Home Blog Page 279

პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბს გურიის რეგიონში ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენისთვის კონკრეტული მითითებები მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით  ღამის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.

შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ გეგმის შესაბამისად რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რათა სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზების გაწმენდა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები აქტიურად იწმინდება, ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების წმენდის კუთხით.

სხდომაზე აღინიშნა, რომ გზების გაწმენდა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ წერტილებში ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოების დაწყების საშუალებას მისცემს. გუშინდელი მონაცემებით, ელექტროენერგია რეგიონის დაახლოებით 10 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ნაწილობრივ აღდგა ძიმითსა და ჯუმათში. ინტენსიური მუშაობა გრძელდება ნასაკირალში, ვაკიჯვარსა და ლიხაურში, სადაც ელექტრომომარაგების აღდგენას კომპანიის წარმომადგენლები დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგებისა და კომუნალური სერვისების მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა და შტაბის წევრებს კონკრეტული მითითებები მისცა.

შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შემოვა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მოსახლეობას მიეწოდება.

საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 25-26 თებერვალს გურიის რეგიონში  – ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია.

სოფლის ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზე მიეწოდებათ მედიკამენტები.

მოსახლეობის დახმარების პროცესში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თავდაცვის ძალები და სასწრაფო დახმარების 200-ზე მეტი ბრიგადა.

ჩემი წინამორბედი გამოდის და ამბობს, ხელისუფლება არ გვყავსო, ამით პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას და აი, ეს არის მიუღებელი-მიხეილ ყაველაშვილი

დღეს ვიმყოფებით აჭარის ტერიტორიაზე, მანამდე ქობულეთში დავესწარით საკოორდინაციო შტაბის სხდომას, აჭარაში სიტუაცია ბევრად უკეთესია, ამინდმაც შეუწყო ხელი და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველაფერი, თითქმის 100%-ით აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა.

„დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი გზები. ასევე ელექტროენერგიის მხრივ, თითქმის 90%-ი აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროებს ელექტროენერგია აღდგენას. სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის. მთავარია, შემდეგ როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარის მთავრობა, მისი მუნიციპალიტეტები, კოორდინაციის თემა აქ არის ძალიან მაღალ დონეზე. ასევე მინდა, გამოვყო უწყებები, კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ჩემთან ერთად ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და შს მინისტრი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, თავდაცვის ძალების სამხედროებს მადლობა გადაუხადა, რომლებიც, მისი თქმით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„აჭარაში მათი დახმარების საჭიროება არ არის, მაგრამ გურიაში და იმერეთში ალბათ იქნება საჭიროება, რომ ჩვენი მეხანძრე-მაშველები და სამხედროები უფრო ინტენსიურად იქნებიან ჩართული. კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება. მთავარია, არცერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ. აჭარაში ეს მაღალ დონეზეა, მუშაობს ცხელი ხაზი და, სადაც გზა ჯერ გაწმენდილი არ არის, ყველასთან მყარდება კომუნიკაცია. შეიძლება, ავადმყოფი ადამიანი იყოს, სადაც ფიზიკურად ვერ ხერხდებოდეს მისვლა, მაგრამ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის და ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს კოლეგებს. საზოგადოება უნდა იყოს იმედიანად. უსაფრთხოების საკითხია, როცა სტიქია მძვინვარებს ქვეყანაში, დაახლოებით ანალოგიურია, როცა ომი არსებობს. არსებობენ ადამიანები, ვინც დეზინფორმაციას ეწევიან ასეთ სიტუაციაში. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სრული მობილიზაციაა. გუშინ, გუშინწინ, ხვალაც, ზეგაც გაგრძელდება. მთელი ეს პერიოდი ხომ ხედავდით, მთელი კვირის მანძილზე როგორ მუშაობდნენ. შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებენ. სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის. მთავარია, როგორ რეაგირებ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, დეზინფორმაციის გავრცელება მიუღებელია.

„ასეთ სიტუაციაში დეზინფორმაცია პირდაპირ ვნებს  სახელმწიფოს. მათი მოტივია, თითქოს აგრძნობინონ მოსახლეობას, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. საზოგადოებას მინდა, ამაზე არ ჰქონდეს რეაგირება. მთავარი არის, რომ ყველა ადამიანთან იყოს კომუნიკაცია და ყველაფერი რიგზე იქნება. შეიძლება, რაღაც პრეტენზიები ნებისმიერ მთავრობასთან და ხელისუფლებასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში, ერთმანეთს მხარში რომ უნდა დავუდგეთ, ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის. ჩემი წინამორბედი, რომელიც ამბობს, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავსო, პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას და ხელისუფლებას. აი, ეს არის მიუღებელი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვირეულისთვის 

“უკვე გაზაფხულია”- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებული შეთავაზებებით უწყვეტად ისარგებლებენ.  

ობიექტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, კატეგორიები კი მათ სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული.  

შეთავაზებები მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის ტერმინალზე გადახდისას. 

თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით ისარგებლეთ შემდეგი შეთავაზებებით 

1-3 მარტს, Boss-ში, Zegna-ში, Paul & Shark-ში, Hugo-ში, Garderobe-ში და Gentlemen-ში  სასურველი ნივთების Mastercard ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 500 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ 

3-დან 8 მარტის ჩათვლით კი, თავის მოვლის დღეები დაიწყება. 12-მდე ესთეტიკურ კლინიკასა და ცენტრში 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებთ და ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი დაგიბრუნდებათ.  

8 მარტს ნიშ პარფიუმერიის გამორჩეულ ბრენდებს- Jo Malone-ს და არომატეკას თუ ეწვევით, გადახდილი თანხის 25%, ჯამში 300 ლარი დაგიბრუნდებათ.   

კონცეპტის საგაზაფხულო შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ძველი, ისე ახალი თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათის მფლობელებს.  

თიბისი კონცეპტის Visa ბარათით ისარგებლეთ შემდეგი შეთავაზებებით:  

7, 8 და 9 მარტის დღეებში სასტუმრო Paragraph Freedom Squares თუ ეწვევით და კონცეპტის Visa ბარათით გადაიხდით, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 300 ლარი დაგიბრუნდებათ.  

თიბისის ახალი კონცეპტ ბარათით ისარგებლეთ შემდეგი შეთავაზებებით: 

ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელები საგაზაფხულო შეთავაზებებით სარგებლობას 2-3 და 7-8 მარტის დღეებში შეძლებთ.  

50-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში, თავის მოვლის საშუალებების, პარფიუმერიის, აქსესუარების, სათვალეების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კატეგორიაში შოპინგისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ. 

ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი თიბისის უნიკალური პროდუქტია. აიღე ბარათი ონლაინ ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში და ყოველთვის ისარგებლე გამორჩეული უპირატესობებით. 

საგაზაფხულო დღეების მიხედვით, იხილეთ პარტნიორი ობიექტებისა და შეთავაზებების სრული ჩამონათვალი.        

უკრაინის ერთადერთი იმედია დონალდ ტრამპი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი – The Spectator

ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ერთადერთი იმედია დონალდ ტრამპი და არა ვოლოდიმირ ზელენსკი“ (ავტორი – ოლექს კოსაჩი, ფსევდონიმით). პუბლიკაციაში მხილებულია ვოლოდიმირ ზელენსკის ანტიდემოკრატიული მმართველობა და გაკეთებულია დასკვნა: „უკრაინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

მე ძალიან კარგად ვიცნობ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკვე მრავალი წლის განმავლობაში. რადგანაც პირადად პრეზიდენტის მიერ ვიყავი დანიშნული მაღალ თანამდებობაზე, დღეში რამდენჯერმე მქონდა ხოლმე მასთან სამსახურებრივი კონტაქტი და ყურადღებით ვაკვირდებოდი – როგორც საჯარო ღონისძიებებზე, ისე პირადულ ცხოვრებაში. როცა თანამდებობიდან გამათავისუფლა, ჩვენ ერთმანეთს ნორმალურად დავშორდით – ფარული წყენისა და ბოღმის გარეშე. მე არავითარი პირადი ამბიციები და ანგარებითი ზრახვები არ მაქვს… მაგრამ დღეს არ შემიძლია ჩუმად ვიყო იმის გამო, თუ როგორ ასუსტებს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინას და თავის „შავ“ საქმეებს სამხედრო მდგომარეობით ნიღბავს. უკრაინაში ამჟამად შიშის ატმოსფეროა გამეფებული და ამიტომ იძულებული ვარ ანონიმურად მოგმართოთ: ანონიმურობა იძულებითი და აუცილებელი ზომაა, რომ რეჟიმის მხრიდან ჩემზე შურისძიება არ მოხდეს – იმ ხელისუფლების მიერ, რომელშიც ოდესღაც მე ვმსახურობდი.

„დონალდ ტრამპი მართალს ამბობს: ზელენსკი დიქტატორია“

ჩემთვის მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ ის, რასაც დონალდ ტრამპი ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, მთლიანად თუ არა, დიდწილად მაინც სინამდვილეს შეესაბამება. დასავლელმა პოლიტიკოსებმა იჩქარეს, როცა დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი გააკრიტიკეს ანტიზელენსკური განცხადებების გამო, თუმცა უკრაინულ საზოგადოებაში ამერიკის ლიდერებისაგან გაჟღერებულ დახასიათებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ჩუმად აბსოლუტურად ეთანხმებიან.

უკრაინა პარადოქსად იქცა: ქვეყანა იბრძვის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და იმავდროულად თვითონვე ანგრევს საკუთარი სუვერენიტეტის დემოკრატიულ საფუძვლებს. დასავლეთი წლების განმავლობაში ილუზიებში იმყოფება და ვოლოდიმირ ზელენსკის პიროვნებაში „დემოკრატიის სახეს“ ხედავს, სინამდვილეში კი პრეზიდენტმა საკუთარი ხელით დაანგრია დემოკრატია, ინსტიტუტები და ეკონომიკა, დაასუსტა უკრაინა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და ქვეყანას მოტივაცია გაუქრო იმისა, რომ რუსი აგრესორის წინააღმდეგ  ახლაც ისევე იბრძოლოს, როგორც ომის პირველ თვეებში იბრძოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის მაისში ამოიწურა, მაგრამ საომარი მოქმედებების გამო არჩევნები არ გამართულა. ვადაგასული პრეზიდენტი საომარ მდგომარეობას ყოველ სამ თვეში აგრძელებს და მის შერბილებაზე არც ფიქრობს – მისი მომხრე დასავლელი პოლიტიკოსები მისსავე ნათქვამს იმეორებენ: „უკრაინელ ხალხს არჩევნები არ სურს“. მართლაცდა, „გელაპის“ მიერ გასული წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა 65% ომის დროს არჩევნების წინააღმდეგია, თუმცა იგივე გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელებს სურთ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ახლა, ომის მესამე წლისთავზე, ომის დასრულების მსურველთა რაოდენობა, ალბათ, ბევრად გაიზარდა. უფრო მეტსაც ვიტყვი – ეჭვი მეპარება, რომ გამოკითხვის შედეგებს უნდა ვენდოთ. დღეს ქვეყანა შიშით ცხოვრობს, მოსახლეობაში შიშია გამეფებული: არჩევნები გაურკვეველი ვადითაა გადატანილი, ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა და ყოველდღიურ ყოფას თან სდევს სხვადასხვა საფრთხე-მუქარები.

ვოლოდიმირ ზელენსკის ავტორიტარული ზნე ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულ ომამდე გამოიკვეთა. 2019 წელს იგი თანამშრომლებისგან პროპაგანდას ითხოვდა – მათ მასმედიაში უნდა ეწერათ და ეთქვათ მხოლოდ ყველაფერი კარგი პრეზიდენტის შესახებ, ანუ „მისთვის დითირამბები უნდა ემღერათ“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი პოლიტიკა არ გაამართლებდა. დღეს მან თავისას მიაღწია: მთელი გუნდი უმღერის პრეზიდენტს, რომ იგი დემოკრატიისა და საერთოდ, მთელი უკრაინის განსახიერებას წარმოადგენს.

ძალაგამოცლილი და გამოფიტული უკრაინა კი გაჭიანურებულ ომს ვეღარ გადაიტანს. ათი ათასობით უკრაინელმა გადაიხადა უამრავი ქრთამი ისეთი ქვეყნიდან გასაქცევად, რომელმაც ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცებს საზღვრები დაუხურა. ისინი, ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, შიშში ცხოვრობენ, ქუჩაში ვერ გამოდიან, იმალებიან, რომ გამწვევი პუნქტების ჩასაფრებულმა თანამშრომლებმა არ დაიჭირონ, ფურგონებში არ შეათრიონ და ფრონტის წინა ხაზზე არ გაგზავნონ. ვის დაჭერასაც ახერხებენ, მათგან უმრავლესობა ან ინვალიდები არიან, ან ქრონიკულად ავადმყოფები. ბევრს პირდაპირ ფრონტზე უშვებენ ყოველგვარი სამხედრო მომზადების გარეშე – დრო არ ჰყოფნით, რომ  ჯარისკაცს წესდება შეასწავლონ. სულ უფრო ხშირად მათი ბედი სამხედრო კომისარიატებში წყდება – გააჩნია, როგორ ქრთამს შესთავაზებ.

ომის გამო სულ უფრო მეტი ქალი – ცოლები, დები, დედები – მუშაობს მათთვის მავნე მამაკაცურ სამუშაოებზე. ისინი თანახმანი არიან ყველანაირ მეთოდზე, რომ ჩინოვნიკები მოისყიდონ და თავიანთი ნათესავ-ახლობლებისათვის „მოწყალება“ მოიპოვონ – ჯარში სამსახურისაგან გათავისუფლების მიზნით. მათგან განსხვავებით, ვისაც მთავრობაში კავშირები აქვს და ნაცნობები ჰყავს, მათ ჯარში გაწვევისაგან „ჯავშანი“ აქვთ და გადაადგილების განუსაზღვრელი უფლებები აქვთ.

ომმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა და მისი რეჟიმის  უშიშროების სტრუქტურებს ხელ-ფეხი გაუხსნა. მინიმუმ რვა ფრონტისპირა ოლქში სამხედრო მდგომარეობამ საქმე პოლიციისა და სამხედროების თვითნებობამდე მიიყვანა. კოლაბორაციონიზმთან ბრძოლის საბაბით უშიშროებისა და კონტრდაზვერვის სამსახური ფაქტიურად განუსაზღვრელად მოქმედებს – უნებართვოდ, სანქციებისა და ორდერების გარეშე ჩხრეკს საცხოვრებელ ბინებს, ამოწმებს ინფორმაციებს პირად ტელეფონებში და კომპიუტერებში, აკავებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ადამიანები იმდენად არიან დაშინებულნი, რომ ისინი თავიანთ ჭეშმარიტ პოზიციას და თვალსაზრისს ჟურნალისტებს და სოციოლოგებს არასოდეს არ უმხელენ, დაჭერა-დაკავების შიშით. რესპოდენტები, რასაკვირველია, მხოლოდ იმას იტყვიან, რაც მთავრობას და ხელისუფლებას აწყობთ, გაიმეორებენ ცნობილ ფრაზებს – „ოო, ვოლოდიმირ ზელენსკი? ის გმირია, დაუმარცხებელი… უკრაინა კი ურყევია“. და მხოლოდ ჩურჩულით ეტყვიან ჟურნალისტს და სოციოლოგს იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ: „დაგვანებეთ თავი, წადით, საიდანაც მოსულხართ“.

უფრო მაღალ დონეზე კი „რუსეთუმეობისა“ და კრემლთან კავშირების ბრალდება რეგულარულად გამოიყენება იმის საბაბად, რომ ვინმეს ბიზნესი და ქონება წაართვან. უკრაინა კორუფციისა და მექრთამეობის ჭაობშია ჩაძირული: თითქმის ყოველდღიურად ხდება სკანდალები, რაც მთავრობის მიმართ ნდობას ძირს უთხრის. გამოკითხვების შედეგად, მოქალაქეთა 70% დარწმუნებულია, რომ მთავრობის სტრუქტურები საომარ მდგომარეობას პირადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. იმ რეგიონებში, სადაც ადამიანები  დაბომბვებისაგან გაწამებულები არიან, ბევრი ფარულად აღიარებს, რომ უპირატესობას რუსეთის ხელისუფლების ქვეშ ცხოვრებას აძლევს. ეს ღალატი კი არ არის, არამედ პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემოკრატია გაანადგურა. იმდენად, რამდენადაც ნათელი მიზნები ბრძოლის გასაგრძელებლად გაფერმკრთალდა, ბევრი ალტერნატივას ეძებს – იმ პრორუსულ კანდიდატს, რომელიც მზად იქნება ზავი დადოს ვლადიმერ პუტინთან. ზოგიერთები იმასაც კი აღიარებენ სასოწარკვეთილებით, რომ ამ ყოველდღიური ჯოჯოხეთური და დაუსრულებელი [თანამედროვე მაღალტექნოლოგიური] ომის პირობებში, როცა  ფრონტიდან შორს, ზურგში მყოფსაც ყოველ წუთს ჰაერიდან სიკვდილი ელოდება, მზად არიან რუსეთის დროშის ქვეშ  იცხოვრონ. ზედაპირული პატრიოტიზმი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვა პროპაგანდას უწევს, ნაწილებად იმსხვრევა. დადგა ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოფიტვის პერიოდი. ახლა საკითხი ისე კი არ დგას, გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა, არამედ ასე – იარსებებს თუ არა უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით.

როგორ იშორებს ზელენსკი ოპონენტებს

ომმა ვოლოდიმირ ზელენსკის მისცა ის ყველაფერი, რაზედაც მას ოცნება შეეძლო: აბსოლუტური ძალაუფლება, მილიარდობით დოლარის კონტროლი და მთელი მსოფლიოს ტაშისცემა. პრეზიდენტობის პირველი დღიდანვე – მე ამის დადასტურება პირადად შემიძლია – იგი ჩაციკლული იყო მეორე ვადით მმართველობაზე. იგი სპეციალური ჩანაფიქრით მოქმედებს: ერთი მხრივ, საზოგადოების გასგონად აცხადებს, რომ მის მეორედ არჩევაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, მაგრამ მეორე მხრივ, მუდმივად ამაზე ფიქრობს და ნიადაგს იმზადებს. ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ აკვიატებული აქვს აზრი, რომ მისი რეიტინგები მაღალი უნდა იყოს. იგი უკვე საპრეზიდენტო კამპანიისათვის ემზადება. 2024 სექტემბრიდან მისი ადმინისტრაცია დიდ ფულს უხდის იმათ, ვინც პრეზიდენტის იმიჯს უკეთესად წარმოადგენს სოციალურ ქსელებში, აქვეყნებს სპეციალურად შექმნილ ვიდეორგოლებს მზრუნველი ლიდერის სახით, პროპაგანდას უწევს იმ ადამიანის ხიბლს, რომელიც კომიკოსიდან სამხედრო ლიდერი გახდა და არ იშორებს ხაკისფერ მაისურს და ქურთუკს. მაგრამ ამით შენიღბულია მისი ნამდვილი სტრატეგია – პოლიტიკური ოპონენტის ჩამოცილება ნებისმიერი წესით და მეთოდით. ვალერი ზალუჟნი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ელჩად გაუშვა და დანამდვილებით ვიცი, რომ თუ იგი გაბედავს და პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება, უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საქმე ექს-სარდლის მიმართ.

ამასობაში კი ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკვე სანქციების ქვეშაა: მისი საბანკო ანგარიშები გაყინულია, აქტივებს კი ყადაღა აქვთ დადებული. მას საბანკო ბარათით ყავისა და ბენზინის საფასურის გადახდაც კი არ შეუძლია. ბუნებრივია, პეტრო პოროშენკოს სურს, რომ ხელისუფლება დაიბრუნოს და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტიდან მეშვიდე გახდეს – მას ამისათვის ერთგული მხარდამჭერები ნამდვილად ჰყავს, მაგრამ ზელენსკის რეჟიმი მას ზღუდავს. იური ბოიკო, იმ პარტიის ლიდერი, რომელიც ზელენსკის ხელისუფლებამ „პრორუსად“ შერაცხა, ამას წინათ უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაკითხვაზე გამოიძახა „ტიკ-ტოკში“ განთავსებული ვიდეორგოლის გამო, რომელშიც ომის შეწყვეტის მოწოდებაა ასახული. ვოლოდიმირ ზელენსკი მართლაც ემზადება არჩევნებისათვის და ამ მიზნით მას წაგების უმცირესი შანსის გამორიცხვაც კი სურს.

„სახელმწიფო – ეს მე ვარ!“

დღეს უკრაინის პრეზიდენტს და მის გარემოცვას სახელმწიფოს კონტროლის სადავეები მთლიანად ხელში აქვთ. მათ შეუძლიათ არჩევნების შედეგები სურვილისდა მიხედვით „შეალამაზონ“ თავიანთ სასარგებლოდ, სინამდვილე შეცვალონ და გააყალბონ, დათრგუნონ სხვაგვარად აზროვნება და საპყრობილეში ჩასვან ყველა, ვისაც კი თვალს დაადგამენ. უკრაინაში დამოუკიდებელი მასმედია ოფიციალურად აკრძალულია, ხოლო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს, კორუფციის მხილებელ ადამიანებს პატიმრობა ემუქრებათ.

ანდრეი ერმაკს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, განუსაზღვრელი გავლენა აქვს. ამას წინათ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც იძულებული გახდა ერმაკის ძმის მიერ ჩადენილ მაქინაციებზე ელაპარაკა, დაიჭირეს და როგორც იტყვიან ხოლმე, „თავი პირდაპირ ფრონტზე უკრეს“, ყველაზე სახიფათო უბანზე. ერთ-ერთი ცნობილი გამოცემის რედაქტორი, რომელმაც კორუფციის ფაქტი გამოავლინა, ციხეში ჩამწყვდევას აშშ-ის ელჩის ჩარევამ გადაარჩინა. კიდევ ერთი გამოცემის რედაქტორი, რომელმაც გაბედა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ საყვედური გამოთქვა, ჯერ დაიჭირეს და 24 საათი იზოლატორში ამყოფეს გარესამყაროსთან კავშირის გარეშე, შემდეგ კი, რადგანაც კომპეტენტურ პირებთან „საერთო ენა ვერ გამონახა“, ისიც ფრონტზე გაგზავნეს. ვერხოვნა რადას დეპუტატი, რომელმაც სოცქსელში დაწერა, რომ ზელენსკიმ, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, ფრონტზე წარუმატებლობა უნდა აღიაროსო, სახელმწიფოს ღალატის მუხლით დააპატიმრეს და ამჟამად კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელს იხდის.

ომამდე ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 23-25%-ის ფარგლებში მერყეობდა. პუტინის არმიის თავდასხმის შემდეგ კი ცნობილი ფრაზა – „მე მჭირდება იარაღი და არა ტაქსები“ (რომელიც ზელენსკის მიაწერეს, სინამდვილეში კი მას არ უთქვამს), როცა ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ერთგვარ ხატად გადაიქცა, პრეზიდენტის რეიტინგი 90%-ზე მეტი გახდა. თუმცა, რაც დრო გადიოდა, ზელენსკის პოპულარობა ეცემოდა… ამასწინანდელი გამოკითხვის მიხედვით კი, როგორც ვიცი, მისი რეიტინგი 10%-ზე დაბლა დაეცა. ისიც ვიცი, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული ციფრი – 65% – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქნა შეთანხმებული.

უკრაინელები მშიშრები და მხდალები არ არიან, მაგრამ მათ აღარ სურთ სიკვდილი ზელენსკის ხელისუფლებისათვის, მისი მთავრობისათვის, რომელიც დღითიდღე სულ უფრო ღრმად იძირება კორუფციის ჭაობში. უკრაინის გადარჩენა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეჩერებას და დემოკრატიის აღდგენას შეუძლია. ომის გაგრძელება გამარჯვებამდე კი არ მიგვიყვანს, არამედ ჩვენი სახელმწიფოს სრულ კრახამდე. უკრაინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. და თუ დონალდ ტრამპი ამას ვერ მიაღწევს, უკრაინას და უკრაინელებს არანაირი იმედი აღარ დარჩებათ.

ქართული საზოგადოების ინტერესებშია, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით, სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია – პრემიერი

ზოგადად, მედიაში არის სერიოზული პრობლემა. მედია არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქობულეთში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის აღიარებული პრობლემა, მათ შორის, ეს პრობლემა არის დაფიქსირებული ეუთო/ოდირის დასკვნებში, ამას სჭირდება რეგულირება, თუმცა ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები, თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას იმიტომ, რომ მათ აწყობთ სიცრუის და სიძულვილის ტირაჟირება, რაც ხდება შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან.

„ეს არ შეესატყვისება ქართული საზოგადოების ინტერესებს. ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ მან მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით და ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უპირისპირდება ამ კანონპროექტს, მას მოსწონს სიძულვილი და სიცრუე, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოპოზიცია ითხოვდა როგორც სანქციებთან მიერთებას, ისე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, რაც ნიშნავდა ესკალაციას და საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში – პრემიერი

არქივი არ იშლება და ეს არქივი მეტყველებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა როგორც სანქციებთან მიერთებას, ისე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ეს პირდაპირ ნიშნავდა ესკალაციას, საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციის მხრიდან საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე პოზიციის ცვლილებას შეეხებოდა.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მთავრობის მეთაური ფაქტს, რომ ოპოზიცია უარყოფს, თითქოს არ სთხოვდნენ არც ისინი და არც ელჩები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, 25 თებერვლიდან დაიწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული აქციები თბილისში და ჰქონდათ, სწორედ, ორი მოთხოვნა: ერთი იყო სანქციებთან მიერთება, მეორე კი – უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით.

„თქვენ გახსოვთ, 25 თებერვლიდან დაიწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული აქციები თბილისში და ჰქონდათ, ძირითადად, ორი მოთხოვნა : ერთი იყო სანქციებთან მიერთება და მეორე – უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით. შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ ამ ორი საბაბით გაიწვია ელჩი საქართველოდან და ამაზეც გახსოვთ რადიკალური ოპოზიციისა და მათი პატრონების რეაქცია.

ისინი ამტყუნებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და არა უკრაინის ხელისუფლებას. არც ერთი მათგანი არ გამოსულა მაშინ და არ უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უსამართლო და მოთხოვნა სანქციებთან მიმართებაში, ისევე როგორც მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი. მაშინ ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და აკრიტიკებდნენ კიდეც საქართველოს

ხელისუფლებას იმის გამო, რომ უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის თაობაზე. ყველაფერი დევს ხელის გულზე, არქივი არ იშლება და ეს არქივი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას. უფრო მეტიც, ამბობდნენ, რომ რცხვენოდათ ქართველობის იმის გამო, რომ ჩვენ არ მივუერთდით სანქციებს და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ. ეს ნიშნავდა პირდაპირ ესკალაციას, საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, ამ მოთხოვნებს უერთდებოდა მთელი რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონების დაკვეთით,“- განაცხადა პრემიერმა.

აქტიურად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, მოქმედებს შტაბი, ცხელი ხაზი, უკვე გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციული ერთეული, აღდგენილია ელექტრომომარაგება – ქობულეთის მერი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 6 დღის განმავლობაში, იყო ინტენსიური თოვა, აქტიურად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება, მოსახლეობასთან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში, მოქმედებდა შტაბი, ცხელი ხაზი და არც ერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია, – განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და მას შემდეგ, რაც დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდება აღნიშნული პროცესი, ეტაპობრივად გაიწმინდება შიდა სასოფლო გზები. ლევან ზოიძის განცხადებით, ელექტროენერგია უკვე აღუდგა მოსახლეობის დიდ ნაწილს და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა დარჩენილ აბონენტებსაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიეწოდოთ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 6 დღის განმავლობაში, იყო ინტენსიური თოვა. თოვლის საფარი ზოგიერთ სოფელში 2 მეტრს აღემატებოდა. აქტიურად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება. მოსახლეობასთან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში, მოქმედებდა შტაბი, ცხელი ხაზი და არც ერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია. უკვე გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციული ერთეული, მიმდინარეობს ბოლო ადმინისტრაციული ერთეულის გაწმენდა, რომელიც დღეს დასრულდება და როგორც კი მოვრჩებით მთავარი გზების გაწმენდით სამუშაოებს, შემდეგ უკვე ეტაპობრივად გადავალთ შიდა სასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებზე. ასევე ვმოქმედებთ კონკრეტული გეგმის მიხედვით, გამოყოფილი გვაქვს სპეციალური ტექნიკა, კოორდინირებულად ვმუშაობთ. როდესაც შემოდის ზარი სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვან პაციენტზე, ყველა ასეთ შემთხვევაში ხდება რეაგირება. პაციენტები გადაგვყავს შესაბამის დაწესებულებებში. სტიქიის შედეგად, თავდაპირველად მუნიციპალიტეტში 10 000 ადამიანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ამ დროისათვის აღდგენილია და დარჩენილია მხოლოდ 900-მდე აბონენტი. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ ამ აბონენტებსაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიეწოდოთ ელექტროენერგია. სირთულეს წარმოადგენდა მაღალი თოვლი, ტექნიკას უჭირდა გადაადგილება დაზიანებულ ადგილებამდე, დღეს უკვე მაქსიმალურად ინტენსიურად იმუშავებენ შესაბამისი სამსახურები, რომ აღნიშნულ ოჯახებს მიეწოდოთ ელექტროენერგია.

გარკვეული შეფერხებები იყო ბუნებრივ აირთან დაკავშირებითაც, ამ ეტაპზე, შეფერხება აქვს 900-მდე აბონენტს, აქაც იწმინდება ის ლოკაციები, სადაც იყო დაზიანება, გასულები არიან ჯგუფები და მიდის აღდგენითი სამუშაოები,“- განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

მისივე თქმით, ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანდა 70-ზე მეტი სახლი, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი და ზიანის ანაზღაურების საკითხს სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეისწავლის.

„ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანდა 70-ზე მეტი სახლი, სადაც ჩამოინგრა ჭერი. ჩვენ გასულები ვიყავით თითოეულთან ადგილზე, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. აღნიშნულ საკითხს შეისწავლის სტიქიის სალიკვიდაციო კომისია და თითოეულ მოქალაქეს დავუდგებით გვერდში და დავეხმარებით აღნიშნული ზიანის ანაზღაურებაში“, – განაცხადა ლევან ზოიძემ.

მეხანძრე-მაშველები დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო ძალებთან და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. გურიის რეგიონში შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დისლოკაციის ადგილებზე განთავსებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შტაბები, სადაც მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავდაცვის, ასევე საპოლიციო ძალებისა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სპეცტექნიკა.

აღნიშნული შტაბებში ხორციელდება დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, როგორც სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა – განხორციელება, ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებთან ადგილზე მისვლა. მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ურთულეს რელიეფურ პირობებში არაერთ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით +2 და ღამით -7 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

თოვლს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5. ითოვებს ბათუმშიც, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა 3, ღამით კი -8 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით -6 გრადუსი იქნება, ღამით კი -18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ამბროლაურშიც, ჰაერი 2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით -1 გრადუსი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი იქნება ახალციხეში, დღისით ჰაერი 8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლს ელოდებიან, 0 იქნება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -16 გრადუსი დაფიქსირდება.

ითოვებს გორში, სადაც დღისით 1 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -7, ღამით კი – 16 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ლაგოდეხშიც თოვს დღის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით 2 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება, დღისით 1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდი იქნება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით 4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ UK Bridge-ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge გთავაზობთ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, აშშ, იტალია, ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვ.

UK Bridge – ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.

უნივერსიტეტების ჩამონათვალი:

Ashbourne College , Constructor University , EU, GLS German Language School Berlin, IED Istituto Eurepeo di design, Immerse Education, Kaplan  Pathways, Kings Education, Lyceum Alpinum Zuoz, Mander Portman Woodward, Ryde School, Sevenoaks School, St Andrew’s College Cambridge, Summer Boarding Courses, TBS Education, Wimbledon School of English

სპეციალურად გამოფენის სტუმრებისთვის, შერჩეულ პროგრამებზე, გექნებათ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს და შეთავაზებებს.

გამოფენაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია : https://link.tbc.ge/UkBridge

ღონისძიება გაიმართება 1 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

R

საქართველოს მასშტაბით ჯამში დაახლოებით 800-მდე სკოლაში არის დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული – ალექსანდრე წულაძე

საქართველოს განათლების მინისტრმა ქვეყნის რეგიონებში დიდთოვლობის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, სასწავლო პროცესი იმ სკოლებში, სადაც ის ამჟამად შეჩერებბულია, მხოლოდ მონიტორინგის შემდეგ აღდგება.

„საქართველოს მასშტაბით ჯამში დაახლოებით 800-მდე სკოლაში არის დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული. მას შემდეგ, რაც გაიხსნება გზები და შესაძლებელი იქნება თითოეულ სკოლასთან მისვლა, აუცილებლად ჩავატარებთ ყველა სკოლის მონიტორინგს და მხოლოდ ამის შემდეგ დავრთავთ იქ სასწავლო პროცესის გაგრძელების ნებას. მეორეს მხრივ, სკოლასთან, მშობლებთან ერთად, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით გადაწყდება, თუ როგორ აღდგეს ეს გაცდენილი საათები”, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა. მხარეები ევროპელი მოსამართლეების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

მას შემდეგ, რაც მოსამართლეების კითხვები უკავშირდებოდა გიორგი გახარიას მიერ საპოლიციო ღონისძიებების დაგეგმვის სისწორეს, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა ძალაში დატოვებს პირველი პალატის გადაწყვეტილებას, რითაც დგინდება, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფომ ევროპული სტანდარტებით იმოქმედა, კითხვის ნიშნები კი უშუალოდ ოპერაციის დაგეგმვის და სპეციალური საშუალებების გამოყენებას ეხებოდა.

„ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ეს ზეპირი სხდომა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დიდმა პალატამ ამაზე დაყრდნობით გამოიტანოს გადაწყვეტილება. პროცედურულად რაიმე კონკრეტული ვადა გაწერილი არ აქვს სასამართლოს, რა ვადაშიც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

თუმცა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ალბათ უკვე იქნება დიდი პალატის გადაწყვეტილება და იქიდან გამომდინარე, რა პოზიციებიც იყო წარდგენილი და რა კითხვებიც დაისვა დიდი პალატის მხრიდან, გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა არ შეცვლის პალატის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.