Home Blog Page 28

აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე მიწის ქვეშ გამავალი 300 მეტრიანი საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის (ხუარესის და ელ პასოს შორის) აღმოჩენილი 300 მეტრიანი გვირაბი, რომელსაც არალეგალური მიგრანტები საზღვარზე გადასასვლელად იყენებდნენ დაილუქება.

გამოცემა BBC-ის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას მექსიკის სასაზღვრო უწყება ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით გვირაბი, რომელიც გასულ კვირას აღმოაჩინეს სანიაღვრე ქსელში იყო აშენებული – ოფიციალური შეფასებით, მის აშენებას სულ მცირე, ერთი წელი დასჭირდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, ცნობილი იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გვირაბის მშენებლობის შესახებ, რომელიც არალეგალი მიგრანტების გადასაადგილებლად და კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ აშშ-სა და მექსიკის საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

ცნობისთვის, ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ ინაუგურაციის შემდეგ “ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას” დაიწყებს.

ასევე, გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათშივე აპირებს, რომ რიგი აღმასრულებელი ბრძანებები საზღვრის, ენერგეტიკისა და მთავრობის რეფორმის პრიორიტეტული საკითხებისთვის გამოიყენოს.

,,დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება” – ჯო უილსონი

დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე მზია ამაღლობელის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველი ხალხი არ შეშინდება. დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ“, – წერს ჯო უილსონი.

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

Fox News-ის ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი საზღვრის უსაფრთხოებასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით 11 აღმასრულებელ ბრძანებას გამოსცემს.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელებისა და საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების განკარგულებას გასცემს.

ასევე, ერთი-ერთი აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, დონალდ ტრამპი კარტელებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადებს.

ცესკო – მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება

ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:

ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1-ელი იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.

პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის კანცლერი დაესწრება

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დაესწრება. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მონაწილეებს 23 იანვარს დისტანციურად, ვიდეო-ჩართვით მიმართავს.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ბიზნესისა და პოლიტიკის ლიდერებმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყეს.

წლევანდელ შეხვედრას არაერთი მსოფლიო ლიდერი გამოაკლდება, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის ლიდერი ჯორჯია მელონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს – დავით მათიკაშვილი

სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს – ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებაში შესვლის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს, პარლამენტის დამცავი ჯებირის დაზიანების გამო დაპატიმრებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის თაობაზე დასმულ კითხვას.

“იმ ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ დემონსტრანტების გვერდით ან მათ უკან დგანან, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია და რომელიც 2012 წლამდე, სასამართლო სისტემას თავიდან ბოლომდე მართავდა, ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებაში შესვლის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია.

სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს – მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 21 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8452 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8452 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9360 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9276 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0084 ლარი შეადგინა.

არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი – ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა – მზია ამაღლობელი

ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა – იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ – არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც ამაღლობელი აცხადებს, მისი დაპატიმრება „რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი და ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული“ პროცესების შედეგია.

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, – აღნიშნავს ამაღლობელი წერილში, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ერთი ახალგაზრდა ამბობდა, ნაცებს ვერ ვიტანთ და ახალი არჩევნები გვინდაო. ვინ მოგყავს? გახარია, მელია, რუსეთიდან დაფინანსებული ხოშტარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე – ნაცები არ არიან? – მდინარაძე

ნაცების დაბრუნებას კი არ ითხოვს ხალხი, არამედ ამ ოთხი „ახალი“ პარტიას, რომლებიც ნაცები არ არიანო და თქვენ მეუბნებით, რომ ეს ადამიანები ნაცები არ არიან? ამ პარადოქსული არგუმენტით ცდილობენ ნაცების მობრუნებას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ყველა ვინც აქციაზე დგას და ახალ არჩევნებს ითხოვს, არის ნაცი, ან ნებსით თუ უნებლიედ, ემსახურების „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.

„ჩვენ ალბათ ყველას მეტი გვმართებს, რომ საქართველოში ობიექტურ რეალობაში დავარწმუნოთ ყველა ადამიანი. ჩვენ ხისტად ვაკრიტიკებთ არამხოლოდ ჩვენს ოპონენტებს, არამედ იმ ადამიანებსაც კი, ვინც რუსთაველზე დგას და რატომ ვეძახით ბევრ მათგანს ნაცს. ნებისმიერ შეგიძლიათ ჰკითხოთ: თუ ისინი მიაღწევენ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, (თეორიულად, პრაქტიკულად შეუძლებელია) და დაინიშნება ახალი არჩევნები, ვის აძლევენ ხმას? ვინ უნდათ ხელისუფლებაში, ვინ უნდა მოვიდეს? ნაცის გარდა, დღეს არის ვინმე ისეთი, რომელიც შეიძლება ქართული ოცნების ნაცვლად იყოს ხელისუფლებაში? გვარამია და მელია არ არიან ნაცები, გირჩი ჯაფარიძე, ხოშტარია, ხაზარაძე არ არის ნაცი და მათი რეკეტიორი არ ყოფილა არასდროს და გახარიას არ უღალატია ნაცებთან ქართული ოცნებისთვის? ნაცების დაბრუნებას კი არ ითხოვს ხალხი, არამედ ამ ოთხი „ახალი“ პარტიას, რომლებიც ნაცები არ არიანო და თქვენ მეუბნებით, რომ ეს ადამიანები ნაცები არ არიან? ამ პარადოქსული არგუმენტით ცდილობენ ნაცების მობრუნებას. თუ ვინმე დღეს ითხოვს ხელახალ არჩევნებს, მათი მოთხოვნა საფუძვლიანია იმ შემთხვევაში თუ 300 000 ხმა გაყალბდა, ოღონდ 300 ხმის გაყალბების მტკიცებულებასაც კი ვერ დებენ. თუკი ვინმე ასე უარგუმენტოდ ითხოვს ახალ არჩევნებს, ისინი ნაცების დაბრუნებას ითხოვენ ხელისუფლებაში. პროკურატურა გამოდის და პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწება – რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ მტკიცებულების სახით, მოდით და დადეთო. ასეთი ინფორმაცია ჯერ ჩვენ ვერ ვნახეთ. მივიდნენ და დადონ და მერე ილაპარაკონ ახალ არჩევნებზე, რომლითაც ისინი ნაცების დაბრუნებას ითხოვენ.

გახარია ნაცი არ არის? ახლა, ინციდენტი რომ მოხდა, სამხარაძეს თავს რომ დაესხა, ამან პასუხი რომ გასცა და იქ გაბრუებული რომ იყო წამოწოლილი შუა ქუცაში, პირველი ვინ დაუჭირა მხარი? პირველები ვინც აღშფოთდნენ, ყველა რადიკალური ნაცები იყვნენ. ძალადობაზე კი უნდა აღშფოთდე, მაგრამ შე კაი ადამიანო, ჯერ მოიკითხე რა მოხდა. სხვა შემთხვევაში თუ არკვევ და როგორც გაწყობს, ისე ლაპარაკობ, აქაც მოიკითხე. გახარიას ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია ნაცებთან. ცოლი და ქმარი ერთად რომ ცხოვრობდეს ღამეს ერთად ატარებდნენ, ხელი რომ არ ჰქონდეთ მოწერილი და ერთმანეთი გვეზიზღებაო რომ ამბობდნენ, დაახლოებით ეს ვარიანტია. ვის აბრმავებენ? ხაზარაძე და ჯაფარიძის მთავარი ფუნქცია იყო ნაცების რეკეტის აღუსრულებლობა. თუ გახარია, მელია, რუსეთიდან დაფინანსებული ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე არ არის ნაცი? როგორ დავიჯეროთ მათი განნაცება? სოციალურ ქსელში ამომიგდო, ერთი ახალგაზრდა ამბობდა, ნაცებს ვერ ვიტანთ, ნაცობას გვაბრალებენო და ახალი არჩევნები გვინდაო. ვინ მოგყავს? მოგყავს ნაცი, ესე იგი ნაცის საქმეს აკეთებ, გგონია, რომ ანტინაცი ხარ და ნაცი მოგყავს? რა დაგმართნია, მეორე უბედურებაში გაგიყვია თავი – აზრზე არ ხარ, ისე ხარ ნაცი. ასევე საფუძვლიანია მათი მოთხოვნა პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუ ისინი არ იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას ძალადობრივ აქციებში. თუ დანაშაულს ჩადიოდნენ, რატომ უნდა გათავისუფლდნენ? აგერ, დღეს ორმა ადამიანმა მოინანია, აღიარა და პროკურატურამ ძალიან სერიოზული შეღავათი გაუკეთა“, – განაცხადა მდინარაძემ.

The Language Studio-ს ინიციატივით, საჯარო ბიბლიოთეკაში რეგიონული ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა

2025 წლის 16 იანვარს, თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში, The Language Studio-ს ინიციატივით, რეგიონული ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13-დან 18 წლამდე ოცდაათმა სპიკერმა თბილისიდან, თელავიდან და მცხეთიდან.


მონაწილეებმა ისაუბრეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული უთანასწორობა, განათლება, თითოეული მოქალაქის როლი სახელმწიფოს მშენებლობაში, სიტყვის თავისუფლება და პიროვნული არჩევანის პატივისცემა. იმსჯელეს და განიხილეს გლობალური პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის 17 მდგრადი განვითარების მიზნებშია ჩამოთვლილი.


კონფერენცია არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებას, არამედ ახალგაზრდების როლის ხაზგასმასაც ისახავდა მიზნად თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გამოწვევებთან გასამკლავებლად.


მოწვეული ინგლისურენოვანი ჟიური აფასებდა ნამუშევრებს. გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და ჯილდოები.


ახალგაზრდულ კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება, ენის სრულყოფილი ფლობა და საჯარო გამოსვლის ტექნიკა შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ და ისაუბრონ გლობალურ თემებზე. ეს ინიციატივა ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობას, ინოვაციას და მდგრად განვითარებას საზოგადოებაში.

ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს – მამუკა მდინარაძე

ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს – როგორც არ უნდა გაანადგურონ შვეიცარიული ბანკები, ეს ადამიანი მათ ვერ გაიცნეს! – ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვით, ივანიშვილი აპირებს კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს – Julius Baer-ს უჩივლოს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ამ ადამიანმა სამშობლოსთვის თავი გადადო და ფულით შანტაჟი შედეგს ვერ მოიტანს“.

„ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ეს არის წმინდა წლის პოლიტიკური შანტაჟი.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა Deep State-ზე ისაუბრა, ამ თემაში უფრო ღრმად შევიდა, ქართული საზოგადოებისთვის თემა გაშალა და ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ საქართველო და ბიძინა ივანიშვილი დასაჯონ და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ. აქედან დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს – მარტივი ამბავია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ – კახა კალაძე

პირველ რიგში, ტრამპის გუნდს სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ არის მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. იცით, რომ დღეს გაიმართება ინაუგურაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მთლიანად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ ვიყოთ აშშ-ის კარგი მეგობრები, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ. რასაც თავად ამბობენ, პირველ რიგში, მათი მხრიდან „დიფ სთეითის“ დამარცხება უნდა მოხდეს, რაც არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც, ჟურნალისტის თქმით, ბოლო დროს ტრამპის შესახებ რიტორიკა შეცვალეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ისინი ფარისევლები არიან.

„ოპოზიციისთვის სასიკეთო არაფერი ხდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ოპოზიცია არის დანგრეული, გაფარჩაკებული. მათ არც ქვეყანა აინტერესებთ, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ვიცით ვინ არიან ისინი და საიდან იმართებიან. ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია მათი მხრიდან, როცა ტრამპს ოლიგარქს და ჯამბაზს უწოდებდნენ. ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.