Home Blog Page 26

საქართველოს შიდა პრობლემები ქართველი ხალხის და არა ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ უნდა მოგვარდეს -ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს საშინაო საქმეების მიმართ კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს.

„ევროპული კომისიის მიერ საქართველოს საშინაო პროცესისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს. ისინი ცდილობენ ქართველი ხალხის ნებას შეხედონ კოლონიალური წარსულის პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ალიევმა.

როგორც აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა იცის, რომ აზერბაიჯანელები მათ გვერდში უდგანან.

„საქართველოს ხალხმა იცის, რომ ჩვენ მათთან ვართ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობამაც იცის. და საქართველოს შიდა პრობლემები ქართველი ხალხის და არა ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ უნდა იყოს მოგვარებული“, – თქვა აზერბაიჯანის ლიდერმა.

პატივი უნდა გვეცა არჩევნების შედეგებისთვის და ამის ნაცვლად, კვლავ ვერევით იმაში, რაც ხდება, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გვჭირდება – ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე 

ჩვენ პატივი უნდა გვეცა არჩევნების შედეგებისთვის და ამის ნაცვლად, ჩვენ კვლავ ვერევით იმაში, რაც ხდება. ჩვენ კონსტრუქციული მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა სჭირდებათ.

„საკმაოდ გაოცებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ საქართველოს საკითხზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ეს ის თემაა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მოგვარებულიყო. ჩვენ პატივი უნდა გვეცა არჩევნების შედეგებისთვის და ამის ნაცვლად, ჩვენ კვლავ ვერევით იმაში, რაც ხდება. მიმაჩნია, რომ კონსტრუქციული მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვცადოთ, გავიგოთ, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს მათთან საუბარი, დიალოგი, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გვჭირდება“, – განაცხადა დანილო დელა ვალემ.

 ათობით მილიონი დოლარი გაიგზავნა საქართველოში, ეს უცხოური ჩარევაა, თუ გვინდა რეალური პარტნიორობა, მაშინ მოლაპარაკება უნდა აწარმოოთ არჩეულ ხელისუფლებასთან -ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო

J

დაუჯერებელია, რასაც ზოგიერთი თქვენგანი თავს უფლებას აძლევს, განსაკუთრებით უნგრეთთან მიმართებით. უნგრეთმა გაგზავნა ქართულ პოლიტიკაში ასობით მილიონი დოლარი? უნგრეთმა გაგზავნა ამდენი ფული საქართველოში არჩევნების დროს? არა, ეს არ იყო უნგრეთი. ეს იყო USAID-ი, ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ეს იყო „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს, – ამის შესახებ უნგრელმა ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი ევროპელი გამომსვლელი გამოჩნდა საპროტესტო აქციებზე საქართველოს ქუჩებში. ანდრაშ ლასლოს შეფასებით, ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოსვლა და ფინანსური მხარდაჭერა ჩარევაა.

„თქვენ ასევე მხარი დაუჭირეთ ოპოზიციის პროტესტს – ბევრი ევროპელი გამომსვლელი გამოჩნდა ამ საპროტესტო აქციებზე საქართველოს ქუჩებში. და შემდეგ თქვენ გვეუბნებით, რომ იცავთ დემოკრატიას? ეს სამარცხვინოა. თქვენ თავს ესხმით უნგრეთს – რა თანხა გაგზავნა უნგრეთმა საქართველოში? მითხარით, რა თანხა გავგზავნეთ ჩვენ, უნგრეთმა საქართველოში? გეკითხებით თქვენ, სოციალისტებს და ლიბერალებს, გთხოვთ, თუ მართლა გჯერათ, რომ საქართველოს სჭირდება უფრო მჭიდრო კავშირები ევროპასთან, მაშინ იქნებ დაიწყოთ მოლაპარაკება იმ პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში? ევროკავშირი უარს ამბობს არჩევნებში გამარჯვებულებთან საუბარზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ზუსტები რეალობის პატივისცემაში. ათობით მილიონი დოლარი გაიგზავნა საქართველოში – ეს არის უცხოური ჩარევა. როცა ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოდიხართ, ეს არის ჩარევა. როცა ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურად უჭერთ მხარს, ეს ჩარევაა. ჩვენ თუ გვინდა რეალური პარტნიორობა, მაშინ მოლაპარაკებები არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა აწარმოოთ“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ

ჩინეთი 10 აპრილიდან ამერიკულ პროდუქტზე 84-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს

ჩინეთი 10 აპრილიდან ამერიკულ პროდუქტზე 84-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს

 ჩინეთი 10 აპრილიდან ამერიკულ პროდუქტებზე 84-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს. მანამდე ჩინეთს ამერიკულ პროდუქციაზე 34-პროცენტიანი ტარიფები ჰქონდა გამოცხადებული. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან დაამატა 12 ამერიკული სუბიექტი ექსპორტის კონტროლის სიაში და ექვსი აშშ სუბიექტი – „არასანდო სუბიექტების“ სიაში.

 ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადების თანახმად, აშშ-ის პრაქტიკა ჩინეთის მიმართ ტარიფების გაზრდის თაობაზე არის შეცდომა, რომელიც სერიოზულად არღვევს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, სერიოზულად აზიანებს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და სერიოზულ გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკური წესრიგის სტაბილურობაზე.

დიალოგის რეჟიმში დღეს ერთადერთზე ვართ თანახმა, რომ წინა პლანზე დაყენებული იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და პატივი სცეს ყველამ მის ეროვნულ ინტერესებს -მამუკა მდინარაძე

დავდექით ფეხზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დღეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთი დამოუკიდებელია, როგორი ხარისხიც აქამდე არც გვქონია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია საკუთარ მოქმედებებში ეროვნული ინტერესებიდან გამოდის და დასავლეთისგან შეფასებების დროს ობიექტურობას ელოდება.

„დამოუკიდებლობის დღევანდელი ხარისხი გვაძლევ საშუალებას, თამამად და, პირველ პირში, ყველას ბოლომდე სიმართლე ველაპარაკოთ. ვუთხრათ, რომ არარელევანტურია, მაგალითად, „გამჭვირვალობის კანონის“ ხსენება, იმიტომ, რომ უფრო მკაცრი კანონი მივიღეთ, ამერიკული კანონი „ფარა“, რომელიც პირდაპირ გადავწერეთ, პირდაპირი თარგმანი გავაკეთეთ და ამაზე ვერავინ ამოიღო ხმა. წარმოიდგინეთ, რამხელა სიცრუის ქვეშ ამყოფეს თავიანთი მომხრეებიც, ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ, მთლიანად ვერა, როდესაც „გამჭვირვალობის კანონი“ გააპროტესტებინეს და ორი წელი რუსული კანონი აძახებინეს, ხოლო გაცილებით მკაცრი კანონი, ამერიკულიდან პირდაპირ ნათარგმნი საერთოდ აღარავინ გააპროტესტა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ გამოაშკარავდებოდა მათი სიცრუის ფსკერამდე დასული ხარისხი. შესაბამისად, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვით. ყველაფერი, მათ შორის ამერიკული „ფარაც“, „გამჭვირვალობის კანონიც“, სხვა კანონებიც და გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში მივიღეთ, ერთადერთს ემსახურება – საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, არის უმყარესი საფუძველი შემდგომი განვითარების, რეალური, ქრისტიანული, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვის, ჩვენი, ქართული სახელმწიფოს რეალური წარმომადგენლობის ევროპაში და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის. ეს არის მყარი რეალური გარანტიები. საპირისპირო მიმართულებით სიარულს როდესაც გვაიძულებდნენ, მათ შორის სანქციებს, ომში ჩართვას და ა.შ., ეს იქნებოდა იმის მყარი გარანტია, რომ პირიქით მომხდარიყო ყველაფერი, ამიტომ არ წავყევით ამ ყველაფერს“, – განაცხადა მამუაკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის ობიექტურ შეფასებას მოითხოვს.

„სადიალოგო არავისთან არაფერი გვაქვს, ობიექტურ შეფასებას მოვთხოვთ ყველას ჩვენ მიერ გადადგმული რეალური ნაბიჯების, რომელიც არის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს, საბედნიეროდ, ამის თქმის საფუძველი გვაქვს და ვბედავთ ამის თქმას. პირდაპირ ვაღიარებ, 5 და 6 წლის წინათაც კი, ასე თამამად ვერ ვლაპარაკობდით, მათ შორის, ეროვნულ საკითხებზეც კი, რადგან აქ გვჭირდებოდა ბევრი პოლიტიკური სვლა, რომ, ერთი მხრივ, გავფრთხილებოდით სახელმწიფოს, სუვერენიტეტს და, მეორე მხრივ, გარკვეული ლავირებები მოგვეხდინა. დიალოგის რეჟიმში დღეს ერთადერთზე ვართ თანახმა, რომ წინა პლანზე დაყენებული იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და პატივი სცეს ყველამ მის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ევროსაბჭოს ასამბლეაში შვედი პარლამენტარის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, ეს ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, ეს არის მთავარი“. მისივე თქმით, ახლა საჭიროა მეტი კონტაქტი და მუშაობის გასაგრძელებლად შანსი უნდა მიეცეს დიალოგს. როგორც ალენ ბერსემ აღნიშნა, აპირებს, დაუკავშირდეს საქართველოს მმართველ პარტიას და პრემიერ-მინისტრს.

მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საბერძნეთის მიერ მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, მარტივად აიღონ ბერძნული მართვის მოწმობა-მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის პარლამენტის მიერ ქართული მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის კონტექსტში, ასევე იმ პრაგმატული თვალსაზრისით, რაც ამ გადაწყვეტილებას საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში მნიშვნელოვანია პოზიტიური დღის წესრიგი და საბერძნეთის პარლამენტის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ აქტუალურ საკითხებს.

„საბერძნეთის პარლამენტის მიერ მართვის მოწმობების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან და ამ ქვეყანაში საქმიანობენ. ყოველგვარი გამოცდის გარეშე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაცვალონ მართვის მოწმობები და გარკვეულწილად ეს ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას, თუკი ასეთი ინტერესი აქვთ მათ საბერძნეთში. რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“.

ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში სრული ფიასკოსთვის არის განწირული, ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს-ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია განადგურდა გარე ძალების ხელით, საბოლოო ჯამში, გარედან იწერება სცენარები, გარეთ ვინც წერს კონკრეტულ სცენარებს, მათ არ აქვთ საზოგადოების პულსის სწორი აღქმა ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, გარე ძალებმა პრაქტიკულად თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სრულიად სხვა მიზანი – ოპოზიცია მოეყვანათ ხელისუფლებაში.

„არის სრული ქაოსი და რა თქმა უნდა, ეს ასე წარიმართება მომავალშიც და ეს ძალიან კარგია. იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, სრული ფიასკოსთვის არიან განწირული. ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისითაც სუსტდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ აქტიურად განვაგრძოთ ზრუნვა ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, უნდა მომზადდეს შესაბამისი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ვიდრე კოლექტიური „ნაცმოძრაობა” რჩება ოფიციალურ პოლიტიკაში, მანამდე ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს, აგენტურა არ უნდა იყოს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ბოლომდე გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური სისტემა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეუქცევადად განვითარდეს დემოკრატიული თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მომავალში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვფიქრობთ, წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ამისთვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას-ირაკლი კობახიძე

ვფიქრობთ, წელს 6%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და ქვეყანა გეგმას ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა.

„6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა, პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი – 9,4%. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ეს ხდებოდა ხოლმე წინა წლების შემთხვევაშიც, პროგნოზი იყო ხოლმე ბევრად უფრო დაბალი და შემდეგ გეგმას ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით, ვფიქრობთ, წელსაც იქნება ეს შესაძლებელი. ვფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ზრდა გვექნება. ამისათვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია, ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ და სააკაშვილის რეჟიმმა, ასევე ე.წ. ოპოზიციამ, დღევანდელი ე.წ. ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის სახით, ეს არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე-პრემიერი

ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა და ასევე ჩაიწერა ის, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია, ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ, პრაქტიკულად, ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ და რაც ყველაზე გასაოცარია, ამას ხელი მოაწერა სააკაშვილის რეჟიმმა, ასევე ე.წ. ოპოზიციამ, დღევანდელი ე.წ. ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაზე Factcheck-ის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ „Factcheck-ი არის „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული მთავარი გამყალბებელი ორგანიზაცია, ამიტომ, საინტერესო არ არის, რას ამბობენ ისინი“.

„რაც შეეხება 2008 წლის ომს, რეალურად, ყველამ ყველაფერი იცის ამ ომთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, ძალიან კარგად მახსოვს 7 აგვისტოს ღამეც, 8 აგვისტო – როდესაც გამოცხადდა კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და როდესაც ზარ-ზეიმით გვიცხადებდა მაშინდელი რეჟიმი, როგორ იღებდნენ სოფელს სოფელზე, როგორ იყვნენ შესული ცხინვალში და როგორ მიიწევდნენ წინ როკის გვირაბისკენ. არავითარი თავდაცვის რეჟიმი, მთლიანად საუბარი იყო შეტევაზე, რომელსაც ახორციელებდა რეჟიმი და შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა. ასევე ჩაიწერა ის, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია, მართალია, გადაჭარბებული, მაგრამ საპასუხო რეაქცია. ამას ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ, პრაქტიკულად, ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ და რაც ყველაზე გასაოცარია, ამას ხელი მოაწერა სააკაშვილის რეჟიმმა, ასევე ე.წ. ოპოზიციამ, დღევანდელი ე.წ. ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის სახით. თქვენ ხედავთ, რასთან გვაქვს საქმე. რაც გააკეთეს, იმაზე, საბოლოო ჯამში, ხელი მოაწერეს. ეს არის უდიდესი დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი სააკაშვილის რეჟიმს, ეს არის მაინც ყველაზე დიდი დანაშაული, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე. როგორც კი ასეთ დანაშაულს დატოვებ შეფასების გარეშე, მაშინვე გრჩება რისკი სამომავლოდ და თქვენ ხედავდით, რომ გასული სამი წლის განმავლობაში, სწორედ იმავე ძალების მეშვეობით სურდათ კონკრეტულ ძალებს საქართველოში მეორე ფრონტის გაღვივება. აქაც, რა თქმა უნდა, რომ ჰქონოდათ ამის საშუალება, ისევე გააღვივებდნენ ომს, როგორც ეს გააკეთეს 2008 წელს და ქვეყანას ჩააგდებდნენ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე 2008 წელს ჩააგდეს. მადლობა ღმერთს, საზოგადოებამ მათ არ მისცა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ახალი ფრონტის გაჩაღების საშუალება“, – განაცხადა პრემიერმა.

9 აპრილი ერთის მხრივ, ეს არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთან, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და დამოუკიდებლობა – პრემიერი

9 აპრილი ერთის მხრივ, ეს არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთან, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და დამოუკიდებლობა, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, 9 აპრილი შეგვახსენებს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, პატივს მივაგებთ მათ გმირობას. 9 აპრილი ერთის მხრივ, ეს არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთან, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და დამოუკიდებლობა. 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელიწადში საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მე მახსოვს ის დღეები, კვირები, თვეები, ის რამდენიმე წელი, როდესაც შეიცვალა დამოკიდებულება საზოგადოებაში და სიძულვილს სძლია სიყვარულმა.

შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენ შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, სწორედ ჩვენი გმირების ბრძოლის საფუძველზე. ეს ყველაფერი შეგვახსენებს ასევე იმას, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს“, – განაცხადა პრემიერმა.

საფრანგეთი – ევროპის უკანასკნელი ავადმყოფი ადამიანი – რას წერს Le Point

ფრანგულ ჟურნალ „ლე პუანში“ (Le Point) დაბეჭდილია სტატია სათაურით „საფრანგეთი – ევროპის უკანასკნელი ავადმყოფი ადამიანი“: ევროპის პროგრესული წინსვლის ფონზე საფრანგეთი ჩიხში შედის“ (ავტორი – ნიკოლა ბავერე). „ემანუელ მაკრონის მმართველობის პერიოდში საფრანგეთის განვითარება შეჩერდა, რომელიც კოლაფსის დაწყებას ნიშნავს. ყველა სფეროში უკიდურესად არასახარბიელო პროგნოზი კეთდება. საფრანგეთმა სტაბილური სახით შეიძლება ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მიაღწიოს“, – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

საფრანგეთი პარადოქსულ ვითარებაში აღმოჩნდა. იმ დროს, როცა კანცლერ ფრიდრიხ მერცის მიერ გერმანიის „გადატვირთვის“ პროცესშია, როცა ჩრდილოეთი ევროპა გადაიარაღებას ცდილობს, სამხრეთი ევროპა პოზიციების აღდგენას იწყებს, აღმოსავლეთი ევროპა კი დანარჩენების დაწევას ცდილობს, ჩვენი ქვეყანა ევროპის ერთადერთ „ავადმყოფ „ადამიანად“ რჩება (ეს გამოთქმა მე-19 საუკუნეში გავრცელდა ჯერ ოსმალეთის მიმართ, შემდეგ კი განზოგადდა).

ეს ყველაფერი ხდება იმ მომენტში, როცა ვაშინგტონის ანტილიბერალური შემობრუნება ეგზისტენციალურ შოკს იწვევს გერმანიაში – ქვეყანაში, რომელიც თავის დროზე სწორედ აშშ-ის მიერ იქნა აღდგენილი და აღორძინებული… ასევე დიდი ბრიტანეთშიც, რომლის ბირთვული ძალები და დაზვერვა ამერიკაზეა დამოკიდებული… და პოლონეთში და ბალტიისპირა ქვეყნებში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავიანთი ბედი ნატოს დაუკავშირეს.

რა ჭირს, ბოლოსდაბოლოს, საფრანგეთს?

უმძიმესი სახელმწიფო ვალი – კოლაფსი ყველა სფეროში

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მმართველობის დროს საფრანგეთის დაცემა კოლაფსში გადაიზარდა. კოლაფსია დემოგრაფიაში, როცა შობადობა ერთ ქალზე 1,62 ბავშვამდე შემცირდა (თუ ასე გაგრძელდა, 2027 წელს სიკვდილიანობა შობადობას გადაუსწრებს). კოლაფსია ეკონომიკაში, როცა ქვეყანაში 2019 წლიდან წარმოების მხოლოდ ანემიური 0,4%-იანი წინსვლა და პარალელურად კი 6%-იანი დაცემა  შეინიშნება – მრავლდება ბანკროტობის შემთხვევები.

გარდა ამისა, საფრანგეთი სავაჭრო კოლაფსსაც განიცდის – მისი სავაჭრო დეფიციტმა 2024 წელს 81 მილიარდ ევროს მიაღწია და ეს იყო დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გაზრდის წინ. სავარაუდოდ, ამ მხრივ წინ უფრო უარესი გველოდება. რაც შეეხება სოციალურ კოლაფსს, ის შრომიუნარიანი მოსახლეობის 8%-იანი დონის უმუშევრობაში და ერთ სულ მოსახლეზე, გერმანიასთან შედარებით, შემოსავლების 15%-იან სხვაობაში გამოიხატება.

კოლაფსია ფინანსურ სფეროში: საფრანგეთს ამჟამად ისტორიულად უდიდესი შიდა სახელმწიფო ვალი აქვს – 3 305 მილიარდი ევრო (ანუ მშპ-ის – მთლიანი შიდა პროდუქტის 113%). მთავრობა დღეისათვის მშპ-ის მხოლოდ 57%-ს აკონტროლებს. კოლაფსშია ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება, ანუ სახელმწიფოს კრახის მოწმენი ვართ.

აბსურდული სიტუაცია

2024 წლის ივნისიდან, როცა პრეზიდენტმა უაზროდ და უგუნურად დაითხოვა ეროვნული კრება (პარლამენტი), ქვეყანაში ინსიტიტუციური ქაოსია გაბატონებული. პარალიზებულია მიღებული სახელმწიფოს გადაწყვეტილებების შესრულება, პოლიტიკური ცხოვრება კი სულ უფრო მეტად ჩაკეტილი ხდება – ერთი მხრივ, მთავრობა და პრეზიდენტი, ხოლო მეორე მხრივ –  ფრანგულ საზოგადოება ერთმანეთთან არიან გაუცხოვებული.

გავიხსენოთ: მეხუთე რესპუბლიკა შეიქმნა იმისათვის, რომ ქვეყანა გამკლავებოდა მოსალოდნელ პოლიტიკურ რყევებს, მაგრამ პირიქით ხდება: აღმასრულებელი ხელისუფლება ჩიხშია შესული, მოსახლეობა კი ისეთი სახიფათო სიტუაციის წინაშე დგას, რომელიც მას 1930-იანი წლების ბოლოს ემუქრებოდა. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ერთადერთ მიზანს როგორმე ხელისუფლების შენარჩუნება წარმოადგენს.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ ბევრ უცხოელ ლიდერს ხვდებიან, მათი განცხადებები ოპტიმისტურია, მაგრამ იმავდროულად გაბერილ-გაზვიადებული – ისევე, როგორც ოფიციალური სტატისტიკა. ისინი თვლიან, რომ სამხედრო სფეროზე უნდა გავრცელდეს პრინციპი „ნებისმიერი ფასით“ და ჰგონიათ, რომ ფრანგებისათვის სიკეთეს აკეთებენ. სინამდვილეში მათი მოქმედება ქვეყანას უფსკრულში გადავარდნას უქადის.

წყარო

თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ! – სალომე ზურაბიშვილი

თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რითაც ეხმაურება ირაკლი ჩიქოვანის განცხადებას.

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც მიმართავს.

„თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ! „ოცნების” ჯერ კიდევ მხარდამჭერებო, რომლებიც პატრიოტიზმზე და ეროვნულობაზე თავს დებთ, რას ფიქრობთ, როგორ ეგუებით ქვეყნის მომავლის, აწმყოსი და აწ უკვე წარსულის გაყიდვას და გამყიდველებს? სიმართლით თუ კონფორმიზმით მნიშვნელობა აღარ აქვს!“- წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, ის 9 აპრილის ტრაგედიას „ფეისბუქზე“ ასე გამოეხმაურა:

„ქედს ვიხრი 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი ერის თავგანწირვისა და სიმტკიცის მკაფიო მაგალითია. დღე, როდესაც გაცხადდა ქართველთა ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობა ქვეყნის თავისუფლებისთვის. სწორედ ასეთ სიმბოლურ დღეს, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შედგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ამ დღეს ხალხმა რეფერენდუმზე გამოხატა ჩვენი ერის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების, დაღუპული გმირების ბრძოლისა და თავდადების შედეგი,“- წერს ჩიქოვანი.