Home Blog Page 28

26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის და შევქმნათ საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი -ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის და შევქმნათ საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის არა უბრალოდ არჩევნები, არამედ გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, სურს ომი თუ მშვიდობა, მხარს უჭერს ამორალურ პროპაგანდას თუ ტრადიციულ ფასეულობებს.

„აჭარა და ბათუმი თითოეული ქართველისთვის არის ის მხარე და ქალაქი, რომლის მიმართაც ყველას განსაკუთრებული სიყვარული გვაკავშირებს. მიხარია, რომ დღეს ეს მხარე და ეს ქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 12 წლის წინ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აჭარა და ბათუმი კიდევ უფრო გალამაზდეს და განვითარდეს. ამისათვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია შევინარჩუნოთ მშვიდობა, და მტკიცედ და ღირსებით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

ორი კვირა გვაშორებს გადამწყვეტ არჩევნებამდე, რომელსაც რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის არა უბრალოდ არჩევნები, არამედ გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, სურს ომი თუ მშვიდობა, მხარს უჭერს ამორალურ პროპაგანდას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს.

რა თქმა უნდა, მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელ მომავალს, და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არა აქვს. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ გადამწყვეტი არჩევანი, რომელიც საქართველოს მშვიდობას შეუნარჩუნებს და განვითარებას მოუტანს.

2012 წლამდე საქართველოს მართავდა უცხოური აგენტურა, უსამშობლო პოლიტიკოსების ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით დაგვამახსოვრა თავი. ამ უმძიმესი დანაშაულების პარალელურად, რეჟიმი ვერც ეკონომიკური მიღწევებით გამოირჩეოდა და 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მათგან უმძიმესი მემკვიდრეობა გადაიბარა.

2012 წელს მხოლოდ 28 მილიარდი ლარი იყო საქართველოს ეკონომიკა და 8.5 მილიარდი ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი. უმუშევრობა შეადგენდა 28 პროცენტს, საშუალო ხელფასი კი – 712.5 ლარს შეადგენდა. სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1,120,000 ჩვენი თანამოქალაქე. არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მოშლილი იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ა.შ.

უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად შეძლო ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებით შემოტრიალება:

ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ, 2028 წლისთვის კი, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება;

8.5 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც 2028 წელს 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს;

გავანახევრეთ უმუშევრობა. მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა 170,000 ახალი სამუშაო ადგილი ქვეყანაში, 2028 წლის ჩათვლით კი, დამატებით 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება;

ხელფასი როგორც უკვე ვთქვი იყო 712.5 ლარი 2012 წელს და საშუალო ხელფასმა უკვე გადააჭარბა 2 000 ლარს ქვეყანაში, რომელიც 2028 წელს 3,500 ლარს მიაღწევს;

2012 წლის შემდეგ, 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით, სიღარიბეს დამატებით 300,000-მდე ადამიანი დაძლევს და სიღარიბე 4 %-ს ჩამოსცდება;

მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში, 5 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კი, 9 მილიარდი დოლარის უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ;

თქვენ გახსოვთ წინა ხელისუფლება თავს იწონებდა ინფრასტრუქტურის მშენებლობით და მე მინდა გითხრათ, რომ 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ კი, ქვეყანაში 300 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. უკვე მომავალ წელს დასრულდება თბილისი-ბათუმის ავტობანის მშენებლობა, რის შემდეგაც ბათუმიდან თბილისამდემგზავრობის დრო სამ საათამდე შემცირდება. ასევე, მომავალ წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაც;

სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გაფართოვდა 800 საწარმო. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გაგრძელდება ბიზნესის მხარდაჭერა, დამატებით ასობით ახალ საწარმოს და 70,000 სამუშაო ადგილსშევქმნით;

სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2012 წლის შემდეგ, 2-ჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანობაში 3 მილიარდი გამოიყოფა;

სწრაფი ტემპით ვითარდება ტურიზმი, რაც აჭარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2028 წლისთვის ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს;

2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო გახდება, ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა;

2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი მთის ფონდისთვის, ხოლო 200 მილიონი – მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის;

2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გავზარდეთ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, რომელთა ზრდა მომდევნო წლებშიც სწრაფად გაგრძელდება;

2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს ბუნებრივი აირით მოსახლეობის 93% იქნება უზრუნველყოფილი, 2028 წლისთვის გაიზრდება 95%-მდე. 15-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ინვესტიციები წყალმომარაგებაში. მომავალ წელს 24-საათიან წყალმომარაგებაზე წვდომა ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება;

2012 წლამდე, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, 2012 წლის შემდეგ კი, 109 იუსტიციის სახლი აშენდა, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე დამატებით 12 იუსტიციის სახლი გაიხსნება, რითაც მთელი ქვეყანა დაიფარება სრულად;

2012 წლის შემდეგ, 4-ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება. საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულიად უფასო და შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ავაშენეთ 174 სკოლა და დავასრულეთ 1 000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მომდევნო ოთხ წელიწადში კი, 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება;

4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება და როგორც მოგეხსენებათ შედეგები სახეზეა, ხვალ ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, სპორტში ჩვენი ინვესტიციების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ბათუმის ახალი სტადიონია. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ საფეხბურთო ტრადიციების მქონე ეს ქალაქი სტადიონის საერთოდ გარეშე დატოვა, დაანგრიეს ის სტადიონი, რომელიც ქალაქს ჰქონდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბათუმისთვის ახალი, ულამაზესი სტადიონი არ ააშენა;

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა, 72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1-ელი იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის – 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის. 35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, საცხოვრისს დამატებით 6 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ეს არის ჩვენი მიღწევებისა და 4-წლიანი გეგმების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი. ქვეყნის წინსვლაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვცა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ, რომლისთვისაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.

26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის და შევქმნათ საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ, რათა ოკუპაციასთან ერთად, ჩვენი მთავარი გამოწვევა,  სიღარიბე სამუდამოდ დავძლიოთ -ბიძინა ივანიშვილი

მნიშვნელოვნად შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა გვესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ, რათა ოკუპაციასთან ერთად, ჩვენი მთავარი გამოწვევა – სიღარიბე სამუდამოდ დავძლიოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა, რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგებიც.

„საერთო ჯამში, 2012 წლის პირველ ოქტომბერს არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით! ამაზე ძალიან ბევრი ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, მე მინდოდა, შემეხსენებინა, რომ სამი დღის წინ გამოსვლა მთავრობასთან ერთად, იყო ძალიან შთამბეჭდავი, დღესაც ძალიან კარგად მოგახსენათ, თუ რამდენი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით. მაგრამ, გარდა პრემიერის გამოსვლისა და შიდა მიღწევებისა, რომელსაც თქვენ ხედავთ, კარგად შეიძლება ვნახოთ საერთაშორისო რეიტინგებიც. თუ ჩვენი არ სჯერათ, განსაკუთრებით ჩვენს ოპონენტებს – კრიტიკულად უყურებენ ყველაფერს, საერთაშორისო რეიტინგებს მაინც შეხედონ და რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ:

„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.  გახსოვთ, რომ ერთი პარტიის ბელადს, ბიუჯეტი საკუთარი ჯიბე ეგონა და ისე მოიხმარდა, როგორც საკუთარ ჯიბეს და დღეს პირველ ადგილზეა საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ, მსოფლიოს 125 ქვეყანასთან შედარებით

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. აბა გახსოვთ, სასამართლო როგორ იმართებოდა? – ხელისუფლების გავლენა იმდენად მცირეა დღეს, რომ საუკეთესო ათეულშია საქართველო ევროპაში.

ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა – გახსოვთ რაც ხდებოდა? გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში? გახსოვთ როგორ ძალადობდნენ? – 3 000 პრობაციონერი ჰყავდა საქართველოს მხოლოდ. დღეს საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში, რამდენადაც ის არ ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე და ეს საამაყოა, რა თქმა უნდა.

სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. თავისუფალი მოქალაქეები ქმნიან ბიზნესს, თავისუფალი მოქალაქეები ახერხებენ ქვეყანას წარმატება მოუტანონ და ნახეთ, როგორი შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. სიღარიბის გაუმჯობესებით, 12 წელში მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია საქართველო -ნუ დაგვავიწყდება ხალხო, რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში, ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს“, –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად -კახა კალაძე

აჭარა ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ასეა დღესაც , – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც მისი თქმით, დგას დღეს ქვეყანა.

“ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არა მხოლოდ საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ, ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარე ბათუმი იყო და რჩება პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკის ცენტრად. ეს ქალაქი ასევე გამორჩეულია თავისი ტოლერანტობით სხვადასხვა რელიგიის მიმართ. საუკუნეებია აქ ღვთისმსახურება ტარდება მართლმადიდებლურ ტაძრებში, მეჩეთებში, კათოლიკურ ეკლესიაში, სომხურ-გრეგორიანულ ეკლესიაში, სინაგოგაში.

ეს მრავალფეროვნება აჭარის სიძლიერე და სიმდიდრეა. სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები აქ ერთ ოჯახშიც ცხოვრობენ. სწორედ ეს ოჯახები ქმნიან სახელმწიფოს. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი საერთო საფიცარი არის საქართველო. ამდენად, ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ამ ქვეყნის აწმყოსა და მის მომავალზე.

გვახსოვს აჭარის მოსახლეობის ღირსეული პასუხი 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ხელისუფლებიდან,”- აღნიშნა კახა კალაძემ.

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ “დემოკრატიის შუქურად” იყო შეფასებული, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობაზე ხორციელდებიდა წარმოუდგენელი მასშტაბის ძალადობა.

“გვახსოვს, რეჟიმს, რომელიც მთლიანად ძალადობაზე იყო დაფუძნებული და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როგორ უწოდებდნენ ე.წ. დასავლელი მეგობრები “დემოკრატიის შუქურას”. ამ დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდებოდა უამრავი დანაშაული: ქუჩაში ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეები სავსე იყო დარეკეტებული, ქონებაწართმეული ბიზნესმენებით, დარბეული იყო მედია, სრულიად დაუცველი იყო, როგორც სიტყვის გამოხატვის, ისე არჩევანის უფლება. ეს ხდებოდა ღიად, დაუფარავად, ყველას თვალწინ 21-ე საუკუნეში, როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არსებობდა.

ამ ყველაფერს “დემოკრატიის შუქურად” აფასებდნენ დასავლეთში. რატომ? პასუხი მარტივია – კონკრეტულ უცხოურ ძალებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაატარებს მათ მიერ ინტერესს და პოლიტიკას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

ღალატი და დანაშაული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის წინაშე, სწორედ ამგვარი პოლიტიკით იყო ნაკარნახები. ის უდიდესი დარტყმა, რომელიც საქართველომ აგვისტოს ომით მიიღო, სიტყვებით შეუფასებელია. დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, სოფლები, წინაპართა საფლავები, საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა უამრავი ოჯახი, დევნილობაში დაიბადა და გაიზარდა თაობა. უმძიმესია ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას, თუ გვინდა რომ მოხდეს დეოკუპაცია და საქართველოს გაერთიანება. თუ გვინდა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვით იმართებოდეს სახელმწიფო.

ამისთვის კი საჭიროა, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თქვენი მხარდაჭერა, მაქსიმალური მობილიზება არის გადამწყვეტი საქართველოს ხვალინდელი დღისთვის. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად”, -განაცხადა კახა კალაძემ.

მან “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.

ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს -ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკო-მ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა.

როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკო-ს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის, ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი. კერძოდ, საუბარია დამატებით შვიდი უბნის გახსნის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებთან.

ხვალ ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცესკოში შემოსული წერილი, სადაც საუბარია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათ-განში შექმნილ ვითარებას და ამ სიტუაციაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.

დეტალურ ინფორმაციას სხდომის შედეგების და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ საზოგადოებას სხდომის დასრულებისთანავე მივაწვდით. მანამდე კი, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს, ნუ გამოიყენებენ საზღვარგარეთ ხმის მიცემის თემას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და ამომრჩევლის ინტერესებს“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პირადი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების, მუქარის მიუხედავად, პოლიტიკაში ჩართულიყო, მისი ქმედება ეროვნული საქმის მსახურების საუკეთესო მაგალითია -ირაკლი ღარიბაშვილი

26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს აჭარა და გაიმარჯვებს საქართველო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, ჩემი მთავარი სათქმელი 2012 წლის მოვლენების გახსენებით დავიწყო, როცა ქვეყანას სამუდამოდ ჩამოვაშორეთ საკუთარი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მტერი, მოძალადე, ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ტერორზე, შანტაჟსა და ნებისმიერი განსხვავებული შეხედულების ჩახშობაზე იდგა! ქვეყანაში სრული უიმედობა იყო, ჩაგვრის ქვეშ მყოფ ჩვენს ხალხს კი თითქოს რწმენა ჰქონდა დაკარგული, რომ უცხო ინტერესების მსახური, უსამშობლო პოლიტიკური ძალისგან საკუთარ ქვეყანას დაიხსნიდა.

და სწორედ ამ დროს, ჩვენი ქვეყნის ასეთ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ჩვენმა ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პირადი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებისა და უამრავი უკანონო გზებით ბრძოლისა და მუქარის მიუხედავად, პოლიტიკაში ჩართულიყო და მისი ეს ქმედება პირადი ინტერესების გვერდით გადადების და საერთო ეროვნული საქმის მსახურების საუკეთესო მაგალითია, რაც ჩვენი ბრძენი ქართველი ხალხისთვის იმ საოცარი ერთიანობით, რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა!

და ეს თარიღი, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ არ დარჩა არცერთი სფერო, სადაც ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი არ მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. 12 წლის შემდეგ თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე ის პრობლემები და ის საშინელება, რომელიც გამეფებული იყო ჩვენს ქვეყანაში, წარსულს ჩავაბარეთ. ჩვენ კარგად გვახსოვს, ჩვენმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ჩვენი ბიზნესმენები ბიზნესრეკეტისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები კი პოლიტიკური და სააკაშვილის კლანის გავლენებისგან, ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვერით პატიმრებთან არაადამიანური პრაქტიკა, გათავისუფლდა მედია და ხელისუფლებისთვის პოლიტიკის ამოსავალ წერტილად იქცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი და ადამიანის უფლებები.

მთელმა ქვეყანამ კარგად იცის, რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. არავის დავიწყებია საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის, წამების, ბიზნესის და ქონების წართმევის და ათასი სხვა უბედურების მომტანი სისხლიანი მმართველობის ცხრა წელი და 12 წლის შემდეგ, ბათუმი და მთლიანად აჭარა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად გადაიქცა. რა პროპაგანდაც უნდა აკეთონ ჩვენმა ოპონენტებმა, რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, ყველაზე უკეთ ძვირფასო მეგობრებო, თქვენ იცით, აჭარის მაცხოვრებლებმა იციან, თუ რამდენი რამ გაკეთდა აჭარაში სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს. მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა აჭარაში და ბათუმი კიდევ გავიმეორებ, გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად.

ძვირფასო მეგობრებო, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების სია ძალიან დიდია, მაგრამ მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი დანაშაული და ღალატი, რაც  მათ ჩაიდინეს, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა პოლიტიკურად გაკოტრებულმა რეჟიმმა მიზანმიმართულად არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ომს აარიდებდა, ქვეყანა კი საშინელ ავანტიურაში ჩაითრიეს, რაც ჩვენი სამშობლოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის, ჩვენი გმირი სამხედროების, ჩვენი გმირი პოლიციელების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა, ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა! და ყველანაირი ადამიანური და პოლიტიკური მორალისგან დაცლილი პოლიტიკური დამნაშავეების ერთობამ ცინიკურად, საკუთარ ხალხს გამარჯვება აზეიმა! ამის საპასუხოდ, მეგობრებო, „ქართული ოცნებამ“ ჩვენ ქვეყანას მოუტანა უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა ყველა ის პროგრესი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან. სწორედ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა 12 წელში.  და კიდევ გავიმეორებ, არ დარჩენილა არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც ძალიან დიდ პროგრესს არ მივაღწიეთ.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დღესაც ომის რისკის წინაშე დგას, ვინაიდან ამ ე.წ. აგენტების კოალიციამ, გახსოვთ კარგად, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. დღეს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა კარგად იციან, რომ საკუთარი მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში ისევ უცხო ინტერესების მორჩილი აგენტურის მოყვანაზე გადის და სწორედ ეს უსამშობლო ადამიანები, მზად არიან ძალაუფლება ჩაიგდონ ნებისმიერ ფასად, მათ შორის არეულობის, რევოლუციის გზით. შემდეგ კი საქართველო რა თქმა უნდა, ჩართონ ომში. მაგრამ ამის თავიდან აცილების, რისკების განეიტრალებისა და ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნების გარანტი ჩვენი ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დაწყებულ გზას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვას და ბოლომდე გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს.

დღეს არჩევანი მეგობრებო მარტივია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ომი, ან მშვიდობა, თუმცა გავიმეორებ, სიფრთხილე და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს! 26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს აჭარა და გაიმარჯვებს საქართველო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 “გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ”-კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას პერსონალურ მუქარად და შანტაჟად მიიჩნევს.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში მსგავსი დიქტატორული მანერა არაერთი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსისგან ყოფილა, თუმცა მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ მოუხდენია.

„გახარიას მცდელობა აქვს მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინოს მუქარის და შანტაჟის გზით. ეს არ არის ის გზა, რომელიც სასურველ შედეგს მიაღებინებს. გახარიას მსგავსი დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკური ელემენტები ჩემს ცხოვრებაში მრავლად შემხვედრიან, მათ შორის წინა ხელისუფლებაშიც. გახარია არც პირველია და არც უკანასკნელი. მსგავს მუქარებს ჩემს საქციელზე და გადაწყვეტილებებზე გავლენა არც წარსულში მოუხდენია და ვერც მომავალში მოახდენს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საშუალებას აძლევს, შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის თანამდებობებზე იმსახურონ

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საშუალებას აძლევს, კონტრაქტით იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის თანამდებობებზე.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 276-მა დეპუტატმა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებს ბევრი უცხოელი შეუერთდა და მათ დაამტკიცეს, რომ აქვთ უნარი, ეფექტურად შეასრულონ რთული ამოცანები საბრძოლო ველზე.“

„დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და რომელიც ხსნის გზას იმ უცხოელების რაოდენობის გაზრდისკენ, რომლებიც კონტრაქტით იმსახურებენ ოფიცრის თანამდებობებზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სპეციალურ სატრანსპორტო სამსახურსა და ეროვნულ გვარდიაში“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უმეროვის თქმით, მანამდე უცხოელებს შეეძლოთ, მხოლოდ რიგითი ჯარისკაცისა და სერჟანტის თანამდებობებზე ემსახურათ.

„ახალი კანონი აძლიერებს ჩვენი არმიის პოტენციალს“, – აღნიშნა უმეროვმა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის სრულყოფის აუცილებლობა წარმოიშვა საბრძოლო შეხების ხაზზე შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გამო, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სამხედრო ფორმირებების საბრძოლო შემადგენლობის მნიშვნელოვან გაზრდას მოითხოვს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7257 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9803 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9885 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შესაბამისი დადგენილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

რუსული მედიის ცნობით, სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნებული დადგენილების ახალი ვერსია აღარ შეიცავს გამონაკლისებს, რისთვისაც მანამდე ვიზა იყო საჭირო.

რუსული მედიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ შესვლა განათლების მისაღებად, სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა.

ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა საკითხი, კომისიის ფარგლებში საზოგადოება ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს -გიორგი გახარია

ძალიან სახიფათო ველზე შედიან, რადგან უკვე ვიწყებ ფიქრს, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა საკითხი, რაც „ქართულ ოცნებაში“ ჩამოთვალეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიას მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადების თაობაზე დაუსვეს კითხვა.

გახარიას თქმით, დარწმუნებულია, საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება მისთვის საინტერესო ბევრ რამეს გაიგებს.

გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ისტერიკა პირდაპირ მიუთითებს პარტია „საქართველოსთვის“ მზარდ მხარდაჭერაზე.

„წავიკითხე ტექსტი, მოსმენით არ მომისმენია. მამუკა მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი, ალბათ ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე კიარა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზეც საერთოდ ახლოს ვერ მივიდოდა. რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად. ჩემი მხრივ, მინდა, გითხრათ, რომ რეალურად რომ გვესმოდეს, ეს ტექსტი, ივანიშვილის მიერაა დაწერილი, რომელსაც ახლა შიშები ამოძრავებს. რატომ? მარტივი მიზეზის გამო. მან ძალიან კარგად იცის, რომ ახლა, წინასაარჩევნოდ სერიოზულ თემებზე როცა ვსაუბრობთ, როცა შენ შენი ხალხისგან გაურკვეველი მიზეზების გამო ითხოვ ბოდიშის მოხდას, ამის შემდგომ შენი დავალებით, შენი განკარგულებით, შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და, ფაქტობრივად, უმძიმეს დარტყმას აყენებს არაღიარების პოლიტიკას, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებას, როდესაც შენ შენი ფინანსური ინტერესების გამო, ფულის გამო რიგში აყენებ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებს და შენი ფინანსური კერძო დავის გამო ამ მონებს ალაპარაკებ, შემდგომ სახელმწიფოს შესაბამისად იყენებ, რათა როგორმე რაღაც ფული უკან დაიბრუნო, ამაში არის ძალიან სერიოზული ნიშნები ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ივანიშვილს ექნება შესაძლებლობა, რაღაც განმარტებები გააკეთოს, რადგან მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად საჭირო, პირველ რიგში, მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, განმარტებები არ იქნება, იქნება სხვა ქმედებები, რადგან საზოგადოებაში არსებობს კითხვები, როგორ შეიძლება, შენს ქვეყანას და შენს მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა. როგორ შეიძლება, შენ შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება, მაშინ, როცა იცი, რომ არაღიარების პოლიტიკა არის უზარმაზარი რისკის ქვეშ შენს გამო, რადგან დაანგრიე საერთოდ ნორმალური ურთიერთობა დასავლეთთან და აქ არის პირდაპირ ჯაჭვი თანმიმდევრული მოვლენების. ამის შემდეგ რაღაც ტექსტი დაუწერო და ვიღაცა შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს. ძალიან სახიფათო ველზე შედიან, რადგან მე უკვე ვიწყებ ფიქრს, ხომ არ მოვიდა დრო, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომლებიც მათ ასე ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება მისთვის საინტერესო ძალიან ბევრ რამეს გაიგებს, ოღონდ არჩევნების შემდეგ, რადგან მე არ ვარ ისეთი მდაბიო, როგორც ზოგიერთი, რომ წინასაარჩევნო ინტერესებში მსგავსი თემები გამოვიყენო. მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც დღეს „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ მხარდაჭერასა და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე. ასე რომ, მოკითხვა გადაეცით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე, გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“. მდინარაძის თქმით, მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან.

 ჩვენ, “ძლიერი საქართველო” ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა მოქალაქისთვის-ანა დოლიძე

ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა მოქალაქისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

კოალიციის ლიდერები დიღმის ჭალებში იმყოფებოდნენ.

„დღეს, ჩვენ დიღმის ჭალებში ვიმყოფებით, „ძლიერი საქართველოს“ ძლიერ გუნდთან ერთად, საარჩევნო ნომერი 9. ეს ის გუნდია, რომელიც წლების განმავლობაში ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობს, მათ შორის იმაზე, თუ რა კატასტროფაც მოხდა დიღმის ჭალებში. მთავარი ისაა, რომ წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ადამიანის და ოჯახის კეთილდღეობას, მათ უსაფრთხო, კარგ, სასიამოვნო, მწვანე გარემოში ცხოვრების ფასეულობა ემსახურება. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, აქ იყოს კარგი გარემო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. დიღმის ჭალების მსგავსი ადგილი უბრალოდ ნაგავსაყრელი კი არ უნდა იყოს სამშენებლო ნარჩენებისთვის, იმ კომპანიებისთვის რომლებსაც კონკრეტული მფარველობა და მფარველობითი შეთანხმება აქვთ თბილისის მერიიდან, არამედ ცენტრალური პარკი უნდა იყოს თბილისის მოსახლეობისთვის, რომელიც თბილისის განაპირას, აი აქ, აქეთ მხარეს ცხოვრობს. თბილისში იყო ერთი ცენტრალური პარკი , იქაც ჩააშენა ბეტონები და ახლა ჩაგვიშენებენ ბეტონებს. გვჭირდება რამდენიმე ცენტრალური პარკი იმისათვის რომ გაიზარდოს ცხოვრების ხარისხი ყველა თბილისელისთვის. „ძლიერი საქართველოს“ ამოცანაა, საქართველოში ყველას მაღალი ცხოვრების ხარისხი ჰქონდეს, სწორედ ისე, როგორც ევროპულ სახელმწიფოებშია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

 უცხოელები თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ, ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას -მეუფე სტეფანე

უცხოელები გვეუბნებიან, რომ წამოგვყევით ჩვენ და თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ. თითებს უქნევენ, თქვენ ეს კანონი რომ მიიღეთ, ამის გამო დაისჯებით, ვერ შემოხვალთ ჩვენთან და ათას რაღაცას მიედ-მოედებიან. თვალნათლივ ჩანს, ისინი გვაიძულებენ, მოლაპარაკებებში რომ შემოვიდნენ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად სოდომური ცოდვის პროპაგანდას გზა უნდა გავუხსნათ საქართველოში, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში დღეს მყოფი ძალა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე დგას. მეუფე სტეფანემ ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები აპირებენ გადატრიალების მოწყობას და იაქტიურებენ არჩევნების დღეს.

„არის ერთი ძალა, რომელიც, მადლობა ღმერთს, ხელისუფლებაშია დღეს და გვიცავს, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას, ეროვნულ, ქრისტიანულ ღირებულებებს წინა პლანზე აყენებს. ჩვენ რამდენი ხანი ვნატრობდით, რომ ხელისუფლებას ამაზე ხმა აემაღლებინა და ჩვენი ღირებულებები დაეცვა. ამ ვითარებაში რა უნდა გავაკეთოთ?  უნდა დავინახოთ, რასაც აკეთებს ეს ძალა და რასაც აკეთებს უცხოეთიდან მართული ძალა.

თუ მოხდა ისე, რომ გაგვაბრიყვეს, დაგვაშინეს ან ათასი რაღაც, შემდეგი ეტაპი რა არის? – არავინ დღეს არ აქტიურობს, აპირებენ გადატრიალების მოწყობს, იაქტიურებენ მაშინ, როდესაც ეს არჩევნები უკვე ჩაივლის ან მისი ჩატარების დროს, რომ მოვიდეს დასავლეთიდან მართული ძალა, რომელიც გვეუბნება, რომ სოდომის ცოდვა უნდა დამკვიდრდეს საქართველოში. თუ არ გაიწვევთ იმ კანონს, რომელიც იცავს ჩვენს ბავშვებს და ჩვენს მომავალს სოდომისგან, მაშინ ჩვენგან გექნებათ ბრძოლა და ისეთ ბრძოლას გვიცხადებენ, პრაქტიკულად, არნახულს. დღეს შეიძლება, იარაღით ვერ შემოდიან, რადგან სიტუაცია არ აქვთ, თორემ იარაღითაც მოვიდოდნენ. ჩვენი მანქურთების მეშვეობით, შეიძლება, მოაწყონ ათასი რაღაც“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.