Home Blog Page 26

,,გრენლანდია შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი”- დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გრენლანდია შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი, თუ მის მცხოვრებლებს სურთ, მაგრამ ის აშშ-ის შტატი არ გახდება, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.

დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კოპენჰაგენი სრულად აღიარებს, რომ გრენლანდიას აქვს საკუთარი ამბიციები და ისინი თუ განხორციელდება, გრენლანდია გახდება დამოუკიდებელი.

„არ მგონია, რომ საგარეო პოლიტიკურ კრიზისში ვართ. ჩვენ ღია ვართ ამერიკელებთან დიალოგისთვის, თუ როგორ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ უფრო მჭიდროდ, ვიდრე ახლა, ამერიკული ამბიციების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრენლანდიის ლიდერმა, მუთე ეგედემ კოპენჰაგენში მოლაპარაკება გამართა დანიის მეფესთან, ფრედერიკ X-სთან.

საქართველოს მთავრობამ, საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა. ამიერიდან დღე-ღამეში ელექტროენერგია გამოირთვება 6 საათის განმავლობაში – ოთხი საათით დღის განმავლობაში, ორით კი, ღამით.

„რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის დაზოგვის აუცილებლობის გამო, 9 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას“, – აღნიშნულია საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თხოვნით, რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყო.

საბურთალოზე ერთი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოს რაიონში ახალგზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

შემთხვევა ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. 

 ევროკავშირი არ დაუშვებს სხვა ქვეყნების თავდასხმას თავის სუვერენულ საზღვრებზე-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 

ევროკავშირი არ დაუშვებს სხვა ქვეყნების თავდასხმას თავის სუვერენულ საზღვრებზე, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენება პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას არ სჯერა, რომ აშშ შეიჭრება არქტიკულ კუნძულზე, რომელიც 600 წელზე მეტია, დანიის ნაწილია.

„აშკარაა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, მსოფლიოს სხვა ქვეყნები თავს დაესხან მის სუვერენულ საზღვრებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ“, – განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა ადგილობრივ მედიასთან.

„თქვენ თუ მეკითხებით, ვფიქრობ თუ არა, რომ აშშ შეიჭრება გრენლანდიაზე, ჩემი პასუხია – არა. თუმცა შევედით თუ არა ჩვენ იმ პერიოდში, როდესაც გადარჩება ყველაზე ძლიერი? მაშინ ჩემი პასუხია – დიახ“, – აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.

მინისტრის თქმით, ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ იყოს დაშინებული ან ზედმეტად შეშფოთებული, თუმცა ის უნდა შეფხიზლდეს და გაძლიერდეს.

პროკურატურამ მესტიაში მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული  ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს  მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.

მოგვიანებით ბრალდებულებმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი  მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად),  143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებამდე მეორე ფრონტის გახსნის საკითხი აქტუალური იქნება, გვინდოდა, გაგვეფრთხილებინა მოქალაქეები, ასევე გვეთქვა, ვინ მართავს პროცესებს -ვლადიმერ ბოჟაძე 

უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ მიმდინარეობს და ვიდრე ის არ დასრულდება, ჩვენი ქვეყნის წინაშე მეორე ფრონტის გახსნის საკითხი კვლავ აქტუალური იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ყველაფერზე იყო საუბარი, მათ შორის მსოფლიოში მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც შესაძლებელია, საქართველოს გარშემო განვითარდეს.

„დიდი იმედით ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას, მის შემდგომ ნაბიჯებს, რომლებმაც რაც შეიძლება მალე უნდა მოუტანოს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება ომიდან გამომდინარე იმ შედეგებს, რაც უკავშირდება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, სხვადასხვა მაღალჩინოსნის დასანქცირებას, დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვების დაწესებას. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკანასკნელი დღეების განმავლობაში. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე, როგორც ჩანს, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და გვინდოდა, გაგვეფრთხილებინა ქვეყნის მოქალაქეები, ასევე გვეთქვა, რა არის მთავარი მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც აქვთ კონკრეტულ სახელმწიფოებს თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, და ყველაზე მთავარი – ვინ მართავს ამ პროცესებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია მუდმივად საუბრობდა არა კონკრეტულ სახელმწიფოზე ან პოლიტიკოსებზე, არამედ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უკავშირდებოდა გლობალური ომის პარტიას.

„იგულისხმებოდა ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, საფრთხე შეექმნას სტაბილურობას, ძალები, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან, რომ გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის ომი და დროზე ადრე არ დასრულდეს. შესაბამისად, იმედით ვუყურებთ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ამ მიმართულებითაც. მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ ის მოუტანდა მშვიდობას მთელ მსოფლიოს და, რა თქმა უნდა, ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილება პრეზიდენტად აერჩიათ დონალდ ტრამპი სწორედ ამას უკავშირდებოდა. იგივე გზავნილები ჰქონდა „ქართულ ოცნებასაც“ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, მშვიდობა არის ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. არანაირი ზეწოლა, სანქციები არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ჩვენი გუნდის სხვა თანამდებობის პირებზე, არანაირი გადაწყვეტილება არ და ვერ იმოქმედებს. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს. ზეწოლის მიუხედავად, რომელიც იყო და შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს, ვპირდებით ჩვენს ხალხს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 9 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8395 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8395 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8185 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0210 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9287 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9152 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა

 “ქართველი მუსიკოსი შტუტგარტიდან: რუსუდან მეიფარიანის ტრიოს ახალი ალბომი “მოგონებები საქართველოზე”-Stuttgarter Zeitung

გერმანულ გაზეთ „შტუტგარტერ ცაიტუნგში“ (Stuttgarter Zeitung – გამოდის ქალაქ შტუტგარტში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარე) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართველი მუსიკოსი შტუტგარტიდან: რუსუდან მეიფარიანის ტრიოს ახალი ალბომი „მოგონებები საქართველოზე“ (ავტორი – არმინ ფრიდლი). „რუსუდან მეიფარიანი, ქართველი მუსიკოსი, რომელიც შტუტგარტში ცხოვრობს, უდარდელ ცხოვრებას იხსენებს, თავის სამშობლოში – საქართველოში გატარებულს, ახალ ალბომში სახელწოდებით „საზღვარს მიღმა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

ბევრი ქართველისათვის, რომლებიც 1960-1970-იან წლებში არიან დაბადებულები, საბჭოთა რეპრესიული სახელმწიფო შორეულ წარსულს განეკუთვნება. „ბებიები და პაპები სტალინური ეპოქის საშინელ ამბებს გვიყვებოდნენ“, – იხსენებს რუსუდან მეიფარიანი, რომელიც თბილისში, საქართველოს დედაქალაქშია დაბადებული და შტუტგარტში უკვე 20 წელია ცხოვრობს. იმ დროში ქართველისათვის უცხოეთში წასვლა და მოგზაურობა საოცნებო სფეროს წარმოადგენდა: „ჩვენ ვოცნებობდით იმ პერიოდზე, როცა საქართველო ღია მსოფლიოს, ღია ევროპის ნაწილი გახდებოდა“, – იხსენებს რუსუდანი, – „ქართველები კარგად ვიცნობდით დასავლურ ლიტერატურას, მაგალითად, გერმან ჰესის, ჰუგო ჰოფმანსტალის, ჯეიმს ჯოისის ნაწარმოებებს, ვიცნობდით 1960-იანი წლების მუსიკას და, რა თქმა უნდა, რომანტიზმსაც და კლასიკასაც, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადგა დრო, როცა ჩვენი თაობა ამ მხრივ უფრო წინ წავიდა, რეალურად“.

იმ პერიოდის გასახსენებლად რუსუდან მეიფარიანმა, თავის დასთან – ნატალისთან და სიძესთან – გოგი ხელაიასთან ერთად გასული წლის ნოემბერში ხმის ჩამწერ სტუდიაში ალბომი ჩაწერა, სახელწოდებით „საზღვრებს მიღმა“. „ჩვენ მუსიკის მეშვეობით ვიხსენებთ იმ დროს, როცა ვოცნებობდით და ბედნიერები ვიყავით“, – ამბობს რუსუდანი. ფაქტობრივად, სწორედ ეს არის მისი მუსიკის განმასხვავებელი ნიშანი. დღეს იგი შტუტგარტში და მის გარეთ სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივებთან და მუსიკოსებთან ერთად გამოდის, მაგალითად, ტორსტენ პუტენატთან ერთად. თუმცა რუსუდან მეიფარიანის ხელოვნება ყველაზე მეტად ოჯახურ ტრიოში მოჩანს, რომლის წევრები არიან თვითონ, მისი და ნატალი და სიძე გოგო ხელაია.

სხვათა შორის, „საზღვრებს მიღმა“ ჩაწერილია არა კომპაქტ-დისკზე და არა ციფრული ფორმატით, არამედ ვინილის დისკზე.

მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი მუსიკოსებისათვის ალბომს სიმწარის გემო დაჰკრავს: ამჟამად ადრინდელი მხიარულება შიშმა ჩაანაცვლა – რა ელოდება ქართულ სახელმწიფოს არჩევნების შემდეგ დაწყებული სამოქალაქო-საპროტესტო აქციების ფონზე?  რუსუდანმა, ნატალიმ და გოგიმ დიდი ხანია თავიანთი საყრდენი წერტილი გერმანიაში იპოვეს, მაგრამ ისინი საქართველოზე – თავიანთი ცხოვრების ნაწილზე – დარდობენ: სამშობლოზე, რომლის წინაშეც ვალდებულები არიან და რასაც თავიანთ მუსიკალურ ქმნილებაშიც გამოხატავენ. ის დრო, რაზედაც სამი მუსიკოსი ოდესღაც ოცნებობდა და რომელსაც მოგვიანებით თვითონ ეზიარნენ, შესაძლოა აღარ განმეორდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

 გოგონი, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვი-ილონ მასკი ჯასტინ ტრუდოს მიმართავს

xr:d:DAFeG3AgsbY:1413,j:73590483411365416,t:23102407

გოგონი, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვი, – ასე მიმართა ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს.

რამდენიმე საათის წინ ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ მცირე შანსიც არ არსებობს, კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს. ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ აშშ და კანადა სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში ერთმანეთის პარტნიორები არიან.

მანამდე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.

“დონალდ ტრამპის ეკონომიკური თამაშების მიმართ სი ძინპინს საპასუხო ზომების გეგმა აქვს მომზადებული”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 7 იანვრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის ეკონომიკური თამაშების მიმართ სი ძინპინს საპასუხო ზომების გეგმა აქვს მომზადებული“ (ავტორი – ევან მედეიროსი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმ დროს, როცა დონალდ ტრამპის პოლიტიკა ჩინეთის მიმართ გაურკვევლობითა და წინააღმდეგობრივად ხასიათდება, სი ძინპინის სტრატეგია აშშ-ის მიმართ გაბედულად და მკაფიოდ უნდა ჩავთვალოთ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მიდგომა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისადმი არავისთვის საიდუმლო არ არის – პეკინმა არჩევნების შემდეგ საკმაოდ ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია და სავარაუდო საპასუხო ზომები თეთრი სახლის მოსალოდნელი ნაბიჯების წინააღმდეგ.

სი ძინპინი არამარტო რეაგირების მოხდენას გეგმავს, არამედ თვითონ დონალდ ტრამპის მოქმედებით სარგებლობასაც. ბევრს ემახსოვრება, რომ დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს პეკინი მთელი ძალისხმევით, მაგრამ მაინც ძლივძლივობით ცდილობდა ვაშინგტონის ნაბიჯებზე რეაგირებას, ახლა კი ჩინეთს გადაწყვეტილი აქვს „სისუსტის“ განმეორება არ დაუშვას: სი ძინპინი კარგად მოემზადა „მკლავჭიდისათვის“ და ამ მხრივ მინიშნებებს აკეთებს.

ჩინელი ანალიტიკოსების უმრავლესობისათვის მოულოდნელი არ ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა – პეკინელმა პოლიტოლოგებმა თეთრ სახლში მისი დაბრუნება პოპულიზმისა და ნაციონალიზმის გლობალურ ტალღას დაუკავშირეს. ჩინეთი თვლის, რომ ახლა მან – პეკინმა – კარგად იცის, თუ თამაშის როგორი წესებით ხელმძღვანელობს დონალდ ტრამპი და შესაბამისად, როგორ შეუძლია თავისი ადმინისტრაციით მანიპულირება. ჩინეთის რწმენა ემყარება დასკვნას – სხვა საქმეა, ზუსტია თუ არა – რომ 2025 წლის ჩინეთი ძალიან განსხვავდება 2017 წლის ჩინეთისაგან – ისევე როგორც აშშ და მსოფლიო მთლიანობაში.

ჩინელების მტკიცებით, მათი ლიდერი სი ძინპინი პოლიტიკურად დონალდ ტრამპზე უფრო ძლიერია, ხოლო მათი ეკონომიკა – უფრო მდგრადი, გარკვეული გამოწვევების მიუხედავად. ამერიკული ეკონომიკა მყიფეა, პოლიტიკა კი დარღვეულ-დანაწევრებული. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით პეკინი თვლის, რომ აშშ-ის დიპლომატია და საგარეო პოლიტიკური გავლენა გლობალურ სამხრეთზე და აზიაზე სულ უფრო მცირდება, ხოლო მათი ნდობა და მხარდაჭერა ჩინეთის კონცეფციის მიმართ პირიქით, სულ უფრო მატულობს.

სი ძინპინმა უკვე მიანიშნა, რომ მისი დამოკიდებულება დონალდ ტრამპისადმი მხოლოდ სუფთა საქმიან მიდგომას წარმოადგენს – დონ კარლეონეს მსგავსად [მოქმედებს ტრადიციული სტილით, მაგრამ განსაზღვრულ ჩარჩოებში]. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ, იგი პირადად მხარს არ დაუჭერს დონალდ ტრამპს და საპასუხო მკაცრ ზომებს სწრაფად მიიღებს, ზემოქმედების ბერკეტების შესაქმნელად (პეკინმა ფაქტობრივად უარყო მიწვევა ტრამპის იანუგურაციაზე), მეორე მხრივ, პეკინი გარკვეულ მინიშნებებს აკეთებს, რომ სურს დიალოგი და ღიაა გარიგებების დასადებად, მაგრამ პრინციპულად თავს აარიდებს მისთვის მიუღებელ წინადადებას, თუნდაც გარეგნულად მომგებიანს. ჩინეთის ხელმძღვანელობა აცნობიერებს იმას, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ახლო მომავალში პოზიციას არ შეიცვლიან და კვლავ მტრულად იქნებიან განწყობილნი.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სი ძინპინი უარს არ იტყვის დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებაზე – მას შესვენება (სულის მოთქმა) ჭირდება, რომ თავისი ძალების მობილიზება მოახდინოს გრძელვადიანი კონკურენციისათვის. რა თქმა უნდა, პარალელურად გაგრძელდება კლასიკური დაპირისპირება: პეკინი ძველებურად შეშფოთებული იქნება იმით, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეწყვეტს  მცდელობას ჩინეთში კომუნისტური ხელისუფლების შეცვლის მიზნით, ასევე არ შეწყვეტს ტაივანის მხარდაჭერას – ჩინეთის დესტაბილიზაციისა და შეკავების კონტექსტში.

ბუნებრივია, ჩინეთს აქვს თავისი „წითელი ხაზები“ აშშ-სთან მიმართებით, რომელიც სი ძინპინმა მონიშნა ნოემბერში ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს, პერუში. ეს იყო მკაფიო სიგნალი  დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციისათვის.

დონალდ ტრამპის ნაბიჯების „გასანეიტრალებლად“ პეკინის სტრატეგია სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: საპასუხო ზომები, ადაპტაცია და დივერსიფიკაცია. აშშ-ის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის მოსაგერიებლად, პეკინმა ბოლო წლებში ზომები მიიღო ექსპორტის გასაკონტროლებლად, განახორციელა [ანტიამერიკული] საინვესტიციო შეზღუდვები და დაიწყო ამერიკული კომპანიების საქმიანობის გამოძიება. რასაკვირველია, პეკინს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ აშშ-ის მიერ ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების მომატებას იგივე მოქმედებით უპასუხოს, მაგრამ პეკინი შეეცდება სხვა სფეროებში ამერიკას მაქსიმალური ტკივილი მიაყენოს. ჩინეთისათვის საპასუხო ზომების მიღების უუნარობის აღიარება წარმოუდგენელია – ჯერ ერთი, რომ ეს ქვეყნის შიგნით რეჟიმის სისუსტედ იქნება აღქმული და მეორე – ამით ხომ დონალდ ტრამპი წახალისდება.

შეიძლება ითქვას, რომ პროცესები უკვე დაიწყო:

ა) საპასუხო ზომები: 2024 წლის ბოლოს პეკინმა დაბლოკა აშშ-ში მნიშვნელოვანი წიაღისეული მინერალების ექსპორტი, რომლებიც ჩიპების (ინტეგრალური მიკროსქემების) წარმოებისათვის გამოიყენება, შეამცირა დრონებისათვის აუცილებელი დეტალების მიწოდება და დაიმუქრა, რომ „შავ სიაში“ შეიტანდა ცნობილ ამერიკულ კომპანიებს (მაგალითად, ტანსაცმლის წარმოებაში) და ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო  ამერიკული მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის Nvidia-ს მიმართ. ასეთი მოქმედებით პეკინი წინასწარ აჩვენებს თავის შესაძლებლობას და სამომავლოდ კოზირებს აგროვებს;

ბ) ადაპტაცია – 2023 წლის შემოდგომიდან პეკინი შეუდგა აქტიურ საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სტიმულირებას ჯერ საწარმოების, ახლა კი მომხმარებლის დასახმარებლად. საფინანსო პოლიტიკის ასეთ ცვლილებას დადებითი და შეიძლება ითქვას, ჩინეთისათვის საკმაოდ უჩვეულო შედეგები მოაქვს. ეს უკიდურესად აუცილებელი იყო, მისი მასშტაბები და მიმართულებები სავაჭრო ომის გათვალისწინებით შემუშავდა.

გ) დივერსიფიკაცია – სტრატეგიის ამ ნაწილში იგულისხმება ეკონომიკური კავშირების გაფართოება მსოფლიოში. პეკინი განიხილავს სავაჭრო ტარიფების ცალმხრივ შემცირებას იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებზეც აშშ-ის გავლენა ნაკლებად იგრძნობა. პერუში ვიზიტის დროს სი ძინპინმა გახსნა ღრმაწყლიანი ნავსადგური, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა ლათინური ამერიკასთან – კონტინენტთან, რომელიც საკვანძო წყაროა ჩინეთისათვის როგორც სურსათის, ასევე ენერგიისა და სასარგებლო წიაღისეულის სფეროში, აშშ-ის გავლენის არეალის მიღმა. 2024 წლის დასასრულს სი ძინპინმა ასევე პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 10 ყველაზე მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელთა შეხვედრაში. მისი გამოსვლის დედააზრი მკაფიო და ნათელია: ჩინეთი არის და იქნება ისეთი წამყვანი ძალა მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას, აყვავებას, ღია ეკონომიკურ სისტემას და გამოდის ყველა სახის პროტექციონიზმის წინააღმდეგ.

რასაკვირველია, ბევრი რამ შეიძლება ზუსტად ასეთნაირად არ მოხდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სი ძინპინის დამაჯერებლობა არანაირად არ ჩამორჩება დონალდ ტრამპის გუნდის რწმენას და იდეებს. ორივე მხარე თვლის, რომ უპირატესობა მათ მხარეზეა და რომ შეუძლიათ დიდ ხარჯებზე წასვლა, აიტანენ და გაუმკლავდებიან ეკონომიკური კონფრონტაციის თანმდევ „ტკივილებს“. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ქმნის რთულ და ზოგჯერ მადესტაბილიზებელ წინამძღვრებსაც, რომლებმაც სამომავლოდ შეიძლება კონფლიქტის შეწყვეტაც (ან შესუსტება) გამოიწვიოს. თუმცა ეს ეხება მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს და არა ვთქვათ, ტაივანს და სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიას, ან ბირთვული ძალების მოდერნიზების პროცესს… მოკლედ, ცივი ომი გაგრძელდება, თუმცა საკმაოდ უჩვეულოდ, ადრინდელთან შედარებით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

“მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს” – ჯასტინ ტრუდო

“მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს”, – ამის შესახებ კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.

ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ აშშ და კანადა ერთმანეთის პარტნიორები არიან სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში.

დონალდ ტრამპმა კანადას მოუწოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუერთდეს და მისი 51-ე შტატი გახდეს.