Home Blog Page 272

მას არავინ არ უნდა ენდოს“: როგორ არღვევდა ვლადიმერ პუტინი დაპირებებს – Frankfurter Rundschau

გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ (Frankfurter Rundschau) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მას არავინ არ უნდა ენდოს“: როგორ არღვევდა ვლადიმერ პუტინი დაპირებებს“ (ავტორი – ქროსტოფ გშოსმანი). პუბლიკაციაში განხილულია საკითხი – რამდენად სანდოა ვლადიმერ პუტინის სიტყვა და უნდა დაუჯერონ თუ არა კრემლის დაპირებებს დასავლელმა პოლიტიკოსებმა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

მოსკოვი და ვაშინგტონი, ხანგრძლივი ცივი ურთიერთობებისა და ე.წ. „რადიოსიჩუმის“  შემდეგ, ერთმანეთს უახლოვდებიან – უშუალოდ პრეზიდენტები ტელეფონით საუბრობენ, მათი წარმომადგენლები კი ერ-რიადში უკვე მრგვალ მაგიდასთან  სხედან და მსოფლიოს ბედზე ლაპარაკობენ. უახლოეს ხანში ერთმანეთს თვითონ პრეზიდენტებიც უნდა შეხვდნენ – დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი. მაგრამ ომის ვეტერანი ჯარისკაცები ბელარუსიდან, ჩეჩნეთიდან და საქართველოდან გვაფრთხილებენ, რომ რუსეთის თვითმპყრობელ მმართველს არავინ არ უნდა ენდოს – ვლადიმერ პუტინი ყოველთვის არღვევს მიცემულ დაპირებებს.

ჩეჩნები ბენორი და ბერხი, ქართველი ვახო და ბელარუსი სტარე უკრაინის არმიის რიგებში იბრძვიან. ბენორი უკვე ნაბრძოლია პუტინის ჯარისკაცებთან ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ვახო კი 1993 წელს რუსეთის მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს ეომებოდა. იგი ამბობს, რომ რუსეთი არასოდეს არ ასრულებს თავის ვალდებულებას – არ ჩეჩნეთის, არც საქართველოს და არც უკრაინის მიმართ, სადაც კრემლმა ყირიმის ანექსია მოახდინა. და თუ ეს ყველაფერი ვიცით, რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იგი თავის დაპირებას ახლა შეასრულებს?“.

პუტინის ომი ჩეჩნეთში

ბენორის თქმით, როცა 1999 წელს რუსეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო (ანტიტერორისტული ოპერაციის სახელით), მან ამით 1996 წელს ხასარვიურტში დადებული შეთანხმების პირობები დაარღვია. სამწუხაროდ, იმდროინდელი ჩეჩნეთის არმია კარგად არ იყო შეიარაღებული, არ წარმოადგენდა ერთიან სამხედრო ორგანიზმს და ამიტომ 2009 წლისათვის ჩეჩნებმა წინააღმდეგობა ძირითადად შეწყვიტეს. „ჩვენთან იმ დროს თითქმის ყოველდღიურდ ხდება ის საშინელებმა, რაც უკრაინის ბუჩაში რუსებმა ჩაიდინეს“, – იხსენებს ბენორი, – რუსები მუდმივად იჭრებოდნენ ჩვენს სოფლებში ყველას ხოცავდნენ გამურჩევლად – მამაკაცებს, მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს… მათ ჩეჩნეთში თითქმის 100 ათასი ადამიანი მოკლეს და უამრავი ქალაქი დაანგრიეს.

ვლადიმერ პუტინის ორმაგი პოლიტიკა

ბოლო დროს კრემლის მეთაური ოპტიმისტურად ლაპარაკობს აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე, უკვე განხორციელდა პირველი კონტაქტები ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის. „ორივე მხრიდან – ჩვენგანაც და ამერიკელებიდანაც არის სურვილი ნორმალური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის აღდგენის მიზნით, რათა უამრავი დაგროვილი პრობლემა მოგვარდეს, მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომის დროს.

მაგრამ ბენორი პუტინის არცერთ სიტყვას არ ენდობა. იგი მოსკოვის მოქმედებას ასეთი სახით პროგნოზირებს: „რუსეთის პრეზიდენტი შეეცდება უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანოს – ისე როგორც ჩეჩნეთში გააკეთა. იგი უკრაინას სრულად დაიმორჩილებს, ხელისუფლებში პრორუსულ მთავრობას მოიყვანს, უკრაინას ეყოლება ისეთი არმია, რომელიც ხელისუფლების მომხრე იქნება. ჩეჩნეთში ზუსტად იგივე განხორციელდა. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული“.

როგორც ბენორის თანამებრძოლი ბერხი აცხადებს, მას რუსების მიმართ ნდობის გამოხატვა არ შეუძლია. „ჩემი ქვეყანა სწორედ სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგად დავკარგე. ისტორია მეორდება. ჩვენ ჩეჩნეთის პირველი ომის მოვიგეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც რუსები დარჩნენ მოგებულები, რადგან ხასარვიურტში მოცემული პირობა დაარღვიეს. ვლადიმერ პუტინი მკვლელი და მატყუარაა. რუსების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ყოველთვის ფარატინა ქაღალს წარმოადგენს“.

„პუტინს უკრაინაში მეორე ბელარუსის შექმნა სურს“

ბელარუსი სტარე უკრაინის არმიაში იმ დროს შევიდა, როცა დაინახა, თუ რა საშინელებებს სჩადიოდნენ რუსი ჯარისკაცები.

„უკრაინის არმიაში ჩემი სამსახურის დაწყების შემდეგ ბელარუსის „კაგებემ“ ოჯახისა და ნათესავების დაშინება და დამუქრება დაიწყო. მათ რამდენჯერმე დააკავეს ჩემი ახლობლები და მათგან  ჩემს შესახებ ინფორმაციების გადაცემას მოითხოვდნენ. ბელარუსი კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც რუსეთი მთლიანად აკონტროლებს. კრემლს უნდა, რომ უკრაინაშიც ისეთივე დიქტატურა დამყარდეს, როგორიც ბელარუსშია, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ.

სანამ რუსები თავიანთ მიზანს არ მიაღწევენ, ისინი ომს არ შეწყვეტენ. უკრაინელები არ უნდა მოტყუვდნენ და პუტინთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ უნდა გააფორმონ. კიევმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს“, – ამბობს სტარე.

„საქართველოს პრორუსი პრეზიდენტი ჰყავს“

ერთი შეხედვით ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპთან საუბრისას, მშვიდობის დასამყარებლად ისწრაფვის: „რუსეთი ყოველთვის მზად არის უკრაინის კონფლიქტი მოლაპარაკების გზით გადაიჭრასო“, – აცხადებს კრემლის მეთაური, მაგრამ გავიხსენოთ: ვლადიმერ პუტინმა თვითონ დაიწყო ომი მეზობელი ქვეყნების – საქართველოსა და უკრაინის – წინააღმდეგ 2008 და 2022 წლებში.

თუ რად ღირს ვლადიმერ პუტინის სიტყვა, ქართველმა ვახომაც კარგად იცის. „1993 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა ომი რუსების დახმარებით მოგვიგეს. კრემლმა ომი საქართველოს წინააღმეგ ისევ დაიწყო 2008 წელს. საქართველოს დღეს პრორუსი პრეზიდენტი ჰყავს“, – იმედგაცრუებით ამბობს ვახო და ხაზს უსვამს, რომ ის, რასაც დონალდ ტრამპი სთავაზობს რუსეთს, სხვა არაფერია, თუ არა უკრაინის კაპიტულაცია. რუსეთს არანაირი ხელშეკრულება არ შეაჩერებს.

წყარო

პრეზიდენტ ბუშის დროს რუსებმა მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს – ყირიმი, პრეზიდენტ ტრამპის დროს – ვერაფერი – ტრამპი

პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს, მათ მიიღეს ლამაზი, დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი – ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც მათ ჰყავთ წყალქვეშა ნავები. თქვენ ეს იცით, არა? ყირიმი. პრეზიდენტ ბაიდენის დროს ისინი ცდილობდნენ მიეღოთ ყველაფერი. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ მთელი დიდი უკრაინა, მთელი რამ. მე რომ არ შემოვსულიყავი აქ, ისინი ყველაფერს მიიღებდნენ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც რუსებს მისცა, სანქციები იყო, უკრაინას კი – “ჯაველინები”.

იცით, რა მივეცი? მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი. მე მათ სანქციები დავუწესე რუსეთზე – რუსეთზე. მე მათ ჯაველინები მივეცი. იცით ჯაველინები? თქვენ იცით, კიევისკენ ასობით ტანკი მიემართებოდა, ისინი შეუჩერებელი იყვნენ და მე მათ ჯაველინები მივეცი.პუტინი არის ის, ვინც გეტყვით, რომ ეს არც ისე კარგი იყო მათთვის. რუსეთისთვის მწუხარების გარდა არაფერი მიმიცია. მე მათ სანქციები და ჯაველინები მივაწოდე. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ნაჩქარევადაა მიღებული. ამასთან, წერია, რომ პროცესში არ მონაწილეობდნენ შესაბამისი დაინტერესებული მხარეები.

კომისიის დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება სწორედ იმდროინდელმა ვითარებამ გახადა საჭირო, დაინტერესებული მხარეები კი, ამ ცვლილებების განხილვის პერიოდშიც პარლამენტის მიმდებარედ დესტრუქციული ქმედებებით იყვნენ დაკავებული. მდინარაძის თქმით, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკა უსაფუძვლოა.

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აქტიური და მოვლენებით მდიდარი დღეა. იქნება. კარგი რეაქცია და პრინციპული მოქმედება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ზომიერება შეინარჩუნოთ. მოულოდნელი სიტუაციები თქვენგან მოქნილობასა და ადაპტაციის უნარს მოითხოვს. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შეცვლას შეძლებთ. კარგი იქნება თუ გაზაფხულის პირველ დღეებს ახალი სამოსით ან ვარცხნილობით შეხდებით.

რჩევა: ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ და ემოციური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

კურო

ეს დღე მშვიდად და სტაბილურად, განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე ჩაივლის. ხელსაყრელი დღეა მიმდინარე საკითხების მოგვარებისა და მომავლის დაგეგმვისთვის. თუ მოთმინებას გამოიჩენთ ფინანსური საკითხები თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გაჩენილი სირთულეები გულწრფელი საუბრით მოაგვაროთ.

რჩევა: ეცადეთ, ეს დღე საოჯახო თუ სამსახურებრივ საქმეებში წესრიგის დასამყარებლად გამოიყენოთ.

ტყუპები

ეს დღე შესაფერისია ახალი ურთიერთობების, მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობისთვის. თუ სწორად წარადგენთ თქვენი იდეები მოულოდნელ შედეგებს მოიტანს. გახსოვდეთ, რომ ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს დაიჭერს, ამიტომ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებაზე უარი თქვით.

რჩევა: ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ და საკუთარ თავზე იმაზე მეტი არ აიღოთ, ვიდრე შეგიძლიათ გაუმკლავდეთ.

კირჩხიბი

ემოციურად დატვირთული დღეა, რომელიც ურთიერთობებში სიფრთხილეს მოითხოვს. შესაძლოა, გარკვეულ სიტუაციებში კომფორტის ზონის დატოვება მოგიწიოთ, თუმცა საბოლოოდ ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება. მთავარია, პანიკას არ მიეცეთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის. უმჯობესია საღამო მყუდრო გარემოში, ოჯახის წევრებთან ან ერთგულ მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

რჩევა: სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ყოველი სიტყვა კარგად აწონეთ, რომ უნებურად, ახლობელი ადამიანი არ შეურაცხყოთ.

ლომი

ეს დღე ხელსაყრელია თქვენი უნარების და ინიციატივების წარმოსაჩენად. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და ეცადეთ ამით ისარგებლოთ, თუმცა, საკუთარი შესაძლებლობები ზედმეტად არ გადააფასოთ. თუ სამსახურში შეცდომა დაუშვით, ეცადეთ ისე გამოასწოროთ, რომ არავინ შენიშნოს.

რჩევა: ეცადეთ, ეს დღე ახალი კავშირების დასამყარებლად გამოიყენოთ — ახალი ნაცნობობა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.

ქალწული

ეს დღე შესაფერისია ანალიზისა და მეთოდური მუშაობისთვის. შესაძლოა, საქმეში მცირე შეფერხება შეგექმნათ, მაგრამ თუ თანმიმდევრულად იმოქმედებთ, ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდებით. სწორად განსაზღვრეთ რისკები და ნუ გაჯიუტდებით. ეცადეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია გამოიჩინოთ.

რჩევა: მშვიდად და ორგანიზებულად იმოქმედეთ — ეს ზედმეტ სტრესს აგარიდებთ.

სასწორი

წარმატებული დღეა, განსაკუთრებით ურთიერთობის დამყარების კუთხით. გარშემომყოფებთან საერთო ენას იოლად გამონახავთ და რთული საკითხების მოგვარებაში თქვენი მომხიბვლელობა დაგეხმარებათ. მთავარია, ზედმეტ პასუხისმგებლობებს მოერიდოთ. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან გაუგებრობამ იჩინოს თავი. სიტუაციას ნუ გაართულებთ. ეცადეთ, ნაკლებად კრიტიკული იყოთ და თქვენი ენერგია საქმისკენ მიმართოთ.

რჩევა: ენდეთ ინტუიციას, თუმცა საღ აზრს ნუ უგულებელყოფთ.

მორიელი

ეცადეთ, მოულოდნელი ცვლილებებისთვის მოემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული იქნება, ამიტომ საკუთარ გრძნობებს უსმინეთ. ნუ ეცდებით, რომ გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე ყვირილით და აგრესიით დაუმტკიცოთ. გირჩევთ, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ

რჩევა: აკონტროლეთ თქვენი რეაქციები — ცივი გონება არასასურველ პრობლემებს თავიდან აგარიდებთ.

მშვილდოსანი

აქტიური დღეა. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა ან მოულოდნელი შემოთავაზება, რაც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. მთავარია, ენერგია ფუჭად არ დახარჯოთ. ნუ ეცდებით, რომ ამ დღეს საკუთარი მოვალეობები ვინმეს გადააბაროთ. საეჭვოა, რომ მათი მუშაობის შედეგი მოგეწონოთ.

რჩევა: სიახლეებისთვის გახსნილი უნდა იყოთ, მაგრამ საღი აზრის გათვალისწინება არ დაგავიწყდეთ.

თხის რქა

შესაფერისი დროა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების და გრძელვადიანი გეგმების შესადგენად. თუ მეთოდურად იმოქმედებთ, თქვენი ძალისხმევა შედეგს აუცილებლად მოიტანს. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეს საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებში მცირე კორექტივები შეიტანოთ.

რჩევა: აუჩქარებლად იმოქმედეთ — დაგეგმვა საუკეთესო შედეგამდე მიგიყვანთ.

მერწყული

არასტანდარტული ხედვა და კრეატიული მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. მოულოდნელი აღმოჩენები გელით, რომლებიც ძალიან სასარგებლო გამოდგება, მთავარია, კომფორტის ზონიდან გასვლის არ შეგეშინდეთ.

რჩევა: ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად და მოზომილად იმოქმედოთ, რათა უხეში სიტყვით ან შენიშვნით ვინმე არ გაანაწყენოთ.

თევზები

მოულოდნელი მოვლენები თქვენგან სწრაფ რეაქციასა და მოქნილობას მოითხოვს. მთავარია, ყველაფერი ზედმეტად გულთან ახლოს არ მიიტანოთ. დღის ბოლოს შეიძლება, საინტერესო და მოგებიანი შემოთავაზება მიიღოთ. ასაკით უფროსი ადამიანების რჩევები და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და გადაწყვეტილებები ემოციურ ფონზე არ მიიღოთ.

მამუკა მდინარაძე: ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან

ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან – ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში ისინი ჰბაძავენ თავიანთ ამერიკელ კოლეგებს.

„ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან – ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება.

დღეს ძალიან კარგი, მოსაწონი ინიციატივა იყო, როდესაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზეა საუბარი. სქესთა შორის თანასწორობა და სხვა მსგავსი ტერმინები, რომელიც უფრო მოკლე, ლაკონიური, პრაქტიკაში ადვილად გამოყენებადი იქნება, შესაძლოა, ამაზეც ვიმსჯელოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

,,საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღება იკრძალება”- მამუკა მდინარაძე

საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღება იკრძალება, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„იკრძალება უცხოური წყაროდან სარგებლის მიღება საჯარო სამსახურში. იცით, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ერთგვარი მექანიზმი იყო თავის დროზე, ფსევდოლიბერალური მიდგომების რეალიზების და ამას იყენებდნენ სხვა დატვირთვით. ჩვენ ხომ გვაჩვევდნენ, რომ მეგობრული, პატიოსანი ფულები, სახსრები იყო რაღაცებისთვის გამოყოფილი. რისთვის იყო გამოყოფილი, ყველამ კარგად ვნახეთ. მაგალითად, ათეულობით მილიონი დაიხარჯა ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ ვიღაცებს ეძახათ, არა რუსულ კანონს.

ახლა ჩვენ თავად ვეუბნებით, რომ გაცილებით მკაცრი კანონი დავაინიციირეთ. აგერ, ხვალ პირველი მოსმენით მივიღეთ. კაციშვილი ხმას არ იღებს, რადგან ეს იყო დაფინანსებული კამპანია, რომელიც იყო დიდი ფეიკი. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვმუშაობთ და მათ შორის, თუკი სარგებელი საჯარო სამსახურში უნდა ყოფილიყო ამ გზით, ეს იკრძალება. თუ შრომის ანაზღაურებაზეა საუბარი, ამას თავის თავზე სახელმწიფო აიღებს და არა რაღაც გვერდითი შემოსავლის წყაროებზე უნდა იყოს საუბარი, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს მავნე პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს“, – განაცხადა მდინარაძემ.

დონალდ ტრამპი – ზელენსკის განცხადება არის ყველაზე ცუდი, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა

ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა და ამერიკა ამას კიდევ დიდხანს არ შეეგუება!, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „ჯერ კიდევ ძალიან შორს არის“.

„ეს არის ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, ამ კაცს არ სურს მშვიდობა, სანამ მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს და ევროპამ ზელენსკისთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ის გარეშე ამას ვერ გაუმკლავდებიან. ეს ალბათ არ არის საუკეთესო განცხადება რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რას ფიქრობენ ისინი?“, – წერს დონალდ ტრამპი.

,,სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ”- იონათამიშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილება, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს უკავშირდება, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს “სისხლის სამართლის კოდექსს” ემატება 3071 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

მომხსენებლის, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, აღნიშნული საკითხი ცდება სამართლებრივ ცვლილებას და ეს არ არის “სისხლის სამართლის კოდექსში” მხოლოდ მუხლის დამატება.

“ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი – გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს როგორი საქართველო უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია არა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ მორალის, ისტორიის თვალსაზრისითაც. ღალატი სპობს ნდობას სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის, ანგრევს იმ საფუძვლებს, რომელზეც ვაშენებთ ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. სამშობლოს ღალატი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული – ეს არის ზიანი, რომელიც მთელ საზოგადოებას ადგება, მათ შორის, ჩვენი წარსულის გმირებს, ჩვენს აწმყოსა და მომავალ თაობებს. ამიტომ, ჩვენი ვალია, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობას შეესაბამება, არამედ შექმნის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ყველაზე მყარ და მტკიცე გარანტიებს და ხანგრძლივი სახელმწიფო ინტერესების სამსახურში იქნება. ჩვენ ამ საკითხზე საუბარი გვიწევს იმიტომ, რომ წარსულში ადგილი ჰქონდა სერიოზულ შეცდომას და უფრო მეტად ეს იყო დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს კონკრეტულმა პირებმა და რომლის შედეგები ჩვენმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე იწვნია”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ “სისხლის სამართლის კოდექსიდან” სახელმწიფო ღალატის მუხლი ამოიღო.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტში მოცემული “სამშობლოს ღალატის” ფორმულირება ზუსტად შესაბამისობაშია იმ ფორმულირებასთან, რაც ჯერ კიდევ 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კანონმდებლობაში შეიტანა.

პროექტის ავტორი და ინიციატორები ფრაქცია “ქართული ოცნებისა” და პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” დეპუტატები არიან.

,,ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა”- ჩოხატაურის მერი

რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხოვა მედიკამენტი სახელწოდებით პარკინი, მერიამ კი გადაამისამართა ჟორჟოლიანის ფონდში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი” – ამის შესახებ წერს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე.

როგორც შარაშიძე განმარტავს, ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა. 

რაც შეეხება მედიკამენტებს, აღნიშნავს, რომ მერია ყველა ასეთ მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ რეაგირებს.  

“რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხოვა მედიკამენტი სახელწოდებით პარკინი, მერიამ კი გადაამისამართა ჟორჟოლიანის ფონდში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი – ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა. მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს. ის ფაქტი, რომ ჟორჟოლიანი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს მსგავს სიცრუეს, გასაკვირი არ არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით მის Facebook პოსტს, ვნახავთ, რომ არც სოფლის სახელია მითითებული, არც ადამიანის სახელი და გვარი, რაც მარტივად ადასტურებს მის მიერ გავრცელებული ამბის სიყალბეს”, – წერს შარაშიძე. 

,,ტრამპის ადმინისტრაციისთვის მთავარი მტერი ახლა არც რუსეთია და არც ზელენსკი”- ირაკლი გოგავა

ტრამპის ადმინისტრაციისთვის მთავარი მტერი ახლა არც რუსეთია და არც ზელენსკი, ეს არის გლობალისტური, ლიბერალური ელიტა, რომელიც უკვე ევროპაშია მოკალათებული და იქიდან გამოუცხადეს ომი – არ მგონია, რომ მათ რამე შანსი ჰქონდეთ,- განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.

მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია 500 მილიარდზე იმიტომ ლაპარაკობს, რომ აალაპარაკოს უკრაინის ლიდერები იმაზე, თუ სად წავიდა და როგორ იხარჯებოდა ფული.

„არსებობს იშვიათი მეტალები და არსებობს იშვიათი ქიმიური ელემენტები. 17 იშვიათი მეტალია, მაგრამ არსებობს კიდევ ქიმიური ელემენტები, მათ შორის ინერტული აირები, 60-ზე მეტია და უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის რაღაცები, მაგრამ რაც არის დაზვერილი მათი ინდუსტრიული წესით მოპოვება არ არის რენტაბელური. რისი დამუშავებაც რენტაბელურია, იმის დამუშავება უკვე ხდება და უცხოური კომპანიები უკვე არიან ამაში ჩართულები. მაგალითად, ეს არის „კრივოი-როგის“ რკინის საბადო, მარგანეცი, არის ქვანახშირის მრეწველობა, რომელიც მომგებიანი საერთოდ არ არის და სუბსიდირება ხდება. გარკვეულწილად ეს იშვიათი მეტალების რაღაცა განზომილი მარაგი უკრაინაში, ცოტა გაზვიადება და ამას აქვს თავისი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ტრამპს სჭირდება ალაპარაკოს უკრაინის ლიდერები იმაზე, თუ სად წავიდა და როგორ იხარჯებოდა ფული. ამიტომ ამბობს ტრამპი 500 მილიარდს, მერე 350 მილიარდს. დათვლილია, რომ კილის ინსტიტუტმა გერმანიის ერთ-ერთი think thank-ია, დათვალა, რომ რეალურად შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის მიცემული აქვს 19.7 მილიარდი. სამხედრო ტექნიკის, აღჭურვილობისა და ფულის სახით. ამ 500 მილიარდზე, ზელენსკიმ თქვა კიდეც, რომ ამდენი არ მიმიღია. ამ დროს საბუთებით იქ რამდენია გაფორმებული. შესაბამისად, ეს პირველ რიგში ტრამპს სჭირდება უკრაინელებისგან ინფორმაცია და დადასტურება იმისა, რომ გამცემები ვინც იყვნენ, ანუ დემოკრატიული პარტია, ეს ფული სადღაც წავიდა ხომ? ახლა დაიწყო უკვე გამოძიება და მიჰყვებიან. მიჰყევი ფულს – ეს ამერიკული გამოთქმა და ამას ისინი გააკეთებენ, რა თქმა უნდა. მთავარი მტერი ახლა არც რუსეთია ტრამპის ადმინისტრაციისთვის, არც ზელენსკი ეს არის გლობალისტური, ლიბერალური ელიტა, რომელიც უკვე ევროპაშია მოკალათებული და იქიდან გამოუცხადეს ომი, არ მგონია, რომ მათ რამე შანსი ჰქონდეთ“,- აღნიშნა გოგავამ.

ვენეციის კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ შეფასებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი პროცედურის მეშვეობით შეაფასა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს მიღებული ცვლილებები.

კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ: „საკანონმდებლო პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონპროექტები მიღებული იყო დაჩქარებული წესით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით სადავო არჩევნების შემდეგ მასობრივი პოლიტიკური მიტინგების ფართო პოლიტიკური კონტექსტისა და იმ გავლენის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ცვლილები ახდენენ ასეთ პოლიტიკურ პროტესტზე. არ არსებობს იმის მინიშნება, რომ ჩატარდა რაიმე ზეგავლენის შეფასება ორ ეტაპად შემოტანილი ფართომასშტაბიანი ცვლილებების პროპორციულობის შეფასების ან გამართლების მიზნით. შედეგად, კანონშემოქმედებითი პროცესი შეიძლება, ჩაითვალოს ფუნდამენტურად ხარვეზიანად.

ვენეციის კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ცვლილებებში შეტანილი სხვადასხვა შემზღუდველი ზომების აუცილებლობა და პროპორციულობა არ ყოფილა ადეკვატურად დასაბუთებული.

„ახალი მკაცრი პატიმრობის სასჯელები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, ზედმეტად მკაცრი ჩანს. ეს ზომები სავარაუდოდ მოახდენს შემაკავებელ გავლენას შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების განხორციელებაზე“, – ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებს შემოაქვს მრავალრიცხოვანი შეზღუდვები შეკრების თავისუფლებასა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, შეუთავსებელია კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან“.

კომისია მიიჩნევს, რომ „აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს ამ ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მნიშვნელოვანი ჩართულობის უზრუნველყოფით“.

ვენეციის კომისია ასევე ასკვნის, რომ „ყოვლისმომცველი ზეგავლენის შეფასება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ნებისმიერი შემზღუდველი ზომა დარჩეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციული იმ ლეგიტიმური მიზნებისა, რომელთა მიღწევასაც ისინი ცდილობენ“.

ამ კონტექსტში ვენეციის კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ამ დასკვნაში მოცემული შემდეგი რეკომენდაციები: 1. გადახედოს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გამოყენებადი სანქციების ხასიათსა და სიმკაცრეს; 2. ადმინისტრაციული დაკავების დანიშვნამდე, ინდივიდუალური შეფასებებისთვის, შემოღებული იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი მკაფიო კრიტერიუმები ; 3. უზრუნველყოს ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება ადმინისტრაციული დაკავებისა და დაპატიმრების (როგორც პრევენციული ზომის) წინააღმდეგ, დროული განხილვისა და ადეკვატური კომპენსაციის უზრუნველყოფით; 4. განსაზღვროს კონკრეტული ელემენტები ლაზერული და სინათლის სხივის მოწყობილობების აკრძალვის ვიწრო მნიშვნელობის უზრუნველსაყოფად; 5. დააზუსტოს და დაავიწროოს სახის დაფარვის აკრძალვა, იმ პირობების მითითებით, რომლის დროსაც ისინი აკრძალულია; 6. ზუსტად განსაზღვროს „პოლიციის ფორმის მსგავსი სამოსისა და ატრიბუტების“ მოქმედების სფერო, ვიწრო მნიშვნელობის უზრუნველსაყოფად; 7. დაადგინოს ნორმატიული წესი სპონტანური შეკრებების შეტყობინების მიღების შესახებ, მას შემდეგ, რაც შეკრებები დაიწყება.

 

“პოლიტიკა არ იცნობს მეგობრებს, იცნობს ინტერესებს და ამ ინტერესებს”- სუბარი

პოლიტიკა ზოგადად არ იცნობს მეგობრებს, იცნობს ინტერესებს და ამ ინტერესებს ყველა ქვეყანა თავისებურად ახორციელებს, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა მიიღოს კანონები, რომელიც ქვეყანას დაიცავს.

“რატომ იყო პროტესტი, ძალიან კარგად ვიცოდით მაშინაც და კიდევ უფრო გამოჩნდა დღეს, როდესაც ამერიკელებმა დაიწყეს ამ დაფინანსებების გამოძიება, განსაკუთრებით USAID-ი, NED-ი. პრაქტიკულად ღიად ამბობს ამერიკის ადმინისტრაცია, რომ ეს არის ფული, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებების მოსაწყობად, მთავრობების შესაცვლელად, ბუნებრივია, ამის გამჟღავნება ძალიან ბევრ დონორს არ უნდოდა და მითუმეტეს არ უნდოდათ მიმღებ ორგანიზაციებს.

პოლიტიკა ზოგადად არ იცნობს მეგობრებს, იცნობს ინტერესებს და ამ ინტერესებს ყველა ქვეყანა თავისებურად ახორციელებს და ჩვენც, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ კანონები, რომლებიც დაიცავს ჩვენს ქვეყანას,” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს – “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.