Home Blog Page 279

“ჩვენი ალიანსები, პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ ეს მთხოვა პრეზიდენტმა ბაიდენმა, როდესაც მოვდიოდი საქართველოში”

მინდა, დავიწყო ჩემი გამოსვლა პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებით, პრეზიდენტი ამბობს: ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს, ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობები კიდევ მეტად უნდა გააღრმაონ.

„ვიმუშავებთ, რომ იყოს კეთილდღეობა და სტაბილურობა. ამ სიტყვებით პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ალიანსები, პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ ეს მთხოვა მან, როდესაც საქართველოში მოვდიოდი, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი უკვე არსებული კარგი და ფართო თანამშრომლობა. ჩვენ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენ გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული და რწმენა, რომ გვაქვს ამის მზაობა და შეგვიძლია, სამყარო ვაქციოთ უკეთეს ადგილად ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა დანიგანმა.

2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

„როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავტობუსის პარკის განახლებაა, თუმცა დამატებით დაგვჭირდა 18-მეტრიანების შემოყვანა, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს. 160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე:  N301, N308 და N314.

“ვისაც არ უნდა ევროკავშირი, ჩაებღაუჭოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს” – გიორგი ვაშაძე

ჩემთვის სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის განმტკიცება არის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, პაპუაშვილის და ივანიშვილის ჯგუფისთვის სახელმწიფოებრიობა არის მურუსიძე და ჩინჩალაძე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ე.წ. ვეტინგის სისტემა არის ევროპული სტანდარტი.

„მე მინდა სწრაფად ევროკავშირში, რომ სიკეთე, კეთილდღეობა მოვიტანოთ ყველა ქართულ ოჯახში. მათ უნდათ კეთილდღეობა მხოლოდ მათთვის. რაც შეეხება „ვეტინგს“, ევროკავშირში გვაწევრიანებს სწრაფად. ამაზე მეტი უპირატესობა რა შეიძლება, იყოს? ბუღალტერიაში რომ არ შევიდეთ, გეუბნებით, ეს არის ევროპული სტანდარტი. ხომ გვინდა ევროკავშირი? ევროპული და ამერიკული ინვესტიციები? მათ სჭირდებათ სანდო სასამართლო. გვინდა ევროკავშირი? აგერ, ბატონო, სისტემა, რომელიც უნდა დავიწყოთ. ვისაც არ უნდა ევროკავშირი, ჩაებღაუჭოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, ეს არის პაპუაშვილის და ივანიშვილის გზა“, – განაცხადა ვაშაძემ.

“მმართველი ძალა იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავს” – ხატია დეკანოიძე

მმართველი ძალის პოზიციაა, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავენ – ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესასრულებელია, რომ დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც მართლმსაჯულების რეფორმასა და „ვეტინგის“ მოდელზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ჩამოყალიბებულია, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ რეფორმის განხორციელებისთვის და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. „რეკომენდაცია იყო ვენეციის კომისიის. აქ საუბარი იმაზე არ არის, ხატია დეკანოიძე რას ეუბნება მმართველ ძალას, აქ საუბარია იმაზე, რომ შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, იუსტიციის საბჭოს რეფორმა საერთოდ არ გვჭირდება. თუ რაიმე ახალი რეფორმის ქვაკუთხედი და მოდელი აქვს მმართველ ძალას, მე მზად ვარ და დარწმუნებული ვარ ყველა პარლამენტში, რომ ეს მოდელები ჩვენ განვიხილოთ. თუმცა, მათი პასუხი იყო ის, რომ ისინი ვერ ხედავენ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას. ყველაფერი დაწერილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, რომლებიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ დეკემბერში მოლაპარაკებები გაიხსნას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემა, რასაც რამდენიმე დღეა ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია.

„სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს. მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვინც მისაბაძ მაგალითად ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას გვისახავს, არაკეთილსინდისიერია. ნებისმიერი კვლევის მიხედვით, საქართველო ამ ქვეყნებზე ყველა პარამეტრით რამდენიმე თავით მაღლა დგას. საქართველოსთვის მათი მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მიჩიგანში „დემოკრატების“ პრაიმერიზზე ჯო ბაიდენმა, „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზზე კი დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

მიჩიგანში გამართულ პრაიმერიზზე ამომრჩევლის რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. დემოკრატების პრაიმერიზში მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. რესპუბლიკელთა შორის კი პირველობა ისევ დონალდ ტრამპმა მოიპოვა.

ექსპერტები უკვე აცხადებენ, რომ მიჩიგანის პრაიმერიზი გადამწყვეტ როლს ითამაშებს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც, დიდი ალბათობით, ბაიდენი და ტრამპი კონკურენტები იქნებიან.

“ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას” – ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ – რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს რა კონფიგურაციაც არ უნდა შესთავაზოს, ეს რეალურად, ქართული პოლიტიკისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.

„ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლა ამ არჩევნების წინ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, რომ რაღაცა ფორმა, კონფიგურაცია მიიღონ, რომ არჩევნებზე რაღაცა წარმატების შანსი მაინც ჰქონდეთ 5%-იანი ბარიერის გადალახვისა. გამომდინარე აქედან, რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი ოპოზიცია – ერთად იქნებიან, სხვადასხვა კონფიგურაციას მიიღებენ, თუ არა. ვფიქრობ, რომ არანაირი ფორმატი, რა ფორმატშიც არ უნდა დალაგდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან, ეს მნიშვნელოვნად და რეალურად სიახლეს ქართული პოლიტიკისთვის არ წარმოადგენს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავუმეორე მზაობა, გავაღრმაოთ სტრატეგიული ურთიერთობები” – რობინ დანიგანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავუმეორე მზაობა, გავაღრმაოთ სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდამავალ ეტაპზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„გასულ კვირაში მქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ჩვენი ურთიერთობები ჩემს პირველ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან პირველად. კიდევ ერთხელ გავუმეორე პრემიერ-მინისტრს მზაობა, გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ჩვენ ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, მათ შორის შუა დერეფნის მხარდაჭერა, აგრეთვე ჩვენი სამხედრო-თავდაცვითი ურთიერთობების გამყარება და ჩვენი კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა. საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და ეს იყო დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ბევრს მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. შემდგომი თვეების, წლების განმავლობაში მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ, შეასრულოთ ცხრა პირობა, გქონდეთ წინსვლა ამ გზაზე. აშშ მზად არის ამისთვის. აგრეთვე, მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტზე. ჩვენ ვითანამშრომლებთ და გვინდა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოების ყველა სფეროსა და ასპექტს“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი წელია.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ის, რომ წავედი ბრიუსელში, ვესაუბრე საქართველოს კანდიდატობაზე და იმაზე, თუ რა შეუძლია, აშშ-ს გააკეთოს, რათა უკეთ დაგეხმაროთ ამაში; რამდენად და როგორ შეიძლება, იყოს ჩვენი მხარდაჭერა, როგორ შეიძლება, იყოს კიდევ უფრო ხელსაყრელი თქვენი მიზნის მიღწევაში. ჩემი პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, რათა განმეხილა ხელმძღვანელ პირებთან საქართველოს მისწრაფებები, მხარი დამეჭირა; ასევე, მხარი დაგვეჭირა საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებებზეც, ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი წელი გაქვთ წელს, რომელიც იმედია, მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აგრეთვე, ვისაუბრეთ არჩევნებზეც და დარწმუნებული ვარ, თქვენც იზიარებთ ჩემს მოსაზრებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე, ყველა თქვენგანი, პარლამენტი, მთავრობა, ოპოზიცია, საზოგადოება და განსაკუთრებით ცესკო, რათა უზრუნველყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი ხმები იქნება სათანადოდ, სამართლიანად, გამჭვირვალედ დათვლილი და პროცესიც იქნება მთლიანად სამართლიანი და გამჭვირვალე“, – განაცხადა დანიგანმა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

4 მარტამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსამდე მოიმატებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ” – პრეზიდენტი

[ქვეყანაში] არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ამგვარი შემოტევებისთვის, მიმდინარე წელს, მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ამასთან, კითხვაზე, რა სახის რჩევებს აძლევს და აძლევს თუ არა მაგალითად, უკრაინას, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის [რუსეთს], გრძნობს თქვენი მთავრობა რუსეთის ზეწოლას და წნეხს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „დარწმუნებული არ ვარ, რომ უკრაინელებს რაიმე რჩევა უნდა მივცეთ, რადგან ჩვენ თითქმის პარალელური ისტორიები გვქონდა: მე-19 საუკუნის იმპერიალისტური რუსეთი, მე-20 საუკუნის საბჭოთა რუსეთი, გვქონდა შემოსევები, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ“.

„ასე რომ, ჩვენ ერთ გზაზე ვდგავართ, ვიცით, რომ ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა ევროკავშირთან მეტი დაახლოებაა და ეს ის გზაა, რომელსაც უკრაინასთან ერთად მივუყვებით. ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ასოცირებული ტრიო ვიყავით და უკრაინაში ომმა ეს გზა, ფაქტობრივად, დააჩქარა და ჩვენი ქვეყნები კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ღელავს თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს ამხელა გავლენა ქვეყანაზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ“.

„ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება – როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით – კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს… ასეთი საზოგადოებისათვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“რამე დიამეტრულ განსხვავებას – ევროპაში ცალ ფეხზე ხტუნვით შესვლასა თუ რუსეთში მუხლებზე ხოხვით დაბრუნებას შორის – მე მაგალითად ვერ ვხედავ”

არაფერია ახალი იმაში, რაც დღეს ვნახეთ: ვიწროპარტიული მიზნებით ნაკარნახევი უკვე კარგად ცნობილი და ნაცადი მოუთმენლობა, კონკურენტებად მიჩნეული ძალების აუგად მოხსენიება და უკიდეგანო აგრესიული ამპარტავნება. ანუ, კონცენტრირებულად ყველაფერი ის, რაც არაერთხელ გვინახია ბოლო 33 წლის განმავლობაში, ოღონდ ახლა ექსკლუზიურად პატრიოტულ და სარწმუნოებრივ მანტიაში გახვეული,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარალელს ავლებს თანამედროვე საქართველოს ისტორიასა და უძველეს ბიბლიურ მოვლენებს შორის. როგორც ქართველიშვილის ვრცელ პოსტშია აღნიშნული, ქართველი ხალხი, რომელმაც მძიმე გამოცდილებით მოიპოვა პოპულიზმის და რეალიზმის გარჩევის უნარი, თავის არჩევანს 26 ოქტომბერს გააკეთებს.

„ხანდახან ყველაზე პრიმიტიულ მელოდიასაც YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს, აქ არაფერია არც უცნაური და არც ახალი. დღეს უცნობის კიდობანში მინიატიურაში იყო ნაჩვენები რეტროსპექტივა, როგორც უძველესი ბიბლიური, ასევე საქართველოს უახლოესი ისტორიული მოვლენებისა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბოლო 33 წელიწადში იცვლებოდნენ მოქმედი პირები, მაგრამ იდენტური იყო მათი ქმედებების მამოძრავებელი, თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი მოტივაცია.

მაგალითად, დღეს რუსეთის რაღაც ექსპერტთა, თუ სახელმწიფო სათათბიროს ცალკეული დეპუტატების დონეზე ქვეყნის გაერთიანების მოლაპარაკებებში ჩართული ქართული კონტინგენტი იმ საზოგადოების მენტალური მემკვიდრე მგონია, ვინც 1989 წელს ერთმანეთს ასწრებდნენ სსრკ-დან ხმაურიან გამოსვლაში, ხოლო დღეს ვერ ბედავენ 9 აპრილზე თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებას. ვინც დღეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე ზრუნავს, მათი შთამომავალია ალბათ, ვინც სოხუმისა და ცხინვალზე განხორციელებული ბლიც-კრიგებით დღევანდელ სტატუს-ქვოს უქმნიდა საფუძველს.

რატომღაც, 1991 წლის პუტჩისტებისა და შემდგომ პირველი პრეზიდენტის მკვლელთა რიგებში ბევრი იგივე ხალხი მეგულება, ვისაც ერთი წლით ადრე გამსახურდია მოჰყავდა ხელისუფლებაში. უცნობის დღევანდელი კიდობნის შემყურე, ჟირინოვსკის სიტყვები გამახსენდა ქართველებზე: „მუხლებზე ხოხვით დაგვიბრუნდებიან ესენი”. და რამე დიამეტრულ განსხვავებას – ევროპაში ცალ ფეხზე ხტუნვით შესვლასა თუ რუსეთში მუხლებზე ხოხვით დაბრუნებას შორის – მე მაგალითად ვერ ვხედავ.

რა თქმა უნდა, გვახსოვს ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები, რომლებსაც არც ზეციური მანანა დააკლო მამა-ღმერთმა დაპურების მიზნით და წყურვილის დასაკმაყოფილებლად არც კლდიდან სასწაულებრივად გადმოსული წყარო. მდინარე იორდანეს გადალახვამდე, მათ მხოლოდ მოთმინება და მორჩილება უნდა გამოეხატათ. თუმცა, ამას მოუთმენლობითა და ურჩობით პასუხობდნენ. ისიც კარგად გვახსოვს, მანანას მიღებით გადაღლილებმა როგორ მისტიროდნენ ეგვიპტურ ჩიჩიებს და როგორ შეურაცხყვეს მზრუნველი უფალი ოქროს კერპებით.

არაფერია ახალი იმაში, რაც დღეს ვნახეთ: ვიწროპარტიული მიზნებით ნაკარნახევი უკვე კარგად ცნობილი და ნაცადი მოუთმენლობა, კონკურენტებად მიჩნეული ძალების აუგად მოხსენიება და უკიდეგანო აგრესიული ამპარტავნება. ანუ, კონცენტრირებულად ყველაფერი ის, რაც არაერთხელ გვინახია ბოლო 33 წლის განმავლობაში, ოღონდ ახლა ექსკლუზიურად პატრიოტულ და სარწმუნოებრივ მანტიაში გახვეული.

მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები გადაცემის სტუმარს – ქართველი ხალხი, რომელმაც მძიმე გამოცდილებით მოიპოვა პოპულიზმსა და რეალიზმს შორის გარჩევის უნარი, თავის არჩევანს 26 ოქტომბერს გააკეთებს…” – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

“აშშ-ს ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩინეთთან დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, როდესაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკა მოყვა”

კარგია, როცა პარტნიორებთან გვაქვს ინტერესების თანხვედრა, მაგრამ როცა ასეთი თანხვედრა არ არის, უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, სახელმწიფოთა ურთიერთობებში გარკვეულ დათმობებზე წასვლა ხდება ხოლმე, მაგრამ ეს დათმობა უნდა იყოს ისეთი, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფოებრივი ინტერესები.

„აშშ-ს უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩინეთთან დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ხოლო როდესაც ჩვენ გავაფორმეთ მსგავსი ხელშეკრულება ჩინეთთან, ამერიკის საელჩოს მხრიდან ამას კრიტიკა მოყვა. არადა, თუკი ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, რაც კარგია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის და კარგია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, რატომ არ უნდა მიესალმოს ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? რა უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო? თუ მათთვის მისაღები და დასაშვებია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დასაშვებია, თუ მთლიანად ევროკავშირისთვის, როგორც ინსტიტუციისთვის დასაშვებია, საქართველოსთვის რატომ არის აკრძალული? რატომ გვიდგენენ ჩვენ სხვა სტანდარტს? ჩვენ, „ხალხის ძალას“, სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტი არ მოგვწონს და ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, თუ არ დავიცავთ ჩვენს თავს, უფლებებსა და ინტერესებს. აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ამიტომ მასზე ნუ ვიქნებით გაბრაზებული, თუ ის ჩვენთან ურთიერთობაში თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამერიკაც, ინგლისიც, ჩინეთიც და ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს თავისი ინტერესები დაიცვას და გაატაროს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ეს კარგია, მაგრამ, როცა ასეთი თანხვედრა არ არის, მაშინ ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. იმას ვერ ვიტყვი, რომ დათმობა არასდროს მოგვიწევს, პოლიტიკა დათმობების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ბუნებრივია, ეს დათმობა უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები არ დავაზიანოთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მარიამ ქვრივიშვილი „ეარ ჯორჯიას“ განცხადებას პასუხობს

ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული სამწლიანი ბიზნეს გეგმა არ ითვალისწინებდა ფრენებს ამერიკაში, – ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებლის, გიორგი კოდუას ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიას აქვს აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სურვილი, მაგრამ ამაში ხელს მთავრობა უშლის.

როგორც მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, გიორგი კოდუას მხრიდან მიზანმიმართულად ხდება ყალბი, მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელება. მისი თქმით, „ეარ ჯორჯიას“ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაუქმდა 2022 წლის დეკემბერში, რადგან შპს „აირ ჯორჯიას“ ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი თვითმფრინავი – Airbus 330-343 ტიპის საჰაერო ხომალდი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მოთხოვნით.

„კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიის ექსპლუატაციაში საჰაერო ხომალდის არყოლა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთ პირდაპირ საფუძველს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა bpn-თან საუბრისას.