Home Blog Page 28

თიბისის კამპუსი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა სტუდენტებისთვის

თიბისიმ, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, სტუდენტებისთვის ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა, სადაც სწავლის სურვილი 6 ათასზე მეტმა სტუდენტმა დააფიქსირა.

თიბისი კამპუსი ეს არის ბიზნესის მიმართულებით, სრულად დაფინანსებულ, ონლაინ სასწავლო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის.

კამპუსის პირველი ნაკადზე, მთელი საქართველოდან, 6037 სტუდენტი დარეგისტრირდა. საბოლოოდ, ორ ეტაპიანი, კონკურსის შემდეგ კი 310 სტუდენტი შეირჩა.

სამი თვის განმავლობაში სტუდენტებს თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები სრულიად უფასოდ შეასწავლიან: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, გრაფიკული დიზაინს, UI/UX დიზაინ, მეწარმეობის და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, ციფრულ მარკეტინგს და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO.

თიბისი კამპუსში გავლილი კურსები სტუდენტებს საბაზისო ცოდნას მისცემს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. თიბისი კამპუსის ბიზნეს კურსების პარტნიორია „კოლაბი“.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევით, მთავრობის ეფექტურობით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყნის Top 40-ში 35-ე ადგილზე მოხვდა

„მთავრობის ეფექტურობით“ მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 77.8% მიიღო, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის დაწინაურდა და Top 40-ში მოხვდა 35-ე ადგილზე. მონაცემებს „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ აქვეყნებს.

კერძოდ, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის წევრ 12 და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ლატვია, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო.
კავკასიასა და შავიზღვისპირეთში საქართველო პირველ ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ლიეტუვას და ესტონეთს ჩამორჩება.

კვლევაში კორუფციის კონტროლის მონაცემებიც არის ასახული. „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი სკალიდან 71,2% მიიღო და კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილზე გავიდა.
კორუფციის კონტროლით (მათ შორის ელიტური კორუფციისგან თავისუფლებით) საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 10 ქვეყანას , ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს. ეს ქვეყნებია: იტალია, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი და ა.შ. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

გლობალური მმართველობის ინდიკატორების ამ მეგა კვლევაში საქართველო „კორუფციის კონტროლის“ აგრეგატში 9 საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა შეაფასა. სადაც საქართველო საუკეთესო ოცეულებში, ან ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა 9-დან 7 ორგანიზაციის შეფასების მიხედვით.

კანონის უზენაესობის შეფასების ნაწილში კი საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია ჰერცოგოვინა. კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ და შავიზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება.

კვლევაში შესულია რეგულაციების ხარისხის შესახებ მონაცემებიც. რეგულირების ხარისხის მიხედვით საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 79.7 ქულა აიღო, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 32-ე, მათგან კი ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზე გავიდა.

„კარგი მმართველობა აუცილებელია განვითარებისთვის. ის ეხმარება ქვეყნებს გააუმჯობესონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან ადამიანური კაპიტალი და გააძლიერონ სოციალური ერთიანობა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (WGI) შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მკვლევრებს და ანალიტიკოსებს შეაფასონ მმართველობის აღქმის ფართო სქემები ქვეყნებში და დროთა განმავლობაში.

WGI აგროვებს 30-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფირმების მონაცემებს მთელ მსოფლიოში, შერჩეული სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე: 1) ისინი დამზადებულია სანდო ორგანიზაციების მიერ; 2) ისინი აწვდიან შესადარებელ მონაცემებს ქვეყნებს შორის; და 3) ისინი რეგულარულად განახლდება. მონაცემები ასახავს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ათიათასობით გამოკითხვის რესპონდენტისა და ექსპერტის მმართველობის შესახებ განსხვავებულ შეხედულებებს”, – ნათქვამია კვლევის მიმოხილვაში.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო.

თიბისის სტაჟირების პროგრამაზე 1 020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა

თიბისის სტაჟირების პროგრამამ, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად აცხადებს,  ტრადიციულად წელსაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. თიბისის სხვადასხვა მიმართულებაში სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა.

შერჩევის პირველი ეტაპი, ტესტირება, 700-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, გრძელდება. ფინალში გადასული საუკეთესო კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას თიბისიში 2025 წლიდან გაივლიან.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, 6-დან 12 თვემდე პერიოდში, თიბისის გუნდის  წევრები გახდნენ და რეალურ დროსა და სივრცეში მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საინტერესო პროექტის მართვასა და მათ დამოუკიდებლად განხორციელებაში, ისწავლონ წამყვანი პროფესიონალებისგან და კარიერაში პირველი დიდი ნაბიჯები გადადგან. პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები ყველა იმ უნარსა და ცოდნას შეიძენენ, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაში, სამომავლოდ კი, დასაქმებაში დაეხმარებათ, როგორც თიბისიში, ისე – მათთვის საინტერესო ნებისმიერ სხვა საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიაში.

თიბისის სტაჟირების პროგრამა მრავალფეროვანია და მასში მონაწილეობა სხვადასხვა  მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.  

  • ფინანსები
  • ბიზნესი
  • მაკროფინანსური ანალიზი
  • ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი
  • მონაცემთა ანალიზი
  • იურიდიული მიმართულება
  • ადამიანური კაპიტალი
  • გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხები (ESG)

“განვითარებაში ყველაზე მეტად ჩვენივე შემოსაზღვრული ჩარჩოები გვიშლის. მათი გარღვევა და ამ ბარიერების დანახვა გვიჭირს, არადა, წარმატებისთვის ყველაზე მთავარია და ვფიქრობ, ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, სხვა ყველაფერთან ერთად, თიბისიში ყველაზე კარგად ამას სწავლობ. ამიტომაც, თიბისი კარიერული დებიუტისთვის ყველაზე სასარგებლო ადგილია”, – მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი

თიბისის სტაჟირების პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს,  მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, ვისაც საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და გამოირჩევა ცნობისმოყვარეობითა და გაბედულობით.

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა.

„ასევე, ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას განვიხილავთ“, – ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება, ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაერო-ს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.

„აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ იგი გავაღრმაოთ. სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად ჩვენი პრიორიტეტების განხორციელება უნდა გავაგრძელოთ, ძლიერი და სუვერენული ევროპის მშენებლობისკენ აქტიურად ვიმუშაოთ“, – აღნიშნავს შარლ მიშელი.

ასევე, დღეს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 47 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო მიიღებს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის, არალეგალური მიგრაციისა და გლობალური ვაჭრობის საკითხების შესახებ იმსჯელებენ.

ზურაბ ჯაფარიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას – პროკურორი

მოწმემ [ზურაბ ჯაფარიძემ] მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას – რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია, – ამის შესახებ პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული სახელები და გვარები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში გამოკითხულ არც ერთ პირს არ დაუსახელებია.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება ყველა ის პირი, რომელიც რაღაც ინფორმაციას ფლობს საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო დარღვევებთან, ან გაყალბებასთან დაკავშირებით. დღევანდელმა მოწმემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას. რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მოწმის ინფორმაციას, რომელიც მან მოგვაწოდა, გავაანალიზებთ და ამის საფუძველზე დავგეგმავთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს.

ამ ეტაპზე მოწმეები, რომლებიც გამოვკითხეთ, ანუ პირველი წყარო, ვინც აკეთებდნენ განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კონკრეტული სახელი და გვარი არც ერთ მოწმეს არ დაუსახელებია. როდესაც გამოძიება მოახდენს კონკრეტული დამკვირვებლების იდენტიფიცირებას, არის უამრავი ადამიანი, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სექტორში, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გამომდინარე, დავიბარებთ, გამოვკითხავთ, ან დავკითხავთ სასამართლოში,” – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გუშინ, “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია დაიკითხნენ.

როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში – განახლებული პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება. ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ხოლო დღის საათებში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს: დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +10, +15 გრადუსამდე.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,+2, დღისით კი +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -1, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -11, -16 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა შიდა ქართლში -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა 0, -2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -5, -10 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -12, -17 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გოდერძის უღელტეხილზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გოდერძის უღელტეხილზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

“ავერსის კლინიკაში” “გამა ნაიფის” (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა

6 ნოემბერს „ავერსის კლინიკაში“ გაიმართა გამა ნაიფ ესპრიტის (Gamma Knife Esprit) ოფიციალური პრეზენტაცია. გამა ნაიფი (Gamma Knife) არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და უსისხლო რადიოქირურგიული მეთოდი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობის ოქროს სტანდარტს.

„ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც მკურნალობის ეს ყველაზე თანამედროვე მეთოდი დანერგა. გამა ნაიფის (Gamma Knife), მისი უნიკალური შესაძლებლობებისა და საუკეთესო შედეგების გამო, მსოფლიოს წამყვანი კლინიკები ირჩევენ. ამ რადიოქირურგიული მეთოდით წელიწადში 90 000-მდე პაციენტი იკურნება.

გამა ნაიფით (Gamma Knife) მკურნალობენ:

  • თავის ტვინის კეთილთვისებიან სიმსივნეებს:
  • თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს;
  • სამწვერა ნერვის ნევრალგიას;
  • ტვინის არტერიოვენურ მალფორმაციას;
  • ნებისმიერ სიმსივნეს, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციაზე;
  • ეპილეფსიის განსაზღვრულ ფორმებს;
  • ესენციურ ტრემორს.

პროცედურის დროს რადიაქტიური სხივები კონად იკრიბება და დაზიანებული ქსოვილისკენ მიემართება მის გასანადგურებლად. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სხივები არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს.

გამა ნაიფით (Gamma Knife)  მკურნალობის უპირატესობები:

  • არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც არ მოითხოვს განაკვეთს, შესაბამისად, არ ტოვებს ნაიარევს თავის ქალაზე;
  • მინიმალურია ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი;
  • მკურნალობა სრულდება ერთ სეანსში;
  • პაციენტთა უმრავლესობა შინ ბრუნდება პროცედურიდან რამდენიმე საათის შემდეგ და მეორე დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს;
  • უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის.

გამა ნაიფი (Gamma Knife) – ვისაც ყველაზე ძვირფასს, გონებას ანდობ!

ღონისძიებას ესწრებოდნენ:

„ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე;

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი- მიხელ სარჯველაძე;

„ავერსის კლინიკის“ დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე;

Gamma Knife-ის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი;

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები;

მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები;

ჰოლდინგ „ავერსის“ წარმომადგენლები.

7 ნოემბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, იმ ბოროტების მანქანის მსახური ადამიანები აუცილებლად იყვნენ აღმოფხვრილი ქართული პოლიტიკიდან – ნინო წილოსანი

პოლიტიკოსები 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებენ. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

„საბედნიეროდ, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო გამარჯვებულია იმ ძალაზე, რომელიც იყო 7 ნოემბრის შემოქმედი, თუმცა, სამწუხაროდ, ამავდროულად, ამ 7 ნოემბრის შემოქმედები ჯერ კიდევ არსებობენ ქართულ პოლიტიკაში. 7 ნოემბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ამ სისტემის შემქმნელი, სახელმწიფოს დამაქცეველი და იმ ბოროტების მანქანის მსახური ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ აღმოფხვრილი ქართული პოლიტიკიდან“, – აცხადებს წილოსანი.

პრემიერ-მინისტრი იწყებს ვიზიტს უნგრეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაში – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება. ღონისძიების მნიშვნელობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განმარტა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს ვიზიტს უნგრეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაში, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია ზოგადად, რომელიც პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით შეიქმნა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მექანიზმი, იმისთვის რომ პოლიტიკურად ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნები კიდევ უფრო მეტად დავახლოვდეთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

,,სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ფარულობის უფლების დარღვევაზე გრძელდება”- საიას თავმჯდომარე

ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე FACEBOOK-ზე წერს, რითაც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ეხმაურება.

როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, სააპელაციო სარჩელის განხილვისას ექსპერიმენტის ჩატარებისას „ცესკოს დახელოვნებულმა სპეციალისტმა“, ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.

„სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ფარულობის უფლების დარღვევაზე გრძელდება. საყურადღებოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინ გამართულ სხდომაზე უკვე დასრულებული აქვს საქმის განხილვა, თუმცა, გადაწყვეტილებას არ აცხადებს. ბოლო მონაცემებით, 18:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, არ აცხადებს. სავარაუდოდ, ელოდებიან რას გადაწყვეტს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

რაც შეეხება თბილისში მიმდინარე სხდომას. აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ოლქი წარმოდგენილია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ.

სხდომის დასაწყისში, ცესკოს იურისტებმა თეთრიწყაროში საიას მიერ მოგებული საქმის გაბათილების მიზნით პროცედურების დარღვევით დააყენეს საკითხი, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საქმე, რადგან მისი ცოლი facebook-ზე კრიტიკულ პოსტებს წერს. ცოლის მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველი იყოს. გარდა შინაარსობრივი დაუსაბუთებლობისა, პროცედურულადაც არასწორია ამ საკითხის სააპელაციო სასამართლოში დაყენება, რადგან მათ მოსამართლის აცილება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებიათ.

ეს კარგად იცის ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა, თუმცა, ამ სისულელის დაყენება მათ დასჭირდათ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიეცათ სამართლებრივი ბერკეტი, ეთქვა, რომ რადგან მხარე მოსამართლის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ხელახლა უნდა ჩატარდეს.

სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენის აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.

ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს. სხდომა გრძელდება“, – წერს ქურდოვანიძე.

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული და მოვლენებით სავსე დღე გელით. რომ არ გადაიღალოთ უფრო ხშირად უნდა დაისვენოთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანოთ. საბოლოო წარმატება თქვენი რეაქციის სიჩქარეზეა დამოკიდებული. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღებას ნუ გააჭიანურებთ. ეცადეთ საღამოს გაერთოთ და პრობლემები დაივიწყოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ კომპრომისებისა და დათმობის გზით მიზანს უფრო სწრაფად მიაღწევთ.

კურო

იმისთვის, რომ თქვენი დღე წარმატებული იყოს, რთულ სიტუაციაში კომპრომისის პოვნა უნდა შეძლოთ. ურთიერთობა ადვილი არ იქნება, მაგრამ ეცადეთ, ოპონენტებს დაუთმოთ. მოერიდეთ კამათს და მოსაუბრეზე ზეწოლას. სასურველია, დღის განმავლობაში ურთიერთობები შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ და დისტანციურად იმუშაოთ. ამ რთულ სამუშაო დღეს გადაღლა რომ თავიდან აიცილოთ, პერიოდულად საქმეს უნდა მოწყდეთ და დაისვენოთ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენთვის პირადი და ოჯახური ურთიერთობები პირველ ადგილზეა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი, საინტერესო პროექტის დასაწყებად. გადაწყვეტილებები ფრთხილად, მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ. ამ დღეს აჩქარებას შეიძლება, სერიოზული შეცდომები მოჰყვეს.

კირჩხიბი

ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ, რომ დაგეგმილი საქმე დროულად დაასრულოთ და საქმიანი კავშირები გააძლიეროთ. გაუფრთხილდით დროს და უსარგებლო საქმეზე ნუ დახარჯავთ. ახალ ნაცნობებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ.

ლომი

ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. კოლეგებს და მეგობრებს ბევრი საქმე აქვთ და თქვენს დასახმარებლად არავის სცალია. სიჯიუტე და შეუპოვრობა ყველა სირთულის დაძლევაში და სასურველი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ თქვენი წარსული გამოცდილება და ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. ადამიანებზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ახდენთ და ეცადეთ, ეს თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ქალწული

ბედი სასიამოვნო სიურპრიზებსა და საჩუქრებს გიმზადებთ. დახმარების თხოვნაზე უარი არავის უთხრათ. გირჩევთ, საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები თუ საქმიანი დისკუსიები სხვა დღისთვის გადადოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით – მისი შესრულების დროა.

სასწორი

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და რთულ სიტუაციაში გამოსავალს დაგანახვებთ. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ. იმედს ნუ გაუცრუებთ მათ, ვისაც თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდება. შესაძლოა, თანამშრომლობაზე საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

მორიელი

ნუ აჩქარდებით, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც ფინანსურად დაგაზარალებთ. ეცადეთ, საჭირო ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და მიზნებს უფრო სწრაფად მიაღწევთ. გადაწყვეტილების მიღებისას ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. გირჩევთ, სამსახურის შემდეგ ხმაურიან ადგილზე წახვიდეთ, მეგობრებთან ერთად გაერთოთ და ემოციურად დაიმუხტოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანების სიტყვებს უფრო ყურადღებით მოუსმინოთ და მათი სურვილები გაითვალისწინოთ. გარშემო მყოფები თქვენს შემოქმედებით აზროვნებას ძალიან აფასებენ და შესაძლოა, თანამშრომლობის მოგებიანი შეთავაზებები მიიღოთ. შუადღე ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა არ დაუშვათ.

თხის რქა

ეცადეთ, სამუშაოს შემოქმედებითად მიუდგეთ, რომ მენეჯმენტსა და კოლეგებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ შეძლოთ ის, რაც აქამდე მიუღწეველი გეგონათ. გირჩევთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ან დისკუსიები შუადღისთვის დაგეგმოთ, როცა საჭირო სიტყვების პოვნას და კამათში საკუთარი პოზიციის დაცვას ადვილად შეძლებთ.

მერწყული

ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ მაღაზიების შემოვლა სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან ამ დღეს შეიძლება უამრავი უსარგებლო ნივთი იყიდოთ და ფული წყალს გაატანოთ. სამსახურში სადავო საკითხები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება და ქებას დაიმსახურებთ. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ძველი უსიამოვნო და მომაბეზრებელი საქმე დაასრულოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მოკავშირეები იპოვოთ.

თევზები

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ, ძალიან ფრთხილად იმოქმედოთ და ყოველ მომდევნო ნაბიჯზე იფიქროთ. სხვა შემთხვევაში შეიძლება შეცდომა დაუშვათ, რომლის გამოსწორება რთული იქნება. ეს დღე ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელია – შესაძლოა, საქმის ბოლომდე მისაყვანად ენერგია არ გეყოთ და შუა გზაზე მიატოვოთ.