Home Blog Page 28

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. თუ დაოჯახებული არ ხართ, შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, გარშემო მყოფებს საინტერესო იდეები ან გეგმები გაუზიარეთ და შესაძლოა, ვინმემ ახალი, არანაკლებ საინტერესო იდეა მოგაწოდოთ.

კურო

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ რთული საკითხების გადაჭრაში სიმტკიცეს და პრინციპულობას გამოიჩენთ, შეიძლება გავლენიანმა ადამიანებმა შეგამჩნიონ და მოგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზონ. ამ დღეს მაღაზიებში შესვლას უნდა მოერიდოთ – იმპულსურად შეძენილი, ძვირად ღირებული ნივთები იმედს სწრაფად გაგიცრუებთ.

ტყუპები

დილიდან ბევრ ახალ ინფორმაციას მიიღებთ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი თავი და ემოციები აკონტროლოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოთ. გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და ყველა შესაძლებლობით ისარგებლეთ, რომელსაც შემოგთავაზებენ. ნუ გადადებთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, გამოყავით დრო ძველი ნივთების მოსაშორებლად და მოიკითხეთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ყურადღებას იმსახურებენ.

კირჩხიბი

ამ დღემ წარმატებით რომ ჩაიაროს, მოქმედების მკაფიო გეგმა შეადგინეთ და უსარგებლო საქმეებში დროს ნუ დაკარგავთ. მშვენიერი დროა ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის. გირჩევთ სხვების რჩევებს ნაკლები უსმინოთ – ეს ზიანს მეტს მოგიტანთ, ვიდრე სიკეთეს. არსებობს ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრის შანსი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. შესაძლოა, მიიღოთ საჩუქარი, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ.

ლომი

გირჩევთ, შექმნილი ვითარება გააანალიზოთ, პრიორიტეტები დაისახოთ და თავდაპირველ გეგმებში საჭირო ცვლილებები შეიტანოთ. ხელმძღვანელობის წინადადებებს და კოლეგების მოსაზრებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეძლოთ. ინტუიცია და შორსმჭვრეტელობა შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე, რაოდენ უმნიშვნელოც არ უნდა იყოს.

ქალწული

თქვენი ამჟამინდელი ამოცანები გადახედვას საჭიროებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კონტაქტები შეზღუდოთ, განმარტოვდეთ და იმაზე იფიქროთ, რაც უახლოეს ხანებში უნდა განახორციელოთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ. თამამად იმოქმედეთ – თანდაყოლილი დიპლომატიურობა და პიროვნული მომხიბვლელობა ყველანაირი კონფლიქტის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად ითვისებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმიანი კავშირების, კლიენტების ან ბიზნესპარტნიორების მოსაძებნად. ნუ გადაიღლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. შეეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და ნაკლოვანებების გამოსწორებაზე იმუშაოთ. დღის მეორე ნახევარი აქტიურ ოჯახურ დასვენებას და სპორტს დაუთმეთ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა.

მორიელი

ამ დღეს ბედი უამრავ მინიშნებას გიგზავნით, ამიტომ გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და ეცადეთ, ამოიკითხოთ. თუ შესაძლებელია, ხანგრძლივ მოგზაურობას მოერიდეთ და საჭესთან არ დაჯდეთ. 8 იანვარს ახალი ნაცნობობა თუ შეხვედრები იმედებს გაგიცრუებთ, ამიტომ ჯობია, კონტაქტები შეზღუდოთ და უცნობ ადამიანებს არ ენდოთ. დღეს მიეცით თავს დასვენების უფლება. გაერთეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ან გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

მშვილდოსანი

ცოტა ხნით სამსახურისა და პრობლემების შესახებ დაივიწყეთ და ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანეთ – ეს დღე ხელსაყრელია შვებულების დაწყებისა და მოგზაურობისთვის. განზე ნუ დადგებით და ნუ დაელოდებით, რომ ვინმეს გაახსენდებით. უმნიშვნელო როლების თამაში თქვენი საქმე არ არის, ამიტომ ინიციატივა გამოიჩინეთ და მიიღეთ ის, რაც გეკუთვნით.

თხის რქა

თხის რქებისთვის ეს რთული, ემოციურად დაძაბული დღეა. სირთულეები არ გაშინებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი ბუნება უამრავი პრობლემის გადაჭრაში და დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებისა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

მერწყული

მოზღვავებული ენერგია და ოპტიმიზმი საშუალებას გაძლევთ მიზანს ადვილად მიაღწიოთ. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, არც ჯანმრთელობა დაივიწყოთ და ხშირად დაისვენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალები სწრაფად ამოიწურება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ნურავის მისცემთ დაპირებას, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. გამორიცხული არაა ფინანსური წარმატება, რაც მოგებასთან ან წარმატებულ შენაძენთან იქნება დაკავშირებული.

თევზები

მოემზადეთ რთული და მოვლენებით დატვირთული დღისთვის. ეცადეთ, სიმტკიცე გამოიჩინოთ და გადაწყვეტილებები არ შეცვალოთ. თუ ეს შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დღისთვის გადადეთ. ამ დღეს ემოციების შეკავება და სწორი სიტყვების პოვნა გაგიჭირდებათ. დაძაბულმა მუშაობამ და დაღლილობამ შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოთ და გაგანერვიულოთ.

ჩვენს თანამემამულეებს ახლა უკვე ნათლად ესმით, რასაც ყოველთვის ვამბობდით, რომ არც სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი არ ყოფილან საქართველოს სამსახურში -შალვა პაპუაშვილი

ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მაკკეინის ინსტიტუტში, აშშ-ში სტიპენდია შესთავაზეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი წერს, რომ თითქმის 12 წლის წინ მსგავსი ჟესტი იყო სხვა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც ტაფტსის უნივერსიტეტში.

„ორივემ სიამოვნებით მიიღო შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საქართველოს ერთგულება დაიფიცეს, სააკაშვილი შემდგომში უკრაინის მოქალაქე გახდა და ზურაბიშვილიც, სავარაუდოდ, მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდება.

ჩვენს თანამემამულეებს ახლა უკვე ნათლად ესმით, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არცერთი მათგანი არ ყოფილა საქართველოს სამსახურში და ორივე დაუბრუნდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მათ ასაქმებდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ვნახეთ ძალიან ინტენსიური საშინაო თუ საგარეო აქტორების შეტევა პია კაუმაზე და მანაც კარგად დაინახა, თუ რასთან გვაქვს საქმე – მაკა ბოჭორიშვილი

ვნახეთ ძალიან ინტენსიური საშინაო თუ საგარეო აქტორების შეტევა პია კაუმაზე და მანაც კარგად დაინახა, თუ რასთან გვაქვს საქმე, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„მოულოდნელი არ ყოფილა, ისიც ერთგვარად მზად იყო ამისთვის, თუმცა ალბათ ამ დოზით და ამ დონის კოორდინაცია საშინაო და საგარეო აქტორებს შორის, როდესაც საქართველოს საკითხს ეხება, ალბათ მაინც არ იყო მისთვის გათვლადი და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოაჩინეს ქალბატონი პია კაუმა.

მას სურვილი ჰონდა შეხვედრები გაემართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რის საფუძველზეც ჩვენ უფრო კარგი სურათი გვექნებოდა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე, რაც არის გაცემული არჩევნების შემდეგ გამოცემულ ანგარიშში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას, – განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ.

საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა – მაკა ბოჭორიშვილი მაკრონის განცხადებაზე

საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინფორმაციების საფუძველზე იქმნება არასწორი აღქმები.

„საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ესეც ალბათ მან უნდა იცოდეს. თუ არ იცის, ეს ალბათ საფრანგეთის ელჩს უნდა ვკითხოთ რამდენად სწორად ახდენს ინფორმირებას საკუთარი ხელისუფლების საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინფორმაციების საფუძველზე იქმნება არასწორი აღქმები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი იყო ჩარეული.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით უსამძიმრებს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებს.

„ღრმად დამწუხრებული ვართ ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები დაშავებულებთანაა და ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ მძიმე დროს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას – შალვა პაპუაშვილი კაუმას განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ინტერვიუს „რადიო თავისუფლებისთან, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

კერძოდ, პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც პია კაუმა აცხადებს, რომ გარედან არავინ უნდა თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა, ვინაიდან, ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებს.


„„მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას“, – აუხსნა უცხო ქვეყნის ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას შესაბამისი პასუხი მოჰყვება – ისრაელ კაცი

დასავლეთ სანაპიროზე გუშინ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას შესაბამისი პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა შემთხვევის ადგილზე ვიზიტისას განაცხადა.

„ეს უღირსი, სასიკვდილო ტერორისტული თავდასხმა, რომელიც გუშინ აქ მოხდა, რეალურად ომის აქტს წარმოადგენს და მას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ცნობისთვის, გუშინ დასავლეთ სანაპიროზე, სოფელ ალ-ფუნდუქთან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა და 8 დაშავდა. დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ.

„მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა – ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები: „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, „მეფე ლირი“ გაუქმდა. მიზეზი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში ყოფნაა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ, 8, 9, 20, 21/01 „მე გადმოვცურავ ზღვას”; 13 / 01 ” ალუბლის ბაღი”; 22 /01 „მეფე ლირი” გაუქმდა.

ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე TKT.GE ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი ) გილოცავთ შობას. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციამ ზუსტად ის „რუსული შობა“ იზეიმა, რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ უარყოფდა – შალვა პაპუაშვილი

წინა შობას მე დავწერე ასეთივე პოსტი, რათა მემხილებინა ცილისმწამებლური კამპანია ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მიმართ ფსევდოლიბერალური რადიკალების მხრიდან და გაგიკვირდებათ, მაგრამ წელს ქართულმა ოპოზიციამ, სასწაულებრივი გარდაქმნის აქტის შემდეგ, ზუსტად ის „რუსული შობა“ იზეიმა, რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ უარყოფდა, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„წინა შობას მე დავწერე ასეთივე პოსტი რათა მემხილებინა ცილისმწამებლური კამპანია ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მიმართ ფსევდოლიბერალური რადიკალების მხრიდან. აი ამონარიდი: „ეკლესიაზე თავდასხმის მიზანი არის 7 იანვრის თარიღის კომპრომეტირება, როდესაც შობა აღინიშნება (ანუ 25 დეკემბერს იულიუსის კალენდრით, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია მიჰყვება). ოპოზიციამ გამოიყენა ეს სუფთა კანონიკური საკითხი, რომელიც კალენდრების სხვაობას ეხება და უწოდა დღესასწაულს „რუსული შობა“. თქვენ შეიძლება გაოცებულები დარჩეთ, მაგრამ ამ წელს ქართულმა ოპოზიციამ, სასწაულებრივი გარდაქმნის აქტის შემდეგ, ზუსტად ის „რუსული შობა“ იზეიმა, რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ უარყოფდა“, – წერს პაპუაშვილი.

უკრაინამ 400 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა და ომის კიდევ ერთი წელი, შესაძლოა, ვერ გადაიტანოს -The Washington Post

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება, კრიტიკულ წერტილს მიუახლოვდა, და უკრაინა ომის წაგების წინაშე აღმოჩნდა. სტატიას ამ შინაარსით The Washington Post-ი ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მტკიცებით, შემდეგ რამდენიმე კვირაში გამოჩნდება, შეძლებს თუ არა უკრაინა არსებობას, როგორც სუვერენული სახელმწიფო საკუთარ საზღვრებში.

The Washington Post-ის სტატიაში აღინიშნება, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე აკონტროლებს და ყოველ დღე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიიწევს წინ, განსაკუთრებით პოკროვსკისა და კურახოვოს რაიონებში.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, რომლებმაც გასული წლის აგვისტოში რუსეთის კურსკის ოლქი დაიკავეს, დაკავებული ტერიტორიების 40% უკვე დაკარგეს. ისინი ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე დგანან.

„უკრაინა აგრეთვე საკუთარ ჯარისკაცებს ისეთი სისწრაფით კარგავს, რომ ეს მას ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობას აცლის. ოფიციალური დანაკარგი 400 ათასს მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს, თუმცა ეს ციფრიც ძალიან შეკვეცილია“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის წინა ხაზიდან გარბის.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა დამანგრეველი ომის კიდევ ერთ წელს გაუძლოს. მაგრამ მოლაპარაკებების გზით პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში გამოვლენილი სიჩქარე, შესაძლოა, კონფლიქტის ცუდ დარეგულირებამდე მივიდეს, რაც პუტინისთვის წართმეული ტერიტორიებისთვის ჯილდო იქნება და მას ახალი შეტევის დაწყების გარანტიას მისცემს, როგორც კი მას დაქანცული არსენალის აღდგენის საშუალება მიეცემა“, – აღნიშნავს The Washington Post-ი.

ამასთან ერთად, ომის სასწორის პინაზე ნატოსა და აშშ-სადმი ნდობის საკითხი დევს. კონფლიქტის ცუდი დარეგულირების შემთხვევაში, უკრაინელები მთელ ჯავრს დასავლელ პარტნიორებზე იყრიან და მათ ღალატში დაადანაშაულებენ.

 ყველამ თავის თვალში დაინახოს ბეწვი, სხვის თვალში დირეს ძებნის მაგივრად -ირაკლი ქადაგიშვილი

სამწუხაროა, როდესაც ისეთი დიდი ქვეყნის, როგორიც საფრანგეთია, პრეზიდენტი არაკომპეტენტურია. სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა და ამიტომ, ვერავითარ ჩაყრაზე აქ ვერ იქნება საუბარი, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შეფასებისას.

„როდესაც ასეთ არაკომპეტენტურ ინფორმაციაზე ან არაკომპეტენტურ ანალიზზე ეყრდნობა რაიმე განცხადება, ეს განცხადება ფასს კარგავს. კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ ყველამ თავის თვალში დაინახოს ბეწვი, სხვის თვალში დირეს ძებნის მაგივრად“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი იყო ჩარეული.

 საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ წარმატებით დაიცვა შობის დღესასწაული ფსევდოლიბერალების თავდასხმისგან და საბოლოოდ, ისინი აიძულა, დღესასწაული თავადაც ეღიარებინათ -ირაკლი კობახიძე

შარშან, შობა დღეს, როდესაც ფსევდოლიბერალები 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს დაესხნენ თავს, მე მათ ვუსურვე, ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ. მიხარია, რომ ჩემი ნატვრა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახდა, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ფსევდოლიბერალებს 7 იანვარს შობის აღნიშვნის წინააღმდეგ წელს სიტყვა არ დასცდენიათ და დღესასწაულისთვის, შარშანდელისგან განსხვავებით, არც „რუსული შობა“ უწოდებიათ.

„შარშან, შობა დღეს, როდესაც ფსევდოლიბერალები 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს დაესხნენ თავს, მე მათ ვუსურვე, ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ. მიხარია, რომ ჩემი ნატვრა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახდა.

ფსევდოლიბერალებს 7 იანვარს შობის აღნიშვნის წინააღმდეგ წელს სიტყვაც არ დასცდენიათ და დღესასწაულისთვის, შარშანდელისგან განსხვავებით, არც „რუსული შობა“ უწოდებიათ. მეტიც, 7 იანვარს მათ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლების მსგავსად, შობა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გალობითაც კი აღნიშნეს”, – წერს პრემიერი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ყველგან და ყველაფერში გახლეჩილი იყოს და მას არაფერი აერთიანებდეს.

„ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ყველგან და ყველაფერში გახლეჩილი იყოს და მას არაფერი აერთიანებდეს. არ უნდა გვაერთიანებდეს არც მწუხარება და არც სიხარული, არც 8 აგვისტო და არც 7 იანვარი. ზუსტად ამ მიზნით ავალებდნენ გასულ წლებში ლიბერალებს, 7 იანვარს შობის აღნიშვნა კოორდინირებულად დაეგმოთ და დღესასწაულისთვის „რუსული შობა“ ეწოდებინათ. ბუნებრივია, დღესასწაულზე თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმასაც ნიშნავდა და შესაბამისად, ეს ყველაფერი ეკლესიის იმიჯის დაზიანებასაც ისახავდა თანმდევ მიზნად.

თუმცა, წელს ფსევდოლიბერალებს განსხვავებული დავალება ჩამოუვიდათ, რადგან პოლიტიკურმა დღის წესრიგმა, ფსევდოლიბერალებისკენ ფართო საზოგადოების გულის მოსაბრუნებლად, მათი მოჩვენებითი „მოქცევა“ მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფსევდოლიბერალების ეს ყალბი ფერისცვალება მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი და ამდენად, სრულიად ყალბი და მოჩვენებითია, ის მაინც საზოგადოების ჯანსაღი უმრავლესობის გამარჯვებად უნდა შეფასდეს. საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ წარმატებით დაიცვა შობის დღესასწაული ფსევდოლიბერალების თავდასხმისგან და საბოლოოდ, ისინი აიძულა, დღესასწაული თავადაც ეღიარებინათ.

ზუსტად ასევე, თუნდაც მოჩვენებითად და პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახით, ფსევდოლიბერალები უნდა ვაიძულოთ, საჯაროდ დაგმონ ლგბტ-პროპაგანდა და ე.წ. პრაიდი და მოიწონონ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

ფსევდოლიბერალებს 2025 წლის შობა დღესაც ვუსურვებ, ჭეშმარიტებას ეზიარონ, ოღონდ ახლა უკვე არა მოჩვენებითად და ფარისევლურად, არამედ მთელი გულით და შეგნებით!

საქართველოს მთავრობა თითოეული მათგანის მოქცევას სიყვარულით შეხვდება და უპასუხებს!“, – აღნიშნავს პრემიერი.