Home Blog Page 27

მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩვენთანაა, მტკიცედ ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს, ასევე დემოკრატიული მოდელის არჩევანს – ემანუელ მაკრონი

მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩვენთანაა, მტკიცედ ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს, ასევე დემოკრატიული მოდელის არჩევანს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, „მიაჩნია, რომ ევროპული დემოკრატიული მოდელიც საფრთხეშია“.

„მიმაჩნია, რომ ბოლო კვირების განვითარება აჩვენებს, რომ ევროპული დემოკრატიული მოდელიც საფრთხეშია. საქართველოსა და მოლდოვაში იყო რამდენიმე თავდასხმა, კიბერთავდასხმები, ხმის მოსყიდვა, მანიპულაციები. ყველა დამკვირვებელი ამაზე მიუთითებს. აქვე მინდა, მივულოცო მაია სანდუს ხელახლა არჩევა. მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩვენთანაა, მტკიცედ ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაადასტურებს თავის ევროპულ არჩევანს, ასევე დემოკრატიული მოდელის არჩევანს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. სამიტში მონაწილეობს 40-მდე სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

 “ხალხმა რუსეთს კი არ დაუჭირა მხარი, ხმას აძლევდნენ ივანიშვილს, რომელიც გამოსვლებში იძლეოდა ევროპულ გარანტიებს”-პაველ კოვალი

პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და უკრაინასთან თანამშრომლობის საბჭოს ხელმძღვანელი პაველ კოვალი უკრაინულ ტელევიზიასთან საუბარში აშშ-ში, საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ საკითხი ასე არ დგას, რომ ხალხმა არჩევნებზე რუსეთს დაუჭირა მხარი, რადგან მათ ხმა ივანიშვილს მისცეს, რომელიც მოსახლეობას ევროპულ გარანტიებს ჰპირდება.

კოვალი აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის ევროპელობა იდენტობის არსია; საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანაა საზოგადოებრივი აზრის მიხედვით და მუდამ ასე იყო, ის ევროპული თანამეგობრობის ნაწილია და შეუძლებელია ევროპის ისტორიის ნორმალური გაგება, პოლიტიკური ევროპის სადღაც უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს გარეშე.

„საჭიროა პრაგმატული მიდგომა საქართველოს ახალ მთავრობასთან; მტკიცე და გადამწყვეტი ქმედებები მაშინ, თუ ცუდს გააკეთებენ; პოზიტიური რეაგირება იმაზე, როცა რეალურ რეფორმებს განახორციელებენ და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დავტოვოთ საქართველოს საზოგადოება, ის ხალხი, რომელიც მობილიზდა და რომელსაც ევროპული საქართველო უნდათ. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანაა საზოგადოებრივი აზრის მიხედვით და მუდამ ასე იყო. ქართველებისთვის ევროპელობა იდენტობის არსია. ორი რამე აქვთ: ევროპელობა და ღვინო. ქართველები მონახავენ ევროპულ გზას. საქართველო ევროპული თანამეგობრობის ნაწილია. შეუძლებელია ევროპის ისტორიის ნორმალური გაგება, პოლიტიკური ევროპის სადღაც უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს გარეშე“,- აცხადებს პაველ კოვალი.

მისი შეფასებით, ხალხმა არჩევნებზე მხარი ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა მხარი.

„აქ ძირითადი როლი ომის შიშმა ითამაშა. აშკარაა, რომ რუსები ქართველების მეგობრები არ არიან. ასე არ იყო, რომ ხალხმა რუსეთს დაუჭირა მხარი. ქართველები ხმას ივანიშვილს აძლევდნენ, რომელიც ბოლო გამოსვლების დროს იძახდა, რომ ჩვენ ვიძლევით ევროპულ გარანტიებს. შორეულ პროვინციებში, რეგიონებში, მაგალითად კახეთში, ასე არ არის, რომ უბრალო ხალხს პოლიტიკა კარგად ესმის, მათთვის დიდად მნიშვნელოვანია ლოზუნგი „მივდივართ ევროპისკენ“. ივანიშვილი ამ ლოზუნგს მოუბრუნდა წინასაარჩევნო პერიოდის გამოსვლებში, როდესაც დამატებითი ხმების მოპოვებას ცდილობდა.

„ადვილია იმის თქმა, რომ ყველა ხმა პრორუსულია, რაც პუტინის დიდი პროვოკაციაა, არადა არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ თბილისშიც კი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით 40%-ის ირგვლივ იყო, ქალაქების გარეთ ნამდვილად გაცილებით მეტი იყო. ამ არჩევნების შეფასებისას, ეს უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ ცუდი დიაგნოზი შესაძლოა ცუდი პოლიტიკური ქმედებების გამომწვევი იყოს. ასე რომ, მე ვთვლი, რომ ქართული საზოგადოება არ უნდა მოექცეს იზოლაციაში, საჭიროა დიდი ყურადღებით მოვექცეთ, მოვახდინოთ ხელისუფლების ყველა შეცდომაზე და ყველა არადემოკრატიულ ქმედებაზე მითითება. უსაფრთხოების საკითხზე ძალიან პრაგმატული მიდგომაა საჭირო. ანუ ისეთ თემებთან, როგორიცაა უსაფრთხოება, სამხედრო თანამშრომლობა, თუკი ეს შესაძლებელია, ვინაიდან ზემოაღნიშნული ყოველთვის შესაძლებელი არ არის. თუ შესაძლებელია ეს თანამშრომლობა უნდა შენარჩუნდეს. მე ასეთი მიდგომა მაქვს იმასთან, იქ რაც ხდებოდა, რადგან ვხედავ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ძალიან მაღალია“,- აცხადებს კოვალი.

პაველ კოვალის შეფასებით, საარჩევნო კამპანია სუსტი იყო საქართველოს ძირითადი ცენტრების გარეთ.

„საქართველოში ფაქტორები ცოტა უფრო მეტია, ვიდრე რუსეთი. რა თქმა უნდა არის რუსეთი, ამასთან ოპოზიციის საარჩევნო კამპანია მწირე იყო მთავარ ცენტრებს მიღმა. ოპოზიცია დანაწევრებული იყო, თუმცა ამას არ ჰქონდა პირდაპირი გავლენა, რადგან არჩევნები პროპორციული გზით ჩატარდა, ანუ ხმებს არ კარგავდნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ოპოზიცია ძალიან დაყოფილი იყო, 4 ბლოკად, რომელთაც ცალ-ცალკე, შეიძლება ითქვას რომ კარგი, დაახლოებით 10%-იანი შედეგი მიიღეს, თუმცა საარჩევნო კამპანია სუსტი იყო, საქართველოს ძირითადი ცენტრების გარეთ. საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი და დავინახე, რომ მათი საარჩევნო კამპანია კონცენტრირებული იყო მხოლოდ თბილისის ირგვლივ და მიმდებარედ. ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ თბილისსა და მის გარშემო დაახლოებით 40%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, პროვინციებში მეტიც ექნებოდათ. საქართველოს არჩევნებში გასაკვირი არის ის, რომ არსებობს ერთგვარი შეუსაბამობა საზოგადოებრივი აზრის კვლევებსა და პირველად ეგზიტპოლებს შორის. ანუ ხალხი, რომელმაც ხმა მისცა, გამოდიოდა და ხმამაღლა სხვა რამეს ამბობდა. ანუ შეიძლება მათ რცხვენოდათ თქმა, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს. საქართველოში ასეთი რამ მოხდა, ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია ძალიან ინტენსიური იყო, ძალიან ძლიერ მესიჯზე დაფუძნებული, რომ თუ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ომი დაიწყება. ქართველებს 2008 წლიდან ომის ტრავმა აქვთ. პრაქტიკულად ყველა ქუჩაზე იყო ტრანსპარანტები, ბილბორდები, ინფორმაცია, რომელიც დანგრეულ უკრაინულ ქალაქებსა და ეკლესიებთან დაუნგრეველი საქართველოს შედარებას გამოხატავდა. ვფიქრობ, რომ შიშით თამაშმა, აგრეთვე პუტინის მიერ წარმოებულმა თამაშმა და თუ სპეციალურ ოპერაციაზე ვსაუბრობთ, ვამბობთ რომ ეს იყო საინფორმაციო ოპერაცია, და რომ ამან ითამაშა დიდი როლი კენჭისყრის საბოლოო შედეგზე“,- აცხადებს კოვალი.

მისივე შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის შედეგი არ არის ცუდი, ერთობლივად მათ აქვთ დაახლოებით 40%-იანი მხარდაჭერა და პარლამენტში შევა ახალგაზრდა თაობა, რომელსაც შანსი უნდა მიეცეს.
„4 პარტიიდან თითოეულმა, სადღაც 10%-იანი მხარდაჭერა მიიღო. საარჩევნო კამპანიისთვის, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, არსებულ პირობებში. არჩევნები მომავალშიც ჩატარდება, ამით არ მთავრდება ყველაფერი, შიგნით უნდა იმუშაონ და იქ, სადაც შეიძლება, უნდა დავეხმაროთ ქართველებს. ოპოზიციის გაერთიანება არსებითი არ იყო, ვინაიდან სისტემა პროპორციული იყო. ანუ, ტექნიკური თვალსაზრისით გაერთიანება არაფერს იძლეოდა. მაგრამ, ხალხი ამას უყურებდა და ეძებდა ლიდერს, რომელიც ვერ იპოვეს. აქედანაც დასკვნის გამოტანა შეიძლება. ტექნიკურად არაა საჭირო გაერთიანება, ხმები ისედაც ითვლება პროპორციული სისტემის შესაბამისად, 10%-ი თუ გაქვს პარლამენტში 10%-ს იღებ, პრობლემა არ არის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ოპოზიციას ერთი გამოკვეთილი ლიდერი დააკლდა. ნაკლოვანება იყო, ასევე რა თქმა უნდა პროგრამა… იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციამ მიიჩნია, რომ საკმარისი იყო მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ ევროკავშირის გარანტიას ვიძლევით, არადა იგივე თქვა მმართველი პარტიიდან ივანიშვილმაც. მე მგონია, რომ ბევრმა ქართველმა არ იცოდა რა განსხვავება იყო მათ შორის, ისინი დიდად განსხვავებულს არაფერს ამბობდნენ, ხალხი ფიქრობდა რომ ევროკავშირის გზა გარანტირებული იყო იმისდა მიუხედავად თუ ვის მისცემდა ხმას“,- აცხადებს პაველ კოვალი.

კითხვაზე, როგორ ხედავს სააკაშვილის როლს ყველაფერ იმაში, რაც დღეს საქართველოში ხდება, პაველ კოვალი პასუხობს, რომ სააკაშვილს გათავისუფლება ეკუთვნის. მან არ დაიმსახურა ციხეში ჯდომა, თუმცა ქართული ოპოზიციური პოლიტიკა ახალი თაობის ხელში მოექცა.

„როგორც ყველა ქარიზმატულ ლიდერს, მას მიაჩნდა, რომ მას ხალხი, ბრბო გაჰყვებოდა… რომ ციხესთან დადგებოდნენ და რევოლუცია მოხდებოდა. შეიძლება საქართველოში ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ ვერ ვხედავ სააკაშვილის როლს იმაში, რომ ის რევოლუციას სათავეში ჩაუდგეს. თუმცა, პოლიტიკაში დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანდახან გამაოგნებელი რამეები ხდება. მათ ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი ვეღარ ითამაშებს როლს, ალბათ უნდა დაიტოვონ სხვადასხვა სცენარის განვითარების შესაძლებლობები“,- აცხადებს პაველ კოვალი.

პაველ კოვალი საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტსაც აფასებს და ამბობს, რომ დღეს არჩევნებს არ უყურებენ მხოლოდ მიღებული ხმების რაოდენობით, არამედ საარჩევნო კამპანიის, მიღებული ხმების და შემდეგ ხმების დათვლის თვალსაზრისით და ორბანი ჩაერია, რომ თავიდან აეცილებინა საქართველოში შემდგომი პროტესტი.

„ორბანი საქართველოს ხელისუფლებას კლასიკურ „დათვურ სამსახურს“ უწევს, რადგან, თუ ეს ხელისუფლება ზოგადად სერიოზულად უდგება ევროკავშირთან ურთიერთობას, კონტაქტი უნდა აწარმოოს რეალურად ევროკავშირის ქვეყნებთან, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებნი არიან და არა მხოლოდ ერთ ორბანთან“,- აცხადებს კოვალი.

პაველ კოვალის თქმით, არ იქნება მართებული, იმას თუ ვიტყვით, რომ საქართველოში და მოლდოვაში ასეთი შედეგები მხოლოდ რუსეთის ფაქტორით არის განპირობებული.

„საქართველოში და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შედეგები პუტინისთვის ხელსაყრელია. რა თქმა უნდა არ იქნება მართებული, იმას თუ ვიტყვით, რომ საქართველოში და მოლდოვაში ასეთი შედეგები მხოლოდ რუსეთის ფაქტორით მივიღეთ. ასეთ დიაგნოზებს თუ დავსვამთ, ვერაფერს ვერ შევცვლით. ზემოაღნიშნულს სხვა ფაქტორებიც განაპირობებს. მოლდოვაში ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომელსაც ვგულშემატკივრობთ, მაია სანდუმ (მას პირადად ვიცნობ და დიდად ვგულშემატკივრობ) რისკის შემცველი ოპერაცია ჩაატარა, არჩევნების ევროპულ რეფერენდუმთან თანხვედრის თვალსაზრისით. ამან გაამართლა, თუმცა ძლივს (ბეწვზე)“, – აცხადებს პაველ კოვალი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ნოემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7328 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7328 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი 2.9389 კურსი ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9288 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.

“ირანელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის არჩევით, მაგრამ ზოგიერთებს უხარიათ”-Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით: „ირანელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის არჩევით, მაგრამ ზოგიერთებს უხარიათ“ (ავტორი – ფარისა ჰაფეზი, დუბაიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის გამარჯვება უბრალო რიგით ირანელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია – ზოგიერთებს ეშინიათ, რომ ომის დაწყების რისკი გაიზრდება, ხოლო სხვებს იმედი აქვთ, რომ აშშ-ის მკაცრი პოზიცია ირანში პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს – უკეთესობისაკენ.

„ძალიან მიხარია, რომ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ვიმედოვნებ, რომ იგი გააგრძელებს ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლას და ეს რეჯიმის კრახს გამოიწვევს“, – უთხრა „როიტერს ტელეფონით 42 წლის დიასახლისმა ზოჰრემ, რომელიც თეირანში ცხოვრობს.
ზოგიერთი ირანელი – მაგალითად, პენსიაზე მყოფი მასწავლებელი ჰამიდრეზა, შიშობს, რომ დონალდ ტრამპის მიერ მოსალოდნელი ეკონომიკური ზეწოლა, თუ იგი ისევ გააგრძელებს თავისი პირველი ვადის – 2017-2020 წლების პოლიტიკას, ირანზე ცუდად აისახება.

მე იმედგაცრუებული ვარ დონალდ ტრამპის არჩევით. გამოდის, რომ ჩვენზე კვლავ ეკონომიკური ზეწოლა განხორციელდება, მატულობს ისრაელთან ომის რისკიც. მოკლედ, მე შეშფოთებული ვარ“, – თქვა 66 წლის ჰამიდრეზამ, რომელიც ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, კასპიის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ რეშტში ცხოვრობს.

„ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი. ჩემი მთავარი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. მთავარია, რომ სანქციები მოგვიხსნან და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ შედარებით კარგად ვიცხოვრებთ“, – ამბობს 34 წლის სახელმწიფო მოსამსახურე, სახელად ნადერი, ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ახვაზიდან, ორი შვილის მამა.
„მე კმაყოფილი ვარ. დონალდ ტრამპი სერიოზული ლიდერია, რომელიც გავლენას მოახდენს ირანის სულიერ მმართველებზე. ეს კარგი იქნება ირანისათვის, რომელიც დემოკრატიულ მმართველობას საჭიროებს“, – განაცხადა თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტმა, 21 წლის პარასტმა.
ირანელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთ საჯარო განცხადებებში განგებ შეამცირეს დონალდ ტრამპის გამარჯვების მნიშვნელობა თეირანის პოლიტიკისათვის, თუმცა შეშფოთებაც შეიმჩნევა – ვაითუ დონალდ ტრამპმა ისრაელის აგრესიულ პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს სრულ უფლებას მისცემს საჰაერო დარტყმა მიაყენოს ირანის ბირთვულ ობიექტებს, განახორციელოს მკვლელობები და ირანის ნავთობმრეწველობის მიმართ სანქციები გაამკაცროს.

ზოგიერთებს აზრით, დონალდ ტრამპი სიფრთხილეს გამოიჩენს ომთან დაკავშირებით: „დონალდ ტრამპი ბიზნესმენია და მან კარგად იცის, რომ იარანი ძლიერია. ირანს შეუძლია ახლო აღმოსავლეთი ჯოჯოხეთად გადააქციოს, თუ მას თავს დაესხმებიან. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ცვენს რეგიონში ომი არ გაჩაღდეს“, – ამბობს რეზა მოჰამედი, ირანის ნებაყოფლობითი მოლაშქრეების ორგანიზაციის „ბასიჯის“ წევრი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ისპაანში ცხოვრობს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრის გახსნით სესიას დაესწრო, რომელიც ბუდაპეშტში იმართება.

სამიტი მასპინძელი ქვეყნის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გახსნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სამიტის დასკვნით პლენარულ სესიაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება – ეს დეზინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” თავად უარყოს ან მისმა დონორმა – შვედეთის საელჩომ -შალვა პაპუაშვილი

დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების პირით, რომლებიც დამკვირვებლების სახით იყვნენ წარმოდგენილი. ამ დღეებში სხვადასხვა უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობაში გვიწევს ახსნა, რომ ტექნიკურად რაღაც არის შეუძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რიგ ინფორმაციებზე პასუხისმგებლობა სწორედ ამა თუ იმ „ენჯეოს“ დამფინასებელს ეკისრება.

„პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა ამ „ენჯეოებს“, არა „ისფედს“,  „გამჭვირალობას“, „საიას“, არამედ პასუხისმგებლები არიან მათი დონორები, რომლებიც ამ დეზინფორმაციულ ნარატივებს საქართველოს წინააღმდეგ აფინანსებენ. გასულ დღეებში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება. ან „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ეს დეზინფორმაცია, ან მისი დონორი შვედეთის საელჩო გამოვიდეს და უარყოს. ზუსტად ასეთი დეზინფორმაციები ჯდება საზღვარგარეთ მათსავე სამინისტროებში და აქეთ გვეკითხებიან შემდეგ, რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი. ახლა შეუძლია შვედეთის საელჩოს, მოიქცეს პასუხისმგებლიანი დონორის სახით და არა ისე უპასუხისმგებლოდ, როგორც აქამდე იქცეოდა, მოუწოდოს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომ ან თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უარყოს ეს დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება, ან თავად გამოვიდეს შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ვინაიდან მათმა ფულმა და დაფინანსებამ გახადა შესაძლებელი, რომ ეს ტყუილი ვრცელდება საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Pro V&V-ის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და კომპანიას პრობლემები არ გამოუვლენია -ცესკო

ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ ეტაპად განახორციელა და აუდიტის სამივე ეტაპის შესახებ დასკვნა  ცესკო-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

დასკვნაში ნათქვამია – „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული რვა პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა და მოახდინა მათი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება, პირველ ელექტრონულ არჩევნებში. Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის, პერსონალი კარგად იყო მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც Pro V&V დააკვირდა. ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას შემოწმდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები (VIU Desktop 818-100), ხმების დათვლის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები (PCOS SAES- 1800Plus) და ტაბლეტ-კომპიუტერები (Lenovo Tab K11). Pro V&V დააკვირდა არჩევნების ჩატარების პროცესს, კერძოდ უბნების კომისიის წევრებს, უბნის ტექნიკურ პერსონალს (რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ აპარატების ტექნიკურ მხარდაჭერაზე), ასევე თავად ამომრჩევლებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერსონალთან დაკავშირებით, აუდიტი ფოკუსირებული იყო არჩევნების დღისთვის მათი მზადყოფნის შეფასებაზე, ხოლო ამომრჩევლების შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა ხმის მიცემის აპარატებით სარგებლობაზე. ამასთან, შეფასდა შედეგების გადაცემა, სიზუსტისა და ეფექტურობის დასადგენად.

კომპანია Pro V&V-მ  პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ ეტაპად განახორციელა. Pro V&V-მ პროექტის პირველი ეტაპის (პროგრამული განახლებები) ფარგლებში ჩაატარა საწყისი კოდის შემოწმება (ფუნქციური რეგრესიული ტესტირება), მეორე ეტაპზე კი (არჩევნების კონფიგურაცია) Pro V&V-მ ჩაატარა კონფიგურაციის აუდიტი და შეამოწმა ყველა საჭირო ფაილი პროცესის სერტიფიცირების მიზნით.

საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ:

ცესკო-ს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან; ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი; ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში; ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა; აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.

ჩატარებული აუდიტის სამივე ეტაპის შესახებ მომზადებული დასკვნა საჯაროა და განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე. ყველა დაინტერსებულ პირს საშუალება აქვს, გაეცნოს მას და მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც პროცესთან მიმართებაში დაისვა“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ Pro V&V საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა. კომპანიამ დამოუკიდებელი აუდიტორული მომსახურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ჩაატარა. ამერიკული კომპანიის ანგარიშის თანახმად, „პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ აჩვენა „ნული“, რაც ნიშნავს, რომ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა“.

უცხოელი მფარველები დღემდე ცდილობენ, გაათეთრონ ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, ამ ხალხს გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან-შალვა პაპუაშვილი

უცხოელი მფარველები დღემდე ცდილობენ, გაათეთრონ ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, ამ ხალხს გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი ახსენებს ხალხს, სინამდვილეში, ვისთან აქვთ საქმე.

„თავის დროზე, როდესაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთლიანად ამ იდეოლოგიას, რასაც „ნაცობა“ ჰქვია, მაშინ და დღემდე ხელს აფარებენ უცხოელი მფარველები, რომ მათ მართლმსაჯულების ხელი არ შეეხოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები გასამართლებული იქნენ, თუმცა ხედავთ, დღემდე როგორ ცდილობენ, გაათეთრონ ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, რათა რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ, მაგრამ ზუსტად ასეთი დღეები გვახსენებს, სინამდვილეში, ვისთან გვაქვს საქმე.

ეს ისეთივე იდეოლოგიაა, ვინაიდან არ არის დაკავშირებული დროსთან და პარტიასთან, ეს არის იდეოლოგია, „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია და ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ყველა არის ისეთი ჯგუფი, რომელიც ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან. ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას მიაყენებენ კედელთან, როგორც 7 ნოემბერს მოუწყვეს ეგზეკუცია ქართველ ხალხს. ეს ხალხი ახლა გაფანტულია, ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი არასამთავრობო სექტორში, მაგრამ სოცქსელებში ვხედავთ ხოლმე მათი ბოღმის ამოხეთქვას, ერთი სული აქვთ, ხელში ჰქონდეთ ცოტა ძალაუფლება და მთლიან საქართველოს გადაუვლიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო  ორგანიზაციათა საარჩევნო სარჩელები არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

არ დაკმაყოფილდა არასამთავრობო  ორგანიზაციათა სარჩელები. კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. საია-ს და კოალიცია „ჩემი ხმის“ 20 სარჩელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ.

„ხმის მიცემის ფარულობა არ იყო გარანტირებული ამომრჩევლებისთვის, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში და, შესაბამისად, ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, დარინა სალდაძემ.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით კი, სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან, მისივე შეფასებით, საჩივრები ეფუძნებოდა მხოლოდ მოსაზრებებს და საჩივრის ავტორთა პირად შეხედულებებს.

„საქმეში არ იყო წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება, რომელიც ამ საჩივრების საფუძვლიანობას დაადასტურებდა“, – აღნიშნა ზვიად სურმანიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც ეხებოდა 150-მდე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას.

საქმე ეხება უბნებს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.

საია, სადამკვირვებლო მისია „ჩემს ხმასთან“ ერთად, ითხოვდა, გაბათილებულიყო ყველა ის უბანი, რომლებზეც ელექტრონულად ხდებოდა ხმის მიცემა. ამის მთავარ მიზეზად კი კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას ასახელებდა. ერთ-ერთ საფუძვლად სახელდებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკო-ს შუამდგომლობა და ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, ჯამში, 26 საჩივარზე მიმდინარეობდა მსჯელობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ასევე ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურის სადემონსტრაციო ექსპერიმენტი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე საბოლოოა და უფრო მაღალ ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა საია-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ.

ოპოზიცია გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ, კეთილი ინებონ, მტკიცებულებები წარადგინონ ან თქვან, რომ ჩვეულებრივი ჭორიკნები არიან -შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ქვეყანას მიაყენებენ რეპუტაციულ ზიანს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარადგინონ შესაბამის ორგანოებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას მტკიცებულებები თუ არ აქვს, „მაშინ საზოგადოება შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს“.

„ოპოზიცია შეჩვეულია, რომ გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ არჩევნებს, ქვეყანას მიაყენებენ რეპუტაციულ ზიანს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ, ხარობენ, ხალისობენ იმით, როგორ ვისმენთ სხვადასხვა განცხადებას ერთი თუ მეორე ქვეყნიდან. კეთილი ინებონ და რაიმე საფუძველი თუ აქვთ ბრალდების, რომელსაც უყენებენ საკუთარ ქვეყანას, მტკიცებულებები წარადგინონ შესაბამის ორგანოებში. ხომ უნდოდათ გამოძიება? აი, ბატონო, მიიღეს გამოძიება და წარადგინონ რაიმე მტკიცებულება. თუ არ აქვთ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს. მათი უფლებაა, აირჩიონ, რა ფორმით იქნებიან გამოკითხული, მაგრამ გამოკითხვის დროს ან წარადგინონ მტკიცებულებები, ან თქვან, რომ ჩვეულებრივი ჭორიკნები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს 7 ნოემბერია, ჩვენი თაობისთვის და თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე – გოგა ხაინდრავა

x

დღეს 7 ნოემბერია, მე ვფიქრობ, ჩვენი თაობისთვის და საერთოდ თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საკუთარი საზოგადოება, ხალხი სისხლში ჩაახრჩვეს, – ამგვარად იხსენებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს.

„ამ ლაქას ძალიან ძნელად მოიშორებს ჩვენი ქვეყანა. აი, ამ გარეწრებს 700 000 კაცი აძლევს ხმას საქართველოში. ჩვენ ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი, ვისაც არ უნახავს, ნახოს, რა ჩაიდინეს ამ გარეწრებმა, რა უქნეს საკუთარ ხალხს. აი, ამის მნახველი ადამიანი რომ მერე გვარამიას, თინა ბოკუჩავას, ხაზარაძე ხმას მისცემს, ეს რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის იმიტომ, რომ მორალი მორღვეულია აბსოლუტურად და სადაც მორალი მორღვეულია, ძალიან ძნელია ლაპარაკი განვითარებაზე. მადლობა, ღმერთს ეს მორალი მორღვეულია დიდ უმცირესობაში და არა უმრავლესობაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს.