Home Blog Page 27

,,ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს”- კობახიძე

არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს.

„ყველას აქვს საშუალება, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, განურჩევლად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლის. ყველა აკვირდება არჩევნებს და აბსოლუტურად შეუფერხებელი არის ის პროცესი, რაც დაკავშირებულია დაკვირვებასთან. პრობლემა არის, რომ არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ NGO-ების ვებგვერდზე და პირდაპირ წარმოებს კამპანია მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. ასეთ პირობებში რა დაკვირვება უნდა განახორციელონ, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. ყველაფერი დევს ხელის გულზე, თან ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს. მათ აქვთ შელახული რეპუტაცია, თუმცა დააკვირდნენ და იყონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერ გაბედეს ამის გაკეთება”- პრემიერი

რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში ოპოზიციის მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ფორმატში დებატებს. რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, იმ ფარგლებში რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. ასეთ პირობებში მათი მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ჩვენ ვართ მყარად, ნებისმიერ ადამიანთან ვართ მზად პოლემიკისთვის, თუმცა, ისინი ცდილობენ ხელიდან გაუშვან ეს შანსი”, – განაცხადა პრემიერმა.

,,საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და უკრაინას – პრემიერი

საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და უკრაინას.

„ჩვენ არ გამოგვიწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი გაგვიწვევია საქართველოდან. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ, ჯერ საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვიეს ორი საბაბით, იმ მიზეზით, რომ არ მივუერთდით სანქციებს, ანუ ჩვენი ეკონომიკის ჩამოქცევაზე იყო საუბარი და მეორე იყო ის, რომ არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, ანუ საუბარი იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. არ გავაკეთეთ არც ერთი, არც მეორე, ანუ არ ჩამოვაქციეთ ეკონომიკა, არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამ საბაბით გაწვეულ იქნა უკრაინის ელჩი საქართველოდან, რაზეც საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს. ამის შემდეგ, ჩვენი ელჩი უკრაინაში, პრაქტიკულად, გამოაგდეს ქვეყნიდან. ეს არის ის ელჩი, რომელსაც 1 დღით არ დაუტოვებია უკრაინა ომის დაწყების დღიდან. იყო არაერთი ელჩი, მათ შორის დასავლური ქვეყნების ელჩები, რომლებმაც პირველივე დღიდან გამოაცხადეს ევაკუაცია, ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმე იყო, ვერავის გავაკრიტიკებ, წავიდნენ კიევიდან. საქართველოს ელჩი ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში რჩებოდა უკრაინაში, კიევში და ესეც კი არ დაუფასეს ამ კაცს, არც ჩვენს ქვეყანას და გამოაგდეს უკრაინიდან. ეს არ არის სწორი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, მაგრამ ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რაც ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და ეს სჭირდება ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინას,”- აღნიშნა პრემიერმა.

,,ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, არამედ ქვეყნის გარედან”- პრემიერი

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ესეც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე

ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ვერ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებასთან. 

„ხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოში ვერ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებასთან და ამ ფონზე გარკვეული მცდელობაა, რომ გარედან დაეხმარონ ოპოზიციას კამპანიის წარმოებაში. ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ესეც ვერ მოახდენს ვერავითარ გავლენას არჩევნების შედეგებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული დაკომპლექტებულია სხვადასხვა კრიტერიუმით”- კობახიძე

საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული არის დაკომპლექტებული სხვადასხვა კრიტერიუმით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკმაოდ მრავალფეროვანი გუნდია და  არიან, როგორც სტაჟიანი პოლიტიკოსები, ასევე – ახალი სახეები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, ოლიმპიური ჩემპიონები, ბიზნესის სფეროს და სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის. თქვენ ხედავთ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ გადახალისებას, განახლებას, ამის არავითარი რესურსი არ აქვთ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მე მეამაყება, რომ ჩვენ გუშინ დავასახელეთ და წარვადგინეთ ასეთი ოცეული საზოგადოების წინაშე”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,ქვეყანაში არავითარი კრიზისი იქნება, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა”- ირაკლი კობახიძე

არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება, ვინმეს თუ უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე. 

„არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება. თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე, მათ შორის სამართალდამცველი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე, ეს დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის ამ ბოლო თვეების განმავლობაში. შესაბამისად, ვერავინ შექმნის  ვერავითარ კრიზისს, თუ ვინმეს უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, შესაბამისად თუ ვინმეს ასეთი აზრები აქვს, ვურჩევ ყველას, რომ ასეთ აზრები გვერდზე გადადოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების”  ხათრით აირჩიეს პრეზიდენტად და მან უღალატა იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა”- პრემიერი

პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და სამწუხაროდ არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის უნრერვიუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების”  ხათრით აირჩიეს პრეზიდენტად და მან უღალატა იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა.

„სალომე ზურაბიშვილი აცდენილია საერთოდ ყველაფერს. თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდა მაინცდამაინც დიდი ნდობით, მაგრამ ჩვენი ხათრით, არჩეულ იქნა შესაბამის თანამდებობაზე და დღეს, რეალურად, პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს, აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის ბანაკში. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და, სამწუხაროდ

“დასავლეთი საქართველოში კრიზისისათვის უნდა მოემზადოს – თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსული გავლენის სფეროსაკენ დრეიფობს”-Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “დასავლეთი საქართველოში კრიზისისათვის უნდა მოემზადოს: თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსული გავლენის სფეროსაკენ დრეიფობს” (ავტორი – ტიმ ჯუდა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველო დრეიფობს, დინებას მიჰყვება. პარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის წინ, რომელიც მომავალი თვის ბოლოს უნდა გაიმართოს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ბევრი მოწინააღმდეგე თვლის, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წავა, ყველა ღონეს იხმარს ძალაუფლების როგორმე შესანარჩუნებლად. რუსი მაღალჩინოსნები უკვე აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ძალადობრივი პროცესები განვითარდება. ქვეყანა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო, ევროკავშირი) ინტეგრაციას, ახლა კურსს ცვლის: საქართველოს ფაქტობრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, იგრძნო რა, რომ ძალაუფლება ხელიდან უსხლტება, მან და მისმა თანამოაზრეებმა დასავლური კურსიდან გადაუხვიეს. ამჟამად საქართველო ერთი შეხედვით ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარე, სადღაც დასავლურ და რუსულ სამყაროს შორის არსებულ ქვეყანას წარმოადგენს, მის ირგვლივ თითქმის ყველა სახელმწიფო „ბრიკს“-ის (BRICS) წევრია. დასავლელმა ლიდერებმა აუცილებლად უნდა მოამზადონ გეგმა საქართველოში სრულმასშტაბიანი კრიზისის შემთხვევისათვის.

თბილისში დაძაბული ატმოსფეროა შექმნილი. ზოგიერთებს დღეს არსებული ვითარება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს, როცა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა და მისი მმართველობის პირველი ოთხი წელი ოპტიმიზმითა და პროგრესით გამოირჩეოდა, შემდეგ კი, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული რუსული სამხედრო ინტერვენციისა და მსოფლიო საფინანსო კრიზისის შედეგად, მისი ადმინისტრაცია ავტორიტარიზმმა, ძალადობრივმა მოქმედებებმა და კორუფციამ იმსხვერპლა. იგივენაირი ტრაექტორია მეორდება ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პერიოდშიც.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე იმ კანონის მიღების წინააღმდეგ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისაკენ იყო მიმართული. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სინამდვილეში ხელისუფლების ხელში გარკვეულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს – თვალი ადევნოს კორუფციას, გააკონტროლოს მთავრობა და მას პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდოს. მთავრობა ასევე აქტიურად ეწევა პროპაგანდას „ლგბტ-საზოგადოების“ წინააღმდეგაც. ეს ყველაფერი ტრაგედიას წარმოადგენს.
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს წინაშე სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გააჩინა, რომლის შედეგად თბილისისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იქნა შეთავაზებული. ალბათ, ქართველთა უმეტესობისაგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილს ამ მოულოდნელი საჩუქრის მიღება ყველაზე მეტად არ სურდა – იმიტომ, რომ ევროკავშირში ინტეგრირება გულისხმობს ქვეყნის მართვის სისტემის სერიოზულ გაუმჯობესებას და მის დემოკრატიზაციას, სასამართლო ელემენტის ჩათვლით. ბრიუსელმა საქართველოს ბლოკში გაწევრიანების პროცესი შეუჩერა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას კვლავ ჰპირდება ევროკავშირის შესვლას 2030 წლისათვის.

ოპოზიციური აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარების მიუხედავად, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად უკვე მათ ხელშია, ბიძინა ივანიშვილმა კი უკვე დაკარგა.

„ქართული ოცნება“ მუდმივად აცხადებს ჩრდილოვანი „გლობალური ომის პარტიის“ საფრთხის თაობაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს და რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ „მეორე ფრონტში“. უნდა ითქვას, რომ ქართული ოპოზიცია მრავალფეროვანია, რის გამოც მმართველი პარტია მას „კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს (იგულისხმება დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილის პარტიის სახელწოდება).

არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ თბილისის მოსახლეობა რომ იღებდეს, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია იოლად გაიმარჯვებდა, მაგრამ ყველაფერი მარტივად არ არის. მაგალითად, პატარა ქალაქ ახალციხეში, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ადგილობრივი ამომრჩევლები თავიანთ ხმას ყოველთვის სახელისუფლო პარტიას აძლევენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მსგავს ქალაქებში მრავალი სამუშაო ადგილი შექმნილია სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში – მუნიციპალიტეტებში, მერიებში, სამხარეო დაწესებულებებში. ადამიანებს ეშინიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ხელმძღვანელის თანამდებობას გამარჯვებული პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს და ადმინისტრაციის პერსონალში სამუშაო ადგილებს გადაანაწილებს, კონტრაქტებს გაუფორმებს საკუთარ ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს.
ხელისუფლება მოქალაქეებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ აშინებს: თამუნა უჩაძე, რომელიც ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის ახალციხის ფილიალში მუშაობს, ჰყვება, რომ პირადად გახდა მომსწრე იმისა, თუ როგორ მოუწოდებდა ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორი, სტუდენტებს მიტინგზე მისულიყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტიის მხარდასაჭერად. და თუ ისინი ამაზე უარს იტყოდნენ, მაშინ ლექტორი მათ კარგ შეფასებას არ აღირსებდა.
ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის მერი „ქართული ოცნებიდან“, ირონიულად უყურებს ოპოზიციის აზრს, რომ მმართველი პარტია მოსკოვთან ახლოვდება. „რუსეთი ჩვენი მტერია, – ამბობს იგი, – „ჩვენს ევროპულ კურსს ვერაფერი შეაჩერებს“.

ანალიტიკოსებისა და სოციოლოგების ვარაუდით, „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას მხარს უჭერენ ამომრჩეველთა ერთი მესამედი, ხოლო ორ მესამედს ჯერ საკუთარი პრიორიტეტი არ განუსაზღვრავს, ანუ ოქტომბრისათვის შეიძლება საარჩევნო სიტუაცია გაუარესდეს. რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს: კრემლიდან აცხადებენ, რომ ქართული ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში ამერიკა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს – ერთგვარ „თბილისურ მაიდანს“. რასაკვირველია, [ამერიკის ჩარევაზე ლაპარაკი], უბრალოდ, აბსურდია, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ მართლაც ვერ გაიმარჯვებს, მთავრობას მაინც შეუძლია პრეტენზიები წამოაყენოს და მომხრეები დემონსტრაციებზე გაიყვანოს, ძალადობის პროვოცირების მიზნით.

თუ მმართველი პარტია პატიოსნად და სამართლიანად გაიმარჯვებს, მაშინ თბილისი დასავლეთისაგან დაშორებას გააგრძელებს. თუ არჩევნებს წააგებს, მაგრამ მაინც შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, მაშინ ქართველები იმედის მზერას დასავლეთს მიაპყრობენ… და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი შეიძლება უცხო სახელმწიფოების მოქმედება აღმოჩნდეს.
როგორც ეკა მეტრეველი, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ქართული ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, საქართველო ამჟამად [თითქოსდა] ნეიტრალიტეტისაკენ იხრება, [სინამდვილეში] კი რუსეთის გავლენის სფეროში ექცევა, რაც ქართველების უმრავლესობას არ სურს

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

 ,,ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ დიდი ისტორიული ტრადიციები გვაქვს”- პრემიერი

ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძლევიჯვარში განაცხადა, სადაც ქართული ჭიდაობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს  დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია.

 „ჭიდაობა არის ჩვენი სიამაყე. დღეს რომ ამხელა წარმატება გვაქვს ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები. მე მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, დღევანდელი ტურნირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა გამარჯვებულს, ყველა პრიზიორს, ყველა ჩემპიონს მინდა, მივულოცო და ყველა ორგანიზატორს მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც ხელს უწყობს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის გაგრძელებას. მინდა, მადლობა გადავუხადო სლავა შერაზადიშვილს, რომელიც იყო ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, ქართული ჭიდაობის ფედერაციას, ყველას, ვინც ამ საქმეს უძღვება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ინკასატორების დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ქალაქ პოზნანის პოლიციის ინფორმაციით, ქართველების დაჯგუფება 2018 წლიდან ჩადიოდა დანაშაულს. საერთო ჯამში ზარალი ხუთ მილიონ ზლოტს აღწევს. დამნაშავეების დაკავებაში პოლონელ სამართალდამცველებს ქართული მხარე ეხმარებოდა.

“გამოძიების მსვლელობისას პოზნანის პოლიციას მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა პოლიციის ატაშემ, პოლკოვნიკმა გიორგი გამსახურდიამ, რომელმაც შეაგროვა ბევრი ღირებული ინფორმაცია და გადასცა პოზნანის კრიმინალურ პოლიციას”, – ვკითხულობთ პოზნანის პოლიციის განცხადებაში. ბრალდებულებს ოც წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

,,ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გადაუცია”- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 

.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. აღნიშნულის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

„კიდევ ერთხელ, აშშ და E3 მოქმედებენ გაუმართავი დაზვერვისა და მცდარი ლოგიკის საფუძველზე. ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ მიუწოდებია. წერტილი. სანქციების მომხრეებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, როგორ შეუძლია ირანს, აწარმოოს და გაყიდოს ასეთი იარაღი? სანქციები არ არის გამოსავალი, არამედ პრობლემის ნაწილია“, – წერს აღაჩი.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ (E3) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ. ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა ირანსა და რუსეთს სანქციები დაუწესა. რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანს სანქციები დაუწესა აშშ-მაც.

ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს -ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევია. უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს“, – აღნიშნა მან ყირიმის პლატფორმის ლიდერების მეოთხე სამიტისთვის ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყირიმელი თათრები უკვე რვა ათწლეულია განიცდიან ტკივილს. ერდოღანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ყირიმელი თათრების უფლებას ცხოვრებაზე საკუთარ სამშობლოში.

მისი თქმით, მისი სურვილია, რომ ომი უკრაინაში დასრულდეს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობით, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე იქნება აგებული.