Home Blog Page 27

კობა კობალაძემ, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა რუსთავში გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს. 

 🔴დღეს, კობა კობალაძემ, მორიგი შეხვედრა, რუსთავში გამართა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა. სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებს, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით და, ასევე, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება. ვრცელი პრეზენტაციის შემდეგ, ვეტერანებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს; მადლიერება გამოხატეს სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტების გამო, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამსახურისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევის მიუხედავად, მათ წინაშე ჯერ კიდევ არსებობს და იმედი გამოთქვეს, რომ ვეტერანთა მიმართ თანადგომა კიდევ უფრო გაიზრდება. ვეტერანებმა გამოთქვეს სურვილი, ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით,საჯარო სკოლებში გამართონ შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ. 

 🔴შეხვედრას, ასევე,ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში, ლევან გოგოლაური ,სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში, გიორგი დოხტურიშვილი,ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი,ნინო ლაცაბიძე.

 🔴კობა კობალაძე რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს და მომდევნო შეხვედრებს შემდეგ ქალაქებში გამართავს: 

 🔻11 ოქტომბერს, ქ. თელავში, 16:00 საათზე, ჭავჭავაძის მოედანი N 5, (მუსიკალური სკოლა); 🔻12 ოქტომბერს, ქ. მცხეთაში, 16:00 საათზე, სამხედროს ქუჩა N 9 (კულტურის სახლის შენობა).

 🔴ადგილობრივ ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ აღნიშნულ შეხვედრებს და სამსახურის დირექტორისგან, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

ევროკავშირი არ უნდა იკავებდეს ამა თუ იმ პოლიტიკური მოძრაობის მხარეს უცხო ქვეყანაში – ბუნდესტაგის წევრი სტეფენ კოტრე

მნიშვნელობა არ აქვს, ევროკავშირს რა მიაჩნია საქართველოსთვის მართებულად; ევროკავშირის წარმომადგენლები არ უნდა იკავებდნენ ამა თუ იმ კონკრეტული პოლიტიკური მოძრაობის მხარეს უცხო ქვეყანაში, – ამის შესახებ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, სტეფენ კოტრემ ბუნდესტაგში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.

კოტრე საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ კანონი სრულად ლეგალური და ლეგიტიმურია და სახელმწიფოს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ მოქმედებს მის ტერიტორიაზე.

„საქართველო თავად გადაწყვეტს არჩევნებზე, გაწევრიანდება თუ არა ევროკავშირში. მთავრობა და პარლამენტი დემოკრატიული გზით აირჩევა. თუმცა, ევროკავშირის პროპაგანდისტები დისკრიმინაციას უწევენ კანონს გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, ეს კანონი სრულად ლეგალური და ლეგიტიმურია და არ რეგულირება მაგალითად, იაპონიის, აშშ-ის, ისრაელისგან განსხვავებულად. სახელმწიფოს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ მოქმედებს მის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა.

სტეფან კოტრემ მიხაელ როთს და თბილისში აქციაზე მისულ ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ აქციაზე მისვლითა და საქართველოს არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებით მათ არადემოკრატიული და ინტერვენციული სახე აჩვენეს.

„ყოფილი სპიკერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი როთი და ევროკავშირის სხვა აგენტები საქართველოს დედაქალაქში დემონსტრაციაზე გამონჩდნენ და როგორც უცხოელებმა, იქ ხმამაღალი პროპაგანდა აწარმოეთ არჩეული მთავრობისა და არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ამით აჩვენებთ თქვენს არადემოკრატიულ და ინტერვენციულ სახეს ბატონებო. აგიტატორობით თქვენ წვლილი შეგაქვთ უთანხმოებასა და შიდა კონფლიქტში. მნიშვნელობა არ აქვს მიზანს, ჩარევა ჩარევაა. ჩვენ უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, თუ სად მივყავართ ასეთ ჩარევას. გარედან გავლენის, მაიდანის და 2014 წლის რევოლუციის უცხოური დაფინანსების გარეშე უკრაინა ვერასდროს მისცემდა თავს რუსეთის წინააღმდეგ ასეთი პოზიციონირების უფლებას“, – განაცხადა კოტრემ.

,,იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე ”- კახა კალაძე

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორპუსების მშენებლობის პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება და მას აღნიშნულ ტერიტორიასთან შეხება არ აქვს.

„იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტერიტორიას, რადგან აღნიშნული პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე, რომელსაც პროექტის სახით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახორციელებს. ის იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, გართობისთვის. მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მუნიციპალიტეტი ამ სივრცის ყველანაირად მოწესრიგებას ყოველთვის შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პროექტში, მოსახლეობის თხოვნით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

„პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. ამაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ ინფორმაცია. მოსახლეობის მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ტერიტორიაზე, მაგალითად, იაპონური, ფრანგული ბაღები არ მოწყობილიყო და უფრო მეტი სივრცე მდელოებს დათმობოდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და პროექტში გარკვეული ჩასწორება მოხდა. შეიძლება ისეთი მასშტაბური ტემპით არ მიმდინარეობდეს სამუშაოები, მაგრამ პროცესი მიდის. ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია ფონდთან დააზუსტეთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

,,გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა მიუღებელია”- შარლ მიშელი 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებზე მიუღებელია.

„გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა არის უპასუხისმგებლო, მიუღებელი ქმედება და ამიტომ მოვუწოდებთ ისრაელს და ყველა მხარეს, სრულად სცენ პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მანამდე, გაერო-ს სამშვიდობოებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მათ შტაბ-ბინას სამხრეთ ლიბანში, რის შედეგადაც ორი ინდონეზიელი ცისფერჩაფხუტიანი დაიჭრა.

მომხდარს გაერო-ში ინდონეზიის ელჩი, ჰარი პრაბოვო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინციდენტი „ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აყენებს ისრაელი თავის თავს საერთაშორისო კანონზე, დაუსჯელობასა და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე მაღლა“.

,,თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რადგან „თარგამაძეს არ ენდობოდა“-  ამირან გულუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, ამირან გულუაშვილმა აღნიშნა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხა მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს დარჩო ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს ვინმე „დიმას“ (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა ჭიჭიაშვილთან შეხვედრის თაობაზე. მსჯავრდებულის თქმით, მას შოთა ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა.

შოთა ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას მსჯავრდებულს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გია ლორთქიფანიძის ერთად, უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჭიჭიაშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა.

თავის მხრივ შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დარჩო ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო.

დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს თავდაპირველად მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ „დიმამ“ ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს, რომელსაც თვალთვალის დროს ძირითადად ხეჩუაშვილი მართავდა.

მსჯავრდებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ 2016 წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფმა დარჩო ხეჩუაშვილმა ტელეფონის საშუალებით აცნობა შოთა ჭიჭიაშვილს, რომ გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. მას შემდგომ, რაც გივი თარგამაძემ დატოვა პარტიის ოფისი და ჩაჯდა ავტომანქანაში, აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულმა კვლავ მიაწოდა ინფორმაცია შოთა ჭიჭიაშვილს, რის შემდეგაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. ავტომანქანის აფეთქების შემდგომ ხეჩუაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს შეატყობინა გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების თაობაზე, რის შემდგომაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, საქართველოს ტერიტორია დატოვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი,დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა შენახვა ტარების ფაქტებზეა მსჯავრდებული და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით“, – განაცხადა გულუაშვილმა.

თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს

ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.

www.tbcpayments.ge სწორედ ასეთი პლატფორმაა, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია რაც ბაზარზე ჩაეშვა. ეს არის გადახდების მართვის ციფრული პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი მრავალი ისეთი სერვისი თუ მომსახურება, რომლებსაც მომხმარებლები ადრე სხვადასხვა ადგილას გაფანტულად იღებდნენ.

რაც მთავარია, tbcpayments.ge-ზე შენი ბიზნესის გადახდების მართვას და დინამიკაზე დაკვირვებას, დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებ, ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში.

პლატფორმაზე შეგიძლია თვალი ადევნო გადახდების ისტორიას, მოითხოვო გადახდის რეპორტი სასურველ ფორმატში, გაეცნო მიღებული ტრანზაქციების დეტალურ ანალიტიკას და შეუკვეთო ან გააუქმო გადახდის მეთოდები.  

საძიებო პარამეტრებსა თუ ფილტრზე დაყრდნობით შესაძლებელია სასურველი ტიპის ტრანზაქციული ამონაწერის ამოღება Excel, XML, CSV ფორმატში ქართულ და ინგლისურ ენებზე.

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს უკვე 3000-ზე მეტი ბიზნესი იყენებს, ეს უმარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას, ზოგავს კომპანიის თანამშრომლების დროსა და რესურსს, გაცილებით ამარტივებს პროცესებს და კომპანიის ფინანსურ საქმიანობაზე დაკვირვებას.

„ოქტოპუს ფიტნეს კლუბი“ სავარჯიშო დარბაზების ქსელია, რომელმაც მომსახურების ხარისხითა და მრავალფეროვნებით მალე მოახერხა თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. „ოქტოპუსში“  tbcpayments.ge-ს შექმნის დღიდანვე წარმატებით იყენებენ.

„დროის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია tbcpayments.ge-ს გამოყენება, რაც ძალიან პრაქტიკულია. თუ მაინტერესებს რომელიმე ტრანზაქცია, ან მერჩანტის კოდი თუ ქვითარია მოსაძებნი, ჩვენ ბევრი ტერმინალი გვაქვს კომპანიაში და პირველ რიგში თიბისი გადახდების პლატფორმას ვიყენებთ“, – მარიამ პაპიაშვილი, „ოქტოპუს ფიტნეს კლუბი“.

tbcpayments.ge-ს მომხმარებელია „სკა ჯუს ბარიც“, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღი კვების რაციონს სთავაზობს და თბილისში რამდენიმე ბარით არით წარმოდგენილი.

„სკა ჯუს ბარში“  tbcpayments.ge-ს უფრო მეტად პოს ტერმინალების ამონაწერების აღრიცხვისთვის იყენებენ.

„შემიძლია ნებისმიერ დროს შევიდე სისტემაში და ვნახო ჩვენი პოსტ ტერმინალების დეტალური ამონაწერი. tbcpayments.ge-ი ძალიან ბევრ ინფორმაციას იძლევა, რომლის გაფილტვრა და დახარისხებაც შესაძლებელია. კარგი იქნება თუ ტერმინალის ტიპსაც მივუთითებთ ინტეგრირებულია თუ არა ინტეგრირებული, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს საქმეს“, –  ნათია ბეგიაშვილი, „სკა ჯუს ბარი“.

პლატფორმას უკვე დიდი ხანია ტრანზაქციების სამართავად იყენებენ რესტორნებში „ნინიას ბაღი“ და „შავი ლომი“ .

„tbcpayments.ge-მ საბუღალტრო საქმიანობა ძალიან გაამარტივა, ტერმინალებიდან მთლიანი შემოსავლები როცა მაინტერესებს ამ პლატფორმას ვიყენებ. საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა და ძალიან მოსახერხებელია“, – თეა ხარაზიშვილი „ნინიას ბაღი“ და „შავი ლომი“.

დღეს ბიზნესი ძალიან დინამიური, სწრაფი და ცვალებადია, კომპანიები ყოველდღიურად ათასობით ტრანზაქციას იღებენ ონლაინ გადახდის მეთოდებითა და ტერმინალებით, გადახდების მართვის პროცესი ციფრულად კი თიბისისთან ერთად გაცილებით მარტივია.

,,1990-იანი და 2008 წლის ომების შედეგია ის, რომ ამდენი ემიგრანტი წავიდა”- სოზარ სუბარი

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც ათობით წლის განმავლობაში მოდიოდნენ ევროპაში სამუშაოს საპოვნელად და უკეთესი ცხოვრებისთვის, იცოდნენ თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ყველას ჰყავს ოჯახი საქართველოში და მათზე უკეთ არავინ იცის, რა არის გაჭირვება და რას ნიშნავს ის უბედურება, რაც ომს მოაქვს”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა იტალიაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი კლუბის გახსნის შესახებ კომენტირებისას.

მისი თქმით, 1990-იანი და 2008 წლის ომების შედეგია ის, რომ ამდენი ემიგრანტი წავიდა საქართველოდან, შესაბამისად, მშვიდობა და ეკონომიკის განვითარებაა მათი დაბრუნების წინაპირობა.

“იმ ომების შედეგია, რომლებიც ვერ ავიცილეთ თავიდან ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ კი 2008 წელს, რომ ამდენი ქართველი წამოვიდა ევროპაში; ომის შედეგი იყო ის, რომ საქართველოში ასეთი პირობები და ეკონომიკური პრობლემები არსებობს და სწორედ მშვიდობის შედეგია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. ეს განვითარება უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი ემიგრანტების უმრავლესობა საბოლოოდ უნდა დაბრუნდეს საქართველოში.

სხვათა შორის, ძალიან ბევრმა ემიგრანტმა, იმიტომ, რომ ბევრი წელია აქეთ არის, ბოლომდე არ იცის რა ხდება დღეს საქართველოში. როცა ვესაუბრეთ მოქალაქეებს, აქაც და საბერძნეთშიც, აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში არ იციან რა ხდება საქართველოში; რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს, მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით; რომ არასრულწლოვანებისთვის სიმსივნურ დაავადებებთან დაკავშირებით 100%-იანი დაფინანსება არსებობს, მათ შორის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობის ჩათვლით და ა.შ. მსგავსი ძალიან ბევრი პროგრამის შესახებ მათ არ იციან და უხარიათ, როცა იგებენ”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

რუსეთმა ოდესის ოლქი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის რაიონში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა. მაშველებმა რამდენიმეს გადარჩენა შეძლეს.

კიპერის განცხადებით, გარდაცვლილია 43 წლის ქალბატონი, 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და 16 წლის გოგონა. კიდევ ერთი ქალი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაშავებულთა საერთო რაოდენობა 10 ადამიანს აღწევს. 9 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

,,რევოლუციის მოწყობის ნებისმიერ მცდელობას დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე”-ირაკლი კობახიძე 

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რევოლუციის მოწყობის ნებისმიერ მცდელობას დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე

ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავადაც იცის, როგორია კვლევის შედეგები, მათ აქვთ რეალური მონაცემები და მათი პარტიების ოფისებში მუდმივად მიდის საუბარი პროვოკაციებზე, მათ შორის მძიმე პროვოკაციებზე.

„ისინი უფრო მეტად კონცენტრირებული არიან არჩევნების მომდევნო დღეზე და არა არჩევნების დღეზე. ისინი სოფლებში არ გადიან, არ ატარებენ კამპანიას, ქალაქების უბნებში არ გადიან. რეალურად კამპანია არ ჩანს. ერთადერთი, ვინც ახლა ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება”. ესეც აჩვენებს იმას, რომ მათი მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, მათ შორის მარტი-აპრილი-მაისის მოვლენებმა დაადასტურა ის, რომ სახელმწიფო არის ძლიერი, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე. ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა მარტი-აპრილი-მაისში და ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი ეს მოვლენები. გარდა იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე გავიტანეთ  რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, აქედან გამომდინარე, ვერავითარი რევოლუციის მოწყობის თუ ქვეყნის არევის რესურსი ოპოზიციას ვერ ექნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,აქამდე სანქციებთან დაკავშირებით მოთხოვნას დახურულ კარს მიღმა აყენებდნენ, ახლა კი ეს ევროპარლამენტმა საჯაროდ გააჟღერა”- პრემიერი

რატომ უნდა ამ ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა ვიღაცას, ვინც გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციებზე – ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს, ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქამდე სანქციებთან დაკავშირებით მოთხოვნას დახურულ კარს მიღმა აყენებდნენ, ახლა კი ეს ევროპარლამენტმა საჯაროდ გააჟღერა. 

„მე ვერ ვისაუბრებ იმ შეხვედრების შინაარსზე, რომელიც შედგა დახურულ კარს მიღმა ერთი მარტივი მიზეზის გამო. აქაც ვუფრთხილდებით ურთიერთობებს, ველით ურთიერთობების გადატვირთვას, როცა ომი დასრულდება. თუმცა მინდა შეგახსენოთ ის, რაც ხდებოდა საჯარო სივრცეში და ამის გაგრძელებაა, სხვათაშორის,  ერთ-ერთი მნიშველოვანი ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში. როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, 2022 წლის 24 თებერვალს, მეორე დღიდან ოპოზიცია გამოვიდა ქუჩაში. ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სადაც ომის დაწყებასთან ერთად გვქონდა ოპოზიციის აქციები ქუჩაში. მათ ჰქონდათ ორი კონკრეტული მოთხოვნა – ერთი, ეს იყო სანქციებთან მიერთება და მეორე იყო უკრაინაში, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. პირდაპირი რიტორიკა იყო ომთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ლომჯარიას, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მარგველაშვილის და სხვათა განცხადებებს. პირდაპირი რიტორიკა. ამას მოგვიანებით, რამდენიმე დღეში დაემატა უკრაინის ხელისსუფლების მაღალჩინოსნების პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, იყო ძალიან ფართო კოორდინაცია – ოპოზიცია, „ენჯეოები”, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, კონკრეტული უცხოელები, რომლებიც აქეთკენ გვექაჩებოდნენ. საბოლოო ჯამში, ორივე მოთხოვნა, ნიშნავდა ომისკენ სვლას. ირიბი და პირდაპირი ფორმით. რაც შეეხება სანქციებს და საინტერესო რა არის, რომ დღეს, როგორც იქნა, საჯაროდ გამოფინა ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა, ამდენი ხნის განმავლობაში, ამ დახურულ მოთხოვნას არ გვიყენებდნენ საჯაროდ, გაურბოდნენ. იქ იყო კონკრეტული ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, კონკრეტული პოლიტიკოსის განცხადება, „ლელოს” აქვს თავის პროგრამაში შეტანილი ეს ყველაფერი და ა.შ. მაგრამ როგორც ასეთი, მაღალი დონის მოთხოვნა გაჟღერებული არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, ყველა ერიდებოდა, ელჩები ერიდებოდნენ, ქვეყნები ერიდებოდნენ, ევროპარლამენტი ერიდებოდა. პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და საჯაროდ გაახომოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცეები და რასაც უნდა გამოეწვია ამ ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი. ეკონომიკური კოლაფსი იყო საუკეთესო გზა, რომელიც მიდიოდა, საბოლოო ჯამში, ომამდე,”- განაცხადა პრემიერმა.

,,გახარიას და მის პარტიას შექმნილი აქვს ოფიციალური კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში პარტია „ნაცმოძრაობასთან”- პრემიერი

პრემიერი გახარიაზე – მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები, პოლიცია და ახალგაზრდები

გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

პრემიერის თქმით, გახარიას და მის პარტიას შექმნილი აქვს ოფიციალური კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში პარტია „ნაცმოძრაობასთან”.

„ასევე დღეს გაიხსენა ჩვენი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მისი ქმედებები, რაც განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში. რეალურად ის რას აკეთებდა, მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი და მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანები, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები და ადამიანები, პოლიცია და ახალგაზრდები. თითოეული მისი ეს მძიმე ქმედება დაკავშირებული იყო სწორედ ამ დავალებასთან. პანკისის ამბავი პირდაპირ ამას ნიშნავდა, შეურაცხყოფილი დარჩა იქ სპეცრაზმი იმის გამო, რომ ოპერაცია იყო შეგნებულად ასე გაკეთებული. შიგნით იყო მუდმივად გარჩევები ამასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც ვფრთხილობდით. მესტია შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ზუსტად  იგივე, შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმი იმის გამო, რომ ოპერაცია იყო ზუსტად ასე დაგეგმილი, ამისკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი. ბასიანი გახსოვთ, სადაც პირველად დაუპირისპირა ხელოვნურად ერთმანეთს პოლიცია და ახალგაზრდები. ეს იყო დავალება, რომელიც მან შეასრულა და 20 ივნისი, როდესაც არ გამოიყენა არც გაზი, არც წყლის ჭავლი, ეს არის ყველაზე რბილი ფორმები ხომ, იმისათვის, რომ შენ არავის არაფერი დაუშავო და თან სახელმწიფოს ინტერესებიც დაიცვა. სპეციალურად არ გამოიყენა არც ერთი, არც მეორე, სპეციალურად წინა ჭიშკრის წინ დააყენა სპეცრაზმი და პოლიციელები იმისათვის, რომ მჭიდრო კონტაქტი ყოფილიყო მათსა და მოძალადე მომიტინგეებს შორის, რათა ესკალაცია მაქსიმალურად გაღრმავებულიყო აქციის დროს და ასეთ დროს უკვე საქმე მივიდა რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, რაც საბოლოო ჯამში დასრულდა იმით, რომ ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ეს იყო დავალების შესრულება გამომდინარე იქიდან, რომ ეს კაცი თვალდახუჭული აკეთებდა ყველაფერს, რასაც გარედან ავალებდნენ და ჩორჩანა კიდევ, ძალიან მძიმე ამბავი, სადაც არავის შეუთანხმა, ჩადგა საგუშაგო, ამას მოყვა ესკალაცია, რუსებმა ჩადგეს სამჯერ მეტი საგუშაგო და საბოლოო ჯამში მოხდა იქ საზღვრის გადმოწევა. ერთი საინტერესო დეტალი აქ რა არის, ეს იყო რეალურად, თქვენ იცით, ყველაფერზეა ჩასაფრებული „ნაცმოძრაობის” როგორც პარტიული რესურსი, ასევე მედია რესურსი, ასეთი რაღაც რომ ხდება, პირველი შენ უნდა იყო, ვინც გამოიყენებ ამას ხელისუფლების წინააღმდეგ. არც ერთ მედია საშუალებას, ყველამ იცოდა ყველაფერი, არ გაუშუქებია ეს ყველაფერი. მიზეზი რა არის, ვინც დაავალა გახარიას ამ ქმედების ჩადენა, ზუსტად იგივე ადამიანები აკონტროლებენ „ნაცმოძრაობის” კუთვნის მედია საშუალებებს. არ აწყობდათ გახარიასთვის ჩრდილის მიყენება და შესაბამისად, არცერთ „ნაცმოძრაობის” კუთვნილ ტელევიზიას ხმა არ ამოუღია ჩორჩანასთან დაკავშირებით, რაც ძალიან დამაზიანებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, მაგრამ მათ შეგნებულად არ დააზიანეს გახარია იმიტომ, რომ ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული. ასევე ერთი საინტერესო დეტალი მინდა შეგახსენოთ, როცა ზუგდიდში ტარდებოდა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე, 2019 წელს, მაშინ იყო საკმაოდ რთული ვითარება, ზღვარზე იყო რეალურად მონაცემები. როდესაც კვლევა ჩავატარეთ, ერთ მხარეს იყო ჩვენი კანდიდატი, რომელიც გახარიასთან იყო დაკავშირებული,  გეგა შენგელია და მეორე მხარეს იყო სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და 50-50-ზე იჯდა მონაცემები ჩვენი კვლევის თანახმად, რაც ვუთხარით გახარიას , ერთი მომენტი შეშფოთდა და მივხედავო, ასეთი რაღაც თქვა. ამის მერე ხდება რა, ჩადის გვარამია ზუგდიდში და მთელ 2 დღეს, არჩევნების წინა დღეს და არჩევნების დღეს უძღვნის გეგა შენგელიას პიარ კამპანია იმისათვის, რომ გახარიას კანდიდატმა არ წააგოს არჩევნები. ეთერში უშვებს, მაშინ რუსთავი 2 იყო თუ არ ვცდები,  ხალხის გამოკითხვას, სულ ალაგებდნენ ყოველთვის, მარტივად აჩერებდნენ  100 ადამიანს, იქიდან შეიძლება 10 ყოფილიყო სანდრა რულოვსის მომხრე და ათივეს ამას უშვებდნენ, უმეტესობა გაუშვეს გეგა შენგელიას მხარდამჭერები და ამას მოყვება მერე გვარამიას კომენტარი, რომ შენგელიაზე ცუდის მთქმელის ზუგდიდში ვერ ვნახეო. მერე გახსოვთ, როგორ აგინებს ზუგდიდელებს პირდაპირ ეთერში. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, რამდენიმე პროცენტით გაზარდა შენგელიას რეიტინგი და მარტივად დასრულდა. რასაც დაგვპირდა დაალაგა გვარამიას და „ნაცმოძრაობის” მეშვეობით. აქაც იგივე კავშირები მოქმედებდა. ვინც არის გახარიას პატრონი, იგივეა გვარამიას პატრონი. ყველა ერთად არის აღებული ჩვეულებრივი აგენტურა, მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებელი დღის წესრიგი, თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებული პატრონების დავალებაზე”, – განაცხადა პრემიერმა.

,,აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”- პრემიერი

აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები.

„რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ისეთი თემა, რაზეც საჯაროდ საუბარი არის რთული. არის უამრავი ნიუანსი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, გლობალური ვითარების ცვლილებაზე, თუმცა არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ აქ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები. 1988 წელს დაიწყო მასშტაბური დისიდენტური მოძრაობა და მაშინაც კი, არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა დაშლილიყო, თუმცა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ასეთი ტიპის პროცესებზე. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ ორი ეროვნული ამოცანის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული – სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთავარია პრაგმატული პოლიტიკა, თანმიმდევრულობა, სიმშვიდის შენარჩუნება და მოთმინების გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი არის აბსოლუტურად რეალური”,- განაცხადა პრემიერმა.