Home Blog Page 28

დონალდ ტრამპს ევროკავშირის განადგურება და თავისი წარმოსახვის მიხედვით აღდგენა სურს -“პოლიტიკო”

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროკავშირის განადგურება და მისი გადაწყობა სურს ისე, რომ დიდ როლს ეროვნული ხელისუფლებები თამაშობდნენ და არა ევროპული ინსტიტუტები. სტატიას ამ შინაარსით Politico აქვეყნებს.

„დონალდ ტრამპი წარუმატებლად ეძებდა ევროკავშირის ჯავშანში ხვრელებს, მან პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სავაჭრო ომს მიმართა, მაგრამ ახლა უფრო მოწყვლადი წერტილი იპოვა – კრიზისი უსაფრთხოების სფეროში, რომელიც თავად შექმნა უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებით, რამაც 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში პოტენციური კონფლიქტები გამოააშკარავა“, – წერენ სტატიის ავტორები.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე მხოლოდ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი და უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარე, ვიქტორ ორბანი იყვნენ დაპატიჟებული. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ენთუზიაზმის გარეშე ურთიერთობენ ევროპულ ინსტიტუტებთან, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის შეხვედრა გაუქმდა, როცა ის უკვე ვაშინგტონში იყო ჩასული.

„სიგნალი ნათელია – ტრამპს ევროკავშირის გათიშვა და „დაყავი და იბატონე“-ს პრინციპით ეროვნულ ლიდერებთან პოლიტიკის წარმართვა სურს. ეს შეუძლებელი იყო მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, როცა ევროპა მის წინააღმდეგ გაერთიანდა. ხოლო ახლა აზრთა სხვაობა უკრაინაში ომთან დაკავშირებით ბლოკის ერთობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის“, – აღნიშნულია Politico-ს სტატიაში.

ამ ფონზე წინა პლანზე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი გადმოვიდნენ, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკის ცვლილების საპასუხოდ ახალ, საერთო ევროპულ მიდგომას ეძებენ. ამავდროულად, როგორც სტატიაშია აღწერილი, ევროკავშირი საკმაოდ დაქსაქსული და არასაკმარისად საზრიანია იმისათვის, რათა უპასუხოს მასშტაბურ შეტევას, რომელსაც ტრამპი ახორციელებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7830 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7858 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9783 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0259 ლარი შეადგინა.

გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოც პატიმრობით შეეცვალა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

დღეს, გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა მეორედ შეეფარდა და ახლა უკვე მას მის წინააღმდეგ წარმოებულ სამივე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, ბაჩიაშვილმა არამხოლოდ გირაოს პირობები დაარღვია, არამედ კანონიც დაარღვია და მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას. ადვოკატის განმარტებით, პატიმრობაშეფარდებული ადამიანის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილის თავდაპირველად ბრალი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს. ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, ამ საქმეზე, ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი

“მტკვარი ჰესის” საქმეზე საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ ასევე განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს – კაია კალასი

ვცდილობთ, რომ 27 ქვეყნის ლიდერის ერთობა გვქონდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რას ფიქრობს უნგრეთის მიერ ვეტოების ხშირ გამოყენებაზე, კაია კალასმა უპასუხა, რომ ეს სიტუაციას სულ უფრო მეტად ართულებს.

„ეს უფრო რთული ხდება. ამიტომ ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ასევე განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს. მე არ ვისაუბრებ უნგრეთის სახელით, ჩვენ კვლავ ვცდილობთ, რომ 27 ლიდერის ერთობა გვქონდეს და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნგრეთს შეუძლია თავისი სახელით ისაუბროს“, – განაცხადა კაია კალასმა.

უკვე მეოთხედ, თიბისი ლიზინგი BARTA 2024-ის გამარჯვებულია

28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბისი ლიზინგს გადაეცა.

 2024 წლიდან, BARTA-ს ინიციატივას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების პროგრამის (EAASURE) რეგიონალური პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR).

 კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება ხაზს უსვამს თიბისი ლიზინგის კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და ორგანიზაციის მისწრაფებას წლიდან-წლამდე, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ანგარიშგების ხარისხი.

„თიბისი ლიზინგისთვის BARTA-ს კონკურსს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, შესაბამისად, მისი ზედიზედ მეოთხედ მოგება ერთის მხრივ, სასიამოვნოა, მეორეს მხრივ, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებელთან თუ ინვესტორებთან. ანგარიშგების მაღალი ხარისხი, გამჭვირვალობა, სანდოობა ის სტანდარტებია, რომლებიც წლების წინ დავნერგეთ და ვინარჩუნებთ. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი რესურსი მოვიძიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და მივმართოთ ჩვენს ქვეყანაში სალიზინგო პროდუქტების განვითარებისკენ.“-თორნიკე ეგნატაშვილი, თიბისი ლიზინგის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ BARTA, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის  ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2019 წელს დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა  კორპორაციული  ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.

სასამართლოში გნახავთ! – ანა დოლიძე

არც ერთი წამით არ განმიხორციელებია პარლამენტის წევრობის უფლებამოსილება, დეკლარაცია არ შევავსე და ამის გამო ანტიკორუფციულმა სააგენტომ დამაჯარიმა. ვაპირებ, რომ ეს ჯარიმა გავასაჩივრო, ჩემს ინტერესებს მე თვითონ დავიცავ და გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც იხარჯება ჩვენი სახელმწიფო რესურსები, – ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“, – ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მას, მისი მოთხოვნის საფუძველზე საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტა, მაგრამ ის ანტიკორუფციულმა ბიურომ მაინც დააჯარიმა.

“თქვენ მომეცით მე ხმა, რომ ვყოფილიყავი პარლამენტის წევრი იმისთვის, რომ თქვენს საკეთილდღეოდ გამეტარებინა რეფორმები, ხელფასები მოგვემატებინა, მინიმალური სახელფასო პოლიტიკა შემოგვეღო, სკოლებში უფასო კვების პროგრამა განგვეხორციელებინა, ქუჩებში უსაფრთხოება ყოფილიყო და ა.შ.

შემდეგ კი პროტესტის ნიშნად დავწერეთ განცხადება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არჩვები მოიპარა, მათ სურდათ, რომ ჩვენ გამფორმებლები ვყოფილიყავით იმ ახალი წესწყობილებით.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის წევრობა შეგვიწყვიტა და საქართველოს პარლამენტის წევრი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ და არც ხელფასი ამიღია. მე ზუსტად ისე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომელსაც მანამდეც ვახორციელებდი- ვკითხულობ ლექციებს, საერთაშორისო მასშტაბით საკონსულტაციო საქმიანობას ვახორციელებ.

არჩევნების შემდეგ ჩვენ მოგვეთხოვებოდა, რომ დეკლარაციები შეგვევსო, თუმცა ეს მე არ გავაკეთე, რადგან მე პარლამენტში საქმიანობა არ დამიწყია, უმალვე დავწერე განცხადება, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდოდა და „ქართული ოცნება“ თვითმარქვია ხელისუფლებად შევაფასე. რახან დეკლარაცია არ შევავსე, რადგან, ვიმეორებ არ განმიხორციელებია არცერთი წუთით პარლამენტის დეპუტატის უფლებამოვალეობა, ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა. ვაპირებ, რომ ეს ჯარიმა გავასაჩივრო, მე ვარ იურისტი და ჩემს ინტერესებს მე თვითონ დავიცავ. გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც იხარჯება ჩვენი სახელმწიფო რესურსები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.

„დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს.

ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას, წარმომავლობის გამო საუკუნეთა სიღრმიდან უხილავად თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებულს… და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა, რადგან ლოცვითი შეწევნა ყველასათვის და, პირველ რიგში, იმქვეყნად ახლად დამკვიდრებულთათვის, ფრიად საჭიროა და მნიშვნელოვანი.

ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ტექსტში.

 საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი-გიორგი ვოლსკი

საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

„ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უმჯობესია, რომ ცეცხლი სხვაგან ენთოს, დაძაბულობა სხვაგან იყოს, რუსეთის აგრესიული ძალა სხვა მიმართულებით იყოს პოტენციურად განვითარებული. რეალურად, სწორედ ესენი არიან ლიდერები იმ პოლიტიკის, რასაც ჰქვია მცდელობა სახელმწიფოში ხელისუფლების შეცვლის და ისეთი ხელისუფლების მოყვანის, რომელიც ევრობიუროკრატიისთვის საჭირო  პოლიტიკას განახორციელებს. ამის უკან არაფერი დევს, გარდა ასეთი ბოროტი ზრახვებისა. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელ სურათს ქმნის. სამწუხაროდ, თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველოზე აგრესიული თავდასხმების პოლიტიკა ჯერ არ შეწყვეტილა. არ შეწყვეტილა, რადგან მსოფლიოში ჯერ არ ვითარდება ცვლილებები, რომლებიც ჩვენთვის ასეთი დიდი მნიშვნელობისაა. სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთი უარყოფითი მხრიდან გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთთან მათი ეკონომიკური ბიზნესურთიერთობები საკმაოდ ინტენსიურია და მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს სავაჭრო ბრუნვას, რომელიც მას წლიურად აქვს რუსეთის ფედერაციასთან. აბსურდული ბრალდებებია, რომელშიც „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა“ ჩაერთო. ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ რეალობასთან ახლოს არ არის და ამის უკან ბოროტი გეგმებია, რასაც ჰქვია საქართველოს დაჩოქება და რევოლუციის გზით საქართველოში გადატრიალების მოხდენა. ამას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან აგრესიულ საუბარზე თუ არის ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც თუნდაც ქუჩიდან ვისმენთ და ტრიბუნიდან ვისმენდით სულ ახლახან. ეს არ არის მიზეზი. ეს მოგონილი თემაა. სახელმწიფოს პოლიტიკა როცა მოგონილ თემაზე ეწყობა, ნიშნავს, რომ ჩანაფიქრია კონსპირაციული, ბნელი, აგრესიული, რასაც არ იმსახურებს არც ჩვენი ქვეყანა და არც თითოეული პიროვნება, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რას ნიშნავს ნაცრის ჯვარი, რომელიც მარკო რუბიოს Fox News-ის ეთერში ჩართვისას შუბლზე ჰქონდა გამოსახული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე გამოსახული ნაცრის ჯვრით ჩაერთო.

ნაცრის ჯვრის გამოსახვა შუბლზე კათოლიკურ სამყაროში დიდი მარხვის დაწყებას უკავშირდება. ამით რუბიომ მიანიშნა, რომ „ნაცრის“ ოთხშაბათს მესას დაესწრო.

კათოლიკეებთან დიდი მარხვის დასაწყისში არის “ნაცრის” დღე – სინანულის ნიშნად. ბიბლიური ტრადიციის თანახმად (ბიბლიური გმირები გლოვისას თავზე ნაცარს იყრიან), ნაცრით ჯვარს სახავს მღვდელი შუბლზე და დემონსტრაციულად აჩვენებს, რომ ქრისტიანული ტრადიციის მიმდევარია.

თიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს -„ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“  ჩაატარებს

18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ  სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“.

ტრენინგი სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი უპირატესობებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ. ამასთანავე, კურსი დაეხმარება ბიზნესებს მათ საქმიანობაში მდგრადობის ხელშემწყობი ფაქტორების ინტეგრირებაში.

თიბისის ESG აკადემიის სპეციალური კურსი ორიენტირებულია მონაწილეებისთვის არამარტო თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე სწავლების მიდგომები, რომლებიც მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავს მიზნად.

 ტრენინგის პირველ ნაწილში, შემეცნებითი სამაგიდო თამაშების, ვიდეოების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და თეორიული მასალების საშუალებით, ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, სათბური აირები, მდგრადი ურბანიზაცია, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები საქართველოს რეგიონებზე და სხვა. ტრენინგის მეორე ნაწილი კი დაეთმობა მონაწილეებისთვის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე მორგებული ინფორმაციის მიწოდებას.

ESG აკადემიის კურსზე დასწრების უნიკალური შესაძლებლობა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს აქვთ, რისთვისაც მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:  დარეგისტრირდი 🌏 ESG აკადემია

ESG აკადემიის პირველი კურსის განსახორციელებლად, თიბისიმ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა – EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF). ტრენინგ პროგრამა კი, თიბისისა და „დეველორის“ აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა ეფუძნება მდგრადობის მიმართულებით თიბისიში არსებულ ცოდნასა და კომპეტენციას, რომლებიც ტრენინგში გადმოტანილია „დეველორის“ გამოცდილი სწავლების მეთოდების გამოყენებით.

თიბისის ESG აკადემია პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას სრული დაფინანსებით, ქართულ ენაზე სთავაზობს.

(R)

 თვითმმართველობის არჩევნებზე დღეს საუბარი არის იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც ციხეში არიან და ახალ არჩევნებს ითხოვენ-მამუკა ხაზარაძე

დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც ციხეში არიან და ახალ არჩევნებს ითხოვენ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების მიერ შემოგდებული საკითხია.

„თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის შემოგდებული საკითხი ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების მიერ, რათა კონცენტრაცია და საუბარი გადავიდეს სხვა თემაზე. დღეს ამ თემაზე საუბარი არის ღალატი იმ ადამიანებისა, ვინც დღეს ციხეშია და ვინც ახალ არჩევნებს ითხოვს. ყველას მოვუწოდებ, მთელი ფოკუსი ახალი არჩევნებისკენ, მთელი ფოკუსი ჩვენი პატიმრების, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრების დახსნისკენ უნდა იყოს მიმართული“, – განაცხადა ხაზარაძემ.

“კრაბ კოფის” თანამშრომლებზე თავდამსხმელი დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ უბანში „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.