Home Blog Page 269

არა და არ ვეთანხმები ბრალს, თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ! -მზია ამაღლობელი

არ ვეთანხმები ბრალს, უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წერილში, რომელიც მან სასამართლო დარბაზიდან გაავრცელა.

როგორც მზია ამაღლობელი აღნიშნავს, სჯერა, რომ უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.

„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7905 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7904 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9350 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9031 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0319 ლარი შეადგინა.

პრეზიდენტ ბუშის დროს რუსებმა მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს – ყირიმი, პრეზიდენტ ტრამპის დროს – ვერაფერი -დონალდ ტრამპი

პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს, მათ მიიღეს ლამაზი, დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი – ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც მათ ჰყავთ წყალქვეშა ნავები. თქვენ ეს იცით, არა? ყირიმი. პრეზიდენტ ბაიდენის დროს ისინი ცდილობდნენ მიეღოთ ყველაფერი. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ მთელი დიდი უკრაინა, მთელი რამ. მე რომ არ შემოვსულიყავი აქ, ისინი ყველაფერს მიიღებდნენ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც რუსებს მისცა, სანქციები იყო, უკრაინას კი – “ჯაველინები”.

იცით, რა მივეცი? მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი. მე მათ სანქციები დავუწესე რუსეთზე – რუსეთზე. მე მათ ჯაველინები მივეცი. იცით ჯაველინები? თქვენ იცით, კიევისკენ ასობით ტანკი მიემართებოდა, ისინი შეუჩერებელი იყვნენ და მე მათ ჯაველინები მივეცი.პუტინი არის ის, ვინც გეტყვით, რომ ეს არც ისე კარგი იყო მათთვის. რუსეთისთვის მწუხარების გარდა არაფერი მიმიცია. მე მათ სანქციები და ჯაველინები მივაწოდე. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი“, – აღნიშნა ტრამპმა.

შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება -დავით სონღულაშვილი

შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

დავით სონღულაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი უზბეკეთში.

„ორმხრივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში დაიწყო უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთში აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი, რაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა. მინდა, ხაზი გავუსვა შუა დერეფნის საკითხს. მოგეხსენებათ, შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალების შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს მისცემს წვდომას დედამიწის იშვიათი მინერალების დეპოზიტებზე -დენის შმიგალი

უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალების შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს მისცემს წვდომას დედამიწის იშვიათი მინერალების დეპოზიტებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მტკიცედ არის მოწოდებული, რომ გააგრძელოს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან.

შმიგალის განცხადებით, უკრაინა დიპლომატიური და სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით გააგრძელებს აშშ-თან მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები აგრძელებენ ბრძოლას ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამერიკულმა დახმარებამ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინა. შმიგალი ამბობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა საჭიროა, მაგრამ ის უნდა იყოს უკრაინის პირობებით, როგორც მსხვერპლის და ის ასევე უნდა იყოს „სასჯელი“ რუსეთისთვის.

ბალტიის ქვეყნების სანქციები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია -ლაშა ტალახაძე

ბალტიის ქვეყნების სანქციები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, ვერაფერს დაგვაკლებენ, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და ქვეყნის წინსვლას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლაშა ტალახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაბოროტდნენ და სხვა გზა არ დარჩენიათ.

„ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან. ჩვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. ის საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია. ხმამაღლა ვიტყვი, რომ ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ. ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძე.

მისი თქმით, პირადად მისი დასანქცირება უკავშირდება ყველა იმ ღირსეულ ნაბიჯს, რომელიც გუნდთან ერთად გადაუდგამს.

„ყველა იმ გადადგმულ ღირსეულ ნაბიჯს, რასაც ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებ, ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი. გაბოროტდნენ და სხვა გზა არ დარჩენიათ. დარწმუნებული ვარ, კიდევ გააქტიურდებიან, კიდევ უფრო მეტ უღირს საქციელს ჩაიდენენ, მაგრამ ამით ვერ დაგვაზიანებენ, პირიქით, გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი ღირსეული ნაბიჯის გადადგმას“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

“სად არის ის დაინტერესებული პირები და “აღშფოთებული მოქალაქეები”, რომლებიც ამბობდნენ, რომ „რუსული კანონის“ მიღებას არ დაუშვებდნენ?–არჩილ გორდულაძე

ამერიკელი ხალხი როგორც იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, ზუსტად ისე დავიცავთ ჩვენც. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ ოდიოზურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონის დამორჩილებაზე უარი თქვეს და ჯარიმებს გადავიხდითო. შესაბამისად, კანონი იმდენად ეფექტიანი არ არის, რომ აღსრულების ის საშუალებები ჰქონდეს, რა მიზანსაც წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გორდულაძის თქმით, ამიტომ უნდა მიიღონ „ფარას“ კანონი, რომელიც, „ამერიკაში ეფექტურად მოქმედებს“.

„სად არის ის დაინტერესებული პირები და „აღშფოთებული მოქალაქეები“, რომლებიც ამბობდნენ, რომ „რუსული კანონის“ მიღებას არ დაუშვებდნენ? – ტყუილი ნარატივი ჩამოეშალათ. გაცილებით რბილ კანონზე ამბობდნენ, რუსულიაო და ახლა მკაცრ კანონზე ხმას არ იღებენ, რომელიც კანონდარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს, რომ კონკრეტული ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყანაში  ხელს უწყობდა ძალადობას. მათი დაფინანსება უკვე შეჩერებულია და ახლა ამ ადამიანებსაც დავალება არ აქვთ, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ბოლო ოთხ წელიწადში, ბერბოკის მიმართვის საფუძველზე, გერმანიაში პროკურატურამ 513 ადამიანის მიმართ დაიწყო გამოძიება შეურაცხყოფის მუხლით, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს-გურამ მაჭარაშვილი

მინდა, საზოგადოების ყურადღება შევაჩერო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნაზე, საქართველოში გათავისუფლდეს პატიმარი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. აქ შეიძლება, გასაკვირი არც არაფერი ყოფილიყო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თავად რომ არ იყოს რეკორდსმენი გერმანიის მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი წესით დევნაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბერბოკის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ 513 ადამიანზე დაიწყო გამოძიება „შეურაცხყოფის“ მუხლით, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„სტატისტიკაში მას მხოლოდ მისი კოლეგა, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი უსწრებს, რომლის მიმართვის საფუძველზე 805 ადამიანი არის გამოძიების ქვეშ. გამოდის, რომ ეს მინისტრები დღე-ნახევარში ერთხელ წერენ საჩივარს თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ და ესეც საკითხავია, სამინისტროს როდის ხელმძღვანელობენ. სხვათა შორის, ამ ორი მინისტრის მიმართვის გამო ადამიანების დევნის, მათი ბინების ჩხრეკის მაგალითები მოიყვანა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც გერმანიის დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ სახეში დარტყმაზე უარესია ის 513 საქმე, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა.

„შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ სახეში დარტყმაზე უარესი იქნებოდა ის 513 თუ 815 შემთხვევა. ნურას უკაცრავად. ეს არის  შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ბერბოკს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში „ტერორისტი“ უწოდა ან 58 წლის მამაკაცმა მას  „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა. ამ ბოლო ეპითეტის ავტორს ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა მიხაელ როთმაც უჩივლა, რომელიც აქ ჭკუას გვასწავლიდა და რომელსაც სოციალურ ქსელში „მშიშარა ქვეშაფსია“ უწოდეს. ამასთან დაკავშირებითაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. სხვათა შორის, სასამართლომ ეს ადამიანები 9 600 ევროთი, დაახლოებით 30 000 ლარით დააჯარიმა. ასეთივეა დანარჩენი ასეულობით სისხლის სამართლის საქმეც. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ამ მოქალაქეს ბერბოკისთვის და როთისთვის სახეში რომ შემოერტყა? არა სოციალურ ქსელში დაეწერა, რომ სულელი საგარეო საქმეთა მინისტრიაო, არამედ სახეში რომ გაერტყა, როგორც ამაღლობელმა გაარტყა პოლიციელს, მაშინ რას უზამდნენ ამ მოქალაქეებს გერმანიაში? ეს ადვილი წარმოსადგენია, განსაკუთრებით ფარისეველი საგარეო საქმეთა მინისტრის ფონზე. ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რა შეფასება ექნებოდა იმავე სამინისტროს, ჩვენს რომელიმე ერთ მინისტრს რომ მიემართა პროკურატურისთვის 513 მოქალაქის საწინააღმდეგოდ და მეორე მინისტრს – 815 მოქალაქის საწინააღმდეგოდ? ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი ე.წ. კრიტიკულ მედიებში – ჩვენი მინისტრები რითი არიან დაკავებულებიო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული“.

მოემზადე, თიბისის განათლების ყველაზე მოთხოვნად პროგრამებზე რეგისტრაცია მარტიდან განახლდება

ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კამპუსში, ონლაინ კურსებზე მიღება კვლავ განახლდება.

თიბისის ტექსკოლა ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს. აქ სფეროს წამყვანი სპეციალისტები, სკოლის მოსწავლეებს, შეასწავლიან – ვებგვერდების აწყობას (Front End: HTML, CSS) და მათ პროგრამირებას (Back End – Python), მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX დიზაინს, გრაფიკულ დიზაინს და ციფრულ მარკეტინგსა.

„თიბისი კამპუსი“ კი 18-24 წლის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნეს მიმართულებების შესახებ მიიღონ ან გაიღრმაონ ცოდნა. ამასთან, თიბისის მიზანია შექმნას უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის გავლის შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას. ეს დისციპლინებია: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO და ციფრული მარკეტინგი.

მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისის ტექსკოლაში  და კამპუსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი და სწავლის პროცესი სრულიად უფასოა. მთავარია მონაწილეებს ჰქონდეთ ახლის შემეცნების, განვითარების და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალებს მიღწევის სურვილი.

თვალი ადევნეთ პროგრამების რეგისტრაციის თარიღებს და სიახლეებს ვებგვერდზე: tbceducation.ge

R

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია.

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის 29-ე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ზუგდიდში ჩაატარა

მიმდინარე წლის 1- 2 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 29-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.

საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის 160-მა ბენეფიციარმა და მათ ოჯახის წევრმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 320 ოპტიკური სათვალე და 30 გლუკომეტრი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია და სამედიცინო ცენტრის “დიომედ აფხაზეთი” ზუგდიდის ფილიალის მენეჯერი, ირინა ჩარგაზია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 29 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 3354 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ ჩაუტარდათ კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური გამოკვლევები; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 4767 სათვალე;

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ჩაფიძის კლინიკამ ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

მიმდინარე წლის 1 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 177-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).
საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 38-მა ბენეფიციარმა.

მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 177 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს;

სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის -14 569 ბენეფიციარს. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.