Home Blog Page 280

“ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში” – ირაკლი კობახიძე

ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციების საკითხებზე გვიწევს საუბარი. საქართველო ალიანსის უახლოესი და ერთგული პარტნიორია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი მიუხედავად შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა“, – განაცხადა კობახიძემ.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 12 ივნისს, თბილისში ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს და იმ მოტივით რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, ანგარებით მკვლელობის მიზნით დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანგარების მოტივით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, ნიკა მელიას ჯგუფი, „ლელო“ – ესენი არიან პოლიტიკური აქტორები, ვისთანაც შეკითხვები არ მაქვს და სიამოვნებით ვიქნებოდი მათთან ერთობაში” – ნიკა გვარამია

„გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, ნიკა მელიას ჯგუფი, „ლელო“ – ესენი არიან პოლიტიკური აქტორები, ვისთანაც შეკითხვები არ მაქვს და სიამოვნებით ვიქნებოდი მათთან ერთობაში – გახარიასთან არსებობს შეკითხვა – არის თუ არა ის ივანიშვილის თამაშში,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

გახარიასთან დაკავშირებით გვარამია აღნიშნავს, რომ ის “დალაპარკებადია”, თუმცა, თუ თავად სხვაგვარად ფიქრობენ, ეს მათი არჩევანია. ამასთან, გვარამიას თქმით, ის არ იცნობს „ისეთ მათემატიკას“, რომლითაც გახარიას გუნდი მარტო შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას.

„როცა ჟურნალისტი გეკითხება, დალაპარაკებადია თუ არა გახარია, მე ვეუბნები ჩემს პოზიციას, ჩემთვის დალაპარაკებადი გახარია არის, მისი პარტიაც. თუ თვითონ ჰგონიათ, რომ დალაპარაკებადი არავინ არის ერთმანეთის გარდა, მათი არჩევანია, წარმატებას ვუსურვებ, ეტყობა იციან რაღაც გზები საუბრის გარეშე, როგორ მიარწიონ წარმატებას ან რაიმე მათემატიკაა ისეთი, რომლითაც კოალიცია არ დასჭირდებათ და მარტო მოვლენ ხელისუფლებაში. მე ასეთ მათემატიკას არ ვიცნობ. ვნახოთ, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ დიდად არ მჯერა ამ წარმატების,”- განაცხადა გვარამიამ.

კითხვაზე, პოლიტიკური აქტორები, ვისთანაც ის ამ ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობს, არის თუ არა „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, ნიკა მელიას ჯგუფი, გვარამია პასუხობს, რომ ეს ხალხი, ასევე „ლელო“ არიან ის პოლიტიკური აქტორები, ვისთანაც შეკითხვები არ აქვს და სიამოვნებით იქნებოდა მათთან ერთობაში.

„ჰო, (ასევე) „ლელო“… ეს არის ხალხი, ვინც არის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორები პროდასავლურ ფლანგზე და ვისთანაც შეკითხვები არ მაქვს მე პირადად. ამიტომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მათთან ერთად ერთობაში. თუ ისინი იმავენაირად მიყურებენ მე, გადაწყვეტილებას მივიღებთ. თუ არა, არც ეგ არის ტრაგედია, არჩევნების შემდეგ დავილაპარაკებთ. გახარია არ იქნება როგორც ჩანს, არც ერთ სალაპარაკო ფორმატში და წარმატებას ვუსურვებ, ეტყობა იცის, რომ ბევრი პროცენტის აღება შეუძლია დამოუკიდებლად. არ ვიცი რას ეფუძნება ეს ხედვა,“- განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, გახარიასთან დაკავშირებით, გვარამია აღნიშნავს, რომ მასთან გარკვეული შეკითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ის ივანიშვილის თამაშში.

„შეკითხვები ბუნებრივია, არსებობს, ისევე როგორც დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მას აქვს შეკითხვები, მე „ნაცმოძრაობის“ დანამატი ვარ თუ არა, დასვან ეს შეკითხვები. მე შემიძლია ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი. გახარიასთან დაკავშირებით, ცხადია, არსებობს შეკითხვა – ის ბიძინა ივანიშვილის თამაშში არის თუ არა. მე მასთან ურთიერთობა არ მინდა ავაგო წინასწარი განწყობით ნეგატივზე და კონსპირაციაზე, ამას არ ვაპირებ, მაგრამ თუ თვითონ აპირებს ამ ტიპის ურთიერთობას – ურთიერთობა ორმხრივია, ცალმხრივი ვერ იქნება,“- განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ადამიანების რიცხვი, ვისთანაც ახლა თანამშრომლობს, გაიზარდა, თუმცა, ელიან როგორ გადაწყდება ერთიანობის საკითხი.

„ჩვენ ამ წუთში პერსონალური განცხადებებისთვის მზად არ ვართ, რადგან ველოდებით, როგორ გადაწყდება ერთობის საკითხი. ძალიან სენსიტიური საკითხია, ამიტომ არ მინდა ეს საკითხი დავაზიანო, მირჩევნია უფრო მოზომილი ვიყო ჩემს განცხადებებში. ამიტომ ვგულშემატკივრობ ერთიანობას, მაგრამ ვმუშაობთ ჩვენი მიმართულებითაც,“- განაცხადა გვარამიამ.

“მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა, დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია” – ასოცირების საბჭო

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული პარტიათაშორისი თანამშრომლობა, დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა, შეაფერხოს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგი, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ასოცირების საბჭომ შეაქო საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა პოლიტიკის შემუშავების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, არსებითი, სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან, ანტიევროპულ რიტორიკასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლის მნიშვნელობას, ასევე მოუწოდა საქართველოს, გადადგას არსებითი ნაბიჯები ამ კუთხით. ამავე დროს აღნიშნა მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6501 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6501 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6501 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6467 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8618 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8600 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.

“სანქციებს ვუწესებთ ციხის მაღალჩინოსნებს, სადაც ალექსეი ნავალნიმ პატიმრობის ბოლო თვეები გაატარა” – დევიდ ქემერონი

დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. სანქცირებულთა სიაში არის ექვსი პირი, რომელთაც დიდ ბრიტანეთში ვიზიტიც ეკრძალებათ.

„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი რუსული სისტემის მჩაგვრელ ბუნებაში, სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ ციხის მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის პატიმრობაზე იმ კოლონიაში, სადაც მან გაატარა ბოლო თვეები. ნავალნის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია – ჩვენ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე ითხოვს ალექსე ნავალნის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემას მისი ოჯახისთვის, ამასთან გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას.

“ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს” – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ტვიტერზე წერს.

როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე.

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე”, – აღნიშნავს რობერტა მეცოლა.

“ყველა ჩვენი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება 9 დათქმა” – თინა ბოკუჩავა

ყველა ჩვენი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის 9 დათქმა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის, ასევე ნატო-ში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, 9 დათქმა აქტუალურია ნატო-ში ინტეგრაციისთვისაც.

„ყველა საქართველოს დასავლელი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის 9 დათქმა, რომელიც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. ეს 9 დათქმა ისეთივე აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, როგორც ნატო-ში ინტეგრაციისთვის, რადგან ნატო არის არა მხოლოდ თავდაცვითი სამხედრო ალიანსი, არამედ ეს არის ღირებულებების ალიანსი. შესაბამისად, დემოკრატიული განვითარება ჩვენს ქვეყანაში ისეთივე რელევანტური და მნიშვნელოვანია ნატო-ში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“იდეები და მოსაზრებები, რომლებსაც „ლელოსგან“ ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის”

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარტია „ლელოს“ 1000-ლარიანი პენსიის დაპირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს იდეა ემსახურება საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

ხუციშვილის თქმით, ფაქტობრივად არ დარჩა არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ერთხმად არ აღნიშნა, რომ „ლელოს“ განცხადებები არარეალურია.

„ალბათ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება მოხდეს პოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში. ფაქტობრივად არ დარჩა არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ერთხმად არ აღნიშნა, რომ ეს არის არარეალური და არ ეყრდნობა არანაირ გათვლებს. ბუნებრივია, ეს ემსახურება ერთადერთს, შეცდომაში იქნას შეყვანილი საქართველოს მოსახლეობა და პარტიამ გარკვეული დივიდენდები მიიღოს. დაახლოებით ექვსი მილიარდია დამატებით საჭირო ამ პროგრამის განსახორციელებლად. ის იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის. ამ ნაწილში მთლიანი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ეს იდეები არც სწორია და მათემატიკურადაც შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ცხრაპროცენტიანი ეკონომიკური ზრდით, 100 პროცენტს ოთხ წელიწადში ვერ მიიღებ. ეს მაქსიმუმ მე-5, მე-6 კლასის მათემატიკის საკითხია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

“ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში” – ასოცირების საბჭო

ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში, – ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, მნიშვნელოვანი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.

„ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში, როგორც ეს აღნიშნულია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში საქართველოს შესახებ. აღინიშნა, რომ ამ კუთხით საკვანძო ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი იყო, რომელსაც მხარს საქართველოს მოსახლეობა, მთავრობა და ფართო პოლიტიკური სპექტრი უჭერს. ევროკავშირმა საქართველოში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდა კონსტრუქციული მრავალპარტიული თანამშრომლობისა და დიალოგის დემონსტრირებისკენ, პოლარიზაციის დაძლევისა და ისეთი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებენ პოლიტიკურ დაძაბულობას და შეაფერხებენ ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას. ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, მნიშვნელოვანი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.

ხაზი გაუსვა რა დეზინფორმაციის, ანტი-ევროპული რიტორიკისა და გარე ძალების მიერ საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამავდროულად, მხედველობაში მიიღო მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევა.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით, ყველა სასამართლო, პროკურატურის, ანტიკორუფციული და მონეტარული ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” – ასოცირების საბჭო

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და დაადასტურა მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მოგვარების და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი, მათ შორის მომავალი მე-60 რაუნდისადმი, რომელიც სრულყოფილად მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან (IPRMs) ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით.

„ევროკავშირმა და საქართველომ შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ინტეგრაციისკენ, რაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საბჭომ დაგმო საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების მიერ საქართველოს სამოქალაქო პირის, თამაზ გინტურის, მკვლელობა. ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დარღვევებისა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გამო.

ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ დაადასტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის ვალდებულება.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლს და, მანდატის შესაბამისად, მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას.

ასოცირების საბჭომ კვლავ აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება, რომლებმაც დაადასტურეს რუსეთის, როგორც საქართველოს რეგიონებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერის გაძლიერებისა და ნდობის აღდგენის ზომების გაზრდის მნიშვნელობა, ასევე დაადასტურა შერიგებისა და ჩართულობისკენ მიმართული ძალისხმევისადმი მხარდაჭერა”, – აღნიშნულია პრესრელიზში.

“ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს”

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში „Roam like at Home“ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საბჭო ასევე მიესალმა ევროკავშირის მზაობას, მიიღოს გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმებაში შესაბამისი კანონმდებლობის დამატების მიზნით ცვლილებების შეტანის შესახებ.

„ასოცირების საბჭომ მადლიერება გამოხატა „ერასმუს პლუს“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში საქართველოს ძლიერ ჩართულობასთან დაკავშირებით.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ძალისხმევას სამოქალაქო დაცვის სისტემისა და შესაძლებლობების მოდერნიზების კუთხით და გამოხატა მოლოდინი, რომ საქართველო შეასრულებს საბჭოს სხდომის ფარგლებში გაზიარებულ გზამკვლევ დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა და მისი მედეგობაზე ორიენტირებული ჩარჩო კვლავ აქტუალურია და გააგრძელებს ფუნქციონირებას გაფართოების პროცესზე დამატებით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით 2024 წელს კონკრეტული შედეგების მიღწევის მნიშვნელობას.

შეხვედრას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარეიმ“, – აღნიშნულია ერთობლივ პრესრელიზში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.