Home Blog Page 263

,,პუტინი მზად არის განიხილოს დროებითი ზავი უკრაინაში იმ პირობით, რომ პროგრესი იქნება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კუთხით”- Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის განიხილოს დროებითი ზავი უკრაინაში იმ პირობით, რომ პროგრესი იქნება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კუთხით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის უნდა არსებობდეს მკაფიო გააზრება იმისა, თუ როგორი იქნება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო პრინციპები.

გარდა ამისა, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს შესაძლო სამშვიდობო მისიის პარამეტრების განსაზღვრას, მათ შორის შეთანხმებას, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას მასში.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ან არ მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია”- ზვიად ძიძიგური

პარტიაში ჯერ არ გვიმსჯელია არ თემაზე და გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, – ასე პასუხობს „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური კითხვას, მიღებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება, თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „პროტესტის მონაწილეები თბილისის ან ბათუმის მერს წაართმევენ ხელისუფლებას“.

„ჩემს მოსაზრებას გეტყვი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის ან ბათუმის მერი რომ წაართვას პროტესტანტებმა ხელისუფლებას, ეს მნიშვნელოვანი ბერკეტია თუ არა? გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ან არ მონაწილეობაზე არ მიგვიღია იმიტომ, რომ ჯერ არ ყოფილა ამ თემებზე ლაპარაკი.

არ არის ეს თემა აქტუალური, მაგრამ ის, რომ წინასწარ ყველამ გადაწყვიტოს, რომ მოდი, არ მივიღოთ მონაწილეობა და ტელევიზიით ელაპარაკონ ოპოზიციური პარტიები ამაზე ერთმანეთს, ეს არ არის სწორი, და ღალატი იქნება. მონაწილეობის არმიღებაზე ადვილი არაფერია, არც ფულს დახარჯავ, არც ხალხში ივლი, არც რამეს დააორგანიზებ და თან იტყვი, არ მინდა, ამ ცესკოს პირობებში არ მივიღებ მონაწილეობას. მართალი და გამართული პოზიცია გექნება და იჯექი სახლში, მაგრამ დაიძინებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ამაღამ და არ გაიღვიძებს ხვალ? ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა და ამაზე ასე ჰაიჰარად საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

,,თუ ვინმეს არ აქვს უფლება ხმა ამოიღოს ანაკლიის პორტზე, ეს არის ბატონი ხაზარაძე”- რატი იონათამიშვილი

„თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ხმა ამოიღოს ანაკლიის პორტზე, ეს არის ბატონი ხაზარაძე“, – ასე გამოეხმაურა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი, ანაკლიის პორტის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

მისი თქმით, ხაზარაძეს სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეს, ქართულ პოლიტიკაში ყოფნაზე უარს იტყოდა. 

„თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ხმა ამოიღოს ანაკლიის პორტზე, ეს არის ბატონი ხაზარაძე, ვინაიდან მან ჯერ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ შემდგარიყო, ხოლო შემდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა საქართველოს, მოითხოვა მილიარდ ნახევარი დოლარის გადახდა საქართველოს მხრიდან, საბოლოოდ, წააგო ეს საქმე და თვითონ მოუწია 650 000 დოლარის გადახდა.

ჩვენ ვიცით ამ ადამიანის სტანდარტი რა არის ზოგადად და, შესაბამისად, არც მის სიტყვას, არც პოზიციას არანაირი ფასი არ აქვს. მას რომ რაიმე ნატამალი გააჩნდეს სინდისის, ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში ყოფნაზეც უარს იტყოდა“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

,,ეს „მეგობარი აქტია“, თუ თვალთმაქცობის აქტი?” – დავით მათიკაშვილი

ეს „მეგობარი აქტია“, თუ თვალთმაქცობის აქტი? სხვა, ნებისმიერი აქტი შეგვიძლია ვუწოდოთ. სახელი „მეგობარი აქტი“ ამ დოკუმენტს ნამდვილად არ ესადაგება, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სენატში, მომავალ კვირას დაგეგმილ „მეგობარი აქტის“ განხილვის საკითხზე საუბრისას.

მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც ქართველ მებრძოლებთან ერთად იბრძოდნენ ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებში, ნამდვილად არ ესმით მეგობრობა ისე, როგორც ეს ესმის ჯო უილსონს, რომელმაც მისი კარიერის მანძილზე 200-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა და ერთადერთი იქცა საკანონმდებლო აქტად – მათიკაშვილის თქმით, შედეგად, ერთ-ერთ შტატში საფოსტო განყოფილებებს სახელწოდებები შეეცვალათ.

„200 ინიციატივიდან სხვა მისი არც ერთი არ ქცეულა აქტად. გამოვთქვამ იმედს, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო ბევრად უფრო შორს მჭვრეტელი იქნება, განსაკუთრებით, „რესპუბლიკური“ ფრთა და იმ აქტს, რომელსაც მეგობრობის გარდა ყველაფერი შეიძლება დავარქვათ და საფუძველს ანტი მეგობრობას უყრის, ბუნებრივია, ამ აქტთან დაკავშირებით ფრთხილად იქნებიან და მის მისაღებად სრულიად გაუგებარ, არამეგობრულ ნაბიჯს არ გადადგამენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ტრამპი აცხადებს, რომ ხამენეის ბირთვულ იარაღზე მოსალაპარაკებლად წერილი გაუგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების მოლაპარაკება და 6 მარტს სავარაუდოდ, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

„აღვნიშნე, რომ იმედი მაქვს, მოლაპარაკებებს დავიწყებთ, რადგან ეს ბევრად უკეთესი იქნება ირანისთვის. ვფიქრობ, მათ სურდათ ამ წერილის მიღება, რადგან ამის ალტერნატივაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ვინაიდან ვერ დავუშვებთ კიდევ ერთ ბირთვულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ტრამპმა.

რესპუბლიკელი სენატორები დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენისკენ მოუწოდებენ

რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს.

რესპუბლიკელები აფრთხილებენ ტრამპს, რომ ამერიკული დახმარების ხანგრძლივი შეჩერება საომარ მოქმედებებში სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

მათი თქმით, ტრამპს ჰქონდა უფლება, დროებით შეეჩერებინა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა შეეფასებინა ომის მიმდინარეობა, ზეწოლა მოეხდინა ნატო-ს მოკავშირეებზე და შეექმნა ფანჯარა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებისთვის. თუმცა, ამავე დროს, რესპუბლიკელები აფრთხილებენ, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების ზედმეტად დიდი ხნით შეჩერებამ, შეიძლება, დამანგრეველი გავლენა იქონიოს უკრაინის ბრძოლის უნარზე, რაც შეასუსტებს მის ბერკეტებს რუსეთთან მოლაპარაკებებში.

გარდა ამისა, სენატორები ხაზს უსვამენ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენის აუცილებლობას.

„ეს არის შეშფოთება უკრაინელი ხალხის გამო. მე უფრო მაწუხებს, როგორ მიიღებენ ამას ადამიანები ბრძოლის ველზე“, – განაცხადა სენატორმა ტომ ტილისმა. მისივე თქმით, შესაძლოა, ეს სასარგებლო აღმოჩნდეს პუტინისთვის.

სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, ჯონ ტუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება დროებითია.

„ეს არის პაუზა, რაც მნიშვნელოვანია. ეს არ არის შეწყვეტა. ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებების ნაწილია. იმედი მაქვს, საბოლოოდ ჩვენ დავსვამთ ადამიანებს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შევძლებთ შეთანხმებას, რომელიც სამწლიანი კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას მოიტანს და იმედია, პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტს“, – განაცხადა ტუნმა.

ამასთან, სენატორმა ლინდსი გრემმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ტრამპის მიერ გამოცხადებული უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერებით.

„მე ძალიან შეშფოთებული ვარ ამით გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა გრემმა.

სენატორმა ჯონ კორნინმა, სენატის სადაზვერვო კომიტეტის უფროსმა წევრმა კი განაცხადა: „სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვაწვდიდით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა მათ შეძლებოდათ ბრძოლის გაგრძელება. იმედი მაქვს, რომ პაუზა რაღაც მომენტში გაუქმდება“.

ბიძინა გიორგობიანი: დასავლეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე წნეხს შეამცირებს

დასავლეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე წნეხს შეამცირებს, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა.

„ისფედი“ არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ორგანიზაცია იმ ჯაჭვში, რომელი ჯაჭვიც არა მხოლოდ საქართველოში მოქმედებდა. მათი დონორი ორგანიზაცია იყო USAID-ი და სხვა დონორი ორგანიზაციებიც. ისინი დაფინანსებას იღებდნენ ერთი წყაროდან და ეს იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა ფინანსური ორგანიზაციები.

2020 წელს და ახლაც, 2024 წლის არჩევნებში, „ისფედმა“ საქართველოში პროვოცირება გაუკეთა სამოქალაქო არეულობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და იდეოლოგიური საფუძველი მისცა, რომ თითქოს 2020 წელს არჩევნები გაყალბდა, 2024 წელს მათ ვეღარ გაბედეს ასეთი ავანტიურა, მაგრამ პარალელური დათვლის შედეგები არ გამოაქვეყნეს, რითაც უნდოდათ, რომ პარლამენტის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დაეყენებინათ. მათი ეს მცდელობები წყალში ჩაიყარა, რადგან მსოფლიოში რადიკალურად და უეცრად შეიცვალა პოლიტიკური კლიმატი. ის დამფინანსებლები, რომლებიც უკვეთავდნენ სახელმწიფო გადატრიალებებს, თვითონ აღმოჩნდნენ დასაცავები“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან მესიჯბოქსი მოდიოდა ბრიუსელში და შემდეგ ბრიუსელი ახორციელებდა საქართველოში.

​„ჩვენ დაგვარეგისტრირეს როგორც კანდიდატი ქვეყანა იმისთვის, რომ უფრო უშუალოდ ჩარეულიყვნენ ჩვენს შინაურ საქმეებში. ახლა ეს სქემა შეიცვალა, მსოფლიოში სხვა პოლიტიკური კლიმატი შემოიტანა ტრამპის ადმინისტრაციამ, მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატია ისევ ბაიდენის ადმინისტრაციის გაიდლაინებით მოქმედებს“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი  თურქმენეთში დასრულდა. საქართველოს მთავრობის მეთაური აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში  თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევმა გააცილა. ოფიციალური ვიზიტი პრემიერმა მედიასთან შეაჯამა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„თურქმენეთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და პოზიტიური პოლიტიკური თანამშრომლობა. საუბარი გვქონდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ამ კუთხით არის ძალიან დიდი სივრცე იმისთვის, რომ განვავითაროთ ურთიერთობები. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განავითაროს საკუთარი როლი შუა დერეფნის ფარგლებში და ამ კუთხით თურქმენეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ გვქონდა საუბარი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რომელთანაც არის დაკავშირებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. ასევე მინისტრებს ჰქონდათ საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით. ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი არის ძალიან დიდი და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,ცალკეული ქვეყნის ელჩებს, მე მგონი საერთოდ არა აქვთ ვენის კონვენცია წაკითხული”- დავით მათიკაშვილი

ცალკეული ქვეყნის ელჩებს, მე მგონი საერთოდ არა აქვთ ვენის კონვენცია წაკითხული. ასეც რომ არ იყოს, აშკარად იკვეთება მათ საქციელში რაღაცა შეხმატკბილებული მცდელობა ქართველ რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად და იმ ძალებთან ერთად, ვინც გარედან ახდენს ამ შიდა რადიკალების მართვას, რომ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, მის ლეგიტიმაციას, ხალხის და საზოგადოების გადაწყვეტილებას შეუქმნას საფრთხეები. ანუ მოახდინონ საზოგადოების აზრის ნიველირება, ჩვენი ელექტორატის უდიდესი უმრავლესობის გადაწყვეტილებების, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უცხო ქვეყნის ელჩების ქართულ სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ამ ყველაფერში არიან სამწუხაროდ ჩართულები ცალკეული ქვეყნის ელჩები, რომელთა საქციელიც არაფრის დიდებით არ ჯდება დიპლომატიურობის ფარგლებში. ისინი პირდაპირ ესწრებიან სასამართლო სხდომებს და ცდილობენ მოახდინონ მოსამართლეებზე რაღაც გარკვეული ზეწოლა. რაღაც სამარცხვინო საქციელებს ჩადიან მათი წარმომდგენი ქვეყნები, როდესაც აქ საქართველოს მოსამართლეებს ასანქცირებენ. საერთოდ გაუგებარ და არა თუ მეგობრულ, არამედ არანაირ პარტნიორულ ურთიერთობაში რომ არ ჯდება ისეთ ნაბიჯებზე მიდიან, როგორც ის ქვეყნები, ასევე მათი წარმომდგენი ელჩები. საბოლოო ჯამში ეს კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოების თვალში მკაფიოდ უსვამს ხაზს როგორი სწორი, პრინციპული და ეროვნული პოზიცია უკავია ჩვენს ქვეყანას. და თუ არა ეს პოზიცია რა დიდ უბედურებაში შეიძლება გახვეულიყო საქართველო, ისეთში, სადაც არის სამწუხაროდ დღეს ჩვენი მეგობარი უკრაინა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ომის გახანგრძლივება ახლა, ყველაზე მეტად სოროსის ევროპულ ოფისს – ბრიუსელს აწყობს!-ზურაბ ქადაგიძე

დონალდ ტუსკის განცხადებას „ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და შეიარაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოს“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროპისთვის უკრაინაში ომის დასრულება სამართლებრივ – პოლიტიკური განაჩენი იქნება.

„3 წლის განმავლობაში:

რუსეთს სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგებინეს;

უკრაინის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაში ხელი ვერ შეუშალეს;

სანქციების მიუხედავად, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რუსეთის ბაზრის ათვისებაში და
ახლა გაახსენდათ პასუხისმგებლობა?

არა, ახლა პასუხისმგებლობაზე მეტად, გარდაუვალი პასუხისგების შიში აქვთ, რადგან ომის დასრულება და სამართლებრივ-პოლიტიკური განაჩენი, ომის ყველა „დისტრიბუტორისა“ ეტაპობრივად დადგება!
ასე რომ – ომის გახანგრძლივება ახლა, ყველაზე მეტად სოროსის ევროპულ ოფისს – ბრიუსელს აწყობს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7776 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7776 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0181 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0042 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა

ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, რათა დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები, ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი -ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან, რათა დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი.

„ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი. ასეთი ქმედებები ალბათ ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ, თუმცა ეს არის არა ჩემი, არამედ შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან, რათა დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.