Home Blog Page 266

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

არ შეგეშალოთ – საქართველო არ არის პრორუსული ქვეყანა. თბილისს არც კი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან,- წერს ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker-ი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, ამიტომ სანქციებს მისი ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები ექნებოდა

„რატომ გამოარჩიეს საქართველოს მთავრობა? პირველ რიგში იმიტომ, რომ მან უარი თქვა ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიერთებოდა, რის გამოც მას „პუტინისტური რეჟიმის“ იარლიყი მიაწებეს. არ შეგეშალოთ – საქართველო არ არის პრორუსული ქვეყანა. თბილისს არც კი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებული აქვს და ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი საფრთხეა. თუმცა, ისინი მეზობელი ქვეყნები არიან, რომლებსაც ღრმა ეკონომიკური კავშირები აქვთ. რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, ამიტომ სანქციებს მისი ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები ექნებოდა“, – ნათქვამია სტატიაში.

სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი 15:00 საათიდან მიმდინარეობდა. თავდაპირველად, მხარეებმა საქმეში მტკიცებულებები დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს, შემდეგ კი, დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროცესს ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელი, რომელიც წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.

მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.

საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მიუღებელია, როდესაც არ ერიდებიან შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით-მაკა ბოჭორიშვილი

ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და საერთაშორისო პრინციპებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სუვერენული უფლებები და მიუღებელია, როდესაც არ ერიდებიან შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, ქვეყნებს შორის ურთიერთობები, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს. როდესაც ჩვენ ვინმეს ვაკრიტიკებთ და ვგმობთ საერთაშორისო ნორმების დარღვევის თუ უგულებელყოფის გამო, არ შეიძლება, ისინი იყენებდნენ იმავე ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სუვერენული უფლებები და, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნების ელჩები, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტროები, სახელმწიფოების დონეზე არ ერიდებიან სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რაც არის სრულად სუვერენული უფლება ამ ქვეყნის”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ლიეტუვა და ლატვია რუსეთის ფედერაციასთან არ ერიდებიან ვაჭრობას, ამის გამო ისინი საქართველოს აკრიტიკებდნენ.

„ლიეტუვისთვის და ლატვიისთვის ორმაგი სტანდარტით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ეროვნულ ინტერესად იქცა და ისინი საქართველოსთან დამოკიდებულებაში აბსოლუტურად კარგავენ ობიექტურობას, მაშინ, როდესაც თავად ხელმძღვანელობენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ ერიდებიან რუსეთთან ვაჭრობას და ურთიერთობებს, ჩვენ გვაკრიტიკებენ ამ ყველაფრისთვის, მათ შორის, ცრუ ინფორმაციებზე და ცრუ ნარატივებზე დაყრდნობით, რაც ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი ნაბიჯები ხელს უშლის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და იწვევს მის გაუარესებას”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ აშშ-ზე საპასუხო ტარიფებს როცა დააწესებს, ჩვენი ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადის მხრიდან აშშ-ის მიმართ ტარიფების დაწესების შემთხვევაში, აშშ დაუყოვნებლივ გაზრდის საპასუხო ტარიფებს იდენტური ოდენობით. ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

„გთხოვთ, აუხსენით კანადის გუბერნატორ ტრუდოს, რომ როდესაც იგი აშშ-ზე საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ჩვენი საპასუხო ტარიფი დაუყოვნებლივ გაიზრდება იმავე ოდენობით!“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა დააწესებს 25-პროცენტიან ტარიფს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ დაიწყება, ხოლო 125 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები 21 დღეში შევა ძალაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევა.

აშშ-მა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ, ამავდროულად შემწყნარებლები არიან პუტინის: მკვლელი დიქტატორის მიმართ, სცადეთ აზრის გამოტანა – საპასუხო ტარიფებს შემოვიღებთ – ჯასტინ ტრუდო

კანადა საპასუხო ტარიფებს შემოიღებს აშშ-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრუდოს თქმით, კანადა 25%-იან ტარიფებს შემოიღებს 155 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე, რომლის იმპორტირებასაც ქვეყანა აშშ-დან ახდენს. ტრუდოს თქმით, აშშ-ის მხრიდან კანადის წინააღმდეგ შემოღებულ 25%-იან ტარიფებს, რომლებიც 4 მარტს შევიდა ძალაში, “აბსოლუტურად არანაირი გამართლება ან საჭიროება” არ ჰქონდა.

“შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის, მისი უახლოესი პარტნიორისა და მოკავშირის, მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ. ამავდროულად ისინი რუსეთთან პოზიტიურად მუშაობაზე ლაპარაკობენ, შემწყნარებლები არიან ვლადიმირ პუტინის: მატყუარა, მკვლელი დიქტატორის მიმართ. სცადეთ აქედან აზრის გამოტანა,” – განაცხადა ტრუდომ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ 125 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე – 21 დღეში.

“კანადელები პასუხისმგებელი ხალხია, და ზრდილობიანები ვართ. მაგრამ ბრძოლიდან უკან არ დავიხევთ. როდესაც ჩვენი ქვეყნის – და მასში ყველას კეთილდღეობა – სასწორზეა,” – განაცხადა ტრუდომ.

მისი თქმით, “ჩვენი ტარიფები არ გაწვევა მანამ, სანამ შეერთებული შტატების ტარიფები არ იქნება გაწვეული და არც ერთი წამით ადრე.”

მე და ჩემი გუნდი მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა – შეხვედრა თეთრ სახლში ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო, დასანანია, გამოსწორების დროა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარასკევს თეთრ სახლში შეხვედრა ისე არ „წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო“ და „გამოსწორების დროა“.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს სამომავლო თანამშრომლობისას კონსტრუქციულ კომუნიკაციაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და არავის სურს უსასრულო ომი. უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი მზაობას გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის „ძლიერი ლიდერობის“ ქვეშ იმუშაოს გრძელვადიანი მშვიდობისთვის.

ზელენსკი ომის დასრულების კონტექსტში პირველ ეტაპზე მის მოთხოვნებს ასახელებს, კერძოდ, მისი თქმით, ეს შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება – აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე – და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, რუსეთის მხრიდანაც იმავეს გაკეთების პირობით.

ზელენსკი ხაზს უსვამს მის მადლიერებას აშშ-ის დახმარების მიმართ, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და აღნიშნავს, მომენტს, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა „ჯაველინები“ გადასცა, რისთვისაც მადლობას იხდის.

“მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო უკრაინის მშვიდობისკენ მისწრაფება.

ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვეს მყარი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს.

მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად, და პირველი ეტაპები შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება – აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე – და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. ამის შემდეგ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდგომი ეტაპი და ვიმუშაოთ აშშ-სთან ძლიერ საბოლოო შეთანხმებაზე.

ნამდვილად ვაფასებთ რამდენი გააკეთა ამერიკამ, რათა დახმარებოდა უკრაინას მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. და გვახსოვს მომენტი, როდესაც რაღაცები შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას Javelin-ები გადასცა. მადლობელი ვართ ამისთვის.

ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში პარასკევს, ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. დასანანია, რომ ასე მოხდა. გამოსწორების დროა. ვისურვებდით, რომ სამომავლო თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს.

იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. ამ შეთანხმებას როგორც ნაბიჯს განვიხილავთ უფრო დიდი უსაფრთხოებისკენ და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს,” – წერს ზელენსკი.

პარლამენტმა პირველი მოსმენით “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიიღო

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიიღო.

“ქართული ოცნების“ კანონის პროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტით უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები განიმარტება. პროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი.

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას და კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება.

კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთივე ბერკეტები ჰქონდეს, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია. გორდულაძემ პარლამენტში პროექტის წარდგენისას აღნიშნა, რომ ამერიკელ ხალხთან ერთად, ქართველ ხალხსაც აქვს უფლება, საკუთარი სუვერენიტეტი გააძლიეროს.

“როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც, გააძლიეროს საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამასთან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვის მიერ ჩარიცხული თანხები სად ირიცხება, ვინ მოიხმარს ამ ყველაფერს და საბოლოოდ, რა მოქმედებებში ტრანსფორმირდება.

საქართველოში დღეს მოქმედი კანონი გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე ეს არის ამერიკული კანონი – გაცილებით მსუბუქია როგორც პასუხისმგებლობის ნაწილში, ასევე იმ პირთა წრიდან გამომდინარე, ვისზეც კანონი ვრცელდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტებს, რომელიც სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით რიგ აკრძალვებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს

პარლამენტმა სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების შემოღების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

“მაუწყებლობის შესახებ“ ორი კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიიღეს.

პირველი პროექტის გათვალისწინებით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს “უცხოური ძალისგან” დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. კანონის ამოქმედების შედეგად, მედიაორგანიზაციები “უცხო ძალისგან” ვერც ფულადი და ვერც ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღებას შეძლებენ.

უფრო კონკრეტულად, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება ნორმები, რომელთა თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება.

ამასთანავე, აიკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი მიღების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

. ახალი ამბების გაშუქების დროს “სამართლიანობისა“ და “მიუკერძოებლობის“ პრინციპებს არ დაიცავენ.

. თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს;

. წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა);

. თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარები სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა, ერთი შეხედულების გამოხატვა დაუშვებელი იქნება;

. თუ სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ;

. თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონით, თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა ეთიკური სტანდარტი დაარღვია, ის მას გააფრთხილებს და დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს. თუ მაუწყებელი კომისიის მითითებას არ შეასრულებს, მას დააჯარიმებენ.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

პარლამენტარებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სიტყვასიტყვით ამერიკული კანონის თარგმნისა და მისი ინიცირების თაობაზე – ირაკლი კობახიძე

პარლამენტარებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სიტყვასიტყვით ამერიკული კანონის თარგმნისა და მისი ინიცირების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის ყოფილი ელჩი თავის დროზე ამბობდა, რომ ამერიკული კანონი იყო ბევრად უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც იყო სამარცხვინო ტყუილი. 

„მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკული ფარას კანონი დიდად არ მომწონს, თავად ამ კანონპროექტის ინიცირების იდეა ძალიან მომეწონა ერთი მარტივი მიზეზის გამო, გახსოვთ ურცხვი ტყუილი, რომელსაც ავრცელებდა ამერიკის ყოფილი ელჩი „გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით. ის ამბობდა, რომ ამერიკული კანონი იყო ბევრად უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ეს იყო სამარცხვინო ტყუილი. დღეს ყველაფერს ნათელი მოეფინა, აქედან გამომდინარე, პარლამენტარებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სიტყვასიტყვით ამერიკული კანონის თარგმნისა და მისი ინიცირების თაობაზე. დანარჩენს დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ეს კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, თუმცა სიცრუეს მოეფინება საბოლოო ჯამში ნათელი და იქნება ეფექტური მექანიზმები ამოქმედებული იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში. მით უფრო აქტუალურია ეს ყველაფერი, რომ დღეს აშშ-ის მოქმედი ხელისუფლება პირდაპირ საუბრობს იმ დანაშაულებრივ მიზნებზე, რომლებსაც ემსახურებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების დაფინანსება, აქედან გამომდინარე, აქტუალობა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია ამ კანონის და პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც აკეთებდა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება, ხალხი და ხელისუფლება იდგა ერთად და სწორედ ამან მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება-ირაკლი კობახიძე

ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული სამი წელიწადი და სერიოზული ზეწოლა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით.

„რეალურად, რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება, რასაც აკეთებდა, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება. პირდაპირი მოთხოვნები იყო, პირდაპირი ზეწოლა იყო. გახსოვთ, რამდენად რთული იყო, განსაკუთრებით ომის დაწყებიდან პირველი დღეები, როცა ჩვენგან ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, რაც პირდაპირ გამოიწვევდა, როგორც ესკალაციას, ასევე ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენგან ითხოვნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რაც ნიშნავდა პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას. გარდა ამისა, ჩვენ ბოლომდე ღიად მაინც არ ვსაუბრობთ იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდებოდა დახურულ კარს მიღმა. იქ უკვე ღია ტექსტებით იყო საუბარი ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პარტიზანულ ომზე გადასვლასთან დაკავშირებით ოკუპაციის შემდეგ, ღია ტექსტებით მიდიოდა ამ ყველაფერზე საუბარი. ამას მოჰყვა მთელი პროცესები, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იყო ჩვენი უარი ომში ჩართვაზე. გვითხრეს ჩვენ უარი კანდიდატის სტატუსზე, რასაც მოჰყვა რევოლუციის მცდელობა, ეს ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. შემდეგ წელიწად-ნახევარი უარი კანდიდატის სტატუსზე, ამასაც ზუსტად იგივე მიზეზები ჰქონდა. ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით. რომ არა საზოგადოების თანადგომა, რა თქმა უნდა, ვერავითარი გათვლები და ვერავითარი სტრატეგიული სვლები ჩვენ ვერ მოგვცემდა ქვეყნის გადარჩენის საშუალებას. ხალხი და ხელისუფლება იდგა ერთად და სწორედ ამან მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გერმანიის საგარეო უწყების განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში-ირაკლი კობახიძე

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა.

მისი თქმით, მანამდეც იყო პირდაპირი და უხეში ჩარევები ქართულ არჩევნებში, როგორც გერმანელი პოლიტიკოსების, ისე ევროკავშირის ელჩის მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

„მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში, ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ესენი იყვნენ ევროკავშირის ელჩი და ა.შ. ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მითუმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა, ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს არის ჩემთვის, პირადად, ძალიან დასანანი მოვლენა, გამომდინარე იქიდან, რომ მე მაქვს იურიდიული განათლება მიღებული, სწორედ, გერმანიაში და როდესაც იქ ვსწავლობდი, სულ რაღაც 20 წლის წინ, სრულიად სხვა რამეს მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ახალი ახალი კანცლერის პირობებში შეიცვალოს დამოკიდებულებები და მიდგომები, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება.

„ამის იმედი დავიტოვოთ. თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისგან, გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება, თუმცა ჩვენ წინასწარ გაგვიჭირდება ამის თქმა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხედავთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კონკრეტული ქვეყნები გლობალური ომის პარტიის, „დიფ სთეითის“ გავლენამ და ეს ყველაზე კარგად ჩანს ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე, რომლებსაც საერთოდ აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და შესაბამისად, ყოველგვარი პრინციპები, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის, გამომდინარე განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა, ნათქვამია: „ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული“.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან-ირაკლი კობახიძე

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს გაიმართა შეხვედრები პარლამენტში ორივე პალატის თავმჯდომარეებთან, ხვალ იგეგმება შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

„დავიწყეთ ვიზიტი უზბეკეთში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან. დღეს უკვე გვქონდა შეხვედრები პარლამენტში, ორივე პალატის თავმჯდომარეებთან. ხვალ გაიმართება შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. გვექნება საუბარი თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე. პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება არის მეტად მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ამ კუთხით, პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით ორივე ქვეყნისთვის არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა. თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალია ბევრი მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო, ინვესტიციების კუთხით და ყველა ამ თემაზე გვექნება საუბარი უზბეკ მეგობრებთან“, – განაცხადა პრემიერმა.