Home Blog Page 271

უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია -თინა ბოკუჩავა

უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია. ამ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაასრულებს ქართველი ხალხი და დავუბრუნდებით ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ჩატარდება ახალი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას“.

„უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია. ქართველ ხალხს საკუთარი შეუპოვრობით შეუძლია, დაიბრუნოს ქვეყანა, ევროატლანტიკური არჩევანი, რომლისთვისაც მას პირადად ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესიც დასრულდება, გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმარი, იქნებიან ესენი ახალგაზრდები, რომლებიც ებრძვიან რეჟიმს თუ იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისათვის, ევროპული მომავლისათვის. ჩატარდება ახალი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას“,  – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება მნიშვნელოვანია არა იმისთვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან -ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ იმ დანაშაულებზე ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა, მათ შორის ახალგაზრდების ქუჩაში მკვლელობაზე, პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ბიზნესის რეკეტზე, არჩევნების გაყალბებასა და 2008 წლის ომზე.

„მე შემიძლია დანაშაულები შეგახსენოთ, მარტო დაახლოებით 150 კაცი, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს ქუჩაში. რაც შეეხება ციხეებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ხშირ შემთხვევაში გაუპატიურებას, ეს დანაშაული არის დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომელიც საუბრობს წამების სისტემურ პრაქტიკაზე სააკაშვილის სასამართლოში. ეს კიდევ ერთი დანაშაულია. ბიზნესის რეკეტის უამრავი ფაქტია, ბიზნესის რეკეტში ჩართული იყო უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს წარმოადგენს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ეს არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ხაზარაძე, ეს ადამიანები უშუალოდ იყვნენ ჩართული ბიზნესის რეკეტში, რამაც შეიწირა უამრავი ადამიანის, ათი ათასობით ადამიანის არამარტო საკუთრება, არამედ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ზოგიერთ შემთხვევაში.

არჩევნების გაყალბება, მარტო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება რად ღირს, ტოტალური გაყალბება ხდებოდა არჩევნების მათი რეჟიმის პირობებში. მთავარი დანაშაული ეს იყო მაინც 2008 წლის ომი. მათ აღიარებული აქვთ, რომ თავად დაიწყეს ეს ომი, ამაზე აქვთ ოფიციალური ხელმოწერა ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებით. ეს არის საკმარისი ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომელიც მეტყველებს, რომ აუცილებელია ყველაფრის სათანადოდ გამოძიება. და ეს გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისთვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან,“- განაცხადა პრემიერმა.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება  -ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, ვინაიდან, საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს და ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აღიარებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება. ეს ვალდებულება თუ არ შესრულდება, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სანქციები. მინდა, ეს ყველას შევახსენო. რაც შეეხება საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელობას, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის, ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აქვს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ეს არის ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამებსა, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, 2008 წლის ომი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საჭიროა სიღრმისეული გამოძიება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ჩემი უფლებაა, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებს, გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ტყუილები დაგაჯერათ -ლევან იოსელიანი

ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ეს ჩემი უფლებაა, გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ტყუილები დაგაჯერათ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

იოსელიანი დღეს სახალხო დამცველის ოფისთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„დღეს ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ შეცდომაშია შეყვანილი. მსაყვედურობენ, თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. იმის დასტურად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოგიდგენთ ჩემ მიერ აქციების მიმდინარეობის პერიოდში გაკეთებული განცხადებების მხოლოდ ნაწილს, რომელთა სრული ვერსიები თანდართულ ბმულებზე შეგიძლიათ, იხილოთ.

რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მე ვერ შევაფასებ არჩევნების გაყალბების საკითხს, ვინაიდან არ წარმოვადგენ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ის, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ჩემი უფლებაა. არ მჯერა, რომ 100 000 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს. ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა. ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება არ მინახავს. აქციის ორგანიზატორებისგან მოვისმინე, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს, რაც უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ეს ტყუილები დაგაჯერათ.

რაც შეეხება საარჩევნო უფლების დარღვევის ფატებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდშიც ვაფიქსირებდი და შესაბამის რეაგირებას ვახდენდი ყველა ფაქტზე. იდენტიფიცირებული გვაქვს 110 სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ზომები იქნა მიღებული. ამის დასტურადაც, შესაბამისი განცხადებების ბმულებს ვურთავ. დაბოლოს, რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ. სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება. რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ – მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

P.S შეეშვით აპარატის თანამშრომლების თაგვას, დანამუსებას და ზეწოლას, არ ხართ აქ ყველაზე პოპულარული ხალხი“, – წერს იოსელიანი

მადლობა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს თბილი მასპინძლობისთვის, ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია -ირაკლი კობახიძე

დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, ბატონ ალიევს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და მისი წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ – აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში,“- განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8412 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9276 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9236 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0040 ლარი შეადგინა.

ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სიტყვა უნდა შეასრულოს -მარკო მიხელსონი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პირობა უნდა შეასრულოს.

„ნატო-მ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ნატო-მ, მათ შორის აშშ-მა და გერმანიამ, თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს“, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.

„ისინი გულწრფელები იყვნენ: არ სურდათ ჩვენი ნატო-ში ხილვა. ეს ოთხი ქვეყანა, სხვადასხვა მიზეზების გამო, უკრაინას ნატო-ში ჯერ ვერ ხედავენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის-აშშ-ს საელჩო

ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დარწმუნებული ვარ, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას -ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე. ხაზი გაესვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას“, – აღნიშნავს პრემიერი.

მილიონ 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს -კახა კალაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა, რის შემდეგაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„ყველაფერი ძალიან მარტივია. სიყალბეა და გარედან მოწოდებული მესიჯები იყო, თითქოს არჩევნები გაყალბდა. უნდა ეაქტიურა „გაფარჩაკებულ“, გაუბედურებულ ოპოზიციას, რადგან დამარცხდნენ. გარე ძალებმა ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ელოდებოდნენ. გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა. 300 000 ხმაზეა საუბარი, წარმოგიდგენიათ?! ამ დროს მათ ვეუბნებით, რომ წარმოადგინონ ერთი, კონკრეტული მტკიცებულება, ფაქტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ არსებობს ბუნებაში. არჩევნების არანაირი გაყალბება არ მომხდარა. „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულად გაიმარჯვა. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს. პროკურატურამაც ჩაატარა გამოძიება და გაყალბების არანაირი ფაქტი არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველმაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არჩევნების შესაძლო გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა.

ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს – ქვეყნის ინტერესი არ ითმობა -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული.

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბრიტანული მხარის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზეა საუბარი.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ისეთ განცხადებებსა და იმ ტიპის გადაწყვეტილებებს ვისმენთ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე – პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. ვხედავთ, თუ რა ვითარებაა მთელ მსოფლიოში. 20 იანვრის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ამის იმედი აქვს ყველას. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თავად საუბრობს ამ ყველაფერზე, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. ამაზე არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რადგან წარმოუდგენელია, ცხოვრების ამგვარი უსამართლობით გაგრძელება, როდესაც ძალით არის ყველაფერზე საუბარი და გადაწყვეტილებების მიღება. თუ იცავ შენს ქვეყანას და მის ინტერესს, მაშინვე ბევრ სისულელეს მოიგონებენ ხოლმე, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და იღებენ არასამართლიან გადაწყვეტილებებს. არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს ბრიტანეთმა, თუმცა თუ მიიღებენ, ეს ძალიან ცუდი იქნება. ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – ხომ არ არის პოლიტსაბჭოს მძაფრი რეაქციის მიზეზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ კომპანიებს ფლობს, თბილისის მერი პასუხობს, რომ საქართველოს ინტერესები, სხვა რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ, არ ითმობა.

„ოფშორული კომპანიები რა შუაშია?! ადამიანს აშანტაჟებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ქვეყნის ინტერესები დაეთმო. აშანტაჟებდნენ პირადი თანხებით. იცით, რომ დავა მიმდინარეობდა შვეიცარიის სასამართლოში. მან ეს დავა მოიგო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თანხას არ უბრუნებდნენ – აშანტაჟებდნენ, რომ გადაედგა შესაბამისი ნაბიჯი, რომელსაც შემდეგ მისი დასანქცირება მოჰყვა. საბოლოო ჯამში, დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესი არ ითმობა. ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველო და ქართველი ხალხი გამოიყენონ რომელიმე სხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. უკრაინა საქართველოში ვერ განმეორდება და ვერ მოხდება. ჩვენ დავიცავთ ხალხს, ქვეყანას და მოვახდენთ მის ეკონომიკურ განვითარებას“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.

მურუსიძე ვინ იყო, საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი -მიხეილ სააკაშვილი

მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო და ორიენტირებული იყო ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე.

„იმ ცხრა წელსა და ამ უბედურ 12 წელს შორის განსხვავება არის ის, რომ მაშინ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვიყავით პოზიტივზე – ეს გაიხსნა, ეს გაკეთდა, ეს ახალი პროგრამა შევქმენით. ესენი ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ყველაფერი გადასულია პოლიტიკური პროცესით – ე.წ. სასამართლოს დერეფნებში, დარბაზებში. იძახიან ხშირად, მურუსიძე სააკაშვილის დროსაც იყო. მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა. რატომ არ მქონდა გაგონილი? რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი. სასამართლო იყო სადღაც იქ, სხვათა შორის. ცხოვრების ცენტრი იყო სულ სხვა რაღაცაზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.