აშლილობები აქვთ.

მასკმა თავის სოციალურ ქსელში X განაცხადა, რომ მისი კომპანიის ქმნილებას „ტელეპათია“ დაარქვა და პირველ რიგში მას ჩაუნერგავენ ადამიანებს პარალიზებული კიდურებით.

„ეს მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ ტელეფონი, კომპიუტერი, მათი მეშვეობით კი პრაქტიკულად ნებისმიერი სხვა მოწყობილობა მხოლოდ აზრის ძალით“, – განმარტა მასკმა.

Neuralink-ის აღწერის თანახმად, ოპერაციას ტვინზე რობოტი ატარებს. ის ნერგავს ტვინში ჩიპს, რომელსაც 1024 სენსორი აქვს. ჩიპი ტვინის იმ ნაწილში ინერგება, რომელიც აკონტროლებს „მოძრაობის განხორციელების განზრახვას“. ის ტვინის სიგნალებს გარე მოწყობილობას გადასცეს, რომელიც მათ შიფრავს და „ხვდება“ რა მოძრაობის განხორციელება უნდა ადამიანს.

აშშ-ის მთავრობამ მასკის კომპანიას ადამიანზე ცდების ლიცენზია გასული წლის მაისში გასცა. გეგმის მიხედვით, ტესტირება 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ Neuralink-ი 2024 წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.

“დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო” – სერგეი ლავროვი

დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო, მაგრამ ვერ წყვეტს მის მხარდაჭერას, მათ შორის, ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, ­- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მთავარი დონორი აშშ, შემდეგ მოდის გერმანია, ბრიტანეთი, დანია, პოლონეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი. უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის მაჩვენებლები ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის მათი პროექტი „უკრაინის“ ჩაშლის თავიდან აცილება. უფრო მეტიც, მათ უკვე ესმით, რომ ჩაშლა დაიწყო, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერებენ და არა მხოლოდ პრესტიჟის გამო, არამედ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისითაც“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, მოსკოვმა იცის შემთხვევები, როდესაც დასავლეთი ზოგიერთ ქვეყანას სთხოვს, უკრაინას რუსული იარაღი საიდუმლოდ გაუგზავნოს.

„შევდივართ კონტაქტებში შესაბამის ქვეყნებთან, რომლებსაც დასავლეთი არწმუნებს, უკრაინას სწრაფად გადასცეს იარაღი ისე, რომ არაფერი გვითხრას ჩვენ, როგორც იარაღის ამა თუ იმ პარტიის მიმწოდებლებს. ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველყოფას, რომ ეს ვალდებულებები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ვალდებულებები დაცული იყოს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.