Home Blog Page 280

დონალდ ტრამპი მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომას მართავს, რომელიც ლოცვით დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომას მართავს, რომელიც ლოცვით დაიწყო.

სხდომას მილიარდერი, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკიც ესწრება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ქურდობისა და თაღლითობის შემთხვევები აღმოაჩინა.

ტრამპის თქმით, ილონ მასკი ბევრს აკეთებს, რისთვისაც ბევრ შექებას და ბევრ დარტყმას იღებს.

ამის შემდეგ მთავრობის კაბინეტს სიტყვით თავად ილონ მასკმა მიმართა და აღნიშნა, რომ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის საერთო მიზანი არის უზარმაზარი დეფიციტის პრობლემის მოგვარება, რადგან არსებული ვითარების გაგრძელება ქვეყანას დე ფაქტო გაკოტრებამდე მიიყვანს.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საუკეთესო კაბინეტი შეკრიბა.

ალექსანდრე წულაძე: „აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეხმიანება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.

„მსურს აღვნიშნო, რომ პეტერ ფიშერის განცხადება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე.

აღნიშნული განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობას, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაო.

რეალურად გერმანიის ელჩი ეყრდნობა განათლებისა და კვლევების ფედერალური მინისტრის წერილს, რომელიც 20 თებერვლით თარიღდება. საგულისხმოა წერილის თარიღიც.

ჩვენთვის გარკვეულწილად მოულოდნელიც კი არის, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა თავის ბოლო სამუშაო დღეს გამონახა დრო და ჯერ კიდევ არდაწყებული სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს ელჩმა გააჟღერა.

აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრს სურვილი ჰქონდა, ახლად არჩეული მთავრობისთვის ბუნდოვანი მემკვიდრეობა დაეტოვებინა და ორი ქვეყნის ურთიერთობებში დისონანსი შემოეტანა.

კიდევ ერთხელ მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ  აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ირაკლი ჩიქოვანი – შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება

„თუ საჭირო და აუცილებელი გახდება მოხალისეების ჩართვა, შტაბს ექნება მოწოდებაც და თავისი საკოორდინაციო მექანიზმიც“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში მოხალისეთა ჩართვა, ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს უკავშირდება. მან გაიხსენა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ადამიანები ახლობლების მოკითხვას საკუთარი ძალებით, შეუსაბამო ტექნიკითა და შესაძლებლობებით ცდილობდნენ და საჭირო გახდა მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები  მოქალაქეთა საჭიროებების აღმოსაფხვრელად ოპერატიულად მოქმედებენ: „შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება“.

მაკა ბოჭორიშვილი – თურქეთი მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეა, მნიშვნელოვანია თურქულ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია და ჩვენი ინტერესების შესაბამისად სხვა პარტნიორებთან ურთიერთობები

თურქეთის რესპუბლიკაში ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა ძალიან ხანგრძლივი და კარგი დისკუსია ყველა იმ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, საქართველოსა და თურქეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ საქართვ ელოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თურქეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზეც ისაუბრეს.

„მოველით, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ თურქეთის პრეზიდენტს და ამაზე ვიმუშავებთ მეც და ჩემი თურქი კოლეგაც. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, რომელიც უნდა გვქონდეს რეგიონში. ორივე მივესალმებით სამმხრივ ფორმატში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობას. ასევე, უახლოეს მომავალში შევთანხმდით, რომ გვექნება შეხვედრა სამმხრივ ფორმატში. ამას უმასპინძლებს თურქეთის მხარე და ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაძლიერება და გამყარება სწორედ ამ ფორმატში რეგიონული თანამშრომლობის ინტერესებიდან გამომდინარე. იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომ სამ ქვეყანას შორის მტკიცე თანამშრომლობამ, სტრატეგიულმა პარტნიორობამ წვლილი უნდა შეიტანოს უფრო ფართოდ რეგიონის საკეთილდღეოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგოროც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თურქეთი ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე.

„ის ძალიან აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც გლობალურად ასევე მნიშვნელოვანია, იქნება ეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სირიის საკითხები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ახდენს გავლენას ჩვენს რეგიონზე და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თურქულ მხარესთან დიალოგი, თურქეთთან მუდმივი კომუნიკაცია და, ჩვენი ინტერესების შესაბამისად, სხვა პარტნიორებთან ურთიერთობები. კმაყოფილი ვარ, რომ თურქი კოლეგის მხრიდან არის ასევე გახსნილობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ურთიერთობა იყოს ბევრად უფრო მყარი, უფრო ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენ ერთად, ერთობლივი ძალებით, უფრო კარგად მოვახდინოთ რეგიონში საქართველოსა და თურქეთის ინტერესების პოზიციონირება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი ასევე აცხადებს, რომ საინტერესო შეხვედრა ჰქონდა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ესეც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის უმაღლეს დონეზე წარმართვის და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დასავლეთ საქართველოში სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეთა ორგანიზაციაც – “ახალგაზრდობა დავეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ჩაერთო

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო!

ორგანიზაციის მობილური ჯგუფი უკვე გაემგზავრა რეგიონში და იმერეთში, გურიასა და აჭარაში სამაშველო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.

ჯგუფს ხელმძღვანელობს “საქართველოს გენერალთა კლუბის” დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე, ხოლო მის შემადგენლობაში არიან: ლაშა ფუთურიძე, თეიმურაზ ანდღულაძე, დავით მახარეიშვილი, დიანა შანიძე და იმერეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაური – დავით ლანჩავა. სწორედ დავით ლანჩავას ინიციატივით, იმერეთში, ორგანიზაციის -” ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” მოხალისეების შემადგენლობიდან, 25-კაციანი სამაშველო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც უშუალოდ იმერეთში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული.

სამაშველო ოპერაციებში ჩართულნი არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

ინფორმაციისთვის: ბოლო დღეების განმავლობაში გადაუღებელმა თოვლმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებს.

გურიაში უხვი ნალექის გამო საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო სოფლების დიდი ნაწილი გარე-სამყაროს მოწყვეტილია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალებიც ჩაერთნენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობის დახმარებას თავის მთავარ მისიად მიიჩნევს და მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის ოპერაციებში მონაწილეობას!

განათლების სამინისტრო – სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში

სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ამასთან, სამინისტროს თანახმად, სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, აქტიურად არიან ჩართულნი დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლის პროცესში.

ამინდის გაუარესების დღიდან სამინისტრომ უზრუნველყო შიდა საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა – ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურ კოორდინაციაში არიან როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ დონეზე ყველა შესაბამის უწყებასთან.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით გაერთიანდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და შესაძლებლობების ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ მოსახლეობას.

ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები საჯარო სკოლებში.

ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო.

სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება“ – საპატრიარქო

ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება, – ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და ზოგადად ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.

ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები… ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვ.

ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.

P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსს“ თანადგომისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

,,ძალით პანიკის დათესვა კონტრპროდუქტიულია, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი თეორიულის დონეზე მაინც არის შესაძლებელი”- მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოხალისეებს მოუწოდებს – ნუ გამოიჩენენ თვითინიციატრივებს და იმოქმედონ საკოორდინაციო შტაბთან შეთანხმებით.

როგორც ოზურგეთში მყოფმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოხალისეების თვით ინიციატივები იწვევს დამატებით პრობლემებს. მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც დასახმარებლად წასულებს თავად დასჭირდათ დახმარება.

„მოხალისეობრივი თვითინიციატივები მორალურად არის ძალიან კარგი. თუმცა ხშირად, თვითინიციატივები, საკოორდინაციო შტაბის გარეშე მოქმედება იწვევს დამატებით პრობლემებს.

დღეს და გუშინ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები. ყველას ვთხოვ, ნუ ჩააგდებენ ამ მდგომარეობაში ჩვენს მაშველებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, თავდაცვის სამინისტრო წარმომადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში, როცა დამატებითი პრობლემა ხდება, ვიღაცა ამ დროს იმ რესურს კარგავს, რომ უფრო მალე მივიდეს მასთან ის ადამიანი, რომელსაც ეს ხელეწიფება. აქედან გამომდინარე, თუ კი შესაძლებელია ყველა ეს მოქმედება შევუთანხმოთ საკოორდინაციო შტაბს და იმოქმედონ მათი მითითებების შესაბამისად. იმიტომ, რომ აქ დალაგებულია შესაბამისი მენეჯმენტი.

ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა სოციალურ ქსელშიც ვრცელდება ინფორმაცია, მაგალითად, დღეს იყო ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო რეალობიდან და იმ შემთხვევაში რესურსი დაიხარჯა და არასწორი მიმართულებით. ანუ არარეალური ინფორმაცია, რაზეც რეაგირება, რომ არ მოახდინო შეიძლება, რაღაც დამღუპველი შედეგები გვქონდეს. გავიდა ჯგუფი, იწვალეს ძალიან დიდი ხანი და აღმოჩნდა ცრუ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ასეთი ცრუ ინფორმაციებისგან, ოღონდ ვიღაცამ პიარი გაიკეთოს თავი შევიკავოთ. არის რაღაცა მომენტები, როცა უნდა გაჩერდე ადამიანი და ყველაფერს უნდა დაანება თავი, პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, ყველაფერს უნდა დაანებო თავი თუნდაც რაღაცა მორალისტობის, რაღაც ნაძალადევი პლატფორმის შექმნას.

ყველას გთხოვთ, რომ მაქსიმალურად კოორდინაციაში, თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს, დიდი სიამოვნებით, მადლობა. ეს საჭიროება დიდად არ დგას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველაზე მიუვალ ადგილებშიც იყოს. მდგომარეობა ნამდვილად არ არის მარტივი. რიგ ადგილებში ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის ეს ყველაფერი და შევეცადოთ, რომ ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ მაქსიმალურად.

სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს აბსოლუტურად და ვცდილობთ, რომ არ დარჩეს რეაგირების გარეშე პრიორიტეტების მიხედვით, ადამიანზე მორგებული პრიორიტეტების მიხედვით, მის ჯანმრთელობაზე მორგებული პრიორიტეტების მიხედვით არცერთი ადგილი და ასეთი რეაგირება იქნება ყველა წამს და ყველა წუთს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ნიკა გვარამია – უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე

ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე – ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ხალხი ქუჩებში არის ცვლილებების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან – „ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია“.

„საქართველოში რთული ვითარებაა ძალიან. მთავარი, რაც ამ, სირთულეს ქმნის, ეს არის ხელისუფლების მიმტაცებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ვარ ძალიან ოპტიმისტურად, სანამ ვხედავ ბრძოლის ორიენტირს, სანამ ვიცი რა უნდა ვაკეთო რეჟიმის წინააღმდეგ. მეც და ყველა პოლიტიკოსი და თქვენც, ყველანი გავაკეთებთ იმას, რომ რეჟიმი შეიცვალოს. ვერ მოასწრებს კანონები ისე ამოქმედებას, რომ დახუროს ყველა NGO, დახუროს ყველა ტელევიზია და მოკლას ყველა პარტია. ვერ მოასწრებს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე დრო აღარ მუშაობს. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე. ხალხი ქუჩებში არის აუცილებელი წინაპირობა ცვლილებების, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა. უნდა ვიმუშაოთ ყველგან: ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია. ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ჩემთვის ძალიან გასაგებია, ზუსტად ვიცი სადამდე მივა, აგროვებს პოლიტპატიმრებს, ცუდ კანონებს და შემდეგ იტყვის, აი, ახლა პატიმრებსაც გამოვუშვებ, კანონებსაც გავაუქმებ და ოპოზიცია დაბრუნდეს პარლამენტში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. „შარლ მიშელ 2“ არ იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“უჩვეულო ნახტომი თეთრი სახლისაკენ – მილეი ზელენსკის მხარს აღარ უჭერს?”-უცხოური პრესა

არგენტინის გაზეთ „რეგინა-12“-ში (Regina-12) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: „უჩვეულო ნახტომი თეთრი სახლისაკენ: მილეი ზელენსკის მხარს აღარ უჭერს?“, რომელშიც განხილულია არგენტინა-უკრაინის ურთიერთობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილება – ბუენოს-აირესი, უკრაინის საკითხში, ვაშინგტონის პოზიციას მიემხრო.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ, რომელმაც არაერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა  უკრაინის მიმართ რუსეთთან ომის პირობებში და ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ინაუგურაციაზეც კი ჰყავდა მიწვეული ბუენოს-აირესში 2023 წლის დეკემბერში, მოულოდნელად მკვეთრად შეცვალა თავისი საერთაშორისო პოზიცია – მხარი არ დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რუსეთის ჯარების დაუყონებლივ გაყვანის მოთხოვნით უკრაინის ტერიტორიიდან. როგორც ჩანს, ჰავიერ მილეიმ უკვე დაივიწყა ის ხვევნა-კოცნაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლითაც სიხარული იქნა გამოხატული ერთმანეთთან „ძველი მეგობრების“ შეხვედრით დავოსშიც (შვეიცარია).

რა მოხდა გაეროში: „განხეთქილების რეზოლუცია“

პარტიის „თავისუფლება წინ“ (La Libertad Avanza) ლიდერის პოზიციის ცვლილება შემთხვევითი არ არის: მისი ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე სწორების მორიგ დემონსტრაციად უნდა ჩაითვალოს იმდენად, რამდენადაც ეს მოხდა სულ რაღაც ორიოდე დღის შემდეგ, როცა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაახლოების მხარდამჭერად გამოვიდა.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომლის პროექტი ევროპის რიგმა ქვეყნებმა შეიმუშავეს და რომელიც ადასტურებს „უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, მხარი დაუჭირა 98-მა სახელმწიფომ, 18 მოწინააღმდეგე იყო და 65-მა თავი შეიკავა.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თავის შეკავება გადაწყვიტეს რეზოლუციისათვის ხმის მიცემის დროს, არიან ხავიერ მილეისათვის საძულველი ბრაზილია, აგრეთვე ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, კუბა და კოლუმბია. ახლა მათ არგენტინაც დაემატა.

იყო ორი მეგობარი…

ბოლო დრომდე ხავიერ მილეისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, საჩუქრებსაც ჩუქნიდნენ (მაგალითად, არგენტინამ უკრაინას ორი ვერტმფრენი აჩუქა ხანძრების ჩასაქრობად) და ერთმანეთს ბევრ რაღაცას პირდებოდნენ. 2024 წლის შემოდგომაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაღალ დონეზე სეაფასა ულტრამემარჯვენე ლიბერტარიენლი ხავიერ მილეის მიერ გატარებული რეფორმები და მს მადლობა გადაუხადა რუსეთთან ომში მხარდაჭერისათვის. „ჩემი მეგობარი ხავიერი დაუღალავად მუშაობს არგენტინის მოდერნიზებისათვის და ქვეყანა მიჰყავს ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური პრობლემების გადაჭრისაკენ“, – აცხადებდა იმ დროს უკრაინის ლიდერი.

ხავიერ მილეი, თავის მხრივ, არაერთხელ გამოხატავდა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას: მაგალითად, იგი პირადად ჩავიდა შვეიცარიაში (ბიურგენშტოკში) გასულ წელს გამართულ „მსოფლიო დიპლომატიურ სამიტზე“ და მონაწილეებს მოუწოდა უკრაინასთან ვაჭრობა გაეფართოვებინათ, „ქვეყნის აყვავების მიზნით“.

„როგორც თავისუფლების იდეის ერთთგული დამცველები, ჩვენ უარვყოფთ ადამიანების ყოველგვარ ჩაგვრას, მათზე ზეწოლას, მაგრამ განსაკუთრებით უარვყოფთ ომს როგორც უკანონო მექანიზმს ხალხთა შორის კონფლიქტების დასარეგულირებლად“, – თქვა ხავიერ მილეიმ თავისი გამოსვლის დროს ბიურგენშტოკში გამართულ დიპლომატიურ სამიტზე, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მსოფლიოს 101 დელეგაციის წინაშე.

„და შენც, ბრუტუს[ხავიერ]?“

მაგრამ ახლა არგენტინის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, თავისი პოზიცია შეიცვალა უკრაინის ლიდერის მიმართ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თავის სოცქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი „დიქტატორად“ შერაცხა და განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე უკრაინაში და რომ მას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, თუმცა ეს ბრალდებები უკრაინელმა ლიდერმა კატეგორიულად უარყო.

ამრიგად, თეთრი სახლის რიტორიკის შესაბამისად, ულტრამემარჯვენე ხავიერ მილეიმ უჩვეულო ნახტომი განახორციელა აშშ-ის თეთრი სახლისაკენ, რაც მას იმ ქვეყნებთან აახლოებს, რომლებსაც იგი ცოტა ხნის წინათ კომუნისტურებს“ უწოდებდა: მან ზურგი აჩვენა ვოლოდიმირ ზელენსკის, როცა რუსეთის დაგმობისაგან თავი შეიკავა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

,,დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქაოსი შექმნა”-ავთანდილ წულაძე

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკვეთრმა დაახლოებამ რუსეთთან გამოიწვია საპასუხო ნაბიჯები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ომის მესამე წლისთავზე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ეწვივნენ კიევს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერმა აღნიშნა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობები, უთანხმოება ტრამპსა და მაკრონს შორის უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით დარჩა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ეწვევა ვაშინგტონს, რათა დაარწმუნოს ტრამპი არ შექმნას განხეთქილება ძველ და ახალ სამყაროებს შორის. სტარმერმა პარლამენტს განუცხადა რომ ურთიერთობა ამერიკასთან არის “ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ალიანსი” და პირობა დადო, რომ გააძლიერებს მას ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

https://edition.cnn.com/2025/02/25/uk/uk-defense-spending-increase-trump-intl/index.html

გერმანიაში ბოლო არჩევნების შემდეგ კანცლერის პოსტს CDU-ს პარტიის ლიდერი ფრიდრიხ მერცი დაიკავებს. მერცის პოზიცია განსხვავდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან. მერცი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროპის სტრატეგიული დამოუკიდებლობის მიღწევა შეერთებული შტატებისგან. გერმანია ასევე შეშფოთებულია ბირთვული უსაფრთხოებით. თუ აშშ გერმანიიდან ბირთვულ იარაღს გაიტანს, საფრანგეთს შეუძლია გერმანიისთვის “ბირთვული ფარი” უზრუნველყოს. გერმანიაში ფრანგული ბირთვული ბომბდამშენების განლაგება ჯერ კიდევ მხოლოდ განიხილება, მაგრამ დონალდ ტრამპის იზოლაციონისტური პოლიტიკა ასეთ სცენარს არ გამორიცხავს.

ამრიგად, ევროპის ქვეყნებს შორის იზრდება უთანხმოება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მოდელთან დაკავშირებით. ბრიტანეთი ცდილობს შეინარჩუნოს ალიანსი შეერთებულ შტატებთან, როგორც ევროპული უსაფრთხოების მთავარ გარანტთან.

გერმანიას, ახალი მთავრობის პირობებში, ევროპული უსაფრთხოების განმტკიცების კურსი თავად ევროპელების ძალისხმევით სურს.

საფრანგეთი ცდილობს დააბალანსოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შენარჩუნებასა და ევროპის სტრატეგიული დამოუკიდებლობის განმტკიცებას შორის.

ამას შეგვიძლია დავამატოთ, რომ პოლონეთი და იტალია იცავენ პროამერიკულ პოლიტიკას, ხოლო ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები ცდილობენ ომის ლოკალიზაციას და უკრაინის გამარჯვებამდე გაგრძელებას, რათა თავიდან აიცილონ სამხედრო შეტაკება რუსეთთან.

ჩინეთი ასევე შეშფოთებულია, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ალიანსის დამყარებას ცდილობს. ტრამპის ადმინისტრაცია არ მალავს, რომ მისი მიზანია რუსეთთან ალიანსის შექმნა ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის წინააღმდეგ. ამის შესახებ მიუნხენის კონფერენციაზე დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა უკრაინის ომის საკითხებში კეიტ კელოგმა დისკუსიის დროს ღიად ისაუბრა.

სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს კიევში მასპინძლობდა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს დაურეკა. ტელეარხი CNN-ი პუტინისა და სი ძინპინის საუბარს ჩინეთის დემონსტრირებად მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის ალიანსი ურყევი დარჩება. კერძოდ, ციტირებულია ჩინეთის ლიდერის სიტყვები ოფიციალური პრესრელიზიდან სატელეფონო საუბრის შესახებ: „ისტორია და რეალობა გვიჩვენებს, რომ ჩინეთი და რუსეთი არიან კარგი მეზობლები, რომელთა გაუცხოება შეუძლებელია“. სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ „საერთაშორისო სიტუაციის ცვლილებები“ გავლენას არ მოახდენს ჩინეთსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე.

https://edition.cnn.com/2025/02/24/china/china-xi-putin-call-trump-pivot-russia-intl-hnk/index.html

სი ძინპინის განცხადებები შეიძლება განიმარტოს არა მხოლოდ როგორც სიგნალი დონალდ ტრამპისთვის, არამედ როგორც გაფრთხილება ვლადიმერ პუტინისთვის. რუსეთს აშშ-ს სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 1% უკავია. ტრამპისთვის რუსეთთან ალიანსი ნაკარნახევია არა ეკონომიკური მოსაზრებებით, არამედ ჩინეთზე ერთობლივი ზეწოლის შექმნის მიზნით, რადგან ამერიკის მთავარი ეკონომიკური კონკურენტი ჩინეთია.

ამავდროულად, ჩინეთისთვის რუსეთი არის იაფი ნედლეულის წყარო და ჩინური საქონლის ბაზარი. ომით დასუსტებული რუსეთი იძულებულია დაუთმოს თავისი გეოპოლიტიკური პოზიციები ევრაზიაში ჩინეთს. ჩინეთი სარგებლობს უკრაინაში გაჭიანურებული ომით, რათა გადაჭრას თავისი სტრატეგიული ამოცანები და გააძლიეროს საერთაშორისო პოზიციები. ჩინეთს აქვს რუსეთზე ზეწოლის ეფექტური ბერკეტები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი ბევრად უფრო სწრაფად მოახდინონ, ვიდრე დასავლური სანქციები.

დონალდ ტრამპი აკეთებს განცხადებებს, რომლებმაც შოკში ჩააგდეს ევროპელები, რათა დაარწმუნოს ვლადიმერ პუტინი, რომ შეერთებულ შტატებთან მეგობრობა უფრო მომგებიანია რუსეთისთვის, ვიდრე ალიანსი ჩინეთთან. ტრამპი მზად არის გააუქმოს რუსეთის ეკონომიკისთვის მტკივნეული სანქციები და ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს რუსეთის მიმართ. ტრამპის წინადადებები გამოიყურება ძალიან გულუხვი და დროული, რადგან რუსეთის ეკონომიკა მზარდი პრობლემების წინაშე დგას ომის მაღალი ხარჯებისა და სანქციებით შეზღუდვის გამო. მაგრამ ჩინეთისთვის ზურგის შექცევა პუტინისთვის ძალიან სახიფათოა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პუტინი დააბალანსებს აშშ-სა და ჩინეთს შორის, რაც აჭიანურებს მოლაპარაკებების პროცესს. მაშინაც კი, თუ ტრამპი მოახერხებს დროებითი ცეცხლის შეწყვეტას ფრონტზე, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას კი შეიძლება წლები დასჭირდეს. ტრამპმა მოახერხა განხეთქილების დათესვა არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს შორის, არამედ ავტორიტარული სახელმწიფოების ბანაკში, რომელსაც ჩინეთი მეთაურობს. ეს გამოიწვევს საერთაშორისო დაძაბულობის გაზრდას და ახალი კონფლიქტების გაჩენას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დონალდ ტრამპი მოელის, რომ შეერთებული შტატები ამ ქაოსიდან გამარჯვებული გამოვა.

ავტ: ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

NED-ს ფინანსებზე წვდომა შეეზღუდა. ორგანიზაციამ პროგრამების განხორციელება მთელ მსოფლიოში შეაჩერა

ამერიკის „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაციას კონგრესის მიერ გამოყოფილ ფინანსებზე წვდომა შეეზღუდა, რის გამოც ის იძულებულია შეაჩეროს პროგრამების განხორციელება მთელ მსოფლიოში.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ მოცემულ მომენტში ვერ ახერხებს წვდომას კონგრესის მიერ გამოყოფილ ფონდებზე, რომლითაც თითქმის ყველა გრანტი და ოპერაცია ხორციელდება. შედეგად, ორგანიზაციის 40-წლიანი მოღვაწეობის ისტორიაში პირველად მან საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა და იძულებული გახდა შეეჩერებინა თითქმის 2 ათასი პარტნიორის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში“.

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ფონდის 95% კონგრესის მიერ ფინანსდება და საგარეო დახმარებად არ ითვლება. შესაბამისად, მასზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანება 90 დღით საგარეო დახმარების შეჩერების შესახებ არ უნდა ვრცელდებოდეს.

ამის მიუხედავად, როგორც NED-ში განმარტეს, ფინანსურ სახსრებთან წვდომა მიზეზების დასახელების გარეშე შეეზღუდათ, რამაც ორგანიზაცია იძულებული გახადა შეეწყვიტა პარტნიორული მხარდაჭერა და საკუთარი თანამშრომლების უმეტესობა დაეთხოვა.