Home Blog Page 26

ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას აშშ-ში და ევროკავშირში, მთავარია, ამ ყველაფრის ფონზე ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ახლა არის განსხვავებული მიდგომები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, თუმცა ევროკავშირი არ ცვლის საკუთარ მიდგომებს, მათ შორის, ომთან მიმართებით.

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, მთავარია, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვიყოთ სრულად კონცენტრირებული საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მე ვარ ნამდვილი მზეთუნახავი, რადგან თითქმის ოთხი წელია, არ მინახავს მზის სხივი-მიხეილ სააკაშვილი

მე ვარ ნამდვილი მზეთუნახავი, რადგან თითქმის ოთხი წლის განმავლობაში არ მინახავს მზის სხივი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ კლინიკიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ისჯება იმისთვის, რომ ხალხთან და შეიარაღებულ ძალებთან ერთად, 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.

„თქვენ წინაშე ახლა წამოვდექი ნამდვილი მზეთუნახავი. მე ვარ მზეთუნახავი, რადგან არ მინახავს მზის სხივი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. უკვე თითქმის ოთხი წელია, გამოკეტილი ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის ცის დანახვასაც არ მაღირსებენ და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი. ვიცი, რომ საქართველოს ტელევიზიები პრაქტიკულად ჩემს გამოსვლებს არ აშუქებენ, რადგან ყველგან დგას ოლიგარქიული ინტერესები, მაგრამ არსებობს სოციალური ქსელები. მინდა, მხარდამჭერებს ვუთხრა, გადააზიარონ ეს გამოსვლები.

ვიცი, რომ ხალხის დიდი ნაწილი ძალიან შეშფოთებულია. რა თქმა უნდა, ხალხი, თითქმის ყველა, გარდა ერთი მუჭა სამთავრობო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა, ყველა დანარჩენი დაკავებულია ყოველდღიური ფულის მოპოვების პრობლემით. თქვენ მსჯით იმისთვის, რომ ჩემი მონატრებული, ჩემი აშენებული ბათუმის მონახულება მომინდა და იმისთვის, რომ ჩემი აშენებული ავტობანით გამოვიარე საქართველო, იმისთვის, რომ ჩემი აშენებული, შექმნილი საბაჟო სისტემით შემოვედი საქართველოში, იმისთვის, რომ ჩემი დედულეთი, საყვარელი სამეგრელო მოვინახულე თუნდაც ორიოდე დღით, იმისთვის, რომ ჩემს მშობლიურ თბილისში ჩამოვედი იმ პირობით, როცა არცერთი სხვა ლეგალური გზა არ დამიტოვეთ. თვითმფრინავებს აკრძალული ჰქონდათ ჩემი ბორტზე დასმა. სხვა გზა საქართველოში შემოსვლის მე არ მქონდა. ვისჯები იმისთვის, რომ შევაჩერე ჩემს ხალხთან ერთად, ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინე 2008 წელს. გადავარჩინე საქართველო ყველაზე უარესი რამისგან, რაც შეიძლებოდა, დამართნოდა. ვისჯები იმისთვის, რომ დავინდე ჩვენი ხალხი, ავაცილე თავიდან დიდი პროვოკაცია და 2012 წელს მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება.

თქვენ, ვინც ამ სისტემას წარმოადგენთ, მე რა მოსაყვანი ვარ, დავით აღმაშენებელი რომ ჩაგვარდნოდათ ხელში, დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით და მიუსჯიდით პატიმრობას. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, განვითარებასთან, ერთიანობასთან, სიძლიერესთან, თქვენთვის და თქვენი პატრონებისთვის არის მიუღებელი. დავით აღმაშენებელსაც კი დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით და ილია ჭავჭავაძესაც, რომ ჩაგვარდნოდათ ხელში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ეს ბრძოლა არ არის ადვილი.

„ზედმეტ იმედებს ნუ დავამყარებთ სანქციებზე. მსოფლიოს ბოროტმა ძალებმა დიდი ხანია, იპოვეს გზები სანქციებისთვის გვერდზე ავლისთვის. ასე რომ, ზედმეტად ნუ დავაიმედებთ თავს, რომ კიდევ ერთი სანქცია, კიდევ ერთი და მერე ჩამოიშლება. არ ჩამოიშლება. ვითარება შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობით და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის ეგზისტენციალური, რადგან საქართველო არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. იმის ფონზე, რომ საქართველო არის მთლიანად მარგინალიზირებული. ევროკავშირში დაუყოვნებლივ უსაფრთხო ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტია, ჩვენი გადარჩენის, მაგრამ ეს ინტეგრაცია ვერ მოხდება, თუ არ ჩატარდა არჩევნები და არ იქნა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება საქართველოში.

ბრიტანეთის პარლამენტში იყო ორი დღის წინ ისტორიული დებატები, სადაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ თუ გვინდა მშვიდობა გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უკრაინაში. იქვე ოპოზიციის, ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერმა თქვა ფრაზა, რომელმაც გამაოგნა. მან თქვა, რომ ის, რაც ბოლო ხანებში ხდება, ეს ძალიან ახარებს მოსკოვს, თეირანს და თბილისსო. ამას დაეთანხმა პრემიერ-მინიტრიც. წარმოგიდგენიათ, რა უფსკრულში ვართ გადაჩეხილი? ჩვენ ვართ სრულიად დაუცველი და რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერში გვჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია. ის იქნება აბსოლუტურად დამღუპველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომი კონფრონტაცია თავიდან ავიცილოთ, ამისთვის სულ სხვა ტიპის სახელმწიფო უნდა გვქონდეს. ბევრად უფრო დაცული. დღეს რაც გვაქვს, ეს უპატრონობა და დაუცველობა, პირდაპირ ეპატიჟება დამპყრობელს შემდგომი ქმედებებისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩავატაროთ სასწრაფოდ არჩევნები, მივაღწიოთ ამას, დავამყაროთ ხელახლა ევროკაშირთან ურთიერთობა და განვაახლოთ სწრაფი ინტეგრაცია, მაგრამ მანამ ნათლად გამოვხატეთ, რომ ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია არცერთ ჩვენს მეზობელთან, მაგრამ ასევე უნდა ავიღოთ უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოების კავშირი უნდა შევქმნათ თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ისეთივე კავშირი, როგორც აზერბაიჯანს აქვს თურქეთთან. ეს არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. აზერბაიჯანს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები აქვს, მაგრამ ეს იქნება ჩვენი დაცვისთვის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა მოაგვაროს ტერიტორიული პრობლემები და საზღვრის პრობლემები თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რადგან სამხრეთ კავკასია უნდა შეიკრას ერთ ბლოკად და ურთიერთდახმარების რეჟიმში უნდა იმუშაოს. რა თქმა უნდა, ყველანი უნდა წავიდეთ ევროპის მიმართულებით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, უკრაინაში მდგომარეობას რაც შეეხება, სააკაშვილის თქმით, ფრონტზე არის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა 2022 წლის შემდეგ.

„უკრაინელებმა არა მხოლოდ შეაჩერეს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსების წინ წასვლა, არამედ დაიწყეს კონტრშეტევები და საკმაოდ მსხვილი დასახლებული პუნქტების გათავისუფლება. არავის ჰქონდეს ილუზია, ამერიკა არასდროს ჩააბარებს უკრაინას. ახლა რაც მიმდინარეობს, ეს არის მანევრი სამშვიდობო ხელშეკრულების გარშემო, მაგრამ უკრაინის ჩაბარება არ მოხდება და რამდენადაც მე ვიცი, არც სამხედრო დახმარება არ შეწყვეტილა. ჯერჯერობით შეწყვეტილია მხოლდო სადაზვერვო მონაცემების ნაწილის გაცვლა, რაც ეხება უშუალოდ რუსულ ტერიტორიაზე შეტევას, მაგრამ სხვა მხრივ, ყველაფერი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, განახლდება სრული მასშტაბით ისიც, რაც დაპაუზებულია, რადგან ეს არის ამერიკის ნაციონალურ ინტერესებში. დონალდ ტრამპი არის ძლიერი ლიდერი. მინდა, გვესმოდეს, რომ ამ ვითარებაში არც უკრაინის ჩაბარება მოხდება და თუ ჩვენი ხალხი ვიყოჩაღებთ, არც საქართველოს ჩაბარება არ მოხდება, მაგრამ საფრთხე არის რეალური და დიდი. ჩვენი პასიურობა იქნება ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილის პირდაპირი რეცეპტი.

მადლიერებას არავისგან ვითხოვ, მით უმეტეს თქვენგან, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ უმადურობა ცოდვაა. ალბათ ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს, რომ კატასტროფული უმადურობა გამოიჩინეთ ჩემ მიმართ. მსოფლიოში ფიქრობს ასე ბევრი ადამიანი, მაგრამ მე ვითხოვ სამართლიანობას. სამართლიანობა არის ის, რომ ნამდვილად არ ვიმსახურებ განადგურებას იმისთვის, რომ შევქმენი საქართველო. არსუკიძის ბედი 21-ე საუკუნეში, არავინ არის ამის ღირსი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო სხდომაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა სოლიდარობის გამოცხადებისთვის. სააკაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა აქციებზე დაკავებულებს, მათ შორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ ენაზე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტს და უკრაინულად უკრაინელ მეგობრებს.

“დონალდ ტრამპი საოცრად მართალიც არის და სახიფათოდ უსამართლოც: MAGA-ს იმპერიალისტური ამბიციები ევროპელ მემარჯვენეთა მიზნებს ეწინააღმდეგება”- The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპი საოცრად მართალიც არის და სახიფათოდ უსამართლოც: MAGA-ს იმპერიალისტური ამბიციები ევროპელ მემარჯვენეთა მიზნებს ეწინააღმდეგება“ (ავტორი – ალისტერ ჰითი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტის ლოზუნგის – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ – მნიშვნელობა აშშ-ის ფარგლებს გარეთ – სასარგებლოა თუ უსარგებლო MAGA ამერიკის მოკავშირეებისათვის?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი არც მესია არ არის და არც დემონი. მისი მლიქვნელები და მოძულეები ერთნაირად არასწორნი არიან. რეალობა გამოხატული ნიუანსებით: არის კეთილი ტრამპი და არის ბოროტი ტრამპი, ერთ პრეზიდენტში ორივე რთულად ეთავსება ერთმანეთს.

დონალდ ტრამპი საოცრად მართალია რიგ მომენტებში, მაგრამ იმავდროულად სახიფათო შეცდომებს უშვებს და არასწორად მოქმედებს. იგი განსაკუთრებული ფიგურაა, რომელიც ამერიკულ საზოგადოებაზე და ადამიანების თაობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მაგრამ თავისი  სოლიფსური მსოფლმხედველობით (მხოლოდ საკუთარი გონების რწმენა და ობიექტური რეალობის უარყოფა), დაუდევარი დამოკიდებულებით ფაქტების მიმართ და გადაჭარბებული პატივისცემით ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებისადმი აშშ-ის პრეზიდენტი თავისუფალი სამყაროს ბედს რისკის წინაშე აყენებს.

როცა დონალდ ტრამპი ნორმალურად იქცევა, იგი ნამდვილად კარგი ადამიანია. მისი პოლიტიკა ქალების უფლებების საკითხებში, ანტისემიტიზმთან ბრძოლაში, ისრაელისადმი მხარდაჭერაში, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში, მერიტოკრატიის ხელშეწყობაში, როცა თანამდებობების დაკავებაში კანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ ჭკუა-გონება და შრომისმოყვარეობა ფასდება, სიტყვის თავისუფლებაში, ხარჯების დერეგულირებაში, მისი მკაცრი პოზიცია მფლანგველობასთან, ბედოვლათობასთან, არეულ-დარეულ მმართველობასთან – უბრალოდ, შთამაგონებელია.

მაგრამ როცა გაბრაზებული ტრამპი რაიმე საკითხის გადაწყვეტას იწყებს, ის ნამდვილად საშინელი ადამიანი ხდება. მან საკუტარი თავი დაარწმუნა იმაში, რომ უკრაინა ცრუ ნარატივს წარმოადგენს. მან დაიჯერა, რომ უკრაინა რუსეთის მსხვერპლი არ არის. იგი ბრალდებას უყენებს მსხვერპლს, მას მოსწონს უკრაინის პრეზიდენტის დამცირება პირდაპირ ეთერში, იგი აიძულებს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ იგი აშშ-ის ძლიერი პრეზიდენტის მორჩილი იყოს და ამ მიზნით სამხედრო დახმარებას უწყვეტს. დონალდ ტრამპისათვის ვლადიმერ პუტინი მონსტრი კი არ არის, რომელიც უკრაინელებს გენოციდს უწყობს, არამედ კოლეგა-პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპს, როგორც ჩანს, გულწრფელად სურს მშვიდობის დამყარება. შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკის არასწორად მოიქცა – ალბათ, თავი უნდა შეეკავებინა მასთან საუბარში, მაგრამ ჩვენთვის, რომლებსაც „პაქს ამერიკანას“ (Pax Americana – მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პოლიტიკური სტაბილურობა) იმედი გვაქვს, იმ აზრის დაშვება, რომ ამერიკას შეუძლია დასავლური სამყარო მიატოვოს, უბრალოდ, საშინელებაა. ჩინეთის განცხადება, რომ ის მზად არის ნებისმიერი ომისათვის, ცეცხლზე ნავთს ასხამს და ჩვენი უსაფრთხოების მიმართ რწმენას გვისუსტებს.

დიახ, ჩვენი მეტწილად უსაქმური მთავრობები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დაცვის იმედზე იყვნენ, ეს პრობლემა არ აწუხებდათ და იოლად ხარჯავდნენ უამრავ თანხებს სოციალურ დაცვაში, დიდებული მიზნის – ადამიანთა კეთილდღეობის ზრდისათვის, ვალდებულები იყვნენ მეტი ყურადღება დაეთმოთ თავდაცვისათვის და მეტი უნდა ეზრუნათ თანამოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტრამპი თავის ერთგულ მოკავშირეებს ისე ეპყრობა როგორც ვასალებს ან მათხოვრებს, რომლებსაც შეიძლება ყურადღება არც მიაქციო. ტრამპს შეუძლია ისინი, ვინც მას უსიტყვოდ არ დაეთანხმება, დასაჯოს, გადასახადები დაუწესოს, ტარიფები მოუმატოს თავისი შეხედულებით. მისთვის ყველაფერი დამყარებულია ტრანზაქციებზე და გარიგებებზე, მისთვის მეგობრობა თითქმის არაფერს არ ნიშნავს – სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრობაც, რომლებსაც ამერიკა გულწრფელად, უანგაროდ გვიყვარს და პატივს ვცემთ. ტრამპი არღვევს თავისივე დადებულ სავაჭრო შეთანხმებებს კანადასთან და მექსიკასთან, ანგრევს ეკონომიკებს და სურს ამერიკის ტერიტორიის გაფართოება მეზობლების ხარჯზე.

ბევრი ამერიკელი რესპუბლიკელისათვის პასუხი მარტივია: ისინი ხომ აღმერთებენ დონალდ ტრამპს და ამიტომ რეფლექტორულად ახდენენ იმ ყველაფრის რაციონალიზებას, რასაც იგი აკეთებს. ისინი იმედოვნებდნენ და ახლაც იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპი მათ „სოციალიზმის ბორკილებისგან“ გაათავისუფლებს, შეამცირებს პანიკას და დასწევს ფასებს ენერგო შემცველებზე. მათ მოეწონათ ჯეიმს ვენსის გამოსვლა მიუნჰენის კონფერენციაზე. მაგრამ იმავდროულად და მათთვის შეუმჩნევლად, კეთილთვისებიანი ტრამპი თანდათან ავთვისებიანად მოქმედებს და ცხოვრებას ურთულებს თავის პოლიტიკურ თანამგზავრებს, ბიძგს აძლევს მემარცხენეთა საპასუხო ბრძოლას მთელ მსოფლიოში.

მემარჯვენეები არ უნდა იყვნენ ზედმეტად პატივისმცემლები ტრამპის მიმართ. დიახ, მას მხარი უნდა დაუჭირონ, მაგრამ როცა იგი მართალი არ არის და არასწორად იქცევა, იგი კიდეც უნდა გააკრიტიკონ. ობიექტურად თუ ვიტყვით, კრიტიკა უკვე იწყება.

როცა ჯეიმს ვენსმა უარყო უკრაინაში ევროპული ჯარების ყოფნის წინადადება და განაცხადა, რომ არ ღირს 20 ათასი ჯარისკაცის შეყვანა „შემთხვევით“ ქვეყანაში, რომელსაც 30-40 წელი არ უბრძოლიაო, ნაიჯელ ფარაჯი (ბრიტანეთის რეფორმირების პარტიის ლიდერი) გაბრაზდა და მას პირდაპირ უთხრა, რომ მიუტევებელ შეცდომას უშვებდა. ჯეიმს ვენსის სიტყვები ბევრმა ბრიტანელმა გულთან მიიტანა და შეურაცხყოფად მიიღო, რადგან ბრიტანეთმა საკმაო მსხვერპლი გასწია  ერაყში და ავღანეთში. კონსერვატორთა ლიდერი კემი ბადენოქიც იძულებული გახდა დისტანცირება მოეხდინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებისაგან უკრაინასთან დაკავშირებით (მოგვიანებით ვენსმა განაცხადა, რომ მისი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული).

ტრამპის პროგრამა-მაქსიმუმი „დავუბრუნოთ ძველი დიდება ამერიკას“ (MAGA) დიდწილად იმპერიალისტურ ხასიათს ატარებს და არა ნაციონალისტურს – იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპის ექსპანსიონისტური ამბიციები შეხამებულია კომერციულ და სამხედრო ინტერესებთან (ჩინური „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ მსგავსად). უცხოელები მიიღებენ ამერიკულ ნაციონალიზმს და მას მეტ-ნაკლებად შეურიგდებიან, მაგრამ ისინი ვერ მოითმენენ ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლენას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის აშკარად მიმართულია წიაღისეულის მისატაცებლად.

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტი უკვე პოპულარული აღარ არის, თვით მემარჯვენედ განწყობილ მოსახლეობაშიც კი. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა დაახლოებით 76% თვლის, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის ომს თავს ცუდად ართმევს, 13% კი თვლის, რომ კარგად. მთელ ევროპაში პატრიოტულად განწყობილი ამომრჩევლები დონალდ ტრამპის მიმართ უკვე ალერგიას განიცდიან, რადგან იგი ევროპელ მემარჯვენე პოლიტიკოსებს, ანუ მათ ლიდერებს (მცირე გამონაკლისის გარდა) გესლავს და ცხოვრებას უმწარებს. ისინი სამართლიანად არიან აღშფოთებულები ტრამპის სავაჭრო სანქციებით ევროპის მიმართ.

შეუძლებელია, რომ  პროექტი MAGA მთლიანად იქნას გადატანილი სხვა დასავლელი ქვეყნების პოლიტიკაში. იმიტომ, რომ MAGA მთლიანობაში არათანმიმდევრულ და ირაციონალურ იდეოლოგიურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც დროისა და სივრცისაგან არის მოწყვეტილი.  MAGA არ არის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა სხვა ნებისმიერმა ქვეყანამ და ხალხმა თავისი აღორძინებისთვის შეიძლება გამოიყენოს.

MAGA-ს რეალიზებით დონალდ ტრამპს სურს ამერიკა ყველგან პირველობდეს – გამოცანის გასაღები თვითონ სახელწოდებაშია („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“). შესაბამისად, ის რაც ამერიკელი მემარჯვენეებისათვის მუშაობს, შეუძლებელია ავტომატურად იმუშაოს ბრიტანელი, კანადელი, ტაივანელი ან ავსტრალიელი მემარჯვენეებისათვის. აშშ-ის ეროვნული ინტერესები საკმაოდ ხშირად სხვა დასავლელი სახელმწიფოების ინტერესებს არ ემთხვევა და ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება. MAGA მანიფესტი არ არის, რომლის ასლების გამრავლება და მთელი მსოფლიოს ქუჩებში გაკვრა შეიძლება. თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ის დადგება ორგანოების წარუმატებელი ტრანსპლანტაციის პოლიტიკური ექვივალენტის – ნეგატიური ეფექტის წინაშე: რეციპიენტის იმუნური სისტემა უცხო სხეულს შეუტევს და უკუაგდებს, როგორც შეუთავსებელს.

კანადის მაგალითი მსგავსი ეფექტის თვალსაჩინო ილუსტრაციას წარმოადგენს. პიერ პუალევრი, მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ჯასტინ ტრიუდოს უღიმღამო პრემიერობის შემდეგ გამარჯვების გზაზე იდგა, მაგრამ ამ დროს დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მას სურს კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს და სავაჭრო ტარიფები გაზარდა. საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მემარჯვენე პიერ პუალევრის რეიტინგი მკვეთრად დაეცა, მემარცხენე მარკ კარნის პოპულარობამ კი, რომელიც ჯასტინ ტრიუდოს კიდევ ერთ შემცვლელად მოიაზრება, საკმაოდ მოიმატა. პიერ პუალევრი, რომელიც ადრე ამერიკელ რესპუბლიკელებს სიმპათიით უყურებდა, დღეს მკვეთრად ეწინააღმდეგება ტრამპისტებს და აქტიურ ანტიამერიკელად გადაიქცა. არადა, აშშ და კანადა, ორი ერთმანეთის მოსაზღვრე ქვეყანა, რომლებიც ერთმანეთისათვის ნამდვილად ყველაზე თბილი მოკავშირეები იყვნენ, დღეს თითქმის ომის ზღვარზე დგანან. კიდევ ერთი ნიუანსი: დიდი ბრიტანეთის მეფე  კანადის სახელმწიფოს მეთაურადაც ითვლება. რა უნდა ქნას ასეთ სიტუაციაში ლონდონმა?

თავისი გაუაზრებელი მოქმედებით დონალდ ტრამპმა დასავლელ მემარცხენე ელიტებს მოულოდნელი საჩუქარი მიუძღვნა. მათი სტრატეგია ნათელია: რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ აშშ-ის მეთაურის გარკვეულ პრეტენზიებს დათანხმდნენ, მაგალითად, გაზარდონ სამხედრო ხარჯები, მაგრამ იმავდროულად ფსონი დადონ იმაზე, რომ ამომრჩევლები მემარჯვენე პარტიებს მხარს აღარ დაუჭერენ. ბრიტანელი ლეიბორისტები და ლიბერალ-დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულება უკრაინის მიმართ ხელს შეუწყობს მათ გაერთიანებას.

მოკლედ, აშშ-ის პრეზიდენტის იმპერიული ამბიციები, ნებით თუ უნებლიედ, შეიძლება ხელშემშლელ პირობად იქცეს ევროპული მემარჯვენე კონტრრევოლუციისათვის, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და, საერთოდ, ევროპისათვის ამჟამად ერთადერთ იმედს წარმოადგენენ [მემარცხენე ნეოლიბერალების წინააღმდეგ].

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ელჩი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიაში, წინასაარჩევნო პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული, არჩევნების შემდეგაც ვხედავთ მის დამოკიდებულებას-შალვა პაპუაშვილი

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ელჩი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიაში, წინასაარჩევნო პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული, არჩევნების შემდეგაც ვხედავთ, მის დამოკიდებულებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულება აჩვენებს ერთ რამეს, რომ ძალადობის, იმ დეზინფორმაციის და პროპაგანდის მხარდაჭერაა, რომელიც ვრცელდება.

„ზუსტად ასე განვიხილავ მე, მათ შორის, მის ყოფნას ყვარელში, იმ ორგანიზაციაში, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ უცხო ქვეყნების მოქმედებას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სირცხვილია, როდესაც ეროვნებით, მოქალაქეობით ქართველი ადამიანი ხარობს, რომ ლაშა ტალახაძეს უწესებს სანქციებს რომელიღაცა ქვეყნის, რომელიღაცა საგარეო საქმეთა მინისტრი. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ელჩის ვიზიტი ყვარელში, ზუსტად ამისი ჩვენება იყო, რომ ის ამხნევებს იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სხვა ქვეყნების მოქმედებას მიესალმებიან, აგულიანებს, აფინანსებს, ახალისებს და საბოლოო ჯამში, ამით აზიანებს საქართველოს – როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ყველაფერს უყურებს როგორც მცდელობას, დაზიანდეს ქართული საზოგადოება.

„ხანდახან თვითონ რომ ირონიით საუბრობენ, თითქოს ყალბი ბრალდებაა, რომ ქართველობას გვაკარგვინებენ. აბა სხვა რა არის? სხვა რა არის, როდესაც ადამიანი ხარობს, რომ ლაშა ტალახაძეს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ასანქცირებს. აი, სხვა რა არის, თუ არა დაკარგვა ყოველგვარი კავშირისა საკუთარ სამშობლოსთან, საკუთარ ქვეყანასთან, საკუთარ საზოგადოებასთან და ასეთ უსამშობლობას ახალისებს, მათ შორის ასეთი ქცევები, როდესაც ტაშს უკრავენ, აფინანსებენ და გვერდში უდგებიან მათ, ვინც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლარი – ძლიერიწმინდასავალუტოშემოდინებები, ევრო/დოლარისგამყარებადანეიტრალურიშიდაკომპონენტი – განახლება თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტისგან

„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორებზე გადავალთ, საგარეო კომპონენტის კუთხით, აგრეთვე, მნიშვნელოვანია გამოვყოთ ბოლო დღეებში საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება და, საპირისპიროდ, ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიური განვითარებაა.

ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის კონტექსტში ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საშუალო-გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთების უპირატესობას, ჩვენი რეკომენდაციის შესაბამისად, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეაქცია მოკლევადიან პერიოდში, რასაც ხშირად, თუ ყოველთვის არა, საკმაო დანაკარგები მოსდევს.

ამ მხრივ, ყურადღებას გავამახვილებთ ბოლო პერიოდში კორპორატიული სექტორის უცხოური ვალუტის სესხების პორტფელში ევროს წილის შემცირებაზე, რაც თანხვედრაშია გადაწყვეტილების მიღების ჩვენს ჩარჩოსთან, რადგან, ჩვენი შეფასებით, ევრო/დოლარი საშუალო-გრძელვადიან ტრენდზე ჯერ კიდევ სუსტი რჩება, მათ შორის, საქართველოსთვის რისკიანობისა და ეკონომიკური კავშირების თავისებურებების გათვალისწინებით.

რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, იანვარში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შედარებით შესუსტდა, რაც გამოიხატება შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის კლებასა და დეპოზიტების კონვერტაციის ტემპის შენელებაში. მიუხედავად ამისა, ისტორიულ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა მაინც მაღალი რჩება, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სენტიმენტების მხრივ დინამიკა დიდწილად უცვლელია.

თიბისი კაპიტალის ლარის წონასწორობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჩარჩოს თანახმად, ლარი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე სადღეისოდ არსებულ ნიშნულთან ახლოსაა. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობას. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილება.

სხვა მაჩვენებლების კუთხით, იანვარში, საქსტატის თანახმად, ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა, რაც ამჯერადაც ჩვენს მოლოდინებზე მაღალია. მეტი ინფორმაცია ზრდის ფაქტორებთან დაკავშირებით ეროვნული ანგარიშების კვარტალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

აგრეთვე, თებერვალში ფასები წლიურად 2.4%-ით გაიზარდა, თუმცა, ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 2.9%-ს მიაღწია. წლიურ ინფლაციაზე, ერთჯერადი ფაქტორების გარდა, შემცირების მიმართულებით მოქმედებს ფასების კლება ხანგრძლივი მოხმარების საქონელზეც, რომელიც, სენტიმენტების თვალსაზრისით, ჩვენთვის განსაკუთრებული დაკვირვების საგანია. ამ კუთხით, აღვნიშნავთ, რომ თებერვალში თიბისის არხებით უნაღდო დანახარჯები ხანგრძლივი მოხმარების პროდუქციაზე კვლავ შენელდა“.

პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006711-weekly-update-from-the-chief-economist

(R)

აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტთან, მჯერა, რომ ჩვენს პარტნიორობას შეუძლია, უზრუნველყოს მეტი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა.

მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცენტრალურ აზიაში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარგობრივ უწყებებს შორის შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის სფეროების შემდგომ გაფართოებას.

ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტში უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

25-ე საიუბილეო წელს GM PHARMA მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს

25-ე საიუბილეო წელს GM PHARMA მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს – კომპანიამ წარმატებით გაიარა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსპექცია და უკვე მეორედ მიენიჭა საქართველოს ნაციონალური კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი.

2022 წლის 1 იანვრიდან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებისა და საბითუმო რეალიზატორებისთვის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სერტიფიცირება სავალდებულო გახდა. რესერტიფიცირების პროცესი 3 წელიწადში ერთხელ ხდება, რაც კომპანია GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა.

აღსანიშნავია, რომ GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და დღემდე რჩება ერთადერთ, მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოდ საქართველოში. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე: დისპენსირება, შერევა, გრანულირება, ტაბლეტირება, კაფსულირება, შემოგარსვა, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2022 წელს მიღებული GMP სერტიფიკატი არ იყო სიახლე, რადგან GM PHARMA-ს ჯერ კიდევ 2007 წელს მიენიჭა კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP EU Vol. IV შესაბამისობის სერტიფიკატი (სერტიფიცირების ორგანო Heathside Information Services, დიდი ბრიტანეთი).

ამჟამად GM PHARMA ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას, როგორიცაა საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი (2022 წლიდან, როდესაც ინსპექტირება სავალდებულო გახდა), PIC/S საერთაშორისო GMP სერტიფიკატი (2014 წლიდან), ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018 და ა.შ.

დამატებით, GM PHARMA-მ 2023 წელს წარმატებით გაიარა ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების (EU GMP: EudraLex – Volume 4 – Good Manufacturing Practice (GMP) guidelines) შესაბამისობის აუდიტი, რომელიც მაღალი ავტორიტეტის მქონე გერმანული კომპანია Heacon Service GmbH-ის ფარმა-აუდიტის ჯგუფმა განახორციელა. Heacon ჯგუფის მონაცემთა ბაზაში შეტანილია ინფორმაცია GM PHARMA-ში ჩატარებული აუდიტის შესახებ, რომლის დასკვნაშიც ხაზგასმულია, რომ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ში მიმდინარე მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების პროცესი, საწარმოს, ლაბორატორიების, საწყობის, ტექნოლოგიურ-ინჟინრული აღჭურვილობისა და ზოგადად, ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სისტემები სრულ შესაბამისობაშია EU GMP სტანდარტებთან. აღნიშნული ადასტურებს GM PHARMA-ს საწარმოში ოპერაციების ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების არსებობას.

ასევე უნდა აღინიშნოს კომპანიაში მაღალი ავტორიტეტის მქონე უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მიერ 2024 წელს ჩატარებული მორიგი GMP ინსპექცია, რის საფუძველზეც GM PHARMA-ს კიდევ ერთხელ მიენიჭა GMP შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატი – PIC/S GMP. ფარმაცევტული ინსპექციების კონვენცია/კოოპერაციის სქემა – PIC/S, სხვადასხვა ქვეყნის კარგი საწარმოო პრაქტიკის მარეგულირებელი ორგანოების მსოფლიო გაერთიანებაა, რომლის მთავარ მიზანს GMP ინსპექტირების წესების ჰარმონიზება წარმოადგენს. PIC/S-ის GMP სერტიფიკატი მსოფლიო მარეგულირებელი ორგანოებისა თუ ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის სანდოობასთან და გლობალურ იმიჯთან, ფარმაცევტული პროდუქციის მაღალ ხარისხთან და უსაფრთხოების მყარ გარანტიებთან ასოცირდება. უკრაინის მარეგულირებელი ორგანო PIC/S გაერთიანებას 2011 წლიდან შეუერთდა. დღეის მდგომარეობით, პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნები და უკრაინაა წარმოდგენილი აღნიშნულ გაერთიანებაში, რაც უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მაღალი რეპუტაციისა და ინსპექტორების მაღალი კვალიფიკაციის დადასტურებაა.

2024 წელს GM PHARMA-მ ასევე წარმატებით გაიარა უზბეკეთის GMP სერტიფიცირების პროცესი. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს უზბეკეთის ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, რის შედეგადაც, აღნიშნული ქვეყნის მარეგულირებელი უახლოეს პერიოდში გეგმავს PIC/S-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას. აღნიშნული ფაქტი უზბეკეთის GMP სერტიფიკატის ფლობას კიდევ უფრო ფასეულს ხდის.

GM PHARMA, ერთადერთი საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია საქართველოდან, აქტიურად განაგრძობს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) სერტიფიკაციისთვის მზადებას, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის და საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციისთვის.

ყველა ზემოთ აღნიშნული წარმატება და საერთაშორისო სტანდარტებთან ხარისხობრივი შესაბამისობა GM PHARMA-ს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მზაობას ადასტურებს.

GM PHARMA-ს მისიას თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით, ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო ნორმისა თუ სტანდარტის დაცვით, მედიცინისათვის აქტუალური მედიკამენტების შექმნა-განვითარება და წარმოება წარმოადგენს. კომპანიის მთავარი ფასეულობა კი საკუთარი მედიკამენტებით რაც შეიძლება მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივებაა. ამჟამად, GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო, საექსპორტო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

(R)

ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა.

მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცენტრალურ აზიაში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარგობრივ უწყებებს შორის შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის სფეროების შემდგომ გაფართოებას.

ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტში უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა

დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა – საქართველოს ეროვნულ გმირს 81 წელი შეუსრულდებოდა.
ჟიული შარტავა – საქართველოს ეროვნული გმირი, „ვახტანგ გორგასლისა“ და „წმიდა გიორგის“ I ხარისხის ორდენების კავალერი. გენერალ-მაიორი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე,  1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს სეპარატისტებმა.
„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი!“ – უთქვამს ჟიული შარტავას იმ უმძიმეს დღეებში. მან ბოლომდე არ მიატოვა დასაცემად განწირული სოხუმი და მეგობრებთან და დაცვის წევრებთან ერთად გმირულად დაიღუპა.

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1973 წელს სწავლობდა ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. ეკავა კომკავშირული და პარტიული თანამდებობები თბილისსა და რუსთავში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1989 წელს დაამთავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

1992 წელს ჟიული შარტავა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად აირჩიეს, რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟიული შარტავას გმირობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა: „მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშარობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.

„წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე“… „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ – ეს იმ სიტყვების ჩამონათვალია, რომელიც ჟიული შარტავას სიკვდილამდე დღეებით ადრე უთქვამს.

2004 წელს ჟიული შარტავას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

თიბისის მხარდაჭერით, მომხმარებლის გამოცდილების მართვის წლის მთავარი ღონისძიება, CX Business Summit Georgiaგაიმართა

მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summitი – წლის მთავარი ღონისძიება CX-ის მიმართულებით.

სამიტის მონაწილეებს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო CX ექსპერტებმა ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან, მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომები და პრაქტიკები გაუზიარეს.

სამიტი გაიხსნა CX Hub-ს თანადამფუძნებლებისა და TBC-ის ბრენდის გამოცდილებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის მაკუნა თავბერიძის მისასალმებელი სიტყვით ბიზნესის ჯანსაღი განვითარებისთვის მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ. მომხმარებლის გამოცდილების მართვის ექსპერტებს შორის იყვნენ დარგის წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტები ამერიკული და ევროპული ბაზრის გამოცდილებით: იან გოლდინგი – Customer Experience Consultancy | CXPA (UK), შონ ბელდინგი – CX Global Guru | The Belding Group (Canada), ოლგა პოტაპცევა – European Customer Consultancy | CX Panda (UK), ჯულიან ჰავესი – Qmatic (UK), ნიკ ვან ლანგენდონქი – Unbossers Network (Belgium).

სამიტზე CX Hub-მა, საქართველოში პირველად, წარადგინა მომხმარებლის გამოცდილების მართვის ჯილდო – CX Award Georgia, რომლის ნომინანტებიც გახდნენ კომპანიები: Fina2, Orson, Radars, Waitercall, Carrefour, Hellio.ai.

CX Business Summit-ის ფარგლებში ასევე გაიმართა CX-ის გლობალური ექსპერტის და Customer Experience Professional Association-ის თანადამფუძნებელი წევრის – იან გოლდინგის ვორქშოფი.

წელს უკვე მეორედ CX Business Summit Georgia-ს სტატისტიკა ციფრებით კიდევ ერთხელ ახდენს ვალიდაციას, რომ CX Hub მომხმარებელზე ფოკუსის გადააზრებით და მხარდაჭერით განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის ქართული ბიზნესისთვის: 350 სტუმარი, 80-მდე ქართული ბიზნესი და 10-მდე ინდუსტრია – წარმოდგენილი CX Business Summit-ზე ფინანსური, სადაზღვევო, ტელეკომუნიკაციების, IT, საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამედიცინო, ელ.კომერცია, საცალო ვაჭრობის, სამშენებლო და სხვა სექტორებიდან.

თიბისი მუდმივად ისწრაფვის ინოვაციების, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისკენ. სწორედ ამიტომ თიბისი უკვე მეორე წელია CX ბიზნეს სამიტის მხარდამჭერია, რომელსაც მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო CX Hub აორგანიზებს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიზნეს გარემოს განვითარებაში, ინოვაციური იდეების გაცვლასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიების დანერგვაში.

„თიბისიში გვჯერა, რომ მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა ბიზნესის მდგრადი ზრდის საფუძველია. უკვე ორი წლის განმავლობაში CX ბიზნეს სამიტის მხარდაჭერა ასახავს ჩვენს ერთგულებას ინოვაციების, მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებისა და ისეთი ბიზნეს გარემოს შექმნისადმი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ უკეთ გაუგონ და მოემსახურონ თავიანთ მომხმარებლებს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ცვლილებების განხორციელებისა და ინდუსტრიებს შორის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის პრაქტიკების გაზიარებისთვის” – მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.

კომპანია CX Hub არის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის წამყვანი სააგენტო

საქართველოში, რომელიც ეხმარება ბიზნესებს CX და EX (მომხმარებლის და

თანამშრომლის გამოცდილების) მართვის კვლევებში, სტრატეგიების შემუშავებასა და CX Management სისტემების დანერგვაში.

ღონისძიების ორგანიზატორია: CX Hub – მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო

გენერალური პარტნიორი: თიბისი

პარტნიორები: NGT GroupCommuniQUniversity of Georgia, The European Fund for Southeast Europe (EFSE), Interaction Design Foundation (IxDF), The CX Academy, Blue OceanProdAct Community, BM.GE, ქალების ნარატივი, Entrepreneur, Imedi L, Balance

(R)

ევროპა სამხედრო საფრთხეებისთვის მზად არ არის -ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტი საერთო არ არის მზად სამხედრო საფრთხეებისთვის.

როგორც დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, მან მიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანს იმის თაობაზე, რომ ნატოს ჰააგის სამიტზე, რომელიც ივნისში გაიმართება, სამხედრო ხარჯების მშპ-ის 3%-მდე გაზრდის საკითხი დღის წესრიგში ჩასვას.

„მე გენერალურ მდივანს განცხადებით მივმართე, ეს საკითხი ჰააგის სამიტის დღის წესრიგში ჩასვას. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა განიხილოს ხარჯების 3%-მდე ზრდის საკითხი. ამის გაკეთება დაუყოვნებლივ არის საჭირო, არა 2030 წლისთვის, არამდე ახლა. მიზეზი მარტივია. ჩვენ არ გვაქვს ლოდინის ფუფუნება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, მისი რეალიზება მოვახდინოთ დაუყოვნებლივ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამხედრო პოტენციალი. აღმოჩნდა, რომ ევროპა საერთოდ არ არის მზად სამხედრო საფრთხეებისთვის. ამის შესახებ ჩვენ სხვადსხვა დონეზე ვსაუბრობთ“, – აღნიშნა დუდამ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით +15 და ღამით -1 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +12 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +6, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზეა. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.