Home Blog Page 278

სამხედრო მოსამსახურეები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობენ -თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონშიც აქტიურად მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯარისკაცები არიგებენ საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს. 

„მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა მოსახლეობას ბაღდათში, სადაც ტექნიკური საშუალებებით გადაადგილება გართულებულია, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს. სამხედროები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც აქტიურად ეხმარებიან.

ბაღდათის რაიონის გარდა, მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის არეალი მოიცავს სამტრედიის, ვანის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის რაიონებსა და მიმდებარე სოფლებს. საჭიროების შემთხვევაში, მაღალმთიანი სოფლებიდან ჯარისკაცებს ბავშვიანი ოჯახები და მოხუცები, დროებით, მარტივად მისადგომ და უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ. 

პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა იმერეთის რეგიონის საკოორდინაციო შტაბიდან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთი მზად არის, უკრაინაში მშვიდობისმყოფელთა გაგზავნის იდეის განხილვისთვის -Bloomberg

თურქეთი მზად არის, უკრაინაში მშვიდობისმყოფელთა გაგზავნის იდეის განხილვისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან თებერვლის დასაწყისში, ანკარაში გამართული ცალკეული შეხვედრების დროს განიხილა.

წყაროების ინფორმაციით, თურქეთი არ გახდება რომელიმე მისიის ნაწილი, თუ არ იქნება ჩართული მის შექმნასთან დაკავშირებულ ყველა კონსულტაციასა და მომზადებაში.

მანამდე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ერიკ ლომბარდმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები მზად არიან უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის, რათა შესაძლო ზავი უზრუნველყონ.

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ორწლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც 1 568 328 ევროს შეადგენს

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროგრამა სახელწოდებით „რეაგირება საქართველოსთვის – მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ტრანსფორმაციისთვის“ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს დაიწყო და 2027 წლის 31 იანვარს დასრულდება. პროექტის დასაფინანსებლად 1 568 328 ევრო გამოიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა აძლიერებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სიმტკიცეს საქართველოს რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაუმკლავდნენ მიმდინარე გამოწვევებს და ხელი შეუწყონ დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო ჩართულობას ქვეყნის მასშტაბით.

განცხადების თანახმად, პროგრამა ავითარებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, მედიასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის თანამშრომლობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად და ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების განვითარების უზენაესი მიზნის შესაბამისად, ჩამოაყალიბა სამოქალაქო საზოგადოების ჰაბები, როგორც სექტორის ფუნქციური ინსტიტუციური ხერხემალი საქართველოს 10 რეგიონში.

პროგრამას აქვს ორი მიზანი: 1. გააძლიეროს კავშირები სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, მათ შორის ადგილობრივ ბიზნესს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის და მოამზადოს ისინი ხელისუფლებასთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის, როდესაც პირობები ამის საშუალებას იძლევა; 2. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით მათი ფინანსური დივერსიფიკაციის სტრატეგიების გაუმჯობესებით და საზოგადოების ურთიერთობების მცდელობებით.

პროექტი ფარავს 500 ორგანიზებულ ჯგუფს რეგიონების მასშტაბით, 3 000 მოქალაქეს რეგიონების მასშტაბით და 50 ბიზნესსუბიექტს ქვეყნის მასშტაბით.

რა ეღირება დოლარი და ევრო 28 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8172 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8172 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9510 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9542 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.

იმერეთში შტაბი მობილიზებულია, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები ელექტროენერგიის აღსადგენად, რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად ვითარება საათობრივად უმჯობესდება-პრემიერი

იმერეთში რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, სრულად იყოს მობილიზებული შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით,  ორ-სამ დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება.

„მოვისმინეთ ინფორმაცია იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შტაბი არის მობილიზებული, ხუთი მუნიციპალიტეტია, სადაც შედარებით რთული ვითარებაა. რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია, ზოგადად სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად, სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა აქაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრ აბონენტს აღუდგა ელექტოენერგიის მიწოდება. რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, სრულად იყოს მობილიზებული შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ვფიქრობთ, ორ-სამ დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება“, – აღნიშნა პრემიერმა.

აგენტურული წარმონაქმნების ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია-რატი იონათამიშვილი

ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიები არ არიან, აგენტურული წარმონაქმნებია, შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს, საკუთარი აგენტურის გარდა, არავინ უსმენს.

„პოლიტიკური პროექტები და არა პარტიები რას იტყვიან, ეს საინტერესო არ არის, რადგან ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, მათ სრული კრახი განიცადეს, რაც დამსახურებული იყო, რადგან სინამდვილეში აგენტურული ჯგუფი არიან და არანაირ პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენენ. ამიტომ ამ ადამიანების გეგმების შეფასება საინტერესო არ არის, მათ, საკუთარი აგენტურის გარდა, არავინ უსმენს. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკური პარტიები, აგენტურული წარმონაქმნები არიან. შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

თურმე “ნაცებს” არ აწყობთ, რომ ტექნიკამ იმუშაოს. ეს არის მათი სახე -მამუკა მდინარაძე

თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ ტექნიკამ იმუშაოს. ერთ-ერთ ვიდეოში, სანამ Live-ი ჩაირთვებოდა წინასწარ გაეპარათ ხმა, რომ არ აწყობდათ ტექნიკის მუშაობა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„რამდენიმე დღეა მანიპულაცია მიმდინარეობს ასეთ თემებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელი ამბავი ხდება იმიტომ, რომ აქაც კი იქნება რაღაცას გამორჩნენ მავნებლობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. გუშინდელი ერთი ვიდეოც მოწმობდა ამას, რომ თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ იმუშაოს ტექნიკამ. ნახეთ თქვენ, როგორ გაეპარათ ერთ-ერთ ვიდეოში მათ ხმა, სანამ Live-ი ჩაირთვებოდა წინასწარ გაეპარათ ხმა, რომ არ აწყობდათ ტექნიკა რომ მუშაობს. ეს არის მათი სახე, მაგრამ არ გავაგრძელებ იმიტომ, რომ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. ახლა არის ხელჩართული, ასე დავარქვათ, მუშაობის დრო იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული ადამიანი გამოვიყვანოთ საჭიროების შემთხვევაში, მივაწოდოთ საჭირო მედიკამენტი და პროდუქტი,გაუწმინდოთ გზა, მივიდეთ დანიშნულების ადგილზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 მთავარია, რომ კოორდინირებული მუშაობა გრძელდება და არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ – ყველასთან მყარდება კომუნიკაცია -მიხეილ ყაველაშვილი

კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ, ყველასთან მაქსიმალურად მყარდება კომუნიკაცია, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებს.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქობულეთში საკოორდინაციო შტაბის სხდომას დაესწრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მოისმინა ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„აჭარაში ვითარება ბევრად უკეთ არის, ამინდმაც ხელი შეუწყო და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ყველაფერი 100%-ით აღდგენილი იქნება. დარჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი გზები, ასევე ელექტროენერგიის თითქმის 80-90% აღდგენილია ქობულეთის რაიონში. დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც საჭიროა ელექტროენერგიის აღდგენა. ასეთი სტიქიისგან არავინ დაზღვეული არ არის, მთავარია, როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აჭარის მთავრობა, მისი მუნიციპალიტეტები და მათი კოორდინაცია არის მაღალ დონეზე. მადლობა ჩვენს მაშველებს, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც დღესაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, განსაკუთრებით გურიასა და იმერეთში.

მთავარია, რომ ეს კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

GM PHARMA 25 წლისაა

ფარმაცევტული ინდუსტრიის რეგიონული ლიდერობიდან საერთაშორისო მულტინაციონალურ ორგანიზაციამდე  GM PHARMA-ს მეოთხედი საუკუნე ზრუნვისა და უკეთესი ჯანმრთელობისთვის.

უწყვეტი განვითარების 25 წლის იუბილეს GM PHARMA არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება:

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას, მათ შორის:

კარგი საწარმოო პრაქტიკის – ნაციონალური GMP (საქართველო).

კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP PIC/S (საერთაშორისო).

ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018.

130-ზე მეტი ბრენდით, 220-ზე მეტი გამოშვების ფორმით GM PHARMA ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით.

GM PHARMA 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი).

GM PHARMA არის 5 საუკეთესო უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიას შორის გაყიდვების მაჩვენებლით უზბეკეთში.

კომპანიაში დასაქმებულია 600-ზე მეტი პროფესიონალი, მათ შორის, საექსპორტო ქვეყნებში.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნები), რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

ამჟამად კომპანიის კვლევა-განვითარების დეპარტამენტში (R&D) 15 ახალ მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა, რითაც ჯანდაცვის სპეციალისტებს ბევრი მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემის უკეთ მკურნალობის საშუალება მიეცემათ.

დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, GM PHARMA კვლავ ინარჩუნებს ამბიციურ მიზნებს – კომპანიის მთავარი პრიორიტეტია EU GMP სერტიფიკატის მიღება და საერთაშორისო ფარმაცევტულ ლიდერად ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია არამხოლოდ კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის, არამედ საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციისთვის.

GM PHARMA-ს ისტორია 25 წლის წინ დაიწყო. 90-იანი წლების ბოლოს, მაშინ, როდესაც ბოლომდე არ იყო გადაჭრილი ფარმაცევტული პროდუქციით მოსახლეობის უწყვეტად მომარაგების საკითხი და საქართველოში სამკურნალო საშუალებების გარკვეული დეფიციტიც შეინიშნებოდა, გაჩნდა იდეა, ჩვენს ქვეყანაში შექმნილიყო მსოფლიო დონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული წარმოება.

ყოველი კრიზისი შეიძლება იყოს შესაძლებლობა და იქცეს უკეთესი მომავლის დასაწყისად, სწორედ ასე დაიბადა GM PHARMA – მიუხედავად იმ დროისთვის არსებული სირთულეებისა, დასახული მიზანი დაუღალავი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, 2000 წლის თებერვალში რეალობად იქცა და GM PHARMA-ში პირველი მედიკამენტი რიფამპიცინის კაფსულები შეიქმნა.

მას შემდეგ, 25 წელია GM PHARMA ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ – პაციენტებს! დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

(R)

28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე მესამედ შეიკრიბება

თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  – AWS კომუნის შეკრება გაიმართება.

AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და მიღებულ ცოდნას უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.

ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას თიბისი უკვე მესამედ მართავს.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა თემას – Securing Infrastructure with AWS Shield & WAF, რომელსაც თიბისი ჯგუფის ქლაუდ ინჟინერი – გიორგი სემენიხინი გაუძღვება. ის მიმოიხილავს AWS-ის იმ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას და შეხვედრის მონაწილეებს პრაქტიკულ გამოცდილებასაც გაუზიარებს.

მომდევნო სესია AWS re:Invent 2024-ის, წამყვანი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ღონისძიების მიმოხილვა იქნება. AWS-ის წარმომადგენლები მოყვებიან, რომელი ახალი პროდუქტებისა თუ ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოშვება და განვითარება იგეგმება.

შემოგვიერთდით 28 თებერვალს, 16:00 საათიდან, ილიაუნის ტექნოლოგიების T კორპუსში.

სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ შეავსოთ ბმულზე – https://forms.gle/tu2aS9zHvBn6rfY86

ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ტექნოლოგიური წინსვლა და ინოვაციების მხარდაჭერა. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამყარება, ტექ კომუნისთვის მნიშვნელოვანი პროცესია.

(R)

 გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია, სურსათით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა გრძელდება, მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები-პრემიერი

განვიხილეთ გურიაში, მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობა, რა სამუშაოები შესრულდა. მთლიანობაში, რაც მნიშვნელოვანია, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი არის გაწმენდილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიაში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორშაბათის მდგომარეობით ელექტროენერგია 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი 10 000-მდეა შემცირებული. კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით აქტიურად მიმდინარეობს და შეუფერხებლად მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

„კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ. ასევე, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ელექტროენერგიის აღდგენა. ორშაბათისთვის დაახლოებით 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ეს რაოდენობა შემცირებულია დაახლოებით 10 000-მდე. ინტენსიურად წარიმართება აღდგენის სამუშაოები, მთავარია, გაგრძელდეს, ვინაიდან, 10 000-მდე აბონენტია, ვისაც დღემდე არ აქვს დღეს ელექტროენერგია და ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ შეკრებაზე. სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ, გამოძახებებზე რეაგირებენ შეფერხებების გარეშე. ყველა მიმართულებით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, გაგრძელდეს ინტენსიური სამუშაოები“, – განაცხადა პრემიერმა.

მნიშვნელოვანია, საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, არ ემსახურებოდეს ქვეყნის, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს -პრემიერი

მნიშვნელოვანია, რომ საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, საგარეო დაფინანსება არ ემსახურებოდეს ქვეყნის საწინააღმდეგო გარკვეულ პროცესებს, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს.

„ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველასთან, ვინც არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის განვითარებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.