Home Blog Page 27

საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება – ეს დეზინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” თავად უარყოს ან მისმა დონორმა – შვედეთის საელჩომ -შალვა პაპუაშვილი

დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების პირით, რომლებიც დამკვირვებლების სახით იყვნენ წარმოდგენილი. ამ დღეებში სხვადასხვა უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობაში გვიწევს ახსნა, რომ ტექნიკურად რაღაც არის შეუძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რიგ ინფორმაციებზე პასუხისმგებლობა სწორედ ამა თუ იმ „ენჯეოს“ დამფინასებელს ეკისრება.

„პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა ამ „ენჯეოებს“, არა „ისფედს“,  „გამჭვირალობას“, „საიას“, არამედ პასუხისმგებლები არიან მათი დონორები, რომლებიც ამ დეზინფორმაციულ ნარატივებს საქართველოს წინააღმდეგ აფინანსებენ. გასულ დღეებში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება. ან „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ეს დეზინფორმაცია, ან მისი დონორი შვედეთის საელჩო გამოვიდეს და უარყოს. ზუსტად ასეთი დეზინფორმაციები ჯდება საზღვარგარეთ მათსავე სამინისტროებში და აქეთ გვეკითხებიან შემდეგ, რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი. ახლა შეუძლია შვედეთის საელჩოს, მოიქცეს პასუხისმგებლიანი დონორის სახით და არა ისე უპასუხისმგებლოდ, როგორც აქამდე იქცეოდა, მოუწოდოს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომ ან თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უარყოს ეს დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება, ან თავად გამოვიდეს შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ვინაიდან მათმა ფულმა და დაფინანსებამ გახადა შესაძლებელი, რომ ეს ტყუილი ვრცელდება საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Pro V&V-ის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და კომპანიას პრობლემები არ გამოუვლენია -ცესკო

ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ ეტაპად განახორციელა და აუდიტის სამივე ეტაპის შესახებ დასკვნა  ცესკო-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

დასკვნაში ნათქვამია – „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული რვა პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა და მოახდინა მათი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება, პირველ ელექტრონულ არჩევნებში. Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის, პერსონალი კარგად იყო მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც Pro V&V დააკვირდა. ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას შემოწმდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები (VIU Desktop 818-100), ხმების დათვლის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები (PCOS SAES- 1800Plus) და ტაბლეტ-კომპიუტერები (Lenovo Tab K11). Pro V&V დააკვირდა არჩევნების ჩატარების პროცესს, კერძოდ უბნების კომისიის წევრებს, უბნის ტექნიკურ პერსონალს (რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ აპარატების ტექნიკურ მხარდაჭერაზე), ასევე თავად ამომრჩევლებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერსონალთან დაკავშირებით, აუდიტი ფოკუსირებული იყო არჩევნების დღისთვის მათი მზადყოფნის შეფასებაზე, ხოლო ამომრჩევლების შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა ხმის მიცემის აპარატებით სარგებლობაზე. ამასთან, შეფასდა შედეგების გადაცემა, სიზუსტისა და ეფექტურობის დასადგენად.

კომპანია Pro V&V-მ  პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ ეტაპად განახორციელა. Pro V&V-მ პროექტის პირველი ეტაპის (პროგრამული განახლებები) ფარგლებში ჩაატარა საწყისი კოდის შემოწმება (ფუნქციური რეგრესიული ტესტირება), მეორე ეტაპზე კი (არჩევნების კონფიგურაცია) Pro V&V-მ ჩაატარა კონფიგურაციის აუდიტი და შეამოწმა ყველა საჭირო ფაილი პროცესის სერტიფიცირების მიზნით.

საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ:

ცესკო-ს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან; ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი; ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში; ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა; აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.

ჩატარებული აუდიტის სამივე ეტაპის შესახებ მომზადებული დასკვნა საჯაროა და განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე. ყველა დაინტერსებულ პირს საშუალება აქვს, გაეცნოს მას და მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც პროცესთან მიმართებაში დაისვა“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ Pro V&V საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა. კომპანიამ დამოუკიდებელი აუდიტორული მომსახურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ჩაატარა. ამერიკული კომპანიის ანგარიშის თანახმად, „პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ აჩვენა „ნული“, რაც ნიშნავს, რომ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა“.

უცხოელი მფარველები დღემდე ცდილობენ, გაათეთრონ ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, ამ ხალხს გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან-შალვა პაპუაშვილი

უცხოელი მფარველები დღემდე ცდილობენ, გაათეთრონ ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, ამ ხალხს გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი ახსენებს ხალხს, სინამდვილეში, ვისთან აქვთ საქმე.

„თავის დროზე, როდესაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთლიანად ამ იდეოლოგიას, რასაც „ნაცობა“ ჰქვია, მაშინ და დღემდე ხელს აფარებენ უცხოელი მფარველები, რომ მათ მართლმსაჯულების ხელი არ შეეხოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები გასამართლებული იქნენ, თუმცა ხედავთ, დღემდე როგორ ცდილობენ, გაათეთრონ ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, რათა რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ, მაგრამ ზუსტად ასეთი დღეები გვახსენებს, სინამდვილეში, ვისთან გვაქვს საქმე.

ეს ისეთივე იდეოლოგიაა, ვინაიდან არ არის დაკავშირებული დროსთან და პარტიასთან, ეს არის იდეოლოგია, „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია და ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ყველა არის ისეთი ჯგუფი, რომელიც ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან. ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას მიაყენებენ კედელთან, როგორც 7 ნოემბერს მოუწყვეს ეგზეკუცია ქართველ ხალხს. ეს ხალხი ახლა გაფანტულია, ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი არასამთავრობო სექტორში, მაგრამ სოცქსელებში ვხედავთ ხოლმე მათი ბოღმის ამოხეთქვას, ერთი სული აქვთ, ხელში ჰქონდეთ ცოტა ძალაუფლება და მთლიან საქართველოს გადაუვლიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო  ორგანიზაციათა საარჩევნო სარჩელები არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

არ დაკმაყოფილდა არასამთავრობო  ორგანიზაციათა სარჩელები. კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. საია-ს და კოალიცია „ჩემი ხმის“ 20 სარჩელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ.

„ხმის მიცემის ფარულობა არ იყო გარანტირებული ამომრჩევლებისთვის, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში და, შესაბამისად, ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, დარინა სალდაძემ.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით კი, სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან, მისივე შეფასებით, საჩივრები ეფუძნებოდა მხოლოდ მოსაზრებებს და საჩივრის ავტორთა პირად შეხედულებებს.

„საქმეში არ იყო წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება, რომელიც ამ საჩივრების საფუძვლიანობას დაადასტურებდა“, – აღნიშნა ზვიად სურმანიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც ეხებოდა 150-მდე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას.

საქმე ეხება უბნებს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.

საია, სადამკვირვებლო მისია „ჩემს ხმასთან“ ერთად, ითხოვდა, გაბათილებულიყო ყველა ის უბანი, რომლებზეც ელექტრონულად ხდებოდა ხმის მიცემა. ამის მთავარ მიზეზად კი კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას ასახელებდა. ერთ-ერთ საფუძვლად სახელდებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკო-ს შუამდგომლობა და ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, ჯამში, 26 საჩივარზე მიმდინარეობდა მსჯელობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ასევე ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურის სადემონსტრაციო ექსპერიმენტი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე საბოლოოა და უფრო მაღალ ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა საია-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ.

ოპოზიცია გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ, კეთილი ინებონ, მტკიცებულებები წარადგინონ ან თქვან, რომ ჩვეულებრივი ჭორიკნები არიან -შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ქვეყანას მიაყენებენ რეპუტაციულ ზიანს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარადგინონ შესაბამის ორგანოებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას მტკიცებულებები თუ არ აქვს, „მაშინ საზოგადოება შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს“.

„ოპოზიცია შეჩვეულია, რომ გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ არჩევნებს, ქვეყანას მიაყენებენ რეპუტაციულ ზიანს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ, ხარობენ, ხალისობენ იმით, როგორ ვისმენთ სხვადასხვა განცხადებას ერთი თუ მეორე ქვეყნიდან. კეთილი ინებონ და რაიმე საფუძველი თუ აქვთ ბრალდების, რომელსაც უყენებენ საკუთარ ქვეყანას, მტკიცებულებები წარადგინონ შესაბამის ორგანოებში. ხომ უნდოდათ გამოძიება? აი, ბატონო, მიიღეს გამოძიება და წარადგინონ რაიმე მტკიცებულება. თუ არ აქვთ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს. მათი უფლებაა, აირჩიონ, რა ფორმით იქნებიან გამოკითხული, მაგრამ გამოკითხვის დროს ან წარადგინონ მტკიცებულებები, ან თქვან, რომ ჩვეულებრივი ჭორიკნები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს 7 ნოემბერია, ჩვენი თაობისთვის და თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე – გოგა ხაინდრავა

x

დღეს 7 ნოემბერია, მე ვფიქრობ, ჩვენი თაობისთვის და საერთოდ თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საკუთარი საზოგადოება, ხალხი სისხლში ჩაახრჩვეს, – ამგვარად იხსენებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს.

„ამ ლაქას ძალიან ძნელად მოიშორებს ჩვენი ქვეყანა. აი, ამ გარეწრებს 700 000 კაცი აძლევს ხმას საქართველოში. ჩვენ ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი, ვისაც არ უნახავს, ნახოს, რა ჩაიდინეს ამ გარეწრებმა, რა უქნეს საკუთარ ხალხს. აი, ამის მნახველი ადამიანი რომ მერე გვარამიას, თინა ბოკუჩავას, ხაზარაძე ხმას მისცემს, ეს რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის იმიტომ, რომ მორალი მორღვეულია აბსოლუტურად და სადაც მორალი მორღვეულია, ძალიან ძნელია ლაპარაკი განვითარებაზე. მადლობა, ღმერთს ეს მორალი მორღვეულია დიდ უმცირესობაში და არა უმრავლესობაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს.

თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დავუჭერთ – ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი, დონალდ ტუსკი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა, განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.

„თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება.

სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ღონისძიების ფარგლებში, როგორც სიტყვით გამოსვლისას, ისე ევროპელ ლიდერებთან, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს.

„განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის მასპინძლობით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება. მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვექნება შესაძლებლობა, ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. მათ შორის, საუბარი გვექნება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა, ასევე სამიტის დასკვნით პლენარულ სესიაზე.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ევროპელ ლიდერებთან ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რაც საინტერესოა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით – პრემიერი

მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს.

პრემიერის თქმით, საუბარი იქნება ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამ ღონისძიებაზე იკრიბება ყველა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის მასპინძლობით. მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც ბუნებრივია, გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. მათ შორის გვექნება საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. გვექნება საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე”, – განაცხადა პრემიერმა.

ტრამპი – ჩემი და თქვენი პრეზიდენტი – რას წერს უცხოური მედია აშშ-ის პრეზიდენტზე

„ოთხი წლის წინათ დონალდ ტრამპის მტრებს იმედი ჰქონდათ, რომ რადგანაც მან არჩევნები წააგო, სამუდამოდ პოლიტიკურად უიღბლო ადამიანად გადაიქცეოდა. დემოკრატები ცდილობდნენ მასზე ჯავრი ეყარათ, მაგრამ ვერ გათვალეს და შეცდნენ”, – ნათქვამია გაზეთ The New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპის შურისგება: ექს-პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბერებული დაბრუნდება, უფრო ნაკლებად მომთმენი და უფრო სახიფათო, ვიდრე ოდესმე“ (ავტორი – სიუზან გლასერი).

გთავაზობთ ამონარიდს:

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი აიძულა თეთრი სახლიდან წასულიყო, დემოკრატებმა და იმ რესპუბლიკელებმა, ვინც ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ფატალური შეცდომა დაუშვეს და ფიქრობდნენ, რომ ტრამპი „ჩაიძირა“. მათ მიაჩნდათ, რომ დონალდ ტრამპი პოლიტიკურად განადგურდა და ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებოდა. სამწუხაროდ, მათ დაივიწყეს პოლიტიკის უპირველესი წესი – მეტოქე ობიექტურად და სათანადოდ უნდა შეაფასო. დონალდ ტრამპის მტრებს ანგარიშსწორება უნდოდათ, მათ სურდათ, რომ ტრამპს ყველაფერი ფასი გადაეხადა – იურიდიულადაც და პოლიტიკურადაც – იმ ზიანისათვის, რომელიც მან, დემოკრატების აზრით, ამერიკულ დემოკრატიას მიაყენა. ამის სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა შეუძლებელი შეძლო და წარმოუდგენელ აღდგომას მიაღწია“ .

წყარო

————–

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ტრამპი – ჩემი და თქვენი პრეზიდენტი. იგი ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ჩვენ მას წარმატება უნდა ვუსურვოთ“ (ავტორი – მარკ ტისენი).

„დამარცხებულ დემოკრატთა განცხადებები, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმაა, სასაცილოა. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარეიმერიზის დროს სერიოზული ოპოზიციის წინაშე დადგა და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – მიაღწია იმას, რომ პარტიამ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცა. შემდეგ იგი შეეჯახა თავის მეტოქეს – ქალს, კამალა ჰარისის სახით, რომელსაც ფაქტიურად დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი არ გაუვლია და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად  სადღაც უკანა ოთახებში, კულუარებში დაამტკიცეს. ამერიკელი ამომრჩევლები შიშით უყურებდნენ მის გამოსვლებს და ეპითეტებს, რომ „ტრამპი ფაშისტია“, „ტრამპი მომავალი დიქტატორია“, „ტრამპი ტირანია“, იგი „არასტაბილურია“, „გაუწონასწორებელია“, მას „შურისძიება ამოძრავებს“, რომ იგი „ყელამდე სავსეა წყენით“ და უამრავი ასეთი შეძახილი.

საბედნიეროდ, ამომრჩევლები გონიერები აღმოჩნდნენ და კამალ ჰარისის შეგონებები არ დაიჯერეს: მილიონობით ამერიკელმა ხმა მისცა მის დაბრუნებას ოვალურ კაბინეტში – ოთხი წლის შემდეგ იმ დღიდან, როცა იგი დემოკრატებმა გააძევეს. ამერიკელების დღევანდელი არჩევანი დემოკრატიის მიმართ მუქარა კი არაა, არამედ სწორედ ესაა ნამდვილი დემოკრატია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

წყარო

—————

ამერიკულ ჟურნალ The Atlantic-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა გაიმარჯვა. იცით რა მოხდება? ამერიკა სხვა ტიპის სახელმწიფოდ გადაიქცევა“ (ავტორი – დევიდ ფრამი).

„არის ბევრი ისეთი რეალობა, რასაც ახლად არცეული პრეზიდენტი ვერ შეცვლის, მაგრამ არის ზოგიერთი საქმე, რომლიც გაკეთებასაც იგი შეძლებს. მათგან ერთ-ერთია უკრაინისათვის დახმარების შეწყვეტა. ამჟამად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი სამ თვე, რომ უარი თქვას ნახევარზომებზე და კიევს სრული დახმარება გაუწიოს, ვიდრე დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე კაპიტულაციას აიძულებს. თუ ამერიკის სამხედრო არსენალში რაიმე კიდევ არის დარჩენილი, რომლის გამოყენებას უკრაინა წარმატებით შეძლებს (ბირთვული იარაღის გარდა), ყველაფერი უნდა მივცეთ. მისტერ ბაიდენ, გაგზავნე უკრაინას მისთვის სასურველი რაკეტები, სანამ ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

წყარო

————-

ამერიკული ჟურნალის Foreign Affairs-ის ვებ-გვრდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ შეცვლის დონალდ ტრამპი მსოფლიოს: მეორე ვადის საგარეო პოლიტიკის კონტურები და სავარაუდო შედეგები“ (ავტორი – პიერ ფივერი).

„დონალდ ტრამპის მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან ახალი „ძველი“ პრეზიდენტის ძალებში. საკითხი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად შეძლებს თეთრი სახლის მომავალი შემადგენლობა ჩაფიქრებული გეგმის რეალიზებას.

დონალდ ტრამპმს შანსი გაუჩნდა განსაზღვროს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა. მას ექნება შთამბეჭდავი ძალა იმ გუნდის სახით, რომელიც ახლო მომავალში მასზე იმუშავებს. რა თქმა უნდა, გუნდის კარგად დაკომპლექტება შეიძლება, მის გვერდით ამჟამად მდგარი ადამიანებისაგან (საარჩევნო შტაბის წევრებისაგან), მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები თვითონ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მსოფლიო მალე გაიგებს, აქვს თუ არა პრეზიდენტს სიბრძნე.

დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებს მისი დაბრუნებით ახალი შესაძლებლობები უჩნდებათ. მან წინასაარჩევნო რამდენჯერმე განაცხადა, რომ აიძულებს უკრაინას რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს, ანუ ვლადიმერ პუტინს მიღწეული ფაქტი – დაპყრობილი ტერიტორიები დაუკანონოს. ამბობენ, რომ განცხადებები ერთია, საქმე კი მეორეო, მაგრამ არჩეული პრეზიდენტი ამ განცხადების რეალიზებას ნამდვილად შეეცდება. მას ირგვლივ დღეს მხოლოდ ანტიუკრაინულად და პროპუტინურად განწყობილი მრჩევლები ჰყავს და დიდი ალბათობით, მისი „სამშვიდბო გეგმა“ რეალიზებული იქნება. გაურკვეველი რჩება ერთადერთი საკითხი: დათანხმდება თუ არა ვლადიმერ პუტინი უკრაინის ნაწილობრივ კაპიტულაციას იმ პერსპექტივით, რომ მას აღარ ექნება აგრესიის განმეორების შესაძლებლობა?

წყარო

—————-

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი – დერეკ ჰანტერი).

„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.

დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ… და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება – ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.

აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა – „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ – იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.

დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო  საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა – ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა… ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი – ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას,  რომ არასწორად იქცეოდნენ – როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და  სულელებად თვლიდნენ?

მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.

წყარო

თიბისის კამპუსი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა სტუდენტებისთვის

თიბისიმ, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, სტუდენტებისთვის ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა, სადაც სწავლის სურვილი 6 ათასზე მეტმა სტუდენტმა დააფიქსირა.

თიბისი კამპუსი ეს არის ბიზნესის მიმართულებით, სრულად დაფინანსებულ, ონლაინ სასწავლო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის.

კამპუსის პირველი ნაკადზე, მთელი საქართველოდან, 6037 სტუდენტი დარეგისტრირდა. საბოლოოდ, ორ ეტაპიანი, კონკურსის შემდეგ კი 310 სტუდენტი შეირჩა.

სამი თვის განმავლობაში სტუდენტებს თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები სრულიად უფასოდ შეასწავლიან: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, გრაფიკული დიზაინს, UI/UX დიზაინ, მეწარმეობის და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, ციფრულ მარკეტინგს და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO.

თიბისი კამპუსში გავლილი კურსები სტუდენტებს საბაზისო ცოდნას მისცემს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. თიბისი კამპუსის ბიზნეს კურსების პარტნიორია „კოლაბი“.