Home Blog Page 28

ქართული რაგბის არქიტექტორი

მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება – ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ისე ქართულ სარაგბო წრეებში გარდამტეხ ფიგურად მიიჩნევა: სწორედ, მისი შრომის შედეგი იყო „ბორჯღალოსნების“ ასპარეზობა 2003 წლის სადებიუტო მსოფლიო თასზე.

სარაგბო კარიერა „ბეზიე“-ში წარმართა, სამწვრთნელო კარიერა კი, სარაგბოს დასრულებისთანავე დაიწყო და მშობლიურ კლუბთან ერთად ორჯერ იზეიმა საფრანგეთის ჩემპიონობა. საერთაშორისო დონეზე ჯერ მაროკოს, შემდეგ კი საქართველოს შვიდკაცა და ეროვნულ გუნდებში მუშაობდა.

ფრანგი სპეციალისტი საქართველოში პირველად 1997 წელს მოიწვიეს, რათა არსებული მდგომარეობა შეეფასებინა. პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია იყო და სარაგბო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობდა. ამის მიუხედავად, სორელმა ქართული რაგბის პოტენციალი დაინახა და მაინც დათანხმდა მთავარი მწვრთნელის პოსტს:

„როდესაც საქართველოში ჩავდიოდი, ვფიქრობდი, რომ გადარჩენის ნაკლები შანსი მქონდა, ვიდრე თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმომხტარ ადამიანს“, – თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში[1]. ფაქტია, რომ გადარჩა – ფრანგი მწვრთნელის მუშაობის პერიოდში „ბორჯღალოსნებმა“ პირველად მოიპოვეს მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება და 2003 წლის წარმატებულმა კამპანიამ ქართული რაგბის მიმართ დამოკიდებულება, პირველ რიგში, ჩვენთან, საქართველოშივე შეცვალა.

სორელისთვის საქართველოში გატარებული წლები (1997-2003)  განსაკუთრებული და საპატიო გამოწვევა იყო. ჩამოსვლისას მას ქვეყანაში მხოლოდ ორი, დაბალი ხარისხის, ბალახის სარაგბო მოედანი დახვდა, ქვეყანას და შესაბამისად სპორტის ოვალურ სახეობასაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამ და სხვა მრავალი სირთულის მიუხედავად, სორელის სტრატეგიულმა ხედვამ და მუდმივმა ოპტიმიზმმა გუნდი წარმატებისთვის განაწყო. კლოდისთვის ნაკრები ოჯახი იყო – ყიდულობდა[2] სავარჯიშო ეკიპირებას, იყენებდა საკუთარ კამერას ვიდეო ანალიზისთვის და ცდილობდა ქართველი მორაგბეების ფრანგულ კლუბებთან დაკავშირებას, რასაც ხშირად წარმატებითაც ახერხებდა.

პირველ მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებმა“ ოთხივე შეხვედრა დათმეს, მაგრამ თავი მაინც ყველას დაამახსოვრეს. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე უთანასწორო, მაგრამ მაინც ბოლომდე ბრძოლაში წაგებული მატჩის (46:19) შემდეგ ამაყმა სორელმა პრესასთან განაცხადა[3]:

„დღეს თქვენ საქართველოს ნამდვილი სახე იხილეთ“.

„ევროპულ სარაგბო კულტურებს შორის ხიდების აშენებაში კლოდ სორელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი[4],“ – დაწერა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფლორიან გრილმა გამოსათხოვარ წერილში და ამაზე ვერავინ იკამათებს. ქართული რაგბის ევროპასთან და პირველ რიგში, საფრანგეთთან ღრმა პროფესიულ და ადამიანურ კავშირებს, სწორედ, სორელმა ჩაუყარა საფუძველი. რაგბი, სპორტულ დაპირისპირებასთან ერთად, სხვადასხვა კულტურების ურთიერთობის სივრცეა და ეს, „ბორჯღალოსნების“ ფრანგმა მწვრთნელმა ძალიან კარგად იცოდა.

კლოდ სორელის მემკვიდრეობა მეტია, ვიდრე სპორტული შედეგები და ტიტულები – ის რაგბის მეშვეობით სხვა ადამიანების და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნების ცხოვრებას ცვლიდა და გვაჯერებდა, რომ შეუძლებელი არაფერია.


[1] https://www.telegraph.co.uk/

[2] https://www.theguardian.com/

[3] http://news.bbc.co.uk/

[4] https://www.lequipe.fr/

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე – პრემიერი

9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში. მისივე თქმით, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე.

„9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა.

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს.

დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას.

ვფიქრობთ, სწორედ ამას ელიან ჩვენგან 9 აპრილის გმირთა სულები, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების იდეისთვის გაწირეს სიცოცხლე. მათ ხსოვნას ჩვენ დღეს სათანადო პატივს მივაგებთ. საქართველოში სიძულვილსა და მონობაზე სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს!“- ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილსექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს.

თბილისი წიგნის ბაზრობა – ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიანი იპოვის შთაგონებას და დროს საინტერესოდ გაატარებს.

დიდი და პატარა გამომცემლობები, თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზიები და გრანდიოზული ფასდაკლებები წიგნებზე, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდით. თბილისის წიგნის ბაზრობის დღეები წიგნების მოყვარულებისთვის დასამახსოვრებელი იქნება! 

წიგნის ბაზრობაზე დაგხვდებათ: ახალი წიგნები, რომლებიც სწორედ აპრილის ბაზრობისთვის მომზადდა; შეხვედრები საყვარელ ავტორებთან და მსახიობებთან, რის გამოც წიგნების სამყაროში მოხვედრის თავგადასავალი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდება; ფასდაკლებები, რომლებიც წელიწადში ერთხელ, მხოლოდ აქ, თბილისის წიგნის ბაზრობაზე დაგხვდებათ!

თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას დაიბრუნებთ გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად.

შეთავაზებით ისარგებლებთ მოსწავლის ბარათით ან თუ ხართ 18-23 წლის და გაქვთ ახალი თიბისი ბარათი.

„თბილისის წიგნის ბაზრობის” ორგანიზატორია საქართველოს წიგნის ასოციაცია. გამომცემლები გაერთიანდნენ უმთავრესი მიზნით – განავითარონ ქვეყანაში წიგნის ინდუსტრია.

ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, მხარდამჭერები არიან ველი სთორი, პოლონური ინსტიტუტი თბილისში და UNFPA.

წიგნის ბაზრობა გაიხსნება 10 აპრილს 12:00 საათზე.

მისამართი: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი, აკაკი წერეთლის გამზ. 118.

დასწრება თავისუფალია!

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მისულ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამასთან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

კერძოდ, ისინი მობილიზებული არიან 9 აპრილის ქუჩაზე და თავისუფლების მოედანზე.

ერთ-ერთი პოლიციელის განმარტებით, მათი აქ ყოფნის მიზეზი მხოლოდ მოქალაქეების და წესრიგის დაცვაა.

პარალელურად, აქცია გრძელდება საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც შეკრებილმა მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. აქციის მონაწილეებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.

მათ 9 აპრილის მემორიალი ჯაჭვით აქვს შემოსაზღვრული.

ფოტო – “ინტერპრესნიუსი”

ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, მცდელობას და მონდომებას, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი, დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია -შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, მცდელობას და მონდომებას, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი, დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩვენ აღარ გვაქვს მარცხის ფუფუნება, სისუსტისა და მოდუნების უფლება.

„1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. იმდროინდელმა ეროვნულმა მოძრაობამ პირველი რესპუბლიკის 26 მაისი დააკავშირა ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესაქმნელად ეროვნული ბრძოლის მთავარ დღესთან.

1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლი, პირველ რიგში, უდიდესი ტრაგედია იყო, ათობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით, დასახიჩრებითა და ტერორით. სწორედ ამიტომ აირჩია ეს დღე ზვიად გამსახურდიამ სახელმწიფოსთვის ბრძოლისა და ეროვნული მოძრაობის უკვდავსაყოფად. ეს ჩვენი საერთო ისტორიაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის და გადაწერს.

ყველა ტკივილი და ყველა სიხარული, ყოველი მარცხი თუ ყოველი გამარჯვება, შეცდომა და სწორი ნაბიჯი, გონიერება თუ უგუნურება – ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ და მოვედით დღემდე, ათწლეულების შემდეგ, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე ბობოქარი მოვლენები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, თუ ვინ ვართ, რანი ვიყავით გუშინ და საით მივყავართ მომავალს.

საქართველოს სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ერის თვითმყოფადობა და უნიკალური იდენტობა არის ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი.

ამ მრწამსს სიტყვით ბევრი იმეორებს, საქმით კი საპირისპიროდ იქცევა. სიბრძნე, გონიერება, მოთმინება, ძალის შეფასება და გაბედულება – ნიჭთა ეს ჩამონათვალი ღმერთმა ყველას არ მიანიჭა. ამიტომაც არც შიდა და არც გარე ბრძოლა სახელმწიფოსთვის არ დასრულებულა და არც დასრულდება.

ვისი გზაა მართებული და უკეთესი, ამას წყვეტს ქართველი ხალხი პირდაპირი დემოკრატიის გზით. არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს მინიჭებულ მანდატს და სრულად აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.

ჩვენ აღარ გვაქვს მარცხის ფუფუნება. ჩვენ არ გვაქვს სისუსტისა და მოდუნების უფლება.

ყველა ჩვენი გზა, ნაბიჯი და არჩევანი მიმართულია სახელმწიფოს ძლიერებისა და საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ღია დისკუსიით, გახსნილობით ვაჩვენებთ ყველა მოქალაქეს, სად არის სიმართლე და სად – ფარისევლობა. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენს სიმართლეს, ჩვენს მცდელობას და ჩვენს მონდომებას, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი.

დღეს ტკივილის და სიხარულის 9 აპრილია.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა“, – წერს პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/shpapuashvili/posts/pfbid02jxjUPkYQqD33EG3LzwjUBPak1Ba4pU11iCWtgai1pkwbbTmonYh9GvLGEWzpoZ8dl

 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა, უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც სიცოცხლე შესწირა, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ხსოვნას -მიხეილ ყაველაშვილი

9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და, ამავე დროს, საამაყო თარიღია, ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია, 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა.

„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია, ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად.

სამ ათწლეულზე მეტი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის უდიდესი გულისტკივილითა და, ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს.

ამ დღის მნიშვნელობა განუზომელია – 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა!

უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ხსოვნას.

ამ ადამიანების გმირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დარჩება, როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის!

თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე სვლა! დიდება გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის! – წერს ყაველაშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1043965010882161&set=a.344849174127085&type=3&ref=embed_post

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ორგანიზმი დატვირთული მუშაობის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება. მოსალოდნელია არტერიული წნევის უეცარი ცვლილებები ან ძილის დარღვევა, ამიტომ მუშაობის დროს პერიოდულად შეისვენეთ, ასევე ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას და მოერიდეთ მძიმე საკვებს.

რჩევა: ზომიერი ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა ისაა, რაც ამ დღეს გჭირდებათ. საღამოს განსაკუთრებით სასარგებლოა მედიტაცია, იოგა და ცხელი აბაზანა.

კურო

მათ, ვინც ჩართულია ინვესტიციებში, შტატგარეშე საქმიანობაში ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ფინანსური წარმატება ელით. შესაძლებელია მოულოდნელი ფულადი ბონუსი ან დამატებითი შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ ამასთან ერთად იზრდება გაუმართლებელი ხარჯვის რისკიც. ეცადეთ ცდუნებას გაუმკლავდეთ და ძვირად ღირებული ნივთის შეძენაზე უარი თქვათ

რჩევა: მოერიდეთ ფულის ფუჭად ხარჯვას. ეცადეთ ინვესტიცია განათლებაში, სახლში და ჯანმრთელობაში ჩადოთ. ეცადეთ გარკვეული თანხა „შავი დღისთვის“ გადაინახოთ – სამყარო თქვენი წინდახედულობისთვის დაგაჯილდოებთ.

ტყუპები

ტყუპებისთვის ეს დღე შესაძლოა ემოციებით დატვირთული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით – სიყვარულის სფეროში. მოსალოდნელია ონლაინ კომუნიკაცია ან სრულიად შემთხვევითი შეხვედრა, რომელიც ძლიერ ემოციურ ზეგავლენას მოახდენს. შეყვარებულ წყვილებში გულწრფელი საუბარი ემოციურ კავშირს გააძლიერებს. ეცადეთ კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს ანაწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ სიტყვებსა და ინტონაციებს, რომ შემთხვევით ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. იყავით ღია და სამართლიანი, პირველ რიგში – საკუთარი თავის წინაშე. კარგი იქნება თუ საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდებით და ტელეფონს გათიშავთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს დღეს მშვენიერი შანსი ექნებათ, რომ პროფესიულ სფეროში თავი გამოიჩინონ. ზოგ კირჩხიბს შეიძლება მენეჯმენტმა მნიშვნელოვანი დავალება მიანდოს, ზოგს კი ახალი თანამდებობა შესთავაზონ. მივლინებები, მოლაპარაკებებში მონაწილეობა და პროექტების დაცვაც კი წარმატებული იქნება. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ გამოიყენოთ გარემოებები თქვენს სასარგებლოდ, თუმცა დაპირებებთან ფრთხილად იყავით – დღევანდელი სიტყვები შესაძლოა, ვიღაცამ ვალდებულებად ჩაგითვალოთ.

რჩევა: ყურადღება გაამახვილეთ მთავარზე და ენერგია უმნიშვნელო საქმეებზე არგაფლანგოთ. თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი ოცნების ადამიანი გაიცნოთ.

ლომი

სულიერი და ინტელექტუალური ზრდისთვის ხელსაყრელი დღეა. ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი მოლოდინს გაამართლებს – ჰოროსკოპი მიზნის მიღწევას და კარგ შემოსავალს გპირდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ რჩევა ისეთი ადამიანისგან, რომელიც მომავალში თქვენს მენტორად იქცევა.

რჩევა: ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. შთაგონება ეძებეთ წიგნებში და საინტერესო ადამიანებთან საუბრებში. ყველაფერი, რასაც დღეს დაიწყებთ, მალე შედეგს გამოიღებს.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე ოჯახის საქმეებს და შინაურ გარემოს მიუძღვნათ. კარგი დროა სახლის მცირე რემონტის ან დაგროვილი პრობლემების მოგვარებისთვის. შესაძლებელია ძველი კონფლიქტის მოგვარება ახლობელთან – ეს დღე ამისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. თუ გულწრფელობას და მოთმინებას გამოავლენთ, გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ.

რჩევა: ახლობელი ადამიანების მიმართ გამოვლენილი მცირე მზრუნველობაც კი ორმაგად დაგიბრუნდებათ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.

სასწორი

სასწორები დღეს ემოციების მოზღვავებას იგრძნობენ. წყვილებისთვის მოსალოდნელია ვნების ახალი ტალღა ან გულწრფელი საუბრები, რომლებიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ. მარტო მყოფ სასწორებს ბედი საინტერესო შეხვედრას უმზადებს, სადაც პირველი ნაბიჯი გადამწყვეტი იქნება – ინიციატივის გამოჩენის არ შეგეშინდეთ. კარგი დღეა გადადებული საქმეების დასრულებისთვის.

რჩევა: ამ დღეს გრძნობები განსაკუთრებით მძაფრია, ამიტომ ემოციების კონტროლი მნიშვნელოვანი იქნება. ნუ აჰყვებით ეჭვიანობას და ნურც პარტნიორის გაფეტიშებას ეცდებით. მეტი დიალოგი, ნაკლები მოლოდინი – უკეთესი იქნება.

მორიელი

ამ დღემ შეიძლება გამძლეობის გამოცდა მოგიწყოთ. დაღლილობამ, რომელსაც ყურადღებას არ აქცევდით, შესაძლოა ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გამოიწვიოს. მუშაობის დროს ხანმოკლე შესვენება ძალის აღდგენის საშუალებას მოგცემთ. პარტნიორთან ურთიერთობებში ეცადეთ, ეგოიზმს სძლიოთ და ზოგჯერ საყვარელი ადამიანის სურვილებზეც იფიქროთ.

რჩევა: სხეულის სიგნალებს ნუ უგულებელყოფთ. ამჟამად ყველაზე მეტად სრულფასოვანი ძილი, საჭირო ვიტამინები და მიკროელემენტები გჭირდებათ.

მშვილდოსანი

დღეს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. შეიძლება თანამშრომლობის ან დამატებითი შემოსავლის წყაროს შესახებ მაცდური შეთავაზება მიიღოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ სწრაფი მოგება ყოველთვის სტაბილური არაა. ნუ აიღებთ სესხებს და მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. უცნობი ადამიანების დაპირებებს არ ენდოთ.

რჩევა: ოთხ კედელში ნუ იჯდებით, ახალ ადგილებს ეწვიეთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდით – ზოგიერთი მათგანი მომავალში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს სასარგებლო კავშირები თქვენთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მათი წყალობით ის, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ, ადვილად განხორციელდება. დიდი კონკურენციის არ შეგეშინდეთ. თქვენი მებრძოლი ბუნების დახმარებით ყველა კონკურენტს ჩამოიცილებთ. კარგი იქნება, თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებაში დაგეხმარებათ.

რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე მომავალი წარმატებების საფუძვლის შესაქმნელად. მკაფიო მიზნები, ჭკვიანური დროის მართვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა – თქვენი წარმატების გასაღებია.

მერწყული

ეს დღე შინაგანი გაღვიძების დროა. ის იდეალურია განმარტოებისა და სულიერი განწმენდისთვის. კითხვა, მედიტაცია, დღიურში აზრების ჩაწერა სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ და გაჩვენებთ გზას მომავალი ნაბიჯებისთვის.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ თავს და განსხვავებული ყოფნის ნუ შეგეშინდებათ – თქვენი ძალა სწორედ ამაშია.

თევზები

შეიძლება ამ დღეს ძველი ნაცნობები გამოჩნდნენ და დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობა განაახლოთ. გირჩევთ სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რომ შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ. თევზების ინტუიცია დღეს ძალიან გამძაფრებულია – თუ ეჭვს გრძნობთ, სავარაუდოდ, ამის საფუძველიც არსებობს.

რჩევა: ერიდეთ ჭორებსა და უარყოფით ადამიანებს. შესანიშნავი დროა მეგობრებთან ურთიერთობისა და მზრუნველობის გამოსახატავად – განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც დიდი ხანია, თქვენს მხარდაჭერას ელოდება.

ზვიად გამსახურდიას მიმართვა 1991 წლის 9 აპრილს

ზვიად გამსახურდიას მიმართვა 1991 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ, მიტინგზე დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით:

“ძვირფასო ძმანო და დანო!

დე, იყოს ეს დღე დასაწყისი ქართველი ერის კონსოლიდაციისა, ერთ მუშტად შეკვრისა — შინაური და გარეშე მტის წინააღმდეგ. დღევანდელი დღე ცრემლნარევი სიხარულის დღეა. მართალია ჩვენ ცრემლი არ შეგვშრობია თვალზე — 9 აპრილს წამებულთა გლოვა, სამაჩაბლოში წამებულთა გლოვა დღესაც გრძელდება, მაგრამ უფალმა მოგვივლინა ეს დღე ვითარცა დღე ცრემლნარევი სიხარულისა. ასეთი იყო საქართველოს ისტორია, ძვირფასო მეგობრებო. ეს იყო ცრემლნარევი სიხარული, ეს იყო ეკლიანი გზით სვლა ჭეშმარიტებისაკენ, საღვთო სიყვარულისაკენ. საქართველოს გზა ეკლიანი გზაა ქრისტესი, ჯვარცმისა, დაფვლისა და გარდაუვალი აღდგომისა. ამ დღეს დიდი დაფიქრება გვმართებს, დიდი ურთიერთ სიყვარული, დიდი პატიება, ურთიერთ მიტევება – რამეთუ არ არს კაცი, რომელიც ცხოვნდეს და არა სცოდოს. ამავე დროს, მეგობრებო, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. მართალია ჩვენ იურიდიულად აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველოს საბოლოო განთავისუფლებამდე ჯერ შორსაა. გავხედოთ იმ მძიმე გზას რომელიც გველოდება და მოითხოვს ჩვენგან დიდ დარაზმულობას, შრომას, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთგატანას ამ მძიმე გზაზე, ამ ძნელბედობის ჟამს. ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გამოიღო თავისი ნაყოფი. იგი დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით. ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გააერთიანა არა მხოლოდ ქართველი ერი, არამედ საქართველოს არაქართველი მოსახლეობა! ამიერიდან ისინი ჩვენი ძმები არაიან, ისინი ჩვენთან არიან, ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და საქართველოს რესპუბლიკა მიიღებს მტკიცე საკანონმდებლო საფუძვლებს ყველა ეროვნების წარმომადგენლობათა შორის ჭეშმარიტი ძმობისა და მეგობრობის შესახებ, მათი უფლებრივი გარანტიების შესახებ საქართველოში.

პირველ რიგში, მეგობრებო როგორც გამოვაცხადეთ სესიაზე – საქართველო მტკიცე კონსტიტუციურ გარანტიებს მისცემს აფხაზ ხალხს, რომელთან ჩვენი ისტორიული ძმობა საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს. აფხაზთა და ქართველთა სამეფო ერთიანი სახელმწიფო კვლავ აღდგება, ქართველთა და აფხაზთა მეგობრობა დაეფუძნება აფხაზეთის უდიდესი შვილების გიორგი შარვაშიძის, არზაყან ემხვარის და სხვათა მამულიშვილურ, პატრიოტულ გზას და გააერთიანებს ჩვენს მოძმე ერებს. საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელი, რომელიც იარაღით ხელში არ იბრძოლებს ჩვენს წინააღმდეგ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას!

აი, ასეთია მეგობრებო ჩვენი გადაწყვეტილება. დღეიდან საქართველო, მეგობრებო, მიმართავს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში.

ძვირფასო ძმებო და დებო! დღევანდელი დღე მოიტანა 9 აპრილს დანთხეულმა სისხლმა. შემთხვევითი როდია, რომ დღევანდელ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ისინი წინასწარმეტყველნი იყვნენ – მათ წინასწარმეტყველურად დასთხიეს სისხლი აქ, ამ ადგილას, რამე თუ უწყოდნენ რომ სწორედ აქ გამოცხადდებოდა დამოუკიდებლობა და სწორედ 9 აპრილს!

წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ დაღუპულთა ხსოვნას!”

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა  არნახული სისასტიკით დაარბიეს.დაარბიეს.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი – ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის კი ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა გახლდათ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე,  1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით,  9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელი ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.  ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა.

საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

35 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

საფრანგეთი პატივს მიაგებს ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა -საფრანგეთის საელჩო

ეროვნული ერთიანობის დღის წინა საღამოს, საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში“, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

“ბურჭულაძის “პოლიტიკური კარიერა” ვიხილეთ, რომელიც კრახით დასრულდა, ახლა რატომ აქვს მას მოლოდინი, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნება, არ ვიცი” – ლევან მაჭავარიანი

ოპერის მომღერალი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პაატა ბურჭულაძე ხვალ აქციას გამართავს, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას უკავშირდება. ის აპირებს აქციის მონაწილეებს ჯერ სიტყვით მიმართოს, იგალობოს და დემონსტრანტებს საერთო ფიცი დაადებინოს. დაანონსდა ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებაც.

პაატა ბურჭულაძემ დღეს განაცხადა, რომ აქციას საპატრიარქოს კურთხევა აქვს, თუმცა პოლიტიკაში წასულ ბანს ეკლესიამ წერილობით უპასუხა. საპატრიარქოს განცხადებაში წერია, რომ პაატა ბურჭულაძემ კათალიკოს-პატრიარქისგან ნამდვილად ითხოვა კურთხევა და ქაშვეთის ეკლესიიდან ზარების რეკვით გამოხმაურება, თუმცა საპატრიარქო აცხადებს, რომ ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული და ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

ბურჭულაძის ინიციატივებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, მსგავს ინიციატივებს ბურჭულაძის მხრიდან “არანაირი აზრი არ აქვს,” რადგან, მისი თქმით, ბურჭულაძეს პოლიტიკური რეიტინგი ძალიან დაბალია.

“ბურჭულაძის “პოლიტიკური კარიერა” ვიხილეთ, რომელიც, რა თქმა უნდა, კრახით დასრულდა. ახლა რატომ აქვს მას მოლოდინი, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნება, არ ვიცი, ეს მისი ილუზიაა. იმავენაირი ილუზია, როგორ ილუზიაშიც, სამწუხაროდ, დღემდე იმყოფება ქალბატონი ზურაბიშვილი. პაატა ბურჭულაძის რეიტინგი, რომ ერთსაც არ უტოლდება, ეს მასაც კარგად უნდა მოეხსენებოდეს, შესაბამისად, არანაირი აზრი არ აქვს რას დააანონსებს ბატონი ბურჭულაძე.

აქციებთან დაკავშირებითაც ვხედავთ, რომ ეს აქციები უკვე ძალიან დიდი ხანია მილევად რეჟიმშია. მე ყველას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მინიმუმ 90 პროცენტი იქიდან არის დაფინანსებული პარტიული აქტივი ან კონკრეტული “ენჯეო” ორგანიზაციების თანამშრომლები,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი

დონალდ ტრამპის ეკონომიკური ომის სცენარები

დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ტოტალური სავაჭრო ომი გამოუცხადა. მსოფლიო გაოცებულია სანქციების მასშტაბით. საფონდო ინდექსები მთელ მსოფლიოში ვარდება. ტრამპის სიაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოხვდა. თუმცა, აშშ-ს ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა განმარტა, რომ მარტო ცალკეულ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას აზრი არ ექნებოდა. ეს შესაძლებელს გახდიდა სატარიფო შეზღუდვების გვერდის ავლას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ექნებოდათ დაბალი ტარიფები შეერთებულ შტატებთან ვაჭრობაზე.

ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს თავისი გეგმიდან გადახრის მიზეზს: ნავთობის ფასები ეცემა, საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, არ არის ინფლაცია და ტარიფების წყალობით მილიარდობით დოლარი შემოდის აშშ-ს ბიუჯეტში.

მოვლენების განვითარების სამი შესაძლო სცენარი არსებობს:

პირველი სცენარი. ტარიფების გაუქმება. ტრამპი არბილებს პოლიტიკას და დებს გარიგებებს სხვა ქვეყნების ლიდერებთან, ამცირებს ტარიფებს გლობალური ეკონომიკური რეცესიის თავიდან ასაცილებლად.

ამ სცენარს მხარს უჭერს საინვესტიციო ბანკის J.P.Morgan Chase-ის ხელმძღვანელის ჯეიმი დეიმონის განცხადება, რომელშიც ის ხაზს უსვამს გლობალური ეკონომიკური რეცესიის რისკებს, ამერიკული ბიზნესის ზარალს და შიდა ბაზარზე ფასების ზრდას. სხვა მსხვილი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი აფასებს რეცესიის რისკს 45%-ით. ტრამპი ასევე იმყოფება ზეწოლის ქვეშ აშშ-ს რიგითი მოქალაქეების მხრიდან. ქვეყნის მრავალ ქალაქში ათასობით ადამიანი დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ დემონსტრაციებს მართავენ. თუ ტრამპი დათმობს ზეწოლას, ეს ნიშნავს დაბრუნებას საერთაშორისო ვაჭრობის ძველ სისტემაში, გარკვეული კორექტირებით.

მეორე სცენარი. გლობალური ეკონომიკური რეცესია. ტრამპი ინარჩუნებს მტკიცე პოზიციას ტოტალურ სავაჭრო ომში. გლობალური ეკონომიკა რეცესიაში შედის. ნავთობის ფასები ეცემა. მთავარი დარტყმა დიდი სამხრეთის ქვეყნებზე მოდის. აზიის საფონდო ბირჟები უკვე აჩვენებენ ინდექსის კლების ისეთ დონეებს, რაც არ ყოფილა 1997 წლის შემდეგ.

ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე აშშ-სა და ევროპაში. ეს ქვეყნები ვერ ანაზღაურებენ ამერიკული ბაზრის დანაკარგს. აზიის ქვეყნებში მოსალოდნელია წარმოების მკვეთრი ვარდნა, უმუშევრობის ზრდა და სოციალური არასტაბილურობა.

რუსეთი, რომელიც ეკონომიკურად არის დამოკიდებული ჩინეთზე და ნავთობის ფასებზე, ასევე დაზარალდება. რუსული  ნავთობი Urals უკვე დაეცა 52 დოლარამდე ბარელზე და აგრძელებს ვარდნას.

აშშ-სთვის ტოტალური სავაჭრო ომი გამოიწვევს სამომხმარებლო საქონელზე ფასების ზრდას. ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აქციების დაცემამ უკვე გამოიწვია დაახლოებით 11 ტრილიონი დოლარის ზარალი.

ამავდროულად, ამერიკული წარმოება იმპორტის ჩანაცვლებით მოგებაში იქნება. მცირე ბიზნესი მიიღებს იმპულსს განვითარებისთვის იაფი იმპორტისაგან გამონთავისუფლებულ ბაზარზე.

ტოტალურმა სავაჭრო ომმა შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში დაძაბულობის ზრდა, ახალი გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ომები. ტაივანის გამო აშშ-სა და ჩინეთს შორის სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა. ჩინეთმა მიიღო დონალდ ტრამპის გამოწვევა, დააწესა 34%-იანი საპასუხო ტარიფები  ამერიკულ საქონელზე და მზად არის აწარმოოს სავაჭრო ომი, სანამ არ მოიგებს მას.

მესამე სცენარი. “ცივი ომი 2”. თუ ეს სცენარი განხორციელდება, დონალდ ტრამპი აშშ-ს მოკავშირეებთან დათმობებზე წავა. ტოტალური სავაჭრო ომი მსოფლიოს გაყოფს ქვეყნების ორ კონფლიქტურ ბლოკად – აშშ-ს და ჩინეთის მოკავშირეებად. ჩამოყალიბდება მსოფლიოში გავლენის სფეროების დაყოფის ბიპოლარული მოდელი.

ილონ მასკის წინადადება „ნულოვანი ტარიფების“ შესახებ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის მხარს უჭერს ამ სცენარს. ეს სცენარი ნიშნავს “ცივი ომის 2-ის” დაწყებას აშშ-სა და ჩინეთს შორის გლობალური ლიდერებისთვის. სავაჭრო ომებს მოჰყვება ომები, კონფლიქტები და სახელმწიფო გადატრიალებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, როგორც ეს პირველი ცივი ომის დროს იყო.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი