Home Blog Page 280

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტმა გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღო, წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, ხოლო 39-მა თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, 1-ელ თებერვალს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისთვის 50 მილიარდის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

“უცხოურ აგენტებზე” აფხაზური ე.წ. კანონპროექტი და რუსული კანონი 90-95%-ით ერთი და იგივეა -ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში შეტანილი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების” შესახებ ე.წ. კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგია, 90-95%-ით იგივეა, მთელი რიგი თავები, მუხლები რუსული კანონის პირდაპირი თარგმანია. ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, 2020 წლის 12 ნოემბერს მიღებული, 45-პუნქტიანი ე.წ. პროგრამა გაგახსენოთ, რომელსაც ჰქვია “აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალურ -ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით”.

ამ პროგრამის 37-ე პუნქტი აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის იმ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას არეგულირებს. ისევე, როგორც ამ პროგრამამ, ამ პუნქტმაც აფხაზურ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი, წინააღმდეგობა გამოიწვია.

ეს პუნქტი 2021 წელს უნდა შესრულებულიყო, ახლა უკვე 2024 წელია და დღემდე ბოლომდე მიყვანილი არ არის. ეს აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობის შედეგია. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთში აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების (განსაკუთრებით უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც აფხაზეთში საქმიანობენ) წინააღმდეგ ძალიან ძლიერი კამპანია მიმდინარეობდა. მიმდინარე წლის 7 თებერვალს ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიტანა. 8 თებერვალს ის მოსკოვში მიემგზავრებოდა, ლავროვთან ჰქონდა შეხვედრა. ჩვენ ვიცით რუსეთის ხელწერა, თუ როგორ ახდენს ზემოქმედებას აფხაზურ საზოგადოებაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე. როცა რუსეთი ამ თუ იმ კანონის მიღებას, შეთანხმებაზე ხელმოწერას ითხოვს, ის აფხაზეთს რაღაც პრობლემებს უქმნის, ან ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტს, ან საპენსიო ფონდში თანხების გადარიცხავს, ზეწოლის მსგავს ბერკეტებს იყენებს. 8 თებერვალს ბჟანიას მოსკოვში არავინ მიიღებდა, მას დე ფაქტო პარლამენტში ეს ე.წ. კანონი რომ არ შეეტანა. ამ ე.წ. კანონთან ერთად აქ რუსეთის კანონიც მოგიტანეთ, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტებს ეხება. შეიძლება, ვინმეს კითხვა დაებადოს და მინდა, გითხრათ: გახსოვთ, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი იყო შეტანილი, რასაც საზოგადოების ნაწილში გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა და შემდეგ ის პარლამენტმა უკან გაიწვია. სამწუხაროდ, მას რუსული კანონი უწოდეს. აგერაა რუსული კანონი, რომელსაც სიტყვა “აგენტის” გარდა, არაფერი აქვს საერთო იმ კანონთან, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო შეტანილი.

აფხაზური ე.წ. კანონპროექტი და რუსული კანონი 90-95%-ით ერთი და იგივეა”, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ამ კანონით აკრძალულია ყველაფერი ის, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს დაკავებული. როგორც გამახარიამ აღნიშნა, რუსეთს უნდა, აფხაზეთი თავიდან ბოლომდე რუსულ სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს.

“რუსული კანონი მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში შეტანილ ე.წ. კანონპროექტში სიტყვა სიტყვით არის გამეორებული. უბრალოდ, სტრუქტურა არის ცოტა სხვანაირი, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს კანონი პირდაპირ ითარგმნა. მაგრამ, რომ გადახედავთ, ნახავთ, რომ მთელი რიგი თავები, მუხლები რუსული კანონის პირდაპირი თარგმანია. განსაკუთრებით ეს ე.წ. კანონპროექტის მეჩვიდმეტე პუნქტს ეხება, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტებს წარმოადგენენ. ამ რუსული კანონით და აფხაზური ე.წ. კანონპროექტით, უცხო ქვეყნის აგენტებს წარმოადგენენ ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან.

რა ძირითად შეზღუდვებზეა საუბარი: თუ საზღვარგარეთიდან ფინანსდება, არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო ორგანოებთან შექმნილ სხვადასხვა კომისიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს; ასეთ ორგანიზაციებისა და პირებს სხვადასხვა დონის არჩევნებში რომელიმე კანდიდატისთვის ხელშეწყობა ეკრძალებათ, ასევე, ეკრძალებათ სხვადასხვა მიტინგის, საჯარო ღონისძიების დაფინანსება, ასეთი ღონისძიებების მიტინგების, აქციების, ინიცირება; ეკრძალებათ რეფერენდუმების ინიცირება; ეკრძალებათ საგანმანათლებლო- პედაგოგიური საქმიანობა. ასეთი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური სანქციაა დაწესებული.
ანუ ამ კანონით აკრძალულია ყველაფერი ის, რითაც უნდა იყოს და დღემდე არის დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაცია.

ისინი აცხადებენ, რომ ყველაფერი ამის მიზანი არის ის, რომ უცხოელმა სპონსორებმა აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შეწყვიტონ. ფაქტობრივად, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების შეწყვეტას ნიშნავს. ეს არის აფხაზეთში არსებული მინიმალური დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვა და, ფაქტობრივად, ისეთი ვითარების შექმნა, როგორიც რუსეთშია შექმნილი. იქ არავითარი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ვერავინ ახდენს გავლენას. უნდათ, აფხაზეთშიც ზუსტად იგივე გააკეთონ.

აფხაზური საზოგადოების შიგნით მეტ-ნაკლებად დემოკრატია არსებობს, ე.წ. არჩევნებს ატარებენ, ვიღაცას გადააგდებენ, ვიღაცას აირჩევენ. მაგრამ რუსებს უნდათ, რომ ეს პროცესები თვითონ აკონტროლონ. აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება, ეს არის რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. საბოლოოდ, რუსეთს უნდა, ამ 45-პუნქტიანი პროგრამის შესრულებით აფხაზეთი თავიდან ბოლომდე რუსულ სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს. დე ფაქტო ის ანექსირებული ჰყავს და დე იურედაც მოახდინოს მისი ანექსირება“, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტს განსახილველად „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოურ აგენტებად ჩაითვლებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პირები, რომლებიც “აფხაზეთის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ და უცხოური წყაროებიდან იღებენ ფულს ან/სხვა ქონებას”.

“დამანგრეველი ეფექტი აქვს „ლგბტ“ თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან”

დამანგრეველი ეფექტი აქვს „ლგბტ“ თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან, ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით. ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდას ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში!, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით, კატასტროფულად იზრდება საკუთარი თავის იდენტიფიცირების მაჩვენებელი, როგორც „ლგბტ” თემის წარმომადგენლისა და მიზანმიმართული ტყუილი და ფარსია ის „ნარატივი”, რომ აგიტაცია-პროპაგანდა არ მუშაობს და ბუნებრივ პროცესზეა საუბარი.

„აშშ-ს საზოგადოებაში და კონკრეტულად ახალგაზრდებში, კატასტროფულად იზრდება საკუთარი თავის იდენტიფიცირების მაჩვენებელი, როგორც “ლგბტ” თემის წარმომადგენლისა.სურათზე მოცემულია თაობათა შორის და წლების მიხედვით მაჩვენებლის მზარდი დინამიკა.

მიზანმიმართული ტყუილი და ფარსია ის „ნარატივი”, რომ აგიტაცია-პროპაგანდა არ მუშაობს და ბუნებრივ პროცესზეა საუბარი.პრიმიტიული მაგალითი:- წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი გენეტიკის მქონე ბავშვი, აუცილებლად დაიწყებს საუბარს იმ ენაზე, რაზეც საუბრობდა მისი გარემოცვა!დამანგრეველი ეფექტი აქვს “ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან,

ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით. ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდას ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში“, – წერს ქადაგიძე.

“მივმართავ საელჩოებს, გაეროს დაფინანსებული UNDP – ს პროგრამის ხელმძღვანელებს – გვიპასუხეთ რატომ აფინანსებთ LGBT პროპაგანდას საქართველოში?” – თამთა მეგრელიშვილი

სიბნელე და კანონზომიერების წინააღმდეგ მიმართული მუშაობაა მცდელობა, ოჯახი ტრადიციული ოჯახიდან მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე დაიყვანონ; ეს უზნეობა აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, სწორედ ამიტომ, „ხალხის ძალამ” ეს მძიმე თემაც საკუთარ თავზე აიღო და დღეს თქვენ მოისმინეთ ბატონი გურამ მაჭარაშვილის ბრიფინგი და „ხალხის ძალის” გუნდის ღია პოზიცია, რომ ჩვენ ამ უზნეობის, ამ არაკანონზომიერების წინააღმდეგნი ვართ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება. ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან.

მეგრელიშვილი საქართველოში შვეიცარიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის საელჩოებს მიმართავს და მათგან ითხოვს პასუხს, რატომ აფინანსებენ LGBT პროპაგანდას საქართველოში.

„მსოფლიოში ცისარტყელას ფერებში შეფუთული ლგბტ პროპაგანდა ფერად ტერორად იქცა. სამყაროს კანონზომიერების წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღი, სახელწოდებით ლიბერალიზმი პირდაპირ ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვებისა და ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული ფასეულობების მომაკვდინებელ იარაღად იქცა. დაკვეთაა ამორალურობა, გარყვნილება ნორმად იქცეს, მიზანია სქესისაგან თავისუფალ არსებებად გვაქციონ ისე, რომ ჩვენ ქალად ან კაცად დაბადება გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდეს და სქესის დაბადების შემდგომ არჩევანის უფლებებში საკუთარი იდენტობა დავკარგოთ. მსოფლიო ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება! ეს უფლებების სახელით მოსიარულე სიბნელე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს და ევროპაში ჰპოვებს გაგრძელებას. სიბნელე და კანონზომიერების წინააღმდეგ მიმართული მუშაობაა მცდელობა, ოჯახი ტრადიციული ოჯახიდან მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე დაიყვანონ; ახალდაბადებულ ჩვილები დედის რძის მაგივრად, მამაკაცის რძეზე გაზარდონ; ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აკრძალონ და სხვა. შეიძლება ახლა ამას კითხულობთ და ფიქრობთ, რომ ეს უფლებრივი სიბნელე მხოლოდ ამერიკისა და ევროპის პრობლემაა და საქართველოსთან არავითარ შემხებლობაში არ არის, მაგრამ ცდებით. ეს უზნეობა აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, ისინი ამ საკითხის ასე განვითარებას აქაც მოითხოვენ, უფრო მეტიც რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ენჯეოები და მედიასაშუალებები ამ მძიმე თემების პროპაგანდას პირდაპირ დაივალებენ. სწორედ ამიტომ, “ხალხის ძალამ” როგორც ყოველი საფრთხის მეხამრიდმა ძალამ, ეს მძიმე თემაც საკუთარ თავზე აიღო და დღეს თქვენ მოისმინეთ ბატონი გურამ მაჭარაშვილის ბრიფინგი და “ხალხის ძალის” გუნდის ღია პოზიცია, რომ ჩვენ ამ უზნეობის, ამ არაკანონზომიერების წინააღმდეგნი ვართ. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ არ დავუშვებთ ძალადობას ახალი თაობის ფსიქიკაზე, არ დავუშვებთ უფლებების სახელით ამ სიბნელის პროპაგანდას. ჩვენ ვართ საზოგადოება რომლისთვისაც პირველადია ჩვენი სარწმუნოება, ტრადიციები და ფასეულობები რომლებმაც დღემდე სწორედ ამ ფორმით ასე მოგვიყვანა. ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება. ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან. მინაწერი: მივმართავ საქართველოში შვეიცარიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP – ს პროგრამის ხელმძღვანელებს – გთხოვთ გვიპასუხეთ რატომ აფინანსებთ LGBT პროპაგანდას საქართველოში? ქართულ საზოგადოებას, მის განწყობებს, ტრადიციებსა და ფასეულობებს პატივს არ სცემთ? თუ საქართველო კოლონია გგონიათ რომელზეც საკუთარ დღის წესრიგს თავისუფლად არგებთ? ასევე საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დანიგანის პოზიცია, ის იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის პოზიციას (მან გამოსცა ბრძანება და თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“) თუ ემიჯნება მას და ქართველისა და ქართულის დამოკიდებულებას რწმენისა და ტრადიციებისადმი სრულად იზიარებს?!“ – წერს მეგრელიშვილი.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს „გირჩის“ ფინანსებიც და მისი დეკლარაციებიც -იაგო ხვიჩია

რაც შეეხება „გირჩს“, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც მართლა ღია ბუღალტერიას აწარმოებს და ყველაფერი არათუ, აუდიტის სამსახურში, არამედ ინტერნეტშიც დევს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს „გირჩის“ ფინანსებიც და მისი დეკლარაციებიც, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ავტომატურად ეგზავნება აუდიტის სამსახურს, ამიტომ ჩვენ ეს არ გვემუქრება. იგივე დეკლარაციას ვაგზავნი, ვიღაცას არ მოსწონს, რადგან ჰგონიათ, რომ მე ფული ვიშოვე, არ მიშოვია. აქ ხალხის პატივისცემის საშოვნელად ვარ და არა ფულის“, -აღნიშნა ხვიჩიამ.

ცვლილებებია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“კანონში. პოლიტიკური პარტიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საფინანსო დეკლარაციის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წარუდგენლობა შესაძლოა პარტიის ლიკვიდაციის საფუძველი გახდეს, რის შემდეგაც პარტიის ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

პროექტი პოლიტიკური პარტიისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის გაძლიერებასაც ისახავს მიზნად.

“ევროკავშირის, აშშ-ს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკურად ჩანაცვლება კომუნისტური ჩინეთით,საფრთხის შემცველია”

ზოგადად, ფინანსური ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკურად ჩანაცვლება კომუნისტური ჩინეთით, არის საფრთხის შემცველი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას.

ბოკუჩავას თქმით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, ზოგადად ურთიერთობების გაღრმავების კომპონენტია.

„ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, ზოგადად ურთიერთობების გაღრმავების კომპონენტია, რასაც ივანიშვილის პარტიის მხრიდან უკვე მრავალი თვეა ვხედავთ, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის ყოფილი პრემიერი იმყოფებოდა ვიზიტით ჩინეთის კომუნისტური პარტიის „ლიდერშიფთან“. ზოგადად, ფინანსური ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკურად ჩანაცვლება კომუნისტური ჩინეთით, არის საფრთხის შემცველი. ერთ კითხვას დავსვამ, მათ შორის ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებისთვის: ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვერ მოიპოვა მათმა ხელისუფლებამ უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან? ეს არის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ისმებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია, ვიდრე უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

“ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს”- იენს სტოლტენბერგი

ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო მეტად გავაქტიურდით. მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განთავსება არ იგეგმება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია, რომელიც საერთაშორისო სამართალს უხეშად არღვევს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას, რა თქმა უნდა, თავდაცვის უფლება აქვს და ჩვენ უფლება გვაქვს, რომ მათ ამ უფლების დაცვაში მხარი დავუჭიროთ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს.

რუსეთი ბენზინის ექსპორტს ექვსი თვით კრძალავს

რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს, – ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია აკრძალვა ძალაში პირველი მარტიდან შევა და ექვსი თვე გაგრძელდება.

აკრძალვის მიზეზი რუსეთში ბენზინის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაციაა.

გარდა ამ აკრძალვისა, რუსეთმა, შესაძლოა, მოსთხოვოს ნავთობკომპანიებს, საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ, რომლის ნორმაც ამ დროისთვის 12,5%-ია.

როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.

მძევლების სანაცვლოდ, ისრაელი 400 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას დათანხმდა

პარიზში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ისრაელი დაახლოებით 400 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას დათანხმდა – მათ შორის ტერორისტების, რომლებიც ნასამართლევი არიან “მძიმე” დანაშაულებისთვის.

ამ ინფორმაციას   Al Jazeera ავრცელებს.

წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ისრაელი ასევე დათანხმდა იძულებით გადაადგილებული პალესტინელების ეტაპობრივ დაბრუნებას ღაზას ჩრდილოეთით და შემდგომი დახმარებისა და დროებითი თავშესაფრების შესვლას ღაზაში, მძიმე ტექნიკისა და აღჭურვილობის ჩათვლით.

გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ ისრაელმა ჰამასს შესთავაზა თავისი ძალების გაყვანა ღაზას ხალხმრავალი ნაწილებიდან და სადაზვერვო ფრენების შეჩერება დღეში 8 საათის განმავლობაში, როგორც ექვსკვირიანი ზავის ნაწილი, რომელსაც ისრაელელი მძევლების გათავისუფლება მოჰყვება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი განაცხადა, რომ იმედოვნებს მომავალ კვირას “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება” შედგება ისრაელსა და ჰამასს შორის. სავარაუდოდ, ის გულისხმობს დროებით ზავას, რომელიც ამჟამად მოლაპარაკების პროცესშია, რომლის მიხედვითაც ჰამასის ტყვეობაში მყოფი ებრაელი მძევლები პალესტინელ პატიმრებში გაიცვლებიან.

“ჩემი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მეუბნება, რომ ჩვენ ახლოს ვართ. ჩვენ ახლოს ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია.” – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

“ფაქტები გვაქვს, რომ კონკრეტული პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ”

კონკრეტული ფაქტები, თვითაღიარებები გვაქვს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ – ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, არც საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ,- ასე პასუხობს ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებების პროექტზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, კრიტიკის მიზეზი ის არის, რომ სურთ ამ სამსახურის ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დანიშნონ.

„ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი არ ირჩევს, სპეციალური კომისია გამოარჩევს და პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, განსხვავება ძალიან დიდია. ის, რომ თითქოს გამჭვირვალობაზე ყველაზე მეტად „მაწუხარი“ არასამთავრობოები კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ მათი საქმიანობა ან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, მანიშნებელია მათი „კეთილსინდისიერების”. კონკრეტული ფაქტები, თვითაღიარებები გვაქვს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები კანონის გვერდის ავლით ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ. ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, არც საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ. ანტიკორუფციულ სამსახურს რაც შეეხება, განა კანონთან მიმართებაში აქვთ განსაკუთრებული შენიშვნა, მანდაც ერთი პრობლემაა, უნდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ნიშნავდეს ამ სამსახურის ხელმძღვანელს. შინაარსს რომ ჩასწვდებით ამ ბრტყელ-ბრტყელო ზოგადი ლოზუნგებისა და სიტყვებისა, აქამდე მივალთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროსთვის პარტიის ლიკვიდაციის უფლებამოსილების მინიჭების საკითხზე კრიტიკასაც და აღნიშნა, რომ როცა პარტია ფინანსური დეკლარაციის წარდგენას არ ახორციელებს, მათ შორის, ევროპული კანონმდებლობითაც ჩერდება პარტიის ფუნქციონირება.

„კანონში გაწერილი იქნება ის შემთხვევა, როცა პარტია თავის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობას შეგნებულად არიდებს თავს. ამ შემთხვევაში დგება ეს საკითხი. შეუძლია მერე ეს გაასაჩივროს პარტიას სასამართლოში. როცა კანონი გავალდებულებს წარადგინო ფინანსური დეკლარაცია და ამას არ აკეთებ, ყველა, მათ შორის ევროპული კანონმდებლობითაც დგება პარტიის მოქმედების შეჩერება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა მიმართულებით ხდებოდა ეს (პარტიის აკრძალვის განხილვა), იქ სხვა საფუძვლები იყო, კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი, აქ (ახალი ცვლილებების პროექტით) არის ნორმა, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან, მაგრამ ეხება პარტიის ფინანსურ გამჭვირვალობას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“სად არის ის დიდი წარმოებები, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა საზოგადოებას ჰპირდებოდა?” – გიორგი ვაშაძე

სად არის ის დიდი წარმოებები, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჰპირდებოდა საზოგადოებას? – არსად, რადგან ხალხი მოატყუეს, ამიტომ გეუბნებით, რომ ჩვენი გამარჯვებისკენ გზა არის ცვლილებები – დიახ, ვცვლით ხელისუფლებას!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ გორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება და კინკლაობა წარსულს ჩაბარდება.

„ვცვლით ხელისუფლებას, ვხდებით ევროკავშირის წევრი დაჩქარებული წესით და კეთილდღეობას იღებს ქვეყანაში ყველა. ევროკავშირი ხომ ეს არის – დოვლათის თანაბრად გადანაწილება. არა ის, რომ ელიტა მდიდარია და ხალხი – უკიდურესად გაჭირვებული, არამედ ის, რომ დოვლათი მაქსიმალურად თანაბრად ნაწილდება. დიახ, ვცვლით ხელისუფლებას და ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს და კინკლაობას ვაბარებთ წარსულს! აღარ იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში იქნებიან, მიშაც იქნება თავისუფალი და ამით დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ქვეყანაში. ყველა პროფესიონალი ჩაერთვება ქვეყნის განვითარების პროცესში, განვავითარებთ წარმოებას, რეგიონებს, სოფლებს, ტურიზმს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ქვეყანაში პერსპექტივა და აღარ იყოს სამუშაო ადგილის პრობლემა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა -ბექა ძამაშვილი

საუბარი, რომ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ძამაშვილის განმარტებით, ევროპული სასამართლო როდესაც მთავრობას უსვამს კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ მან უბრალოდ საჩივარი დაარეგისტრირა და მთავრობიდან, ასევე, მომჩივანისგან მიღებული დამატებითი პოზიციების შემდეგ გადაწყვეტს, საერთოდ დასაშვებია თუ არა საჩივარი.

„სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმე გამოუგზავნა სტანდარტული პროცედურების ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე მხარეებს ექნებათ 12 კვირა, რათა მორიგების თემაზე ჩამოყალიბდნენ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს მთავრობას ექნება დამატებით 12 კვირა საკუთარი პოზიციის გასაგზავნად, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლო ისევ მომჩივნებს მისცემს ვადას და საბოლოო პოზიციას საქართველოს მთავრობა გააგზავნის. მთლიანად ამ პროცედურებისთვის დაახლოებით მიმდინარე წელი ალბათ აუცილებელი იქნება. შესაბამისად, საუბარი, რომ რაიმე დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ამ საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება. სტრასბურგის სასამართლოს აქვს რეგლამენტში შესაბამისი წესი, როდესაც მიიიჩნევს, რომ საქმე განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე პრიორიტეტულად უნდა იყოს განხილული, ამას პირდაპირ უთითებს წერილში, 41-ე წესზე აკეთებს მითითებას და ნამდვილად ხდება სწრაფად განხილვა, მაგრამ ამ საქმეში ამდაგვარს არაფერს ადგილი არ ჰქონია. ადგილი რომ ჰქონოდა, თვითონ მომჩივნები ალბათ გაასაჯაროებდნენ კიდეც სტრასბურგის სასამართლოდან გამოგზავნილ წერილს.

რაც შეეხება, რას გულისხმობს საქმის წარმოებაში მიღება, ევროპული სასამართლო როდესაც მთავრობას უსვამს კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ მან უბრალოდ საჩივარი დაარეგისტრირა. სწორედ ამის შემდეგ, მთავრობიდან მიღებული პოზიციების, მათ შორის მომჩივანისგან მიღებული დამატებითი პოზიციების მხედველობაში მიღებით გადაწყვეტს, საერთოდ დასაშვებია თუ არა საჩივარი“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი და მამუკა ხაზარაძის სარჩელის განხილვა დაიწყო. მისივე თქმით, სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში დაიწყო განხილვა და ამ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი.