Home Blog Page 278

მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ

J

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ.

ილონ მასკის მიერ გაზიარებულ პოსტში ნათქვამია:

შესანიშნავი ახალი კვლევა, რომელიც ლაიამან სტოუნმა გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ შობადობის მხარდამჭერი წახალისება და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლება გამოიწვია 42%-იანი ზრდა მშობლობის მაჩვენებელში დაქორწინებულ მართლმადიდებელ ქართველ წყვილებში და 100%-იანი ზრდა მესამე და მეტი შვილის გაჩენაში. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ აამაღლონ ერების ნაყოფიერება!

გამაოგნებელია ამ პირების პოლიტიკური მიზნები და ინტერესები – ალექსანდრე წულაძე პეტერ ფიშერის განცხადებაზე

ხაზგასმით მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მისი თქმით, თავად ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე, მათ შორის, არც Erasmus+-ისა და DAAD-ის პროგრამებზე.

„ხაზგასმით მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას. აქვე დავამატებ, რომ პირადად ჩემთვის გამაოგნებელია ამ პირების პოლიტიკური მიზნები და ინტერესები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ,‘‘ – განაცხადა წულაძემ.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ გერმანიის განათლების სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში.

“კრემლი და დასავლური სანქციები: რომელი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს”-Deutsche Welle

გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ („Deutsche Welle“ – „გერმანული ტალღა“) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კრემლი და დასავლური სანქციები: რომელი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს“ (ავტორი – არტურ სელივანი). პუბლიკაციაში მოცემულია რუსეთის საგარეო ვაჭრობის მდგომარეობის ანალიზი, უკრაინასთან ომის დაწყების შემდგომ პერიოდში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე სამი წელი გავიდა. არაფერი ისე არ შეცვლილა მოსკოვისათვის, როგორც სავაჭრო ურთიერთობები შეიცვალა დანარჩენ მსოფლიოსთან. 2022 წლამდე რუსეთის ექსპორტის თითქმის ნახევარი ევროპულ ქვეყნებში მიდიოდა, ბელარუსია და უკრაინის ჩათვლით. ექსპორტის დიდ ნაწილს ენერგომატარებლები შეადგენდა, ძირითადად ნედლი ნავთობი და ბუნებრივი საწვავი გაზი.

დასავლეთიდან – აღმოსავლეთისაკენ

2023 წლის ბოლოს სურათი თითქმის მთლიანად შეიცვალა: რუსეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრები გახდნენ ჩინეთი და ინდოეთი, რომლებზეც რუსეთის ექსპორტის თითქმის ნახევარი მოდის: ჩინეთზე – დაახლოებით 33%, ხოლო ინდოეთზე – თითქმის 17%. უკრაინაში შეჭრამდე, 2021 წელს ჩინეთის წილი შეადგენდა 15%-ზე ნაკლებს, ხოლო ინდოეთისა – 2%-ზე ნაკლებს.

2024 წელს ევროპულ ქვეყნებში რუსული ექსპორტის 14% იგზავნებოდა, ორი წლით ადრე კი 48%-ზე მეტი. თურქეთში რუსეთის ექსპორტი 2021 წლის 4,2%-დან 7,9%-მდე გაიზარდა 2024 წელს. ზომიერი ზრდა ფიქსირდება ყაზეხეთთან და უნგრეთთან, რომლებსაც რუსეთთან წლების განმავლობაში მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ.

„რუსეთი – ჩინეთის ვასალი“

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოსკოვის ეკონომიკური ურთიერთობა ყველაზე რადიკალურად პეკინთან შეიცვალა – როგორც ვაჭრობის, ასევე გეოპოლიტიკური კუთხით. „რუსეთი უკვე ჩინეთის ვასალად გადაიქცა“, – განაცხადა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში ელინა რიბაკოვა, ვაშინგტონში არსებული პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის ეკონომისტი.

დასავლური სანქციების გამო მოსკოვი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული პეკინზე მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტის სფეროში. „რუსეთი დიდი და რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ მას არ აქვს თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობა“, – ამბობს ჟოლტ დარვაში, ბრიუსელის მსოფლიო ეკონომიკის კვლევის ცენტრის Bruegel-ის თანამშრომელი, – ამიტომაც მოსკოვი იძულებულია ფართო მოხმარების პელექტრონული პროდუქცია საიდანღაც მიიღოს. მისი მიმწოდებელი სულ უფრო ხშირად ჩინეთი ხდება“.

თავის მხრივ, ელინა რიბაკოვა აზუსტებს, რომ ჩინეთი არამარტო აწოდებს რუსეთს თავის საკუთარი – ჩინური – წარმოების პრდუქციას, არამედ ეხმარება მას დასავლური საქონლის შეძენაშიც. განსაკუთრებით ეს ეხება „ორმაგი მოხმარების“ პროდუქციას, რომელიც გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნით.

ჩინური პროდუქციის იმპორტმა რუსეთს ევროკავშირიდან იმპორტი მნიშვნელოვნად ჩაუნაცვლა – 2024 წლისათვის ჩინურმა ექსპორტმა რუსეთში თითქმის 105 მილიარდი ევრო შეადგინა. ექსპორტში დაახლოებით 40% სხვადასხვა დანადგარებზე და მაკომპლექტებელ დეტალებზე მოდის, 30% – მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე, ტრაქტორებზე და მათთვის სათადარიგო ნაწილებზე, 20% – პლასტმასისა და რეზინის ნაკეთობებზე, ტექსტილზე და ა.შ.

ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიო

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ბოლო სამ წელიწადში სწრაფად მოახდინა ვაჭრობის ორიენტირების შეცვლა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ექსპერტები არ თვლიან, რომ „რუსეთმა კარგი ცხოვრება დაიწყო“, ანუ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა 2021 წელთან შედარებით. როგორც ჟოლტ დარვაში ამბობს, რუსეთის ეკონომიკა, რასაკვირველია, არ ჩამოიშლება, მას კიდევ ბევრი პრობლემის გადატანა შეუძლია, მაგრამ მოსკოვი ამჟამად ისეთ მაღალხარისხიან პროდუქციას ვეღარ იღებს, რასაც ადრე ევროკავშირიდან და საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებიდან იღებდა, რაც მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს“.

ელინა რიბაკოვას აზრით, რუსეთს, ეკონომიკური თვალსაზრისით, კრახი ნამდვილად არ ემუქრება, მისი საქმე ცუდად არ არის, რასაც ადრე ბევრი პროგნოზირებდა. კრემლის მიერ გეოეკონომიკურ საკვანძო სავაჭრო პარტნიორების შეცვლა ასევე ნიშნავს გეოპოლიტიკურ ცვლილებასაც – მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგზე გადასვლას.

„ეს ძალზე მოხერხებული გზაა ვლადიმერ პუტინისათვის, რომელიც მრავალპოლუსიანი წესრიგის დამკვიდრებას ცდილობს. რა თქმა უნდა, რუსეთი თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს მოერიდება, რომ დასავლეთს აჩვენოს – კრემლს შეუძლია ყველა სიტუაციაში გამოსავალი მონახოს… მაგრამ ასეთ გზას მეორე, ჩრდილოვანი მხარეც აქვს: ჩინეთზე დამოკიდებულება რუსეთს მოწყვლადს ხდის, პეკინი მოსკოვისათვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო შლიუზი ხდება. რა თქმა უნდა, ჩინეთისთვისაც მნიშვნელოვანია რუსეთი, მაგრამ შეუცვლელი ნამდვილად არის“, – ამბობს ელინა რიბაკოვა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და მსოფლიო თასის შეჯიბრიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო -კლაუს ვალდნერი

გუდაურში, სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის  შეჯიბრის დირექტორის კლაუს ვალდნერის შეფასებით,  საქართველოში ტურნირი წარმატებით ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და ტურნირიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო. “ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, რადგან გუდაურში ჩატარებული ტურნირით კმაყოფილი დავრჩი. ორგანიზატორების მიერ გაწეული დიდი სამუშაოს გარდა, ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ მსოფლიო თასის ეტაპების საქართველოში ჩატარება ჩვენი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. იდეალური იყო თოვლის კონდიცია და ტურნირი”, – განაცხადა კლაუს ვალდნერმა.

საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენი ასპარეზობდა. შეჯიბრის პირველ დღეს საუკეთესო შედეგები იტალიელის წარმომადგენელმა სიმონე დერომედისმა და  შვეიცარიის წარმომადგენელმა ფანი სმიტმა აჩვენეს. ხვალ შეჯიბრის მეორე ეტაპი გაიმართება.

როგორც სიმონე დერომედისმა აღნიშნა, რომ საქართველოში ღონისძიება ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, რისთვისაც მან ორგანზატორებს მადლობა გადაუხადა. “ძალიან მაგარი შეჯიბრი იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, რაღაც კარგი ხდება. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო. ეს შეჯიბრი ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს”, – თქვა  სიმონე დერომედისმა.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს” (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) იმართება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. გასულ წელს, ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა. 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში.

8-9 მარტს გუდაურში დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.

დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი, ვერტმფრენიდან განახორციელეს.
მათივე ცნობით, ვერტმფრენი საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და მოსახლეობისთვის პირველადი ნივთებისა და საკვების მიწოდებას უზრუნველყოფს.
„მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, თავდაცვის ძალებთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და მოსახლეობის დახმარებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 2022 წლის 28 თებერვალს შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როცა უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო-შალვა პაპუაშვილი

2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც პირველ რიგში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, მისი პოსტი დასავლეთთან საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, შეცდომებსა და იმედგაცრუებას შეეხება.

„2022 წლის 24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას და წინა დღემდე მბჟუტავი იმედი, რომ ეს ომი საბოლოოდ არ დაიწყებოდა, გაქრა. როგორც გვახსოვს, ამ ინტერვენციას რამდენიმეთვიანი დაძაბულობა უძღოდა წინ. ომის დაწყებისთანავე დასავლეთმა, ბუნებრივია, დაგმო რუსული აგრესია და 23-24 თებერვალს სანქციების პირველი პაკეტიც დაამტკიცა. 25 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამორიცხა რუსეთისათვის დაწესებულ დასავლურ სანქციებთან მიერთება. ამ უარმა, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან უკვე ყველასთვის გონივრული და გამართლებული აღმოჩნდა, იმ დროს დასავლეთის ზოგიერთი მთავრობის, ქართული რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა დაუყოვნებლივ წამოიწყეს გაავებული კამპანია ხელისუფლების, როგორც „პრორუსული მთავრობის“ წინააღმდეგ. პარლამენტის წინ ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. ცხადია, რომ დასავლური ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე გავლენიანი ამერიკის შეერთებული შტატებია, სტრატეგიული პარტნიორობისგან, ურთიერთობის ისტორიიდან და თანამშრომლობის სფეროებიდან გამომდინარე. იმ მომენტში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდა და, ჯერ კიდევ აშშ-დან, ჩემთან შეხვედრა მოითხოვა. 2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში მას შევხვდი მის თანმხლებებთან ერთად. პირველი, რითაც მან საუბარი დაიწყო, იყო „დაბნეულობის და იმედგაცრუების“ გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. ელჩი ამ მოთხოვნას ხაზგასმით და მკაფიოდ აფიქსირებდა, მისი სპეციალური თანაშემწე კი ჩემს პასუხებს, დაწვრილებით იწერდა. ამ დროს დაწყებული ომის მასშტაბი და შედეგი ჯერ ისევ ბუნდოვანია.

– „საქართველო, რომელსაც არავინ უთანხმებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას, მის შინაარსს, ხანგრძლივობას, რაიმე კონკრეტიკას, ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთა ფურცელს“, – ვპასუხობ მე;

– „უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში რას მოუტანს საქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებთ და რა რისკებში აღმოვჩნდებით ჩათრეული. ჩვენ ვართ სპეციფიური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე. ჩვენ არ ვართ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი, შესაბამისად არც ნატო-ს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულება გვიცავს“.

ამ ცალსახა პოზიციასთან ერთად იქვე ვუპასუხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუნდაც იგივე საბანკო სფეროში, რომლითაც გამოირიცხა სანქციების გვერდის ავლა. აღვნიშნე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, ნებისმიერი ფორმატის განხილვებსა და კენჭისყრებში საქართველო უკრაინის მხარეს იჭერდა, თუმცა აშშ-ის ელჩი კატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც მას სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდა კითხვას, ვაპირებდით, თუ არა შევერთებიდით სანქციებს, და ყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდა ნიშანს მის თანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერში აესახა. მოგვიანებით, დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს ასევე განვუმარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ეს სანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშ-ის ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: „გინდა, რომ ბირთვული ომი დაიწყოს?“, რაზეც ვუთხარი – „ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი, ბირთვული ომის ტოლფასია.“

ჩვენი საუბრის შემდეგ, ელჩი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ გაეშურა. ჩემთან საუბარი, როგორც საკანონდმებლო ორგანოს ორი თვის წინ არჩეულ თავმჯდომარესთან, როგორც ჩანს, მხოლოდ მოთელვა იყო. პრემიერ-მინისტრთან საუბარი კი გაცილებით მოცულობითი და პირდაპირი, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესება-არდაწესების საკითხი. ელჩის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაუფიქრებელ და არაგონივრულ ესკალაციაზე.

არ ვიცი, რამდენად არის ეს დამთხვევა, თუმცა ამ დრამატული საუბრების მეორე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ზუსტად ამ საბაბით, საქართველოდან ელჩი გაიწვია, რითაც ვითარება უფრო დაამძიმა და თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ცეცხლზე ნავთი დაასხა. რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ზრდასთან ერთად დაიწყო კარგად კოორდინირებული კამპანია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების გვერდის ავლა დაებრალებინათ. ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ უცხოური ხელისუფლებების წარმომადგენლები, ევროპარლამენტის დეპუტატები, რადიკალური ოპოზიცია და მათთან ალიანსში მყოფი არასამთავრობოები. წამოყენებულ ბრალდებებს ხელისუფლებაზე მუდმივი წნეხის შესანარჩუნებლად იყენებდნენ.

თითქმის ორი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოსულ მაღალი რანგის დელეგაციის მეშვეობით, რომელშიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორების შედიოდნენ, მიგვეღწია ოფიციალური აღიარებისთვის, რომ საქართველოს არასოდეს დაურღვევია სანქციების რეჟიმი. თუმცა, ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას მოუწია, გაეძლო ამ ნიადაგზე უსაფუძვლო და გაბოროტებული შემოტევებისათვის, რომლებიც მისი რეპუტაციის დაზიანებისკენ იყო მიმართული. საბოლოო ჯამში, ოპონენტები ხეირს ამითაც იღებდნენ, რეპუტაციული ბრალდებები მართული მედიის მხრიდან ტირაჟირდება და შესაბამის შედეგს იძლევა. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა სანქციებს, არ გაეზარდა ქვეყნის უსაფრთხოების რისკები და არ დაეშვა პროცესის შემდგომი ესკალაცია, რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული, რომელიც, როგორც პასუხისმგებლიან მთავრობას, განსხვავებით მავნებელი ოპონენტებისაგან, კარგად გვესმოდა:

ჯერ ერთი, ჩვენ არ ვმონაწილეობდით პროცესში, რომელშიც სანქციების პოლიტიკა ირჩეოდა და მიიღებოდა. ამიტომაც, უბრალოდ ვერ მივიღებდით სხვების მიერ შეთანხმებულ სანქციებს, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რა ფასის გადახდა მოგვიწევდა და რა შედეგს მივიღებდით საპასუხოდ;

მეორეც, რუსეთზე სანქციების დაწესება განაახლებდა რუსეთთან ღია კონფლიქტს, მათგან საპასუხო ნაბიჯებს, შესაძლოა ასიმეტრიულსაც, რაც საქართველოს ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევდა. და მესამეც, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ეს მოგვიტანდა იმ მასშტაბის ნგრევას და განადგურებას, რასაც სამი წელია აღმოსავლეთ უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, ხოლო რა საფრთხის წინაშე დადგებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ტერიტორიულ მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამას ამ დღეებში ყველა ვხედავთ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების ვარიანტების განხილვის მაგალითზე.

დაბოლოს, დიპლომატიაში კარტ-ბლანშზე ხელის მოწერას თხოვენ სუსტებს და დამორჩილებულ ქვეყნებს, არა მეგობრებსა და პარტნიორებს, როგორადაც ჩვენ თავს მოვიაზრებდით. რამაც ზოგიერთი განარისხა, იყო იმის აღმოჩენა, რომ თურმე საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესი ჰქონია და მისი დაცვისთვის ბრძოლაც შეუძლია. (სხვათა შორის ეროვნული ინტერესების ჭიდილს მსოფლიო ასპარეზზე ამ დღეებში ყველაზე ნათლად ვადევნებთ თვალს…) შარშან გაზაფხულზე ეს ისტორია მოვუყევი საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო’ბრაიენს. მასთან მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა – ასე უნდა იქცეოდნენ სტრატეგიული პარტნიორები? ერთადერთი თავის მართლება რაც მოვისმინე, ის იყო, რომ მაშინ ყველა ელჩს დაევალა, მაქსიმალურად ჩაერთოთ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დადგენილ პოლიტიკაში და ალბათ, არ იყო სწორი, რომ საქართველოს სპეციფიკური მდგომარეობა და შესაძლო შედეგები არ იქნა გათვალისწინებული. – „კი, ეხლა ამას ხედავთ, ომის ორ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ“ – ვუპასუხე მე, – „მაგრამ რა მოხდებოდა ჩვენ რომ მაშინ ბრმად დაგვეჯერებინა, დავყოლოდით მაშინდელ ელჩს ყოველგვარი გარანტიებისა და უსაფრთხოების ქოლგის გარეშე, სად ვიქნებოდით ეხლა? ვისი ტანკი იდგებიდა გარეთ“? – პასუხად სიჩუმე იყო. ამ ისტორიის მორალი ისაა, რომ რთულ ვითარებაში და ნამდვილი კრიზისისას, შენს გასაკეთებლს სხვა არ გააკეთებს. მთელი რისკი და პასუხისმგებლობა შენი ასაღებია და თუ ორმოში ჩავარდი, საბოლოოდ შეიძლება მხოლოდ წუხილის, შეშფოთების და თანაგრძნობის იმედად დარჩე. სახიფათო რეგიონული კონფლიქტის დაწყებისას თუ სხვა საშიშროებებისას, საქართველოს მოლოდინი იყო, რომ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები გვერდით დაგვიდგებიან და დაგვიცავენ. ამის ნაცვლად, ზოგიერთებმა პირიქით, რუსეთთან კონფლიქტისკენ მოგვიწოდეს და ჩვენს ქვეყანაში შიდა არეულობას შეუწყვეს ხელი. ომის დაწყებამდე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, დასავლეთი „სტრატეგიული მოთმინებისკენ“ მოგვიწოდებდა, საკუთარ ნაჭუჭში დატევას გვთხოვდა და რუსეთის მორიდებისკენ გვიბიძგებდა. ხოლო როდესაც საფრთხე რეალური გახდა, მეტი სიფრთხილის ნაცვლად, პირიქით, დაუფიქრებელი ესკალაციისკენ მოგვიწოდეს. ჩვენ ვაფასებთ სტრატეგიულ მოკავშირეობას, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მოკავშირეობა არ უნდა იყოს ერთმანეთის უბრალოდ გამოყენება, არამედ ორმხრივ პატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას უნდა ემყარებოდეს. საბედნიეროდ, წინდახედულება დროულად გამოვიჩინეთ. დღეს კი, სამი წლის თავზე, ეს გაკვეთილი უკვე ყველასთვის ნათელი და ცხადია, „ფესვდოლიბერალური ინტერნაციონალის“ სასოწარკვეთილი მიმდევრების გარდა, რომლებიც ვერც საკუთარ მაგალითზე სწავლობენ რამეს და ვერც სხვისაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7904 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7904 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0268 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9031 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9510 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0479 ლარი შეადგინა.

ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ-გიორგი ვოლსკი

ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„შეამჩნიეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ახალი სცენარი „ქაჩავს“ იქით, რომ როგორმე „ნაცმოძრაობის“ მოჯადოებული წრიდან გავიდეს. უნდათ, რომ გაჰყვნენ. დღეს შეიძლება იჩხუბონ, ხვალ შეიძლება შერიგდნენ, ერთმანეთი შეამკონ ბილწი სიტყვებით და შემდეგ, შეიძლება, ერთმანეთს მოეფერონ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უსამშობლო ადამიანთა გაერთიანება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ქვეყნისთვის დამაზიანებელია ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ“, – განაცხადა გია ვოსლკიმ.

მისი თქმით, ეს ოპონირება არ არის.

„ოპონირება შეიძლება ყველა თემაზე – მედია თავისუფლების, ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის, თუმცა ასეთი რამ არ გაგვიგია. უკვე წლებია ოპოზიციის გარეშე ვარსებობთ. ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში იყო, საბოტაჟის რეჟიმში იყო. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არასდროს გვინახავს. ერთი იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „გირჩი“ რაღაც თემებთან დაკავშირებით მსჯელობდა, ისიც მათი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევა არ გვქონია. ლაპარაკია გააფთრებულ ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ ამოცანას, როგორმე ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეცვალონ. თუ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ძალა მოვა, რა საკვირველია, ისიც ძალიან საეჭვოა, რომ აი, ამ ფერხულში არ ჩაებას. რადიკალური ოპონირების კი არა, არამედ რევოლუციური პროცესის ფერხულში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გერმანიის საელჩო – გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო, როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი, საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას აჩერებს

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF), როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან ამ ეტაპზე თანამშრომლობას აჩერებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ, ამავდროულად, BMBF-ი ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.

„როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან. ამავდროულად, BMBF-ი ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.

გერმანია სოლიდარობას უცხადებს მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში თავისუფალ გარემოში სურთ კვლევების გაგრძელება და კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უფლებას აკადემიური თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც საქართველოსთვის, როგორც გაერო-ს წევრისთვის, ვალდებულებას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად გავაგრძელოთ დიალოგი მეცნიერებსა და კვლევაში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებრივ სტრუქტურებთან საქართველოში და მხარი დავუჭიროთ ევროპასთან დაახლოებას.

დარწმუნებულები ვართ, რომ სტუდენტების გაცვლა საქართველოსა და გერმანიას შორის არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპასთან დაახლოებაში, ამიტომ ეს გაცვლა გაგრძელდება.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ კვლევისა და კავშირების შესაძლებლობები გერმანელ მეცნიერებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის. პროექტებისა და ინდივიდუალური დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება. ამით ჩვენ ასევე ვუგზავნით სიგნალს იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპულ, კოსმოპოლიტურ საქართველოს.

BMBF-ი რეკომენდაციას უწევს გერმანიის უნივერსიტეტებს, კვლევით და განმახორციელებელ ორგანიზაციებს ასევე შეაჩერონ ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან სამართლებრივი შესაძლებლობების ფარგლებში. აკადემიური თავისუფლებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება თავად მეცნიერებას ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 ევროკავშირის ელჩი არა თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აღარ წარმოადგენს, არამედ პირდაპირ “დიფსთეითს” წარმოადგენს-გურამ მაჭარაშვილი

ევროკავშირის ელჩი, რომელიც დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს, რეგიონებში დადის და არასრულწლოვნებს ხვდება. საინტერესოა, რაზე საუბრობს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ევროკავშირის ელჩი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გახდა, რაც არის აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის განცხადება.

„სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა კომიკური ხასიათი მიიღო. წარმოიდგინეთ, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს, რეგიონებში დადის და არასრულწლოვნებს ხვდება. საინტერესოა, რაზე საუბრობს, USAID-ის და ევროკავშირის მხრიდან როგორ ფინანსდებოდა საქართველოში შავი ფულით პროცესები? თუ იმაზე, რომ ტრანსგენდერი და ლგბტ პროპაგანდა დამთავრდა, მათ შორის საქართველოშიც და მსოფლიოშიც და ახლა ტრადიციები არის აღსადგენი? სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ევროკავშირის ელჩი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გახდა. ეს ჩემი სიტყვები კი არ არის, ეს არის ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის განცხადებები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა „დიფ სთეითი” აირჩია და მის ბედს გაიზიარებს.

„ევროკავშირის ელჩი უნგრეთს, სლოვაკეთსა და იტალიას წარმოადგენს, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში სულ სხვა პოზიციაზე არიან, ვიდრე ევროკავშირის ელჩი, და ეს ახსნას, რადგან ის ერთი ან ორი სახელმწიფოს წარმომადგენელი არ არის. უნგრეთი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არ არის, ან სლოვაკეთი, ან იტალია? ევროკავშირის ელჩს ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს, ამიტომ არის მხილებული, რომ აქ არის არა ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენელი, არამედ, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“, რომელსაც სამართლიანად ებრძვის ამერიკის პრეზიდენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“უკრაინაში სამშვიდობო ძალების სავარაუდო განლაგების გამო მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გაჩნდა: მელონიმ ჰკითხა მაკრონის – “რატომ წახვედი ვაშინგტონში?”

„იტალია უკრაინისათვის ნატოს სამშვიდობო გარანტიის მომხრეა, მაგრამ მისი გეგმები საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება“, – წერს გაზეთი „კორიერე დელა სერა“ (Corriere della Sera) სტატიაში სათაურით „უკრაინაში სამშვიდობო ძალების სავარაუდო განლაგების გამო მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გაჩნდა: მელონიმ ჰკითხა მაკრონის – „რატომ წახვედი ვაშინგტონში?“ (ავტორი – მარკო გალუცი). იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი უკმაყოფილოა, რომ საფრანგეთი აშშ-სთან მიმართებით ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე მოქმედებს. მისი აზრით, ომისშემდგომი სიტუაციის დარეგულირების უზრუნველსაყოფად გაეროს როლი უნდა გაიზარდოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რამდენიმე დღის წინათ რომ ჯორჯა მელონისათვის რომ გეკითხათ, თუ როგორ წარმოუდგენია მას იდეალური გადაწყვეტილება უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერებისა და სამშვიდობო შეთანხმების დადებისათვის, იგი ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვების გარეშე გიპასუხებდათ: „იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა ნატოს გარანტიების დადგენა კიევისათვის, ალიანსში მისი ფორმალური გაწევრიანების გარეშე“. ეს ტექნიკურად რთული გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ სწორედ ის ითვლება იტალიის მთავრობის მიერ გატარებული დიპლომატიის რეალური მიზანი: უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა ნატოს ევროპული ქვეყნების ძალების მიერ, აშშ-ის ნაკლები ჩარევით“.

გაურკვეველია, მოეწონებათ თუ არა ეს ამერიკელებს და საერთოდ, განხორციელდება თუ არა პრაქტიკაში, ამიტომ იტალიის მთავრობას მოუწევს საქმე ჰქონდეს მისთვის ყველაზე არასასურველ სცენართან, რომელსაც ანგლოსაქსები „მიწისზედა ოპერაციას“ უწოდებენ, ანუ სახმელეთო ჯარების განთავსებას უშუალოდ უკრაინაში. რატომ არ მოსწონს ეს იდეა რომს? იმიტომ, რომ იტალიელი ჯარისკაცების განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე უკავშირდება საფრთხეს, რომელიც მათ სიცოცხლეს დაემუქრება. გარდა ამისა, გამოიწვევს კონფლიქტს ჯორჯა მელონის (პარტია „იტალიელი ძმების“ ლიდერის) და  მატეო სალვინს (მისი მოადგილე, პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერს) შორის. მატეო სალვინი კატეგორიული წინააღმდეგია იტალიის რეალური სამხედრო ჩარევა-მონაწილეობისა უკრაინის საქმეებში. შესაბამისად, ბოლო დროს გაჩნდა იდეა იმისა, რომ თუ იტალია უკრაინის მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს, მაშინ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ გაეროს ეგიდით და გაეროს წესდების ჩარჩოებში.

გაერო (United Nations) – ეს ის მაგიური სიტყვაა, რომელიც იტალიის მთავრობის ყოველ წევრზე პოზიტიურად მოქმედებს. რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს კიდეც – იმიტომ, რომ ბოლო წლებში გაერომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, მაგრამ ახლა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას კვლავ თავის ცენტრალურ როლს იძენს (გავიხსენოთ უშიშროების საბჭოს ბოლო დღეებში მიღებული ამერიკულ-რუსული რეზოლუცია უკრაინის შესახებ!). გარდა ამისა, გაეროს როლის გაფართოება უკრაინის პრობლემის მოგვარების დროს ვლადიმერ პუტინისთვისაც დამამშვიდებელი იქნება, რადგან მას ნატოს სახელის ხსენებაც კი არ სიამოვნებს. ანუ თუ სამშვიდობო-სამხედრო კონტინგენტი უკრაინის ტერიტორიაზე არა ნატოს ევროპული ძალების სახით, არამედ გაეროს მანდატით განთავსდება, ამ იდეას რუსეთიც დათანხმდება. „ძალიან კარგი იქნება, თუ ამ იდეის რეალიზებაში ჩინეთიც შემოგვიერთდება. პეკინის ნაბიჯი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია იქნებოდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ჯორჯა მელონიმ.

სწორედ ამიტომ გამოთქვა საყვედური იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გასაგონად, რომ ისინი „თვითნებურად“, ევროკავშირისა და ნატოს სხვა წევრებისაგან „ჩუმად“ ცდილობენ ესოდენ დელიკატური და რთული ინიციატივების რეალიზებას და ვაშინგტონში დადიან…

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა და ევედრებოდა უკრაინაში „ევროპული ძალების“ განლაგების იდეას დათანხმებულიყო, ჯორჯა მელონიმ ემანუელ მაკრონს პირდაპირი კითხვა დაუსვა: „მუსიე მაკრონი, მე მინდა ვიცოდე, რატომ წახვედით ვაშინგტონში?“, რაზედაც მან უპასუხა, რომ „მე მხოლოდ საფრანგეთის სახელით ვმოქმედებდიო“. იტალიის პრემიერ-მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა ეთქვა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა უკრაინის საკითხში ერთმანეთთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ. მოკლედ, პარიზსა და რომს შორის უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგების თაობაზე (რომელი ორგანიზაციის ეგიდით) აშკარა დაძაბულობა არსებობს.

ამ ყველაფრის გარდა, ერთი მხრივ, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს, ხოლო მეორე მხრივ, იტალიას შორის ამჟამად ღრმა პოლიტიკური ბზარი ჩნდება: ფაქტიურად, ორმა ბირთვულმა სახელმწიფომ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ, უკვე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინაში „ნატოს ევროპული სამშვიდობო ძალების“ განლაგებაზე (მათ ამერიკაც ეთანხმება, მაგრამ საკუთარი მონაწილეობის გარეშე), რაც იტალიას ძალიან არ მოსწონს. ჯორჯა მელონის ჰყავს მომხრეები ევროკავშირში, მაგალითად, გერმანია და პოლონეთი, მაგრამ ძალები უთანასწოროა…

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მარათონს წელსაც გამართავს

თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს სამეწარმეო უნარების გაცნობაში დაეხმაროს, ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გააცნოს და შეუქმნას შესაძლებლობა, პროფესიონალებთან ერთად რეალურ ბიზნეს იდეაზე იმუშაონ.

ჟიურის მიერ შერჩეული მონაწილეები პრაქტიკულ ტრენინგებს გაივლიან, იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან ერთად, რომლებიც მათ იდეების დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარებიან. ფინალურ ეტაპზე კი, გუნდები პროექტებს წარადგენენ, რის შემდეგაც, გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერა ასეთ წამოწყებებში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, თიბისი თავის რჩეულ გუნდს ფულადი პრიზით დააჯილდოებს და ამით, ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის განხორციელებაში.

START-UP მარათონზე აპლიკაციების მიღება 4 თებერვალს დაიწყო და 4 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე – https://shorturl.at/4eQZC

(R)