Home Blog Page 279

“ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ კორეის რესპუბლიკასთან ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარე წელს წარმატებით დავასრულოთ”

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ერთობლივი ოქმის გაფორმებით დასრულდა, რომელსაც ხელი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სუნგგინ ჩანგმა მოაწერეს. ოქმის თანახმად, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 2024 წლის გაზაფხულზე სეულში გაიმართება.

მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის შეფასებით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი წარმატებით დასრულდა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები. აგრეთვე მოლაპარაკებების ნაწილი დაეთმო შეთანხმებით დაფარულ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს,  როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები.

„კორეის რესპუბლიკა გახლავთ აზიაში ერთერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი, რომელიც გამოირჩევა მაღალი კონკურენციით და  მსყიდველუნარიანობით, შეაბამისად ამ პრიორიტეტულ ბაზარზე ჩვენი საექსპორტო პროდუქციის განთავსება შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით ხელს შეუწყობს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას და დივერსიფიცირებას. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ კორეის რესპუბლიკასთან მოლაპარაკება წარმატებით უკვე მიმდინარე წელს დავასრულოთ, აღნიშნული მოლოდინის საშუალებას გვაძლევს მიმდინარე რაუნდზე მიღწეული შედეგები. კორეის რესპუბლიკა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები და წვენები, თხილი და ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქციისთვის. გარდა ამისა, კორეის რესპუბლიკაში დიდია დაინტერესება საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართაც, რაზეც ბოლო წლებში ამ ქვეყნიდან ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდაც მეტყველებს (ზრდა 191%). დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს დაეხმარება კიდევ უფრო მეტმა კორეელმა გაიგოს ჩვენი ქვეყნის შესახებ და იმოგზაუროს, ასევე მეტი ბიზნესი დააინტერესოს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკების რაუნდის დასრულების შემდეგ. მან ასევე გაამახვილა ყურადღება კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევაზე, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ მისი გაფორმება ურთიერთსარგებლიანი იქნება ორივე მხარისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველია და ფარავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, შესაბამისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ასევე წარმომადგენლები ეროვნული ბანკის, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის სააგენტოს და საქპატენტიდან.

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობას ინტენსიურად აგრძელებს.

თბილისი-საგარეჯოსა და ბაკურციხე-წნორის მონაკვეთებზე მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების,  გზის საფუძვლის და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

თბილისი-საგარეჯოს გზის პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.  35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულებულია და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში,  527 მილიონ ლარს აღემატება.

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზა, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს).  პროექტის ღირებულება 87.8 მილიონი ლარია.

კახეთის მიმართულებით მშენებარე ახალი გზები სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რითაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.

“უკრაინისა და ევროპისთვის ტრაგედია იქნება, თუ აშშ-ის დამატებითი დახმარების გარეშე მოგვიწევს გადარჩენა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და ევროპისთვის ტრაგედია იქნება, თუ მის ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების დამატებითი დახმარების გარეშე მოუწევს გადარჩენა. აღნიშნულის შესახებ მან „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი. ჩვენ თუ გვესმის ამის საფასური და მსოფლიო თუ მზად არის ამისთვის, მაშინ კარგი, თქვენ ამას ნახავთ, მაგრამ ეს ტრაგედიაა. ეს იქნება ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის, არა მხოლოდ უკრაინის და უკრაინელებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, პუტინი არასოდეს გაჩერდება და ის გაივლის აღმოსავლეთ ევროპის გზას, რადგან მას ეს სურს.

„ჩვენ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი. ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ამაზე კონგრესმენებთან. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენსაც. ეს ყველას ესმის. 300 კილომეტრ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები ძალიან დაგვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ-ს სენატმა მიიღო 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებასაც, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რომ კონგრესი მას არ დაამტკიცებს.

“სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა” – ნიკოლ ფაშინიან

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ჩვენი აზრით, არ შესრულებულა სომხეთთან მიმართებით, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე. ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა ამ შეთანხმებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში“, – განაცხადა ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში.

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო დახურვის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, პრემიერმა უპასუხა რომ „ამ დროისთვის ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს“.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კალიფორნიაში ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობისა მისი ბრძოლის მიმართ კურუფციის წინააღმდეგ, ასევე თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის, სადაც კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბრად ვრცელდება“,- წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის ოჯახთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ნავალნის ღვაწლი გაგრძელდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მთელ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში გლოვობენ მის გარდაცვალებას და იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის.

„პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალი დიდ სანქციების შესახებ განაცხადებს ალექსეის სიკვდილის, რუსეთის რეპრესიებისა, აგრესიის, ასევე უკრაინაში მისი სასტიკი და უკანონო ომის საპასუხოდ“, – წერია განცხადებაში.

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ და დილიდან აქტიურად მოქმედების სურვილით გაქვთ. დროა, თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. სავარაუდოდ ამ დღეს მოგებიან შეთავაზებას მიიღებთ, რომელსაც უნდა დაეთანხმოთ. ეცადეთ, ეს დღე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას – ის გიკარნახებთ, მოულოდნელ სიტუაციებში, როგორ უნდა იმოქმედოთ.

კურო

დღის პირველ ნახევარში თავს ხალისიანად და თავდაჯერებულად გრძნობთ. ეცადეთ, საქმეები და მნიშვნელოვანი შეხვედრები დილისთვის დაგეგმოთ, შუადღე კი ოჯახს ან მეგობრებს დაუთმოთ. ჭორებს ნუ დაუჯერებთ და ეცადეთ, ყველა ინფორმაცია გამოყენებამდე გადაამოწმოთ. ახლობელი ადამიანების გარემოცვაში სასიამოვნოდ გატარებული დრო თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

ტყუპები

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. რომ არ ელით, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მაშინ შემობრუნდება. ბედმა შეიძლება კონკურენტებზე გამარჯვების შესანიშნავი შანსი მოგცეთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, თორემ დიდხანს ინანებთ. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო სიურპრიზებისგან კი შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია გიხსნით.

კირჩხიბი

ამ დღეს ინტუიციას არ უნდა ენდოთ. გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი გამოცდილებით ან მეგობრების რჩევით იხელმძღვანელეთ. ეცადეთ, პრობლემები გაჩენისთანავე მოაგვაროთ, რადგან მოგვიანებით მათთან გამკლავება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, ამ დღეს ვალები დროულად დაფაროთ და დაპირებები შეასრულოთ. მეგობარს თქვენით მანიპულირების უფლებას ნუ მისცემთ, რათა ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

ლომი

23 თებერვალს განწყობის ხშირი ცვლა და არასტაბილური ემოციური ფონი გელით. საქმეს სამომავლოდ ნუ გადადებთ – შესაძლოა, გარემოებები თქვენთვის არასასურველად განვითარდეს. ახალი ნაცნობები თქვენს მომხიბვლელობას და მეგობრულ დამოკიდებულებას დააფასებენ, ამიტომ მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და თქვენთვის საჭირო კავშირები დაამყარეთ.

ქალწული

განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეცადეთ, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ და ყველაფერში დადებითი მხარე დაინახოთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ, რაც თქვენს ცხოვრებაზე აისახება. ეცადეთ, ყველა სადავო საკითხი დროულად მოაგვაროთ და არ გადადოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთული საქმე ან დავალება სამომავლოდ გადადოთ და ეს დღე ისე გაატაროთ, როგორც გსურთ. თავი შეიკავეთ კამათისა და დაპირისპირებისგან და ეცადეთ, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ.

მორიელი

დილიდან გაღიზიანებული ხართ და გარშემომყოფებს უმიზეზოდ ეკამათებით, რაც შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ეცადეთ, მტკივნეულ თემებზე საუბარს მოერიდოთ და ემოციები აკონტროლოთ. იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. საქმეს უფრო სწრაფად დაასრულებთ, თუ მარტო იმუშავებთ და დროს უაზრო საუბრებზე არ დაკარგავთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. გირჩევთ, გადაწყვეტილებები სწრაფად და უყოყმანოდ მიიღოთ, თორემ ხელსაყრელ შანსს დაკარგავთ. ამ დღეს მეტი აქტიურობა და ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ხალხმრავალ ადგილებში მეტი დრო გაატაროთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.

თხის რქა

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს საჭირო ადამიანი გაიცნოთ ან მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ. სიახლეების და ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. მცირე, თითქმის უმნიშვნელო წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და საკუთარ საქმიანობაში გაითვალისწინეთ. რთულ სიტუაციებში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ – ის ერთადერთ, ყველაზე სწორ მინიშნებას მოგცემთ.

მერწყული

ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ, ძველი ვალდებულებები შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ტვირთი თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ფიზიკური აქტივობა მოდუნებასა და სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

თევზები

ეცადეთ, ძალები რაციონალურად გაანაწილოთ ძალა. პირველ რიგში, დაწყებული საქმე დაასრულეთ და საყვარელ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარეთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ. კოლეგების რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

“ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ისტერიამ ყველაფერი დამაჯერებლად აჩვენა” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციას „ისტერია“ უწოდა.

ლავროვის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ რუსეთის საქმეებში.

„ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ისტერიამ ყველაფერი დამაჯერებლად აჩვენა. კომენტარის გაკეთებაც კი არ მინდა. ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში. კონკრეტულად ნავალნიზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ არავინ იცის, რა გაუკეთეს მას გერმანიის ტერიტორიაზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, 2020 წელს გერმანიის ხელისუფლებამ უარი თქვა გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ნავალნისთვის ჩატარებული ანალიზების შედეგების რუსეთისთვის გაზიარებაზე.

„ნავალნი გერმანიაში როცა მოხვდა, სამოქალაქო კლინიკაში ვერაფერი აღმოაჩინეს, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ. გადაიყვანეს სამხედრო კლინიკაში. სწორედ იქ დაადგინეს, რომ მის ორგანიზმში გარკვეული „ნოვიჩოკი“ იყო. ჩვენ ვითხოვეთ, ეჩვენებინათ ანალიზების შედეგები, გვითხრეს, რომ ეს თქვენი საქმე არ არის“, – აღნიშნა ლავროვმა.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზაში მდებარე ნასერის საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტების ევაკუირებას გეგმავს” – „როიტერი“

გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზაში მდებარე ნასერის საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტების ევაკუირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამჟამად საავადმყოფოში დაახლოებით 140 პაციენტი იმყოფება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორებმა მანამდე პაციენტების ევაკუირება ხან იუნისში მდებარე საავადმყოფოდან განახორციელეს და ისინი ღაზის სამხრეთ ნაწილში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე ანკლავის 34 საავადმოყოფოდან მხოლოდ 13 ფუნქციონირებს.

ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოებს ფარად იყენებს. „ჰამასი“ კი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის განადგურების საბაბია.

“წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება მაღალი რანგის ავიაკომპანიებთან, რომლებიც იწყებენ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში”

მიმდინარე წელს გვაქვს არაერთი წარმატება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება მაღალი რანგის ავიაკომპანიებთან, რომლებიც იწყებენ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლებს ჩვენი ქვეყნის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. მათ შორისაა, „ავსტრიის ავიახაზები“, ნიდერლანდური „ტრანსავია“, ასევე ქუვეითური ავიაკომპანია Jazeera Airways – ი, რომელიც ზაფხულის საავიაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით კვირაში სიხშირით შეასრულებს ფრენებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

ქუვეითის ავიაკომპანია ფრენებს ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა Jazeera Airways-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2024 წლის 20 თებერვალს მიანიჭა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების სტიმულირება. ჩვენს მთავარ სტრატეგიას ასევე წარმოადგენს ბაზრების დივერსიფიკაცია, ამიტომაც დიდ რესურსს ვდებთ, რათა გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი საჰაერო ფრენა ჩვენთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, მათ შორის, ევროპისა და ყურის სახელმწიფოებთან. სწორედ ამიტომ გვაქვს აქტიური მარკეტინგული კამპანიები კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ჩვენს ქვეყანაში, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენების არსებობა. ყოველივე ეს გვაძლევს იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 2024 წელი იქნება მორიგი წარმატების წელი ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის ინდუსტრიაში. ჩვენ გვაქვს ბევრი ამბიციური პროექტი, რომელთაც განვახორციელებთ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამ ეტაპისთვის, „Jazeera Airways“-ი რეგულარულ რეისებს ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.

“მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები” – შალვა პაპუაშვილი

მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები – დეკლარაციის შევსებას და მის მონიტორინგს სხვა ფუნქცია კი არ აქვს, ზუსტად ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის ფარგლებში საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა მოსამართლეები ქონებრივ დეკლარაციებს ავსებენ, ამიტომ ეს არგუმენტი არ არის მისაღები.

„არგუმენტად ეს თუ თქვეს, რომ ოთხასი მოსამართლის ფილტრი იმიტომ არის ჩასატარებელი, დაუსაბუთებელი ქონება შეამოწმონ, მაშინ მათ კვალიფიკაციასთან გვქონია პრობლემა, ვინც ამ არგუმენტს ამბობს. მოსამართლეები ისევე ავსებენ ქონების დეკლარაციებს, როგორც პარლამენტის წევრები და მინისტრები. ეს არის დეკლარაციის გადამოწმება, დაუსაბუთებელი ქონების გადამოწმება – შემოსავალსა და გასავალს შორის არის თუ არა დისბალანსი და შემოსავლის წყარო რა არის. დეკლარაციის შევსებას და მის მონიტორინგს სხვა ფუნქცია კი არ აქვს, ზუსტად ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო, სწავლობს, დეკლარაციებში ხომ არ არის შეუსაბამობა. დეკლარაციაში შეიძლება იყოს მინიშნება, რომ ქონება არის დაუსაბუთებელი. ასე რომ, ესეც არ არის არგუმენტი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

“წარდგენილი გვაქვს “ვეტინგის” სისტემის საფუძველზე მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი” – ლევან ბეჟაშვილი

წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დააკმაყოფილებს ჩვენს წინადადებებს, არ არის, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თაობაზე განაცხადა, რომელიც მან დასრულებამდე დატოვა.

მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სასამართლო რეფირმის გასატარებლად სთავაზობს, საქართველოს მსგავსი პრობლემების მქონე ქვეყნისთვის ზუსტად შესაბამისია.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ ხელისუფლება ოპოზიციის წინადადებებს არ გაითვალისწინებს, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, საზოგადოებას დაანახოს, რომ მისი წევრები ყველა პროცესში მონაწილეობენ.

“დღევანდელ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ხედვა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არსებობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებასაც რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვთ, მაგრამ ჩვენი მიზანია, ყველა სუბიექტს მოვუსმინოთ.

“ქართულ ოცნებას” აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმ სისტემაში, სადაც სანქცირებული მოსამართლეები არსებობენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს, მთავრობას მართლა სურს სასამართლოს რეფორმა.

ჩვენ წარდგენილი გვაქვს “ვეტინგის” სისტემის საფუძველზე მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი, რომელიც ჩვენი ტიპის პრობლემების მქონე ქვეყანას ზუსტად შეესაბამება.

წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დააკმაყოფილებს ჩვენს წინადადებებს, არ არის, თუმცა გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ყველა პროცესში ვმონაწილეობთ და საკუთარ აზრს ვაფიქსირებთ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.