Home Blog Page 261

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა დატოვეს

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა დატოვეს.

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მესამედ გამოიძახა პოლიცია. მათი განმარტებით, თუ ისინი შენობას არ დატოვებდნენ, ამ შემთხვევაში მათ დაკავება ემუქრებოდათ, ამიტომაც სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობა არ გვიკვირს, მაგრამ ამ დღეს მოხდა რაღაც გარდამტეხი. ჩვენ გვაიძულეს, რომ დაგვეტოვებინა ის სივრცე, საიდანაც ვაჟღერებდით ჩვენს ხმას, მაგრამ ვთვლი, რომ აქედან გამომდინარე, არაფერი არ იცვლება. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. სტუდენტების ინფორმაციით, ჯარიმა გამოუწერეს დაახლოებით, 10 სტუდენტს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ისინი შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომელიც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

,,პუტინის ინტერესები საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი”- ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, პუტინს არ აინტერესებს მშვიდობა და ევროკავშირმა სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

ქადაგიძის განცხადებით, პუტინის ინტერესები რაც არის, საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, თუმცა, საინტერესოა, კაია კალასმა როდიდან გაარკვია რუსეთის პრეზიდენტის ინტერესები.

„პუტინის ინტერესები რაც არის, ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და თქვენ როდიდან გაარკვიეთ ქალბატონო, ყველა სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა როცა დაბლოკეთ, სამი წლის განმავლობაში ვერაფერი დაუპირისპირეთ და სანქციების პარალელურად – თქვენი ქმარი რუსეთში ბიზნესს რომ აწარმოებდა თუ მას შემდეგ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სარკეში ჩაგახედათ და საკუთარი ბინძური პოლიტიკა დაგანახათ?

რომელი უფრო დიდი ნაძირალაა – ეს ესტონელი „ჩარჩი“ თუ ტერორისტების დაქალი, გერმანელი „ენჯეოშნიცა“ – ბერბოკი? – საკითხავი ეგ არის“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ჩინეთი, რუსეთი და ირანი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთის, ირანის და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მარტში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ, – ინფორმაციას სააგენტო Xinhua ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება, სახელწოდებით „უსაფრთხოების სარტყელი-2025“, დაგეგმილია ირანის ჩაბაჰარის პორტის მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე.

სწავლების გეგმა მოიცავს წვრთნებს საზღვაო დარტყმის სამიზნეებზე, დაზიანების კონტროლს, ასევე, ერთობლივ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, წვრთნების მიზანია, სამხედრო ურთიერთნდობის გაძლიერება და მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის პრაგმატული თანამშრომლობის გაღრმავება.

ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს, ჭკვიანად იყვნენ – მეუფე იაკობი

ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს ჭკვიანად იყვნენ, – განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

„როდესაც მსოფლიოში ამდენი არეულობაა და ამ პატარა საქართველოსთვის იცლი, ან მართლა ქრისტე უნდა იყო, ან – დიდი ინტრიგანი. გამეცინა, გუშინ ვნახე შვედეთიდან უთანაგრძნეს [პროტესტის მონაწილეებს]. ჩვენზე ძალიან ვინ ვის უნდა უთანაგრძნოს?! შეეშვით ჩვენთან არევ-დარევის შემოტანას. ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებთ. ქართველებიც გარე-გარე რომ დარბიხართ, გარეთ ვინ გიშველით?! თანამდებობები გინდათ და რას აწვალებთ, რას არბენინებთ ხალხს ქუჩაში?! მინდა უცხოელებს ვუთხრა, თავიანთ ერებს მიხედონ და ჩვენთან თუ კეთილი ურთიერთობა უნდათ, შეგვეშვან. ვინც ცუდად გვექცევა, ყველას უჭირს მერე. ჩვენი ლოცვა ინახავთ, რომ კიდევ არიან და რაღაცას წარმოადგენენ. ჯობს, ჭკვიანად იყვნენ“, – აღნიშნა მეუფემ.

Shahed-ის ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთმა, ამ კვირის განმავლობაში, ჩვენს ხალხზე სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ასობით თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 1 200-მდე მართვადი საჰაერო ბომბი, 870-მდე დრონი და 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა.

„Shahed-ის ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს. ეს იარაღი მოიცავს 82 000-ზე მეტ უცხოურ კომპონენტს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ გადაწყვეტილებების მიღება სიცოცხლის გადარჩენის მიზნით: საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინვესტიციები ჩვენს თავდაცვით წარმოებაში და სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ძალისხმევას სამართლიან მშვიდობასთან დასაახლოებლად და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ზელენსკი.

9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge/ “რეკომენდაციების” ველში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუდენტები აცხადებენ, რომ პოლიციამ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პროტესტის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. სტუდენტების ინფორმაციით, ჯარიმა გამოუწერეს დაახლოებით, 10 სტუდენტს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ისინი შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომელიც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

„გვითხრეს, რომ უნივერსიტეტის შიგნით პროტესტი არ შეიძლება. რადგან არ ვემორჩილოთ იმას, რასაც ადმინისტრაცია გვთხოვს, ყველა დაგვაჯარიმეს 5 000 ლარით. ამ ეტაპზეც, ყველას სახელს და გვარს იწერენ და ჯარიმებს უწერენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

სტუდენტების განმარტებით, დღეს დილით, თეატრალური უნივერსიტეტმა სანიტარული სამუშაოები ისე დაიწყო, რომ ადგილზე მყოფი სტუდენტები არ გააფრთხილა. მათი თქმით, ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პროტესტის გასაგრძელებლად სხვა სივრცე გამოეყენებინათ, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს და განმარტეს, რომ შემოთავაზებული ალტერნატიული სივრცე პატარა იყო. ამასთან, სტუდენტები უნივერსიტეტის სხვა სივრცის დათმობას მოითხოვდნენ, რაზეც მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან უარი მიიღეს.

პროტესტის მონაწილეებით თქმით, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა. თავდაპირველად სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ პოლიციამ შენობა დატოვა, თუმცა სამართალდამცველები უნივერსიტეტში დაბრუნდნენ და ისინი დააჯარიმეს.

ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია – თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება – ილონ მასკი

ვლადიმერ პუტინი, უკრაინის გამო, ფაქტობრივად, ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია. მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ გავთიშე, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს.

„რაც გულს მირევს, არის წლების ხოცვა-ჟლეტა ჩიხში, რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს. ვისაც ნამდვილად აინტერესებს, ნამდვილად ფიქრობს და ნამდვილად ესმის, სურს ხორცსაკეპი მანქანის გაჩერება. მშვიდობა ახლავე!!“, – წერს მასკი.

ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ კავშირს ამერიკულ გუნდთან. ვემზადებით შეხვედრისთვის საუდის არაბეთში – მწამს, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს – ვოლოდიმირ ზელენსკი

2 დღე აშშ-უკრაინის მოლაპარაკებამდე. საუდის არაბეთში ჩანიშნულ შეხვედრაზე, ორი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეიკრიბებიან. საუდის არაბეთში მიემგზავრება, თუმცა მოლაპარაკებებში მონაწილეობას პირადად არ მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი წარმოადგენენ. შტატების დელეგაციის შემადგენლობაში კი, სახელმწიფო მდივანი- მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის წარმომადგენელი- სტივ ვიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი იქნებიან.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ შტატებთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მზად არის. დონალდ ტრამპი კი, კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დროულად დასხდომისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ კავშირს ამერიკულ გუნდთან. ვემზადებით შეხვედრისთვის საუდის არაბეთში. მწამს, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს: პოზიტიურად ვართ ამისთვის განწყობილნი — ეს უდავოა. უკრაინის მხრიდან წარმოდგენილი იქნებიან დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები: პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა, უკრაინის დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე გამორჩეული წევრი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა — გამოცდილი საბრძოლო მეთაური, რომელიც სრულყოფილად იცნობს ფრონტის ხაზს და საფუძვლიანად ერკვევა ბრიგადების მდგომარეობაში. ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა უკრაინის ინტერესები სრულად იყოს გათვალისწინებული — გათვალისწინებული ზუსტად ისე, როგორც მათი მნიშვნელობა მოითხოვს.

ასევე, ველოდები თავდაცვის მინისტრის მოხსენებას დახმარების ახალ პაკეტზე, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჩვენი თავდაცვითი წარმოებისთვის განკუთვნილ ინვესტიციებზე. ეს ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტებია, რაც უეჭველად ასეა. ამჟამად, თითქმის ყოველდღიურად, ჩვენი ევროპელი პარტნიორები იღებენ ახალ გადაწყვეტილებებს მხარდაჭერის შესახებ. გადამწყვეტია, რომ ეს გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ განხორციელდეს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სირიაში უსაფრთხოების ძალებმა ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – მედია

ბრიტანეთში დაფუძნებული “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” ინფორმაციით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა, სავარაუდოდ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, – ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც „ალავიტების“ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რელიგიურ სექტას მიეკუთვნება გადაყენებული პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადიც.

BBC-ი წერს, რომ “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი მოიცავს ათობით სამთავრობო ჯარისკაცსა და ასადის მხარდამჭერ შეიარაღებულ პირს, რომელთა შორის შეტაკებები ლატაკიასა და ტარტუსის პროვინციებში ხუთშაბათიდან მიმდინარეობს.

საფრანგეთი უკრაინას, რუსული აქტივების ხარჯზე, 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომლის გადახდა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტის გამოყენებით მოხდება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საფრანგეთი უკრაინას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის AASM-ის საავიაციო ბომბებს მიაწვდის.

გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC-ის ტიპის მსუბუქი ტანკების და VAB-ის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას, რომლებსაც ადრე საფრანგეთის ჯარები იყენებდნენ.

ქვეყანა ასევე გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას, როგორც უკრაინის, ასევე საკუთარი არმიის მხარდასაჭერად. სებასტიან ლეკორნუს თქმით, Dassault Aviation-ი, რომელიც 2024 წელს თვეში ორ ერთეულ Rafale-ის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებდა, 2026 წელს წარმოებას 4-5 ერთეულამდე გაზრდის.

მათ ასევე სურთ, 2026 წლისთვის გააორმაგონ AASM-ის საავიაციო ბომბების წარმოება. ამასთან, 2025 წელს გაორმაგდება MBDA-ის (Akeron MP) ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება.

რუსული თავდასხმების ბოლო ტალღას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა – BBC

რუსული თავდასხმების ბოლო ტალღას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო დონეცკის ოლქის ქალაქი დობროპილია და ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ბოჰოდუხივი.

“კონფლიქტის შემსუბუქების ნიშნები ჯერ არ ჩანს”, – წერს BBC.