Home Blog Page 28

 ,,ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ დიდი ისტორიული ტრადიციები გვაქვს”- პრემიერი

ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძლევიჯვარში განაცხადა, სადაც ქართული ჭიდაობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს  დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია.

 „ჭიდაობა არის ჩვენი სიამაყე. დღეს რომ ამხელა წარმატება გვაქვს ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები. მე მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, დღევანდელი ტურნირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა გამარჯვებულს, ყველა პრიზიორს, ყველა ჩემპიონს მინდა, მივულოცო და ყველა ორგანიზატორს მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც ხელს უწყობს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის გაგრძელებას. მინდა, მადლობა გადავუხადო სლავა შერაზადიშვილს, რომელიც იყო ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, ქართული ჭიდაობის ფედერაციას, ყველას, ვინც ამ საქმეს უძღვება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ინკასატორების დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ქალაქ პოზნანის პოლიციის ინფორმაციით, ქართველების დაჯგუფება 2018 წლიდან ჩადიოდა დანაშაულს. საერთო ჯამში ზარალი ხუთ მილიონ ზლოტს აღწევს. დამნაშავეების დაკავებაში პოლონელ სამართალდამცველებს ქართული მხარე ეხმარებოდა.

“გამოძიების მსვლელობისას პოზნანის პოლიციას მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა პოლიციის ატაშემ, პოლკოვნიკმა გიორგი გამსახურდიამ, რომელმაც შეაგროვა ბევრი ღირებული ინფორმაცია და გადასცა პოზნანის კრიმინალურ პოლიციას”, – ვკითხულობთ პოზნანის პოლიციის განცხადებაში. ბრალდებულებს ოც წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

,,ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გადაუცია”- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 

.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. აღნიშნულის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

„კიდევ ერთხელ, აშშ და E3 მოქმედებენ გაუმართავი დაზვერვისა და მცდარი ლოგიკის საფუძველზე. ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ მიუწოდებია. წერტილი. სანქციების მომხრეებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, როგორ შეუძლია ირანს, აწარმოოს და გაყიდოს ასეთი იარაღი? სანქციები არ არის გამოსავალი, არამედ პრობლემის ნაწილია“, – წერს აღაჩი.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ (E3) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ. ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა ირანსა და რუსეთს სანქციები დაუწესა. რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანს სანქციები დაუწესა აშშ-მაც.

ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს -ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევია. უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს“, – აღნიშნა მან ყირიმის პლატფორმის ლიდერების მეოთხე სამიტისთვის ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყირიმელი თათრები უკვე რვა ათწლეულია განიცდიან ტკივილს. ერდოღანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ყირიმელი თათრების უფლებას ცხოვრებაზე საკუთარ სამშობლოში.

მისი თქმით, მისი სურვილია, რომ ომი უკრაინაში დასრულდეს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობით, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე იქნება აგებული.

ივანიშვილის პრეზიდენტობას გამოვრიცხავ, მას არ აინტერესებს თანამდებობა, რაც თავის დროზე დაამტკიცა, აინტერესებს თავისი სამშობლო -მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტად დასახელებას გამორიცხავს.

მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რატომ ჩაეწერა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველ ნომრად? ხომ არ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა, ის იყოს დასახელებული პრეზიდენტად?“

„შემიძლია, აბსოლუტურად გამოვრიცხო, რომ პრეზიდენტი იყოს და ა.შ. კაცს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში, თქვა გარკვეული თარიღი, დრო, გავიდა პოლიტიკიდან თავის დროზე და შემდეგ მობრუნება მოუწია, რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ?! აბსოლუტურად არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, თავის დროზე დაამტკიცა თავისი მოქმედებით, ამ კაცს აინტერესებს თავისი სამშობლო და სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით – ეს არის ამ არჩევნების მნიშვნელობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტეს, ის იყოს სიის პირველი ნომერი.

„ამაში არის რეალობაც, ამაში არის პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, ამაში არის გარკვეული სიმბოლიზმიც, ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია. ეს გამომდინარეობს მნიშვნელობის მინიჭებიდან – ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, და უპირველესად მისი თანხმობით, რომ სიის პირველი ნომერი იყოს. მათ შორის, ეს იყო ჩვენი თხოვნაც, რომ ხაზი გაესვას ამ ყველაფერს, ამ არჩევნების მნიშვნელობას. ქუდი რომ დავიხუროთ, ახლა სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლება ვერ მოვიპოვოთ. ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს, აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა. ჩვენ ამათ, პატარა პარტიებს კი არ ვეჭიდავებით პოლიტიკურ ველზე, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე, ესენი არავინ არიან აქ, მართლა არავინ არიან, განულებულები არიან პოლიტიკურ ასპარეზზე. უბრალოდ, მათ ჰყავთ პატრონები, რომლებიც ყოველდღიურად რაღაც-რაღაცებს გარედან უზრუნველყოფენ და ეს რაღაც-რაღაცები, მათი განცხადებები და მოქმედებები იქცა ხავსად წყალწაღებულებისთვის. მათ შანსი არ აქვთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა როგორც ბევრი რამ პოზიტიურად და დადებითად გადაწყვიტა, ასევე გვინდა, რომ გადაწყვიტოს. ეს ჩვენი საარჩევნო სურვილია. დიახ, მათ შორის ამიტომ არის სიის პირველი ნომერი, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რათა ავიღოთ მყარი გარანტია ამ ქვეყანაში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ – სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია -გიორგი ქოჩორაშვილი

ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი.

„როგორც გუნდი, ჩვენ მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ვიყოთ მაგალითი მათთვის, ვინც გვიჭერს მხარს, რადგან ვიცით, რომ ნამდვილი ძალა არ არის იმაში, რასაც მარტო ვაკეთებთ, არამედ, მაშინ ვართ ძლიერები, როცა ერთად ყოფნით რაღაც დიდს ვაღწევთ.

სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით, სანამ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ბრძოლა ღირს და ეს ვიღაც მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარია და ჩვენ არასდროს დავნებდებით!“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

https://www.facebook.com/Kochora14/posts/pfbid0VswdixVG9wnWy71BYibtM5mEYwJi765x3YdmVadNvh4mA7jw7kKaEqqdSR6nCqbwl

სიის ოცეულში მყოფი ადამიანების მიმართ იყო ფაშისტური ბულინგი, მაგრამ მათ ზუსტად იციან, სად დგანან, ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს და ბულინგს არ დაექვემდებარებიან -მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შედგენისას მთავარი კრიტერიუმებია სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და ღირსება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიციას განახლების რესურსი არ აქვს.

„ხედავთ ისევ იმ ძველ, გაცვეთილ სახეებსა და ადამიანებს, რომლებსაც ლიდერებად არჩეული ჰყავთ სხვადასხვა ცუდ საქმეზე ნასამართლევი ხალხი. ერთ მხარეს გვყავს სააკაშვილის, 5 ნომრის ლიდერი, რეალურად, საქართველოს მოქალაქეც რომ არ არის, სხვადასხვა დანაშაულზე ნასამართლევი ხალხი სხვადასხვა პარტიის ლიდერებად გვევლინებიან, ხოლო აქეთ არიან ადამიანები, რომლებსაც გამოარჩევს პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, ღირსება. ერთგულად მსახურობდნენ და პოლიტიკაშიც გააგრძელებენ თავისი ქვეყნის მსახურებას. ადამიანები, რომლებთანაც ასოცირდება საკუთარი ქვეყნით, საკუთარი სამშობლოთი სიამაყე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, საარჩევნო სიის ოცეულში მყოფი პირების მიმართ განხორციელდა ფაშისტური ბულინგი, თუმცა ამ ადამიანებმა ზუსტად იციან, სად დგანან და ბულინგს არ დაექვემდებარებიან.

„ჩვენ ვნახეთ ორი მხარე. ერთ მხარეს იყვნენ გახარებული ადამიანები, რომ მათი მხარდაჭერილი პარტია, პარტია, რომელიც ნდობას იმსახურებს, განახლდა იმ ადამიანებით, რომლებითაც ისედაც ამაყობდნენ. ვნახეთ დიდი ენთუზიაზმით გამოხატული ემოციები, მათ შორის სოციალურ ქსელებში. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, ამომრჩეველს, ობიექტურად მოფიქრალ ადამიანს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდება ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ჟიული შარტავას შვილიშვილი და ა.შ. ახალი წარმატებული სახეები „ქართული ოცნების“ რიგებში. ეს ბუნებრივი ამბავია, მაგრამ რამდენადაც ჩვენს მხარდამჭერებს, ობიექტურ ადამიანებს გაუხარდათ, სამწუხაროდ, იმდენად გამწარდნენ აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერებიც, ძირითადად, მათი ლიდერები. იკადრეს უკადრებელი, მაგრამ ხომ უნდა დაუშვა, რომ ლაშა ტალახაძის, გენო პეტრიაშვილის და ასეთი ხალხის დაბულინგება არ შეიძლება. ისინი მარტო ფიზიკურად კი არ არიან ძლიერი, ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძლიერები არიან. არ არსებობს ჩვენს გუნდში ადამიანი, არ არსებობს იმ ოცეულში ადამიანი, რომელიც არ არის მყარი ფსიქიკის და ასეთ სისულელეებს, მდაბიო, გოიმურ, მარაზმამდე დასულ ბულინგს დაექვემდებარება. ჩვეულებრივი აგენტურული, ფაშისტური ბულინგი იყო მათ მიმართ, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, სად არიან, რას ემსახურებიან, რომ ეს არის საკუთარი სამშობლო. ამას ემსახურებოდნენ და მის მსახურებას გააგრძელებენ. ამიტომ ეს სულელური, გოიმური, ფაშისტური ბულინგები არის ისეთივე წარმავალი, როგორიც მათი არგუმენტები. ისევეა ჰაერში, როგორც მათი არგუმენტები.

რომ ამბობენ, პოლიტიკა სპორტსმენების საქმე არ არისო, თუ შეიძლება მითხრათ, რომელი პროფესიის საქმეა პოლიტიკა. მე ადვოკატი, იურისტი ვიყავი და იურისტის საქმე არის პოლიტიკა, ცალკე აღებული? მაშინ უნდა დავრჩენილიყავი მეც ადვოკატად. შემთხვევით კი არ მითქვამს გოიმური, ეს არის მათი ვორდინგის მთელი მარაზმი და რაღაცებს იგონებენ. პოლიტიკა არის ყველას საქმე – სპორტსმენის, იურისტის, ექიმის, ყველას საქმეა, ვინც გადაწყვეტს და ვისთანაც შედგება კონსულტაცია, რომ მან პოლიტიკაში გააგრძელოს თავისი ძალიან წარმატებული კარიერა. პოლიტიკა ეხება ყველას, ყველა ადამიანს.  სპორტსმენის საქმე არ არის, იურისტის საქმე არ არის, ექიმის საქმე არ არის – აბა, ვისი საქმეა? ხვალ რომ გადაწყვიტოთ რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, ამისთვის ვიღაცებმა ფაშისტური ბულინგი უნდა მოგიწყონ? ხომ წარმოუდგენელი ამბავია. ეს არის გოიმობა, მარაზმი და წარმოუდგენელი ლოგიკა, რომელიც გამწარებულმა, გადაფსიხებულმა აგენტურამ გუშინ ამოანთხია სოციალურ ქსელში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ გუშინ, 10 სეტქემბერს საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6959 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9786 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9755 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0031 ლარი შეადგინა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ნიკოლოზ ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ნიკოლოზ ჩიქოვანი უხელმძღვანელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ ჩიქოვანი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

„ცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. უწყების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სადისპეტჩერო დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სხვადასხვა წლებში ნიკოლოზ ჩიქოვანი ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობამდე ცენტრის ახალი დირექტორი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობდა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი დეზინფორმაციის წყაროდ იქცა -ანრი ოხანაშვილი

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი დეზინფორმაციის წყაროდ იქცა, – ამის შესახებ  საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილი ახმოვანებს არა ხალხის განწყობებსა და სურვილებს, არამედ დავალების მიმცემების ოცნებებსა და ფანტაზიებს.

„სწორედ ეს არის, რაც მას უხერხულ და ისტორიულად მძიმე მდგომარეობაში აყენებს. თუ ის დასკვნების სწორად გამოტანას ვერ შეძლებს, ის ჩვენს ისტორიაში დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ შევა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ და, გამოკითხვების მიხედვით, 25 პროცენტზე მეტს ვერ იღებენ“.

თიბისი სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგს გთავაზობთ

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

პარასკევს, 13 სექტემბერს 11:00 საათზე, ონლაინ შეხვედრის რეჟიმში, სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის შესახებ ტრენინგს ჩაატარებს ინგა ცერცვაძე, Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი.
2 საათიანი ონლაინ ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• ზოგადი მოთხოვნები საკვები ობიექტის მიმართ
• HACCP-ის ისტორია
• წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები
• კარგი წარმოების პრაქტიკა
• კარგი ჰიგიენის პრაქტიკა
• საკვებით მოწამვლა
• საკვებთან დაკავშირებული საფრთხეები
• ალერგენები
• ჯვარედინი დაბინძურება
• 5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათის წარმოებისთვის
• რისკების კონტროლი სამზარეულოში
• HACCP-ის 12 საფეხური
• HACCP-ის სისტემის უპირატესობის დადგენა

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:

სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

(R)

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისტორიული მარცხის წინაშე დგას -ანრი ოხანაშვილი

მსგავსი განცხადებები იმისთვის კეთდება, რომ თავად განწყობა შეიქმნან, თითქოს მათ რაიმე მცირე რესურსი მაინც აქვთ რაღაც წარმატების, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ოხანაშვილის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისტორიული მარცხის წინაშე დგას.

„ამ ადამიანებმა უნდა მოიფიქრონ, ეს ყველაფერი როგორ გადაფარონ. ამიტომ მათ გზავნილები, მესიჯბოქსი შეიმუშავეს, რომ თურმე 25 პროცენტი გვაქვს და ისინი იმარჯვებენ. რაში სჭირდებათ ასეთი აჟიოტაჟი, თუ „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ვერ შეძლებს? ეს ყველაფერი არის დავალებების შესრულება და სხვა არაფერი. ისინი მარცხისთვის განწირული არიან და ამიტომაც სჭირდებათ გზავნილები, რითიც მხარდამჭერებს რაღაც იმედის ნაპერწკალი გაუჩინონ, რომ მცირე ამომრჩეველში მუხტი აწიონ. ეს არის პრიმიტიული გზავნილი, ამომრჩეველი კი არ ტყუვდება. სჯობს, ისტორიული მარცხისთვის მოემზადონ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ და, გამოკითხვების მიხედვით, 25 პროცენტზე მეტს ვერ იღებენ“.