Home Blog Page 278

მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა, სისუსტე უფრო მეტ ომს შობს – ევროპის თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, მხარს დავუჭერთ უკრაინას – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ლონდონის თავდაცვის სამიტზე ხაზს გაუსვამს ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი.

„მივდივარ ლონდონში, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა.

„მშვიდობისკენ მიმავალი გზა არის ძალა. სისუსტე უფრო მეტ ომს შობს. ევროპის თავდაცვის გაძლიერების პარალელურად, მხარს დავუჭერთ უკრაინას“, – წერს  ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური აშშ-ის ოფიციალურ ენად გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად არის აღიარებული.

დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენი რესპუბლიკის დაარსებიდან ინგლისური გამოიყენება, როგორც ჩვენი ეროვნული ენა. ჩვენი ერის ისტორიული მმართველობის დოკუმენტები, მათ შორის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და კონსტიტუცია, ინგლისურად არის დაწერილი. ამიტომ, უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ინგლისური გამოცხადდეს შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად“, – ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამერიკის საუკეთესო ინტერესშია, რომ ფედერალურმა მთავრობამ გამოაცხადოს მხოლოდ ერთი ოფიციალური ენა და რომ ინგლისურის ოფიციალურ ენად დამკვიდრება არა მხოლოდ გაამარტივებს კომუნიკაციას, არამედ გააძლიერებს საერთო ეროვნულ ღირებულებებს და შექმნის უფრო შეკრულ და ეფექტურ საზოგადოებას.

დონალდ ტრამპის განკარგულებით, სააგენტოების ხელმძღვანელებს არ მოეთხოვებათ შეცვალონ, წაშალონ ან სხვაგვარად შეაჩერონ დოკუმენტების, პროდუქტების ან სხვა სერვისების წარმოება, რომლებიც მომზადებული ან შეთავაზებულია ინგლისურის გარდა სხვა ენებზე.

ტრამპის ახალმა ბრძანებამ გააუქმა განკარგულება, რომელიც ამოქმედდა 1990-იან წლებში მაშინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის დროს, რომელიც ფედერალური დაფინანსების მიმღებ სააგენტოებსა და ინსტიტუტებს ავალდებულებდა, დახმარება გაეწიათ არაინგლისურენოვანებისთვის.

NBC News-ი წერს, რომ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ს, ისტორიაში პირველად, ოფიციალური ენა ექნება, თუმცა შტატების უმრავლესობას ინგლისური, როგორც ოფიციალური ენა, უკვე გამოცხადებული აქვს. აშშ-ს აღწერის ბიუროს მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებული ენაა ქვეყანაში, აშშ-ს მაცხოვრებლები 350-ზე მეტ ენაზე ურთიერთობენ.

პარლამენტში ხვალ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 3 მარტის სხდომაზე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” პროექტს განიხილავს. განხილვა პირველი მოსმენით გაიმართება.

პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშშ-ში მოქმედი FARA-ს პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანია.

პროექტის ინიცირებისას პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ქართულენოვანი თარგმანი სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს და პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა.

კანონპროექტით ძირითადად შემდეგი საკითხები წესრიგდება:

. უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;

. სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი;

. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;

. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;

. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;

უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;

. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” ინიციატორები “ქართული ოცნების” და “ხალხის ძალის” დეპუტატები არიან.

ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა აკრძალა

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა აკრძალა, რადგან „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპი ამოიწურა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, „ჰამასი“ ამ დრომდე უარს ამბობს დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის დროებით გახანგრძლივების წინადადებაზე.

„მძევლების შეთანხმების პირველი ფაზის დასრულების და უიტკოფის გეგმის მიღებაზე „ჰამასის“ მხრიდან უარის ფონზე, რომლის მიღებასაც ისრაელი დათანხმდა, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დღეს დილიდან ღაზას სექტორში საქონლისა და მარაგის ყველა შესვლა შეწყდეს. ისრაელი არ დაუშვებს ცეცხლის შეწყვეტას ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე. თუ „ჰამასი“ განაგრძობს უარის თქმას, ამას შემდგომი შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

მანამდე, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელი მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში, რამადანისა და პასექის დღესასწაულების პერიოდში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის ვადა, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევიდა, შაბათს ამოიწურა. შეთანხმებამ შეაჩერა 15-თვიანი ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. პირველი ეტაპის დროს „ჰამასმა“ ისრაელს 33 ისრაელელი და ხუთი ტაილანდელი მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც, ისრაელმა 1 900 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ვარაუდობენ, რომ ღაზაში დარჩენილია 24 ცოცხალი და 39 გარდაცვლილი მძევალი.

ბადრა გუნბა აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტობის კანდიდატი“ ბადრა გუნბა აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში გაიმარჯვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„წინასწარი შედეგები ყველამ იცით, ეს შედეგი განპირობებულია იმ ნდობით, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ და ჩვენი გუნდის მიმართ და, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ხალხის ხმის შედეგი“, – განაცხადა გუნბამ ე.წ. „საარჩევნო შტაბის“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

„ტელეგრამ“ არხი „აფსნი 360“-ის ცნობით, გუნბას ხმა 54 859-მა „ამომრჩეველმა“ (56 პროცენტმა) მისცა. მისმა ოპონენტმა ადგურ არძინბამ 41 701 ხმა (42 პროცენტი) მიიღო. კიდევ 20 307 მოქალაქემ (2 პროცენტი) ყველას წინააღმდეგ მისცა ხმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 2 მარტს გამოაცხადებს, ე.წ. „არჩევნების“ „ოფიციალური შედეგები“ კი, უახლოეს სამ დღეში გახდება ცნობილი.

თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, თბილისის გზებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკით 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

„როგორც დედაქალაქის ცენტრალურ, ისე შემოერთებულ ტერიტორიებზე უხვი ნალექი მოვიდა, რის გამოც მთელი ქალაქის მასშტაბით, დედაქალაქის მერია გზებს ტექნიკური მარილით ამუშავებს და წმენდს“, – განაცხადა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ თბილისის მერთან საუბარში.

ლონდონში დღეს უკრაინის საკითხზე საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება

ლონდონში დღეს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევით, უკრაინის საკითხზე საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამიტს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გარდა დაესწრებიან : იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

“პრემიერ-მინისტრი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება, რაც მან გაიმეორა, როდესაც თბილად მიესალმა პრეზიდენტ ზელენსკის დაუნინგ სთრითზე შაბათს საღამოს, სამიტის წინ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სამიტზე განიხილება: უკრაინის პოზიციების გაძლიერება, მათ შორის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა და გაზრდილი ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე; მტკიცე ხანგრძლივი შეთანხმების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინაში მუდმივ მშვიდობას და უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ შეძლოს შეაკავოს და თავი დაიცვას რუსეთის მომავალი თავდასხმისგან; შემდგომი ნაბიჯები უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების დაგეგმვისთვის.

„პრემიერ-მინისტრმა ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამონახოს წინსვლის გზა, რომელიც დაასრულებს რუსეთის უკანონო ომს და უკრაინას უზრუნველყოფს ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის შედეგად საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა

ოკუპირებულ აფხაზეთში „საარჩევნო უბანზე” თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა.

მათი ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაონის ქალაქ განთიადის სკოლა N2-ში მდებარე ე.წ. საარჩვენო უბანზე მოხდა დაახლოებით, 19:30 საათზე, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიჭრა, ასევე დაზიანდა „საარჩევნო“ ურნა და დოკუმენტები.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელები ადგილიდან მანქანებით მიმალვას ცდილობდნენ.

ე.წ. სამართალდამცავებმა ბლოკ-პოსტი “მუსერა” გადაკეტეს, მაგრამ თავდამსხმელები გაჩერების შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, “საარჩევნო უბანზე” თავდასხმაში დაახლოებით, 20 ადამიანი მონაწილეობდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის შედეგად საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, მოულოდნელად გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. არ არის გამორიცხული, თავი იჩინოს ტექნიკასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რის გამოც ფინანსების მოძიება დაგჭირდეთ. არ აღელდეთ, გამოუსწორებელი არაფერი მოხდება.

კურო

დღეს, აქტუალურია პირადი თემები, მოქმედებაზე მეტად, მიზანშეწონილია დასკვნების გამოტანა, წარსული გაკვეთილებიდან გამომდინარე.

ტყუპები

ნებისმიერი სიახლისა დროს, კარგად აწონ-დაწონეთ რისკფაქტორები, არ არის გამორიცხული, თავი იჩინოს შეფერხებამ, გაუთვალისწინებელი დეტალების გამო. პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ემოციების კონტროლით შეძლებთ.

კირჩხიბი

იყავით ზომიერი, ფინანსებთან დაკავშირებით. თავი შეიკავეთ უსარგებლო საყიდლებისგან. მეტი დრო დაუთმეთ პირადი სივრცის მოწესრიგებას. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

ლომი

ახლა მოქმედებისთვის შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ მალე მოგეცემათ საშუალება, თქვენი სურვილები აიხდინოთ. მოერიდეთ უსიამოვნო სიტუაციებს და აკონტროლეთ ემოციები.

ქალწული

საქმისადმი თქვენი ტრადიციული მიდგომები გადახედვას მოითხოვს. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა.

სასწორი

კარგი დღეა გარემოს მოწესრიგებისთვის, თავს ნუ გადაიტვირთავთ. ფინანსები სჯობს, წინასწარ დათვალოთ.

მორიელი

გამოიჩინეთ აქტიურობა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. იყავით კონცენტრირებული დეტალებზე.

მშვილდოსანი

შესაძლოა, თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს მოულოდნელად წარმოქმნილმა პრობლემებმა. გახსოვდეთ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისას, სიმშვიდე და ემოციური წონასწორობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

თხის რქა

იმოქმედეთ გეგმის მიხედვით, ახალს ნურაფერს წამოიწყებთ, განამტკიცეთ მიღწეული შედეგები. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის მცირეწლოვან წევრებს, ასევე დაიცავით ზომიერება ფინანსებთან დაკავშირებით.

მერწყული

ოჯახში, ან საცხოვრებელთან დაკავშირებული მოულოდნელი გაუგებრობები, თქვენგან სწრაფ და გონიერ ქმედებას მოითხოვს. გააკონტროლეთ ემოციები და ყველაფერი მალევე დალაგდება.

თევზები

მოიწესრიგეთ ძილი, აღიდგინეთ ძალები, თქვენი განწყობისა და საქმიანობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ იაქტიუროთ.

გაგრძელდება თუ არა თოვა 2 მარტს საქართველოში

2 მარტს საქართველოში თოვას არ ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძირითადად ღრუბლიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა შენარჩუნდება კვლავ დაბალი ტემპერატურა.

ამინდი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +8 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +8 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +9 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია 0 – უმეტესად მზიანი 

ფოთი +9 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +10 – უმეტესად ღრუბლიანი

ოზურგეთი +10 – უმეტესად მზიანი

ქუთაისი +8 – უმეტესად ღრუბლიანი

ამბროლაური +6 – მზიანი 

ახალციხე +3 – უმეტესად მზიანი 

ბორჯომი +2 – უმეტესად ღრუბლიანი

ბაკურიანი -2 – უმეტესად მზიანი 

გორი +3 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +2 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწინდა -5 – მზიანი

გუდაური -8 – მზიანი

თელავი +2 – უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი +7 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +5 – უმეტესად ღრუბლიანი

„გუშინ ნახევარ უკრაინას არ ეძინა… იმედია, ზელენსკის სათადარიგო გეგმა აქვს“ – პოროშენკო

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პეტრო პოროშენკო ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ჩაშლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, გუშინდელის გამო არ აპირებს ზელენსკის გაკრიტიკება, რადგან ახლა, უკრაინის ერთობის და დროა და არც ის შეიძლება, რომ ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობები გავრცელდეს.

„ნახევარ ქვეყანას არ ეძინა ვაშინგტონიდან გუშინდელი ვიდეოს ხილვის შემდეგ. უკრაინისთვის თითები გადაჯვარედინებული გვქონდა და ახლა, ყველას აქვს კითხვა – რა იქნება მომავალში? ზოგი, ჩემგან ზელენსკის კრიტიკას ელოდა, მაგრამ არა, კრიტიკა არ იქნება, რადგან ეს ის არ არის, რაც ახლა ქვეყანას სჭირდება.

უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობა, ეს არ არის ზელენსკისა და ტრამპის ურთიერთობა. ეს, ორი დიდებული ხალხის მეგობრობაა, რომლებმაც იციან, დემოკრატია და თავისუფლება – ეს ცარიელი სიტყვები არ არის და ჩვენ არ შეგვიძლია, თავს ანტიამერიკული განწყობების გაღვივების უფლება მივცეთ. 

ერთადერთი, რაც ახლა უკრაინას სჭირდება – ერთობაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სათადარიგო გეგმა აქვს“, – აცხადებს ლუკაშენკო.

მარკ რუტე – ზელენსკის ვუთხარი, უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც ტრამპმა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა

ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ბიბისისთან“ განაცხადა.

როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ ესაუბრა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მას არ შეუძლია გაასაჯაროოს, თუ რა განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერს უთხრს, რომ „პატივი უნდა ვცეთ“ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისთვის.

მარკ რუტეს განცხადებით, დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს 2017-2020 წლებში, აშშ-მა უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა, და ეს დასაფასებელია.