Home Blog Page 277

მზად ვართ, მიწაზე ჯარები და ცაში თვითმფრინავები გავგზავნოთ სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად -კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება განიხილა, რომელიც, მისი თქმით, იქნება „მკაცრი და სამართლიანი“. სტარმერის თქმით, დიდი ბრიტანეთი შეთანხმების მხარდასაჭერად მზადაა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ტრამპს, არ მიიღოს ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც „დააჯილდოებს“ რუსეთს ან მის მოკავშირეებს.

„ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენს ღრმა და პირად ვალდებულებას მშვიდობის დამყარებისა და მკვლელობის შეჩერებისკენ. მაგრამ ჩვენ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ. გაერთიანებულ სამეფოში არის ცნობილი ლოზუნგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – „ჩვენ უნდა მოვიგოთ მშვიდობა“, და ეს არის ის, რაც ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ, რადგან არ შეიძლება, იყოს მშვიდობა, რომელიც აჯილდოებს აგრესორს ან წაახალისებს სახიფათო რეჟიმებს, როგორიცაა ირანი. ფსონები არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ვიმუშაოთ ერთად კარგი შეთანხმების მისაღწევად.

დღეს განვიხილეთ გეგმა, რათა მივაღწიოთ მშვიდობას, რომელიც არის მკაცრი და სამართლიანი, რომლის ჩამოყალიბებასაც უკრაინა ხელს შეუწყობს, რომელიც არ მისცემს საშუალებას პუტინს, დაბრუნდეს უფრო მეტისთვის. ჩვენ, დიდი ბრიტანეთი, მზად ვართ, მიწაზე ჯარები და ცაში თვითმფრინავები გავგზავნოთ შეთანხმების მხარდასაჭერად. მოკავშირეებთან ერთად მუშაობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ შეთანხმებას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ მშვიდობა გაგრძელდეს“, – აღნიშნა სტარმერმა.

სტარმერმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ დახმარებას გაუწევს, ვიდრე აქამდე. ამასთან, სტარმერის თქმით, ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპამ უნდა „გაზარდოს“ თავდაცვის ხარჯები.

დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტარმერმა ასევე დაადასტურა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა გადაწყვიტეს, „დაიწყონ მუშაობა ახალ ეკონომიკურ შეთანხმებაზე, მოწინავე ტექნოლოგიებით“.

დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ერთი წლით ახანგრძლივებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს ერთი წლით ახანგრძლივებს.

შესაბამისი ბრძანება, რომელიც აშშ-ის ფედერალურ რეესტრშია განთავსებული, 28 თებერვალს უნდა გამოქვეყნდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2014 წელს, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საპასუხოდ იყო მიღებული.

„ქმედებები და პოლიტიკა, რომლებზეც საუბარია ამ ბრძანებებში, კვლავ წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“, – ნათქვამია ტრამპის ბრძანებაში.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად, 2024 წელს, იგივე საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლია აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ახლობლებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დაღლილობა და კვირის მანძილზე დაგროვილი დაძაბულობა შეიძლება თქვენს რეაქციაზე აისახოს და ემოციები მკვეთრად გამოხატოთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა უბრალო კამათი სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ეს განსაკუთრებით ოჯახურ საკითხებს ეხება – შეეცადეთ, შენიშვნა ზედმეტად მკაცრად არ აღიქვათ და გაუგებრობები თავიდან აიცილოთ.

რჩევა: ამ დღეს სანამ რამეს იტყვით, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდით.

კურო

იდეალური დღეა დასვენებისა და ძალების აღსადგენად. ეცადეთ, დატვირთვა შეამციროთ და თავს ცოტა განტვირთვის უფლება მისცეთ. მნიშვნელოვანია, რომ მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის წონასწორობა შეინარჩუნოთ. დროა, საკუთარ ჩვევებს გადახედოთ და დაფიქრდეთ, რა განიჭებთ ნამდვილ სიამოვნებას.

რჩევა: მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება. ზოგჯერ შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად საუკეთესო გზა სწორედ დროული შესვენებაა.

ტყუპები

ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლებელია, ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება მოგიწიოთ, ამიტომ ყურადღების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ სამომავლოდ გადადებული საქმეები დაგიგროვდათ, ახლა შესაფერისი დროა, რომ მათ დასრულებაზე იზრუნოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა, უკმაყოფილებამ იმატოს – ვიღაცას თქვენი მოუცლელობა ძალიან არ მოსწონს.

რჩევა: არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ყურადღება მხოლოდ საქმეებს კი არა, ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც სჭირდებათ.

კირჩხიბი

ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ, დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდეთ. ბოლო დროს მნიშვნელოვან დავალებებს გვერდს უვლიდით, მაგრამ ახლა დროა, რომ დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ. თუ საქმე ძალიან რთულად გეჩვენებათ, სცადეთ, ეტაპებად დაყოთ. მთავარია, გარშემო მყოფებმა ყურადღება არ გაგიფანტონ და ემოციებს არ აჰყვეთ.

რჩევა: დისციპლინა თქვენი მთავარი მოკავშირეა — წარმატების მიღწევაში სწორედ ის დაგეხმარებათ.

ლომი

ახლა შესაფერისი დროა, რომ პრობლემის მიზეზს ჩასწვდეთ და გამოსავალი იპოვოთ. მთავარია, იმპულსურად არ იმოქმედოთ და თქვენი აზრი სხვებს თავზე არავის მოახვიოთ. ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს თანამოსაუბრეს და შეეცადეთ, მისი თვალსაზრისი გაიგოთ. თუ უსარგებლო დისკუსიებს არ აჰყვებით სამსახურში, დღე მშვიდად ჩაივლის.

რჩევა: დაფიქრდით, სხვისი პრობლემები ნამდვილად გაღელვებთ? თუ არა, სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინეთ, რათა ზედმეტი კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

ქალწული

თუ პარტნიორი უცნაურად იქცევა ან საკუთარ გრძნობებში გარკვევა გიჭირთ, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ — უკეთესია, სიტუაცია მშვიდად განიხილოთ და გაიგოთ, რეალურად რა ხდება. პროფესიულ სფეროში დღე მშვიდად ჩაივლის, თუმცა დღის ბოლოს შეიძლება რომელიმე კოლეგამ შეცდომა დაუშვას, რაც თქვენზეც მოახდენს გავლენას.

რჩევა: თუ ურთიერთობებში შემაშფოთებელი ნიშნები გაჩნდა, ჯობია, ყველაფერი ახლავე გაარკვიოთ, ვიდრე ემოციები დაგროვდება.

სასწორი

შესაძლოა, ადამიანის მიმართ, რომელსაც ადრე ენდობოდით, დამოკიდებულება შეცვალოთ. მნიშვნელოვანია, რომ ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. კარგი იქნება, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, სიტუაციას დააკვირდეთ. თუ დროს უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგავთ, სამსახურში დღე სტაბილურად ჩაივლის.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოცვას – ზოგჯერ ადამიანები ნამდვილ სახეს მოულოდნელად გვაჩვენებენ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი პირადი ცხოვრება მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ, რადგან თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება. თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობებში რაღაც რიგზე არ არის, ეცადეთ მიზეზი გაარკვიოთ. სამსახურში კი უკეთესი იქნება, თუ ზედმეტ პასუხისმგებლობას არ აიღებთ.

რჩევა: სიყვარულში გულწრფელობა მნიშვნელოვანია. თუ რამე გაწუხებთ, ამაზე გულწრფელად უნდა ისაუბროთ.

მშვილდოსანი

ახლა ემოციური გადაწყვეტილებებისა და გაუაზრებელი ნაბიჯებისთვის საუკეთესო დრო არ არის. თუ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ, უმჯობესია, ყველაფერი კარგად დაგეგმოთ და ცივი გონებით იმოქმედოთ. თუ ზედმეტ მოლოდინებს არ შეიქმნით, პირად ცხოვრებაში სიმშვიდე იქნება.

რჩევა: იმოქმედეთ გააზრებულად. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ემოციებს არ აჰყვეთ.

თხის რქა

თუ ვინმეს პატიოსნებაში ეჭვი გეპარებოდათ, დღეს საკუთარი ეჭვების დადასტურებას შეძლებთ. ამ დღეს მთავარია, საკუთარი საქმე მშვიდად აკეთოთ და სხვა ადამიანების კამათში არ ჩაერიოთ. ცდილობთ, მშვიდობისმყოფელის როლი მოირგოთ, მაგრამ შეიძლება პირიქით, დაპირისპირება გაამძაფროთ.

რჩევა: მეგობრობას დრო გამოცდის. ყურადღებით დააკვირდით თქვენს გარემოცვას და შეიძლება ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინოთ.

მერწყული

თუ თქვენს პირად ურთიერთობაში დაძაბულობა იგრძნობა, დროა, მიზეზი გაარკვიოთ და კომპრომისი იპოვოთ. სხვა საქმეებში კი გირჩევთ, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ. პანიკაში ნუ ჩავარდებით თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც გსურთ და ნურც ბედს დაემდურებით.

რჩევა: მნიშვნელოვან საუბრებს სამომავლოდ ნუ გადადებთ– ახლა ხელსაყრელი დროა, რომ ყურთიერთობა დაალაგოთ.

თევზები

ზრუნვის პატარა გამოხატვაც კი თქვენს ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გაამყარებს. ხელსაყრელი დღეა ოჯახური საკითხებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად. სამსახურში ზედმეტ ვალდებულებებს თავი უნდა მოარიდოთ. იმ საკითხის მოგვარებას, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, ძველი ნაცნობების დახმარებით შეძლებთ.

რჩევა: ოჯახი თქვენი მთავარი საყრდენია – გამოიჩინეთ ყურადღება და სანაცვლოდ მეტ სიყვარულს და მხარდაჭერას მიიღებთ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გარკვეული ჯგუფების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გარკვეული ჯგუფების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხება – განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სახელით, ვეხმაურებით გარკვეული ჯგუფების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ დამახინჯებულ ინფორმაციას, რომელიც ქუთაისის აეროპორტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი თანამშრომლები თავად უზრუნველყოფდნენ და კვლავაც გააგრძელებენ აეროპორტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მიუსაფარი ძაღლების კვებას და საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარულ მანიპულაციებს.

აეროპორტის თანამშრომლები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ცხოველთა უფლებების უპირობო დამცველები.

თუმცა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარკვეულ ადამიანებს მოჰყავთ და ტოვებენ აუცრელ ძაღლებს, რომლებზეც, რასაკვირველია პასუხისმგებლობას აეროპორტის ადმინისტრაცია ვერ აიღებს. მოგეხსენებათ, რომ აუცრელი ძაღლები რეალური საფრთხეა მგზავრებისთვის.

აეროპორტის ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს მგზავრები, მცირეწლოვანი ბავშვები და თანამშრომლები. (ამის შესახებ არსებობს საჩივრებიც) აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ აეროპორტში მგზავრების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, რაც ჩვენი პრიორიტეტია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგულარულად აცხადებს ტენდერებს კომპანიის გამოსავლენად, რომელიც საქართველოში არსებული ნორმების სრული დაცვით, აეროპორტის ტერიტორიიდან გაიყვანს აგრესიულ ცხოველებს, რათა დაცული იყოს მგზავრების უსაფრთხოების სტანდარტები. ტენდერების გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია აეროპორტის ტერიტორიის სიახლოვეს სატრანსპორტო საშუალებებიდან მიუსაფარი ძაღლების დატოვების გახშირებული ფაქტები.

სატენდერო განაცხადში ცალსახადაა აღნიშნული, რომ აეროპორტის ტერიტორიის აგრესიული ძაღლებისგან გათავისუფლება უნდა მოხდეს ქვეყანაში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკით.

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფი მიზნობრივად არასწორად და დამახინჯებულად ავრცელებს ინფორმაციას ტენდერის პირობების შესახებ“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

 როგორი ამინდი იქნება 28 თებერვალს საქართველოში სათაური

 

 

28 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -8 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. 

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +7 – უმეტესად მზიანი 

სოხუმი +7 – უმეტესად მზიანი 

ზუგდიდი +6 – მზიანი 

მესტია -6 – უმეტესად ღრუბლიანი 

ფოთი +8 – მზიანი

ბათუმი +9- მზიანი 

ოზურგეთი +8 – მზიანი

ქუთაისი +5 –  მზიანი 

ამბროლაური +4 – უმეტესად მზიანი 

ახალციხე +2 –  მზიანი 

ბორჯომი +0 – უმეტესად მზიანი 

ბაკურიანი -3 – მზიანი

გორი +3 – უმეტესად მზიანი 

ცხინვალი +1 – უმეტესად მზიანი 

სტეფანწმინდა -6 – თოვლი 

გუდაური -8 – უმეტესად ღრუბლიანი 

თელავი +3- უმეტესად მზიანი 

რუსთავი +8 – მზიანი  

თბილისი +7 –  მზიანი 

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ -შალვა პაპუაშვილი

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“ საპროტესტო აქციას აორგანიზებდნენ“.

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ. პარალელურად, რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“ საპროტესტო აქციას აორგანიზებენ. 2022 წლის 28 თებერვალი. ომი ოთხი დღის დაწყებულია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სამხედრო მოსამსახურეები დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობენ -თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონშიც აქტიურად მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯარისკაცები არიგებენ საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს. 

„მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა მოსახლეობას ბაღდათში, სადაც ტექნიკური საშუალებებით გადაადგილება გართულებულია, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს. სამხედროები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც აქტიურად ეხმარებიან.

ბაღდათის რაიონის გარდა, მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის არეალი მოიცავს სამტრედიის, ვანის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის რაიონებსა და მიმდებარე სოფლებს. საჭიროების შემთხვევაში, მაღალმთიანი სოფლებიდან ჯარისკაცებს ბავშვიანი ოჯახები და მოხუცები, დროებით, მარტივად მისადგომ და უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ. 

პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა იმერეთის რეგიონის საკოორდინაციო შტაბიდან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთი მზად არის, უკრაინაში მშვიდობისმყოფელთა გაგზავნის იდეის განხილვისთვის -Bloomberg

თურქეთი მზად არის, უკრაინაში მშვიდობისმყოფელთა გაგზავნის იდეის განხილვისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან თებერვლის დასაწყისში, ანკარაში გამართული ცალკეული შეხვედრების დროს განიხილა.

წყაროების ინფორმაციით, თურქეთი არ გახდება რომელიმე მისიის ნაწილი, თუ არ იქნება ჩართული მის შექმნასთან დაკავშირებულ ყველა კონსულტაციასა და მომზადებაში.

მანამდე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ერიკ ლომბარდმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები მზად არიან უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის, რათა შესაძლო ზავი უზრუნველყონ.

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ორწლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც 1 568 328 ევროს შეადგენს

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროგრამა სახელწოდებით „რეაგირება საქართველოსთვის – მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ტრანსფორმაციისთვის“ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს დაიწყო და 2027 წლის 31 იანვარს დასრულდება. პროექტის დასაფინანსებლად 1 568 328 ევრო გამოიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა აძლიერებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სიმტკიცეს საქართველოს რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაუმკლავდნენ მიმდინარე გამოწვევებს და ხელი შეუწყონ დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო ჩართულობას ქვეყნის მასშტაბით.

განცხადების თანახმად, პროგრამა ავითარებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, მედიასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის თანამშრომლობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად და ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების განვითარების უზენაესი მიზნის შესაბამისად, ჩამოაყალიბა სამოქალაქო საზოგადოების ჰაბები, როგორც სექტორის ფუნქციური ინსტიტუციური ხერხემალი საქართველოს 10 რეგიონში.

პროგრამას აქვს ორი მიზანი: 1. გააძლიეროს კავშირები სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, მათ შორის ადგილობრივ ბიზნესს, მედიასა და ფართო საზოგადოებას შორის და მოამზადოს ისინი ხელისუფლებასთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის, როდესაც პირობები ამის საშუალებას იძლევა; 2. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით მათი ფინანსური დივერსიფიკაციის სტრატეგიების გაუმჯობესებით და საზოგადოების ურთიერთობების მცდელობებით.

პროექტი ფარავს 500 ორგანიზებულ ჯგუფს რეგიონების მასშტაბით, 3 000 მოქალაქეს რეგიონების მასშტაბით და 50 ბიზნესსუბიექტს ქვეყნის მასშტაბით.

რა ეღირება დოლარი და ევრო 28 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8172 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8172 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9510 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9542 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.

იმერეთში შტაბი მობილიზებულია, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები ელექტროენერგიის აღსადგენად, რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად ვითარება საათობრივად უმჯობესდება-პრემიერი

იმერეთში რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, სრულად იყოს მობილიზებული შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით,  ორ-სამ დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება.

„მოვისმინეთ ინფორმაცია იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შტაბი არის მობილიზებული, ხუთი მუნიციპალიტეტია, სადაც შედარებით რთული ვითარებაა. რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია, ზოგადად სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად, სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა აქაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრ აბონენტს აღუდგა ელექტოენერგიის მიწოდება. რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, სრულად იყოს მობილიზებული შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ვფიქრობთ, ორ-სამ დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება“, – აღნიშნა პრემიერმა.

აგენტურული წარმონაქმნების ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია-რატი იონათამიშვილი

ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიები არ არიან, აგენტურული წარმონაქმნებია, შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს, საკუთარი აგენტურის გარდა, არავინ უსმენს.

„პოლიტიკური პროექტები და არა პარტიები რას იტყვიან, ეს საინტერესო არ არის, რადგან ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, მათ სრული კრახი განიცადეს, რაც დამსახურებული იყო, რადგან სინამდვილეში აგენტურული ჯგუფი არიან და არანაირ პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენენ. ამიტომ ამ ადამიანების გეგმების შეფასება საინტერესო არ არის, მათ, საკუთარი აგენტურის გარდა, არავინ უსმენს. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკური პარტიები, აგენტურული წარმონაქმნები არიან. შესაბამისად, მათი ნააზრევი და გეგმა საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.